საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018605
167
11/02/2015
ვებგვერდი, 20/02/2015
000000000.00.003.018605
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №167

2015 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

  1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია“.

  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2012-2022 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №566 განკარგულება.

 პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

201 5 წელი

ტექსტში გამოყენებულ შემოკლებათა განმარტებები

 

 

 

 

DCFTA

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება

FAO(Food and Agriculture Organization)

 

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

GIS (Geographic Information System)

 

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა

Global Gap (Independent certification system for Good Agricultural Practice (G.A.P.)

 

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების სტანდარტი

GSP (Generalized System of Preferences)

 

პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა

HACCP (Hazard Analysis & Critical Control Points)

ნედლეულის წარმოებიდან/შესყიდვიდან დაწყებული და პროდუქციის წარმოებით/ დისტრიბუციითა და მოხმარებით დამთავრებული, ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების ანალიზისა და კონტროლის მეშვეობით სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მართვის სისტემა

 

IPPC (International Plant Protection Convention)

მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია

ISO (International Organization for Standardization)

 

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

LPIS (Land Parcel Identification System)

 

მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის სისტემა

 

 

OIE (Office International des Epizooties)

 

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

 

 

WTO (World Trade Organization)

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია

 

FDI ( Foreign Direct Investment )

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

 

EPPO

 

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია

 

ტერმინთა განმარტებები

 

ტერმინი

 

განმარტება

 

1

აგრობიომრავალფეროვნება

აგრარულ სფეროში ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნება.

2

ადგილწარმოშობის დასახელება

გეოგრაფიული ადგილის, მუნიციპალიტეტის, რეგიონის, გამონაკლის შემთხვევაში,

ქვეყნის (შემდგომში-გეოგრაფიული ადგილი) თანამედროვე ან ისტორიული სახელი

გამოყენებული იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული

ადგილიდან; ბ) რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად

განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის

ფაქტორით; გ) რომლის წარმოება, ნედლეულის დამზადება და დამუშავება ხდება

ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

3

აკრედიტებული ლაბორატორია

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჯარო სამართლის

იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის

ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის

სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

4

ბიზნესოპერატორი

პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის,

ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის,

აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას,

აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და

რომელიც პასუხისმგებელია, თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს

კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

5

ბიოწარმოება

მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენებით,

რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას,

გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით

დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების,

ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე,

რაც დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით.

6

გენეტიკური ბანკი

შემდგომი წარმოებისათვის ვარგისი მცენარეებისა და ცხოველების

სათესლე მასალის, ღრმად გაყინული ქსოვილების, სასქესო და სომატური უჯრედების საცავი.

7

გეოგრაფიული აღნიშვნა

სპეციფიკური ადგილის, რეგიონის ან ქვეყნის სახელი, რომელიც გამოიყენება

იქ წარმოებული ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და

თვისებები განპირობებულია იმ ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით.

8

დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა

დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული სისტემის (დზეის) მიზანია ადამიანისა და

ცხოველის დაავადებების მონიტორინგისა და პრევენციის გაძლიერება „ერთიანი ჯანდაცვის" კონცეფციის ფარგლებში.

დზეის-ის მეშვეობით ხდება დაავადებების შემთხვევისა თუ აქტიური ზედამხედველობის კამპანიების, ნიმუშების აღების,

ლაბორატორიული კვლევების შეტყობინებების დახურულ და საიმედო ერთიან მონაცემთა ბაზაში შეტანა და შემდგომ მათი ანალიზი.

9

დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლი

სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების ჯაჭვი ქმნის ყველა იმ ღონისძიების ერთობლიობას,

რომლებიც დამატებულ

ღირებულებას სძენს პროდუქტს წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე. დამატებული ღირებულება

შეიძლება მოიცავდეს გადამუშავებას, შეფუთვას, შენახვას, ტრანსპორტირებას და დისტრიბუციას.

10

დამშრობი სისტემა

ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ფართობიდან

ჭარბი წყლების მოცილებას.

11

ენდემური სახეობა

მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, რომლებსაც ახასიათებთ

ერთ გარკვეულ ტერიტორიაზე გავრცელება.

12

ეპიდემიოლოგია

 

მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მოსახლეობის ჯგუფებში დაავადების გავრცელების მახასიათებლებს და გავრცელების განმაპირობებელ ფაქტორებს სტატისტიკურ მეთოდებზე დაყრდნობით.

 

13

ეპიზოოტია

დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება.

14

სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია

სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია წარმოადგენს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც მოიცავს ფერმერთათვის შესაბამისი კონსულტაციებისა და ინფორმაციის მიწოდებას, რაც გამიზნულია მათი წარმოების, მოცულობისა და კონკურენტუნარიანობის, ასევე მათი ცხოვრების საერთო დონის ამაღლებისთვის.

15

ვალიდაცია

მიზანთან შესაბამისობის დადასტურება.

16

ვეტერინარია

საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.

17

ვეტერინარული კეთილსაიმედოობა

განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაავადებების არარსებობა.

18

ვეტერინარული სერტიფიკატი

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

19

ზოონოზური დაავადება

ისეთი ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაედება.

20

თესლბრუნვა

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონაცვლეობა გარკვეულ ტერიტორიაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში.

21

ინვაზიური დაავადებები

პარაზიტული ორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები.

22

ინსპექტირება

სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად.

23

კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა

სასოფლო-სამეურნეო წარმოების პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს, ეკონომიკურ და სოციალურ მდგრადობას.

24

კრიზისული მდგომარეობა

ბუნებრივად ან ადამიანის მიერ გამოწვეული მოულოდნელი და სახიფათო მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს, ინფრასტრუქტურას, გარემოს და დროულ რეაგირებას მოითხოვს.

25

მაღალმთიანი რეგიონი

გეოგრაფიული არეალი, რომ­ელიც შეესაბამებამაღალმთიანი რეგიონების სოცი­­ლურ-ეკ­ონომიკური და კულტურული განვითარების შესახებსაქარ­თვე­ლოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიანი რეგიონის ცნე­ბას.

26

მიკვლევადობა

სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის,მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

27

მიწის კადასტრი

მიწის ნაკვეთების შესახებ გრაფიკული (რუკები, გეგმები) და ტექსტური ინფორმაციის კრებული, რომელიც ასახავს ნაკვეთის გეოგრაფიულ მდებარეობას, ფართობს, იურიდიულ სტატუსს (მესაკუთრე/მოსარგებლე, სარგებლობის ფორმა, შეზღუდვები), მფლობელთა ვინაობას, მიწის დანიშნულებას, კატეგორიას, მიწათსარგებლობისა და ნიადაგის ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ მონაცემებს.

28

ნიადაგის ნაყოფიერება

ნიადაგის პროდუქტიულობის განმსაზღვრელი თვისება და მისი უნარი დააკმაყოფილოს მცენარეთა მოთხოვნილება მთელი ვეგეტაციის პერიოდში ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო ფაქტორებით – წყლით, ჰაერით, სითბოთი და საკვები ელემენტებით.

29

პესტიციდები

ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის.

30

პირველადი წარმოება

პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას.

31

რისკი

საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის ალბათობა და სიმძიმე.

32

სალიზინგო კომპანია

საწარმო, რომლის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთობლივი შემოსავლის არანაკლებ 70%-ია.

33

სამელიორაციო სისტემა

სარწყავი, დამშრობი, ორმხრივი რეგულირებისურთიერთდაკავშირებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარისათვის ნიადაგში წყლის, აერაციის, სითბური ოპტიმალური რეჟიმის შექმნას და ნაყოფიერების ამაღლებას.

34

სამელიორაციო ღონისძიებები

სამელიორაციო სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების

დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია, საძოვრების გაწყლოვანება,

სატყეო მელიორაციის, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური,

ნიადაგდაცვითი და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება, მათი მეცნიერული და საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფა.

35

სანაშენე საქმიანობა

ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია უმაღლესი პროდუქტიულობისა

და სასარგებლო სამეურნეო ნიშან-თვისებების შთამომავლობისათვის გადაცემის

მაქსიმალური უნარის მქონე ცხოველების მიღება.

36

სარწყავი სისტემა

ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც წყლის მოთხოვნილების

მიხედვით უზრუნველყოფს წყლის დაგროვებას, მიღებას, ტრანსპორტირებას და ფართობში განაწილებას.

37

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივის სტატუსისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

საქართველოს კანონის შესაბამისად.

38

სასურსათო უსაფრთხოების ადრეული გაფრთხილების სისტემა

ტექნიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, რომელიც შეიქმნა

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

39

სეროლოგია

 

მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ბიოლოგიური სითხეების

(მათ შორის, სისხლის შრატის) ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს.

40

სოფლის განვითარება

სოფლის განვითარების პოლიტიკა არის ურთიერთდაკავშირებული

ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის

განვითარების წინაშე მდგარი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი

და სოციალური პრობლემების გადაჭრას, მათ შორის სოფლის მეურნეობის

პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ამ პოლიტიკის მიზანია ბუნებრივი რესურსების მართვის მდგრადობასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ასავე სასოფლო ეკონომიკისა და თემების დაბალანსებული ტერიტორიული განვითარების მიღწევა, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება.

 

41

ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა

მავნე ორგანიზმების არარსებობა.

42

ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია

ცხოველისათვის ან/და ცხოველთა ჯგუფისათვის ინდივიდუალური

საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მისი ნიშანდება და ერთიან რეესტრში შეტანა.

43

ჯიშთა გამოცდა

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთნაირ ბუნებრივ და სამეურნეო

პირობებში ჯიშების ბიოლოგიური, ზოოტექნიკური და ეკონომიკური შედარებითი შეფასება.

44

ნატურალური მეურნეობა

სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ორიენტირებულია

ოჯახის წევრთა პირადი სასურსათო მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.

 

 

შესავალი

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი, რაც საქართველოს მთავრობის, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძირითადი ვალდებულებაა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, მოსალოდნელია მსოფლიოს მოსახლეობის მკვეთრი ზრდა, რომელიც დღეს არსებული 7 მილიარდიდან 9 მილიარდს მიაღწევს. ამასთანავე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან ერთად, დამატებით გამოწვევებს ქმნის მოსახლეობის ადეკვატური რაოდენობისა და ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს პრობლემები ამჟამად მიმდინარე გლობალური საფინანსო და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მწვავდება.

ცხადია, საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, არსებული პროცესების მიღმა ვერ დარჩება. ეკონომიკის ტრანსფორმაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას სიღარიბის, მათ შორის, მოსახელობის სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა. აქედან გამომდინარე, უახლოესი წლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის განვითარების იმგვარი მოდელის შემუშავება, რომელიც მოსახლეობას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სურსათით დააკმაყოფილებს. ასევე, ხელს შეუწყობს კონკურენტული უპირატესობის მქონე პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს, ძირითადი საშუალოვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს, საქართველოს ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებათა, დონორი ორგანიზაციების, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO), ევროპის სამეზობლო პროგრამის – სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისათვის (ENPARD) ძალისხმევას, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

1. ხედვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

2. არსებული მდგომარეობა და ტენდენციები

საქართველოს სოფლის მეურნეობას მდიდარი ტრადიციები გააჩნია, რაც ქვეყნის ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ამ ერთობლიობამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43.4 % (ანუ 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი) ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რომლებიც ასევე მოიცავს საძოვრებს და მდელოებს. დანარჩენი ფართობის 43% დაფარულია ტყის საფარით. ქვეყანაში ეკოლოგიური და კლიმატური ზონების დიდი ნაირსახეობაა, რაც ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ეს კულტურები მოიცავს: მარცვლეულს, საადრეო და საგვიანო ბოსტნეულს, ბაღჩეულს, კარტოფილს, ტექნიკურ კულტურებს, ყურძენს, სუბტროპიკულ კულტურებს, ხილის ნაირსახეობას და სხვ.

კლიმატური ზონების გათვალისწინებით, საქართველოს ბიოსფერო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია 12 განსხვავებული ზონისა და 49 სხვადასხვა ნიადაგის არსებობით. ბევრი ენდემური სახეობა მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარების შესანიშნავი წყაროა. ქვეყანა ასევე მდიდარია, როგორც საირიგაციო, ისე სასმელი წყლის რესურსებით.

ასეთ მრავალფეროვნებას ხშირად თან ახლავს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, აქტიური ეროზიული ცვლილებები და ზოგიერთ რეგიონში უხვნალექიანობა , რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის სამეურნეო წარმოებას.

