„საერთაშორისო ვეტერინარულ- სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საერთაშორისო ვეტერინარულ- სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016167
2-16
23/01/2015
ვებგვერდი, 26/01/2015
340170000.22.032.016167
„საერთაშორისო ვეტერინარულ- სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საერთაშორისო ვეტერინარულ- სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-16

2015 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საერთაშორისო ვეტერინარულ- სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული ,,ა” და ,,ბ” ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-217 ბრძანებაში (სსმ, 110, 20/09/2005, სარეგისტრაციო კოდი 342.170.000.22.032.007.723) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ „საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესებს“ დაემატოს „ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია



ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ

და საკარანტინო ღონისძიებათა წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნიუკასლის (ფრინველის ჭირი) დაავადება (შემდგომში -,,ნიუკასლის დაავადება“)  - Marbus Newcastle - მაღალ კონტაგიოზური დაავადებაა, რომელიც  გამოწვეულია ფრინველის paramyxovirus1 შტამით.  ნიუკასლის დაავადების დროს  ინტრაცერებრალური პათოგენობის ინდექსი ზრდასრულ ფრინველებში შეადგენს 0,7-ზე მეტს. ვირუსის გუნდში მოხვედრიდან ყველა ფრინველი ფაქტობრივად ინფიცირდება 2-6 დღეში. ფრინველებში დაავადება მიმდინარეობს სასუნთქი ორგანოების  ან კუჭნაწლავის ტრაქტის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, გამომდინარე იქიდან, თუ ვირუსის რომელი შტამით არის დაინფიცირებული ფრინველი.   ნიუკასლის დაავადების გამომწვევმა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანებში კონიუნქტივიტი.

2. ნიუკასლის დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-7 დღეა, რომელიც შესაძლოა  9-12 დღემდე გაგრძელდეს. ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყაროა დაავადებული და ინკუბაციურ პერიოდში მყოფი ფრინველი. ასეთი ფრინველი ვირუსს გარემოში გამოყოფს ძირითადად ცხვირის გამონადენთან ერთად, რომელიც ძლებს გარემოში რამდენიმე კვირა, განსაკუთრებით ცივი ამინდის პირობებში. ნიუკასლის დაავადების აღმძვრელი წყარო შეიძლება იყოს ასევე დაავადებული ფრინველიდან მიღებული პროდუქტები და ნედლეული, ვირუსით დაბინძურებული საკვები, წყალი, ინვენტარი, მომსახურე პერსონალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ. კლინიკურად გამოჯანმრთელებული ფრინველი ვირუსს გამოყოფს გამოჯანმრთელებიდან 2-4 თვის განმავლობაში.

3. დაავადების მწვავედ მიმდინარეობისას ავადმყოფობა აღწევს 100%-ს, ხოლო სიკვდილიანობა -  60-90%-ს.

4. ნიუკასლის დაავადებაზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

 


მუხლი 2. რეგულირების  სფერო
ეს წესი ვრცელდება:

ა) შინაურ ფრინველზე;

ბ) სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედებსა და  გალიაში მყოფ სხვა ფრინველზე.


მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაინფიცირებული შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი, რომელშიც ნიუკასლის დაავადების არსებობა ოფიციალურად დასტურდება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ან მეორე ან შემდგომი აფეთქებისას, ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები გამოვლინდა იგივე კერაში; 

ბ) დაინფიცირებაზე  საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი, რომელსაც აქვს ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები;

გ) კონტამინაციაზე საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ექვემდებარება ვირუსის ზეგავლენას;

დ) საზოგადოებრივი კვების ანარჩენები - ნარჩენები სამზარეულოებიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, ან ნებისმიერი სხვა საწარმოდან, რომელიც წარმოება-გადამუშავებისათვის იყენებს ხორცს;

ე) კონტაქტური საფრინველე ან სამტრედე - ობიექტი, რომელიც ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით ბინძურდება ადამიანის, ფრინველის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით;

ვ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში -  „სახელმწიფო ვეტერინარი“)   - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული,  სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

ზ) სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედი -  ნებისმიერი მტრედი, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოყავთ სამტრედედან და ღონისძიების დასრულების შემდეგ აბრუნებენ უკან;

თ) სამტრედე - ნაგებობა, რომელიც გამოიყენება სპორტული და გასართობი დანიშნულების  მტრედის  შესანახად ან  მოსაშენებლად;

ი) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს შინაური ფრინველი ან/და სპორტული ან/და გასართობი დანიშნულების მტრედი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;

კ) საფრინველე - ობიექტი (ფერმერული მეურნეობა, ოჯახური წარმოება), სადაც ხდება შინაური ფრინველის მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის  კოდექსით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

