დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 134 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018519 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №134
2015 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 10.1.8 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 08) და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ საკუთარი სახსრებიდან.
3. დაევალოს ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების შესყიდვის სუბსიდირების გზით, აღნიშნული პროექტის განხორციელება.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ა(ა)იპ ,,სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი: 37 01 08) ფარგლებში, მონიტორნიგის მიზნებისთვის ავტომანქანის ქირავნობის, სატელევიზიო და ბეჭდური მედიის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების (ვიდეო რგოლ(ებ)ის და სარეკლამო სტატიების დამზადება-განთავსება) და ხვნის ბარათების განაღდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა დაზუსტებული მონაცემების მიწოდება, ხვნის ბარათების დარიგების განხორციელება და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხვნის სამუშაოების შესრულების კოორდინაცია.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი
მუხლი 1. პროექტის მიზანი და ამოცანები
1.„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ (შემდგომში - პროექტი) მიზანია 2015 წლის საგაზაფხულო სასოფლო–სამეურნეო პირველადი წარმოების აგროტექნოლოგიური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობით მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირების გაგრძელება მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოსაყალიბებლად.
2. პროექტის ამოცანებია:
ა) ერთწლიანი კულტურების წარმოების აგროტექნიკური (ხვნა) ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა სუბსიდიის გზით;
ბ) იმ მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობა სუბსიდიის გზით (სასუქით ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებით ან/და სათესლე და სარგავი მასალით უზრუნველყოფა), რომელთაც თავიანთ მიწის ნაკვეთებზე მხოლოდ მრავალწლიანი კულტურები აქვთ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი - ფიზიკური პირი (ფერმერი), რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს 1.25 ჰა. ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
ბ) სარგებელი - ბენეფიციარების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების შესყიდვის სუბსიდირება სააგენტოს მიერ;
გ) სააგენტო - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო;
დ) ხვნის ბარათი - მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელზეც აღნიშნულია ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხვნის მომსახურების მისაღებად;
ე) აგრობარათი - საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა „აგრობარათი“, რომელზეც ჩაირიცხება ქულები და რომელიც გამოიყენება ბენეფიციარის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის (სასუქი ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებები ან/და სათესლე და სარგავი მასალა) შესყიდვის მიზნით (ერთი ქულა უდრის ერთ ლარს);
ვ) შპს „მექანიზატორი“ - სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
ზ) მიმწოდებელი - სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი, რომელთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;
თ) სამუშაოს შემსრულებელი - ხვნის ბარათით გათვალისწინებული სამუშაოს შემსრულებელი, რომელთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.
მუხლი 3. პროექტის აღწერა
1. პროექტის წარმატების უმნიშვნელოვანეს საწინდარს წარმოადგენს ბენეფიციართა ზუსტი სიების დადგენა. 2014 წლის მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა რაოდენობამ 757,145 ფერმერი შეადგინა, რომელთა მფლობელობაში იყო 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ფართობები. 2014 წელს (2013 წლისგან განსხვავებით) ბენეფიციართა რაოდენობას დაემატა თვითმმართველი ქალაქების (თბილისი, ბათუმი) ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავები) მფლობელები. 2015 წელს მათ დაემატება რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების მფლობელებიც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით დააზუსტებენ პოტენციური ბენეფიციარების სიას.
2. 2015 წელს პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომლებსაც ისინი იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.
3. ბენეფიციარები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და ისინი მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. 2014 წელს განხორციელებული საგაზაფხულო პროექტის მონაცემებით, 227,590 ბენეფიციარის სარგებლობაშია 31,629 ჰა მიწის ფართობი (0-დან 0,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი). 0,25-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი ფართობის მქონე 529,555 ბენეფიციარის სარგებლობაშია 319,339 ჰა მიწის ფართობი. №1 ცხრილში მოცემულია ფერმერების რაოდენობის განაწილება რეგიონების და კატეგორიების მიხედვით, 2014 წლის საგაზაფხულო პროექტის მონაცემების შესაბამისად.
ცხრილი №1
4. პოტენციური ბენეფიციარების სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების და გამორჩენილი ბენეფიციარების დამატების შემდეგ, 2014 წლის მონაცემებით არსებულ 757,145 ბენეფიციარს 2015 წელს დაემატება დაახლოებით 43,000 ბენეფიციარი და 2015 წელს პროექტის პოტენციური ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა იქნება 800,000.
მუხლი 4. ფერმერებისთვის სარგებლის გადაცემა
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარები სარგებელს მიიღებენ ორი გზით:
ა) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღებენ ხვნის ბარათს, რომლითაც შეისყიდიან ხვნის მომსახურებას სააგენტოს კონტრაქტორებისგან;
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, 2014 წლის პროექტის ბენეფიციარები ისარგებლებენ მათ მფლობელობაში არსებული აგრობარათებით, ხოლო ახალ ბენეფიციარებს დაურიგდებათ ახალი აგრობარათები, რომლებითაც შეისყიდიან სასოფლო-სამეურნეო საქონელს სააგენტოს კონტრაქტორებისგან.
