დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016926 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე - 4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში“ შევიდეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს დებულება ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში - დაწესებულებები) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების (შემდგომში - სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს, აკრედიტაციისა და აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგის პროცედურას.“. 2. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო
აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; 3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა; ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა; გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება; დ) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება; ე) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა; ვ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა; ზ) გადაწყვეტილების მიღება;
თ) დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.“. 4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარისის მე-3 პუნქტი:
„3. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმასა და აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშისათვის დასართავ დოკუმენტაციათა ჩამონათვალს, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის განუყოფელ ნაწილს, ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშისათვის დასართავი დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით;“. 6. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები: „3. ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 4. თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს არ წარმოუდგენს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
5. თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გასაზღვრულ ვადაში არ გამოსაწორებს ხარვეზს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სააკრედიტაციო განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე.“. 7. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებასთან.“. 8. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასებასა და ვიზიტს.“. 9. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. აკრედიტაციის ექსპერტის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 10. 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი: „მუხლი 231. აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასება 1. ცენტრი ვალდებულია აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს ამ დებულების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასებისას.“. 11. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ჩაატაროს პერსონალის, აკადემიური/მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირთა ინტერვიურება.“. 12. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. დაწესებულება ვალდებულია ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე საგანმანათლებლო პროგრამაში, სასწავლო კურსის/მოდულის სილაბუსებში და საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალში ცვლილების განხორციელების თაობაზე აცნობოს ცენტრს წერილობით და წარუდგინოს ცვლილების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.“. 13. 24-ე მუხლის მე-5- მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიურება.
6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ან/და ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, სააკრედიტაციო განაცხადით წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.“. 14. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელოვნად შეცვლა მოიცავს: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზნისა და სწავლის შედეგების შეცვლას; ბ) სავალდებულო სასწავლო კურსის/მოდულის მიზნისა და სწავლის შედეგების შეცვლას; გ) არჩევითი სასწავლო კურსის/მოდულის 50 %-ის მიზნისა და სწავლის შედეგების შეცვლას;
დ) საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, აკადემიური/ მოწვეული პერსონალის 10%-ის და მეტის შეცვლას.“. 15. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შეფასებისა და ვიზიტის შემდეგ დგება დასკვნა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.“. 16. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 3/4 -ით, 3/4 -ის არ არსებობის შემთხვევაში მიიღება საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა 3/4 -ით.“. 17. 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში შესაბამისი დარგის სხვა ექსპერტის, პროფესიული ორგანიზაციის წევრის, სფეროს სპეციალისტისა და სხვა პირთა მოწვევა.“. 18. 29-ე მუხლის მე-2- მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ვალდებულია ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით წარუდგინოს აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.
3. აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 19. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით.“. |
მუხლი 2 |
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურში“ შევიდეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.“. |
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები