საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე

საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018392
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
26/01/2015
ვებგვერდი, 27/01/2015
240110000.10.003.018392
საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/01/2015 - 01/06/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2015 წლის 26 იანვარი

ქ.თბილისი

 

საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ,,საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ  შეტყობინების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2015  წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ

მოთხოვნებთან   შეუსაბამობის შესახებ  შეტყობინების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

 საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის ფიტოსანიტარიული წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის და შესაბამისი ფიტოსანიტარიული ზომების გატარების თაობაზე ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსა და ევროპის და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციისთვის (შემდგომში - EPPO-სთვის) შეტყობინების გაგზავნასა და საქართველოდან ექსპორტირებული ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 2. წესის მიზანი და გამოყენების სფერო

 1. წესის მიზანია მცენარეთა და მცენარეული პროდუქტით უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა. რეგულირებადი მავნე ორგანიზმის გამოვლენის შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნა და საინფორმაციო ქსელში ჩართვა. 

 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ქვეყანაში იმპორტირებულ ტვირთზე:

 ა) რომელშიც გამოვლინდა რეგულირებადი მავნე ორგანიზმები, ან მათი არსებობის ნიშნები;

 ბ) რომლის დოკუმენტაცია არ შეესაბამება ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების ან/და ქვეყნაში იმპორტის ფიტოსანიტარიულ სხვა მოთხოვნებს;

 გ) რომლის მიმართ გატარდა საგანგებო ღონისძიებები (უკან გაბრუნდა, განადგურდა, გადამუშავდა) ფიტოსანიტარიული საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 3. ეს წესი ასევე განსაზღვრავს საქართველოდან ექსპორტირებული ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების მიღებისას გასატარებელ ღონისძიებებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) ტვირთი - მცენარის ან მცენარეული პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადადგილდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;

 ბ) რეგულირებადი მავნე ორგანიზმი – საკარანტინო მავნე ორგანიზმი ან რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი;

 გ) საკარანტინო მავნე ორგანიზმი - მავნე ორგანიზმი, რომელსაც პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხისადმი დაქვემდებარებული იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად არის გავრცელებული და სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა;

 დ) რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი – არა­საკარანტინო მავნე ორგანიზმი, რომლის არსებობა სარგავ და სათესლე მასალაში იძლევა ეკონომიკურად არასასურველ ეფ­ექტს ამ მცენარეების გამიზნული გამოყენების შემთხვევაში, რის გამოც ისინი რეგულირდება ხელშემკვრელი მხარის ტერი­ტო­რიაზე იმპორტის განხორციელებისას;

 ე) რეგულირებადი ობიექტი – ნებისმიერი მცენარე, მცე­ნა­რე­ული პროდუქტი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სა­ტრან­ს­პორ­ტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი და სხვა ორგანიზმი, ობ­იექტი ან მასალა, სადაც შესაძლებელია მავნე ორგანიზმის არ­სებობა, ან რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას, რო­მელ­თა მიმართ აუცილებელია გატარდეს ფიტოსანიტარიული ზო­მები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება სა­ერთაშორისო გადაზიდვებს;

 ვ) დამუშავება - პროცედურები, მავნე ორგანიზმის განადგურების, ინაქტივაციის, მოშორების, სტერილიზაციის ან დევიტალიზაციის მიზნით;

 ზ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი - ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ სერტიფიკატის ფორმას და ადასტურებს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს;

 თ) ფიტოსანიტარიული ზომა − პროცედურა, რომელიც გამოიყენება საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად;

 ი) ტვირთის დაკავება - უარი იმპორტირებული ტვირთის შემოტანაზე ან ფიტოსანიტარიული შეუსაბამობის გამო აღნიშნული ტვირთის შემოტანაზე განსაკუთრებული პირობების დაწესება;

 კ) მავნე ორგანიზმი − მცენარეებისათვის ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან არასაკარანტინო.

მუხლი 4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ტვირთის დაკავების შესახებ შეტყობინება

 1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ტვირთის დაკავებას და მავნე ორგანიზმების იდენტიფიკაციას ახდენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში - სამსახური) და ინფორმაციას უგზავნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ამ წესის შესაბამისად.

 2. საბაჟო საზღვარზე ტვირთში საკარანტინო მავნე ორგანიზმის გამოვლენისას, ან თუ რეგულირებადი ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური, შეუსაბამო ტვირთის დაკავებასთან დაკავშირებით ფაქტის გამოვლენიდან მომდევნო სამუშო დღის ბოლომდე, აცნობებს სააგენტოს, რომელიც უგზავნის შეტყობინებას ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის სამსახურს და EPPO-ს შეუსაბამობისა და გადაუდებელი ქმედებების შესახებ (დანართის შესაბამისად).