 


მუხლი 4. ნიუკასლის დაავადების  პროფილაქტიკა
1. ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის შეტანისაგან, საფრინველის დაცვის მიზნით,  მფლობელი ვალდებულია:

ა) საფრინველე დააკომპლექტოს დაავადებაზე კეთილსაიმედო საფრინველედან ან ადგილზე გამოზრდილი ჯანმრთელი ფრინველით;

ბ) ახლად შეყვანილი ფრინველი შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ დაავადების ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო გუნდში ან გადაიყვანოს სხვა საფრინველეში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;

გ) არ დაუშვას:

გ.ა) ნიუკასლის დაავადების მიმართ არაკეთილსაიმედო საფრინველეებთან სამეურნეო კავშირი;

გ.ბ) ტერიტორიაზე და საფრინველეში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან;

გ.გ) ტერიტორიაზე და საფრინველეში შესვლა სანიტარულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე, ოჯახურ წარმოებაში -  სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოსვის გარეშე;

დ) დაიცვას ვეტერინარულ - სანიტარიული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.

2. საფრინველე უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. ოჯახურ წარმოებაში ფრინველის ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ საფრინველეში, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.

3. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს ვეტერინარი ექიმი, მფლობელთან შეთანხმებით, ამ წესისა და ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად.


მუხლი 5. ნიუკასლის დაავადების შესახებ შეტყობინების ვალდებულება
ნიუკასლის დაავადების საეჭვო ან დადასტურებული ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მფლობელი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს.

მუხლი 6. ზომები ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას  
1. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის გამოცხადება ადგილზე, რომელიც დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, იღებს ნიმუშებს და აგზავნის ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის.

2.  სააგენტოს გადაწყვეტილებით, ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საფრინველეზე  უნდა დაწესდეს ზედამხედველობა:

ა) განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიისა და ასაკის ფრინველის დათვლა, შედგეს დაავადებული, მკვდარი ან თითოეულ კატეგორიაში სავარაუდოდ ინფიცირებული ფრინველის რაოდენობის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი უნდა განახლდეს, მათი გამოჩეკის და სიკვდილის შემთხვევების გათვალისწინებით, საეჭვო პერიოდის განმავლობაში. მოპოვებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება ყოველი ვიზიტის დროს;

ბ) ყველა ფრინველი შემოიფარგლოს თავის სადგომში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება;

გ) არცერთი ფრინველი არ უნდა შეიყვანონ ან/და გამოიყვანონ საფრინველედან.

 3. საფრინველეში ან საფრინველედან ადამიანების, ცხოველისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დასაშვებია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე.

4. სააგენტოს ნებართვის გარეშე, დაუშვებელია მკვდარი ან/და დაკლული ფრინველის  ხორცის ან მათი საკვების, ნარჩენების, სკორეს, ქვეშსაგების, ჭურჭლის, მასალების საფრინველედან გამოტანა. 

5. დაუშვებელია კვერცხის გამოტანა საფრინველედან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  სააგენტოს ნებართვით პირდაპირ იგზავნება აღიარებულ საწარმოთა რეესტრში მითითებულ კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ და/ან გადამამუშავებელ  საწარმოში.

6. აღიარებულ საწარმოთა რეესტრიდან, კვერცხის პროდუქტების მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი საწარმო სააგენტოს მიერ შეირჩევა  იმ შემთხვევაში თუ:  

ა)  საწარმოს შეუძლია კვერცხის პროდუქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლების გამოკვლევების ჩატარება;

 ბ)  კვერცხის პროდუქტები ინახება შემნახველ საკნებში, სადაც არსებობს შენახვის შესაბამისი პირობები და იწარმოება ჩანაწერები, ამასთან გაცივების მაჩვენებელი უზრუნველყოფს შენახვისათვის საჭირო ტემპერატურის მიღწევას უმოკლეს დროში და ჰაერი მათ გარშემო თავისუფლად ცირკულირებს, გარდა გარემოს ტემპერატურაზე შენახული კვერცხის პროდუქტებისა;

გ) ტემპერატურა, შემნახველ საკანში არ აღემატება ღრმად გაყინული პროდუქტებისთვის  -180C,  გაყინული პროდუქტებისთვის  -12 0C,       გაგრილებული პროდუქტებისთვის   +40C;

დ) კვერცხის პროდუქტების ტრანსპორტირებისას შენარჩუნდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტემპერატურა და დაცული იქნება დაზიანებისაგან;

ე)  ლაბორატორიული გამოკვლევებისა და შემოწმების შედეგების  ჩანაწერებს აწარმოებს  და ინახავს 2 წლის ვადით.

