მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 764
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018384
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
764
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
240110000.10.003.018384
მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2014 - 07/12/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №764

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამტკიცდეს თანდართული ,,მსხვილფეხა  საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი.“
მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის პირველ იანვრამდე, ამ წესის შესაბამისად,  განახორციელოს მსხვილფეხა  საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-9-მე-10 მუხლების, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის „ე“ და „ზ“  ქვეპუნქტების და მე-15 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 4
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის მე-2 და მე-7  პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 5
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლი და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
მუხლი 6
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, მე-9 მუხლი, მე-13 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მსხვილფეხა  საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი ადგენს საქართველოში მსხვილფეხა საქონლის  იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ასევე მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის,  მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებსა და შემზღუდავ ღონისძიებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

მუხლი 2. მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ასევე მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის მიზნები

მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის მიზნებია:

ა) მსხვილფეხა საქონლის  და მათი სადგომის/დროებითი სადგომის  შესახებ ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა და  აღრიცხვიანობის რეგულირება;

ბ) მსხვილფეხა საქონლის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და  ინდივიდუალური მიკვლევადობა;

გ) მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;

დ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ;

ე) ქვეყნის შიგნით მსხვილფეხა საქონლის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება;

ვ) ეტიკეტირების  უზრუნველყოფა ხორცით ვაჭრობისას;

ზ) გამჭირვალობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა ცხოველური წარმოშობის სურსათისა და არასასურსათო დანიშნულების ცხოველური პროდუქტით ვაჭრობისას;

თ) მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობის  გაუმჯობესება-სრულყოფა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იდენტიფიკაცია - მსხვილფეხა საქონლისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება და ნიშანდება;

ბ) ნიშანდება - მსხვილფეხა საქონელის ყურებზე საყურე ნიშნის მიმაგრება;

გ) საყურე ნიშანი - სააგენტოს მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით დამზადებული ნიშანი, რომელზეც განთავსებულია საიდენტიფიკაციო ნომერი და გამოიყენება მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის;

დ) მარკირება - საყურე ნიშანზე დატანილი ინფორმაცია;

ე) აპლიკატორი - საყურე ნიშნის დასამაგრებელი ხელსაწყო;

ვ) მფლობელი - ფიზიკური ან იურიდიული  პირი, რომელიც ფლობს მსხვილფეხა საქონელს;

ზ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა - სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის შესახებ ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა;

თ) მსხვილფეხა საქონლის პასპორტი (შემდგომში - პასპორტი) - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მსხვილფეხა საქონლის მონაცემების შესახებ;

ი) სადგომი - ფერმერულ მეურნეობასა და ოჯახურ წარმოებაში მსხვილფეხა საქონლის  ფიზიკური ადგილსამყოფელი;

კ) დროებითი სადგომი - სეზონურ საძოვრებზე მყოფი მსხვილფეხა საქონლის სადგომი და ნახირი;

ლ) სადგომის/დროებითი სადგომის წიგნაკი - ჟურნალი, რომლის ნიმუში გაიცემა სააგენტოს მიერ და ივსება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

მ) ნახირი - სხვადასხვა ან/და ერთიდაიგივე სადგომის მსხვილფეხა საქონლის დროებითი თავშეყრა საძოვარზე გასაყვანად;

 ნ) მსხვილფეხა საქონელი  - საკუთრივ ძროხა, კამეჩი, მოშენებული გარეულიდან - ზებუ, იაკი, გარდა კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მსხვილფეხა საქონლისა;

ო) სასურსათო დანიშნულების მსხვილფეხა საქონელი - მსხვილფეხა საქონელი, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.

2. ამ წესის მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 4. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტები

მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელემენტებია:

ა) ნიშანდება;

ბ) მონაცემთა ელექტრონული  ბაზა;

გ) მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია;

დ) თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია და სადგომის/დროებითი სადგომის წიგნაკი.

მუხლი 5. საყურე ნიშანი

1. მფლობელი, მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის, მიმართავს სააგენტოს განაცხადით - „განაცხადი მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციაზე“ (დანართი №1).

2. საყურე ნიშანი მაგრდება მსხვილფეხა საქონლის ორივე ყურზე აპლიკატორის საშუალებით, დაბადებიდან არა უგვიანეს 21 დღისა ან ვიდრე დატოვებს იმ სადგომს, რომელშიც დაიბადა.

3. მომთაბარე მსხვილფეხა საქონელზე საყურე ნიშანი მაგრდება სადგომში დაბრუნებისთანავე. თუ არ არის ცნობილი მსხვილფეხა საქონლის დაბადების თარიღი, მაშინ დაბადების თარიღად მიიჩნევა იდენტიფიკაციისათვის მფლობელის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის დღე.

