საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - გადაწყვეტილება 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - გადაწყვეტილება 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"
დოკუმენტის ნომერი 1/1/548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 22/01/2015
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016031
  • Word
1/1/548
22/01/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
000000000.00.000.016031
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - გადაწყვეტილება 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/1/548

 

2015 წლის 22 იანვარი

ქ. ბათუმი

 

 

კოლეგიის შემადგენლობა :

 

1. კონსტანტინე ვარძელაშვილისხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე

3. ქეთევან ერემაძეწევრი;

4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.

 

სხდომის მდივანი :   ლილი სხირტლაძე.

საქმის დასახელება : საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

დავის საგანი : საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი : მოსარჩელე ზურაბ მიქაძე და მისი წარმომადგენელი კობა კობახიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ზურაბ მაჭარაძე. 

 

 

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1.                     საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №548) მიმართა საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 24 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 10 ივნისს.

2.                     საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის №1/4/548 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

3.                     საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2013 წლის 29 ნოემბერს.

4.                     №548 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

5.                     მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და  169-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

6.                     საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”, ხოლო ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით“. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა“. აღნიშნული სადავო ნორმებით დადგენილია პირის ბრალდებულად ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის მტკიცებულებითი სტანდარტები, ასევე, ირიბი ჩვენების დასაშვებობის კრიტერიუმები.

7.                     2013 წლის 14 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“.

8.                     საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

9.                     მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის ბრალდებულად ცნობა და მსჯავრდება შესაძლებელია განისაზღვროს არა უტყუარი მტკიცებულებების, არამედ ორი ირიბი ჩვენების, როგორც ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ორი ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობა და მსჯავრდება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.

10.                 საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებას საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე.. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ და ამერიკის უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებას საქმეზე „სტოგნერი კალიფორნიის წინააღმდეგ“.

11.                 მოსარჩელე მხარემ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იურიდიულ დოქტრინაში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებები. „ირიბი ჩვენება“, მოსარჩელის აზრით, არასწორი ცნებაა და მისი დამკვიდრება სისხლის სამართლის პროცესუალურ კანონმდებლობაში შეცდომისკენ უბიძგებს კანონის გამომყენებელს. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის ახალი რედაქციის ჩანაწერი ირიბ ჩვენებას მაშინ აცხადებს დასაშვებ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოსარჩელის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა, რომ ირიბი ჩვენება, რომელიც დაეფუძნება სხვა ირიბ, ანუ არაპირდაპირ მტკიცებულებას, ერთობლიობაში საფუძვლად დაედოს პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. მისი აზრით, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია სავსებით შესაძლებელია, რაც მოსამართლეს ანიჭებს თავისუფლებას, ორ არაპირდაპირ მტკიცებულებას დააფუძნოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნული მსჯელობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურობის მთავარი ინდიკატორია.

12.                 მოსარჩელემ ასევე ხაზი გაუსვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს და გამოყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი კრიტერიუმები. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და სახეზე უნდა იყოს ამ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მისი აზრით, ამ ნორმის უმთავრესი ხარვეზი გამოიხატება იმაში, რომ აქ მოხსენიებული არ არის „უტყუარობის“ კონსტიტუციური სტანდარტი. ასეთი მოცემულობა კი უშვებს ნორმის არაერთგვაროვანი წაკითხვის ალბათობას. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი ლოგიკით ტყუილიც შეიძლება იყოს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული, რაც დაეფუძნება გამამტყუნებელ განაჩენს. ყოველივე ეს, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს.     

13.                 მოსარჩელე მხარის განცხადებით, სისხლის სამართლის 169-ე მუხლის პირველ ნაწილსაც ანალოგიურად აქვს „უტყუარობის“ პრობლემა. კერძოდ, იგი შესაძლებლობას იძლევა, პირის ბრალდებულად ცნობისთვის გამოყენებული იქნეს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც არ არის თავისი არსით უტყუარი, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-40 მუხლის სტანდარტს.

14.                 მოსარჩელე მხარემ უარყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის კრიტერიუმების გამოყენების შესაძლებლობა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმა ეხება სისხლის სამართლის პროცესს ზოგად ასპექტში. კერძოდ, იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოძიების დაწყება, შეფასდეს მტკიცებულებები და მათი რელევანტურობა ბრალდების მხარის მიერ. რაც შეეხება სასამართლოს, იგი განაჩენის გამოტანისას  არ უნდა იღებდეს მხედველობაში აღნიშნული ნორმით დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლზე აპელირება, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ვერ მოხსნის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის პრობლემას.

15.                 ზემოაღნიშნული არგუმენტაციის საფუძველზე, მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

16.                 მოპასუხე მხარემ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ნორმები სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ „უტყუარობის“ სტანდარტს. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სისხლის სამართლის პროცესი არის ერთი დიდი ერთობლიობა და სადავო ნორმები არ უნდა შეფასდეს როგორც ცალკე აღებული მოცემულობა. ისინი განხილული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სხვა ნორმებთან ერთად. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში კი საუბარია, რომ „მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. მოპასუხე მხარის განმარტებით, ნებისმიერ ირიბ თუ არაირიბ მტკიცებულებას, რომელიც წარედგინება სასამართლოს, არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სწორედ მოსამართლემ უნდა შეაფასოს იგი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ასეთი ტესტის გავლის შემდეგ დაუდოს საფუძვლად საბოლოო განაჩენს. მოპასუხის აზრით, კანონი მოსამართლეს ანიჭებს გადამწყვეტ როლს მტკიცებულებების შეფასების პროცესში, რაც, თავის მხრივ, სრულად შეესაბამება კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილ სტანდარტებს.

17.                 მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ კანონით განსხვავებული მტკიცების სტანდარტები არსებობს სისხლის სამართლის პროცესის თითოეული სტადიისთვის. ესენია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინები: „დასაბუთებული ვარაუდი“, „ალბათობის მაღალი ხარისხი“ და „გონივრულ ეჭვს მიღმა“, რომლებიც  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლისთვის წარმოადგენენ სახელმძღვანელო სტანდარტებს. მოპასუხის განცხადებით, მოსამართლე სისხლის სამართლის პროცესის თითოეულ სტადიაზე, სწორედ ამ სტანდარტების გამოყენებით, ერთნაირად აფასებს მტკიცებულებებს რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და თუ მას, როგორც ობიექტურ პირს, ერთობლიობაში შეექმნება საკმარისი კანონიერი საფუძველი, მაშინ მიიღებს შესაბამის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, აღნიშნული სტანდარტები სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან.

18.                 მოპასუხე მხარის განმარტებით, არსებული კონსტიტუციური დავის არსი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილს უკავშირდება. ამ ნორმაზე დიდწილადაა დამოკიდებული დანარჩენი სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების საკითხი. მოპასუხე მხარის მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მითითებულ ნორმაში შეტანილმა ცვლილებამ გაცილებით აამაღლა „უტყუარობის“ კონსტიტუციური სტანდარტი. ახალი მოცემულობით, მოსამართლე ვერ დაეყრდნობა ორი ირიბი ჩვენების ტანდემს გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული ცვლილება პირდაპირ მიემართება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილსა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლის პირველ ნაწილს. მოცემული ორივე სადავო ნორმა პირდაპირ მიუთითებს მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, როგორც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელ ელემენტზე. მოპასუხის აზრით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილში შეტანილი ცვლილების შემდეგ ვერ შედგება ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვინაიდან ირიბი ჩვენება მაშინ არის დასაშვები, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ასეთი მტკიცებულება კი შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც ირიბ ჩვენებას მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდის დასაშვებს.

19.                 საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონმდებლობის მიხედვით, სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, საქმეზე წარმოების გაგრძელებისთვის აუცილებელია, მოსარჩელემ დაასაბუთოს საქმის გაგრძელების განსაკუთრებული მნიშვნელობა მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით. მოპასუხის აზრით, მოსარჩელემ ამ კუთხით ვერ შეძლო სასამართლოსთვის საკმარისი არგუმენტაციის წარდგენა, რაც უნდა გახდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის ასპექტში საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველი. რაც შეეხება ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილსა და 169-ე მუხლის პირველ ნაწილს, მოპასუხე მხარის განცხადებით, ზემოაღნიშნული არგუმენტაციის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში არ უნდა დააკმაყოფილოს კონსტიტუციური სარჩელი.  

