საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2150
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 07/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.002.013
  • Word
2150
25/11/2005
სსმ, 52, 07/12/2005
010.190.030.06.001.002.013
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, წყვეტს პარლამენტი დადგენილებით.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე პარლამენტის წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე პარლამენტის წევრის არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცებისას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი, მე-2–მე-4 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.“.

4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.“.

5. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არა უმეტეს 3 თვისა. აღნიშნულ შემთხვევაში შვებულების თაობაზე პარლამენტის წევრის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების პერიოდში პარლამენტის წევრს მიეცემა ხელფასისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურების 80%.“.

6. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში ადაპტირებული ან სპეციალური), ექმნება შესაბამისი სამუშაო გარემო, ენიშნება დამხმარე – თანაშემწე (თანმხლები).“.

7. 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში.“.

8. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ღიაა. თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებს 1 ან 2 კანდიდატი, კენჭისყრა ტარდება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (რიგითობით პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, რიგითობით მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა ტარდება სახელობითი ბიულეტენებით.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. კანდიდატებს კენჭი ეყრებათ დასახელების რიგითობის მიხედვით.

6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კანდიდატი მოაგროვებს კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, კენჭისყრის პროცედურა წყდება და დარჩენილ კანდიდატებს კენჭი არ ეყრებათ.“.

9. 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი.

2. კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.“.

10. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრი, გარდა ამ რეგლამენტის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა, ვალდებულია გაერთიანდეს 1 კომიტეტში მაინც. ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაერთიანება ნებაყოფლობითია. თუ პარლამენტის წევრი არ არის გაერთიანებული კომიტეტში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და არ მიეცემა კანონით დადგენილი გასამრჯელო.“.

11. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტი თავის წევრთაგან, უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 2 მოადგილეს და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.“.

12. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;“.

13. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მონაწილეობს პარლამენტში შესული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;“.

14. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 და მე-4 – მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

15. 69-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ორგანოთა, დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში უნარჩუნდებათ ხელფასი და უნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები.“.

16. 72-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემოწმების მიზნით.“.

17. 73-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისთანავე განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.

18. 74-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი, მაგრამ არა უმეტეს 3 თვით, გარდა ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით. დაუშვებელია დროებითი კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.

2. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შექმნილი დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტს 3 თვეში ერთხელ მაინც, ასევე კომისიის ვადის ამოწურვისას ან/და გაგრძელებისას წარუდგინოს მას გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ იგი არ წარუდგენს ანგარიშს ან პარლამენტი წარდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეცვლის შესახებ.“.

19. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 და მე-4–მე-8 პუნქტების შესაბამისად, ხოლო მისი გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

20. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი:

     „მუხლი 891

1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

2. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.“.

21. 90-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფორმაციას ამ რეგლამენტის 891 მუხლში და ამ მუხლის პირველ და მე-2–მე-4 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში.“.

22. 96-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.“.

23. 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი არჩეული იქნება სხვა საპარლამენტო შეუთავსებელ თანამდებობაზე, პარლამენტის იმავე დადგენილებით მას თანამდებობრივი უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სხვა თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით.“.

24. 109-ე მუხლის:

ა) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში;“;

ბ) „ჰ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ2) პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას;“;

გ) „ჰ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ3“, „ჰ4“ და „ჰ5“ ქვეპუნქტები:

„ჰ3) ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;

4) პარლამენტის აპარატის მოსამსახურეთათვის აწესებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის და სხვა დანამატებს;

5) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“.

25. 115-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც რეგლამენტით დადგენილი წესით საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.“.

26. 119-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს მიერ მიღებულ წინადადებებს (რეკომენდაციებს).“.

27. 120-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი და მონაწილეობა მიიღონ მის განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით.“.

28. 128-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, იმართება მხოლოდ პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 11 საათიდან 19 საათამდე; 14 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე, დაწყებული საკითხის განხილვის დასრულების ან/და კენჭისყრის პროცედურის ჩატარების მიზნით. პლენარული სხდომების ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს 16 საათიდან 19 საათამდე, როგორც წესი, ტარდება სამთავრობო საათი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ახალი პარლამენტის არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტის მორიგი სესიები არ ტარდება, ხოლო რიგგარეშე სესია ან სხდომა იმართება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით, 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და 76-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

29. 130-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის ან/და პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის წერილობითი მოთხოვნით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს პარლამენტის თავმჯდომარე, 24 საათში, ან საკუთარი ინიციატივით სესიებს შორის პერიოდში იწვევს პარლამენტის რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას.

2. წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევისას – სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რიგგარეშე სესიის მოწვევისას დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტის XVII თავით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

30. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX1 თავი:

„თავი XIX1. განცხადებები

    მუხლი 1381

1. პლენარული სხდომის კვირის ყოველ სამშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრებს ამ თავით დადგენილი წესით ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 30 წუთისა. ცალკეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს და მათთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

2. პარლამენტის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე განცხადებებისათვის პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. განმცხადებელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. განმცხადებელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს განცხადებით გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს პარლამენტის სხვა წევრს.

3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის სამდივნოს განცხადებისათვის არ მიმართავს არც ერთი პარლამენტის წევრი, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს პლენარულ სხდომას.

4. ცალკეულ შემთხვევებში სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეებში პარლამენტის წევრებს გამოუყოს დრო განცხადებებისათვის. ასეთ შემთხვევაში განცხადებისათვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს. ამასთანავე, პარლამენტის წევრს უფლება აქვს განცხადებით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.“.

31. 139-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“.

32. 141-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით – სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით, კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, გვარების აღუნიშნავად).

2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

33. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 143

საკანონმდებლო პროცესი არის კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ერთიანი პროცედურა, რომელიც გულისხმობს: საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებას, პარლამენტში წარდგენას, პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაცემას, პრეზიდენტის უფლებას – შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს მიღებული კანონპროექტი, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვას, მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერას და კანონის გამოქვეყნებას.“.

34. 144-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით კანონპროექტს გადასცემს ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს დაწყებამდე არა უგვიანეს 72 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა ბიუროს მომდევნო სხდომას;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;“;

გ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

ი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად;“.

35. 147-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.გ) კანონპროექტის ავტორი;

დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:

ა) კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტებში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება, აგრეთვე პროექტი შესაბამის კანონში იმ დამატებების შეტანის შესახებ, რომლებითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისათვის დადგენილი პასუხისმგებლობა;

ბ) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, მისი არსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

36. 148-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტისათვის წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი დეპარტამენტში წარდგენილია ბიუროს დაწყებამდე არა უგვიანეს 72 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა ბიუროს მომდევნო სხდომას. ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.“.

37. 151-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილება კომიტეტებში. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვისათვის აწყობს კომიტეტის სხდომას ამ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვამდე, მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად, მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი და მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტით კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

38. 152-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებულ უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.“.

39. 154-ე მუხლის მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვს კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, ცალკეულ პარლამენტის წევრს.

6. ალტერნატიული წინადადება კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე წერილობითი ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წამყვანი კომიტეტის სხდომამდე, ან კანონპროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. ალტერნატიული წინადადება ზეპირი ფორმით შეიძლება წარდგენილი იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განხილვისას და იგი ფორმდება კომიტეტის სხდომის ოქმით. კომიტეტის სხდომაზე ალტერნატიული წინადადებების აღრიცხვას უზრუნველყოფს ამ კომიტეტის აპარატი.

7. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.“.

40. 155-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.“.

41. 156-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის მის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ფრაქციისა და კომიტეტის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე – შესაბამისად ფრაქციის (კომიტეტის) თავმჯდომარე, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილე ან ფრაქციის (კომიტეტის) საამისოდ უფლებამოსილი ფრაქციის (კომიტეტის) წევრი, პარლამენტის წევრის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე – ინიციატორი პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ შემოტანილ კანონპროექტზე – მათ მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, 30 000 ამომრჩევლის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე – საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული წარმომადგენელი, ხოლო თანამომხსენებლად – შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი. საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის ინიციატივით შემოტანილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის მიერ შემოტანილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.“.

