საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016175
05/50
19/03/2015
ვებგვერდი, 20/03/2015
040030000.22.054.016175
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/50

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის  2006 წლის 1 მარტის №3/53 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი“ დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 23 იანვრის N63 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის“ უფლებამონაცვლეს.

2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.

3. მუზეუმის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი”.

4. მუზეუმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ცაბაძის ქუჩა N6.


მუხლი 2. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.

2. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.

3. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონით.

4. მუზეუმის მიზანია:

ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს აბრეშუმის კულტურასთან, მისი გამოყენების ისტორიასთან, ინდუსტრიულ წარმოებასთან და საოჯახო რეწვასთან დაკავშირებული მასალები;

ბ) პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან პროპაგანდას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე;

გ) ახალი ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის საფუძველზე უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის ოპტიმალური პირობები;

დ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები.

5. მუზეუმის ფუნქციებს  და საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:

ა) ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან თანამშრომლობა; კულტურული პროგრამების შემუშავება, უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა;

ბ) სტაციონარული ექსპედიციებისა და მოძრავი გამოფენების მოწყობა, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათი პერიოდული რეექსპოზიციის მოწყობა;

გ) როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის: გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მსგავსი ღონისძიებების მოწყობა;

დ) მუზეუმში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვა, დიგიტალიზაცია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება;

ე) მუზეუმში დაცული კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის ექსპერტიზა და კლასიფიკაცია; სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა, სტანდარტიზაცია და რეგისტრაცია; ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით;

ვ) სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სრულყოფისა და შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების დანერგვის მიზნით სხვა სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასწრაფო - გადაუდებელი, გეგმური, მცირე და დიდი მოცულობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება; სიძველეთა დაცვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა;

თ) გამოფენების, კოლექციებისა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საენციკლოპედიო და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის, ბუკლეტების, ღია ბარათების, პლაკატების, სუვენირების, სამეცნიერო და პოპულარული ხასიათის ლიტერატურის გამოცემა;

ი) სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სესიებისა და სემინარების ჩატარება, ექსპედიციების მოწყობა;

კ) სამეცნიერო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ლ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;

მ) მეცნიერების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მუზეუმში დაცულ მასალებზე მუშაობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, მუზეუმში დაცული კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა.

6. მუზეუმს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელშეკრულებო საფუძველზე, საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად;

გ) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

დ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);

ე) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;

ვ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი;

ზ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ)  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად. 


მუხლი 3. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა
1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.

3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის მინისტრი.

4. მუზეუმის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის  კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად, განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუზეუმის თანამშრომლებს; უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს შტატგარეშე თანამშრომელი;

ე) საქართველოს „შრომის კოდექსის” შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ზ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს დებულებას;

თ) სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვისა და მონიტორინგის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს - სარესტავრაციო საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;

ი) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;

კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

მ) მუზეუმის წინაშე  მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;

ნ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, თანამშრომლების ფუნქციონალურ დატვირთვას და სამსახურებრივ ინსტრუქციებს;

ო) ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს;

5.  დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მუზეუმის დირექტორის მოადგილე ან ერთ-ერთი თანამშრომელი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.


მუხლი 4. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო 
1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი.

3. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნებიან 4 (ოთხი) წლის ვადით. დირექტორს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე.

4. სამეცნიერო საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმისა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

5. სამეცნიერო საბჭოს სხდომები  ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.


მუხლი 5. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი
1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს  მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;

2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გაუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.


მუხლი 6. მუზეუმის ქონება
1. მუზეუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც მუზეუმის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. მუზეუმს  მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, მუზეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) მუზეუმის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.


მუხლი 7. მუზეუმის დაფინანსების წყაროები
1. მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) გრანტები და შემოწირულობანი;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) მუზეუმის მიერ ბილეთებისა და აბონემენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი  ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება  მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.


მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი  ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.


მუხლი 9. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.


მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.