არსებული მდგომარეობა საჭიროებს ადეკვატური ღონისძიებების გატარებას. საქართველოს, გეოგრაფიული რელიეფიდან გამომდინარე, ვერტიკალური ზონალობა ახასიათებს. სახნავ-სათესი მიწების მხოლოდ 39%-ია განლაგებული ზღვის დონიდან 500 მეტრ სიმაღლეზე, 29% – 500-1000 მეტრ სიმაღლეზე, 21% – 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე და 11% – 1500 მეტრზე ზემოთ.

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების არსებობის მიუხედავად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დარგის განვითარების ტემპი საგრძნობლად ჩამორჩებოდა ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების ტემპებს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ წლებში განვითარებული მოვლენების გამო, რამდენჯერმე შემცირდა ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ნათესი და ნარგავი ფართობები, პირუტყვის სულადობა (ცხრილი 1).

ცხრილი 1: ნათესი ფართობი, პირუტყვის სულადობა და სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 1990-2013*[1]

                  

 

წელი

 

ნათესი ფართობი

(ჰა)

მსხვილფეხა

რქოსანი პირუტყვი

(სული)

 

ღორი

(სული)

ცხვარი და

თხა

(სული)

სოფლის მეურნეობის

წილი მთლიან შიდა

პროდუქტში

1990

701,900

1,298,300

880,200

1,618,100

29.7%

1995

453,100

944,100

352,600

724,800

41.7%

2000

610,800

1,177,400

443,400

627,600

20.2%

2005

539,600

1,190,600

455,300

815,300

16.8%

2006

330,200

1,080,300

343,500

789,200

11.2%

2007

297,200

1,048,500

109,900

797,100

10.7%

2008

329,300

1,045,500

86,400

769,400

9.4%

2009

289,700

1,014,700

135,200

673,800

9.4%

2010

256,700

1,049,400

110,100

653,900

8.4%

2011

262,400

1,087,600

105,100

630,400

8.8%

2012

259,600

1,128,800

204,300

742,600

8.4%

2013

310,700

1,229,700

191,200

856,800

9.4%

 

* სოფლის მეურნეობა შედგება პირველადი წარმოებისგან, მეტყევეობისა და მეთევზეობისგან

წყარო: საქსტატი

 

 

 

 

უკანასკნელ პერიოდში, ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის ღირებულებამ ერთ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმპორტის ზრდის პარალელურად ჩამოყალიბდა ადგილობრივი წარმოების შემცირების ნეგატიური ტენდენცია. შემცირდა თითქმის ყველა სახის პროდუქციის საკუთარი წარმოებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები, რამაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით დამაფიქრებელია გაეროსა და მსოფლიო ბანკის პროგნოზის ფონზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარე საუკუნის 40-50-იან წლებში მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი.

არსებული გამოწვევები განვითარებულ ქვეყნებს აიძულებს, სერიოზულად გადახედონ თავიანთ აგრარულ პოლიტიკას, ხოლო იმპორტდამოკიდებული ქვეყნები, თუ ადეკვატურ ღონისძიებეს არ მიმართავენ, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

ცხრილი 2.

 


 

პროდუქტი

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე (კილოგრამებში)

ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, 2013 წელი

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

% ცვლილება 2013 წელს 2007 წელთან შედარებით

ხორბალი

17

18

12

11

22

18

18

6%

12%

სიმინდი

68

75

66

32

60

59

81

19%

96%

კარტოფილი

52

44

49

51

61

56

66

27%

100%

ბოსტნეული

43

38

37

39

41

44

46

7%

75%

ხორცი

17

13

12

13

11

9

11

-35%

39%

რძე

142

147

126

132

130

131

135

-5%

91%

 

წყარო: საქსტატი

1990-იან წლებში აგროსამრეწველო საწარმოების უმრავლესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა. მათი დანადგარ-მოწყობილობები ჯართად გაიყიდა, შენობა-ნაგებობები დაიშალა, კვალიფიციური მუშები და სპეციალისტები გაიფანტნენ.

არასწორი აგრარული პოლიტიკის გამო, განადგურდა აგრარული მეცნიერება, დეგრადაცია განიცადა უმაღლესმა და საშუალო სპეციალურმა სასწავლებლებმა, განადგურდა სასწავლო-საცდელი მეურნეობები, ლაბორატორიები, თემატური მუზეუმები.

ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში (1992 წ.) განხორციელებულმა მიწის რეფორმამ გამოიწვია მეურნეობების დანაწევრება და წარმოების ნატურალიზაცია. 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, 0.1-დან 1 ჰექტრამდე მიწას ფლობდა მიწათმოსარგებლეთა 66.9%, 1-დან 5 ჰექტრამდე ფართობს – 23.3%, ხოლო 50 -500 ჰექტარზე მეტს – მხოლოდ 0,15% (ცხრილი 3). პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მეურნეობების კუთვნილი 1 ჰექტარი მიწა საშუალოდ წარმოდგენილია 2-3 ნაკვეთად. ცხადია, ასეთ პირობებში ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზება მიწების კონსოლიდაციის გარეშე შეუძლებელია, რაშიც ახლო მომავალში სერიოზული როლი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა უნდა შეასრულონ.

ცხრილი 3. საქართველოში არსებული სასოფლო მეურნეობების რაოდენობა და ფართობი

 მეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი(ჰა)

მეურნეობათა რაოდენობა

%

<0,1

57,019

8.24

0.1–1

462,340

66.85

1–5

160,993

23.28

5–50

10,112

1.46

50–500

1,041

0.15

>500

72

0.01

ჯამი:

691,577

100.0

წყარო: საქსტატი, 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა

 

 

 

ამჟამად, სახნავი მიწის დიდი ნაწილი პრივატიზებულია, მაგრამ კომერციული სასოფლო-სამეურნეო ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელი საკითხი – მიწის პირველადი რეგისტრაცია, კვლავაც პრობლემად რჩება. იმისათვის, რომ ეფექტიანად განხორციელდეს მიწის მართვის პოლიტიკა, საჭიროა გაიმიჯნოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებული მიწები. მიწაზე საკუთრების უფლების მისაღებად აუცილებელია მისი რეგისტრაცია.

ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო საკუთრების საძოვრების რაციონალურ გამოყენებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი განსაზღვრული არ არის. შედეგად, წარმოიქმნება მართვის პრობლემები, რაც, თავის მხრივ, იწვევს ისეთ უარყოფით შედეგებს, როგორებიცაა დაბალი წველადობა და მცირე წონამატი. საერთო საკუთრებაში მყოფი საძოვრები ინვაზიურ დაავადებათა კონტროლის პრობლემასაც ამწვავებს.

ქვეყანაში არსებული მიწის კადასტრის სისტემა მოიცავს მხოლოდ გეოგრაფიულ და იურიდიულ, უფლებრივ მხარეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის დაახლოებით 20-30%-ია რეგისტრირებული. საქართველოში მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, 2004 წლიდან, არ გაკეთებულა მიწის ბალანსი, აგრეთვე მხედველობაში მისაღებია მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის შემთხვევები და შედეგად, უცნობია როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი და მათი განაწილება, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ზუსტი ფართობი, რაც, თავის მხრივ, ართულებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას. აუცილებელია სრულფასოვანი მიწის კადასტრის სისტემის შექმნა და მიწათსარგებლობის თანამედროვე ელექტრონული სისტემის დანერგვა-გავრცელება.

თანამედროვე ტექნოლოგიების, კაპიტალისა და საბაზისო ცოდნის ნაკლებობამ დროთა განმავლობაში მიწის ნაყოფიერების შემცირება გამოიწვია. არსებული საირიგაციო და სადრენაჟო სისტემები სერიოზულ რეკონსტრუქციას მოითხოვს, რის გამოც ფერმერთა[2] მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა ახერხებს მიწის ან წყლის რესურსების, ნედლეულის (მომსახურების) მიწოდების, მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტიან მართვას, ან სოფლის მეურნეობის ნებისმიერი სახის მხარდამჭერი მომსახურებით სარგებლობას.

პრობლემები რჩება მიწის ყიდვა-გაყიდვის, შესაბამის ტექნოლოგიებთან წვდომის, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის, მასალებისა და მომსახურების სფეროებში (მანქანა-იარაღები, დანადგარები, სასუქები, პესტიციდები, თესლი/სარგავი მასალა, ირიგაცია, დრენაჟი, ხელოვნური განაყოფიერება, საკვები). მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამების განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბანკო სექტორის სასოფლო-სამეურნეო პორტფელი, კვლავაც ცოტას მიუწვდება ხელი იაფ ფულად რესურსებზე.

ამჟამად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად ითვლება ქვეყნის დასაქმებული სამუშაო ძალის 52%, საიდანაც 98% თვითდასაქმებულია.[3] აქედან გამომდინარე, უახლოეს წლებში მნიშვნელოვანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო პროფილის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება, საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის, მათ შორის, აგროტურიზმის ხელშეწყობა.

სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი ვითარება მნიშვნელოვნად მოქმედებს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2013 წელს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულის საშუალო ხელფასი დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მხოლოდ 64%-ს შეადგენს. ამავე დროს, ქალაქად და სოფლად მცხოვრებთა შემოსავლებს შორის სხვაობა საგრძნობლად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები დაბალია. ბოლო წლების განმავლობაში მთლიან შემოსავალში იზრდება დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლის წილი, თუმცა მისი აბსოლუტური მნიშვნელობა მცირეა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის წილი 2013 წლისათვის მხოლოდ 11.6%-ია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კომერციული მეურნეობები სუსტადაა განვითარებული. არსებულ მწარმოებელთა უდიდესი ნაწილი ეგრეთ წოდებული ნატურალური მეურნეობის ტიპისაა და პროდუქტს ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს.[4]

აღსანიშნავია, რომ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში იზრდება ხანდაზმულთა პროცენტული წილი, რაც ართულებს დემოგრაფიულ ვითარებას სოფლად. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი გრძელვადიანი პოლიტიკის გარეშე (რაშიც ახალგაზრდობის დასაქმების სტიმულირებაც მოიაზრება), წარმოების არსებული დონის შენარჩუნება, შემდგომი ზრდა და კონკურენტულობის ამაღლება გართულდება.

სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სტიქიური მოვლენების მიმართ ერთ-ერთ სენსიტიურ დარგს და მისი განვითარება სტიქიური პროცესების შედეგებზეა დამოკიდებული. საქართველოში გავრცელებული ძირითადი სტიქიური მოვლენები (მიწისძვრები, წყალდიდობა-წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი, ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავები, სეტყვა, თავსხმა წვიმები, ძლიერი ქარები, გვალვა და სხვ.) აზარალებს სასოფლო სამეურნეო-სავარგულებს და შესაბამისად, მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ არსებული რისკებიდან გამომდინარე, აუცილებელია დროსა და სივრცეში დეტალიზირებული სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და მრავალწლიური სპეციფიური მონაცემების მომზადება და მიწოდება.

2012 წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორი არ განიხილებოდა პრიორიტეტულად (თუმცა დეკლარირება ხდებოდა) და შესაბამისად, ამ სექტორისთვის გაწეული საბიუჯეტო ხარჯები ცვალებადი იყო. 2010 წელს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაწეული ხარჯების აბსოლუტური მინიმუმი დაფიქსირდა. მათი წილი ბიუჯეტის საერთო ხარჯებში მხოლოდ 0,44%-ს შეადგენდა (ცხრილი 4). 2007-2010 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან ძირითადად სოციალურად დაუცველ ფენებზე ორიენტირებული პროგრამებისთვის გამოიყოფოდა თანხა, რაც მოსახლეობის ფქვილით, სურსათითა და საწვავით ნაწილობრივ უზრუნველყოფას ხმარდებოდა.

2000-2007 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში თანამშრომლების რაოდენობა 87%-ით[5] შემცირდა, რითაც შეიზღუდა ამ უწყების უფლებამოსილება განეხორციელებინა კანონით დადგენილი ძირითადი მოვალეობები. გაუქმდა 19 მარეგულირებელი და საინსპექციო უწყება და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური სამსახურები.

 

ცხრილი 4. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების დინამიკა (მილიონი ლარი)

 

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

 

2014

 

2015[1]

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ათვისებული თანხა

41.4

59.2

65.5

70.9

75.2

30.6

57.8

228.4

227.4

263.5

 

 

 

 

 

292,9

მთელი საბიუჯეტო ასიგნებები

2,618.6

3,822.5

5,237.1

6,758.8

6,754.1

6,972.4

7,459.2

7,806.8

8,104.2

9080.0

 

 

9575.0

%

1.6%

1.5%

1.3%

1.0%

1.1%

0.4%

0.8%

2.9%

2.8%

2.9%

3.1%

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

 

 

2012 წელს არჩევნების გზით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი. საქართველოში სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტულ დარგად, რამდენიმეჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამელიორაციო სამუშაოებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენასა და მის გამოყენებას, მცირემიწიანი ფერმერების დახმარების პროგრამის განხორციელებას, პირუტყვის დაავადებებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას, თანხების გამოყოფას ისეთი ლაბორატორიების შესაძენად, რომელთა ტექნიკური აღჭურვილობაც საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციას.