 

 

I I

სამოტივაციო ნაწილი

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დაცული სფერო

1.                  საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით,  დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

2.                  აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს  სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს  უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ  პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

3.                  აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ასევე უკავშირდება კონსტიტუციის ამავე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. კონსტიტუციური დებულება, რომ „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ქმნის ბრალდებულის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ  „...პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლებითა და საპროცესო გარანტიებით სრულყოფილ სარგებლობას. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა წარმოადგენდეს სამართალწარმოების ობიექტს და უნდა აღიჭურვოს დაცვის იმ მექანიზმებით, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546- მუხლის და ამავე კოდექსის 518- მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, II-11).

4.                  მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია თუ არა ბრალის წარდგენა ან განაჩენის გამოტანა ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც არ არის უტყუარი, წარმოშობს  თუ არა ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობა კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკს, არსებობს თუ არა  საფრთხე იმისა,  რომ განაჩენი გამოტანილი იქნეს საეჭვო, ყალბ ან არასანდო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. სასამართლომ უნდა შეამოწმოს შეიცავს თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად იქნეს დადასტურებული. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, აუცილებელია როგორც სადავო ნორმების შინაარსის, ასევე სისხლის სამართლის პროცესში ირიბი ჩვენების მნიშვნელობის, მისი  არსის განმარტება. 

5.                  სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს,  რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი). ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო  მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს,  რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

6.                  ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

7.                  უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას - უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა ბრალის დასაბუთებისას გამოიყენოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებსაც ის უტყუარად მიიჩნევს, რომელთა სანდოობაში, ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

8.                   სწორედ ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო, რომლის ძირითად ამოცანას დანაშაულის გამოძიება და მისი პრევენცია წარმოადგენს, კანონმდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოძიებისთვის საჭირო ეფექტური და, ამავე დროს, მკაფიოდ ფორმულირებული, განჭვრეტადი სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებიც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში სავარაუდო შეცდომის ან თვითნებობის საფრთხეს არსებითად გამორიცხავს. კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს იმ მინიმალურ გარანტიებს, რომლებიც გამორიცხავს პოტენციურად მცდარი, საეჭვო მტკიცებულებების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესაძლებლობას.

9.                  ამ მხრივ საყურადღებოა სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებელია, „თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“. აღნიშნული ნორმა შეიცავს მტკიცებულებების ავთენტურობის შემოწმების მოთხოვნას (ვალდებულებას). მისი მიზანია, გამორიცხოს ყალბი, სახეშეცვლილი და, ამ მხრივ, არასანდო მტკიცებულებების გამოყენების შესაძლებლობა.

10.              ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი დამატებით ადგენს, რომ „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამ ნორმის თანახმად, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა უნდა შეამოწმოს, არის თუ არა წარმოდგენილი მტკიცებულება კანონით დაშვებული,  შეიცავს თუ არა ის საქმისთვის რელევანტურ, მნიშვნელოვან ინფორმაციას, კანონით დადგენილი წესით შეამოწმოს, რამდენად ადასტურებს იმ ფაქტსა თუ გარემოებას, რომლის დასამტკიცებლადაც არის წარმოდგენილი.

11.              თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობას – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მტკიცებულებების შეფასებისას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, შინაგანი რწმენის საფუძველზე უნდა მოქმედებდეს, თუმცა ეს ვერ იქნება შეცდომისაგან ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის საკმარისი გარანტია. კანონმდებელმა უნდა აღჭურვოს საქმის განმხილველი სასამართლო შესაბამისი სახელმძღვანელო ნორმებით, რომელიც საქმის გადაწყვეტის პროცესში გამორიცხავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც თავისი ბუნებით ან შინაარსით შეიძლება არ იყოს სანდო, და ამდენად, შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელ ორგანოს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგანი რწმენის საფუძველზე შეაფასოს მტკიცებულებათა სანდოობის ხარისხი.

12.              მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონი უნდა ითვალისწინებდეს სახელმძღვანელო ნორმებს, რომლებიც უფლებამოსილ პირს შესაძლებლობას მისცემს, გადაწყვეტილება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღოს. მისი აზრით, ირიბი ჩვენების გამოყენების შემთხვევაში, სსსკ-ის 76-ე მუხლი,  ისევე როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა ნორმები, ვერ პასუხობენ მტკიცებულების უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 169-ე მუხლის პირველი ნაწილი მტკიცებულებათა უტყუარობის  კონსტიტუციურ მოთხოვნას.

