მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენცია

მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი 024/2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016317
024/2
19/10/1996
ვებგვერდი, 18/03/2015
480610000.03.030.016317
მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენცია

(გაფორმდა 1996 წლის 19 ოქტომბერს)

 

სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას,

აღიარებენ რა საერთაშორისო შემთხვევებში ბავშვთა დაცვის დახვეწის აუცილებლობას,

სურთ რა აიცილონ წინააღმდეგობა თავის სამართლებრივ სისტემებს შორის იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარებისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან მიმართებაში,

გვახსენებენ რა ბავშვთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,

ადასტურებენ რა, რომ პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს,

აღნიშნავენ რა, რომ 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, რომელიც ეხება ორგანოების უფლებამოსილებასა და გამოყენებულ სამართალს არასრულწლოვანი პირების დაცვასთან მიმართებაში, საჭიროებს გადახედვას,

სურთ რა ამ მიზნით დაადგინონ ზოგადი დებულებები, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის გათვალისწინებით,

შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე:


თავი I. კონვენციის გამოყენების სფერო

 

მუხლი 1

(1)        წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

ა)         იმ სახელმწიფოს განსაზღვრა, რომლის ორგანოებს გააჩნიათ ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვისკენ მიმართული ზომების მიღების იურისდიქცია;

ბ)         იმ სამართლის განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება გამოყენებას ასეთი ორგანოების მიერ მათი იურისდიქციის განხორციელებისას;

გ)         იმ სამართლის განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება გამოყენებას მშობლის პასუხისმგებლობასთან მიმართებაში;

დ)        დაცვის ასეთი ზომების აღიარებისა და შესრულების უზრუნველყოფა ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოში;

ე)         ხელმშემკვრელი სახელმწიფოების ორგანოებს შორის ისეთი თანამშრომლობის დამყარება, რომელიც შესაძლოა საჭირო იყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად.

(2)        წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ტერმინი “მშობლის პასუხისმგებლობა” მოიცავს მშობლის უფლებამოსილებას ან სხვა ანალოგიურ დამოკიდებულებას, რომელიც განსაზღვრავს მშობლების, მეურვეების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უფლებებს, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს ბავშვის პიროვნებასთან ან ქონებასთან მიმართებაში.

 

მუხლი 2

კონვენცია გამოიყენება ბავშვებთან მიმართებაში დაბადებიდან მათ მიერ თვრამეტი წლის მიღწევამდე.

 

მუხლი 3

პირველ მუხლში მითითებული ზომები შესაძლოა, კერძოდ, ეხებოდეს:

ა)         მშობლის პასუხისმგებლობის წარმოშობას, განხორციელებას, შეწყვეტას ან შეზღუდვას, ასევე მის გადაცემას;

ბ)         მეურვეობის უფლებებს, ბავშვის პიროვნებაზე ზრუნვის უფლებების, და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლების, ასევე წვდომის უფლებების ჩათვლით, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ საცხოვრებელ ადგილზე გადაყვანის უფლების ჩათვლით დროის განსაზღვრული პერიოდით;

გ)         მზრუნველობას, მეურვეობასა და ანალოგიურ ინსტიტუტებს;

დ) ნებისმიერი პირის ან ორგანოს ფუნქციებსა და დანიშნულებას, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის პიროვნებაზე ან ქონებაზე, წარმოადგენს ბავშვის ინტერესებს ან ეხმარება მას;

ე)         ბავშვის მიმღებ ოჯახში ან მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ორგანიზაციაში მოთავსებას, ან ბავშვზე მზრუნველობის უზრუნველყოფას „კაფალას“ ან ანალოგიური ინსტიტუტის დანერგვით;

ვ)         ბავშვზე პასუხისმგებელი ნებისმიერი პირების მიერ სათანადო ზრუნვის კონტროლს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან;

ზ)        ბავშვის ქონების მართვას, განკარგვას ან მის შენარჩუნებას.

 

მუხლი 4

კონვენცია არ გამოიყენება შემდეგი სფეროების მიმართ:

ა)         მშობელსა და ბავშვს შორის ნათესაური კავშირის დადგენა ან უარყოფა;

ბ)         გადაწყვეტილების მიღება გაშვილების, გაშვილებისთვის მოსამზადებელი ზომების ან გაშვილების ანულირების ან გაუქმების შესახებ;

გ)         ბავშვის სახელი და გვარი;

დ)        ემანსიპაცია;

ე)         რჩენის ვალდებულება;

ვ)         ქონების მინდობილი მართვა ან მემკვიდრეობა;

ზ)        სოციალური უზრუნველყოფა;

თ)        განათლების ან ჯანდაცვის ზოგადი ხასიათის სახელმწიფო ზომები;

ი) ბავშვების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების შედეგად გამოყენებული ზომები;

კ)         გადაწყვეტილებები თავშესაფრის უფლების ან იმიგრაციის შესახებ.

 

თავი II. იურისდიქცია

 

მუხლი 5

(1)        ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნიათ იურისდიქცია მიიღონ ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვისკენ მიმართული ზომები.

(2)        მე-7 მუხლის გათვალისწინებით, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოზე შეცვლის შემთხვევაში, იურისდიქცია გააჩნიათ ახალი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფო ორგანოებს.

 

მუხლი 6

(1)        ლტოლვილი და იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც მათ ქვეყანაში არეულობასთან დაკავშირებით გადასახლებულები არიან სხვა ქვეყანაში, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურისდიქცია გააჩნიათ იმ ხელშეკმკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებიან აღნიშნული ბავშვები გადაადგილების შედეგად.

(2)        წინა პუნქტის დებულებები ასევე გამოიყენება იმ ბავშვებთან მიმართებაში, რომელთა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა შეუძლებელია.