7. კვერცხის პროდუქტის ყოველი პარტიის ეტიკეტირება და საიდენტიფიკაციო ნიშნის დადება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. კვერცხის შერჩეულ საწარმოში გაგზავნამდე სატრანსპორტო საშუალება ილუქება  სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და წინასწარ ატყობინებს ამ საწარმოს და სააგენტოს კვერცხის გაგზავნის შესახებ.  

9. სააგენტო  ზედამხედველობას უწევს, რომ:

ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული კვერცხი ინახებოდეს სხვა კვერცხისგან იზოლირებულად, მათი მიღებიდან  გადამუშავებამდე;

ბ) ასეთი კვერცხის ნაჭუჭები მიჩნეულ იქნას მაღალი რისკის შემცველ მასალად და განადგურდეს დამარხვით ან დაწვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;       

გ) კვერცხის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება,  შესაფუთი მასალა, კვერცხთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი მასალა, გასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია ისე, რომ განადგურდეს ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი.

10. სახელმწიფო ვეტერინარი წერილობით ინფორმირებული უნდა იყოს  გადამუშავებული კვერცხის ყველა პარტიის შესახებ.

11. საფრინველეს შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილ სანიტარულ გამტარში, სადეზინფექციო ხალიჩებზე, სადეზინფექციო ბარიერებზე გამოყენებულ უნდა იქნას შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები, ოჯახურ წარმოებაში გამოიყენება სადეზინფექციო ხალიჩები გაჟღენთილი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. საფრინველეში შესვლა-გამოსვლისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

12. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, ხორციელდება ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა  ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

13. ნიუკასლის დაავადებაზე საეჭვო შინაური ფრინველის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

14. სააგენტომ  ამ მუხლის მე-2-მე-11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა  გაატაროს იმ საფრინველეებშიც, რომლებიც ნიუკასლის დაავადების შეჭრისა და გავრცელების საშიშროების ქვეშ არიან. 

15. ამ მუხლით დადგენილი ზომები არ უნდა გაუქმდეს ნიუკასლის დაავადებაზე  ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდე.  


მუხლი 7. ზომები   ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში
1. ნიუკასლის დაავადების დადასტურებისას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარების გზით.

 2. ნიუკასლის დაავადებაზე კარანტინი  წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის  − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.  

 3. საფრინველეში ნიუკასლის დაავადების არსებობის ოფიციალურად დადასტურების  შემთხვევაში, სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2-მე-15 პუნქტებში მითითებული ზომების გარდა, ადგენს:

ა)  ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ადგილზე დაუყოვნებლივ მოიკლას საფრინველეში არსებული მთლიანი სულადობა. კვერცხი, მკვდარი და მოკლული სულადობა უნდა განადგურდეს.

ბ) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გაუვნებლობის მიზნით, სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა ნივთიერება და ნარჩენი, როგორიცაა საკვები,  ქვეშსაგები, სკორე, განადგურდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მითითებებითა და ზედამხედველობით;

გ) ნიუკასლის დაავადების ინკუბაციის პერიოდში  დამზადებული ფრინველის ხორცი და საინკუბაციო კვერცხი, რომელიც გატანილია საფრინველედან, იქნას მიკვლეული და განადგურებული, ხოლო დაავადების საინკუბაციო პერიოდში გამოჩეკილ წიწილებზე წესდება ზედამხედველობა. ამავე პერიოდში საფრინველედან გატანილი სუფრის კვერცხი უნდა იქნას მიკვლეული და განადგურებული, გარდა იმ  კვერცხისა, რომელსაც გატანამდე ჩაუტარდა დეზინფექცია;   

დ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარების შემდეგ საფრინველეები, მათი შემოგარენი, სატრანსპორტო საშუალებები და სავარაუდოდ დაინფიცირებული ყველა დანადგარ-მოწყობილობა, გაიწმინდოს და მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) აიკრძალოს ფრინველის საფრინველეში აღწარმოება, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულებიდან არანაკლებ 21 დღის გასვლამდე;

ვ) ეპიდემოლოგიური გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. დასაშვებია, სააგენტომ გაავრცელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ზომები იმ მეზობელ საფრინველეებზეც, რომელთა მდებარეობა ხელს უწყობს  აღმძვრელის შეტანას იმ საფრინველეებიდან, რომლებშიც დადასტურდა ნიუკასლის დაავადება.