42. 157-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ;

ბ) გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. დაუშვებელია პირველი მოსმენით უარყოფილი კანონპროექტის პარლამენტის იმავე სესიაზე განმეორებით გატანა.“.

43. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 158

1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად გადაეცემა წამყვან კომიტეტს.

2. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი სხდომაზე განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. წამყვან კომიტეტში კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.

3. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გაზიარებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

4. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთვოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, ასევე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წარედგინა წამყვან კომიტეტს.

5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით) შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვის დასმისა და დაზუსტებისათვის გამოიყენება სხდომათა დარბაზში განლაგებული მიკროფონები. ცალკეულ შემთხვევებში კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე პარლამენტის წევრის მოთხოვნის საფუძველზე სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს შეკითხვისათვის დამატებით გამოყოს 2 წუთი, ხოლო დაზუსტებისათვის – 1 წუთი. საჭიროების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების შეწყვეტის შესახებ.

6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი, რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის თაობაზე შეკითხვით მიმართონ თანამომხსენებელს. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვის დასმისათვის გამოიყენება სხდომათა დარბაზში განლაგებული მიკროფონები. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს ერთობლივად უპასუხოს ყველა დასმულ შეკითხვას. მისი პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

7. მომხსენებლისა და თანამომხსენებლის გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. ალტერნატიული წინადადების ავტორს პარლამენტის წევრებმა 1-წუთიან რეჟიმში შეიძლება დაუსვან შეკითხვა მხოლოდ ერთხელ. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას უფლება აქვს ერთჯერ ისარგებლოს 1-წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე.

8. ამ მუხლის მე-5 – მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლა – 5 წუთს.

9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ ფრაქციაში. მათი სიტყვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. პარლამენტის წევრები მომხსენებლის მოხსენების დამთავრებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. დაუშვებელია გამოსვლა სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, პარლამენტის წევრი გამომსვლელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და თავისი გამოსვლის დროისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო დაუთმოს სხვა პარლამენტის წევრს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.

10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლა – 15 წუთს.

11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელი სიტყვას წარმოთქვამს სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ მდებარე ტრიბუნიდან.

12. ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

13. მეორე მოსმენისას კანონპროექტს კენჭი ეყრება ერთიანად. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი.

14. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის საფუძველზე პარლამენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;

ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ.

15. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.

16. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.

17. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც ერთი სესიის განმავლობაში მეორე მოსმენით კენჭისყრების შედეგად 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. აღნიშნულის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ ეცნობება პარლამენტს და ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.“.

44. 159-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი სხდომაზე განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებულ უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ურიგდება კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას გამოთქმული და გაზიარებული შენიშვნები. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.

72. თუ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, კანონპროექტი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრის შედეგად ერთი სესიის განმავლობაში 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. აღნიშნულის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ ეცნობება პარლამენტს და ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.“.

45. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1591 მუხლი:

     „მუხლი 1591

1. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილებით გადაწყვეტილება მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ.

2. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი იხილავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში.“.

46. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1592 მუხლი:

     „მუხლი 1592

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება პლენარული სხდომის იმ კვირის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში.“.

47. 160-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. ამასთანავე, დაუშვებელია პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება.“.

48. 163-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და კომიტეტებში განიხილება კანონპროექტის წარდგენისა და კომიტეტში განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პარლამენტის დადგენილების პროექტი, როგორც წესი, განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“;

გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წარმოდგენილი პროექტის საფუძვლად მიღებისა და მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის წამყვანი კომიტეტისათვის მოსამზადებლად გადაცემის შესახებ;“.

49. 167-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 167

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში (ამ ვადაში არ ითვლება დასვენების (უქმე) დღე), კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და საორგანიზაციო დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების მიერ ვიზირებისა და პლენარული სხდომის თავმჯდომარის მიერ მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.“.

50. 179-ე მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიღებიდან 2 დღის ვადაში, კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს პროექტისა და მთავრობის მოხსენების განხილვის გრაფიკის შედგენას.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ასევე პროექტის განხილვის გრაფიკი მისი დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციებს, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს კონტროლის პალატას, ხოლო მთავრობას – მხოლოდ განხილვის გრაფიკი. საქართველოს კონტროლის პალატა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე პარლამენტს წარუდგენს დასკვნას ბიუჯეტის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე.

3. დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განიხილავენ კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტების მიერ შესაძლებელია ერთობლივი დასკვნის მომზადებაც.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, იურიდიული დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 20 ოქტომბრისა.“.

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის გადამუშავებულ პროექტს განსახილველად წარუდგენს პარლამენტს არა უგვიანეს 1 ნოემბრისა (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ). პროექტს უნდა ერთვოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.“.

51. 180-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კამათის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში აცხადებს შესვენებას.“.

52. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1801 მუხლი:

     „მუხლი 1801

პარლამენტი ამ რეგლამენტის 180-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ განიხილავს ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ პარლამენტი მოხსენების თაობაზე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებას.“.

53. 181-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის თავმჯდომარე მიღებულ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) 1 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს მთავრობას.“.

54. 182-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე დასკვნების და წინადადებების (შენიშვნების) გადაცემიდან არა უგვიანეს 5 დღისა პარლამენტს გადასცემს პროექტის საბოლოო ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) ამ რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, ცალკეულ პარლამენტის წევრებს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გადაცემიდან არა უადრეს 5 დღისა. პროექტის განხილვა გრძელდება მთავრობის წევრის მოხსენებით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვისა და მიღების მიზნით, შესაბამისი კანონპროექტის განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დადგენილების პროექტს რეგლამენტის 179-ე – 182-ე მუხლებით დადგენილი ღონისძიებების გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე. კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას, პლენარულ სხდომაზე შეიძლება განხილულ იქნეს პარლამენტში მისი წარდგენიდან 1 თვის შემდეგ.“.

55. 183-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, 5 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე 5 დღის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრებს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.“.

56. 190-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციით ან/და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის, დამტკიცების ან დანიშვნაზე თანხმობის მიცემის, გათავისუფლების, გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის, გადადგომის საკითხების პარლამენტის მიერ განხილვამდე მათ კანდიდატურებს, წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, განიხილავს შესაბამისი პროფილის კომიტეტი. კანდიდატების განხილვა პარლამენტის ბიურომ შეიძლება დაავალოს ასევე სხვა კომიტეტსაც (კომიტეტებსაც). შესაბამისი პროფილის კომიტეტი (კომიტეტები) განხილვის შედეგად ამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც მის საფუძველზე იღებს დასკვნას და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.“.

57. 195-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან არ გაიზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადებიდან არა უადრეს 90 და არა უგვიანეს 100 დღისა კვლავ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას უნდობლობის გამოცხადების შესახებ განმეორებითი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ამ გარემოებების აღმოფხვრიდან 15 დღის ვადაში.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა ჩატარდეს საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში. ამ ვადაში კენჭისყრის ჩაუტარებლობა ნიშნავს ნდობის გამოცხადებას.“.

58. 202-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პარლამენტი კონტროლს უწევს მთავრობის, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათი შესრულების მდგომარეობას, შეისწავლის და აანალიზებს ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობას, ეფექტიანობას, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ასევე ნორმატიული აქტის სრულფასოვნად ამოქმედების ხელის შემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს. პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით, ნორმატიულ აქტში სათანადო შესწორებების შეტანის რეკომენდაციით (დავალებით).“.

59. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 206

1. პარლამენტის მუშაობის მოქალაქეთათვის უკეთ გაცნობის, მათ საჩივრებსა და განცხადებებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით პარლამენტის აპარატში ფუნქციონირებს მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები.

2. მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღები მუშაობს ყოველდღე, გარდა კვირისა.“.

60. 216-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას ყოველწლიურად ამოწმებს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია. აღნიშნულ კომისიას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტი ქმნის არა უგვიანეს 1 დეკემბრისა.“.

61. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2161 მუხლი:

     „მუხლი 2161

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვას მისივე წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.“.

62. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXIV1 თავი:

„თავი XXXIV1

კომიტეტების ანგარიშები

    მუხლი 2211

1. კომიტეტების თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე წარუდგენენ პარლამენტს გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშებს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.

2. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის მას პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციასა და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს.

3. პარლამენტის ბიუროს ანგარიშების განხილვის საკითხი შეაქვს საშემოდგომო სესიის პირველსავე პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით 30 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს).

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ ანგარიშის თაობაზე შეკითხვით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთისა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. მომხსენებელი დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ცალ-ცალკე.

6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენლები ამავე თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარდგენილი ანგარიშის თაობაზე. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოსა და ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლისა – 15 წუთს.

7. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, ფრაქციის, უმცირესობის, უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

8. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს.“.

63. XXXV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXXV

პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი“.

64. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 222

1. საგარეო ურთიერთობებში საქართველოს პარლამენტის უმაღლესი წარმომადგენელია პარლამენტის თავმჯდომარე.

2. პარლამენტის თავმჯდომარე სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. საჭიროების შემთხვევაში ეს ანგარიში შეიძლება წარედგინოს პლენარულ სხდომასაც.“.

65. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2221 მუხლი:

     „მუხლი 2221

1. პარლამენტი უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ.

2. პარლამენტი უფლებამოსილია ყოველ წელს დაამტკიცოს სხვა სახელმწიფოების პარლამენტებთან თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც შეიმუშავებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების წინადადებათა გათვალისწინებით. პარლამენტი შეიმუშავებს და ამტკიცებს საპარლამენტო დელეგაციების (საპარლამენტო და სამუშაო ჯგუფების) მუშაობის წესს.

3. პარლამენტს ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობისა და გამგზავრების შესახებ უნდა ეცნობოს არა უგვიანეს 1 კვირისა.

4. ოფიციალურ საპარლამენტო დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან პარლამენტის წევრი. თუ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისივე დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე, აღნიშნული დელეგაციის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილეები.

5. სესიების პერიოდში, პარლამენტის წევრის ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სხვა სახელმწიფოში ვიზიტისას, პარლამენტის წევრი ვალდებულია არა უგვიანეს 3 დღისა გაეთავისუფლოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე დასწრებისაგან.“.

66. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 223

დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“.

67. XXXVI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXXVI

მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები. მეგობრობის ჯგუფები

    მუხლი 227

1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობის დამყარების მიზნით, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით განისაზღვრება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა.

2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ანგარიშის მოსმენის დროს თანამომხსენებელია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. პლენარულ სხდომაზე ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლებელია დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება შევიდეს.

    მუხლი 228

1. სხვა სახელმწიფოთა პარლამენტებთან რეგულარული ურთიერთობის დამყარების მიზნით პარლამენტში დადგენილებით იქმნება მეგობრობის ჯგუფები.

2. მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობას, როგორც წესი, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

3. მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას უწევს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც გაწეული საქმიანობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.

4. ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და მოსაზრებებს ვიზიტის თაობაზე ვიზიტის დამთავრებიდან არა უგვიანეს 10 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს.“.

68. 237-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 237

1. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას პარლამენტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 აპრილისა.

2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი ფორმირდება შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოსა და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე და დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მეორე თანრიგის კოდით (0101) წარდგენილი პარამეტრის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.

3. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში სხვა ხარჯებთან ერთად მითითებული უნდა იყოს თითოეული კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობისათვის გამოყოფილი ასიგნებანი.

4. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე. თუ სახსრების მოცულობა არ აღემატება პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში – პარლამენტი დადგენილებით.

5. პარლამენტს უფლება აქვს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაუფინანსებლობის შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან აიღოს სესხი სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით. აღნიშნულ ხელშეკრულებას ამზადებს და შესაბამის კომიტეტებთან ათანხმებს ხაზინადართა საბჭო, ხოლო შემდეგ იხილავს და ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ უფლების განხორციელება წარმოადგენს ფორსმაჟორს და პარლამენტი არ არის შეზღუდული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებით.