 

მუხლი 7

(1)        ბავშვის უკანონო გადაადგილების ან დაკავების შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოები, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე, ინარჩუნებენ თავის იურისდიქციას მანამ, სანამ ბავშვი არ შეიძენს ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს სხვა სახელმწიფოში, ან:

ა)         მზრუნველობის უფლების მქონე ყოველი პირი, ორგანიზაცია ან სხვა ორგანო გამოთქვამს თანხმობას გადაადგილებაზე ან დაკავებაზე, ან

ბ)         ბავშვმა იცხოვრა აღნიშნულ სხვა სახელმწიფოში სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მზრუნველობის უფლების მქონე პირისთვის, ორგანიზაციისთვის ან სხვა ორგანოსთვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო ცნობილი ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ, არ განიხილება ამ პერიოდში შეტანილი განცხადება ბავშვის დაბრუნების შესახებ, ბავშვმა გაიარა ადაპტაცია ახალ გარემოში.

(2)        ბავშვის გადაადგილება ან დაკავება განიხილება როგორც უკანონო, თუ:

ა)         ეს წარმოადგენს პირისთვის, ორგანიზაციისთვის ან სხვა ნებისმიერი ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ინდივიდუალურად, მინიჭებული უფლების დარღვევას იმ სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა გადაადგილებამდე ან დაკავებამდე;

ბ)         გადაადგილების ან დაკავების დროს ეს უფლებები ნამდვილად ხორციელდებოდა, ერთობლივად ან ინდივიდუალურად, ან იქნებოდა გამოყენებული, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.

ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტში მოხსენიებული მზრუნველობის უფლებები შესაძლოა წარმოიშვას, კერძოდ, კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ამ სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად იურიდიული ძალის მქონე შეთანხმების შედეგად.

(3)        მანამ, სანამ პირველ პუნქტში მითითებული ორგანოები ინარჩუნებენ თავის იურისდიქციას, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომელშიც გადაადგილებულია ან დაკავებულია ბავშვი, შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ ბავშის პიროვნებისა და ქონების დაცვისთვის საჭირო გადაუდებელი ზომები მე-11 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 8

(1)        გამონაკლის შემთხვევებში, თუ მე-5 ან მე-6 მუხლის შესაბამისად იურისდიქციის მქონე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანო ჩათვლის, რომ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოს შეუძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, მას შეუძლია ან

-           მიმართოს მოთხოვნით, უშუალოდ ან თავისი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს დახმარებით, იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა სხვა ორგანომ აღიაროს დაცვის იმ ზომების მიღების  იურისდიქცია, რომლებსაც ის საჭიროდ ჩათვლის, ან

-           შეაჩეროს საქმის განხილვა და შესთავაზოს მხარეებს ამგვარი მოთხოვნის გადაცემა აღნიშნული სხვა სახელმწიფოს ორგანოების მიერ განსახილველად.

(2)        ხელშეკმკვრელი სახელმწიფოები, რომელთა ორგანოებში, როგორც ეს გათვალისწინებულია წინა პუნქტში, შეიძლება გაიგზავნოს მოთხოვნა, არიან:

ა)         სახელმწიფო, რომლის მოქალაქეა ბავშვი;

ბ)         სახელმწიფო, რომელშიც მდებარეობს ბავშვის ქონება;

გ)         სახელმწიფო, რომლის ორგანოებშიც განიხილება განცხადება ბავშვის მშობლების განქორწინების ან ცალ-ცალკე ცხოვრების, ან მათი ქორწინების მათილად ცნობის შესახებ;

დ)        სახელმწიფო, რომელთანაც ბავშვს აქვს არსებითი კავშირი.

(3)        შესაბამისი ორგანოები შესაძლოა გადავიდნენ აზრთა გაცვლაზე.

(4)        ორგანოს, რომელსაც, როგორც ეს გათვალისწინებულია პირველი პუნქტით, გადაეცა მოთხოვნა, შეუძლია მიიღოს იურისდიქცია, მე-5 ან მე-6 მუხლის შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანოს ნაცვლად, თუ ის ჩათვლის, რომ ეს პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

 

მუხლი 9

(1)        თუ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოები მიიჩნევენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მათ უკეთ შეუძლიათ ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა, მათ შეუძლიათ ან:

-           მიმართონ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს უშუალოდ ან ამ სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, მოთხოვნით დაცვის იმ ზომების მიღებისათვის საჭირო იურისდიქციის განხორციელების უფლებამოსილების მიღების შესახებ, რომლებსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, ან

-           შესთავაზონ მხარეებს გაუგზავნონ ასეთი მოთხოვნა ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოში.

(2)        შესაბამისი ორგანოები შესაძლოა გადავიდნენ აზრთა გაცვლაზე.

(3)        მოთხოვნის ინიციატორ ორგანოს შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოს ნაცვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი დაეთანხმება ამ მოთხოვნას.

 

მუხლი 10

(1)        5-9 მუხლების დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ის ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ იურისდიქციას ჩვეულებრივ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მცხოვრები ბავშვის მშობლების განქორწინების ან ცალ-ცალკე ცხოვრების შესახებ განცხადების განხილვასთან, ან მათი ქორწინების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, შეუძლიათ, თუ ეს გათვალისწინებულია მათი სახელმწიფოს სამართლით, მიიღონ ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვისკენ მიმართული ზომები, თუ:

ა)         პროცესის დაწყების მომენტისთვის ერთ-ერთი მშობელი ჩვეულებრივ ცხოვრობს ამ სახელმწიფოში და ერთ-ერთ მათგანს დაკისრებული აქვს მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვთან მიმართებაში, და

ბ)         ამ ორგანოების იურისდიქცია მიიღონ ამგვარი ზომები დადასტურებულია მშობლების ან სხვა ნებისმიერ პირის მიერ, რომელსაც ეკისრება მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვთან მიმართებაში და პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

(2)        პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ბავშვის დაცვისთვის ზომების მიღების იურისდიქცია წყდება ბავშვის მშობლების განქორწინების ან ცალ-ცალკე ცხოვრების, ან მათი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ან უარყოფის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის, ან პროცესის სხვა მიზეზით დასრულების მომენტიდან.

