საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 110060010.22.027.016567
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
62
13/02/2015
ვებგვერდი, 13/02/2015
110060010.22.027.016567
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/02/2015 - 12/10/2016)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №62

2015 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი




საქართველოს მთავარი პროკურატურის

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების  დეპარტამენტის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში - მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე.

მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)  სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებზე საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დადგენილ საქმეებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის  სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა.

ვ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;

გ) აუქმებს დეპარტამენტის მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს;

დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას;

ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ვ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;

ზ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის   მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის) მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

მ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

ბ) გამოითხოვს საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, იძლევა წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებო-ოპერატიული გეგმის თაობაზე, მონაწილეობს გამოძიების წარმოებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად აწარმოებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის დავალებით იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს;

გ) აუქმებს დეპარტამენტის მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე;

დ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით მთავარი პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 5. დეპარტამენტის მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის  უფროსი პროკურორები;

ბ) დეპარტამენტის პროკურორები;

გ) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;

დ) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;

ე) დეპარტამენტის  მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;

ვ) დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. დეპარტამენტის  მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

3.  დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;

ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;

გ)  დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ საქმეებზე ახორციელებენ  პირველ, სააპელაციო  და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;

დ) ახორციელებენ დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

ე) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს.

4. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.

5. დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.

6. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.