მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018457
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
72
20/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
430050000.10.003.018457
მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2015 - 04/06/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს მასწავლებლის შეფასების წესი.
მუხლი 2
დაევალოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას  2015 წლის 15 ოქტომბრამდე  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის/ჯგუფების შექმნა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი 
მასწავლებლის შეფასების წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მასწავლებლის შეფასების წესის მიზანი და მოქმედების სფერო

1. მასწავლებლის შეფასების წესის (შემდგომში - წესი) მიზანია, მასწავლებლის შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე წესისა და პროცედურების განსაზღვრა.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მის მასწავლებლებზე.

3. ამ წესის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირზე - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მის მასწავლებლებზე, კერძო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის შემთხვევაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი -ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ გამოავლენს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ნებას, ვალდებულია, მის მიერ დასაქმებული მასწავლებლები შეაფასოს შეფასების იმ სისტემით, რომელიც დაეფუძნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებს.

 

მუხლი 2. მასწავლებლის შეფასების მიზანი და პრინციპები

1. მასწავლებლის შეფასების მიზანია:

ა) ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენა;

ბ) მასწავლებლის შეფასების სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა  და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის  გაძლიერების ხელშეწყობა.

2.  მასწავლებლის შეფასება  ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და შემდეგ ძირითად პრინციპებს: სამართლიანობა, ობიექტურობა, ვალიდობა, თანასწორობა, სანდოობა, გამჭვირვალობა.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე -  სქემით განსაზღვრული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენტები) ორგანიზებული კრებული;

ბ) თვითშეფასების კითხვარი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას;

გ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში - ფასილიტატორი) - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით;

დ) განმავითარებელი შეფასება - მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

ე) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული  ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა;

ვ) სქემა - მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;

ზ) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან  უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების  საფუძველზე მასწავლებელს ენიჭება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

თ) პრაქტიკოსი მასწავლებელი -  მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების  შესაბამისად;

ი) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის   სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;

კ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე  შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;

ლ) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს  წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის  პედაგოგიურ პრაქტიკას;

მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით, მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;

ნ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;

ო) გარე დაკვირვება - საკლასო დაკვირვება, რომელიც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ხორციელდება ერთხელ;

პ) სამოდელო გაკვეთილი - წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი.

 

თავი II. მასწავლებლის შეფასება

 

მუხლი 4. მასწავლებლის შეფასების მიმართულებები

მასწავლებელი ფასდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ორი მიმართულებით:

ა) მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა;

ბ) პროფესიული განვითარება.

 

მუხლი 5. მასწავლებლის შეფასების ტიპები

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:

ა) გარე შეფასება, რომელიც მოიცავს საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას;

ბ)  შიდა შეფასება, რომელიც მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებასა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას.

 

მუხლი 6. მასწავლებლის შეფასების ფორმები

მასწავლებლის შეფასება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) მასწავლებლის თვითშეფასება;

ბ) საგნის გამოცდა;

გ) გარე დაკვირვება;

დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასება.

 

მუხლი 7. მასწავლებლის თვითშეფასება

1. მასწავლებელი, საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით, ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით. მასწავლებელი ვალდებულია, შეავსოს თვითშეფასების კითხვარი.

2. თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით მასწავლებელი: 

ა) აფასებს საკუთარ საქმიანობას;

ბ) აანალიზებს საკუთარ პროფესიულ საჭიროებებს;

გ) მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევებისა და თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, პროფესიულ საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, ადგენს ინდივიდუალურ  სამოქმედო გეგმას;

დ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აანალიზებს სასწავლო წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებულ პროფესიულ საქმიანობას.

3. მასწავლებლის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსების და ასევე, მასწავლებლის მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენის ვადები განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

 

მუხლი 8. საგნის გამოცდა

1. საგნობრივი კომპეტენციების დასადასტურებლად, პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია, ჩააბაროს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის.

2. საგნის გამოცდა ტარდება წლის განმავლობაში ორჯერ, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღებში.

3. პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესი მტკიცდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების შედეგებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში.

 

მუხლი 9. გარე  დაკვირვება

1. უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვის შემოწმების მიზნით, უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი ექვემდებარება გარე დაკვირვებას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის განმავლობაში.

2. გარე დაკვირვების წესი მტკიცდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შედეგებს განათავსებს ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის.

 

მუხლი 10. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი

1. მასწავლებელს აფასებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  შედგება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის,  დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით წარდგენილი წევრისაგან. კერძო სამართლის იურიდიულ პირში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კერძო სამართლის იურიდიული პირი -  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ბრძანებით ქმნის მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს.

3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფს/ჯგუფებს ხელმძღვანელობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი.

4. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი ახორციელებს მის შეფასებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის ფორმირება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, ან აღმოჩნდება, რომ მასწავლებელთა შეფასების ჯგუფი ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული, ან სხვა მიზეზის გამო არ არის ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, დაადგინოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის  ფორმირების ამ წესისაგან განსხვავებული წესი.

6. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი:

ა) მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე;

ბ)  მასწავლებელს ანიჭებს კრედიტქულებს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების საფუძველზე;

გ)  აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს და ანიჭებს კრედიტქულებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) მასწავლებლისათვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე,  იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ.

7. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი უფლებამოსილია, განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის სხდომას ესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სამისა.

8.  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები.

 

მუხლი 11. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმები

მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასების ფორმებია:

ა) გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება (პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლისათვის);

ბ) სამოდელო გაკვეთილის შეფასება (წამყვანი/მენტორი მასწავლებლისათვის);

გ) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის).

 

მუხლი 12. გაკვეთილზე დაკვირვება და ჩატარებული გაკვეთილის შეფასება

1. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისათვის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, არანაკლებ  ორჯერ აკვირდება პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.

2. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი პრაქტიკოს/უფროს  მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს  და გონივრულ ვადაში აძლევს მას განმავითარებელ  შეფასებას წერილობითი ფორმით.

3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, პრაქტიკოსი/უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე, ანიჭებს პრაქტიკოს/უფროს მასწავლებელს კრედიტქულებს. 

 

მუხლი 13. სამოდელო გაკვეთილის შეფასება

1. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისათვის, ან მენტორის სტატუსის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, არანაკლებ  ათჯერ აკვირდება წამყვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.

2. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, მენტორის სტატუსის შენარჩუნებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში არანაკლებ  ხუთჯერ აკვირდება მენტორის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილს და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას.

3. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, წამყვანი მასწავლებლის/მენტორის მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვებების საფუძველზე, ანიჭებს მას  კრედიტქულებს.

 

მუხლი 14. მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება

1. მასწავლებელი ვალდებულია, მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში განათავსოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად/შესანარჩუნებლად აუცილებელი სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები.  

2. მასწავლებელი ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტები.

3. მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში, მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში  მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების განთავსების ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 15. მასწავლებლის შეფასების შედეგების განთავსება ელექტრონულ სისტემაში

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში.

 

მუხლი 16. იმ მასწავლებლის შეფასება, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

1. ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანს, ამ თავით დადგენილი წესით შიდა შეფასებას გადის ელექტრონულ სისტემაში მის მიერ არჩეულ ერთ-ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. ის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საგანს, ამ თავით დადგენილი წესით, შიდა შეფასებას გადის შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც მიეთითება ელექტრონულ სისტემაში.

 

თავი III. მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების გასაჩივრება

 

მუხლი 17. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა

1. მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.

 

მუხლი 18. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.

2. საპრეტენზიო კომისიას საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას დახმარებას უწევს საგნობრივი ქვეკომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საპრეტენზიო კომისიის/საგნობრივი ქვეკომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

 

მუხლი 19. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

გ) საპრეტენზიო განაცხადის სრულად დაკმაყოფილების შესახებ;

დ) მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გაუქმების/ნაწილობრივ გაუქმების შესახებ. ამ შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია მასწავლებლის შეფასების ჯგუფს ავალებს მასწავლებლის განმეორებით შეფასებასა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით წინადადების განმეორებით წარდგენას.

2. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს.

 

თავი IV. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და  შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

 

მუხლი 20. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

1. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ, ამ წესის III თავით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის  მინიჭების შესახებ;

ბ) მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის  შენარჩუნების შესახებ;

გ) მასწავლებლისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის, ან  უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის  შეწყვეტის შესახებ. 

2. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან  დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი V. მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი

 

მუხლი 21. მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, განახორციელოს მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგი.

2. მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის წესს განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე,  უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება და შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

 

მუხლი 22. ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის 90/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესი

1. ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის №90/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა) 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლები შეფასდებიან მათ პორტფოლიოში არსებული დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე.

2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლების შეფასების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს.

3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ა) განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუშაობისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს;

ბ) ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკას/რუბრიკებს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლის შეფასების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალსა და განცხადების ფორმას;

გ) განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლის მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს;

დ) განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლისათვის კრედიტქულების მინიჭების ვადებს.

4. ამ მუხლით დადგენილი წესით შეფასების საფუძველზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართულ  მასწავლებელს კრედიტქულებად უღიარდება  ამ წესის ამოქმედებამდე დაგროვებული კრედიტები.

5. მიუხედავად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებლისათვის აღიარებული კრედიტქულებისა,  მასწავლებელი ვალდებულია, განახორციელოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტების აღიარების შემდგომ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 2011-2014 წლებში ჩართული  მასწავლებელი, მასწავლებლის  სქემით განსაზღვრული სტატუსის შენარჩუნების, ან სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭების მიზნით, კრედიტქულებს დააგროვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 23. იმ მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის  შინაარსობრივი ნაწილი

პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის  შინაარსობრივი ნაწილი, თავისუფლდება ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საგნის გამოცდის ჩაბარებისაგან.

 

მუხლი 24. იმ მასწავლებლის შეფასება, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი

იმ მასწავლებელს, რომელსაც წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, უფროსი მასწავლებლის  სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლების სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის პირველი 3 წლის განმავლობაში ჩააბარებს იმ საგნის გამოცდას, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

მუხლი 25. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ვადა

1. პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია, პრაქტიკოსი მასწავლების სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის პირველი 3 წლის განმავლობაში ჩააბაროს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვერ/არ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცხადებული ვაკანსიის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებამდე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით დაიკავოს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლით გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი თანამდებობა.

 

მუხლი 26. პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარება 2015 წელს

2015 წელს საგნის გამოცდა ჩატარდება ერთხელ, პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში, გარდა მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე,  არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის.

 

მუხლი 27. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე  არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის საგნის გამოცდის ჩატარება

მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე  არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის საგნის გამოცდა ჩატარდება 2016 წელს პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში/თარიღებში.

 

მუხლი 28. სქემაში განაწილებული მასწავლებლების გარე დაკვირვება

ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა არ ვრცელდება იმ მასწავლებელზე, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა სქემაში მასწავლებლების განაწილებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 29. სქემაში განაწილებული უფროსი მასწავლებლებისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებელს, რომელიც გაივლის ამ წესით დადგენილ  გარე დაკვირვებას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

 

მუხლი 30. მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირება

1. 2015-2016 სასწავლო წელი განსაზღვრულია მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების წლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შეფასების სისტემის პილოტირების განმავლობაში მასწავლებლის შეფასების შედეგები ექვემდებარება კრედიტქულებად აღიარებას.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.