 

მუხლი 11

(1)        ყველა გადაუდებელ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომლის ტერიტორიაზეც არის ბავშვი ან მდებარეობს მისი ქონება, გააჩნიათ დაცვის ნებისმიერი საჭირო ზომის მიღების იურისდიქცია.

(2)        წინა პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები ჩვეულებრივ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მცხოვრებ ბავშვთან მიმართებაში წყდება 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანოების მიერ ამ შემთხვევისთვის საჭირო ზომების მიღებისთანავე.

(3)        პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები ჩვეულებრივ იმ სახელმწიფოში მცხოვრებ ბავშვთან მიმართებაში, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ მხარეს,  წყდება ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში საჭირო და სხვა სახელმწიფოების ორგანოების მიერ მიღებული ზომების მოცემულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში აღიარებისთანავე.

 

მუხლი 12

(1)        მე-7 მუხლის გათვალისწინებით, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომლის ტერიტორიაზეც არის ბავშვი ან განლაგებულია მისი კუთვნილი ქონება, გააჩნიათ ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვისთვის საჭირო ამ სახელმწიფოს მიერ შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების მქონე დროებითი ზომების მიღების იურისდიქცია იმ მოცულობით, რომელიც აღნიშნული ზომები თავსებადია 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანოების მიერ მიღებულ ზომებთან.

(2)        ჩვეულებრივ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მცხოვრებ ბავშთან მიმართებაში წინა პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები წყდება 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანოების მიერ იმ ზომების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს მოცემულ შემთხვევაში.

(3)        ჩვეულებრივ იმ სახელმწიფოში მცხოვრებ ბავშთან მიმართებაში წინა პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, წყდება, იმ ხელშემკვრელ სახელმიფოში, სადაც ისინი იქნა მიღებული, ამ შემთხვევაში საჭირო და სხვა სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების მოცემულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში აღიარებისთანავე.

 

მუხლი 13

(1)        5-10 მუხლების შესაბამისად ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვის ზომების მიღების იურისდიქციის მქონე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ აღნიშნული იურისდიქციის განხორციელებისგან, თუ პროცესის დაწყების მომენტისთვის შესაბამისი ზომები მოთხოვნილი იყო 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებთან მოთხოვნის მომენტისთვის და ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

(2)        წინა პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ორგანოებმა, სადაც თავდაპირველად იყო გაგზავნილი მოთხოვნა ზომების მიღების შესახებ, უარი თქვეს იურისდიქციაზე.

 

მუხლი 14

5-10 მუხლების შესასრულებლად მიღებული ზომები ძალაში რჩება მათი პირობების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარემოებების შეცვლამ გამოიწვია იურისდიქციის განხორციელების საფუძვლის შეცვლა იმ პირობით, რომ კონვენციის თანახმად იურისდიქციის მქონე ორგანოებმა არ შეცვალეს ან არ შეწყვიტეს ასეთი ზომები.

 

თავი III. მოქმედი კანონმდებლობა

 

მუხლი 15

(1)        თავისი იურისდიქციის განხორციელებისას II თავის დებულებების თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ორგანოები გამოიყენებენ თავისი ქვეყნის კანონმდებლობას.

(2)        თუმცა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ან მიიღონ მხედველობაში სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომელთანაც შემთხვევა მჭიდროდაა დაკავშირებული, რამდენადაც ამას მოითხოვს ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვა.

(3)        თუ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი იცვლება სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოზე, მისი შეცვლის მომენტიდან წინა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში მიღებული ზომების მიღების პირობებს არეგულირებს აღნიშნული სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობა.

 

მუხლი 16

(1)        მშობლის პასუხისმგებლობის წარმოშობას ან შეწყვეტას კანონის შესაბამისად, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის გარეშე, არეგულირებს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სახელმწიფოს სამართალი.

(2)        მშობლის პასუხისმგებლობის წარმოშობას ან შეწყვეტას შეთანხმების ან ცალმხრივი აქტის შესაბამისად სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის გარეშე, არეგულირებს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სახელმწიფოს სამართალი შეთანხმების ან ცალმხრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტისთვის.

(3)        ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სახელმწიფოს სამართლის თანახმად არსებული მშობლის პასუხისგებლობა შენარჩუნებულია აღნიშნული ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სხვა სახელმწიფოზე შეცვლის შემდეგ.

(4)        თუ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილი იცვლება, მშობლის პასუხისმგებლობის წარმოშობას კანონის შესაბამისად  პირის მიმართ, რომელსაც ჯერ არ ეკისრება ასეთი პასუხისმგებლობა, არეგულირებს ახალი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს სამართალი.

 

მუხლი 17

მშობლის პასუხისმგებლობის განხორციელებას არეგულირებს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილის სახელმწიფოს სამართალი. თუ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებველი ადგილი იცვლება, მის განხორციელებას არეგულირებს ახალი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს სამართალი.

 

მუხლი 18

მე-16 მუხლში მითითებული მშობლის პასუხისმგებლობა შესაძლოა შეწყდეს ან მისი განხორციელების პირობები შეიცვალოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მისაღები ზომებით.

 

მუხლი 19

(1)        დაუშვებელია მესამე მხარესა და სხვა პირს შორის დადებული გარიგების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება, რომელიც უფლებამოსილია იყოს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი იმ სახელმწიფოს სამართლის თანახმად, სადაც იყო დადებული გარიგება, და მესამე მხარისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მოცემული სხვა პირი არ იყო უფლებამოსილი ემოქმედა როგორც ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს წინამდებარე თავის თანახმად განსაზღვრული სამართლის შესაბამისად, თუ მესამე მხარისთვის უცნობი იყო და მისთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ მშობლის პასუხისმგებლობას არეგულირებს მოცემული სამართალი.

(2)        წინა პუნქტი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარიგება დადებულია ერთი და იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირებს შორის.

 

მუხლი 20

წინამდებარე თავის დებულებები გამოიყენება მაშინაც, თუ მათ მიერ განსაზღვრული სამართალი არის იმ სახელმწიფოს სამართალი, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს.

 

მუხლი 21

(1)        წინამდებარე თავში ტერმინი “სამართალი” ნიშნავს სახელმწიფოში მოქმედ სამართალს, გარდა კოლიზიური ნორმებისა.

(2)        თუმცა, თუ მე-16 მუხლის თანახმად გამოსაყენებელი სამართალი არის იმ სახელმწიფოს სამართალი, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, და თუ ამ სახელმწიფოს კოლიზიური ნორმები მიუთითებენ სხვა იმ სახელმწიფოს სამართალზე, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს და რომელიც გამოიყენებდა საკუთარ სამართალს, გამოიყენება უკანასკნელი სახელმწიფოს სამართალი. თუ აღნიშნული სხვა სახელმწიფო, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, არ გამოიყენებს საკუთარ სამართალს, მაშინ გამოიყენება მე-16 მუხლით გათვალისწინებული სამართალი.

 

მუხლი 22

წინამდებარე თავის დებულებებით განსაზღვრული სამართლის გამოყენებაზე შესაძლოა უარი ითქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოყენება აშკარად ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

თავი IV. აღიარება და შესრულება

 

მუხლი 23

(1)        ხელშემკვრელი სახელმწიფოების ორგანოების მიერ მიღებული ზომები აღიარებულია კანონის შესაბამისად ყველა სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

(2)        თუმცა, აღიარებაზე შესაძლოა უარი ითქვას:

ა)         თუ ზომა მიღებულია იმ ორგანოს მიერ, რომლის იურისდიქციას არ გააჩნდა II თავში აღნიშნული საფუძვლებიდან არც ერთი;

ბ)         თუ ზომა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მიღებულია სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობისას, ბავშვის მოსმენის გარეშე, მოთხოვნილი სახელმწიფოს ძირითადი საპროცესო პრინციპების დარღვევით;

გ)         ნებისმიერი პირის მოთხოვნით, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული ზომა არღვევს მშობლის მის პასუხისმგებლობას, თუ აღნიშნული ნორმა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მიღებულია ამ პირისთვის მოსმენის გარეშე;

დ)        თუ ასეთი აღიარება აშკარად ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს საჯარო წესრიგს, სადაც გაგზავნილია მოთხოვნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;

ე)         თუ ზომა შეუთავსებელია ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის იმ სახელმწიფოში მიღებულ უკანასკნელ ნორმასთან, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, სადაც აღნიშნული უკანასკნელი ნორმა შეესაბამება მოთხოვნებს აღიარებისთვის მოთხოვნილ სახელმწიფოში;

ვ)         თუ არ არის დაცული 33-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა.

 

მუხლი 24

23-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისთვის ზიანის გარეშე დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნით სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული ზომის აღიარების ან არაღიარების შესახებ. ამ პროცედურას არეგულირებს მოთხოვნილი სახელმწიფოს სამართალი.

 

მუხლი 25

იმ სახელმწიფოს ორგანო, სადაც იგზავნება მოთხოვნა შემოიფარგლება ფაქტის დადგენით, რომლის საფუძველზე იმ სახელმწიფოს ორგანო, სადაც მიღებულია ზომა, ახორციელებდა თავის იურისდიქციას.

 

მუხლი 26

(1)        თუ ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისაღები და ამ სახელმწიფოში შესასრულებელი ზომები, მოითხოვს შესრულებას სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ისინი დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე ექვემდებარება შესრულებას ან რეგისტრირდება სხვა სახელმწიფოში შესრულების მიზნით უკანასკნელი სახელმწიფოს სამართლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

(2)        ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო იყენებს სწრაფ და მარტივ პროცედურებს ზომების აღიარებისთვის ან მათი რეგისტრაციისთვის.

(3)        ზომების გამოსაყენებლად ან მათი რეგისტრაციის აღიარებაში შესაძლოა უარი ითქვას  23-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ საფუძველზე.

 

მუხლი 27

წინა მუხლების გამოყენებისას საჭირო გადახედვისთვის ზარალის გარეშე, მიღებული ზომა ექვემდებარება არსებით გადახედვას.

 

მუხლი 28

ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული და შესრულებას დაქვემდებარებული ან დარეგისტრირებული ზომები სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში გამოყენების მიზნით, სრულდება უკანასკნელ სახელმწიფოში ისე, როგორც ისინი მიღებული რომ ყოფილიყო ამ სახელმწიფოს ორგანოების მიერ.  შესრულება ხორციელდება  მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად ასეთი სამართლის მიერ გათვალისწინებულ ფარგლებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

თავი V. თანამშრომლობა

 

მუხლი 29

(1)        ხელშემკვრელი სახელმწიფო ნიშნავს ცენტრალურ ორგანოს კონვენციის მიერ ასეთ ორგანოებზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

(2)        ფედერაციული სახელმწიფოები, სახელმწიფოები ერთზე მეტი სამართლებრივი სისტემით ან ავტონომიური ტერიტორიული ერთეულების მქონე სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან დანიშნონ ერთზე მეტი ცენტრალური ორგანო და დაადგინონ გარკვეულ ტერიტორიასთან ან პირთან მიმართებაში გამოსაყენებელი უფლებამოსილება. თუ სახელმწიფომ დანიშნა ერთზე მეტი ცენტრალური ორგანო, მან უნდა მიუთითოს ცენტრალური ორგანო, სადაც შეიძლება ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა ამ სახელმწიფოს ფარგლებში შესაბამისი ცენტრალური ორგანოსთვის გაგზავნის მიზნით.