2013-2014 წლების განმავლობაში მთავრობის ძალისხმევისა და კერძო სექტორის, ასევე, დონორი ორგანიზაციების აქტიური თანამშრომლობის შედეგად შეინიშნება გარკვეული პოზიტიური ტენდენციები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მიმდინარეობს მთელი რიგი ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში, პოზიტიურ გავლენას მოახდენენ სექტორის მდგრად განვითარებაზე.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ’’, რომლის თანახმადაც, შეიქმნა სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებას, მათ მფლობელობაში არსებული მიწების დამუშავებასა და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვას.

სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა ა(ა)იპ „პროექტების მართვის სააგენტო“, მისი საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება საბანკო სექტორის მიერ.

ჩამოყალიბდა სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობისა და სურსათის წარმოების განვითარების, მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა, მცენარეთა ჯიშების გამოცდისა და სასელექციო სადგურების აღდგენა, ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობა, თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავება, ახალი ტექნოლოგიების გავრცელება, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფა, ბიომეთოდების შემუშავება და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია და სხვ.

2013-2014 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მიწის დამუშავებული ფართობები, რაც შესაბამისი მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელებით იყო განპირობებული, მაგრამ, თუ ასეთ სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს ხანგრძლივ პერიოდში კერძო სექტორის ინიციატივა არ ჩაანაცვლებს, მიღწეული შედეგების შენარჩუნება გართულდება.

2014 წლიდან დაიწყო ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ვენახების კადასტრის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ვენახების სრული აღრიცხვა და რეგისტრაცია ნაკვეთების მიხედვით. კადასტრის მონაცემები განთავსდება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში. საკადასტრო აზომვითი სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონში. ანალოგიური სამუშაოები გრძელდება კახეთის და საქართველოს მევენახეობის სხვა რეგიონებში. ვენახების კადასტრის მონაცემები გამოყენებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მონიტორინგისა და მევენახეობის ზონებისა და ქვეზონების საზღვრების დასაზუსტებლად.

2013 წელს დაწყებული სისტემური ღონისძიებების შედეგად, რაც არსებული საგარეო ბაზრების დივერსიფიკაციას და ახალი ბაზრების მოძიების ღონისძიებებს გულისხმობს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნიდან ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა და ასორტიმენტი. კერძოდ, 2000 წელს ექსპორტის ღირებულებამ 184 მლნ ლარი (93 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო 2013 წელს – 1317.5 მლნ ლარი (775 მლნ აშშ დოლარი). მნიშვნელოვნად გაიზარდა თხილის, სპირტიანი სასმელების, ღვინის, მინერალური წყლების, ციტრუსისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი.[1] შესაბამისი ღონისძიებების თანმიმდევრულად გატარების შემთხვევაში, ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველო არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წევრი და წევრ ქვეყნებთან სარგებლობს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით. ასევე, სარგებლობს პრეფერენციათა განზოგადებული (GSP) სისტემით აშშ-სთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და იაპონიასთან. საქართველოს თურქეთსა და უკრაინასთან თავისუფალი, ხოლო დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან შეღავათიანი ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ევროკავშირთან მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული რეჟიმი (DCFTA), რაც გულისხმობს საქართველოდან ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თავისუფალ შეღწევას ევროკავშირის ბაზარზე.

მთელი რიგი დადებითი ტენდენციების მიუხედავად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შემაფერხებელი საკითხები გადაუდებელ გადაჭრას მოითხოვს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეიმუშავებს არა მხოლოდ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდის შემაფერხებელი პრობლემების გადაუდებელი დაძლევის მოკლევადიან ღონისძიებათა გეგმას, არამედ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიასაც, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, ასევე, სიღარიბის შემცირების ტენდენციას. აგრობიზნესმა უფრო მეტი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის თვალსაზრისით.

3. მთავარი სტრატეგიული მიმართულებები და ღონისძიებები

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვის განსახორციელებლად განსაზღვრულია 7 ძირითადი მიმართულება და შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა მიხედვით, შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მათი განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წყაროების მითითებით.

სტრატეგიული მიმართულება 3.1: აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება

ღონისძიება 3.1.1 – ფერმერთა ცოდნის ამაღლება და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების გაწევა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ფერმერებისა და სოფლად დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების ამაღლება, რათა გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა.

ამჟამად, ფერმერების უმეტესობა ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს. მათთვის ხელმიუწვდომელია ინფორმაცია თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც გააუმჯობესებენ ფერმერებთან კომუნიკაციას, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და უზრუნველყოფენ შესაბამის მომსახურებას. სამუშაო პროცესისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად, მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ფერმერებისა და დაინტერესებული პირების საჭიროებებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სოფლის მეურნეობის განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად აგრარულ სექტორში დასაქმებულ პირთა ექსტენცია განისაზღვრა. ცენტრი, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამეცნიერო კვლევებსა და საქართველოს რეალობაზე მორგებულ საინფორმაციო/საექსტენციო პაკეტებს. აღნიშნულ პაკეტებში გათვალისწინებული იქნება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ეფექტიანობისათვის აუცილებელი, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების გაზრდის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და აპრობირებული მოდელების შესაბამისად მიეწოდებათ ფერმერებსა და აგროსასურსათო სექტორში დასაქმებულ პირებს. აღნიშნული მასალები სამიზნე ჯგუფებთან გავრცელდება ბეჭდური და საილუსტრაციო სახით. რეგიონებში მოეწყობა ლექცია-სემინარები, სადემონსტრაციო ნაკვეთები და სადემონსტრაციო დღეები. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამეცნიერო წრეებთან (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია), საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავდება სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია.

ღონისძიება 3.1.2 – პროფესიული სწავლების ხარისხისა და უმაღლესი განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა აგრარულ სექტორში

აგრარული სექტორითვის დამახასიათებელი იყო მრავალსაფეხურიანი განათლების სისტემა – აგრარული სასწავლებლების, უმაღლესი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სახით, სადაც მზადდებოდა საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სპეციალისტები. დღეისათვის აღნიშნული სისტემა მოშლილია, რის გამოც მწვავედ დადგა აგრარული პროფილის სპეციალისტების ნაკლებობისა და სოფლის მეურნეობით ახალგაზრდების დაინტერესების პრობლემები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ჩატარდეს საქართველოს აგრარულ სექტორში პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების საფუძვლიანი მიმოხილვა. განისაზღვროს პრიორიტეტული მიმართულებები და შემუშავდეს სპეციალური პროგრამები, რაც გულისხმობს როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებას.

ცალკეულ დარგებში, განსაკუთრებით, სადაც ტექნიკური უნარ-ჩვევების დეფიციტია, ახალგაზრდებისთვის სპეციალური წამახალისებელი ღონისძიებები შემუშავდება.

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები გამიზნული იქნება მეწარმეთა პროფესიული დონის ამაღლებისა და დარგის სასწავლო მასალებით უზრუნველყოფისთვის.

აგრარულ სექტორში განათლებისა და კვლევის სისტემების გასაძლიერებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებთან, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან, ადგილობრივ კვლევით ცენტრებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო განათლებისა და კვლევით ორგანიზაციებსა და შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ღონისძიება 3.1.3 – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარება და მიწათსარგებლობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისათვის ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის რაციონალური მართვა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების კადასტრის არსებობა, მიწათსარგებლობის თანამედროვე გეოინფორმაციული სისტემის დანერგვა და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.

მიწის სრულფასოვანი ბაზრის ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს მიწის კონსოლიდაცია წარმოადგენს. ამ მიმართულებით არსებობს მთელი რიგი ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორებიცაა: რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სიმცირე, შეუსაბამობები ნაკვეთების რეგისტრაციის დროს, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების მონაცემების, მიწის კონსოლიდაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოსა და შესაბამისი ინსტიტუციური ერთეულის არარსებობა.

შემუშავდება მიწის კონსოლიდაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, განხორციელდება კონსოლიდაციის საცდელი პროექტები, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე, გაუმჯობესდება მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობა. დაინერგება მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემა (ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი „მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის სისტემის“ (LPIS-Land Parcel Identification System) ანალოგი, რომელიც თვისობრივად და ხარისხობრივად აამაღლებს ინფორმირებულობის დონეს, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალობას, დროისა და ადამიანური რესურსების რაციონალურ ხარჯვას, მიწის კონსოლიდაციის პროცესის დაგეგმვას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ექსპერტებისა და დონორი ორგანიზაციების ჩართულობა.

ღონისძიება 3.1.4. – სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო და სალიზინგო სისტემის გაძლიერების შესაბამისი პირობების შექმნა/განვითარება

სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესის სფეროში არსებული რისკების გათვალისწინებით, აგროსესხებზე საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ მაღალია. სათანადოდ განვითარებული არ არის სალიზინგო მომსახურება, რაც სხვა ქვეყნებში კერძო სექტორის დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საკრედიტო და სალიზინგო სისტემების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო „შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროექტის“ განხორციელება, რომელიც ფერმერებისა და აგროსასურსათო სექტორში ჩართული სხვა მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი რესურსებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურული სიმძლავრეების ზრდას (სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობები, სასაკლაოები, აგრარული საცალო და საბითუმო ბაზრები, რძის შემგროვებელი პუნქტები, ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.) და სასოფლო-სამეურნეო დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული საწარმოო ციკლის ინტეგრაციის პროცესებს.

სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას სესხის გაცემის არსებული პრაქტიკის დახვეწისა და პროცედურების გამარტივებისთვის. ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ამაღლდება სასოფლო-სამეურნეო სფეროს დაკრედიტებაზე მომუშავე თანამშრომლების კვალიფიკაცია. ჩატარდება შესაბამისი ტრენინგები საკრედიტო ოფიცრებისა და ფერმერებისათვის. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან სესხის ასაღებად საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

ღონისძიება 3.1.5 – სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ბაზრის განვითარება

აგრარული სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აგრო-დაზღვევის განვითარება მიიჩნევა. გამომდინარე იქიდან, რომ აგრორისკების დაზღვევა დაზღვევის ერთ-ერთი რთული სახეობაა და აგრონომიული სფეროს ღრმა ცოდნას მოითხოვს, სადაზღვევო კომპანიები თავს იკავებენ მსგავსი მაღალრისკიანი პროდუქტის ბაზარზე ოპერირებისგან, ამას ემატება ისიც, რომ ძალიან მწირია სტატისტიკური მონაცემები და ანალიტიკური ინფორმაცია, რაც ართულებს დაზღვევის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. ქვეყანაში ფერმერთა უმეტესობა მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელია, რაც ზრდის სადაზღვევო კომპანიების დანახარჯებს, შესაბამისად, მათ შედარებით მსხვილი მეურნეობების მესაკუთრეებთან ურთიერთობა ურჩევნიათ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აფინანსებს სადაზღვევო პრემიის მნიშვნელოვან ნაწილს.

სადაზღვევო სისტემის დახვეწის მიზნით, ჩატარდება მსოფლიოში აპრობირებული აგროდაზღვევის სისტემების მიმოხილვა. გაანალიზდება საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და კერძო სადაზღევევო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაიხვეწება არსებული პროგრამა.

სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რისკების მართვის მექანიზმების დახვეწას (მაგ: მელიორაციული, სეტყვის, ეროზიის საწინააღმდეგო და სხვა ღონისძიებები) და აგროსადაზღვევო ბაზრის შემდგომ განვითარებას.