მუხლი 5. ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების საფუძველი

 1. ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების საფუძველია:

 ა) იმპორტირებული ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

 ბ) ტვირთში რეგულირებადი მავნე ორგანიზმის გამოვლენა;

 გ) მოთხოვნილ დოკუმენტებთან შეუსაბამობა, მათ შორის:

 გ.ა) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არარსებობა;

 გ.ბ) ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში დაუსაბუთებელი ცვლილება;

 გ.გ) ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში არასაკმარისი ინფორმაცია;

 გ.დ) ყალბი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;

 დ) შემოსატანად აკრძალული ტვირთები;

 ე) ტვირთში აკრძალული მასალების არსებობა;

 ვ) ჩატარებული დამუშავების შესახებ ინფორმაციის არმიწოდება.

 2. შეტყობინების საფუძველია ასევე შეუსაბამობის განსაკუთრებული შემთხვევა, როგორიცაა:

 ა) ტვირთში ისეთი რეგულირებადი მავნე ორგანიზმის გამოვლენა, რომელიც არ არის მითითებული მოცემული ტვირთვისათვის დამახასიათებელი მავნე ორგანიზმების ნუსხაში;

 ბ) იმპორტირებულ ტვირთში ორგანიზმის გამოვლენა, რომელიც წარმოადგენს პოტენციურ ფიტოსანიტარიულ საფრთხეს.

მუხლი 6. მავნე ორგანიზმის იდენტიფიკაცია

 1. იმპორტირებულ ტვირთში გამოვლენილი მავნე ორგანიზმი საჭიროებს იდენტიფიკაციას იმის დასადგენად, არის თუ არა ის რეგულირებადი მავნე ორგანიზმი.

 2. იდენტიფიკაცია შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებადი ობიექტის განვითარების სტადია და მდგომარეობა ართულებს მის იდენტიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, ექსპორტიორ მხარეს ეცნობება იდენტიფიკაციის ჩაუტარებლობის მიზეზი სააგენტოს მიერ გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით.

 3. სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მავნე ორგანიზმის იდენტიფიკაციისას ექსპორტიორ ქვეყნას სააგენტო:

 ა) აცნობებს ტვირთის რომელ ნაწილში იქნა აღმოჩენილი მავნე ორგანიზმი და როგორ ზიანს აყენებს მას, მიუთითებს მისი განვითარების სტადიას და სიცოცხლისუნარიანობას;

 ბ) აღწერს დიაგნოსტიკის ჩატარების და ნიმუშების აღების პროცედურებს;

 გ) ატყობინებს დიაგნოსტიკის ჩამტარებლის და ლაბორატორიის დასახელებას, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს;

 დ) აწვდის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ასლს და სხვა მოთხოვნილ ინფორმაციას.

 4. სამსახური:

 ა) უზრუნველყოფს მავნე ორგანიზმის იდენტიფიკაციას სახეობის დონემდე;

 ბ) მტკიცებულების სახით ინახავს შესაბამის ეგზემპლარებს არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.

მუხლი 7. სააგენტოს მიერ გასაგზავნი შეტყობინების ფორმა და შეტყობინების გაგზავნა

 1. სააგენტო, ექსპორტიორ ქვეყანას და EPPO-ს ტვირთის შეუსაბამობის შემთხვევაში, შეტყობინებას უგზავნის ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად.

 2. შეტყობინების ფორმა ივსება ინგლისურ ენაზე.

 3. შეტყობინებაში გამოყენებული შემოკლებები და ზომის ერთეულები უნდა შეესაბამებოდეს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიერ გამოყენებულ შემოკლებებსა და ზომის ერთეულებს.

 4. ექსპორტიორ ქვეყანას შეტყობინება ეგზავნება იმის მიუხედავად, საჭიროებს თუ არა ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს იმპორტისთვის განკუთვნილი ტვირთი.

 5. გაგზავნილი შეტყობინების ასლი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია სააგენტოში ინახება არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში.

მუხლი 8. საქართველოდან ექსპორტირებული ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების მიღება და გასატარებელი ღონისძიებები

 1. საქართველოდან ექსპორტირებული ტვირთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ შეტყობინების მიღებისას სააგენტო:

 ა) მოიძიებს ინფორმაციას ტვირთის და მისი ექსპორტიორის შესახებ;

 ბ) ადგენს შეუსაბამობის მიზეზს და ექსპორტიორს აძლევს რეკომენდაციას შეუსაბამობის განმეორების თავიდან ასაცილებლად;

 გ) უფლებამოსილია, იმპორტიორი მხარისაგან მოითხოვოს ტვირთთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია.

 2. მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს იმპორტიორ ქვეყანას.

მუხლი 9. ტრანზიტის დროს შემოტანილ ტვირთში შეუსაბამობის გამოვლენა

 1. ტრანზიტის დროს შემოტანილ ტვირთში შეუსაბამობის გამოვლენისას, სააგენტოს მიერ შეტყობინება ეგზავნება ექსპორტიორ ქვეყანას და EPPO-ს.

 2. თუ სააგენტოს საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ ეს შეუსაბამობა პრობლემას შეუქმნის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას, იგი უფლებამოსილია, შეტყობინება გაუგზავნოს საბოლოო დანიშნულების ქვეყანას.

 მუხლი 10. რეექსპორტი

 ექსპორტიორი ქვეყნის რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატთან დაკავშირებული ვალდებულებები ასევე ვრცელდება რეექსპორტის განმახორციელებელ ქვეყანაზე.