 

მუხლი 30

(1)        ცენტრალური ორგანოები თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ავითარებენ თანამშრომლობას თავისი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონვენციის მიზნების მისაღწევად.

(2)        კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით ისინი იღებენ შესაბამის ზომებს კანონმდებლობის, ასევე მათ სახელმწიფოებში ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის გადაცემის ზომებს.

 

მუხლი 31

ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო, უშუალოდ ან სახელმწიფო ორგანოების ან სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, იღებს ყველა ზომას  იმისათვის, რომ:

ა)         დახმარება გაუწიოს ურთიერთქმედებასა და ხელი შეუწყოს წინამდებარე თავის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად;

ბ)         შუამავლობით, მომრიგებელი პროცედურებით ან ამგვარი საშუალებებით ხელი შეუწყოს შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას ბავშვის პიროვნების ან ქონების დასაცავად კონვენციის გამოსაყენებელ შემთხვევებში;

გ)         სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე ხელი შეუწყოს ბავშვის ადგილსამყოფელის მოძებნაში, თუ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ბავშვი შესაძლოა იყოს მოთხოვნის გაგზავნის სახელმწიფოში და სჭირდება დაცვა.

 

მუხლი 32

იმ ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნით, რომელთანაც ბავშვს გააჩნია უფრო მჭიდრო კავშირი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა და იმყოფება, უშუალოდ, სახელმწიფო ორგანოების ან სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, შეუძლია:

ა)         წარადგინოს ანგარიში იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იმყოფება ბავშვი;

ბ)         გაუგზავნოს თავისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნა ბავშვის პიროვნების ან ქონების დასაცავად ზომების მიღების აუცილებლობის განხილვის შესახებ.

 

მუხლი 33

(1)        თუ 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანო განიხილავს შესაძლებლობას მოათავსოს ბავშვი მიმღებ ოჯახში ან ორგანიზაციაში მშობლების მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის, ან უზრუნველყოს ბავშვზე ზრუნვა “კაფალას” ან ანალოგიური ურთიერთობის დადგენით და თუ ასეთი განთავსების ან ზრუნვის უზრუნველყოფას ადგილი უნდა ჰქონდეს სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში, აღნიშნული ორგანო ჯერ კონსულტაციებს ატარებს უკანასკნელი სახელმწიფოს ცენტრალურ ან სხვა კომპეტენტურ ორგანოსთან. ამ მიზნით ის წარადგენს ანგარიშს  ბავშვის შესახებ სავარაუდო განთავსების ან ზრუნვით უზრუნველყოფის მიზეზების მითითებით.

(2)        გადაწყვეტილება განთავსების ან მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ სახელმწიფოში, სადაც იგზავნება მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ სახელმწიფოს ცენტრალური ან სხვა კომპეტენტური ორგანო, სადაც იგზავნება მოთხოვნა, თანხმობას განაცხადებს განთავსებაზე ან მზრუნველობით უზრუნველყოფაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მუხლი 34

(1)        განიხილავენ რა დაცვის ზომების მიღების შესაძლებლობას, კომპეტენტური ორგანოებს კონვენციის შესაბამისად, თუ ამას მოითხოვს მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ბავშვი, შეუძლიათ გაუგზავნონ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოს, რომელიც ფლობს ბავშვის დაცვისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, მოთხოვნა ასეთი ინფორმაციის მიწოდების შესახებ.

(2)        ხელმშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების გადაცემა მის ორგანოებში ხდება მხოლოდ ცენტრალური ორგანოს მეშვეობით.

 

მუხლი 35

(1)        ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან გაუგზავნონ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს მოთხოვნა წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული დაცვის ზომების განხორციელებაში დახმარების შესახებ, განსაკუთრებით წვდომის უფლების, ასევე რეგულარული პირდაპირი კონტაქტის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფისათვის.

(2)        იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოებს, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ არ ცხოვრობს, ამ სახელმწიფოში მცხოვრები მშობლის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს ან ჰქონდეს წვდომა ბავშვთან, შეუძლიათ შეაგროვონ ინფორმაცია ან მტკიცებულებები და გამოიტანონ დასკვნა ასეთი მშობლის უნარის შესახებ განახორციელოს წვდომა და პირობების შესახებ, რომელთა შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს წვდომა. ორგანო, რომელსაც 5-10 მუხლების შესაბამისად გააჩნია იურისდიქცია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვთან წვდომის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებამდე იღებს და განიხილავს ასეთ ინფორმაციას, მტკიცებულებებსა და დასკვნას.

(3)        ორგანოს, რომელსაც 5-10 მუხლების შესაბამისად გააჩნია იურისდიქცია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვთან წვდომის შესახებ, შეუძლია შეაჩეროს პროცედურა მე-2 პუნქტის თანახმად გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე, კერძოდ, ბავშვის მანამდე ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში მიღებული წვდომის უფლების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ განცხადების განხილვისას.

(4)        არაფერი წინამდებარე მუხლში არ უქმნის 5-10 მუხლების შესაბამისად იურისდიქციის მქონე ორგანოს შეფერხებას მიიღოს დროებითი ზომები მე-2 პუნქტის თანახმად გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხის მიღებამდე.