მუხლი 5. ხვნის ბარათის და აგრობარათის დარიგება
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებული სიების მიხედვით, ბენეფიციარებისთვის ხვნის ბარათების დაბეჭდვის ორგანიზებას განახორციელებს სააგენტო. დაბეჭდილ ხვნის ბარათებს სააგენტო გადასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, ბენეფიციარებისათვის მათი შემდგომი დარიგების მიზნით.
2. ბენეფიციარებისათვის აგრობარათები დარიგებულია 2014 წელს სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ და მათი მოქმედების ვადა 10 წელს შეადგენს. შესაბამისად, 655,453 ბენეფიციარს მიღებული აქვს აგრობარათები, ხოლო 2015 წელს დამატებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, აგრობარათები აიღონ სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში. იმ ბენეფიციარებს, რომელთაც დაზიანებული ან დაკარგული აქვთ აგრობარათები, საშუალება ექნებათ, სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში განაახლონ თავიანთი ბარათები. სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას სს „ლიბერთი ბანკთან“, რომელიც გაითვალისწინებს ბენეფიციართათვის ახალი ან/და დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების დარიგებას და მათ შემდგომ მომსახურებას.
მუხლი 6. სარგებლის სახეები
1. ბენეფიციარს პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ გააჩნია სახნავი მიწის ნაკვეთი, მას სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად, აგრობარათზე ქულების ჩარიცხვის გზით.
2. ბენეფიციარები, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიების მიხედვით, მიიღებენ შემდეგი სახის სარგებელს:
ა) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 50 ლარის ოდენობის სარგებელს სასოფლო-სამეურნეო საქონლის სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან შესყიდვის მიზნობრიობით;
ბ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან (ჩათვლით) - 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით), სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნობრიობით;
გ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან (ჩათვლით) - 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მათ გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით) სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით.
3. აგრობარათზე არსებული ქულების და ხვნის ბარათის განაღდების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 დეკემბერი.
4. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აგრობარათებზე დარიცხული ქულების ათვისება 2015 წლის 1 დეკემბრამდე, სააგენტო მოახდენს გაუნაღდებელი ქულების ანულირებას.
მუხლი 7. სააგენტოს კონტრაქტორები
1. სააგენტო შეიმუშავებს მოთხოვნებს პროექტის ფარგლებში ხვნის მომსახურების მიმწოდებლებისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლების მიმართ. ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოხდება მათი შერჩევა და მათთან ხელშეკრულების გაფორმება.
2. შპს „მექანიზატორი“ და სამუშაოს შემსრულებელი სხვა მეწარმე სუბიექტები პროექტის განხორციელებისას, ბენეფიციარ(ებ)ს გაუწევენ ნიადაგის ხვნის სამუშაოებს. გაწეული მომსახურების საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს. კერძოდ, ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას სააგენტოს კონტრაქტორი შეძლებს სააგენტოს კონტრაქტორ ბანკში. ხოლო შპს „მექანიზატორის“ მიერ ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას უზრუნველყობს სააგენტო. შპს „მექანიზატორი“ სამუშაოს სხვა შემსრულებლებთან ერთად დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს ნიადაგის ხვნის ჩასატარებელ სამუშაოებს.
3. სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, აგრობარათის ქულების სანაცვლოდ, პროექტის ბენეფიციარებს გადასცემენ სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე და სარგავ მასალებს. საქონლის შესყიდვის საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს.
4. პროექტი ითვალისწინებს, ერთიანფართობში მდებარე, პროექტის ბენეფიციარების მომიჯნავე 0.25 ჰა-ზე მიწის ნაკვეთების მოხვნას ხვნის ბარათის გარეშე (უბარათო ხვნა), ისე, რომ ასეთი მიწის ნაკვეთების მფლობელ ბენეფიციარებს შეუნარჩუნდეთ სხვა სახის სარგებელი. ასეთი სახის ნაკვეთების ხვნის სამუშაოებს ჩაატარებს შპს „მექანიზატორი“. სააგენტო შესრულებული სამუშაოს ღირებულებას აუნაზღაურებს შპს „მექანიზატორს“ ბენეფიციარის სასარგებლოდ, შპს „მექანიზატორის“ მიერ ბენეფიციარებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
მუხლი 8. ბანკების მიერ გაწეული მომსახურება
სააგენტო ბანკებთან დადებს კონტრაქტს ორი სახის მომსახურებაზე:
ა) აგრობარათის მომსახურებაზე სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას სს „ლიბერთი ბანკთან“, რომელიც ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:
ა.ა) დამატებითი ბენეფიციარებისთვის აგრობარათების დამზადება და დარიგება;
ა.ბ) არსებული ბენეფიციარების დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების განახლება და დარიგება;
ა.გ) აგრობარათებზე ქულების ჩარიცხვა;
ა.დ) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის პოს ტერმინალების მიწოდება;
ა.ე) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიების ანგარიშებზე ქულების ეკვივალენტური ოდენობის თანხის გადარიცხვა;
ა.ვ) აგრობარათით შესრულებული ტრანზაქციების შესახებ სააგენტოსათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება;
ბ) სააგენტო შეარჩევს და გააფორმებს ხელშეკრულებას რამდენიმე ბანკთან, რომლებსაც საშუალება ექნებათ, სამუშაოს შემსრულებლებს მომსახურება გაუწიონ და გაუნაღდონ ხვნის ბარათები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.
