კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.018416
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
03/02/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
440050000.10.003.018416
კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2015 - 17/06/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №32

2015 წლის 3 თებერვალი

ქ.თბილისი

 

კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი - საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი - საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით შავლიაშვილი - საბჭოს წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური - საბჭოს წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი - საბჭოს წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი - მინდია ჯანელიძე - საბჭოს წევრი;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო - საბჭოს წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია - საბჭოს წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - დიმიტრი ქუმსიშვილი - საბჭოს წევრი; 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - გიორგი შარვაშიძე - საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - ივანე კიღურაძე - საბჭოს წევრი;

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - თემურ მაისურაძე - საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი - გიორგი ბაჩიაშვილი, შპს ,,ჯი სი ეფ პარტნიორების“  (თანაინვესტირების ფონდის) გენერალური დირექტორი - საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი - ლევან კილაძე, შპს ,,ლემონდუს“ მფლობელი - საბჭოს წევრი;

ბიზნესწარმომადგენელი - პაპუნა ტოლიაშვილი, შპს ,,სინერჯი ჯგუფის“  დირექტორი - საბჭოს წევრი;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი - გიორგი კვესიტაძე - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - გია დვალი - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - დავით ფრანგიშვილი - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - ზაზა შათირიშვილი - საბჭოს წევრი;

მეცნიერი - მერაბ კოკაია - საბჭოს წევრი;

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ირაკლი ქაშიბაძე -  საბჭოს მდივანი.

მუხლი 2
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




კვლევებისა და ინოვაციების   საბჭოს  დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში - საბჭო) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია მეცნიერების განვითარების,  კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ამ დებულების შესაბამისად.

3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები

საბჭოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს რეკომენდაციები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დარგების განვითარების ეტაპების განსაზღვრისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების დაგეგმვის შესახებ; 

ბ) ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის, საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, ინტელექტუალური პროდუქტების და ინოვაციების მთავარ საექსპორტო პროდუქტად ქცევის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების და ინოვაციების ყველა დარგში შეღწევის და აღნიშნული ინსტრუმენტებით ქართული ეკონომიკური დარგების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სტრატეგიის - „ინოვაციური საქართველო 2020“ პროექტის შემუშავების და სტრატეგიიდან გამომდინარე, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტების და მათზე დაფუძნებული პროგრამების განსაზღვრის და განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის, ცოდნის და ინოვაციების კომერციალიზაციის, ტექნოლოგიების ადაპტაციის, ინოვაციური დამწყები კომპანიების განვითარების ხელშეწყობისათვის საბიუჯეტო ფინანსური რესურსების გამოყოფის, ასევე, დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვის  ხელშეწყობა;

დ) ქვეყანაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამების და პროექტების უწყებათაშორის კოორდინაციაში ხელშეწყობა;

ე) ექსპორტზე ორიენტირებული ინოვაციების და ტექნოლოგიების, ინოვაციური  საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების, მათ შორის, საექსპორტო პროგრამირების განვითარებისათვის  სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის  ხელშეწყობა;

ვ) ყველა დარგის მეცნიერთაგან  საუკეთესოთა შორის საუკეთესოთა მხარდაჭერის ხელშეწყობა; საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად; დამოუკიდებელ წარჩინებულ ლიდერ მკვლევართა საქმის წახალისების ხელშეწყობა; დღევანდელი და ხვალინდელი დღის საუკეთესო ქართველ მკვლევართა სტატუსისა და ხილვადობის გაზრდის ხელშეწყობა;

ზ)  ამ დებულებიდან გამომდინარე ან/და ნორმატული აქტით დადგენილი სხვა ფუნქციები, რომლებიც ემსახურება საბჭოს ამოცანების შესრულებას.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

საბჭო უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებების და სამართლებრივი აქტების პროექტები, რომლებიც ეხება ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების ორგანიზებასა და განვითარებას;

ბ) განახორციელოს ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის, ცოდნის და ინოვაციების კომერციალიზაციის, ტექნოლოგიების ადაპტაციის, ინოვაციური დამწყები კომპანიების განვითარების ხელშეწყობისათვის, ასევე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების და ინტერნეტის გამოყენების ეფექტურობის ამაღლებისათვის დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამების და პროექტების განხორციელებისათვის დამატებითი საბიუჯეტო ფინანსური რესურსების გამოყოფის ხელშეწყობა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს მუშაობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია;

დ) კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლის მიზნით, შექმნას თემატური და ტექნიკური სამუშაო საკონსულტაციო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, მეცნიერებათა საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, მოიწვიოს საერთაშორისო მრჩევლები;

ე) შექმნას მენტორული სამუშაო ჯგუფი საბჭოს მიერ განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, რომლის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდნენ ქართული და საერთაშორისო წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა დარგის წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები;

ვ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი

1.  საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

ბ) უძღვება საბჭოს საქმიანობას და წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

3.  საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

4. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

6. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.

7.საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების, საბჭოს თავჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.

8. საბჭო პირველივე სხდომაზე ქმნის მენტორულ სამუშაო ჯგუფს, ამტკიცებს მის შემადგენლობასა და  განსაზღვრავს მის ფუნქციებს.

9. საბჭო, საოქმო გადაწყვეტილებით, თემატურ სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და საბჭოს სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.

10.საბჭოს სხდომების ოქმებს და საბჭოს თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს მდივანი. იგი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დოკუმენტების ადრესატებისთვის დროულად გაგზავნას.

11.  საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა წევრები, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე  მეცნიერებათა საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები/სპეციალისტები.

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა

1.  საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში -სააგენტო).

2.    სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საბჭოს დავალებათა შესრულების მიზნით, საბჭოს წევრთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ) საბჭოს დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;

გ) საბჭოს მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;

დ) საბჭოს პირველივე სხდომაზე მენტორული სამუშაო ჯგუფის დებულებისა და  შემადგენლობის წარდგენას;

ე) საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზებას და სამუშაო ჯგუფების თანამოქმედების კოორდინაციას;

ვ) საბჭოს მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.

მუხლი 6. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.