ღონისძიება 3.1.6 – სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა

სასოფლო-სამეურნეო დარგის კოოპერაციის საწყისებზე დაფუძნებული ინსტიტუციური მოწყობა მიმდინარე პერიოდში ყველაზე ეფექტიან სისტემას წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის წარმოების საშუალებებს, მომსახურებასა და რეალიზაციას. კოოპერატივების აქტიური მუშაობა სახელმწიფოს ეფექტიანი, სისტემური და შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერის შემთხვევაში ფუნდამენტს ჩაუყრის საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში ისეთი ძირითადი მიდგომების რეალიზაციას, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ამაღლება და რაოდენობის ზრდა; რეალიზაციის (როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე) მაჩვენებლების ზრდა. კოოპერაციის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები მოიცავს კოოპერატივების ფარგლებში აგრარული წარმოების მთლიანი სისტემის განვითარებას (ერთიანი საწარმოო ციკლი): პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, გადამუშავება, შეფუთვა, შენახვა, რეალიზაცია, ასევე დაფინანსება და წევრთათვის მომსახურების გაწევა. პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და კოოპერატივის წევრები მიიღებენ საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში ერთიანი საწარმოო ციკლის ამოქმედება წარმოადგენს საწარმოო რისკების შემცირების ერთ-ერთ საუკეთესო მექანიზმს, რომელიც იძლევა კარგ საშუალებას, ტიპური საბანკო-კომერციული კრედიტის სოფლის მეურნეობისთვის არსებული ფორმა შეიცვალოს ფინანსური მხარდაჭერის სხვადასხვა სქემით ან მათი კომბინირებული მოდელების გამოყენებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ასევე გააჩნიათ სიღარიბის დაძლევის საუკეთესო პლატფორმა. კოოპერაციის განვითარება აუმჯობესებს მოწყვლადი ჯგუფების, კოოპერატორ ქალთა და ახალგაზრდა ფერმერთა ჩართულობას სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაში.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უმრავლესობა დღეს მწვავედ განიცდის საჭირო ინფორმაციის სიმცირეს, რომელიც მათ დაეხმარება საკუთარი საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და მოსალოდნელი შედეგების უკეთ პროგნოზირებაში. სტრატეგიის აღსრულების ფარგლებში ჩამოყალიბდება სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ ეფექტიანი, მობილური და მოქნილი კომუნიკაცია კოოპერატივებთან, სამიზნე ჯგუფებსა და საზოგადოებასთან, ასევე კოოპერაციის პოპულარიზაციის მიზნით, გააქტიურდება მუშაობა მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესორგანიზაციებსა და სხვა პირებთან.

ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ განახორციელებს ერთიანი ელექტრონული მართვის სისტემებისა და სპეციალური „საინფორმაციო ბანკის“ დანერგვას, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაუიოლებს ყველა იმ სახის საქმიანობას, რომელიც უკავშირდება პროდუქციის წარმოებას, მარკეტინგს, ფინანსური აღრიცხვიანობის წარმოებას, აგრობიზნესის დაგეგმვას და სხვ.

განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, როგორც სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირად გარდასაქმნელად, ასევე კოოპერატივების თანამშრომლობის ხელშემწყობი მდგრადი სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად.

პრიორიტეტად წარმოდგენილი იქნება კოოპერატივების შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, მათ შორის, უზრუნველყოფილი იქნება კოოპერატივის წევრთა/მენეჯმენტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, კოოპერატივების მარკეტინგული შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის პროექტები და სხვა. განხორციელდება იმ კავშირების გაძლიერება, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან და წარმოაჩინონ ფერმერები ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ასპარეზზე.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამ დასაბამი მისცა აგრარული სექტორის ახლებურ, რაციონალურ, ორგანიზაციულ მოწყობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. თუმცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დინამიკამ, ასევე სტრატეგიაში ასახული ღონისძიებების გატარების საჭიროებამ და საერთაშორისო გამოცდილებამ ცხადყო, რომ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.

ღონისძიება 3.1.7 – სოფლის მეურნეობაში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება

საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა. ამისათვის აუცილებელია კერძო სექტორთან, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სპეციალიზირებულ ფონდებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა, ისეთი ინოვაციური, მდგრადი და ქმედითი მოდელების შემუშავება, რომლებიც სტიმულს მისცემენ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას.

სოფლის მეურნეობის სექტორის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითანამშრომლებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო სავაჭრო სააგენტოებსა და პოტენციურ ინვესტორებთან. ცალკეული რეგიონებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გამოსავლენად ჩატარდება კვლევები, მომზადდება ბეჭდური და ელექტრონული საინფორმაციო პაკეტები, რომლებშიც ასახული იქნება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. აღნიშნული ინფორმაციას წარადგენენ და გაავრცელებენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე, ფორუმზე, კონფერენციაზე და ორმხრივი შეხვედრებისას.

ღონისძიება 3.1.8 – ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება და მარკეტინგული პროგრამის განხორციელება

ამჟამად საქართველოში მოხმარებული სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულია, მაშინ როდესაც ქვეყანას შესაძლებლობა აქვს, გარკვეული სახის პროდუქციით დააკმაყოფილოს არა მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნა, არამედ გახდეს აგრარული პროდუქციის ნეტო-ექსპორტიორი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, რათა ხელი შეუწყოს ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქტების წარმოების გაფართოებასა და მის რეკლამირებას პოტენციურ მყიდველებთან და მომხმარებლებთან, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ადგილობრივი პროდუქციის რეკლამირება განხორციელდება მედიასაშუალებებით და მომზადდება საინფორმაციო ტიპის ბუკლეტები. ქართველ ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში.

გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციებს შორის. ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული სასოფლო-სამეურნეო და გადამუშავებული პროდუქციის, ასევე მათი ადგილწარმოშობის დასახელებათა და გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

გამოვლინდება და შემცირდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორები. ხელი შეეწყობა ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გამოვლენას. ამ მიზნით მოხდება საქართველოსთვის პოტენციური ბაზრების შესწავლა, მიზნობრივ საექსპორტო ბაზარზე არსებული მოთხოვნის კვლევა, ბაზარზე შეღწევის სპეციფიკის ანალიზი, კონკურენტების დახასიათება, ტრანსპორტირების ხარჯების დადგენა, საბაჟო პროცედურების მიმოხილვა და სხვა.

მეღვინეობის სფეროში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. შემუშავებულია მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები და მარკეტინგული სტრატეგიის გეგმები, რომელთა საფუძველზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილია ქართული ღვინის ბრენდ-პლატფორმის შექმნა და შესაბამისი გზავნილების გავრცელება სტრატეგიული ბაზრების მოთხოვნილებისა და მომხმარებლის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით. მსგავსი სახის ღონისძიებების განხორციელება იგეგმება სოფლის მეურნეობის სხვა დარგებშიც.

სტრატეგიული მიმართულება 3.2: ინსტიტუციური განვითარება

ღონისძიება 3.2.1. – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება, პერსონალის მართვისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის გაძლიერება

სამინისტრომ უნდა აამაღლოს თავისი ქმედითობა, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიისა და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის ეფექტიან განხორციელებას. შესაბამისად, დაიხვეწება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა, სამინისტროში შემავალი უწყებებისა და რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ჩათვლით. მკაფიოდ განისაზღვრება სამინისტროს აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და დაქვემდებარებული უწყებების უფლება-მოვალეობები. მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებული ღონისძიებების თანმიმდევრული შესრულების უზრუნველსაყოფად, ჩატარდება შესრულებული სამუშაოების ყოველწლიური მიმოხილვა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაინერგება თანამშრომელთა შეფასების თანამედროვე სისტემა, რომლის მიზანია შესრულებული სამუშაოს ხარისხის ამაღლება და თითოეული თანამშრომლის საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდა.

შეფასდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სიტემაში შემავალი ორგანიზაციების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების საჭიროებები. პრიორიტეტები განისაზღვრება სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესაბამისად. შემუშავდება ადამიანური რესურსების გაძლიერების სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს პერსონალის, როგორც სამუშაო ადგილზე გადამზადების პროცესს, ასევე შესაბამის სემინარებში მონაწილეობის შესაძლებლობას. შეიქმნება სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს და მასში შემავალი უწყებების პერსონალის გადამზადებას.

 

ღონისძიება 3.2.2 – საბაზრო ინფორმაციული სისტემის შექმნა, მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და აგრარულ სექტორში დასაქმებულთათვის ეფექტიანად მიწოდება

ბაზრის საინფორმაციო სისტემის არსებობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოქმედი ფერმერების, მეწარმეების და ექსპორტიორების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საინფორმაციო სისტემის და შესაბამისად, ბაზარზე არსებული ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში, წარმოების ჯაჭვის მონაწილეთა გარკევეული ნაწილი არაკონკურენტულ გარემოში ხვდება. ეს, პირველ რიგში, ეხება ადგილობრივ ფერმერებს, რომლებიც არ ფლობენ ინფორმაციას მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასების, ხარისხზე მოთხოვნების, ბაზრის ზოგადი ტენდენციებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროდუქტების, ფასების, მომწოდებლებისა და ბაზრის კონიუნქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და მისი ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, ჩატარდება სისტემატური კვლევები და მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები. სამინისტრო, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის ითანამშრომლებს კერძო სექტორთან. ასევე, ფერმერებს მიეწოდებათ ინფორმაცია საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის გატანასთან დაკავშირებული აუცილებელი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესახებ, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს და ამ შეთანხმებებით წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე მუდმივად და სისტემურად მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრის ანალიზს, საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შესწავლის მიზნით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჭიროებს ინფორმაციული სისტემის განახლებას და მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებას. გაუმჯობესდება მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფა, სტატისტიკური ბაზის საერთო ხარისხი და სიზუსტე, ასევე მონაცემთა გაცვლისა და დამუშავების ანალიტიკური შესაძლებლობები. აქცენტი გაკეთდება შესრულებული სამუშაოს ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ტენდენციების ანალიზზე, პროგნოზირებასა და რიცხვითი მასალის ვიზუალიზაციაზე. შეგროვდება ინფორმაცია გენდერულ ჭრილში შემდგომში დეტალური ანალიზის ჩასატარებლად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობის შედაგად, გაუმჯობესდება სოფლის მეურნეობის დარგის შესახებ სტატისტიკური მონაცემები.

ღონისძიება 3.2.3 – ფერმერთა რეესტრის შექმნა

საქართველოში არ არსებობს ფერმერთა ერთიანი რეესტრის სისტემა, რომლის შექმნის მიზანი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობასთან, ფართობსა და აქტივობის ტიპთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვაა. მსგავსი სისტემის შექმნა, ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში კონკრეტული განვითარების პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებას. გაუმჯობესდება კომუნიკაცია ფერმერებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მიმწოდებლებს შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული მიწათმოსარგებლის/ფერმერის სტატუსი, აქედან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალური კომისია და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შემუშავდება ფერმერის სტატუსის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი.

რეგისტრაციის პროცესის გასამარტივებლად, ფერმერებისთვის მოეწყობა სემინარები და მიეწოდებათ ინფორმაცია. გაუმჯობესდება ფერმერებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, გამყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის კომუნიკაცია. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, შემუშავდება სპეციალური ელექტრონული პროგრამა და ოპერატორებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგი.

ღონისძიება 3.2.4 – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დონორ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შორის კოორდინაციის განმტკიცება/გაძლიერება

სამინისტრო აღიარებს და აფასებს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერას და ძალისხმევას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლად ცხოვრების დონის ამაღლების მიმართულებით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მათი რეკომენდაციების, გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარებას და პრაქტიკაში გამოყენებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, კოორდინაციას გაუწევს დონორებთან ურთიერთობას.

მოეწყობა დონორთა საკოორდინაციო კომიტეტები და გაძლიერდება დონორების, კერძო სექტორისა და ფერმერთა მონაწილეობით შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას.

სტრატეგიული მიმართულება 3.3: მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება

ღონისძიება 3.3.1 – სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემების გაუმჯობესება

საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიწების მელიორაცია, სარწყავი და დამშრობი სისტემების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მართვა წარმოადგენს მნიშვნელოვან სფეროს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტენსიური და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა. აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატი მოითხოვს ირიგაციის ფართო გამოყენებას, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში საჭიროა ჭარბი წყლის მოცილება სადრენაჟო სისტემების მეშვეობით.

სამელიორაციო სისტემების ტექნიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად შემცირდა მელიორირებული ფართობები. საქართველოში თვითდინებით მორწყული ფართობების რაოდენობა დაახლოებით 280 ათ. ჰექტარს, ხოლო დაშრობილი ფართობი 105 ათ. ჰექტარს შეადგენდა. თუმცა წლების განმავლობაში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, ასევე დარგის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებამ, საბოლოო ჯამში, დარგის ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილის განადგურება გამოიწვია, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ 2012 წლისთვის წყალუზრუნველყოფილი იყო 45 ათასი ჰექტარი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილება ხორციელდებოდა 14 ათას ჰექტარზე. 2012-2014 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების (სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები) შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობები გაიზარდა 88 ათას, ხოლო დაშრობილი – 25 ათას ჰექტარამდე. 2020 წლამდე იგეგმება გასარწყავებული და დაშრობილი ფართობების რაოდენობის გასამმაგება.

სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციითა და მოდერნიზაციით ტექნიკური დონის ამაღლება და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების ტექნოლოგიური და ორგანიზაციული სრულყოფა. ამ კუთხით გასატარებელი ღონისძიებები გულისხმობს შემდეგს: ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავებისა და სარწყავი სისტემების მშენებლობას და რეაბილიტაციას; დამშრობი სისტემების რეაბილიტაციას; სარწყავი წყლის ეფექტიანი გამოყენებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის მიდგომების დეტალური კვლევების განხორციელებას; ჰიდრომეტრიული სამსახურის სრულყოფას; წვეთოვანი და დაწვიმებითი მორწყვის სისტემების აღდგენის პროცესის ხელშეწყობას; წყლის რესურსების ოპტიმალური და სამართლიანი განაწილებისა და სატარიფო სისტემის სრულყოფას და ოპტიმიზაციას; წყალმომხმარებელთა ჯგუფების ჩართვას შიდასამეურნეო სისტემების სარეაბილიტაციო და მოვლა-შენახვის პროცესში; ფერმერთა ორგანიზებას და ინსტიტუციური გაერთიანების ხელშეწყობას; გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზის სრულყოფას; პროგრამულ უზრუნველყოფას; ბილინგის სისტემის (მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმებისა და საფასურის გადახდის აღრიცხვის სისტემა) გაუმჯობესებას; მელიორირებული ფართობების კადასტრის მომზადებას და მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფას.

დარგის რეფორმირებისთვის, მისი სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის მისაღწევად, უმთავრესი პრიორიტეტია შპს „გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ კომერციალიზაცია და მომგებიან ორგანიზაციად გარდაქმნა.

საბოლოო ჯამში, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის მიზანს წარმოადგენს სარწყავი მიწების წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესება, დატბორილი და დაჭაობებული ტერიტორიებიდან ჭარბი წყლების მოცილება, სამელიორაციო მომსახურების არეალის გაზრდა და ნიადაგში მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, რამაც თანამედროვე აგროტექნიკის გამოყენების პარალელურად უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი და გარანტირებული მოსავლის მიღება.

ღონისძიება 3.3.2. ნიადაგების რაციონალური გამოყენება

ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ არსებული ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია), მიღებული შედეგების საფუძველზე სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება. შესაბამისად, ჩატარდება ცალკეული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ არსებული ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევები, რაც ხელს შეუწყობს მის ეფექტიან გამოყენებას. ნიადაგების შეფასება ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწის კონსოლიდაციის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ნიადაგების ეროზიისგან დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა ქარსაფარი ზოლების აღდგენის საკითხი. აქედან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით, შემუშავდება ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელშიც გამიჯნული იქნება შესაბამის უწყებებს შორის კომპეტენციები და მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები.

საქართველოს ნიადაგური საფარის ინვენტარიზაციის განხორციელებისთვის საჭიროა სათანადო რაოდენობით ლაბორატორიული ბაზებისა და საკადრო რესურსების არსებობა. შესაბამისად, სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებისათვის დაინერგება უსაფრთხო/პროგრესული ტექნოლოგიები და დაიხვეწება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დეგრადირებული ნიადაგების (დამლაშ-ებული, მჟავე, ეროზირებული, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისას დაზიანებული და დაბინძურებული) გამოკვლევას და მათი ნაყოფიერების აღდგენა – გაუმჯობესების მეცნიერულად დასაბუთებული ღონისძიებების შემუშავებას, ფერმერულ და სხვა სახის მეურნეობებში მის პოპულარიზაციას და სპეციალური მიზანმიმართული სახელმწიფო პროგრამების გამოყენებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე დანერგვას. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დღევანდელობის მსოფლიო პრობლემას – კლიმატის ცვლილებას და მის გავლენას ნიადაგების დეგრადაციისა და გაუდაბნოების პროცესებზე. ჩატარდება სპეციალური კვლევები აღნიშნული ნიადაგების ნაყოფიერების ცვლილებებისა და მათი გაუმჯობესების ღონისძიებების შესამუშავებლად.

სტრატეგიული მიმართულება 3.4: რეგიონული და დარგობრივი განვითარება – დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა

ღონისძიება 3.4.1 – რეგიონებისთვის სოფლის განვითარებისა და პრიორიტეტულ დარგებში ინვესტირების გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნება სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის განვითარების აუცილებლობა. სოფლის განვითარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგალითად, ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვისაა საჭირო, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე, აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა უწყებასთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის შედეგად, შეიმუშავებს სოფლის განვითარების პოლიტიკას, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თავისებურებები. ჩამოყალიბდება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეფუძნება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი და სასაზღვრო რეგიონების განვითარებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას. სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის ზონების გათვალისწინებით, შეიქმნება და განხორციელდება შესაბამისი დარგობრივი პროგრამები.

ცხადია, საკუთრივ სოფლის მეურნეობა ვერ შეძლებს სოფლად მცხოვრებთათვის საკმარისი რაოდენობით სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, მთავრობა გეგმავს ხელი შეუწყოს სოფლად არასასოფლო საწარმოების განვითარების წახალისებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მომსახურება, გადამმუშავებელი საწარმოები, აგროტურიზმი და სხვ.; გამოვლინდება და გავრცელდება წარმატებული ინიციატივები რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, ასევე გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითანამშრომლებს სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ამ სქემების რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკური და ფინანსური პროგრამების შესამუშავებლად.

თითოეული რეგიონისთვის ჩატარდება კაპიტალდაბანდების შესაძლებლობებისა და საწარმოო პრაქტიკის დეტალური კვლევა. კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის, პოტენციური ინვესტორებისათვის. პროცესების განვითარების შესაბამისად, კვლევები რეგულარულად განახლდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დარგობრივი და რეგიონული პროგრამების შემუშავებას, რომლებშიც პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, გათვალისწინებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და სხვ.

ღონისძიება 3.4.2 – საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დარგობრივი პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის, დარგთა შეთანაწყობისა და მათი განვითარების რეგიონულ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური პრობლემებისადმი მიდგომა ახლებურ ხედვასა და გადაწყვეტას მოითხოვს. ამ მიმართულებით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები და საბაზრო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი მოთხოვნები.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააანალიზებს და შეაფასებს დარგებს მათი საექსპორტო და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის, ასევე სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით და შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამებს მათი განვითარების სტიმულირებისათვის. მომზადდება არსებული მდგომარეობის დეტალური ანალიზი და განისაზღვრება გასატარებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა.

შეზღუდული რესურსების პირობებში, წარმატების მიღწევის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს პრიორიტეტების სწორად შერჩევა. ჩატარებული დარგობრივი კვლევებისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება პირველ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები და შემუშავდება დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა.

ღონისძიება 3.4.3 – ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სქემების განვითარების მხარდაჭერა

ინტელექტუალური საკუთრების (საქპატენტი) სააგენტოსთან ერთად სამინისტრო აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულია გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაშია 2012 წლის აპრილიდან. საქართველოს მიერ უკვე რეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, 3 მინერალური წყალი, 14 სახეობის გეოგრაფიული აღნიშვნის ყველი, ჭაჭა და ჩურჩხელა.

ქართული პროდუქციის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირთან, დსთ-სა და მსხვილ საექსპორტო ქვეყნებთან გაფორმებულია შეთანხმებები გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის პროდუქტების დასაცავად და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გრძელდება.

ამჟამად, ინერგება გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარებისა და პროდუქტის ბრენდინგის საერთაშორისო პრაქტიკა. მომზადდება და გავრცელდება საინფორმაციო ცნობარი. კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაბამისი პროდუქტებისათვის შემუშავდება გეოგრაფიული აღნიშვნების სქემები და ქართული ბრენდების ნუსხა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე მათი პოტენციალის დადგენის, სავაჭრო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას. ევროკავშირის კანონმდებლობასთან მისაახლოებლად განახლდება ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა, მათ შორის: საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“, საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნება კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული თვითრეგულირებადი ორგანიზაციები, ისინი თავად დაადგენენ შესაბამისი ლიცენზირების მოთხოვნებს, რომლებსაც სამინისტრო დაამტკიცებს.

ღონისძიება 3.4.4 – თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარების მხარდაჭერა

აგრარული სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია თესლისა და სარგავი მასალის წარმოების განვითარება. ერთწლოვანი კულტურების სელექცია და მეთესლეობა წარმოადგენს უფრო ხელმისაწვდომ და შედარებით ნაკლებდანახარჯიან საშუალებას სოფლის მეურნეობის წარმოების ინტენსიფიკაციაში.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ზრდა დამოკიდებულია მაღალრეპროდუქციული თესლისა და სარგავი მასალის გამოყენებაზე. ქვეყანა განიცდის ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის დეფიციტს. დღეისათვის გამოიყენება მასობრივი რეპროდუქციის სათესლე მასალა, რაც მოსავლიანობის მკვეთრად შემცირებასა და წარმოებული პროდუქციის დაბალ ხარისხს განაპირობებს. ადგილობრივი თესლის ძირითადი მწარმოებლები (მინდვრის კულტურები – ხორბალი და სიმინდი) სარეალიზაციოდ აწარმოებენ მხოლოდ 500 ტონა თესლს, როდესაც, ექსპერტების შეფასებით, მოთხოვნა 7 ათას ტონას შეადგენს[2] . აუცილებელია გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები მეთესლეობის სექტორის აღდგენის მიმართულებით.

შეიქმნება საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისთვის შესაბამისი თესლის/სარგავი მასალის შეფასების კატალოგი, რომელიც სერტიფიცირების სისტემის დანერგვასთან ერთად გახდება სექტორის რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. ასევე შესაძლებელი გახდება მცენარეთა ადგილობრივი სახეობებისა და ჯიშებს შენარჩუნება-განვითარება.

თესლისა და სარგავი მასალის წარმოების სქემები დაეფუძნება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. შეფასდება მათი წარმოების არსებული ტექნოლოგიების ხარჯები და სარგებლიანობა, რის საფუძველზეც მომზადდება ინფორმაცია ფერმერთა და ინვესტორთათვის. ასევე შემუშავდება სახელმძღვანელოები, რომლებშიც განხილული იქნება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. ფერმერები და ფერმერებთან მომუშავე კონსულტანტები გაივლიან ტრენინგს თესლისა და სარგავი მასალის წარმოებისა და სერტიფიცირების საკითხებში. მოეწყობა საველე დემონსტრაციები და ვიზიტები, რაც ახალი ჯიშების გაცნობის კარგი შესაძლებლობა იქნება.

ღონისძიება 3.4.5 – თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესის მხარდაჭერა

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის გარანტიას მათი სერტიფიცირების პროცესი უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, მომზადდება თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების არსებული მიდგომების დეტალური ანალიზი და შემუშავდება შესაბამისი ღონისძიებები ადგილობრივ ორგანიზაციებზე დაფუძნებული სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისათვის. ამ ორგანიზაციებს უფლებამოსილებას მიანიჭებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნული სისტემა ჩართული იქნება საერთაშორისო ან/და ეროვნული აკრედიტაციის სისტემაში. ევროკავშირში მოქმედი მარეგულირებელი პრინციპების საფუძველზე დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა თესლისა და სარგავი მასალების წარმოებისა და კონტროლის სფეროში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სრულყოფილად ამუშავდეს თესლისა და სარგავი მასალების კონტროლი (როგორც იმპორტ-ექსპორტის, ასევე შიდა ბრუნვის დროს), რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სერტიფიცირების სისტემა.

  სერტიფიცირება და ჯიშთა გამოცდა განხორციელდება შესაბამისი ევროპული/საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიებისა და ინსტრუქციების გამოყენებით. შეიქმნება თესლის ხარისხის საგამოცდო ლაბორატორია და საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. შეიქმნება და მუდმივად განახლდება თესლისა და სარგავი მასალის კატალოგი. ინფორმაციის შეგროვების, დაინტერესებული პირების ინფორმირებულობის ამაღლებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით, ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი.

ინსპექციის წარმომადგენელთა ტრენინგებისა და საველე ინსპექტირების სისტემის შესაბამისი ლაბორატორიული შესაძლებლობების ზდის მეშვეობით განმტკიცდება თესლის/სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესი.

უზრუნველყოფილი იქნება კერძო სექტორის ჩართულობა უვირუსო თესლის/სარგავი მასალის სანდო და კონტროლს დაქვემდებარებული წარმოებისა და მონიტორინგის პროცესში, რაც ფერმერთათვის ხელმისაწვდომი სათესი/სარგავი მასალის საერთო ხარისხს გააუმჯობესებს. ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდებათ ტრენინგი და მიეწოდებათ ინფორმაცია სერტიფიცირებული თესლის/სარგავი მასალის დადებით მხარესთან დაკავშირებით.

ამ მიზნებისათვის სათანადო აპარატურით აღიჭურვება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების ლაბორატორია, გამოყენებული იქნება არსებული ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების საცდელ–სადემონსტრაციო ბაზები (მცხეთა: ჯიღაურა, წილკანი; ახალქალაქი და სხვა).

ღონისძიება 3.4.6. სანაშენე საქმის განვითარება

სანაშენე საქმიანობის უგულებელყოფამ და შესაბამისი ინფრასტუქტურის არარსებობამ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაკნინება გამოიწვია. არასახარბიელო ჯიშობრივ მონაცემებს ემატება კვების არაბალანსირებული, შეზღუდული რაციონი, რაც ცხოველთა დაბალპროდუქტიულობასა და დაავადებათა მიმართ არამდგრადობაში აისახება. შედეგად, ადგილობრივი, გაურკვეველი ჯიშის ფურის საშუალო წლიური წველადობა 1100-1200 ლიტრს, ხოლო ხორცის გამოსავლიანობა 45-50%-ს არ აღემატება. ხელოვნური განაყოფიერების სერვისი წარმოდგენილია ძალზედ შეზღუდულად და ხელმიუწვდომელია ცხოველთა მეპატრონეთათვის როგორც ფინანსურად, ისე ტერიტორიულად. ის, რომ ფერმერები ნაკლებად იცნობენ ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებს, აგრეთვე სუსტად განვითარებული კერძო ვეტერინარიული სერვისი, ზრდის ქვეყანაში ეპიზოოტიურ რისკებს და აფერხებს დარგის განვითარებას.

ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზების, სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების მოძიებას, შესწავლას, აღდგენასა და გაუმჯობესებას, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნას; ცხოველთა და ფრინველთა ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეეწყობა ფერმერული სანაშენე მეურნეობების შექმნას, სანაშენე აღრიცხვის ერთიანი სისტემისა და ყველა რეგიონში სანაშენე საქმისა და ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების სერვისცენტრების ჩამოყალიბებას.

შეირჩევა ადგილობრივი ჯიშების მოშენების მეთოდები, გამოიზრდება სანაშენე მწარმოებლები, ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მეთოდების მეშვეობით ადრეულ ასაკშივე შეფასდება გენოტიპი და შემდგომი გამოყენებისათვის გამოვლინდება პოტენციური გამაუმჯობესებელი მწარმოებელები.

გამოიცდება მაღალინტენსიური მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობისათვის ქვეყანაში შემოყვანილი ცხოველთა მაღალპროდუქტიული ჯიშები და შემუშავდება მათი ზონალური გადაადგილების რეკომენდაციები.

შეიქმნება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ჯიშების გაუმჯობესების სასელექციო პროგრამები და ჯიშების ახალი სტანდარტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი და შემოყვანილი ჯიშების გავრცელების ზონებში ეპიზოოტიური სიტუაციებისა და ინვაზიური დაავადებების შესწავლასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

მეცხოველეობისათვის მყარი საკვები ბაზის შესაქმნელად მოხდება ბუნებრივი სათიბ-საძოვრების შესწავლა და სახეობათა მრავალფეროვნების შენარჩუნება, ახალი საკვები კულტურების დივერსიფიკაცია და ეკოლოგიურად უსაფრთხო საკვების წარმოება.

ხელმძღვანელობა გაეწევა ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსების მომზადებასა და სანაშენე საქმის სპეციალისტების კვლიფიკაციის ამაღლებას. მოხდება საინფორმაციო-სკონსულტაციო ცენტრების სპეციალისტების ექსტენცია ფერმერების ცოდნის ამაღლების მიზნით.

ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების შესწავლის, რეაბილიტაციისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით სათანადოდ აღიჭურვება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის ზოოვეტერინარული ლაბორატორია.

ღონისძიება 3.4.7 – მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა (შემნახველი, დამახარისხებელი, შემფუთავი, გადამმუშავებელი და სადისტრიბუციო სექტორების განვითარების ხელშეწყობა)

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, აგრარული პროდუქცია მოსავლის აღების შემდგომ მოითხოვს პირველად დამუშავებას, რაც გულისხმობს მინარევებისაგან გაწმენდას, დახარისხებას, დაფასოებას, შეფუთვასა და ეტიკეტირებას. ინდივიდუალური მწარმოებლების, კერძოდ, ფერმერების შესაძლებლობები ამ შემთხვევაში შეზღუდულია, მაშინ, როდესაც თანამედროვე საბითუმო ბაზრებს აქვთ სრული მარკეტინგული ქსელი პროდუქციის შემდგომი რეალიზაციისათვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდება კვლევა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონულ დონეზე მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების, სადისტრიბუციო და გადამმუშავებელ შესაძლებლობებში არსებული მოთხოვნის გამოსავლენად. განისაზღვრება ამ ტიპის ინვესტიციების ტექნიკური და ფინანსური დასაბუთება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. შემუშავდება რეკომენდაციები პირველადი და გადამუშავებული პროდუქტების შესანახი სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის (საბითუმო) ცენტრების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის ხანგრძლივი პერიოდით შენახვას, ხარისხისა და სასაქონლო სახის შენარჩუნებასა და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებას. ამ მიზნით მნიშვნელოვანია ფერმერთა ორგანიზაციების, მათ შორის, კოოპერატივების ჩართულობის ხელშეწყობა.

დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის შემადგენელი კომპონენტების ინტეგრაციისა და გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდება სემინარები და ტრენინგები მოსავლის აღების შემდგომი პროცესებისათვის განკუთვნილ აღჭურვილობაში ინვესტიციების ხელშესაწყობად, ასევე გადამმუშავებელ წარმოებაში (რაც ასევე მოიცავს მცირემასშტაბიან გადამმუშავებელ მოწყობილობებს) კაპიტალდაბანდების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. ინვესტიციების წახალისებისათვის, არსებული პოტენციალიდან გამომდინარე შემუშავდება ხარჯების განაწილებისა და თანმხვედრი გრანტის მოზიდვის შესაძლებლობები.

ღონისძიება 3.4.8 – სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება

საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მაჩვენებელი, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. ვითარების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. ამ მიმართულებით ერთ-ერთ ძირითად ხელის შემშლელ ფაქტორს ბაზარზე ფასისა და ხარისხის შესაბამისი წარმოების საშუალებებისა და მომსახურების არარსებობა წარმოადგენს, რაც ხშირ შემთხვევაში ფერმერებისთვის მძიმე ფინანსური შედეგებით მთავრდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ფერმერთათვის ადვილად ხელმისაწვდომს გახდის სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებს, თესლსა და სარგავ მასალას, სასუქს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვა მომსახურებას.

განხორციელდება ნედლეულისა და მომსახურების დადგენილ ნორმებსა და მოთხოვნებთან შესაბამისი მონიტორინგი. განვითარდება სერტიფიცირებული თესლისა და სარგავი მასალის წარმოება. შეიქმნება მათთან ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი. სახელმწიფო განიხილავს ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის და სპეციალური მექანიზმების შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევებისთვის, თუ მოვაჭრეები დაარღვევენ ვაჭრობის, პროდუქციის უვნებლობისა და მარკირების სტანდარტებს, ან არ მიაწვდიან მომხმარებელს შესაბამის ინფორმაციას გასაყიდი საქონლისა და მომსახურების შესახებ.

ღონისძიება 3.4.9 – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ამაღლება

სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოების პროდუქტიულობის ზრდა და თვითღირებულების შემცირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაზე. ამჟამად კერძო სექტორში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმეტესი ნაწილი გაუმართავი და ამორტიზირებულია, რაც აფერხებს სამუშაოების აგროვადებში შესრულებას, ზრდის წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას, აუარესებს მოსავლის ხარისხს და ამცირებს წარმოების მოცულობას.

ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული სხვა მეწარმეების ხარისხიანი წარმოების საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შექმნილი მექანიზაციის ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სხდასხვა რეგიონში. ერთ-ერთი მათგანია შპს „მექანიზატორი“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფერმერებისათვის თანამედროვე ტექნიკით ხარისხიანი მომსახურების განხორციელება.

ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს მუშაობას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აგრარული სექტორის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფას და მომსახურების გაუმჯობესებას. ჩატარდება არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მდგომარეობის დეტალური ანალიზი და განისაზღვრება მათი საჭირო რაოდენობა და პრიორიტეტები საქართველოს მასშტაბით. მუშაობა გრძელდება სატრაქტორო პარკის ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებითაც. როგორც ტექნიკაზე მომუშავე ოპერატორთათვის, ასევე ფერმერთათვის ჩატარდება სპეციალიზებული ტრენინგები. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებლად გაგრძელდება მუშაობა კერძო სექტორთან, რაც მოიცავს ინფორმაციას ტექნიკის შეძენის, ლიზინგის გამოყენების, მარაგ-ნაწილების შესყიდვისა და მოვლა-შენახვის შესახებ. მოხდება შპს „მექანიზატორის“ პრივატიზაციის ან სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ორგანიზაციად ჩამოყალიბების შესაძლებლობების განხილვა, ეფექტიანი და მოქნილი მენეჯმენტის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს აგროვადებში დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ზრდას და ტექნიკის დეფიციტის მინიმუმამდე შემცირებას. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება კონსულტაციები ტექნიკის მწარმოებლებთან მარტივი ტიპის სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების ადგილზე წარმოების უზრუნველსაყოფად.

სტრატეგიული მიმართულება 3.5: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ღონისძიება 3.5.1 – სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგი

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს, ისეთი პირობების შექმნას, როდესაც ყოველ ადამიანს, აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის საჭირო სასურსათო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ნებისმიერ დროს ფიზიკურად და ეკონომიკურად საკმარისი რაოდენობის უვნებელ და სრულფასოვან სურსათზე მიუწვდება ხელი. ეროვნულ დონეზე სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი ასპექტებია – რაოდენობრივი უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში რაოდენობრივი უზრუნველყოფა გულისხმობს სახელმწიფოს მუდმივ მზადყოფნას, შეინარჩუნოს საკუთარი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მინიმალური დონე. მარცვლეული სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, მაგრამ სასურსათო ბაზრის სტაბილურობაზე სხვა პროდუქტების წარმოების დონეც მოქმედებს. ასეთ კატეგორიას მარცვლეულის გარდა განეკუთვნება მარცვლოვან-პარკოსანი კულტურები, ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, თევზეული, შაქარი, მცენარეული ზეთები, კარტოფილი, კვერცხი, ხილ-ბოსტნეული, ასევე სხვადასხვა სახის სასმელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააგრძელებს სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგს, დაეხმარება ნატურალურ მეურნეობებს რისკის შემცირებაში, გაგრძელდება მათი კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, შემუშავდება სპეციალური პროგრამები სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა შემოსავლების ზრდის უზრუნველსაყოფად. სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელება ხელს შეუწყობს სურსათით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას, სასურსათო ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნებას, საექსპორტო და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. ასევე სახელმწიფო მოამზადებს საგანგებო ან კრიზისული სიტუაციების დროს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას. ჩატარდება ძირითადი სასურსათო პროდუქტების მარაგების მაჩვენებლების მონიტორინგი და ხელმისაწვდომობის შეფასება.

სამინისტრო შეიმუშავებს და დანერგავს სასურსათო უსაფრთხოების ადრეული გაფრთხილების სისტემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად დაბალი ეკონომიკური აქტივობის მუნიციპალიტეტებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. ასევე, გაუმჯობესდება შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების სისტემები, გაგრძელდება შესაბამისი მიმართულებით სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება. შემუშავდება სასურსათო კრიზისებზე რეაგირების სწრაფი და ეფექტიანი მეთოდი, რაც მოიცავს სურსათის განაწილებას, ასევე საგანგებო სიტუაციების ეროვნული რეაგირების გეგმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტროებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ქმედით თანამშრომლობას.


სტრატეგიული მიმართულება 3.6: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა

ღონისძიება 3.6.1 – სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის მიახლოება საქართველოში არსებული სასურსათო ჯაჭვის თავისებურებების გათვალისწინებით.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სრული კვებითი ჯაჭვის, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ე.წ. „ფერმიდან-სუფრამდე“ კონტროლს და ვრცელდება წარმოების, მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. იგი ითვალისწინებს სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მყისიერ, ხანმოკლე ან გრძელვადიან გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ეფექტს მომდევნო თაობებზე.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ხორციელდება რისკის საფუძველზე შემდეგი მექანიზმებით: გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება, დოკუმენტური შემოწმება.

წინა წლებში არსებულმა არასრულყოფილმა საკანონმდებლო ბაზამ, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობამ, სახელმწიფო კონტროლის არასაკმარისმა საბიუჯეტო პროგრამულმა დაფინანსებამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის არაეფექტიანობა.

2012 წლიდან დაიწყო და გრძელდება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა სურსათის უვნებლობის განვითარების სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა. იგი გააზრებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კონტექსტში და უზრუნველყოფს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ სრულყოფას. მიღებულ იქნა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები.

მომზადდა და 2015 წლიდან ძალაში შევა ტექნიკური რეგლამენტები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ და „თაფლის შესახებ“, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

კანონმდებლობით დარეგულირდება და შემუშავდება სურსათის უვნებლობის მართვისა და მიკვლევადობის ეფექტიანი სისტემა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულო გახდება, სურსათის ბიზნესოპერატორმა განახორციელოს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების დაცვით.

1998 წლიდან ქვეყანა გაწევრიანებულია codex alimentarius-ის კომისიაში და მონაწილეობს ხმის უფლებით საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია სურსათით საერთაშორისო ვაჭრობისას ხელმძღვანელობს ამ კომისიის მიერ შემუშავებული სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მომავალი საქმიანობის გაგრძელება.

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში“ ჩამოყალიბდა რისკის შეფასების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, მეცნიერულად დასაბუთებულ მონაცემებზე დაფუძნებულ რისკის შეფასებას და მიაწვდის რეკომენდაციებს მაკონტროლებელ და რისკის მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს.

2015 – 2020 წლებში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებით ჩამოყალიბდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კონტროლის გამარტივებული მექანიზმები. დაიხვეწება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის ანალიზში მონაწილე ინსტიტუციებს შორის (სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახური) ურთიერთთანამშრომლობისა და მონაცემთა მიმოცვლის მექანიზმები. შეიქმნება თანამედროვე, მდგრადი და მოქნილი სისტემა, რომლის ფარგლებშიც დაიხვეწება სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის პროცედურები და სააგენტოსათვის შესაძლებელი გახდება ბიზნესოპერატორთა რეესტრის ბაზაზე პირდაპირი წვდომა, რითაც დაზუსტდება მათი რაოდენობა და საქმიანობის სახეები. რისკის საფუძველზე, შესაბამისი მექანიზმებითა და სიხშირით განხორციელდება სახელმწიფო კონტროლი; სახელმწიფო კონტროლის შედეგების შეფასებით გამოვლინდა, რომ სურსათის ბიზნესოპერატორების ცოდნის დონე საჭიროებს ამაღლებას. მთელი რიგი შეუსაბამობები ვლინდება ცხოველთა სასაკლაოების, ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი/გადამმუშავებელი საწარმოების, რძის შემგროვებელი პუნქტების, რძისა და რძის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოების, ბავშვთა სკოლამდელი და სასკოლო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების, საზოგადოებრივი კვების, მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტების, მუნიციპალიტეტებისა და სოფლების სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებით სახელმწიფო კონტროლის დროს. ამიტომ, რისკის საფუძველზე, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ინსპექტირება ჩაუტარდება სურსათის ყველა ბიზნესოპერატორს, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, რაც აამაღლებს სურსათის უვნებლობის დონეს და მნიშვნელოვნად შეამცირებს საკვებისმიერი დაავადებების შემთხვევებს. პრიორიტეტებად განისაზღვრება ცხოველური წარმოშობის სურსათის, ბავშვთა კვების, საზოგადოებრივი კვების, სასწავლო და სამკურნალო დაწესებულებების კვების ბლოკების და პირველადი წარმოების სახელმწიფო კონტროლი.

გაიზრდება სურსათის ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობები, დაინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები, ყოველწილიურად საფრთხეების ადეკვატურად მოხდება ასაღები ნიმუშების რაოდენობის, სურსათის სახეობებისა და საკვლევი პარამეტრების შერჩევა, რაც უზრუნველყოფს სამომხმარებლო ბაზრის დაცვას და პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას;

სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოში“ ჩამოყალიბდება უწყვეტი ტრენინგებისა და სწავლებების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს უფლებამოსილი პირების ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებას.

ამაღლდება სურსათის ბიზნესოპერატორების ცოდნის დონე, დაიხვეწება მათი უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის წარმოებას და ბაზარზე განთავსებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ბიოწარმოების ხელშეწყობის მიმართულებით. დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი კომპეტენტური უწყების როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ, გაგრძელდება კამპანიები კერძო სექტორისა და ფერმერების, მედიისა და მომხმარებელის ცნობიერების ასამაღლებლად.

საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის და ამ შეთანხმებიდან სარგებლის მაქსიმიზაციისთვის, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება DCFTA-ის სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და დამხმარე ინსტრუმენტების შემუშავება, რათა ამ მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს.

ღონისძიება 3.6.2 – ვეტერინარია

უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის სრულყოფილი და ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რათა გაკონტროლდეს და თავიდან იქნეს აცილებული ცხოველების, ასევე ადამიანისთვის გადამდები და პოტენციურად საშიში დაავადებების გავრცელება. ეფექტიანი ვეტერინარული მომსახურების უზრუნველსაყოფად ჩართული იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი. ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო პროგრამები შემუშავდება/განხორციელდება არსებული და მოსალოდნელი რისკების საფუძველზე, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. რისკის საფუძველზე, შესაბამისი მექანიზმებითა და სიხშირით განხორციელდება ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლი.

სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით ვეტერინარიის სფეროში განსაზღვრულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის მიახლოება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ცხოველთა დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებების, ცოცხალი ცხოველების ჯანმრთელობის შემოწმების, ცოცხალ ცხოველსა და ცხოველურ პროდუქტებზე ვეტერინარული სერტიფიკაციის, ცხოველთა საკვების ჰიგიენის, მისი გამოყენების, ბაზარზე განთავსების, ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და კონტროლის მექანიზმებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

დაინერგება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ცხოველებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას, მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ, ქვეყნის შიგნით პირუტყვის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, საქონლის ხორცით ვაჭრობისას ეტიკეტირების, გამჭვირვალობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, ასევე, სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფას.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა დახმარებით შემუშავებულია ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა, რომლის საფუძველზეც მომზადდება გადამდები დაავადებების წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებათა სტრატეგიული გეგმები. განხორციელებული ღონისძიებებისა და სერომონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე 2020 წლისთვის სავარაუდოა, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ქვეყანას მიანიჭოს თურქულის დაავადებისაგან თავისუფალი ზონის სტატუსი, რაც მოხსნის ბარიერებს ევროკავშირის ქვეყნებში ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით.

მომდევნო წლებში ინფექციური დაავადებების დეტექციის მიზნით განხორციელდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევები. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება ცხოველთა იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია და სხვა ვეტსანიტარიული ღონისძიებები. ევროკავშირისა და OIE-ს მოთხოვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით, დაიხვეწება ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და კონტროლის სისტემები, შემუშავდება ცხოველის საკვების ჰიგიენის, გამოყენებისა და ბაზარზე განთავსებისა და კონტროლის მექანიზმები. OIE-ს მოთხოვნების შესაბამისად, დაიხვეწება ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმები და გაცემის წესი, რაც ხელს შეუწყობს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის ექსპორტს საქართველოდან. დაინერგება ბიოლოგიური ნარჩენების, მათ შორის ცხოველთა ლეშის განადგურების თანამედროვე მეთოდები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს დაავადების აღმძვრელების გავრცელებას და თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით.

ვეტერინარული სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია მისი კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, რისთვისაც მოხდება ვეტერინარული აკადემიური განათლების სისტემის დახვეწა და სრულყოფა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებით მიღწეულ იქნება ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა. მოსახლეობისათვის ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო ცხოველური პროდუქტებით უზრუნველყოფა, ხელი შეეწყობა ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ექსპორტის განვითარებას და ცხოველური წარმოშობის სურსათის ადგილობრივი პროდუქციის საიმედოობისადმი მომხმარებლების ნდობის ამაღლებას.

ღონისძიება 3. 6.3 – მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა

ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დაცვა წარმოადგენს ქვეყანაში ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის მიღწევისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მექანიზმს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლის შესანარჩუნებლად, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აუცილებელია საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლისა და დიაგნოსტიკური მიმართულების გაძლიერება, ქვეყნის ტერიტორიის ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება, საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დადგენა და მიღებული მონაცემების საფუძველზე ბრძოლის ღონისძიებების სწორი დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს. 2014 წლის სექტემბერში საქართველო ევროპის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) გაწევრიანდა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის ამაღლებას.

ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

  ფიტოსანიტარიისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი მიახლოება;

ქვეყანაში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა;

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ნაკლებად ტოქსიკური პესტიციდების შერჩევის მიზნით, პესტიციდების არსებული ასორტიმენტის გადაფასების პროგრამა.

პესტიციდების ინტენსიური გამოყენების რეგიონებში, მავნე ორგანიზმების გავრცელება-განვითარების წინასწარი პროგნოზირების სისტემის დანერგვის საფუძველზე, შემცირდება მცენარეებისა და გარემოს პესტიციდური დატვირთვა.

დაგეგმილია ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა და ფერმერთა სწავლება.

ქვეყნის ტერიტორიის რეგულირებადი მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან დაცვის მიზნით, გაგრძელდება მათი დიაგნოსტიკა, პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება.

შეიქმნება შესაფუთი ხის მასალის დამუშავებითა და მარკირებით, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული პროდუქციის წარმოებით, გადამუშავებითა და შენახვით, ექსპორტითა და იმპორტით დაკავებული ბიზნესოპერატორების რეესტრი. მცენარეებისა და მცენარეული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, დაიხვეწება ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა.

ქვეყანაში აღინიშება მცენარეთა დაცვის კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი, რის გამოც არ ხდება დარგში დაკავებული სპეციალისტების ცვლა ახალგაზრდა კადრებით. აუცილებელია აღდგეს აგრონომიული მეცნიერების ფუნდამენტური საგნების (ფიტოპათოლოგია, ენტომოლოგია, მცენარეთა ქიმიური დაცვა, მცენარეთა კარანტინი) სწავლება. პრობლემის გადასაჭრელად სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს განათლების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან.

ღონისძიება 3.6.4 – ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე 2003 წლიდან ამოქმედებული „ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის“ ფარგლებში სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ ქსელის შემადგენელი 11 ლაბორატორია (3 ზონალურ-დიაგნოსტიკური, 8 საველე) 2005-2009 წლებში გარემონტდა/აშენდა და აღიჭურვა განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის საჭირო უახლესი აპარატურით; პერსონალი ჩაერთო ფართომასშტაბიან, მრავალწლიანი სწავლების პროგრამაში, დაინერგა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები; ლაბორატორიული საქმიანობა წარიმართა ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის საერთაშორისო ნორმების თანახმად.  

ქვეყანაში ასეთი მძლავრი ლაბორატორიული ბაზის შექმნის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მისი პოტენციალის გამოყენება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ხელშემწყობი მიზნებისთვის. ამის უმთავრეს მიზეზი იყო ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობისა და ფიტო-სანიტარიული კონტროლის სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ 2005-2012 წლებში გატარებული რადიკალური დერეგულაციის პოლიტიკა.

2012 წლის შემდგომ, სოფლის მეურნეობის დარგისათვის და კონკრეტულად, ცხოველთა/მცენარეთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვენებლობის სფეროებისათვის პრიორიტეტის მინიჭებამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის განვითარების ახალი ეტაპის დაწყება განაპირობა. 2014 წლის დასაწყისიდან ლაბორატორიულ ქსელში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, მათ შორის: თბილისის სათავო ლაბორატორიამ მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია, დაინერგა ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა საკვების ექსპერტიზის განყოფილების მიერ წარმოებული სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების ჩამონათვალი; საბჭოთა სტანდარტებზე დაფუძნებული კვლევის მეთოდები (ГОСТ) ჩანაცვლდა საერთაშორისო სტანდარტებზე (ISO) დაფუძნებული მეთოდებით.

დაინერგა ცოფის დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდი და ბრუცელოზის დიაგნოსტიკის ახალი სეროლოგიური მეთოდი.