მუხლი 9. ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
1. სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით, უზრუნველყოფს პერსონალური ხვნის ბარათების დაბეჭდვას და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემას, შემდგომში პროექტის ბენეფიციარებისათვის დარიგების მიზნით. სააგენტო ხელშეკრულებებს გააფორმებს სამუშაოს შემსრულებელ და სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ კომპანიებთან. სააგენტო განახორციელებს კონტრაქტორი კომპანიების მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობის მონიტორინგს.
2. სააგენტო ხელშეკრულებებს გააფორმებს ბანკებთან, რომლებიც შემდეგი სახის მომსახურებას გაუწევენ სააგენტოს:
ა) სამუშაოს შემსრულებლებს გაუნაღდებენ ხვნის ბარათებს;
ბ) ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ლიბერთი ბანკი“ უზრუნველყოფს ახალ ბენეფიციართათვის აგრობარათების დარიგებას, არსებული ბენეფიციარებისათვის დაკარგული ან/და დაზიანებული ბარათების განახლებას და დარიგებას და შემდგომ მომსახურებას. სააგენტო კოორდინაციას გაუწევს ამ ბენეფიციარებისთვის აგრობარათების დარიგების პროცესს.
3. სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ბენეფიციარების სიებს გადასცემს სს „ლიბერთი ბანკს“, ფერმერებისთვის აგრობარათების დასამზადებლად.
4. სააგენტო უზრუნველყოფს პროექტით განსაზღვრული ყველა პროცესის სათანადო აღრიცხვის წარმოებას. პროექტის დასრულების შემდეგ სააგენტო მოამზადებს ანგარიშს პროექტის განხორციელების შესახებ.
მუხლი 10. პროექტის ფინანსური ნაწილი
პროექტის ბიუჯეტი (ცხრილი №2):
ა) პროექტის ბენეფიცარების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 800,000 ფერმერს. აქედან, 240,357 ბენეფიციარი მიიღებს ფიქსირებული 50 ლარის ოდენობის სარგებელს, სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნით, რომლის ჯამური ღირებულება იქნება 12,017,855 ლარი;
ბ) 500,650 ბენეფიციარი მიიღებს 42,914,204 ლარის ოდენობის სარგებელს ნიადაგის ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნით. 58,993 ბენეფიციარი მიიღებს 4,212,094 ლარის ოდენობის სარგებელს, სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნით;
გ) სულ, პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს სარგებლის სახით გადაეცემათ 59,544,153 ლარის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნით;
ცხრილი №2
კლასიფიცაცია | ბენეფიციარების რაოდენობა | ფართობი, ჰა | ხვნის სარგებელი | ქულების სარგებელი | სულ სარგებელი |
0.25-1.25 ჰა სახნავი | 500,650 | 306,530 | 42,914,204 | - | 42,914,204 |
0.25-1.25 ჰა მრავალწლიანი | 58,993 | 30,086 | - | 4,212,094 | 4,212,094 |
0-0.25 ჰა სახნავი | 196,721 | 28,048 | - | 9,836,060 | 9,836,060 |
0-0.25 ჰა მრავალწლიანი | 43,636 | 5,355 | - | 2,181,794 | 2,181,794 |
მასივების ხვნა | - | - | - | - | 400,000 |
ჯამი | 800,000 | 370,019 | 42,914,204 | 16,229,948 | 59,544,152 |
დ) პროექტის განხორციელების საოპერაციო ხარჯები შეადგენს 1,595,000 ლარს, ხოლო პროექტის განხორციელების ბიუჯეტი - 61,139,153 ლარს.
მუხლი 11. პროექტის დაფინანსების წყაროები
პროექტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სახელმწიფო ხაზინიდან), საიდანაც გამოყოფილია 50,000,000 ლარი, ხოლო დანარჩენი დაფინანსდება სააგენტოს მიერ.
მუხლი 12. პროექტის მონიტორინგი
სააგენტო განახორციელებს ფერმერებისათვის ხვნის ბარათების და აგრობარათების დარიგების პროცესის მონიტორინგს. სააგენტო აგრეთვე განახორციელებს კონტრაქტორი კომპანიების მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობის მონიტორინგს.
დოკუმენტის კომენტარები