 

სსსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან

 

13.              სსსკ-ის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინიციას და მის დასაშვებობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესზე ასეთი ჩვენება დასაშვებია, თუკი პირს შეუძლია, მიუთითოს ინფორმაციის წყაროზე. ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელსაც მოსარჩელე მხარე სადავოდ მიიჩნევს, ადგენს, რომ „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით”.

14.              2013 წლის 14 ივნისს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება”.

15.              საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 10 ივნისს, ხოლო არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერი (№1/4/548) გამოქვეყნდა 2013 წლის 28 ივნისს. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის ახალი რედაქცია 2013 წლის 27 ივნისს ამოქმედდა.  „საონსტიტუიო სამართალწრმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი მე-2 პუნტის თანხმად, სამი განხილვის მომნტისათვის, საავო ატის გაქმება ან ძალდაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მ-6 პუნქტით გავალისწინებულ შემთხევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ხოლო ამავე კანონის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის გაუქმება ხდება სარჩელის არსებითად მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი გადაწყვიტოს იმ შემთხვევაში, თუ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება წინ უსწრებს 548-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო  ჩანაწერის გამოქვეყნებას, რაც ფორმალურად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, წარმოადგენს კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს.

16.              ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №548 კონსტიტუციურ სარჩელზე,  სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან

 

17.              კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს, რამდენადაც პირის მსჯავრდება შესაძლებელია განსაზღვრულიყო ორი ირიბი ჩვენების, როგორც ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მოსარჩელის აზრით, სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილი და სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის ძველი რედაქცია არ გამორიცხავდა ერთი ირიბი ჩვენების მეორე ირიბი ჩვენებით გამყარების და, შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებების უტყუარად მიჩნევის შესაძლებლობას.

18.              არსებითი სხდომის დროს მოსარჩელე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებულმა ცვლილებამ პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გადაჭრა. მართალია, საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ ორი ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს, მაგრამ სადავო ნორმა კვლავაც არ შეიცავს კონსტიტუციური უფლების დაცვის სათანადო გარანტიას, ვინაიდან კვლავ არსებობს  არასაკმარისად მყარი, არასანდო მტკიცებულებების გამოყენების საფრთხე.

19.              მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი არაკონსტიტუციურია, ვინაიდან უშვებს შესაძლებლობას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნეს ისეთი მტკიცებულების გამოყენებით, რომელიც თავისი არსით არ არის უტყუარი. ასეთ საეჭვო მტკიცებულებად მოსარჩელე ირიბ ჩვენებას მიიჩნევს. იგი თვლის, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვერ უზრუნველყოფს ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის უტყუარობას, რამდენადაც ირიბი ჩვენების დადასტურება შესაძლოა მოხდეს სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც, თავის მხრივ, პირდაპირ არ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე. მიუხედავად ამისა, ირიბი ჩვენება განაჩენის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს. მართალია, სადავო ნორმის თანახმად მტკიცებულებები უნდა იყოს „ერთმანეთთან შეთანხმებული”, „აშკარა” და „დამაჯერებელი”, მაგრამ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს თავად ირიბი ჩვენების, როგორც ცალკე აღებული ერთ-ერთი მტკიცებულების უტყუარობა.  მტკიცებულებები შესაძლოა დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, თუმცა ეს, თავისთავად, ირიბი ჩვენების – სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიცემული ჩვენების, უტყუარობას არ ნიშნავს.

20.              მოსარჩელე ასევე ეჭვქვეშ აყენებს სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს პირის ბრალდების შესაძლებლობას მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტში არსებულ უტყუარობის სტანდარტს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებულ უკანასკნელ საკანონმდებლო ცვლილებებს რაიმე გავლენა არ მოუხდენია სადავო ნორმაზე.