 

მუხლი 36

ნებისმიერ შემთხვევაში თუ ბავშვს ემუქრება სერიოზული საფრთხე, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, სადაც  მიღებულია ან განიხილება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებული ზომები, თუ ისინი ფლობენ ინფორმაციას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის სხვა სახელმწიფოზე შეცვლის ან ბავშვის სხვა სახელმწიფოში ყოფნის შესახებ, აცნობებენ აღნიშნული სხვა სახელმწიფოს ორგანოებს საფრთხისა და მიღებული ან განსახილველი ზომების შესახებ.

 

მუხლი 37

ორგანო არ გამოითხოვს ან არ გადასცემს ნებისმიერ ინფორმაციას წინადებარე თავის შესაბამისად, თუ ამან, მისი აზრით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის პიროვნებას ან ქონებას ან ბავშვის ოჯახის წევრის თავისუფლებას ან სიცოცხლეს.

 

მუხლი 38

(1)        მომსახურებისთვის გონივრული ანაზღაურების დადგენის შესაძლებლობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ და სხვა სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ წინამდებარე თავის დებულებების გამოყენებასთან დაკავშირებული საკუთარი ხარჯები.

(2)        ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დადოს ერთ ან ერთზე მეტ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან შეთანხმება ხარჯების განაწილების შესახებ.

 

მუხლი 39

ნებისმიერი ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დადოს ერთ ან ერთზე მეტ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან შეთანხმება მათ ურთიერთობაში წინამდებარე თავის გამოყენების დახვეწის მიზნით. სახელმწიფოები, რომლებმაც დადეს ასეთი შეთანხმება, უგზავნიან მის ასლებს კონვცენციის დეპოზირატს.

 

თავი VI. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 40

(1)        ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ხელშეკმკვრელი სახელმწიფოს ან იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ორგანოები, სადაც მიღებულია დაცვასთან დაკავშირებული ზომა, შეუძლიათ მისცენ მშობლის პასუხისმგებლობის მქონე პირს ან იმ პირს, რომელსაც მინდობილი აქვს ბავშვის პიროვნების ან ქონების დაცვა, მოთხოვნის საფუძველზე, მოწმობა, რომელშიც მითითებულია აღნიშნული პირის სტატუსი და მინიჭებული უფლებამოსილება.

(2)        ივარაუდება, რომ აღნიშნულ პირს მინიჭებული აქვს ის სტატუსი და უფლებამოსილება, რომლებიც მითითებულია მოწმობაში, თუ არ არის დამტკიცებული საწინააღმდეგო.

(3)        ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ნიშნავს ასეთი მოწმობის გაფორმების უფლებამოსილების მქონე ორგანოებს.

 

მუხლი 41

კონვენციის შესაბამისად შეგროვილი ან გადაცემული პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც ისინი შეგროვილი ან გადაცემულია.

 

მუხლი 42

ორგანოები, რომლებსაც გადაეცემათ ინფორმაცია, უზრუნველყოფენ მის კონფიდენციალობას თავისი სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად.

 

მუხლი 43

წინამდებარე კონვენციის შესაბამისად გაგზავნილი ან მიღებული ყველა დოკუმენტი გათავისუფლებულია ლეგალიზაციისგან ან სხვა ნებისმიერი ფორმალობისგან.

 

მუხლი 44

ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს ორგანოები, სადაც უნდა იყოს გაგზავნილი მოთხოვნები, მე-8, მე-9 და 33-ე მუხლების შესაბამისად.

 

მუხლი 45

(1)        29-ე და 44-ე მუხლებში მოხსენიებული დანიშვნების შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის მუდმივ ბიუროს.

(2)        34-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული განცხადება გადაეცემა კონვენციია დეპოზიტარს.

 

მუხლი 46

ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელშიც ბავშვისა და მისი ქონების დაცვის მიმართ გამოიყენება  სხვადასხვა სამართლებრივი სისტემა ან სამართლებრივი ნორმების ნაკრები, არ არის ვალდებული  გამოიყენოს კონვენციის  წესები ასეთი სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებს ან სამართლებრივი ნორმების ნაკრებებს შორის კოლიზიების დასარეგულირებლად.

 

მუხლი 47

ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც წინამდებარე კონვენციის სფეროში შემავალ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გამოიყენება ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემა, სამართლებრივი ნორმების ორი ან მეტი ნაკრები სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში:

(1)        ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოში ჩვეულებრივი საცხოვრებელ ადგილზე განიხილება როგორც მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულში ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს;

(2)        ნებისმიერი მითითება ბავშვის ყოფნაზე ამ სახელმწიფოში განიხილება როგორც მიკუთვნებული ყოფნასთან ტერიტორიულ ერთეულში;

(3)        ნებისმიერი მითითება ბავშვის ქონების მდებარეობაზე ამ სახელმწიფოში განიხილება როგორც მიკუთვნებული ბავშვის ქონების მდებარეობას ტერიტორიულ ერთეულში;

(4)        ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი, განიხილება როგორც ამ სახელმწიფოს სამართლით განსაზღვრული მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულს ან, სათანადო ნორმების არარსებობის შემთხვევაში, ტერიტორიულ ერთეული,  რომელთანაც ბავშვს აქვს ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირი;

(5)        ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომლის ორგანოებშიც არის განცხადება ბავშვის მშობლების განქორწინების, ცალ-ცალკე ცხოვრების ან მათი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, განიხილება როგორც მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულს, რომლის ორგანოებშიც არის ასეთი განცხადება;

(6)        ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომელთანაც ბავშვს აქვს არსებითი კავშირი, განიხილება როგორც მიკუთვნებული ტერიტორიულ ერთეულს, რომელსაც ბავშვს აქვს ასეთი კავშირი;

