სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.018452
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
67
19/02/2015
ვებგვერდი, 20/02/2015
340170000.10.003.018452
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/02/2015 - 03/04/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №67

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

მუხლი 1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსების წყარო

1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის განსახორციელებლად, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი.

3. შესაძლებელია, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

 

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყოფის პროცედურა და პრინციპები

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობისა), ახორციელებს თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას.

2. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გაანგარიშებას ახდენს შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის - 4 000 ლარი;

ბ) 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის - 5 000 ლარი;

გ) 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის - 8 000 ლარი;

დ) 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის – 12 000 ლარი.

3. სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამ პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ნაშთს ანაწილებს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებელი იანგარიშება დასახლების მოსახლეობის რაოდენობისა და 11, 9147117 კოეფიციენტის ნამრავლით.

4. სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტების მიხედვით, გამოსაყოფი თანხის რაოდენობა და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

6. საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დასახლებების მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ანაწილებს შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილ თანხას.

7. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხა ან მისი ნაწილი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კონკრეტული სოფლის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამგებლის წარმომადგენლის (შემდგომში - წარმომადგენელი) ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

9. კონკრეტულ სოფელთან მიმართებაში თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დგინდება ამ პროგრამის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ, მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, ხოლო, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ამავე პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.

10. წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი ორგანიზებას უწევს სოფლის მოსახლეობის კრების გამართვას, აწყობს საჯარო განხილვას და სოფლის მოსახლეობის კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფლისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას, რაც აისახება სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში.

11. სოფლის მოსახლეობის კრების ოქმს წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს.

12. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამზადებს ინფორმაციას, დასახლებების მიხედვით, შესაბამისი პროექტების დასახელებებისა და თითოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის შესახებ, რომელსაც უთანხმებს სამინისტროს.

13. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წინადადებით, ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებულ ინფორმაციაში ცვლილება ხორციელდება სამინისტროს თანხმობით, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით.

14. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროექტი შეთანხმებულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-12  და მე-13 პუნქტების შესაბამისად, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით.

 

მუხლი 3. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა

1. პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას ან/და კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან/და გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას.

2. ღონისძიება, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, აგრეთვე, მიზანშეწონილია, აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს:

ა) განსახორციელებელი პროგრამ(ებ)ის დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე;

ბ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან/და მომსახურება მიმართული უნდა იყოს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალური, ყოფითი ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

გ) სამუშაოთა შესასრულებლად, მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოფლების) მოსახლეობა.

3. საერთო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია, რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები და სხვა) გადასაწყვეტად.

 

მუხლი 4. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურა

1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნტით გათვალისწინებული თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების შესაბამისად.

3. 2012-2014 წლებში, შესაბამისი წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში დარჩენილი თანხა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ისათვის, ამ პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 5. პროგრამის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი

1. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო.

2. სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას ორჯერ - არა უგვიანეს 2015 წლის 20 ივლისისა და 2015 წლის 31 დეკემბრისა.