21.              სსკ-ის 76-ე მუხლი აწესრიგებს სისხლის სამართლის პროცესში ირიბი ჩვენების არსსა და მისი დასაშვებობის საკითხებს. აღნიშნული მუხლი უშუალოდ არ ადგენს მტკიცებულებების გამოყენების წესს, არ განსაზღვრავს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად პირის ბრალდებას ან მის  მსჯავრდებას.  ასეთი წესი მოცემულია სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.  ამდენად, სსსკ-ის 76-ე მუხლი, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილთან და 169-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთობლიობაში ქმნის ნორმატიულ საფუძველს, რომელიც  ირიბ ჩვენებას არა მხოლოდ ბრალის წაყენებისთვის, არამედ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის ერთ-ერთ ვარგის მტკიცებულებად აქცევს.

22.              როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  „დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ წარმოადგენს კონსტიტუციურ ტერმინს, რომელსაც ავტონომიური მნიშვნელობა აქვს და გულისხმობს აქტს ან გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც იწყება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, მისთვის ბრალის წაყენება. მოცემული კონსტიტუციური დანაწესი მოითხოვს, რომ პირის სისხლისსამართლებრივი დევნა, მისთვის ბრალის წარდგენა არ  განხორციელდეს არსებითად მცდარი, გაყალბებული, არასაკმარისად სანდო ან მეტწილად საეჭვო მტკიცებულებების  საფუძველზე.

23.              უთითებს რა უტყუარ მტკიცებულებებზე, აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა, უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ, დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები.

24.              მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო  შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს  ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების  გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას.

25.              როგორც აღინიშნა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო,  მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი,  არაორაზროვანი ნორმების  საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება.

26.              სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს, რაც, ცხადია,  არ ნიშნავს, რომ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, იმთავითვე, შემოწმების გარეშე, სარწმუნოდ ჩაითვლება. საყურადღებოა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ირიბ ჩვენებას ინფორმაციის სპეციფიკურ, სხვა მტკიცებულებებისაგან განსხვავებულ წყაროდ განიხილავს. სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვებია მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ის სხვა მტკიცებულებით არის გამყარებული, მაშინ როდესაც თვითმხილველი მოწმის ან ექსპერტის ჩვენების დასაშვებად ცნობისთვის ასეთი პირობა დაწესებული არ არის.

27.              სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა არსებობდეს ირიბი ჩვენება, რომელიც განსხვავებული გარემოებების დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი და რომელიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად შექმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ირიბი ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, შესაძლოა პირდაპირ მიუთითებდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ან იყოს „დამხმარე“ ხასიათის, ადასტურებდეს საქმისთვის მნიშვნელოვან „გვერდით“ ფაქტს ან გარემოებას.  კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ჩვენების სათანადო შემოწმება. ამიტომ კანონი მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს, თუ რა შემთხვევებშია დასაშვები ირიბი ჩვენების გამოყენება, მკაცრი და ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს მისი  დასაშვებობის პირობები. რამდენადაც მაღალია ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა ბრალის დადასტურების საკითხში, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესი, რომელიც ასეთი ჩვენების გამოყენებას შესაძლებელს ხდის.

28.              სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს წესს, რომელიც, ერთი მხრივ, ბრალის წაყენების მიზნებისთვის ირიბ ჩვენებას (იდენტიფიცირებადი წყაროს მითითების შემთხვევაში) დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, ხოლო საქმის არსებითი განხილვისთვის  ერთ დამატებით პირობას ადგენს – ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამავე დროს, მტკიცებულებათა დასაშვებობის მარეგულირებელი ნორმები არ შეიცავს დამატებით რაიმე მითითებას, წესს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ირიბი ჩვენება პირისთვის ბრალის წაყენების ან განაჩენის გამოტანის დროს. შესაბამისად, ბრალის წაყენება და გამამტყუნებელი განაჩენის მიღება შესაძლებელია მოხდეს მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობით, რომელიც  არა მხოლოდ მოიცავდეს ირიბ ჩვენებას, არამედ არსებითად ემყარება მას. ასევე, იქმნება შთაბეჭდილებაც და მოლოდინიც იმისა, რომ ირიბი ჩვენება, როგორც წესი, მისაღები, სანდო და ვარგისი მტკიცებულებაა, მსგავსად სხვა მტკიცებულებებისა (თვითმხილველი მოწმის ან დაზარალებულის ჩვენება, ნივთმტკიცებულება და ა.შ.), რომლებიც ბრალის დასადასტურებლად არის წარმოდგენილი.