(7)        ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომელშიც ბავშვი გადაადგილებული ან დაკავებულია, განიხილება როგორც მიკუთვნებული შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, სადაც ბავშვი გადაადგილებული ან დაკავებულია;

(8)        ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოებისგან განსხვავებული ორგანიზაციებზე ან ორგანოებზე, განიხილება როგორც მიკუთვნებული შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ქმედების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოებს ან ორგანიზაციებს;

(9)        ნებისმიერი მითითება სამართალზე ან წარმოებაზე, ან სახელმწიფოს ორგანოზე, სადაც მიიღება რაიმე ზომა, განიხილება როგორც მიკუთვნებული სამართალს ან წარმოებას ან ტერიტორიული ერთეულის ორგანოს, სადაც მიიღება ასეთი ზომა;

(10)      ნებისმიერი მითითება სამართალზე ან წარმოებაზე, ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ორგანოზე, განიხილება როგორც მიკუთვნებული სამართალს ან წარმოებას, ან ტერიტორიული ერთეულის ორგანოს, რომელშიც შეტანილია განცხადება აღიარების ან აღსრულების შესახებ.

 

მუხლი 48

III თავის შესაბამისად გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის მიზნით იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შეიცავს ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულს, რომელთაგან ყოველს გააჩნია საკუთარი სამართლებრივი სისტემა ან სამართლებრივი ნორმების ნაკრები წინამდებარე კონვენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი წესები:

ა)         თუ ასეთ სახელმწიფოში არის მოქმედი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომელი ტერიტორიული ერთეულის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული, გამოიყენება ამ ერთეულის სამართალი;

ბ)         ასეთი წესების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სამართალი, როგორს ეს დადგენილია 47-ე მუხლში.

 

მუხლი 49

III თავის შესაბამისად გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის მიზნით იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის შემადგენლობაშია ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემა ან სამართლებრივი ნორმების ნაკრები, რომლებიც გამოიყენება პირების სხვადასხვა კატეგორიების მიმართ წინამდებარე კონვენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენება შემდეგი წესები:

ა)         თუ ასეთ სახელმწიფოში არსებობს მოქმედი წესები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომელი სამართალი გამოიეყენა, გამოიყენება ეს სამართალი;

ბ)         ასეთი წესების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ის სამართლებრივი სისტემა ან სამართლებრივი ნორმების ნაკრები, რომელთანაც ბავშვს აქვს უფრო მჭიდრო კავშირი.

 

მუხლი 50

წინამდებარე კონვენცია არ ეხება 1980 წლის 25 ოქტომბრის ბავშვების საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო-სამართლებრივი ასპექტების შესახებ კონვენციის გამოყენებას კონვენციის მონაწილე ორივე სახელმწიფოებს შორის. თუმცა, არაფერი უშლის ხელს წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებას უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან წვდომის უფლებების განხორციელების მიზნით.

 

მუხლი 51

ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში წინამდებარე კონვენცია ცვლის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც ეხება ორგანოების უფლებამოსილებასა და არასრულწლოვანთა დაცვასთან მიმართებაში გამოსაყენებელ სამართალს და 1902 წლის 12 ივნისს ჰააგაში ხელმოწერილ კონვენციას არასრულწლოვან პირებზე მზრუნველობის დარეგულირების შესახებ, ზემოხსენებული 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად მიღებული ზომების აღიარების დარღვევის გარეშე.

 

მუხლი 52

(1)        წინამდებარე კონვენცია არ ეხება არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტს, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები და რომელიც შეიცავს კონვენციის მიერ დარეგულირებული საკითხების დებულებებს, თუ ასეთი დოკუმენტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ არ არის გაკეთებული საწინააღმდეგო განცხადება სხვა რამის შესახებ.

(2)        წინამდებარე კონვენცია არ ეხება ერთი ან მეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს შესაძლებლობას დადოს წინამდებარე კონვენციით დარეგულირებული საკითხების დებულებების შემცველი შეთანხმება, ასეთი შეთანხმების რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში ჩვეულებრივ მცხოვრებ ბავშვებთან მიმართებაში.

(3)        წინამდებარე კონვენციის მიერ დასარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით ერთი ან მეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დადებული შეთანხმება არ ახდენს გავლენას ასეთი სახელმწიფოების სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებაზე.

(4)        წინამავალი პუნქტები ასევე გამოიყენება უნიფიცირებულ კანონებთან მიმართებაში, რომლებიც დაფუძნებულია რეგიონალური ან სხვა ხასიათის საგანგებო კავშირებზე შესაბამის სახელმწიფოებს შორის.

 

მუხლი 53

(1)        კონვენცია გამოიყენება ზომებთან მიმართებაში, თუ ისინი მიღებულია სახელმწიფოში კონვენციის ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შესვლის შემდეგ.

(2)        კონვენცია გამოიყენება ზომების ძალაში შესვლის შემდეგ აღიარებასთან და გამოყენებასთან მიმართებაში იმ სახელმწიფოსთვის, სადაც ასეთი ზომები იყო მიღებული და სადაც იგზავნება მოთხოვნა.

 

მუხლი 54

(1)        ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ან სხვა ორგანოში გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება უნდა იყოს შედგენილი ორიგინალის ენაზე, უნდა ერთვოდეს თარგმანი ოფიციალურ ენაზე ან სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთ-ერთ სხვა ენაზე, თუ ეს შესაძლებელია, თარგმანი ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე.