4. საყურე ნიშანზე აღნიშნული უნდა იყოს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

5. მსხვილფეხა საქონელი, რომელიც განკუთვნილია კულტურული და სპორტული ღონისძიებებისათვის (გარდა ბაზრობებსა და გამოფენებზე გამოყვანილი მსხვილფეხა საქონლისა), დასაშვებია საყურე ნიშნის ნაცვლად, იდენტიფიცირებულ იქნეს სააგენტოს მიერ ნებადართული სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნით, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი მიზნების მიღწევას.

6. საყურე ნიშნის დაკარგვის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი ახალი საყურე ნიშნით შეცვლა იმ პირობით, რომ არ დაირღვევა მიკვლევადობა.

7. საყურე ნიშნის შეცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მფლობელი.

8. დაუშვებელია საყურე ნიშნის მოხსნა ან შეცვლა სააგენტოს ნებართვის გარეშე.  

9. საყურე ნიშანი:

ა) უნდა იყოს ელასტიური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეტანის მასალისგან, ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ;

ბ) უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას მსხვილფეხა საქონლის სიცოცხლის განმავლობაში;

გ) დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს;

დ) თითოეული ყურისათვის უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის ერთმანეთთან შეერთებადი დედალი და მამალი ნაწილებისაგან;

ე) უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სამარკო ნიშანსა  და დამზადების თარიღის შესახებ აღნიშვნას.

10. საყურე ნიშნის თითოეული ნაწილის სიგრძეა -  არანაკლებ 45 მმ, ხოლო სიგანე - არანაკლებ 55 მმ.

11. საყურე ნიშნის მარკირებისას მასზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საყურე ნიშნის გამცემი უწყების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო;

ბ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური 8 - ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) ქვეყნის ინიციალი „GE“;

დ) დედალ ნაწილზე  სკანერის საშუალებით კითხვადი შტრიხ-კოდი.

12. საყურე ნიშნის:

ა) დედალი ნაწილი მარკირებული უნდა იყოს 3 სტრიქონად: პირველი სტრიქონი - არანაკლებ 8 მმ-ის, მეორე სტრიქონი (შტრიხ-კოდი) - არანაკლებ 8 მმ-ის, მესამე სტრიქონი - არანაკლებ 18 მმ-ის სიმაღლის;

ბ) მამალი ნაწილი მარკირებული უნდა იყოს 2 სტრიქონად: პირველი სტრიქონი - არანაკლებ 8 მმ-ის, მეორე სტრიქონი - არანაკლებ 18 მმ-ის სიმაღლის.

მუხლი 6. პასპორტი

1. სააგენტოს მიერ, მსხვილფეხა საქონლის დაბადების შესახებ შეტყობინებიდან 14 დღის ვადაში, იდენტიფიკაციისა და მონაცემთა ელექტრონულ  ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ, გაიცემა პასპორტი (დანართი №6).

2. პასპორტი ივსება ერთ ეგზემპლარად და გაიცემა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებულ მსხვილფეხა საქონელზე.

3.  პასპორტში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:

ა)  ნომერი, შტრიხკოდი;

ბ) გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება;

გ) გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

დ) მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) მსხვილფეხა საქონლის დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი;

ვ) მსხვილფეხა საქონლის სქესი, ჯიში, სახეობა;

ზ) მსხვილფეხა საქონლის მშობლის (დედის) საიდენტიფიკაციო ნომერი (ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);

თ) იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის მონაცემები (ექსპორტიორი ქვეყანის სახელწოდება, შემოყვანის თარიღი);

ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის/დაკვლის/განადგურების თარიღი;

კ) მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სახელი/დასახელება, მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ხელმოწერა;

ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;

მ) ნახირის სარეგისტრაციო ნომერი;

ნ) ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მონაცემები, გარდა „ნ“ ქვეპუნქტისა, პასპორტში შეიტანება სააგენტოს მიერ, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები კი - მსხვილფეხა საქონლის მფლობელის მიერ.

5. მსხვილფეხა საქონლის გადაადგილებისას (მათ შორის, დროებით სადგომზე ან ყიდვა-გაყიდვისას), პასპორტში მითითებული უნდა იყოს ყველა იმ სადგომის/დროებითი სადგომის სარეგისტრაციო ნომერი, სადაც ეს მსხვილფეხა საქონელი იყო მოთავსებული და გადაადგილების თარიღ(ებ)ი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მონაცემები დროებითი სადგომის (ნახირის) შემთხვევაში, პასპორტში მიეთითება ნახირში პირველად გაყვანისას ან ნახირის შეცვლისას.

7. მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისას, მისი საბოლოო მფლობელის მიერ პასპორტი ბარდება მიმღები ქვეყნის შესაბამის უწყებას, რომელიც სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, პასპორტს უბრუნებს ექსპორტიორ ქვეყანას.

8. მსხვილფეხა საქონლის იმპორტირებისას, თუ ცხოველს თან ახლავს ექსპორტიორი ქვეყნის პასპორტი, მფლობელის მიერ პასპორტი ბარდება სააგენტოს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის დაბრუნებას ექსპორტიორი ქვეყნისათვის.

 

მუხლი 7. სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი 

1. სადგომის მფლობელი მსხვილფეხა საქონლის სადგომში განთავსებამდე მიმართავს სააგენტოს სადგომის რეგისტრაციისათვის განაცხადით - „განაცხადი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციაზე“ (დანართი №2).

2. სადგომს სააგენტოს მიერ ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და გაიცემა სადგომის რეგისტრაციის მოწმობა - „სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის მოწმობა“ (დანართი №3) და სადგომის წიგნაკის ნიმუში არა უმეტეს ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

3. ყველა სადგომში, რომელშიც იმყოფება იდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონელი, მფლობელმა უნდა აწარმოოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით სადგომის წიგნაკი და შეინახოს იგი სადგომში არსებული ბოლო სული მსხვილფეხა საქონლის დაკვლიდან/სიკვდილიდან/განადგურებიდან/გასხვისებიდან სამი წლის განმავლობაში მატერიალური ან ელექტრონული სახით. ამ პერიოდში სადგომის წიგნაკი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.

4. სადგომის წიგნაკი უნდა შეიცავდეს შემდეგ განახლებად ინფორმაციას:

ა) სადგომის სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) მფლობელის სახელი/დასახელება და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) თითოეული მსხვილფეხა საქონლის:

გ.ა)  საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ.ბ)  დაბადების თარიღი;

გ.გ) სქესი;

გ.დ) ჯიში ან/და ბეწვის ფერი;

დ) განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების (ვაქცინაცია, მკურნალობა) შესახებ;

ე)  ნახირის  სარეგისტრაციო ნომერი;

ვ) სადგომში არსებული მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის/დაკვლის/განადგურების თარიღი;

ზ) სადგომში მსხვილფეხა საქონლის შეყვანა-გაყვანის თარიღი, მფლობელის სახელი/დასახელება, მისამართი ან მსხვილფეხა საქონლის მიმღები სადგომის სარეგისტრაციო ნომერი.

5. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, უფლებამოსილი პირი  სადგომის/დროებითი სადგომის წიგნაკში აფიქსირებს თავის სახელს, ხელმოწერასა და თარიღს.

 

მუხლი  8.  მონაცემთა ელექტრონული ბაზა

1. მონაცემთა ელექტრონული ბაზა იქმნება სააგენტოს მიერ.

2. მონაცემთა ელექტრონული ბაზა  უზრუნველყოფს, რომ საყურე ნიშანზე აღნიშნული ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი თითოეული მსხვილფეხა საქონლის ინდივიდუალურად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლეოდეს იმ სადგომთან/დროებით სადგომთან ერთად, რომელშიც ეს მსხვილფეხა საქონელი დაიბადა. 

3. მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სადგომის/დროებითი სადგომის 11-ციფრიან სარეგისტრაციო ნომერს,  რომელთაგან პირველი და მე-2 ციფრები  რეგიონის კოდია, მე-3-მე-4 - მუნიციპალიტეტის/ქალაქის კოდი, მე-5-მე-7 - დაბის/სოფლის კოდი,  მე-8-მე-11 - სადგომის  ნომერი;

ბ) სადგომის/დროებითი სადგომის მდებარეობის შესახებ;

გ) სადგომის/დროებითი სადგომის მფლობელის სახელი/დასახელება, მისამართი, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) სადგომზე/დროებით სადგომზე არსებული მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა და საიდენტიფიკაციო ნომრები;

ე) მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სახელი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი;

ვ) იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის თავდაპირველი საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) მსხვილფეხა საქონლის დაბადების თარიღი;

თ) მსხვილფეხა საქონლის სქესი;

ი) მსხვილფეხა საქონლის ჯიში ან/და ბეწვის ფერი;

კ) მსხვილფეხა საქონლის მშობლის (დედის) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ლ) სადგომის ნომერი, რომელშიც მსხვილფეხა საქონელი დაიბადა;

მ) მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობისა და სადგომის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ;

ნ) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის/დაკვლის/განადგურების თარიღი.

4.      მონაცემთა ელექტრონული ბაზა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადაადგილების, გადაადგილებაზე შეზღუდვის შესახებ და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

5. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია სადგომის/დროებითი სადგომის ლიკვიდაციის, მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის/დაკვლის/განადგურების შესახებ ინახება სამი წლის განმავლობაში.