5. ფრინველის იმ გუნდში, რომელშიც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოყოფილია ნიუკასლის დაავადების ვირუსის შტამი, რომლის ინტრაცელებრალური პათოგენური ინდექსი აჭარბებს 0,7-ს და ნაკლებია 1,2-ზე, არ მჟღავნდება ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები და ვირუსი გამოყოფილია ატენუირებული ცოცხალი ვაქცინიდან, სააგენტოს შეუძლია არ გაითვალისწინოს ამ მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია 30 დღის განმავლობაში საფრინველეზე დააწესოს ზედამხედველობა და მოითხოვოს:  

ა) ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გატარება;

ბ) საფრინველედან ფრინველის გაყვანის აკრძალვა, გარდა სააგენტოს ნებართვით სასაკლაოზე გაგზავნილი ფრინველისა.

6. სააგენტომ წინასწარ უნდა აცნობოს სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს ფრინველების გაგზავნის შესახებ. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფრინველი სასაკლაოზე უნდა განთავსდეს და დაიკლას  განცალკევებით სხვა  ფრინველისგან.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მიღებული ახალი ფრინველის ხორცზე დაიტანება ჯანმრთელობის ნიშანდება სპეციალური შტამპით. შტამპი უნდა იყოს ოვალური ფორმის, რომელზეც გავლებულია ორი პარალელური სწორი ხაზი, რომელთა შორის მანძილი არანაკლებ 1 სმ-ს უნდა შეადგენდეს,  ხაზი უნდა კვეთდეს ოვალური ფორმის წრეს ისე, რომ იქ არსებული ინფორმაცია გარკვევით იკითხებოდეს, ამასთან ორი პარალელური ხაზი ისევე აშკარა უნდა იყოს, როგორც  ნიშნის გარე კიდე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ნიშანდებული ხორცი უნდა იყოს მიღებული, დაჭრილი, ტრანსპორტირებული და შენახული განცალკევებით იმ ხორცისაგან, რომელიც განკუთვნილია შიდა ვაჭრობისათვის და უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ თავიდან  იქნას აცილებული მისი შეტანა შიდა ვაჭრობისათვის განკუთვნილ ხორცის პროდუქტებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხორცს გავლილი აქვს სითბური დამუშავება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ცენტრისკენული ძალით 3,00 ან მეტი.

9. ამ მუხლის  მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები შეიძლება გადაიხედოს მეცნიერული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ის  დანერგვა-გამოყენებისას. 


მუხლი 8. ზომები  ნიუკასლის დაავადების დადასტურების  შემთხვევაში ორი ან მეტი განცალკევებული ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში (გუნდი)
თუ ორი ან მეტი განცალკევებული ერთეულისაგან შემდგარ საფრინველეში, სახელმწიფო ვეტერინარი დაადასტურებს, რომ ამ საფრინველეებში ფრინველს კვებავენ და ინახავენ ისე, რომ გამორიცხულია ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის ერთი განცალკევებული ერთეულიდან  მეორეში გავრცელება, სააგენტოს შეუძლია ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი  მოთხოვნები არ გაატაროს პირობითად ჯანმრთელ საფრინველეებში.  

მუხლი 9. ეპიდემიოლოგიური   გამოკითხვა
ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) საფრინველეებსა და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების დაფიქსირებიდან გამოკითხვის ჩატარებამდე დროის ხანგრძლივობას;

ბ)  საფრინველეებში და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფრინველის, სამტრედისა და გალიებში მყოფი ფრინველის იდენტიფიკაციას, სადაც ისინი  შეიძლება დაინფიცირდნენ დაავადების იმავე წყაროდან;

 გ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების,  ფრინველის, მტრედის და გალიაში მყოფი ფრინველის, კვერცხის, ხორცის გადაადგილებას ან ნებისმიერ ფაქტორს, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ადგილიდან სხვა ადგილას. 


მუხლი 10. ზომები კონტაქტურ საფრინველეში
1. თუ სახელმწიფო ვეტერინარს საფუძვლიანი ეჭვი აქვს ადამიანიდან, ფრინველიდან ან ტრანსპორტიდან ფრინველის ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით კონტამინაციაზე, ამ საფრინველეში ხორციელდება ნიუკასლის დაავადების საეჭვო შემთხვევის აღმოჩენა, ფრინველის რაოდენობის დადგენა და მათ გადაადგილებაზე მონიტორინგი.

2. საჭიროების შემთხვევაში, კონტაქტური საფრინველეებიდან სააგენტომ უნდა აკრძალოს ფრინველის გადაადგილება, გარდა სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ გადაუდებელი დაკვლის მიზნით სასაკლაოზე ფრინველის ტრანსპორტირებისა.