6. პარლამენტში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი კომიტეტის, აგრეთვე ამ მიზნით შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით. ხაზინადართა საბჭო არის პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. პარლამენტის თავმჯდომარე განსაზღვრავს საბჭოს წევრთა რაოდენობას და პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით პარლამენტის წევრთაგან ნიშნავს მათ. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

7. პარლამენტში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, რომელშიც აისახება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. ფონდში ასახული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის პარლამენტის ბიუროს.

8. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტების ფორმირებას უზრუნველყოფს და მათ საქართველოს მთავრობას გადასცემს პარლამენტის თავმჯდომარე.

9. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოსა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები პარლამენტში 1 მარტამდე წარადგენენ მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

10. წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით განიხილავს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში და სათანადო გადაწყვეტილებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარე საბიუჯეტო განაცხადების პროექტებს შესაბამისი გადაწყვეტილებით უგზავნის საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 აპრილისა.

11. საქართველოს კონტროლის პალატის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი.

12. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს 1 მარტამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.

13. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში იხილავს წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც განსახილველად გადაეცემა საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 1 აპრილისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონტროლის პალატის ბიუჯეტის განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.

14. პარლამენტის მიერ კონტროლის პალატის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ იგი 15 აპრილამდე წარედგინება საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

15. საქართველოს კონტროლის პალატის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები; ამასთანავე, საქართველოს კონტროლის პალატის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წინასწარი თანხმობით.“.

69. 242-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილება ომის გამოცხადების ან სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების შესახებ პარლამენტში დასამტკიცებლად შეაქვს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.“.

70. XLIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XLIV

პარლამენტის აპარატი“.

71. 257-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარლამენტის აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

72. 259-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტის მანდატურის სამსახურის დებულებას აპარატის უფროსის წარდგინებით ბრძანებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

73. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2591 მუხლი:

     „მუხლი 2591

1. პარლამენტის, კომიტეტების, ფრაქციების, ცალკეული პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

2. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

4. საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

74. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2592 მუხლი:

     „მუხლი 2592

1. ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის, ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ამომრჩევლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან პარლამენტის ურთიერთობის და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა საქმიანობის კოორდინირების მიზნით შეიძლება შეიქმნას საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა (შემდგომში – პარლამენტის წარმომადგენლობა).

2. გადაწყვეტილებას პარლამენტის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. პარლამენტის წარმომადგენლობის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების პირობებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. პარლამენტის წარმომადგენლობის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. პარლამენტის წარმომადგენლობის თანამშრომლებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი პარლამენტის წარმომადგენლობის უფროსის წარდგინებით.“.

75. რეგლამენტს 2592 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XLIV1 თავი და მასში გაერთიანდეს 260-ე და 261-ე მუხლები:

„თავი XLIV1

პარლამენტთან არსებული დაწესებულებები“.

76. 260-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების პირობებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

77. 261-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აუდიტორული საბჭოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

78. 262-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

79. 264-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ევალება კანონპროექტის წარდგენა, კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება პლენარული სხდომის დარბაზში, დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტზე, სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერი, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასის დასაკავებლად.“;

ბ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და კალენდარული თვის ბოლო პლენარულ სხდომაზე ცხადდება სხდომის თავმჯდომარის მიერ. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე მანდატურის სამსახური საოქმო ჩანაწერების საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.“;

გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის მითითებით. კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას „პარლამენტის უწყებანში“ და განთავსებას პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე. გამცდენი პარლამენტის წევრების სია ქვეყნდება პრესაში.

12. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის მანდატურის სამსახური ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას ფრაქციების მითითებით, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის აღნიშვნით. პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას „პარლამენტის უწყებანში“ და განთავსებას პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე. პლენარული სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სია ქვეყნდება პრესაში.“.

80. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2711 მუხლი:

     „მუხლი 2711

ამ რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა მოქმედება გავრცელდეს, თუ:

ა) კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების გეგმის“ ნაწილს;

ბ) კანონპროექტით რეგულირდება საქართველო-ევროკავშირის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ 43-ე მუხლით განსაზღვრულ სფეროთაგან თუნდაც ერთ-ერთი.“.

81. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

1. ეს რეგლამენტი, გარდა პირველი მუხლის 28-ე–54-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის 28-ე–54-ე პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

# 2150_ IIს