დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1949/19 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/10/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016307 |
|
ლანსაროტი
2007 წლის 25 ოქტომბერი
პრეამბულა
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და სხვა ხელმომწერები;
ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია თავის წევრებს შორის ერთიანობის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევა;
ითვალისწინებენ, რომ თითოეულ ბავშვს თავისი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან გააჩნია დაცვის ისეთი ზომებით სარგებლობის უფლება, რომელსაც ითვალისწინებს მისი, როგორც არასრულწლოვანის სტატუსი;
თვლიან რა, რომ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, კერძოდ ბავშვთა პორნოგრაფია და პროსტიტუცია, და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა ფორმა, საზღვარგარეთ ჩადენილი აქტების ჩათვლით, დამღუპველად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე;
თვლიან რა, რომ ბავშვთა სექსუალურმა ექსპლუატაციამ და ბავშვთა მიმართ სექსუალურმა ძალადობამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო დონეზე, კერძოდ, როგორც ბავშვთა ისე დანაშაულის ჩამდენთა მხრიდან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გაძლიერებული სარგებლობის გამო, და რომ ასეთი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას;
ითვალისწინებენ რა, რომ ბავშვთა კეთილდღეობა და ინტერესები ის ძირეული ღირებულებებია, რომლებსაც ყველა წევრი სახელმწიფო იზიარებს და საჭიროა მათი ხელშეწყობა დისკრიმინაციის გარეშე;
ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მე-3 სამიტის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას (ვარშავა, 2005 წლის 16-17 მაისი), რომელიც ითვალისწინებს ზომების შემუშავებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის აღკვეთის მიზნით;
ითვალისწინებენ რა კერძოდ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას R(91)11, რომელიც შეეხება ბავშვთა და მოზარდთა სექსუალურ ექსპლუატაციას, პორნოგრაფიას და პროსტიტუციას და ტრეფიკინგს, რეკომენდაციას Rec(2001)16 სექსუალური ექსპლუატაციისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ და კონვენციას კიბერდანაშაულის შესახებ (ETS No185), კერძოდ მის მე-9 მუხლს, ასევე ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (CETS No197);
ითვალისწინებენ რა კონვენციას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ (1950, ETS No5), ევროპის სოციალურ ქარტიას (შესწორებული) (1996, ETS No163) და ევროპის კონვენციას ბავშვთა უფლებების გამოყენების შესახებ (1996, ETS No160);
ასევე ითვალისწინებენ რა ბავშვის უფლებათა შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას, კერძოდ მის 34-ე მუხლს, ფაკულტატურ ოქმს ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, ოქმს ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით, უკანონო ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ, რომელიც თან ერთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, ასევე საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციას ბავშვთა შრომის ყველაზე საშიში ფორმების აკრძალვისა და მისი აღკვეთის მიზნით დაუყოვნებელი ზომების განხორციელების შესახებ;
ასევე ითვალისწინებენ რა ევროკავშირის საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (2004/68/JHA), ევროკავშირის საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის პროცესში მსხვერპლთა სტატუსის შესახებ (2001/629/JHA), და ევროკავშირის საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებას ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ (2002/629/JHA);
ითვალისწინებენ რა აღნიშნულ სფეროში მოქმედ სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტებს და პროგრამებს, კერძოდ, სტოქჰოლმის დეკლარაციას და სამოქმედო პროგრამას, მიღებულს კომერციული მიზნით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე 1 მსოფლიო კონგრესზე (1996 წლის 27-31 აგვისტო), იოკოჰამას გლობალურ ვალდებულებას მიღებულს კომერციული მიზნით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მე-2 მსოფლიო კონგრესზე (2001 წლის 17-20 დეკემბერს), ბუდაპეშტის ვალდებულებას და სამოქმედო გეგმას მიღებულს კომერციული მიზნით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მე-2 მსოფლიო კონგრესის მოსამზადებელ სხდომაზე (2001 წლის 20-21 ნოემბერი), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუციას S-27/2: ‘ბავშვებისთვის შესაფერისი მსოფლიო’ და სამწლიან პროგრამას: ‘ავაშენოთ ევროპა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად’, რომელიც მიღებულ იქნა მე-3 სამიტის შემდეგ და მისი განხორციელება დაიწყო მონაკოს კონფერენციის მიერ (2006 წლის 4-5 აპრილი);
გამოთქვამენ რა მზადყოფნას ეფექტურად შეუწყონ ხელი სექსუალური ექსპუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საერთო მიზანს, ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, და მსხვერპლთათვის დახმარების გაწევას;
მხედველობაში იღებენ რა ყოვლისმომცველი საერთაშორისო ინსტრუმენტის მომზადების საჭიროებას, რომელიც კონცენტრირებული იქნება ბავშვთა სექსუალური ექსპუატაციისა და სექსუალური ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციულ, დაცვით და სისხლის სამართლებრივ ასპექტებზე და მონიტორინგის სპეციფიკური მექანიზმის შექმნაზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე: |
თავი I – მიზნები, არადისკრიმინაციულობის პრინციპი და განსაზღვრებები
მუხლი 1 – მიზნები
a) ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; b) სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვა; c) ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მუხლი 2 –არადისკრიმინაციულობის პრინციპი მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებათა იმპლემენტაცია, კერძოდ, მსხვერპლთა უფლებების დაცვის ზომები, უზრუნველყოფილ იქნება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესობრივი, რასობრივი, კანის ფერის, ენის, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნულ უმცირესობასთან კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, წარმოშობის, სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, უუნარობის ან სხვა სტატუსის მიხედვით.
