ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3126-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017637
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3126-IIს
04/03/2015
ვებგვერდი, 23/03/2015
130000000.05.001.017637
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/04/2019 - 15/07/2020)

 

საქართველოს კანონი

 

 

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, ამ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ცნება

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მისი ფარგლების გარეთ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას.

 

მუხლი 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები

 ამ კანონის მიზნებისთვის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებია:

 ა) სახელმწიფო თავდაცვა;

 ბ) საგარეო უსაფრთხოება;

 გ) შიდა უსაფრთხოება;

დ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება;

ე) სამოქალაქო უსაფრთხოება;

 ვ) ინფორმაციული უსაფრთხოება;

 ზ) მართლწესრიგი.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

 

მუხლი 4. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ღირებულებები

 ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს:

 ა) სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა;

 ბ) თავისუფლება;

 გ) დემოკრატია და კანონის უზენაესობა;

 დ) უსაფრთხოება;

 ე) კეთილდღეობა;

 ვ) მშვიდობა.

 

მუხლი 5. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები

 ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია:

 ა) კანონიერება;

 ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;

 გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა;

 დ) უწყვეტობა;

 ე) გეგმურობა;

 ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა.

 

თავი II

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები

 

მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა

 სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სამხედრო ძალებით უზრუნველყოფა;

 გ) სამხედრო ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა;

 დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

 ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;

 ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა;

 ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება;

 თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

 

მუხლი 7. საგარეო უსაფრთხოება

 საგარეო უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება;

 გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე განხორციელება;

 დ) ქვეყნის ფარგლების გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

 ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;

 ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება;

 ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.

 

მუხლი 8. შიდა უსაფრთხოება

 შიდა უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა;

 გ) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა;

დ) უცხო ქვეყნების ორგანიზაციების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა საქმიანობის ნეიტრალიზაცია;

 ე) ექსტრემისტულ-ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა;

 ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა;

 ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა;

 თ) მიგრაციული და რეპატრიაციული პროცესების საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამისად მართვა;

 ი) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;

 კ) შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.

 

მუხლი 9. სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება

სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება და პროგნოზირება, შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;

გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია;

დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;

ვ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება;

ზ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

თ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

კ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ლ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისა და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

 

მუხლი 10. სამოქალაქო უსაფრთხოება

1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მოიცავს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიმართულებებს.

2. ამ კანონის მიზნებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მოიცავს აგრეთვე შემდეგ მიმართულებებს:

ა) ეკოლოგიური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

ბ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისგან ქვეყნის მოსახლეობისა და ტერიტორიის დასაცავად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;

გ) საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება, ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფა;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და მათი კოორდინაცია.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

 

მუხლი 11. ინფორმაციული უსაფრთხოება

 ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;

 ბ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის უზრუნველყოფა;

 გ) კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების ნეიტრალიზაცია;

 დ) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება;

 ე) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ინსტიტუციური კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;

 ვ) ელექტრონული მმართველობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

 ზ) კიბერსაკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება;

თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული მოპყრობის საშუალებათა ფიზიკური, ტექნიკური და პროგრამული დაცვის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 12. მართლწესრიგი

 მართლწესრიგის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

 ა) კანონის უზენაესობის განმტკიცება;

 ბ) კრიმინოგენული ვითარების გასაუმჯობესებლად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;

 გ) ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა;

 დ) სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობათა განვითარება;

 ე) სამართალდაცვით და სისხლის სამართლის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

 

მუხლი 13. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

ამ კანონის მე-6−მე-12 მუხლებით გათვალისწინებული მიმართულებების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს სხვა საკითხებსაც, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს აღნიშნულ მიმართულებებთან. 

 

თავი III

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესი

 

მუხლი 14. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ორგანიზება

1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.

2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია ხორციელდება ამ კანონის II თავში მითითებული მიმართულებების გათვალისწინებით.

 

 მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები

 1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:

 ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

 ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;

 გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.

 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საფრთხის შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.  

6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2609 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4087 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
 

 მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები

1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.

 2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:

 ა) უწყებრივი კონცეფცია;

 ბ) უწყებრივი სტრატეგია;

 გ) დოქტრინა;

 დ) პროგრამა.

3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის სფეროში უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტებისა და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი მიღების წესი განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის  კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 17. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები

1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.  

 2. ამ კანონის მიზნებისთვის:

ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ;

 ბ) უწყებრივი სტრატეგია არის შესაბამისი უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერილია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უწყებრივ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები;

გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი გამოყენების წესს;

დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს.

 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები

1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.  

 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივი დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოს 2018 წლის 20   სექტემბრის  კანონი №3456  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

 

მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები

1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად.