29.              სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო. მართალია, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების მიმცემმა პირმა უნდა დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია, ერთმნიშვნელოვნად არსად იკითხება ირიბი ჩვენებით იდენტიფიცირებული წყაროს სათანადოდ შემოწმების ვალდებულება და წესი.

30.              სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე,  სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა  თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.

31.              მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი  ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

32.               სადავო ნორმა ასევე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნეს, როდესაც ფაქტის თვითმხილველი მოწმე (ვის სიტყვებსაც ირიბი ჩვენება ეყრდნობა) შეიძლება იქნეს მოწვეული სასამართლოში ჩვენების მისაცემად ან უკვე აქვს მიცემული ასეთი ჩვენება. ასეთ შემთხვევებში საეჭვო და გაუგებარი ხდება ირიბი ჩვენების გამოყენების აუცილებლობა და მიზანი. ერთდროულად ირიბი ჩვენების მიმცემი პირის და ინფორმაციის გამავრცელებელი პირის დაკითხვა, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ობიექტური აუცილებლობით იყოს განპირობებული, თუმცა ასევე  შესაძლებელია მტკიცებულებათა სიმრავლის მცდარი აღქმა შექმნას და შეცდომის დაშვების ალბათობა გაზარდოს.

33.              კანონმდებლობა არც იმას გამორიცხავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ბრალის წარდგენისას ან განაჩენის გამოტანისას გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ირიბი ჩვენება, რომელიც ერთსა და იმავე ფაქტს „ირიბად“ ადასტურებს. ირიბ ჩვენებათა სიმრავლე თავისთავად არ უნდა განაპირობებდეს ამ ჩვენებების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის სანდოობას. ირიბი ჩვენების სხვა მტკიცებულების დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.

34.              გაუმართლებელია ირიბი ჩვენების ავტომატურად დაშვება და მისი გამოყენება განურჩევლად იმისა, თუ რა პირობებში, რა ფორმითა და საშუალებით გახდა ცნობილი ირიბი ჩვენების მიმცემი პირისთვის აღნიშნული ინფორმაცია. კანონი ასევე უნდა გამორიცხავდეს ორმაგი ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობას. ირიბი ჩვენების მიმცემი პირის მიერ ინფორმაციის წყაროს მითითება, თავისთავად, არ გამორიცხავს იმის თეორიულ შესაძლებლობას, რომ პირი, ვის ინფორმაციასაც ირიბი ჩვენება ეფუძნება, ასევე არ იყოს იმ ფაქტის თვითმხილველი, რომლის დადასტურებასაც ირიბი ჩვენება ისახავს მიზნად.

35.              ამ საფრთხეების მიუხედავად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები შესაძლებელს ხდის, რომ სასამართლოს, მათ შორის,  ნაფიც მსაჯულებს შინაგანი რწმენა, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით ირიბი ჩვენების (ან ჩვენებების) შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოუყალიბდეთ. ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობისთვის, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, რაიმე სხვა წინა პირობა უნდა იქნეს დაკმაყოფილებული, არაფერი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ირიბ ჩვენებას სხვა მტკიცებულებების მსგავსად დაეყრდნოს.

36.              ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

37.              ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს.  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.

38.              აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაგალითების დასახელება, a priori, არ გულისხმობს მათ კონსტიტუციურობას, თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშულებების კონტექსტში უნდა მოხდეს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ მსგავსი საგამონაკლისო პირობების კონსტიტუციასთან შესაბამისობის პრეზუმფციას, ეს, თავისთავად, ვერ უზრუნველყოფს სადავო ნორმით დადგენილი ზოგადი წესის კონსტიტუციურობას, რომელიც ირიბი ჩვენების დასაშვებობას ნებისმიერი გამონაკლისის გარეშე უშვებს.

39.              ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად  საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს  მოწმის სასამართლოში  არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს  (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and Others v. The United Kingdom საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ  ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom,  საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

40.              სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და სათანადოდ შემოწმებული მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტი, რომლის თანახმად, უტყუარი მტკიცებულებების გამოყენებით პირის ბრალდების ან მსჯავრდების გარანტიას სსსკ-ის მე-13 და 82-ე მუხლები წარმოადგენს. აღნიშნული ნორმები  მიუთითებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად უნდა არსებობდეს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას.