მუხლი 3 – განსაზღვრებები წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის:
a) ‘ბავშვი’ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი; b) ‘ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა’ მოიცავს წინამდებარე კონვენციის მე-18-23-ე მუხლებში მითითებულ ქმედებებს; c) ‘მსხვერპლი’ ნიშნავს ნებისმიერ ბავშვს, რომლის მიმართაც განხორციელდა სექსუალური ექსპლუატაცია ან სექსუალური ძალადობა.
თავი II – პრევენციული ზომები
მუხლი 4 – პრინციპები თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და ბავშვთა დაცვის მიზნით.
მუხლი 5 – იმ პირთა დაქირავება, ტრეინინგი და ცოდნის გაღრმავება, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს ბავშვთა დაცვისა და უფლებების შესახებ იმ პირთა ცოდნის გაღმავების მიზნით, რომელთაც განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სასამართლო და სამართალდამცავ სექტორებში და ასევე სპორტისა და კულტურის სფეროებში მუშაობისას და დასვენების პერიოდში რეგულარული კონტაქტი აქვთ ბავშვებთან. 2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რათა 1 პუნქტში მითითებულ პირებს მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის, მათი გამოვლენის საშუალებებისა და მე-12 მუხლის 1 პუნქტში მითითებული შესაძლებლობის შესახებ. 3. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რათა იმ პროფესიების განხორციელების მიზნით, რომლებიც გულისხმობს ბავშვებთან რეგულარულ კონტაქტს, დაკავდნენ ის პირები, რომლებიც არ ყოფილან ნასამართლევნი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აქტებისთვის.
მუხლი 6 – ბავშვთა განათლება თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს დაწყებითი და საშუალო განათლების პერიოდში ბავშვთა მიერ ინფორმაციის მიღება სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის, ასევე საკუთარი თავის დაცვის საშუალებათა შესახებ, მათი განვითარების დონის შესაბამისად. ეს ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება მშობლებთან თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ზოგად კონტექსტში და კონცენტრირდეს რისკის ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც, კერძოდ, დაკავშირებულია ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან.
მუხლი 7 – პრევენციული ხასიათის ინტერვენციის პროგრამები ან ზომები თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ იმ პირებს, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მათ შესაძლოა ჩაიდინონ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, საჭიროების შემთხვევაში მიეცეთ ინტერვენციის ეფექტური პროგრამებით ან ღონისძიებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელთა მიზანია დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება და პრევენცია.
მუხლი 8 – ზომები საზოგადოების ფართო მასებისთვის 1. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს ან განახორციელებს ცოდნის გაღრმავების კამპანიებს, რომლებიც ითვალისწინებს საზოგადოების ფართო მასებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფენომენისა და იმ პრევენციული ზომების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს. 2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს ისეთი მასალების გავრცელების პრევენცია ან აკრძალვა, რომლებიც რეკლამირებას უწევს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
მუხლი 9 – ბავშვების, კერძო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა 1. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს ბავშვების მონაწილეობას, მათი განვითარების დონის შესაბამისად, სახელმწიფო სტრატეგიების, პროგრამების ან სხვა ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში, რომლებიც შეეხება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. 2. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს კერძო სექტორს, კერძოდ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორს, ტურიზმისა და ტურიზმის ინდუსტრიის, საბანკო და საფინანსო სექტორებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისკენ მიმართული სტრატეგიების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში და განახორციელონ შიდასაკანონმდებლო ნორმები თვითრეგულაციის ან თანარეგულაციის გზით. 3. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს მედიას, რათა მან წარმოადგინოს სათანადო ინფორმაცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა ასპექტზე, მედიის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების გათვალისწინებით. 4. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს, საჭიროების შემთხვევაში, ფონდების შექმნის გზითაც, სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული ისეთი პროექტებისა და პროგრამების ფინანსირებას, რომლებიც მიმართულია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ბავშვთა დაცვისკენ.
თავი III – სპეციალიზებული ორგანოები და მაკოორდინირებელი ორგანოები
მუხლი 10 – კოორდინაციისა და თანამშრომლობის ეროვნული ზომები 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ კოორდინაცია იმ სამსახურებს შორის, ეროვნულ ან ლოკალურ დონეზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვაზე, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სამსახურებს, ასევე სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს შორის. 2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა შექმნან ან დანიშნონ:
a) დამოუკიდებელი კომპეტენტური ეროვნული ან ადგილობრივი ინსტიტუტები ბავშვის უფლებათა ხელშეწყობის და დაცვის მიზნით, რომლებიც უზრუნველყოფილ იქნებიან სპეციფიკური რესურსებით და დაეკისრებათ ვალდებულებები; b) მონაცემთა შეგროვების მექანიზმები ან ცენტრები, ეროვნულ ან ადგილობრივ დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფენომენის შესწავლისა და შეფასების მიზნით, პირად მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ მოთხოვნათა დაცვით. 3. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის უკეთ ორგანიზების მიზნით.
თავი IV – დაცვის ზომები და დახმარება მსხვერპლთა მიმართ
მუხლი 11 – პრინციპები 1. თითოეული მხარე შექმნის ეფექტურ სოციალურ პროგრამებს და მრავალდისციპლინურ სტრუქტურებს მსხვერპლთათვის, მათი ახლო ნათესავებისა და მათ მზრუნველობაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი პირისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით. 2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ თუ მსხვერპლის ასაკი გაურკვეველია, მაგრამ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლი არის ბავშვი, ბავშვებისთვის გათვალისწინებული დაცვისა და დახმარების ზომები გავრცელდეს მასზე მისი ასაკის დადგენამდე.
მუხლი 12 – სექსუალურ ექსპლუატაციაზე ან სექსუალურ ძალადობაზე ეჭვის შეტყობინება
მუხლი 13 – საკონსულტაციო მომსახურება თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ისეთი საინფორმაციო სამსახურების შექმნას, როგორიცაა სატელეფონო ან ინტერნეტ საკონსულტაციო მომსახურება, რომლებიც პირებს გაუწევენ საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც კონფიდენციალურად, ისე მათი ანონიმურობის დაცვით.
მუხლი 14 – მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა მსხვერპლთ გაუწიოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დახმარება მათი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური გამოჯანმრთელების მიზნით. ამ პუნქტის მიხედვით ზომების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის მოსაზრებები, საჭიროებები და პრობლემები. 2. თითოეული მხარე, თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიღებს ზომებს, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას იმ არა-სამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ან სამოქალაქო საზოგადოების სხვა ელემენტებთან, რომლებიც მონაწილეობენ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევაში. 3. როდესაც ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაში ან მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მონაწილეობენ მშობლები ან ის პირები, რომლებსაც ევალებათ ბავშვზე მზრუნველობა, მე-11 მუხლის 1 პუნქტში მითითებული ინტერვენციის პროცედურები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:
- დანაშაულში ეჭვმიტანილი პირის ჩამოშორების შესაძლებლობას; - ოჯახური გარემოსგან მსხვერპლის ჩამოშორების შესაძლებლობას. ამგვარი ჩამოშორების პირობები და ხანგრძლივობა ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა განისაზღვროს.
4. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ მსხვერპლთან დაახლოებულმა პირებმა, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ თერაპიული დახმარებით, კერძოდ, გადაუდებელი ფსიქოლოგიური მზრუნველობით.
თავი V – ინტერვენციის პროგრამები ან ზომები
მუხლი 15 – ზოგადი პრინციპები 1. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ან ხელს შეუწყობს ინტერვენციის ეფექტური პროგრამების ან ზომების განხორციელებას მე-16 მუხლის 1 და მე-2 პუნქტში მითითებული პირებისთვის, ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის განმეორებითი დანაშაულების რისკის პრევენციისა და მინიმიზაციის მიზნით. ასეთი პროგრამები ან ზომები ხელმისაწვდომი იქნება სამართალწარმოების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც ციხეში ისე ციხის გარეთ, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 2. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ან ხელს შეუწყობს პარტნიორობისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების განვითარებას კომპეტენტურ ორგანოებს, კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურებს და სასამართლო და სხვა ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მე-16 მუხლის 1 და მე-2 პუნქტში მითითებული პირებთან მიმართებაში. 3. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მე-16 მუხლის 1 და მე-2 პუნქტში მითითებული პირების მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების განმეორებით ჩადენის საფრთხისა და შესაძლო რისკის შეფასებას შესაბამისი პროგრამების ან ზომების განსაზღვრის მიზნით. 4. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს განხორციელებული პროგრამებისა და ზომების ეფექტურობის შეფასებას.
მუხლი 16 – ინტერვენციის პროგრამებისა და ზომების რეციპიენტები 1. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ იმ პირებს, რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, შეეძლოთ მე-15 მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული პროგრამებით ან ზომებით სარგებლობა, იმ პირობებში, რომლებიც ხელს არ უშლის და არც ეწინააღმდეგება დაცვის უფლებების განხორციელებას და სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესის მოთხოვნებს, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის მარეგულირებელი წესების დაცვით. 2. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს რომ იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან წინამდებარე Kკონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, შეეძლოთ მე-15 მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული პროგრამებით ან ზომებით სარგებლობა. 3. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ შემუშავებულ ან ადაპტირებულ იქნეს ინტერვენციის პროგრამები ან ზომები იმ ბავშვთა განვითარების საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით, რომლებიც ჩადიან სექსუალურ დანაშაულებს, იმ ბავშვების ჩათვლით, რომელთა ასაკიც ჯერ არ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც მათ სექსუალურ ქცევაში არსებული პრობლემების გამოსწორებას ემსახურება.
მუხლი 17 – ინფორმაცია და თანხმობა 1. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ მე-16 მუხლში მითითებულ პირებს, რომელთაც შეეთავაზათ ინტერვენციის პროგრამები ან ზომები, სრულად განემარტოთ ამ შეთავაზების მიზეზები ისე, რომ მათი თანხმობა პროგრამის ან ზომის გამოყენებაზე ემყარებოდეს ფაქტების სრულ ცოდნას. 2. თითოეული მხარე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ იმ პირებს, რომელთაც შეეთავაზათ ინტერვენციის პროგრამები ან ზომები, შეეძლოთ მათზე უარის თქმა, ხოლო მსჯავრდებული პირების შემთხვევაში, მათ განემარტოთ უარის შესაძლო შედეგები.
თავი VI – მატერიალური სისხლის სამართალი
მუხლი 18 – სექსუალური ძალადობა
a) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების მიხედვით, ჯერ არ მიუღწევია სექსუალური ურთიერთობისთვის კანონით დადგენილი ასაკისთვის; b) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან თუ: - აღნიშნული ხორციელდება იძულების, ძალის ან მუქარის გამოყენებით; ან - ძალადობა ხორციელდება ბავშვის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, მათ შორის ოჯახში; ან - ძალადობა ხორციელდება ბავშვის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ მისი გონებრივი ჩამორჩენილობის, ან ფიზიკური უუნარობის, ან დამოკიდებული მდგომარეობის გამო.
მუხლი 19 – ბავშვთა პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულები
a) ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმა ან ბავშვის იძულება პროსტიტუციაში მონაწილეობის მისაღებად; b) ბავშვის მიმართ ძალდატანების გამოყენება მისი პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით, ან სარგებლის მიღება ამგვარი საქმიანობიდან, ან ამ მიზნით ბავშვის სხვა გზით გამოყენება; c) ბავშვთა პროსტიტუციისთვის მიმართვა.
2. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი ~ბავშვთა პროსტიტუცია~ ნიშნავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მიზნებისთვის, ფულადი გასამრჯელოს ან ნებისმიერი სხვა სახის ანაზღაურების ან კომპენსაციის გადახდის ან დაპირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა ეს ანაზღაურება, პირობა თუ კომპენსაცია ბავშვს მოხმარდა თუ მესამე პირს.
მუხლი 20 – ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულები 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს შემდეგი სახის განზრახი ქმედებების კრიმინალიზაციის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩადენილია უფლების გარეშე:
a) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება; b) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შეთავაზება ან ხელმისაწვდომად ქცევა; c) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის დისტრიბუცია ან გადაგზავნა; d) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ყიდვა საკუთარი თავისთვის ან სხვა პირისთვის; e) ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის ფლობა; f) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ბავშვთა პორნოგრაფიული მასალით სარგებლობის შესაძლებლობის შეგნებულად მოპოვება.
- შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ არარსებული ბავშვის იმიტირებულ ან რეალურთან მიმგვანებულ გამოსახულებას; - შეიცავს იმ ბავშვების გამოსახულებას, რომლებსაც შეუსრულდათ მე-18 მე-2 პუნქტში მითითებული ასაკი, იმ შემთხვევაში თუ ეს გამოსახულებები დამზადებულია მათ მიერ და მათ მფლობელობაშია, მათივე თანხმობით და მხოლოდ მათივე პირადი მოხმარებისთვის. - თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ, 1 პუნქტის f) ქვეპუნქტი.
მუხლი 21 – ბავშვთა პორნოგრაფიულ წარმოდგენებში მონაწილეობასთან დაკავშირებული დანაშაულები 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს შემდეგი სახის განზრახი ქმედებების კრიმინალიზაციის მიზნით:
a) ბავშვის ჩაბმა პორნოგრაფიულ წარმოდგენებში ან ბავშვის იძულება ამგვარ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად; b) ბავშვის მიმართ ძალდატანების გამოყენება მისი პორნოგრაფიულ წარმოდგენებში ჩაბმის მიზნით ან სარგებლის მიღება ამგვარი საქმიანობიდან ან ამ მიზნით ბავშვის სხვა გზით გამოყენება; c) შეგნებულად დასწრება ისეთ პორნოგრაფიულ წარმოდგენებზე, რომლებშიც მონაწილეობენ ბავშვები.
3. თითოეული მხარე იტოვებს უფლებას გამოიყენოს 1. c) ქვეპუნქტი იმ შემთხვევების მიმართ, როდესაც ბავშვთა ჩაბმა ან იძულება განხორციელდა 1 პუნქტის a) ან b) ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 22 – ბავშვის გარყვნა თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს იმგვარი ქმედების კრიმინალიზაციის მიზნით, როგორიცაა განზრახ იძულება ბავშვისა, რომელსაც ჯერ არ შესრულებია მე-18 მე-2 პუნქტში მითითებული ასაკი, უყუროს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ აქტს, თუნდაც მონაწილეობის გარეშე.
მუხლი 23 – ბავშვის დაყოლიება სექსუალური მიზნებისთვის თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს ზრდასრული პირის მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაკეთებული იმგვარი განზრახი შეთავაზების კრიმინალიზაციის მიზნით, რომელიც გულისხმობს შეხვედრას ბავშვთან, რომელსაც ჯერ არ შესრულებია მე-18 მე-2 პუნქტში მითითებული ასაკი, მის მიმართ მე-18 მუხლის 1.a პუნქტით ან მე-20 მუხლის 1.a პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ ამგვარ შეთავაზებას თან ახლდა ისეთი მატერიალური სახის დაპირებები, რომლებსაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული შეხვედრა.
მუხლი 24 – დახმარება ან წაქეზება და მცდელობა 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა განისაზღვროს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენაში დახმარება ან წაქეზება, თუ იგი ხორციელდება წინასწარგანზრახვით. 2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა განისაზღვროს როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა. 3. თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს მე-2 პუნქტი, მთლიანად ან ნაწილობრივ, მე-20 მუხლის 1.b, d, e და f პუნქტებით, 21-ე მუხლის 1.c პუნქტით, 22-ე და 23-ე მუხლებით დასჯადად დადგენილი დანაშაულების მიმართ.
მუხლი 25 – იურისდიქცია 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა დააწესოს იურისდიქცია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულზე, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილ იქნა:
a) მის ტერიტორიაზე; ან b) იმ გემის ბორტზე, რომელიც ამ მხარის დროშით დაცურავს; ან c) იმ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეგისტრირებულია ამ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად; d) ერთ-ერთი მისი მოქალაქის მიერ; ან e) იმ პირის მიერ, რომელსაც მის ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი.
2. თითოეული მხარე შეეცდება მიიღოს აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომები, რათა დააწესოს იურისდიქცია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულზე, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილ იქნა მისი რომელიმე მოქალაქის ან ნებისმიერი იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც მის ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი. 3. თითოეულ მხარეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საფუძველზე განაცხადოს, რომ ის იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს ან გამოიყენოს მხოლოდ სპეციფიკურ შემთხვევებში და გარემოებებში წინამდებარე მუხლის 1.e პუნქტით გათვალისწინებული იურისდიქციის წესი. 4. წინამდებარე კონვენციის მე-18, მე-19 მუხლების და მე-20 მუხლის 1.a პუნქტით და 21-ე მუხლის 1.a და b პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა მისი იურისდიქცია 1.d პუნქტთან დაკავშირებით არ იყოს დამოკიდებული იმ პირობაზე, რომ აქტების კრიმინალიზაცია მოხდეს იმ ადგილზე, სადაც ისინი იქნა ჩადენილი. 5. თითოეულ მხარეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საფუძველზე განაცხადოს, რომ ის იტოვებს უფლებას, წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-18 მუხლის 1.b პუნქტის მე-2 და მე-3 აბზაცით დადგენილ დანაშაულებთან მიმართებაში, გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის მოქალაქეს გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი მის ტერიტორიაზე. 6. წინამდებარე კონვენციის მე-18, მე-19 მუხლების და მე-20 მუხლის 1.a პუნქტით და 21-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა მისი იურისდიქცია 1.d და e. პუნქტებთან დაკავშირებით არ იყოს დამოკიდებული იმ პირობაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნეს მხოლოდ მსხვერპლის განაცხადის ან სახელმწიფოს მიერ იმ ადგილის დენონსაციის შემდეგ, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაული. 7. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა დააწესოს იურისდიქცია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, იმ შემთხვევაში როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე, ხოლო ის არ ახდენს მის ექსტრადირებას სხვა მხარისთვის მხოლოდ მისი მოქალაქეობის საფუძველზე. 8. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ შესაძლო დანაშაულზე იურისდიქციის დაწესებას მოითხოვს რამდენიმე მხარე, შესაბამისი მხარეები საჭიროების შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ყველაზე შესაფერისი იურისდიქციის განსაზღვრის მიზნით. 9. საერთაშორისო სამართლის ზოგადი წესების შეუზღუდავად, წინამდებარე კონვენცია არ კრძალავს მხარის მიერ თავისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის განხორციელებას.
მუხლი 26 – კორპორაციული პასუხისმგებლობა 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია მის სასარგებლოდ ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებს ინდივიდუალურად ან როგორც იურიდიული პირის წარმომადგენელი, და რომელსაც გააჩნია წამყვანი თანამდებობა ამ იურიდიულ პირის შიგნით, კერძოდ გააჩნია:
a) იურიდიული პირის წარმომადგენლობის უფლებამოსილება; b) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება; c) იურიდიული პირის ფარგლებში კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება.
2. 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაში თუ 1 პუნქტში მითითებული პირის მიერ გამოჩენილი არასაკმარისი ზედამხედველობის ან კონტროლის გამო, შესაძლებელი გახდა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა იურიდიული პირის სასარგებლოდ, იმ ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებდა მისი უფლებამოსილებით. 3. მხარის სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, იურიდიულ პირს შეიძლება დაეკისროს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 4. ეს პასუხისმგებლობა არ ზღუდავს იმ ფიზიკურ პირთა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.
მუხლი 27 – სანქციები და ზომები 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დადგინდეს ეფექტური, პროპორციული და გამოსასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები, მათი სიმძიმის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს სასჯელებს, რომლებიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შესაძლო ექსტრადიციით. 2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ იურიდიულ პირებს, რომელთაც დაეკისრათ პასუხისმგებლობა 26-ე მუხლის შესაბამისად, შეეფარდოთ ეფექტური, პროპორციული და გამოსასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები, რომლებიც მოიცავს სისხლისამართლებრივ ან არასისხლისამართლებრივ ფულად ჯარიმებს და შესაძლოა ითვალისწინებდეს სხვა ზომებსაც, კერძოდ:
a) საზოგადოებრივი სიკეთეებით ან დახმარებით სარგებლობის უფლების წართმევა; b) კომერციული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა პერმანენტულ ან დროებით საფუძველზე; c) სასამართლო ზედამხედველობის დაწესება; d) ლიკვიდაციის შესახებ სასამართლო ბრძანება.
3. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, a. რათა უზრუნველყოს ამოღება და კონფისკაცია:
- იმ საქონლის, დოკუმენტების და სხვა საშუალებების, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ან ჩადენის გაადვილების მიზნით; - ასეთი დანაშაულების ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლების, ან იმ ქონების, რომლის ღირებულებაც ამ შემოსავლების შესატყვისია.
b. უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით გამოყენებული ნებისმიერი დაწესებულების დროებითი ან პერმანენტული დახურვა, კეთილსინდისიერ მესამე მხარეთა უფლებების შეულახავად, ან აუკრძალოს დანაშაულის ჩამდენს, დროებით ან პერმანენტულად, ისეთი პროფესიული ან ნებაყოფლობითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს კონტაქტს ბავშვებთან და რომლის განხორციელების პროცესშიც ჩადენილ იქნა დანაშაული.
4. თითოეულ მხარეს შეუძლია დანაშაულის ჩამდენთა მიმართ მიიღოს სხვა ზომებიც, როგორიცაა მშობლის უფლების ჩამორთმევა ან მსჯავრდებულ პირებზე მონიტორინგის ან ზედამხედველობის დაწესება. 5. თითოეულ მხარეს შეუძლია დაადგინოს, რომ წინამდებარე მუხლის შესაბამისად კონფისკირებული დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლები ან ქონება გადაეცეს სპეციალურ ფონდს, რომლის მიზანია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის მსხვერპლთათვის პრევენციისა და დახმარების პროგრამების დაფინანსება.
მუხლი 28 – დამამძიმებელი გარემოებები თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ შემდეგი გარემოებები, თუ ისინი უკვე არ წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს, შიდა კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების შესაბამისად, განხილულ იქნეს როგორც დამამძიმებელი გარემოებები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სანქციების განსაზღვრისას:
a) დანაშაულმა სერიოზული ზიანი მიაყენა მსხვერპლის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობას; b) დანაშაულს წინ უძღოდა ან თან ახლდა წამების ან სერიოზული ძალადობის აქტები; c) დანაშაული ჩადენილ იქნა განსაკუთრებულად უმწეო მსხვერპლის მიმართ; d) დანაშაული ჩადენილ იქნა ოჯახის წევრის მიერ, იმ პირის მიერ, რომელიც ცხოვრობს ბავშვთან ერთად, ან იმ პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ავტორიტეტული მდგომარეობა; e) დანაშაული ჩადენილ იქნა რამდენიმე პირის მიერ, რომლებიც ერთობლივად მოქმედებდნენ; f) დანაშაული ჩადენილ იქნა კრიმინალური ორგანიზაციის ფარგლებში; g) დანაშაულის ჩამდენი პირი ადრეც იყო ნასამართლევი იმავე ხასიათის დანაშაულებისთვის.
მუხლი 28 – ადრინდელი ნასამართლეობა თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა სანქციების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სხვა მხარის მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენები.
თავი VII – გამოძიება, სამართლებრივი დევნა და პროცესუალური სამართალი
მუხლი 29 – პრინციპები 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს გამოძიებისა და სისხლის სამართლის პროცესის ჩატარება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და უფლებათა დაცვით. 2. თითოეული მხარე შეიმუშავებს მსხვერპლთა მიმართ დაცვით მიდგომას და უზრუნველყოფს, რომ გამოძიებამ და სისხლის სამართლის პროცესმა არ გამოიწვიოს ბავშვის მიმართ მიყენებული ტრავმის გამწვავება და რომ სისხლის სამართალწარმოების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს დახმარების გაწევა. 3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გამოძიებას და სისხლის სამართლის პროცესს მიენიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა და განხორციელდეს უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე. 4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე თავით გათვალისწინებული ზომები არ ზღუდავდეს დაცვის უფლებათა განხორციელებას და სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცესის მოთხოვნებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად. 5. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, რათა:
- უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ოპერაციების ჩატარება; - მისცეს საგამოძიებო განყოფილებებს ან სამსახურებს შესაძლებლობა მოახდინონ მე-20 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების მსხვერპლთა იდენტიფიცირება, რაც ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების, კერძოდ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გადაცემული ან ხელმისაწვდომად ქცეული ფოტოსურათებისა და აუდიოვიზუალური ჩანაწერების ანალიზის გზით უნდა განხორციელდეს.
მუხლი 31 – საერთო დაცვის ზომები
a) აცნობებენ მათ თავიანთი უფლებებისა და მათ ხელთ არსებული მომსახურებების, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მათ არ სურთ ასეთი ინფორმაციის მიღება, მათ საჩივართან დაკავშირებით მიღებული ზომების, გადასახადის, გამოძიების ან სამართალწარმოების საერთო მიმდინარეობის, ამ პროცესში მათი როლის, ასევე მათი საქმეების განხილვის შედეგების შესახებ; b) უზრუნველყოფენ მსხვერპლის და მისი ოჯახის ინფორმირებას, იმ შემთხვევებში მაინც, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი ან მსჯავრდებული განთავისუფლდა დროებით ან საბოლოოდ; c) მისცემენ მათ შესაძლებლობას, თავიანთი შიდა კანონმდებლობის პროცესუალური ნორმების შესაბამისად, მისცენ ჩვენება, წარმოადგინონ მტკიცებულებები და აირჩიონ თავიანთი მოსაზრებების, საჭიროებებისა და პრობლემების გამოთქმის ფორმა, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით; d) უზრუნველყოფენ მათ შესაბამისი მხარდაჭერის სამსახურებით, მათი უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ წარმოჩენისა და გათვალისწინების მიზნით; e) დაიცავენ მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს, მათ ვინაობას და მათ გამოსახულებას და მიიღებენ ზომებს თავიანთი შიდა კანონმდებლობის მიხედვით, რათა ხელი შეუშალონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შეიძლება გააადვილოს მათი იდენტიფიცირება; f) უზრუნველყოფენ მათი, ასევე მათი ოჯახების და მოწმეების დაცვას დაშინების, შურისძიების და განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან; g) თავიდან აიცილებენ როგორც სასამართლოში, ისე სამართალდამცავ ორგანოებში მსხვერპლსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის კონტაქტს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპეტენტური ორგანოები ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებენ, ან როცა გამოძიების ან სასამართლო პროცესი ითვალისწინებს ამგვარ კონტაქტს.
მუხლი 32 – სასამართლო პროცესის დაწყება თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს დამოკიდებული მსხვერპლის მიერ ინფორმაციის ან განაცხადის შეტანაზე, და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მსხვერპლის მიერ თავისი განაცხადის უკან გატანის შემთხვევაშიც.
მუხლი 33 – ხანდაზმულობის ვადა თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით, მე-19 მუხლის 1.a და b პუნქტებით და 21-ე მუხლის 1.a და b პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის დაწყების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა სასამართლო პროცესის ეფექტურად დასაწყებად, მას შემდეგ, რაც მსხვერპლი მიაღწევს სრულწლოვანებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციულად.