2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შესამუშავებლად იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის III 1 თავით.

4. (ამოღებულია - 31.10.2018, №3580). 

 5. (ამოღებულია - 07.12.2017, №1622).

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
 

თავი III1

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
 

მუხლი 191. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტატუსი და დანიშნულება

1. ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებისა და მის მიერ მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მომზადების, სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (შემდგომ − საბჭო). საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები.

3. საბჭო ექვემდებარება უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. 

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

 

მუხლი 192. საბჭოს უფლებამოსილებები

საბჭო ამ კანონის 19მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისა და საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად:

ა) განიხილავს და აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ბ) ეცნობა და აანალიზებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისა და აღკვეთისთვის საჭირო ზომების მიღების შესახებ;

გ) განიხილავს და აანალიზებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, აფასებს შესაბამის საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;

დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას, ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს და საჭიროების შემთხვევაში აფასებს შესაბამის საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს პოლიტიკურ, თავდაცვის, სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის;

ვ) საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის სფეროში საქართველოს ჩართულობისა და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;

ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის ფარგლების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე;

თ) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებულ კანონპროექტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებს;

კ) განიხილავს თავდაცვის ძალების სახეობებთან, შემადგენლობასა და რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ლ) განიხილავს სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;

მ) განიხილავს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;

ნ) განიხილავს მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;

 ო) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ;

პ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად;

 ჟ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ;

რ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებს და ამ საკითხებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

 ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
 
 

მუხლი 193. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს ჰყავს მუდმივი წევრები და მოწვეული წევრები.

2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმირების მიზნით საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და ნდობით აღჭურვილი პირი.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

 

მუხლი 194. საბჭოს მდივანი და მისი უფლებამოსილებები

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს აკისრებს საბჭოს მდივნის ფუნქციას.

2. საბჭოს მდივანი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

3. საბჭოს მდივანი:

ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს საქმიანობას;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებას, საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესს და საბჭოს აპარატის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიებს;

გ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

 

მუხლი 195. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავისი ინიციატივით ან საბჭოს მუდმივი წევრის მოთხოვნით, ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება 3 თვეში ერთხელ.

4. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.

5. საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად განსახილველ შესაბამის საკითხზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. 

6. საბჭოს სხდომა ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

 

მუხლი 196. საბჭოს აპარატი

1. საბჭოს აპარატი არის პოლიტიკურად ნეიტრალური, სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციაზე, აგრეთვე საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ტიპის ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. საბჭოს აპარატი საბჭოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესს;

ბ) საბჭოს ინფორმირების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზსა და პროგნოზირებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების განხილვასა და გაანალიზებას, აგრეთვე შესაბამისი გამოწვევების, საფრთხეებისა და რისკების შეფასებას, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას ეროვნული უსაფრთხოების სფეროებთან დაკავშირებით;

ე) საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას;

ვ) ამზადებს საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ოქმების მომზადებას;

ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების მართვის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატის უფროსი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს აპარატის საქმიანობის ადმინისტრირებას. საბჭოს აპარატის უფროსს საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საბჭოს მდივანთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საბჭოს აპარატის უფროსი.

4. საბჭოს აპარატი შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, რომლებშიც დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. საბჭოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის წესი, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს ოდენობები და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საბჭოს აპარატის დებულებით, რომელსაც საბჭოს მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

5. საბჭოს აპარატის მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საბჭოს აპარატის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით.

7. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა.

8. საბჭოს აპარატის მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, ხოლო საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) − აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;

დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.

9. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელსაც, პირადი და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

10. საბჭოს აპარატში მოსამსახურის მიღებისას საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს მას ენიჭება ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება.

11. საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
 

მუხლი 197. ეროვნული სიტუაციური ოთახი

ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროებისამებრ, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
 
 

თავი IV. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

მუხლი 20. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

 მუხლი 21. (ამოღებულია).

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 22. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 24. (ამოღებულია)

აქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №133 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №133 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

 მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

 მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი

 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები.

 

 მუხლი 28. დასკვნითი დებულებანი

 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილება „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მარტი 2015 წ.

N3126-IIს

14. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3505-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 13. 29/11/2022 - საქართველოს კანონი - 2122-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/12/2022 12. 07/09/2022 - საქართველოს კანონი - 1725-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/09/2022 11. 02/11/2021 - საქართველოს კანონი - 978-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/11/2021 10. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6917-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 9. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4397-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4087-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 7. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3580-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 6. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3456-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 5. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2609-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 4. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1622-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 3. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 133-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 2. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4354-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 1. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3962-რს - ვებგვერდი, 15/07/2015