მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018460
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
75
20/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
430050000.10.003.018460
მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2015 - 24/01/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №75

2015 წლის 20 თებერვალი

ქ.თბილისი

 

მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

მუხლი 1. მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების მიზანი

მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, დამტკიცების მიზანია, მასწავლებლის დახმარება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში - სქემა) განსაზღვრული სტატუსის მინიჭებაში/შენარჩუნებაში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამატებითი საქმიანობა - არჩევითი საქმიანობა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის/ წამყვანი მასწავლებლის/ მენტორის სტატუსის მინიჭებისა და მენტორის სტატუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რაოდენობის კრედიტქულების დაგროვებაში;

ბ) პრაქტიკოსი მასწავლებელი -  მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების  შესაბამისად;

გ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის  სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;

დ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე  შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;

ე) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს  წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლების  პედაგოგიურ პრაქტიკას;

ვ) კრედიტქულა -  მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;

ზ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი.

მუხლი 3. მასწავლებლის დამატებითი საქმიანობები

1. მასწავლებლის დამატებითი საქმიანობებია:

ა) პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარი) მომხსენებლად მონაწილეობა;

ბ) სტაჟირება პროფესიული განვითარების მიზნით, რომელიც დადასტურდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენით;

გ) მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის შექმნა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა);

დ) მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი შემდეგი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა:

დ.ა) სტატია (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა);

დ.ბ) მეთოდური ლიტერატურა (გარდა წამყვანი მასწავლებლისა და მენტორისა);

დ.გ) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;

ე) სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია (მხოლოდ უფროსი მასწავლებლისათვის);

ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ-მოდულის ავტორობა. სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული  ტრენინგის აკრედიტებული  ტრენინგ-მოდულის ავტორობა;

ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით, მასწავლებლის თვითშეფასების საფუძველზე, მასწავლებლის მიერ ზოგადსაგან­მანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ორგანიზებული  ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტებული ტრენინგის  გავლა;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა.

2. მასწავლებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დამატებითი საქმიანობებისათვის გათვალისწინებული კრედიტქულების რაოდენობის ფარგლებში, განსახორციელებლად ირჩევს ერთ ან რამდენიმე დამატებით საქმიანობას.

3. პრაქტიკოს მასწავლებელს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში განხორციელებული დამატებითი საქმიანობების შესაბამისი კრედიტქულები უღიარდება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შემდგომ.

მუხლი 4. გარდამავალი დებულებები

1. სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელსაც ამ დადგენილების ძალაში შესვლის დროისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა და რომელიც არ ყოფილა ჩართული „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 მაისის #90/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში (შემდგომში - მოქმედი მასწავლებელი) კრედიტქულებად უღიარდება მის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული შემდეგი დამატებითი საქმიანობები:

ა) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ საგანში (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელსაც ასწავლის მოქმედი მასწავლებელი (2 კრედიტქულა). მასწავლებელს, რომელიც არ ასწავლის იმ საგანს (რომელიც არ იქნა გამოყენებული სქემაში მასწავლებლის განაწილებისას), რომელშიც ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, კრედიტქულებად უღიარდება მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის სტატუსისათვის გათვალისწინებულ ვადაში დაიწყებს შესაბამისი საგნის სწავლებას;

ბ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის  გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარება (1 კრედიტქულა);

გ)  იმ საგანში, რომელსაც ასწავლის მოქმედი მასწავლებელი ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, სხვა გამოცდის წარმატებით ჩაბარება (2 კრედიტქულა).  მასწავლებელს, რომელიც არ ასწავლის იმ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა გამოცდა, კრედიტქულებად უღიარდება აღნიშნული გამოცდის ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განმავლობაში დაიწყებს შესაბამისი საგნის სწავლებას.

2. მოქმედი მასწავლებლის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული  დამატებითი საქმიანობების კრედიტქულებად აღიარების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით,  ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს.

3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ა) განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მუშაობისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს;

ბ) ამტკიცებს მოქმედი მასწავლებლის მიერ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე განხორციელებული  დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკას/რუბრიკებს, მოქმედი მასწავლებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალსა და განცხადების ფორმას;

გ) განსაზღვრავს მოქმედი მასწავლებლის  მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადებს;

დ) განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მიერ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვისა და მოქმედი  მასწავლებლისათვის კრედიტქულების მინიჭების ვადებს.

4. მიუხედავად ამ მუხლით დადგენილი წესით მოქმედი  მასწავლებლისათვის აღიარებული კრედიტქულებისა,  მასწავლებელი ვალდებულია, განახორციელოს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული აღიარების შემდგომ, მოქმედი მასწავლებელი, მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნების ან მომდევნო სტატუსის მინიჭების მიზნით, კრედიტქულებს დააგროვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.