(2)        ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გამოვიდეს ფრანგული ან ინგლისური ენის გამოყენების წინააღმდეგ, თუმცა არა ორივე აღნიშნული ენის წინააღმდეგ, მე-60 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 55

(1)        მე-60 მუხლის შესაბამისად ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია:

ა)         დაუთქვას თავისი ორგანოების იურისდიქცია მიიღონ მის ტერიტორიაზე მდებარე ბავშვის ქონების დაცვაზე მიმართული ზომები;

ბ)         დათქვას უფლება არ აღიარონ მშობლის უფლება ან ზომა იმ მოცულობით, რაც არ შეესაბამება მისი ორგანოების მიერ მიღებულ ზომებს აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში.

(2)        აღნიშნული დათქმა შეიძლება შეიზღუდოს ქონების განსაზღვრული კატეგორიებით.

 

მუხლი 56

საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის გენერალური მდივანი რეგულარულად იწვევს საგანგებო კომისიას კონვენციის პრაქტიკული მოქმედების განხილვის მიზნით.

 

თავი VII. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 57

(1)        კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც იყვნენ საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის წევრები მისი მეთვრამეტე სესიის დროს.

(2)        ის ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას და დოკუმენტები რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ გადაეცემა შესანახად ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს კონვენციის დეპოზიტარს.

 

მუხლი 58

(1)        ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შეუძლია შეუერთდეს კონვენციას მისი ძალაში შესვლის შემდეგ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

(2)        დოკუმენტი მიერთების შესახებ გადაეცემა შესანახად დეპოზიტარს.

(3)        ასეთი მიერთება ძალაში შედის მხოლოდ ურთიერთობებში მიერთებულ სახელმწიფოებსა და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ განაცხადებენ უარს მის მიერთებაზე 63-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ასეთი წინააღმდეგობა შესაძლოა განაცხადონ სახელმწიფოებმა კონვენციის  რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების დროს მიერთების შემდეგ. დეპოზიტარს უნდა ეცნობოს  ნებისმიერი ასეთი წინააღმდეგობის შესახებ.

 

მუხლი 59

(1)        თუ სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, სადაც გამოიყენება სხვადასხვა სამართლებრივი სისტემა წინამდებარე კონვენციის მიერ რეგულირებად საკითხებთან მიმართებაში, ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთებისას ამ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ კონვენცია ვრცელდება მის ყველა ან მხოლოდ ერთ ან ერთზე მეტ ტერიტორიულ ერთეულზე, და შეუძლია შეცვალოს აღნიშნული განცხადება ნებისმიერ დროს სხვა განცხადების შეტანის გზით.

(2)        დეპოზიტარი აცნობებს ნებისმიერი ასეთი განცხადების შესახებ, აღნიშნულ განცხადებაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ის ტერიტორიული ერთეულები, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია.

(3)        თუ სახელმწიფო არ გააკეთებს ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებას, კონვენცია გავრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.

 

მუხლი 60

(1)        ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია არაუგვიანეს რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთებისა, ან 59-ე მუხლის საფუძველზე განცხადების გაკეთებისას, გააკეთოს ერთი და ორივე 54-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 55-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმა. არანაირი სხვა დათქმა არ არის დაშვებული.

(2)        ნებისმიერ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს მის მიერ გაკეთებული დათქმა. გაუქმების შესახებ უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.

(3)        დათქმა წყვეტს მოქმედებას წინამავალ პუნქტში მოხსენიებული შეტყობინებიდან მესამე კალენდარული თვის პირველ დღეს

 

მუხლი 61

(1)        კონვენცია ძალაში შედის 57-ე მუხლში მოხსენიებული რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ მესამე დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან სამი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ დღეს.

(2)        მომავალში კონვენცია ძალაში შევა:

ა)         ყოველი სახელმწიფოსთვის, რომელიც მოახდენს მის რატიფიცირებას, მიღებას ან დაამტკიცებს მას - რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან სამი თვის გასვლიდან შემდეგი თვის პირველ დღეს;

ბ) ყოველი სახელმწიფოსთვის, რომელიც შეუერთდება  58-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ექვსთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ სამი თვის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს;

გ) ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელზეც კონვენცია გავრცელდა 59-ე მუხლის შესაბამისად – ამ მუხლში მოხსენიებული შეტყობინებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს.

 

მუხლი 62

(1)        კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მისი დენონსირება  დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსირება შესაძლოა შეზღუდული იყოს გარკვეული ტერიტორიული ერთეულებით, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია.

(2)        დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში მითითებულია დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც დენონსაცია უნდა შევიდეს ძალაში, დენონსაცია შედის ძალაში ასეთი უფრო ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ.

 

მუხლი 63

დეპოზიტარი ატყობინებს საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის წევრ სახელმწიფოებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც შეუერთდენ კონვენციას 58-ე მუხლის შესაბამისად:

ა)         57-ე მუხლში მოხსენიებული ხელმოწერების, რატიფიცირების, მიღებისა და დამტკიცების შესახებ;

ბ)         58-ე მუხლში მოხსენიებული შეერთების და შეერთებაზე უარის შესახებ;

გ)         კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს 61-ე მუხლის შესაბამისად;

დ)        34-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 59-ე მუხლში მითითებულ განცხადებებს;

ე)         39-ე მუხლში მითითებულ შეთანხმებებს;

ვ)         54-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 55-ე მუხლში მითითებულ დათქმებს და მე-60 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ დათქმების გაუქმებას;

ზ)        62-ე მუხლში მითითებული დენონსაციების შესახებ.

 

რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერებმა, იყვნენ რა ამისათვის სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

 

შესრულებულია ჰააგაში 1996 წლის 19 ოქტომბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა, ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეცა შესანახად ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის არქივს და რომლის დამოწმებული ასლი ეგზავნება დიპლომატიური არხებით ყოველ სახელმწიფოს, რომელიც იყო მისი წევრი საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის წევრები მისი მეთვრამეტე სესიის დროს.