საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2015
ძალაში შესვლის თარიღი 02/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016410
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
91
31/01/2015
ვებგვერდი, 02/02/2015
010340000.22.034.016410
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/02/2015 - 30/07/2015)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №91

2015 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 2 თებერვლიდან. 

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური



დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულება 

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) (შემდგომში - სააგენტო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.


მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები
1. თავის საქმიანობაში სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2.  სააგენტოს ორგანიზაციული საქმიანობა ხორციელდება სამინისტროს, აგრეთვე საკუთარი სამუშაო პროგრამებისა და გეგმების საფუძველზე.


თავი II
სააგენტოს ამოცანები და კომპეტენცია

მუხლი 3. სააგენტოს ამოცანები
სააგენტოს ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება;

ბ) საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

დ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების გამოყენება;

ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.


მუხლი 4. სააგენტოს კომპეტენცია
სააგენტოს კომპეტენციაა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება ან მასში მონაწილეობის მიღება გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით შესაბამისი იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენება;

ე) ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება და მათთან ღია და ფარული ურთიერთობების დამყარება;

ზ) დადგენილი წესით ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და სამინისტროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებათა შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


თავი III
სააგენტოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ქვედანაყოფები

მუხლი 5. სააგენტოს დირექტორი 
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2.      სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;

დ) ამტკიცებს სააგენტოს სამუშაო გეგმებს;

ე) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

კ) მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან;

ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3.სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

 


მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) I მთავარი სამმართველო;

ბ) II მთავარი სამმართველო;

გ) III მთავარი სამმართველო;

დ) საგამოძიებო მთავარი სამმართველო;

ე) ადმინისტრაცია (სამსახური);

ვ) რეგიონალური სამმართველოები (აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველო, კახეთის რეგიონალური სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო, ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, დასავლეთის რეგიონალური სამმართველო, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო);

ზ) მართვისა და კონტროლის განყოფილება.


თავი IV
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები

მუხლი 7. I მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
I მთავარი სამმართველო ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით უზრუნველყოფს:

ა) სამოხელეო დანაშაულის, აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას;

ბ) საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის, ფულად-საკრედიტო სისტემის და საფინანსო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, დამნაშავე პირების გამოვლენას;

გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას.


მუხლი 8. II მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
II მთავარი სამმართველო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით უზრუნველყოფს:

ა) სამოხელეო დანაშაულის, აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას;

ბ) საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის, ფულად-საკრედიტო სისტემის და საფინანსო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, დამნაშავე პირების გამოვლენას;

გ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას.


მუხლი 9. III მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
III მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) სამოხელეო დანაშაულის, სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ, ასევე საქართველოს ეკონომიკური საფუძვლების, ეკონომიკური საქმიანობის, ფულად-საკრედიტო სისტემის და საფინანსო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას;

ბ) სამოხელეო დანაშაულის, აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის გამოვლენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას;

გ) სააგენტოს კომპეტენციიდან გამომდინარე, ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას, ოპერატიული საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრას, ანალიზსა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის მოხსენებას; აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის, ასევე სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი ოპერატიული და საინფორმაციო ბაზების შექმნას, მართვასა და სისტემურ განახლებას, ასევე სტრუქტურული ერთეულებისა და რეგიონალური სამმართველოების მიერ განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაციას.


მუხლი 10. საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
საგამოძიებო მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს სააგენტოს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას, მონაწილეობას იღებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში.

 


მუხლი 11. ადმინისტრაციის (სამსახური) კომპეტენცია
ადმინისტრაცია (სამსახური):

ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას;

გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 12. რეგიონალური სამმართველოების (აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველო, კახეთის რეგიონალური სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო, ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, დასავლეთის რეგიონალური სამმართველო, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო) კომპეტენცია
რეგიონალური სამმართველოები იქმნება ტერიტორიული პრინციპით და უზრუნველყოფენ სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას.

მუხლი 13. მართვისა და კონტროლის განყოფილება
მართვისა და კონტროლის განყოფილება ახორციელებს:

ა) სააგენტოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის კონტროლს;

ბ) ზედამხედველობას უწევს სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების პირად შემადგენლობამდე დაყვანას;

გ) აკონტროლებს სააგენტოს ოპერატიული მოსამსახურეების მიერ წარმოებული ოპერატიული საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესაბამისობას სათანადო ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან.