საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05/01
13/01/2015
ვებგვერდი, 13/01/2015
040030000.22.054.016127
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/01/2015 - 09/03/2016)

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/01

2015 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N05/4 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



 

საჯარო სამართლის იურიდიული პირისკულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“ შექმნილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის ბაზაზე“ და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

2. „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“ (შემდგომში – ფონდი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის საქმიანობას.

3. ფონდის სრული სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“.

4. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო), რომელიც ამტკიცებს ფონდის დებულებას.

5.  ფონდს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. ფონდი უფლებამოსილია, თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები,  დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

6. ფონდი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

7. ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქ. №4.


მუხლი 2. ფონდის   მიზნები და ამოცანები
 1. ფონდის   მიზნებია:

ა) ქართული კულტურის პოპულარიზაცია;

ბ) კულტურის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით  დადგენილი წესით;

გ) კულტურის სფეროში განათლების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის მენეჯმენტის სწავლება, სხვადასხვა გაცვლითი კურსებისა და სემინარების ჩატარება და შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის გატარება;

დ) კულტურის სფეროს დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. კულტურის სფეროს დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;

ე) ქართული კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრა-შესაფასება, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმალური ნიშების შერჩევა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარება;

ვ) ქართული კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და ორგანიზაციების კულტურის სფეროების ბაზრებზე ორიენტირებული მუშაობის ხელშეწყობა და იმ ახალგაზრდების სტიმულირება, რომლებიც კულტურის სფეროში მოღვაწეობაზე აკეთებენ არჩევანს;

ზ) ქართული კულტურის აღმავლობისა და ფინანსური მდგრადობის მიღწევის ხელშეწყობა საინვესტიციო და კომერციული პროექტების განხორციელების გზით;

თ) კულტურის მოხმარების ზრდის ხელშეწყობა სხვადასხვა მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობის ღონისძიებების საშუალებით;

ი) კულტურის სფეროში განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა და შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის გატარება;

კ) ქართული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროს ინვესტირებისა და პოპულარიზაციისთვის შესაბამისი  საინვესტიციო პოლიტიკის გატარება/ პროექტებზე მუშაობა;

ლ) საქართველოს კულტურის სფეროს ხელშეწყობისათვის სხვადასხვა ამოცანების შესრულება.

2. ფონდის ამოცანებია:

ა) კულტურის სფეროს დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას;

ბ) კულტურის სფეროსთან არსებული პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) კულტურის სფეროში არსებული პროექტების დაფინანსების გზით, კულტურის სფეროში განათლების დონის ამაღლებისა და ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა;

დ) ქართული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროს პოპულარიზაციის მიზნით, შესაბამისი პროექტების ხელშეწყობა და ინვესტიციების მოძიება;

ე) დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მის ძირითად მიმართულებებთან ფონდის საქმიანობის ჰარმონიზაციისა და აგრეთვე თავად ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით.

 


მუხლი 3. ფონდის საქმიანობის საგანი
1.  ფონდის საქმიანობის საგანს წარმოადგენს კულტურის სფეროს კომერციალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ:

ა) ინვესტიციები კომერციულად მომგებიან პროექტებში;

ბ) ინვესტიციები კულტურის სფეროში ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლებაზე ორიენტირებულ პროექტებში;

გ) გაცვლითი პროგრამებისა და ვორქშოპების ორგანიზება კულტურის მენეჯერებისათვის;

დ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

ე) ხელოვანებისა და შემსრულებლების ხელშეწყობა მათ საქმიანობაში, მათ შორის საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებსა და აუქციონებზე საკუთარი პროდუქციის წარმოჩენაში;

ვ) გამოფენებისა და აუქციონების მოწყობა (მათ შორის საერთაშორისო სააუქციონო სახლებთან და მუზეუმებთან თანამშრომლობით) ხელოვნების ნიმუშებისა და ანტიკვარიატის ბაზრის მოწესრიგებისათვის;

ზ) ინვესტირება ქართული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროს პოპულარიზაციისთვის.

2. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.

 


მუხლი 4. ფონდის უფლება-მოვალეობანი
1. ფონდს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პროექტების არჩევისას;

ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით;

გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან;

დ) მოამზადოს საკითხები ფონდის კომპეტენციის სფეროებიდან და განსახილველად წარუდგინოს სამინისტროს;

ე) სამინისტროსთან ერთად განსაზღვროს ფონდის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;

ვ) მიიღოს და გასცეს გრანტი და სახელმწიფო დახმარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

თ) ორგანიზება გაუწიოს კულტურული საქმიანობის სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას;

ი) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი საქმიანობის სტრატეგია და მეთოდოლოგია;

კ) შეიმუშაოს ფონდის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ფონდის დებულების შესაბამისად.

მ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის  2014 წლის 21 აგვისტოს N03/168 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის“ დებულების შესაბამისად, კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდს მიენიჭოს, საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განსაზღვრული პროექტების/პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება, თავად ან სხვა კონტრაქტორების მეშვეობით.

2. ფონდს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის (პრემია) გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) უფლებამოსილია სამსახურის თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან შეთანხმებით.

ზ) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

3.1 ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანასთა სამინისტროს თანხმობა.

4. ფონდი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები.


მუხლი 5. ფონდის ხელმძღვანელობა
1. ფონდის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „საჯარო სამართლოს იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

2. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი.

3. დირექტორს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

4. ფონდის დირექტორი:

 ა) არის ფონდის საერთო ხელმძღვანელი;

ბ) პასუხისმგებელია ფონდის საერთო საქმიანობაზე;

გ)  ამტკიცებს ფონდის სტრუქტურას;

დ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, სახელფასო განაკვეთებს;

ე) სამინისტროსთან ათანხმებს ფონდის თანამშრომელთა წახალისებისა (პრემია) და დანამატის ფორმებს;

ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, მოწვეულ სპეციალისტებთან დებს და წყვეტს  შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) უზრუნველყოფს ფონდის დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით წყვეტს ფონდის სტრატეგიულ მიმართულებებს;

კ) დამოუკიდებლად წყვეტს მიმდინარე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ  და ფინანსურ საკითხებს;

ლ) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;

მ) უფლებამოსილია, მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება ფონდის დირექტორის მოადგილეზე;

ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას ფონდის მიერ პროექტების დაფინანსების ან საინვესტიციო საქმიანობის შესახებ;

5. ფონდის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე მოადგილე.

6. ფონდის დირექტორის მოადგილე/მოადგილეები:

ა) დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს/ასრულებენ დირექტორის მოვალეობას, დირექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.


მუხლი 6. ფონდის ქონება
ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

მუხლი 7. ფონდის დაფინანსების წყაროები
1. ფონდის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები;

ბ) უცხოური და ადგილობრივი წყაროებიდან მოზიდული სახსრები;

გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი;

დ) კერძო შემოწირულობანი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ფონდის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. 


მუხლი 8. ფონდის სახელმწიფო კონტროლი 
1. ფონდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.


მუხლი 9. ფონდის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ფონდი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად სამინისტროს.

2. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.


მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  
ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 


მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.