41.              გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი  გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს  შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

42.              დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც  იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის  ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

43.              ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში.  სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი  სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

44.               ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

45.              გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.  ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

46.              სსსკ-ის თანახმად, მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენება, თუ ის სსსკ-ის ზემოთ დასახელებულ მოთხოვნას პასუხობს (და ამავე დროს შეიცავს კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ და საქმისთვის რელევანტურ ინფორმაციას), დასაშვებ მტკიცებულებას წარმოადგენს. ხოლო მისი სანდოობა, სსსკ-ის იმავე  მუხლზე დაყრდნობით, მოწმდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც ადასტურებს ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას.

47.              ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. როგორც აღინიშნა, სსსკ-ის 76-ე მუხლი ასეთ ჩვენებებს დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო სადავო ნორმები მათ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად, სხვა მტკიცებულებების მსგავსად, ვარგის მტკიცებულებად აქცევს. ამდენად, ტესტი, რომელიც სასამართლომ/ნაფიცმა მსაჯულმა შინაგანი რწმენის შესამოწმებლად უნდა გამოიყენოს, ვერ გამორიცხავს ირიბ ჩვენებასთან, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებასთან დაკავშირებულ  საფრთხეს.

48.               სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირის ბრალდებულად ცნობისთვის საჭიროა გამოძიების სტადიაზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დასაბუთებულ ვარაუდს უნდა ქმნიდეს იმის შესახებ, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. ხოლო სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდი ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობაა, რომელიც ობიექტურ პირს დააკმაყოფილებდა, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

49.              სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელმა პირმა ბრალის წაყენების საკითხის გადაწყვეტისას სსსკ-ის ნორმების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა ირიბი მტკიცებულებები წარმოადგენდეს. ამასთანავე, კანონმდებლობა არ იძლევა რაიმე მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა წონა უნდა მიენიჭოს ირიბ მტკიცებულებას პირის ბრალდებულად ცნობისთვის. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, შეფასებას საჭიროებს ის გარემოება, რამდენად სანდოდ ადასტურებს ირიბი ჩვენება იმ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა,  ცალკეულ შემთხვევაში ირიბი ჩვენების სანდოობა შესაძლებელია ეჭვქვეშ დადგეს, არაფერი გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ირიბი ჩვენების წყარო ცდებოდეს ან განზრახ ცრუობდეს. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის წინა პირობები, რომ ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, მისი სათანადო შემოწმების,  ეჭვების გამორიცხვის გარეშე, საფუძვლად დაედოს პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დასაბუთებულ ვარაუდს მიღმა შემოწმების კანონით გათვალისწინებული სტანდარტი ვერ გამორიცხავს იმ საფრთხეებს, რომლებიც ირიბი ჩვენების, როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულების საფუძველზე  პირის ბრალდებას იწვევს. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ პირის ბრალდებულად ცნობა შეიძლება მოხდეს  ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არ აკმაყოფილებს  კონსტიტუციით დადგენილ  უტყუარობის  სტანდარტს.

50.              ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ნორმები შეიცავს მტკიცებულებათა შეფასების პროცესში შეცდომების დაშვების შესაძლებლობას და საფრთხის შემცველია ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. მაღალია ალბათობა იმისა, რომ ირიბი ჩვენება სისხლის სამართლის საქმის საბოლოო შედეგზე  მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. სწორედ ირიბი ჩვენების მოსმენის საფუძველზე, მოსამართლეს ან ნაფიც მსაჯულებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ შინაგანი რწმენა დანაშაულთან დაკავშირებით, ხოლო სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს შეცდომის ასაცილებლად საკმარის გარანტიას.

51.              მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე.

52.              ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის  შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

53.              ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის მე-13  მუხლის მე-2 ნაწილი და 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის, ირიბი ჩვენების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

    საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების და 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:

1.      დაკმაყოფილდეს №548 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2.      არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის  მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების –  ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია)  მტკიცებულების –  ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

3.      შეწყდეს სამართალწარმოება №548 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2010 წლის 24 სექტემბრის რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

4.       არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი  ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

5.      გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

6.      გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7.      გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

8.      გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”  15 დღის ვადაში.

 

კოლეგიის წევრები:

 

კონსტანტინე ვარძელაშვილი

 

ქეთევან ერემაძე

 

მაია კოპალეიშვილი