3. სასაკლაოზე ტრანსპორტირებამდე, ნიუკასლის დაავადების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო ვეტერინარმა კლინიკურად უნდა შეამოწმოს ყველა ფრინველი. ამასთან ფრინველის გადაადგილების აკრძალვა წესდება უკანასკნელი, პოტენციური დასნებოვნების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო კლინიკური ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, აკრძალვა დასაშვებია შემცირდეს 7 დღემდე.

4. სააგენტოს შეუძლია გაატაროს გამარტივებული ზომები განცალკევებით არსებულ საფრინველეში, რომელსაც ემსახურება ცალკე პერსონალი.  

5.  თუ სახელმწიფო ვეტერინარს აქვს საფუძვლიანი ეჭვი სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ან სხვა მტრედების ნიუკასლის დაავადების ვირუსით დასნებოვნების შესახებ, არანაკლებ 21 დღის განმავლობაში იკრძალება სამტრედიდან მტრედის გადაადგილება.


მუხლი 11. დამცავი და საკონტროლო ზონების შექმნა
1. ნიუკასლის დაავადების დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიდემიის კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ-ის რადიუსის საკონტროლო ზონაში.

2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა   გაითვალისწინოს:

ა) ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიდემიოლოგიური გამოკითხვის შედეგები;

ბ) გეოგრაფიული მდებარეობა;

გ)   საფრინველეების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;

დ) ეკოლოგიური და ეპიდემიოლოგიური  ფაქტორები;

ე) მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.

3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს  საკონტროლო და დამცავ ზონებში მყოფი პირების ინფორმირება ყველა აკრძალვა-შეზღუდვასა და ამ წესით დადგენილი ზომების  გატარებაზე.


მუხლი 12. ზომები შექმნილ დამცავ ზონაში
1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება: 

ა)  საფრინველეების აღწერა შესაძლო მოკლე დროში;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარის პერიოდული ვიზიტები ფრინველის კლინიკური მდგომარეობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა გამოკვლევებისათვის; ვიზიტისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ დგება აქტი;

გ) ფრინველის თავიანთ საფრინველეში ან სხვა ადგილას იზოლირება;

დ) სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება საფრინველეების შესასვლელებსა და გამოსასვლელებში;

ე) ფრინველის,  მკვდარი ან/და დაკლული ფრინველის, კვერცხის, მომსახურე პერსონალისა და ფრინველის გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი ზონის შიგნით და ტრანსპორტირების აკრძალვა. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ფრინველის ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას;

ვ) საფრინველედან ფრინველის გაყვანისა და საინკუბაციო კვერცხის გატანის აკრძალვა, გარდა: 

ვ.ა) ფრინველის გადაუდებელი დაკვლისათვის სააგენტოს მიერ ნებადართული სატრანსპორტო საშუალებით სასაკლაოში გადაყვანისა, რომელიც სასურველია მდებარეობდეს დაინფიცირებულ არეალში, ან თუ ეს შეუძლებელია, სასაკლაოში, რომელიც არჩეულია სააგენტოს მიერ დაინფიცირებული ტერიტორიის გარეთ. ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხოლო  შიდა ვაჭრობაში ჩართვას ამ წესის მე- 7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად;

 ვ.ბ) ერთდღიანი წიწილების ან კვერცხმდებელი ფრინველის გადაყვანისა  საკონტროლო ზონაში, სადაც არ არის სხვა  ფრინველი. ამასთან, ასეთ საფრინველეებზე წესდება ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი ზომები;  

ვ.გ) საინკუბაციო კვერცხის სააგენტოს მიერ შერჩეულ ინკუბატორში ტრანსპორტირებისა, რომლის დროსაც კვერცხი შესაფუთი მასალით ექვემდებარება დეზინფექციას;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნების შესრულებაზე წესდება სახელმწიფო კონტროლი. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ საფრინველეში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ჩატარებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ. სატრანსპორტო საშუალება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ექვემდებარება დასუფთავებასა (გაწმენდა) და დეზინფექციას;

თ) ფრინველის სკორეს, ქვეშსაფენის გავრცელებისა და გატანის აკრძალვა სააგენტოს ნებართვის გარეშე;

 ი) ფრინველის სარეალიზაციო ბაზრის, ბაზრობების, შოუებისა და სხვა შეკრებების აკრძალვა.

2. დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები გრძელდება არანაკლებ 21 დღისა, ამ წესის მე-15 მუხლში დადგენილი მოთხოვნების თანახმად, წინასწარი დასუფთავებისა (გარეცხვის) და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ. 