საქართველოს ეკონომიკის მზარდი ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ტურისტების ნაკადისა და სატრანზიტო გადაზიდვების ზრდა, განაპირობებს საქართველოში ინფექციური (ზოონოზური, საკვებისა და წყლისმიერი თუ ანთროპონოზური წარმოშობის) და მცენარეთა საკარანტინო დაავადებების გავრცელების საფრთხეებს და რისკს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ქვეყანაში წარმოებული ცხოველური, მცენარეული თუ სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტისთვის და ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს მოსახლეობის, ცხოველების, მცენარეების, საკვებისა და წყლის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება წარმოადგენს. ამ ამოცანების შესასრულებლად დაგემგილია სამინისტროს ლაბორატორიული ქსელის შესაძლებლობების გაძლიერება, მისი გარდაქმნა სურსათის კვლევის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიის სფეროში ეროვნულ რეფერალურ ცენტრად, რაც მოიცავს: ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურის, უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სისტემების განვითარებას ეროვნული რეფერალური ცენტრის ფუნქციის შესაბამისად; სამინისტროს მთლიანი ლაბორატორიული ქსელის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ISO 17025 სტანდარტის მიხედვით და სერტიფიცირებას ISO 9001-ის შესაბამისად; მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკისათვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობის აგებასა და აღჭურვას, თანამედროვე კვლევის მეთოდების დანერგვას და აკრედიტაციას; სურსათის ტესტირების შესაძლებლობების ევროკავშირის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად უახლესი აპარატურის შეძენას, კვლევის ახალი მეთოდების დანერგვასა და აკრედიტაციას; თანამშრომელთა გადამზადებას თანამედროვე მეთოდოლოგიებში; ახალი მეთოდების ვალიდაციას და მეთოდოლოგიების გაზიარებას დარგში მომუშავე კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიებისათვის; ქვეყნის მასშტაბით პროფესიული ტესტირების ორგანიზებას და წარმართვას ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის სფეროებში; საერთაშორისო (მათ შორის ევროკავშირის) რეფერალურ ცენტრებთან თანამშრომლობას; შერჩეულ პრიორიტეტულ დაავადებებზე (თურქული, ბრუცელოზი) OIE-ის რეფერალური ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო სამუშაოების/პროცედურების დეტალური გეგმის შედგენას და განხორციელებას; საქართველოსათვის ენდემური და ეგზოტიკური განსაკუთრებით საშიში ზოონოზური ინფექციური დაავადებების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის სრულყოფას „ერთიანი ჯანმრთელობის“ („გარემო-მცენარე-ცხოველი-ადამიანი“) კონცეფციაზე დაყრდნობით; ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაში (ლუგარის ცენტრი) ცხოველთა დაავადებების კვლევის პროგრამის დაფუძნებას; ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგების მონაცემთა ბაზების შექმნას; დადასტურებულ შემთხვევათა GIS ბაზის შექმნას და უწყვეტ განახლებას; მაღალპრეცესიული ხელსაწყოებით აღჭურვილ ინსტრუმენტული კვლევების დეპარტამენტში ცხოველთა საკვების, ფარმაცევტული პრეპარატებისა და პესტიციდების კვლევის სრული სპექტრის დანერგვას; სასწავლო პროგრამების შექმნასა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების წარმართვას საერთაშორისო აკრედიტაციის, ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის, ბიოუსაფრთხოება/ბიოდაცვის თემებზე.

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მივიღებთ ლაბორატორიული კვლევის მძლავრ ეროვნულ ქსელს, რომლის მიერ საერთაშორისო აკრედიტაცია/სერტიფიცირების გავლა უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის მიზნებისათვის ვარგისი კვლევების წარმოებას ქვეყნის მასშტაბით როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების კვლევის სფეროში.

ღონისძიება 3.6.5 – სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტისა და ექსპორტის კონტროლის მიზნით ვეტერინარული სასაზღვრო – საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო – საკარანტინო კონტროლის არსებული პრაქტიკის შეფასება და გაუმჯობესება

2006 წლამდე ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურები ახორციელებდნენ. 2006 წელს აღნიშნული ფუნქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადაეცა, რომელიც კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების – FAO, OIE და IPPC-ის მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე. 2014 წელს შემოსავლების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაბამისი ცვლილებები შევიდა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის წესებში. დაიხვეწა კონტროლის განხორციელების მექანიზმები, კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტებისა და ტვირთების ნუსხა, ნებართვას დაქვემდებარებული ტვირთების ჩამონათვალი, შეთანხმდა ინფორმაციის გაცვლის პრინციპები.

ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს, მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაუტარდებათ ტრენინგები. გაუმჯობესდება კოორდინაცია ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურსა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ შორის.

სტრატეგიული მიმართულება 3.7: კლიმატის ცვლილებები, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

ღონისძიება 3.7.1 – „კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის“ პრინციპებით ხელმძღვანელობა, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი გარემოსდაცვითი პროგრამების შემუშავება

გარემოს დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება კვლავაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო წაახალისებს მაღალპროდუქტიული და მდგრადი წარმოების მეთოდების დანერგვას. კერძოდ, „კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის“, თესლბრუნვის, ნიადაგის სტრუქტურული და ხარისხობრივი გაუმჯობესების, ქიმიური სასუქებისა და პრეპარატების ოპტიმალური რაოდენობით გამოყენების ხელშეწყობას. პირველადი და გადამმუშავებელი საწარმოების დონეზე განხორციელდება ბიოორგანული წარმოების ხელშემწყობი ღონისძიებები. აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური სახეობების შენარჩუნების მიზნით, შეიქმნება ეფექტიანად მართვადი გენეტიკური ბანკი. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციას გაუწევს გლობალური კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პრევენციული და ადაპტური ზომების შემუშავებას.

„კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“, რომლის მიზანია უსაფრთხო და მაღალხარისხოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება, უზრუნველყოფს ეფექტიან და სტაბილურ წარმოებას, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას, შენარჩუნებას და დეგრადაციის პროცესის შემცირებას. – ამ მიზნით ჩატარდება სემინარები და ტრენინგები (თესლბრუნვა, პესტიციდებისა და სასუქების გამოყენება, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენება და ა.შ). ასევე, შემუშავდება და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული პრაქტიკის დასანერგად. განიხილება ორგანული წარმოების არსებული პოტენციალი, აკრედიტაციის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობის ჩათვლით.

კავკასიის რეგიონი, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოსისტემას წარმოადგენს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოორდინირებულად ითანამშრომლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და მეზობელი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების/დაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გარემოსთან ადაპტაციისა და ნიადაგის დეგრადაციის (გაუდაბნოება, დამლაშება, გაბიცობიანობა, ეროზირება) წინააღმდეგ ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით.

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება აგრარული ეკოსისტემების და ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მართვის სრულყოფისაკენ მიმართული ქმედებები.

დაინერგება ბიომეურნეობების შექმნის, წახალისების, მდგრადი მართვის და მათი სერტიფიცირების სისტემები.

ეკოსისტემური მიდგომის გათვალისწინებით, დაინერგება საქართველოს შიდა წყალსატევებში აკვაკულტურის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები.

 ღონისძიება 3.7.2 – აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური ბანკის შექმნა/მართვა 

კავკასიის რეგიონი გამოირჩევა სასოფლო-სამეურნეო მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების ჯიშების მრავალფეროვნებით. არსებული აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის მდგრადობის თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა კლიმატის ცვლილებების პირობებში, რადგან კლიმატის ცვლილების გამო მოსალოდნელია აგრობიომრავალფეროვნების შემცირება, პირველ რიგში, არიდულ და ნახევრად არიდულ ეკოსისტემებში.

შემუშავდება და განხორციელდება მცენარეთა და ცხოველთა კონსერვაციის სტრატეგია, რაც მოიცავს ადგილობრივი სახეობებისა და ჯიშების დეტალურ ინვენტარიზაციას, იდენტიფიკაციას, გენეტიკური ბანკის შექმნას და ამ მიმართულებით ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. განხორციელდება ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინფორმირების პროგრამა აგრო-ბიომრავალფეროვნებასა და ენდემური სახეობების შესახებ.

განხორციელდება მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივი ჯიშებისა და ენდემური სახეობების, მათი მონათესავე ველური პოპულაციების, სხვა სოციო-ეკონომიკური თუ კულტურული მნიშვნელობის მქონე სახეობების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებისათვის საჭირო ღონისძიებები.

ღონისძიება 3.7.3 – კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანეგვის ხელშეწყობა

სასოფლო-სამეურნეო წარმოება მჭიდროდ უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, რაც ზრდის რისკებს და ნეგატიურად აისახება ფერმერებისა და სხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, რომელიც ერთდროულად უპასუხებს სამ ურთიერთგადამკვეთ გამოწვევას: სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოებისა და შემოსავლების გაზრდის გზით, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა.

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დამკვიდრება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მონაწილოებას მიიღებს შესაბამისი საერთოეროვნული და რეგიონალური პროგრამების შემუშავებაში.

შესაბამისი გადამზადების პროგრამის გამოყენებით, გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული მიდგომების გამოყენების მიმართულებით.

კვლევის შედეგად შეფასდება კლიმატის ცვლილების ზეგავლენა სოფლის მეურნეობაზე. შეიქმნება საინფორმაციო ბაზა, კლიმატის ცვლილებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შესახებ. პრაქტიკაში დაინერგება აგროკლიმატური მონიტორინგის, ანალიზის, შედეგების საკომუნიკაციო და სხვა მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სისტემა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით შემუშავდება ბუნებაში გაჩენილი ხანძრების პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც გამიჯნული იქნება კომპეტენციები და აღნიშნული საკითხის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებები.

4. დაფინანსება

სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სესხები, გრანტები, დახმარებები, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციები და სხვა წყაროები. საწყის ეტაპზე მეტი აქცენტი გაკეთდება მთავრობისა და დონორებისგან მიღებულ დაფინანსებაზე, ხოლო შემდეგ, როცა შეიქმნება შესაბამისი გარემო, კერძო სექტორის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში.

5. დასკვნითი ნაწილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის განხორციელება უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდასა და კომერციალიზაციას. სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და დარგობრივი განვითარების პროგრამები, რომელიც წარმოდგენილი იქნება პრიორიტეტების, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წყაროების გათვალისწინებით.

სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებს, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფას, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიან ფუნქციონირებას, ფერმერთა გადამზადებას საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებულ განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნას, სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას, შესაბამისი მოქნილი საკანომდებლო ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას.

სტრატეგიის განხორციელების პროცესში, ასევე, შეგროვდება ინფორმაცია გენდერულ ჭრილში შემდგომში დეტალური ანალიზის ჩასატარებლად, რაც საჭირო იქნება ისეთი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების ჩართულობას სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესში. შემუშავდება სპეციალური პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება გენდერული თანასწორობის, უმცირესობების, ხანდაზმულების, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობის, ნაკლებად განვითარებული რეგიონების და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები.

სტრატეგია ითვალისწინებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას (დაახლოების შეთანხმებული ვადების შესაბამისად), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებთან მაქსიმალურ მიახლოებას და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

თანამედროვე მიდგომები, ინოვაციები და ტექნოლოგიები განაპირობებს წარმოების ოპტიმიზაციასა და ეკონომიკური საქმიანობის წარმატებით განვითარებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების (სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, ა(ა)იპ „პროექტების მართვის სააგენტო“ , შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“, სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“, ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“) ჩართულობა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირება. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ასევე გათვალისწინებული იქნება ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საქართველოს ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნება ექსპერტთა საბჭო – სათათბირო ორგანო, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

სტრატეგიის განხორციელების პროცესში შემუშავდება მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელიც თითოეული ღონისძიებისა და პროგრამის მიხედვით დაეფუძნება შეფასების კონკრეტულ ინდიკატორებს, მათ შორის, როგორებიცაა: ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ექსპორტზე ორიენტირებულ დარგებში წარმოების ზრდა, აგროსასურსათო სექტორში უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირების ტენდენცია, სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულების ზრდა, აგრობიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდა, პირველად წარმოებაში პროდუქტიულობის ზრდა, ნათესი და ნარგავი ფართობების ზრდა, წყალუზრუნველყოფილი და დაშრობილი ფართობების ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება სოფლად, აგროსასურსათო სექტორში საკრედიტო პორტფელის მოცულობა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა და სხვ. პერიოდული მონიტორინგი და შეფასება უზრუნველყოფს მიღებული სარგებლის დადგენას და შედეგების შესაბამისობას მიზნებთან. შედეგებზე ორიენტირებული შეფასებისა და მონიტორინგის საფუძველზე ჩამოყალიბებული რეკომენდაციების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმაში შევა და განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.

 



 

1 ნათესი ფართობების ამსახველი ინფორმაციის მკვეთრი ვარდნა , სავარაუდოდ , გამოწვეულია საქსტატის მიერ სტატისტიკური მეთოდოლოგიის შეცვლით 2005-2006 წლებში.

2 მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული მიწათმოსარგებლის/ფერმერის სტატუსი, აქედან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალური კომისია და შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, შემუშავდება ფერმერის სტატუსის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესი.

3 საქსტატი

4 საქსტატი

5 სოფლის მეურნეობის სამინისტრო (2008), სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის მიმოხილვა 2000-2007 გვ.13

6 საქსტატი

8 ეროვნული რეაბილიტაციის პროგრამათესლისა და სანერგე მასალის წარმოების სექტორი საქართველოში – FAO-2014.