მუხლი 34 – გამოძიება 1. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ იმ პირებმა, სამმართველოებმა ან სამსახურებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გამოძიების ჩატარებაზე, გაიარონ სპეციალიზაცია ან ტრეინინგი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ასეთ სამმართველოები ან სამსახურები უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი ფინანსური რესურსებით. 2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ მსხვერპლის ფაქტიურ ასაკთან დაკავშირებით წარმოშობილმა გაურკვევლობამ ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას.
მუხლი 35 – გასაუბრება ბავშვთან
a) გასაუბრება ბავშვთან ჩატარდეს დაუსაბუთებელი გაჭიანურების გარეშე, კომპეტენტური ორგანოებისთვის შესაბამისი ფაქტების წარდგენის შემდეგ; b) გასაუბრება ბავშვთან აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარდეს ამ მიზნით დაპროექტებულ ან ადაპტირებულ შენობაში; c) გასაუბრება ბავშვთან ჩატარდეს იმ პროფესიონალების მიერ, რომლებმაც ამ მიზნით გაიარეს ტრეინინგი; d) ბავშვთან ყველა გასაუბრება, თუ ეს შესაძლებელია, და საჭიროების გათვალისწინებით, ჩატარდეს ერთი და იგივე პირების მიერ; e) გასაუბრებათა რაოდენობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად შეზღუდული და მკაცრად განპირობებული სისხლის სამართლის პროცესის აუცილებლობით; f) ბავშვს შეიძლება თან ახლდეს თავისი კანონიერი წარმომადგენელი, ან საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ დასახელებული ზრდასრული პირი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ პირის წარმომადგენლობის საწინააღმდეგოდ მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
მუხლი 36 – სისხლის სამართლის პროცესი
a) მოსამართლის ბრძანებით მოსმენა ჩატარდეს დახურულ სხდომაზე; b) მსხვერპლის ჩვენება მოსმენილ იქნეს სასამართლო დარბაზში მსხვერპლის დაუსწრებლად, კერძოდ შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
თავი VIII – მონაცემთა ჩაწერა და შენახვა
მუხლი 37 – სექსუალური დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა შესახებ ეროვნულ დონეზე მონაცემთა ჩაწერა და შენახვა 1. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების პრევენციის და მათთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა პირად მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული ნორმების და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი წესებისა და გარანტიების დაცვით, უზრუნველყოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა ვინაობასთან და გენეტიკურ პროფილთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და შენახვა. 2. თითოეული მხარე, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს იმ ეროვნული ორგანოს დასახელებას და მისამართს, რომელიც პასუხისმგებელია 1 პუნქტის შესრულებაზე. 3. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ 1 პუნქტში მითითებული ინფორმაცია გადაეცეს სხვა მხარის კომპეტენტურ ორგანოს შიდა კანონმდებლობით და შესაბამისი საერთაშორისო აქტებით დადგენილი პირობების დაცვით.
თავი IX – საერთაშორისო თანამშრომლობა
მუხლი 38 – საერთაშორისო თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები და ზომები 1. მხარეები ითანამშრომლებენ წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად და შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონული აქტების, ერთგვაროვანი ან ეკვივალენტური კანონმდებლობის და შიდა კანონების გამოყენების გზით, შესაძლებლობის ფარგლებში, რათა უზრუნველყონ:
a) ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; b) მსხვერპლთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა; c) წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ან სასამართლო პროცესის ჩატარება.
2. თითოეული მხარე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებათა მსხვერპლთ იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც ისინი არ ცხოვრობენ, მიეცეთ სარჩელის შეტანის შესაძლებლობა იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებში, სადაც მათ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 3. თუ ის მხარე, რომელიც სისხლის სამართლის ან ექსტრადიციის საკითხებში ორმხრივი დახმარების გაწევას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, მიიღებს სამართლებრივი დახმარების ან ექსტრადიციის მოთხოვნას იმ მხარისგან, რომელთანაც მას გაფორმებული არა აქვს მსგავსი ხელშეკრულება, მას შეუძლია წინამდებარე კონვენცია მიიჩნიოს როგორც იურიდიული საფუძველი სისხლის სამართლის ან ექსტრადიციის საკითხებში დახმარების გაწევის მიზნით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. 4. თითოეული მხარე შესაძლებლობის შემთხვევაში შეეცდება უზრუნველყოს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების ასახვა მესამე ქვეყნებისთვის გათვალისწინებულ დახმარების პროგრამებში.
თავი X – მონიტორინგის მექანიზმი
მუხლი 39 – მხარეთა კომიტეტი 1. მხარეთა კომიტეტი შედგება წინამდებარე კონვენციის მხარეთა წარმომადგენლებისაგან. 2. მხარეთა კომიტეტს იწვევს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. პირველი სხდომა გაიმართება ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ მეათე ხელმომწერი სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია. შემდგომში კომიტეტი შეიკრიბება მხარეთა არა ნაკლებ ერთი-მესამედის ან გენერალური მდივნის მოთხოვნით. 3. მხარეთა კომიტეტი მიიღებს თავის საპროცედურო წესებს.
მუხლი 40 – სხვა წარმომადგენლები
მუხლი 41 – მხარეთა კომიტეტის ფუნქციები
a) ხელს შეუწყობს წინამდებარე კონვენციის ეფექტურად გამოყენებას და იმპლემენტაციას, ნებისმიერი პრობლემის და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის ან დათქმის შედეგების განსაზღვრას; b) გამოთქვამს მოსაზრებებს წინამდებარე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას სამართლებრივ, სტრატეგიულ ან ტექნოლოგიურ სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ.
თავი XI – ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო აქტებთან
მუხლი 42 – ურთიერთმიმართება ბავშვის უფლებათა შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან და ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციის და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ მის ფაკულტატურ ოქმთან წინამდებარე კონვენცია არ ლახავს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციიდან და ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციის და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ მისი ფაკულტატური ოქმიდან და მიზნად ისახავს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული დაცვის გაძლიერებასა და მათში მოცემული სტანდარტების განვითარებასა და შევსებას.
მუხლი 43 - ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო აქტებთან 1. წინამდებარე კონვენცია არ ლახავს იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო აქტებიდან, რომელთა მხარეებიც არიან ან გახდებიან წინამდებარე კონვენციის მხარეები და რომლებიც შეიცავს დებულებებს წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებზე და უზრუნველყოფს უფრო მნიშვნელოვან დაცვას და დახმარებას სექსუალური ექსპლუატაციისა ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთათვის. 2. კონვენციის მხარეებმა შეიძლება გააფორმონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები ერთმანეთთან წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებზე, მისი დებულებების შევსების ან გაძლიერების ან მასში მოცემული პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით. 3. მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, თავიანთ ორმხრივ ურთიერთობებში გამოიყენებენ გაერთიანების და ევროკავშირის წესებს, თუ გაერთიანების ან ევროკავშირის ეს წესები ეხება რომელიმე კონკრეტულ საკითხს და გამოიყენება რომელიმე სპეციფიური შემთხვევის მიმართ, ისე რომ არ ზღუდავს წინამდებარე კონვენციის საგანს და მიზანს და ასევე მის სრულ გამოყენებას სხვა მხარეებთან მიმართებაში.
თავი XII – კონვენციაში შესწორებების შეტანა
მუხლი 44 – შესწორებები 1. მხარის მიერ წინამდებარე კონვენციაში შესწორების შესატანად წარმოდგენილი ნებისმიერი წინადადება ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მის მიერ გადაეცემა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერს, ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, ევროპის გაერთიანებას, 45-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და 46-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად წინამდებარე კონვენციასთან მისაერთებლად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს. 2. მხარის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი შესწორება ეცნობება დანაშაულის პრობლემათა ევროპის კომიტეტს, რომელიც მინისტრთა კომიტეტს წარუდგენს თავის მოსაზრებას შეთავაზებული შესწორების შესახებ. 3. მინისტრთა კომიტეტი შეისწავლის შეთავაზებულ შესწორებას და დანაშაულის პრობლემათა ევროპის კომიტეტის მოსაზრებას და წინამდებარე კონვენციის არა-წევრ სახელმწიფო მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, მან შესაძლოა დაამტკიცოს შესწორება. 4. მინისტრთა კომიტეტის მიერ წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორების ტექსტი მისაღებად გადაეცემა მხარეებს. 5. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა იმ დღის შემდგომი ერთთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც მხარეებმა გენერალურ მდივანს აცნობეს შესწორების მიღების შესახებ.
თავი XII –საბოლოო დებულებები
მუხლი 45 – ხელმოწერა და ძალაში შესვლა
მუხლი 46 – კონვენციასთან მიერთება 1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია, წინამდებარე კონვენციის მხარეებთან კონსულტაციისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდგომ, მიიწვიოს ევროპის საბჭოს არა-წევრი სახელმწიფო, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია კონვენციის შემუშავებაში, მიუერთდეს წინამდებარე კონვენციას უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს წესდების მე-20.d მუხლით და იმ ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენელთა ერთსულოვანი ხმებით, რომლებიც მინისტრთა კომიტეტის წევრები არიან. 2. ნებისმიერ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც უერთდება კონვენციას, კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც განხორციელდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მიერთების აქტის დეპონირება.
მუხლი 47 – ტერიტორიული გამოყენება 1. ევროპის სახელმწიფოს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, ხელმოწერის დროს ან ხელმოწერის ან სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტის დეპონირებისას, განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც უნდა გავრცელდეს კონვენცია. 2. ნებისმიერ მხარეს შეუძლია, უფრო მოგვიანებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საფუძველზე, კონვენციის მოქმედება გაავრცელოს დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი, ან რომლის სახელითაც ის უფლებამოსილია მისცეს დაპირებები. ასეთ ტერიტორიასთან დაკავშირებით, კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მიიღო ასეთი დეკლარაცია. 3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია, ასეთ დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლოა უკან იქნეს გახმობილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. ამგვარი უკან გახმობა ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მიიღო ასეთი შეტყობინება.
მუხლი 48 – დათქმები წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულებასთან დაკავშირებით არ შეიძლება გაკეთდეს რაიმე დათქმა, გარდა სპეციალურად დადგენილი დათქმებისა. ნებისმიერი დათქმა შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს.
მუხლი 49 – დენონსაცია 1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. 2. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც გენერალურმა მდივანმა მიიღო ასეთი შეტყობინება.
მუხლი 50 – შეტყობინება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფო მხარეს, ევროპის გაერთიანებას, 45-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და 46-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად წინამდებარე კონვენციასთან მისაერთებლად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს:
a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ; b) ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ნებისმიერი აქტის დეპონირების შესახებ; c) წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად; d) 44-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შესწორების და ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ; e) 48-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დათქმის შესახებ; f) 49-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი დენონსაციის შესახებ; g) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ლანსაროტში, 2007 წლის 25 ოქტომბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია, ერთ ეგზემპლარად, რომელიც შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს არქივს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში, ევროპის გაერთიანებას და წინამდებარე კონვენციასთან მიერთების მიზნით მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს. |
|
დოკუმენტის კომენტარები