მუხლი 13. ზომები შექმნილ საკონტროლო ზონაში
1. საკონტროლო ზონაში გამოყენებული ზომები მოიცავს:

ა) ყველა  საფრინველის აღწერას;

ბ) ზონაში ფრინველისა და საინკუბაციო კვერცხის გადაადგილების კონტროლს;

გ) პირველი 15 დღის განმავლობაში  ზონიდან ფრინველის გადაადგილების აკრძალვას,  გარდა პირდაპირ საკონტროლო ზონის გარეთ მდებარე სააგენტოს მიერ ნებადართულ სასაკლაოში გადაყვანისა. ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, ხოლო  შიდა ვაჭრობაში ჩართვას - ამ წესის მე- 7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად;

დ) საინკუბაციო კვერცხის საკონტროლო ზონიდან გადაადგილების აკრძალვა, გარდა  სააგენტოს მიერ შერჩეული ინკუბატორისა. გაგზავნამდე კვერცხი და მათი შესაფუთი მასალა ექვემდებარება დეზინფექციას;

ე) სკორეს, ქვეშსაფენის ზონიდან გადაადგილების აკრძალვას;

ვ) ფრინველის  სარეალიზაციო ბაზრების, ბაზრობების, შოუების და სხვა შეკრებების აკრძალვას;

ზ) ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ფრინველის ტრასპორტირების აკრძალვას, გარდა ავტომაგისტრალითა და რკინიგზით გადაყვანისა.


მუხლი 14. მფლობელის ვალდებულებები
1. ფრინველ(ებ)ის და/ან  სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედ(ებ)ის და/ან გალიაში მყოფი ფრინველ(ებ)ის მფლობელი ან მომვლელი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს ინფორმაცია ფრინველის საფრინველეში შეყვანისა და საფრინველედან გაყვანის, კვერცხის საფრინველეში შეტანის და გატანის, სპორტული და/ან გასართობი დანიშნულების მტრედების შოუებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

2.  ყველა პირი, რომელიც დაკავებულია ფრინველის, კვერცხის, გალიაში მყოფი ფრინველისა და სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ტრანსპორტირებითა ან/და ყიდვა-გაყიდვით, ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. 


მუხლი 15. დასუფთავება და  დეზინფექცია
1. დასუფთავების და  დეზინფექციის ჩატარების პრინციპები და პროცედურებია:

ა) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურების მიზნით გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით; 

ბ) დასუფთავების და  დეზინფექციის სამუშაოების განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებებისა და  ზედამხედველობის ქვეშ.

2. ინფიცირებული საფრინველეების საწყისი გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

 ა) უტილიზაციისათვის, ფრინველის სხეულის გატანის შემდეგ, საფრინველეების იმ ნაწილის, სადაც ფრინველები ბინადრობდნენ, და  ნებისმიერი  სხვა შენობა, ეზო, რომელიც დაბინძურდა, დაკვლისას ან დაკვლის შემდგომი შემოწმებისას  სადეზინფექციო საშუალებებით შესხურება;

ბ) ფრინველისა ან კვერცხის, რომლებმაც შეიძლება დააბინძუროს შენობები, ეზოები, ინვენტარი (ჭურჭელი), შეგროვება და განადგურება ფრინველის სხეულთან ერთად;

გ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების დამუშავებულ ზედაპირზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში გაჩერება.

3.  საბოლოო გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა)  ცხიმისა და ჭუჭყის მოცილება ყველა ზედაპირიდან ცხიმის მოსაცილებელი საშუალებების გამოყენებით, ზედაპირის წყლით ჩამორეცხვა;

ბ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;

გ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა-ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება,  წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების  შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება;

დ) გამოყენებული ქვეშსაგებისა და სკორეს დეზინფენქციისას ვირუსის გამანეიტრალებელი ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება:

დ.ა)  დაწვა ან ორთქლით დამუშავება 70 0 С-ზე;

დ.ბ) მიწაში ღრმად დამარხვა მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან  დაცვის მიზნით;

დ.გ) შეგროვება, დანესტიანება (საჭიროების შემთხვევაში, ფერმენტაციისათვის) და დაფარვა ისე, რომ მიაღწიოს და  შეინარჩუნოს სითბო 20°C ტემპერატურამდე. მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან დაცვის მიზნით, დარჩეს გადაფარებული 42 დღის განმავლობაში. 


მუხლი 16. ვაქცინაცია
1. საქართველოში ნებადართულია იმ ვაქცინების გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

2. დაავადების საწინააღმდეგო ზომებთან ერთად ტარდება  პროფილაქტიკური   ან  იძულებითი ვაქცინაცია.

3. შეჯიბრში, შოუში ან სხვა ღონისძიებაში ნებადართულია მხოლოდ  ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ვაქცინირებული მტრედების მონაწილეობა.

4. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში ამ წესით დადგენილ  ზომებთან ერთად, სააგენტო აკონკრეტებს ტერიტორიულ არეალსა და იმ პერიოდს, რომელშიც შერჩეული სახეობებისათვის  სწრაფი და სისტემური ვაქცინაცია (გადაუდებელი ვაქცინაცია) გატარდება სახელმწიფო  კონტროლის ქვეშ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სიტუაციაში, აკრძალულია ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გატარება ფრინველის ვაქცინაციის ან რევაქცინაციისას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში:

ა) ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი უნდა იყოს ვაქცინირებული დაუყოვნებლივ;

ბ) ვაქცინაციის არეალში მოქცეულ  საფრინველეში ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი, გამოჩეკილი ან გადმოყვანილი სხვა მეურნეობიდან, უნდა იყოს აცრილი გადმოყვანამდე ან  გადმოყვანის შემდეგ;

გ) ვაქცინაციისას, ვაქცინაციის არეალში მოქცეულ  საფრინველეში, რჩება ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი,  გარდა:

გ.ა) ერთი დღის წიწილებისა, რომლებიც შეიყვანეს ვაქცინაციის არეალში მდებარე მეურნეობაში, სადაც უნდა აიცრან;

გ.ბ) პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილებული ფრინველებისა, გადაუდებელი (დაუყოვნებელი) დაკვლისათვის. თუ სასაკლაო მდებარეობს ვაქცინაციის არეალის გარეთ, შინაური ფრინველის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ;

დ) ვაქცინაციის არეალის გარეთ გადაადგილება დასაშვებია, თუ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაქცინაცია დასრულებულია:

დ.ა) სახორცე დანიშნულების ერთი დღის წიწილებისთვის, რომლებიც  შეიძლება გადაადგილდეს საფრინველეში, სადაც ისინი აიცრებიან; აღნიშნული საფრინველე უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე ფრინველი, რომელიც გადაადგილდა,  დაიკვლება;

დ.ბ) 21 დღის წინ აცრილი ფრინველისათვის, რომელიც განკუთვნილია დაუყოვნებლივ დაკვლისათვის;

დ.გ) საინკუბაციო კვერცხი, რომელიც დადებულია 21 დღის წინ ვაქცინირებული მოსაშენებელი ფრინველისგან; კვერცხი და მისი შესაფუთი მასალა ექვემდებარება  დეზინფექციას გადაადგილებამდე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „დ“  ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა გამოიყენებოდეს სამი თვის ვადით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვაქცინაციის დასრულებიდან. დასაშვებია ვაქცინაციის ერთი ან მეტი სამთვიანი პერიოდით გახანგრძლივება.  

8. ამ მუხლის  მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტოს მიერ დასაშვებია განსაკუთრებული სამეცნიერო დანიშნულების გუნდის განთავისუფლება სისტემატური ვაქცინაციისაგან იმის  გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი ჯანმრთელობა და  პერიოდულად დაექვემდებარებიან სეროლოგიური შემოწმებას. 


მუხლი 17. ზომები მტრედებისა და გალიაში მყოფი  სხვა ფრინველის ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას
1. მატარებელი მტრედების ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო ვეტერინარმა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოკვლევა დაავადების დადასტურებისათვის, ნიმუშების აღება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ან დარწმუნდეს, რომ ნიმუშები უკვე აღებულია.

2. დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა მოაქციოს სამტრედე ან საეჭვო ადგილი ზედამხედველობის ქვეშ და აკრძალოს მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ან ინფექციის გამავრცელებელი (გადამტანი) ნებისმიერი ფაქტორის მიერ  ტერიტორიის დატოვება. 

3. ამ მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ზომები გრძელდება ვიდრე სახელმწიფო ვეტერინარი არ გამორიცხავს  ნიუკასლის დაავადებას.

4. ნიუკასლის დაავადების ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის  „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დაავადების აღმძვრელის მატარებელ მტრედებთან ან გალიაში მყოფ სხვა ფრინველთან და ნიუკასლის დაავადების ვირუსით დაინფიცირებულ სამტრედესთან დაკავშირებით;

ბ) მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილების აკრძალვა სამტრედეს გარეთ ან მეურნეობაში არანაკლებ 60 დღისა, მას შემდეგ რაც ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები გაქრება;

გ) სავარაუდოდ დაბინძურებული ნებისმიერი გადაცემის ფაქტორის ან ნარჩენის განადგურება ან დამუშავება ისე, რომ ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი და  60 დღის მანძილზე დაგროვილი ყველა  ნარჩენი   განადგურდეს;

დ) ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ამ წესის მე-9 მუხლის მიხედვით.


მუხლი 18. მოთხოვნები ფრინველის საკვების შესახებ
1. აკრძალულია ფრინველის საკვებად საზღვაო, საჰაერო ან სახმელეთო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კვების ანარჩენების გამოყენება.

2. ფრინველის საკვებად დასაშვებია შესაბამის პირობებში, ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურებისა და გაუვრცელებლობის მიზნით, სითბური დამუშავების შემდეგ საკვების ნარჩენების გამოყენება, გარდა  ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საზოგადოებრივი კვების ანარჩენებისა.


მუხლი 19. დიაგნოსტიკური პროცედურები და ბიოუსაფრთხოების მოთხოვნები 
1. დაავადების დიაგნოსტირების მიზნით, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნა. 

2. ლაბორატორიამ გამოკვლევისას უნდა გამოიყენოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები. 

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი ქმედებების დროს,    დაცული უნდა იქნას  ბიოუსაფრთხოების შესაბამისი დონის მოთხოვნები.


მუხლი 20. საგანგებო გეგმები
1. სააგენტო ვალდებულია, ნიუკასლის დაავადების აფეთქების შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც დაავადების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სახის შენობებზე, მოწყობილობებზე, პერსონალზე და  სხვა ყველა  მასალაზე  ხელმისაწვდომობა, ასევე,  უნდა განსაზღვროს იძულებითი  ვაქცინაციის ჩასატარებლად  ვაქცინის შესახებ მოთხოვნები.

2. საგანგებო გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ  კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს:

ა) ნიუკასლის დაავადების ეპიდემიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების  კოორდინირებულად განხორციელებას; 

ბ) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელებას;

გ)  ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას და დადასტურებისას გამოსაყენებელი ყველა პროცედურის, ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა, მათ შორის მკვდარი და მოკლული ფრინველის  განადგურების შესახებ;

დ) დეტალურ ინფორმაციას, კონტროლის ღონისძიებებში ჩართული პერსონალის უნარებისა და მოვალეობების შესახებ;

ე) დაავადების კონტროლის ღონისძიებების სათანადო გატარებისათვის მოწყობილობებისა და მასალების ხელმისაწვდომობას, მათ შორის ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირების ორგანიზებას;

ვ) ტრენინგპროგრამების განხორციელებას საველე, მათ შორის, სწრაფი ტესტების გამოყენების, საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებასთან, ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასთან, კლინიკურ ნიშნებსა და დაავადების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული პროცედურების (უნარების) შენარჩუნებისა და განვითარებისათვის;

ზ) პოსტვაქცინალური იმუნიტეტის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განმეორებითი ვაქცინაციის სქემის  დეტალებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით რიკის საფუძველზე დგება გეგმა, რომელიც წარედგინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.


მუხლი 21. ნიუკასლის დაავადების გამომწვევი  ვირუსის განადგურების მეთოდები კვერცხსა  და კვერცხის პროდუქტებში 
კვერცხსა და კვერცხის პროდუქტებში, ნიუკასლის დაავადების გამომწვევის შესაძლო არსებობისას, ვირუსის განადგურებისათვის თერმული დამუშავების  მეთოდებია:

ა) მთლიანი  კვერცხი  არაუმეტეს  55 გრამისა   - 2521 წამი;

ბ) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 57 გრამისა 1596 წამი;

გ) მთლიანი კვერცხი არაუმეტეს 59 გრამისა - 674 წამი;

დ) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს  55 გრამისა - 2278 წამი;

ე) თხევადი კვერცხის ცილა არაუმეტეს 57 გრამისა - 986 წამი;

ვ) თხევადი კვერცხის ცილა  არაუმეტეს 59 გრამისა -  301 წამი;

ზ) კვერცხის გული არაუმეტეს 55გრამისა 10% -იანი მარილიან ხსნარში - 176 წამი;

თ) მშრალი კვერცხის ცილა არაუმეტეს 57 გრამისა -  50,4 სთ.


მუხლი 22. ნიუკასლის დაავადების განადგურება ფრინველის ხორცში
შინაური ფრინველის ხორცში, ნიუკასლის დაავადების  გამომწვევის შესაძლო არსებობისას, ვირუსის განადგურებისათვის თერმული დამუშავების  მეთოდებია:

ა) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 65 გრამისა - 840 წამი;

ბ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 70 გრამისა - 874 წამი;

გ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 74 გრამისა - 280 წამი;

დ) ფრინველის ხორცი არაუმეტეს 80 გრამისა - 203 წამი.