6. სააგენტო უზრუნველყოფს მონაცემთა ელექტრონული ბაზის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.

მუხლი 9. ნახირი

1. ნახირზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, მიმართოს განაცხადით სააგენტოს  ნახირის რეგისტრაციისათვის - „განაცხადი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციაზე“ (დანართი №2).

2. სააგენტოს მიერ ნახირს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი, ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3.    სააგენტო ნახირისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების შემდეგ გასცემს სადგომის/დროებითი სადგომის სარეგისტრაციო მოწმობას (დანართი №3) და საწარმოებლად მის მიერ დამტკიცებულ ნახირის წიგნაკის ნიმუშს,  არა უმეტეს ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

4. ნახირის წიგნაკი  უნდა შეიცავდეს შემდეგ განახლებად ინფორმაციას:

ა) ნახირის სარეგისტრაციო ნომერს;

ბ) თითოეული მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სახელს/დასახელებას და პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო კოდს;

გ) თითოეული მსხვილფეხა საქონლის საიდენტიფიკაციო ნომერს;

დ) ნახირში გასვლის აღრიცხვას.

5. ნახირის წიგნაკი ინახება  ერთი წლის განმავლობაში.

 

მუხლი 10. სეზონური საძოვრები

1. სეზონური საძოვრის მფლობელი ვალდებულია, მიმართოს განაცხადით სააგენტოს სეზონური საძოვრის რეგისტრაციისათვის - „განაცხადი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციაზე“ (დანართი №2).

2.   სააგენტოს მიერ სეზონურ საძოვარს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3.  სააგენტო სეზონური საძოვრისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების შემდეგ გასცემს სადგომის/დროებითი სადგომის  სარეგისტრაციო მოწმობას (დანართი №3) და საწარმოებლად მის მიერ დამტკიცებულ სეზონური საძოვრის წიგნაკის ნიმუშს, არა უმეტეს ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

4. სეზონური საძოვრის წიგნაკი უნდა შეიცავდეს შემდეგ განახლებად ინფორმაციას:

ა) სეზონური საძოვრის საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) თითოეული მსხვილფეხა საქონლის მფლობელის სახელს/დასახელებას და პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო კოდს;

გ) თითოეული მსხვილფეხა საქონლის საიდენტიფიკაციო ნომერს;

დ) სეზონურ საძოვარზე მისვლისა და სეზონური საძოვრიდან წამოსვლის  თარიღებს;

ე) განხორციელებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს.

5. სეზონური საძოვრის წიგნაკის წარმოება იწყება ყოველი სეზონის დაწყებიდან  და ინახება მსხვილფეხა საქონლის ჯოგის მიერ სეზონური საძოვრის დატოვებიდან  ერთი  წლის განმავლობაში. 

 

მუხლი 11. იმპორტირებული  მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია

1. სასურსათო დანიშნულების ან სანაშენე მიზნით იდენტიფიცირებული იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ვალდებულია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის მიმართოს სააგენტოს განაცხადით -  „განაცხადი მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციაზე“ (დანართი №1), იმპორტირებიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

2. სააგენტომ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 14 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს  პასპორტის გაცემა.

3. იდენტიფიცირებულ იმპორტირებულ მსხვილფეხა საქონელს საიდენტიფიკაციო ნომერი უნარჩუნდება, ხოლო მისი მონაცემების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა  და პასპორტის გაცემა ხდება იმპორტირებიდან 21 დღის ვადაში.

4. დასაკლავად განკუთვნილი იმპორტირებული მსხვილფეხა საქონლისთვის ამ წესის მე-4 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ქმედებები არ არის სავალდებულო, თუ დაკვლა ხდება ქვეყანაში შემოყვანიდან არა უმეტეს 20 დღის განმავლობაში.

 

მუხლი 12. სასაკლაოს მფლობელი  ბიზნესოპერატორის  ვალდებულება

1. დაუშვებელია სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლა.

2. იდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის დაკვლისას, სასაკლაოს მფლობელი  ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მოსთხოვოს მფლობელს პასპორტი.

3. სასაკლაოს მფლობელი ბიზნესოპერატორი ვალდებულია, დაკვლიდან 7  დღის ვადაში, დაუბრუნოს სააგენტოს პასპორტი და საყურე ნიშანი, ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე  კი - პასპორტი და საყურე ნიშანი,  არსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 13.  მსხვილფეხა საქონლის მფლობელის ვალდებულებები               

მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ წესით დადგენილი მოთხოვნები და ითანამშრომლოს სააგენტოსთან მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისათვის;

ბ) სააგენტოს მოთხოვნისას, წარუდგინოს ინფორმაცია  მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის, იდენტიფიკაციისა და გადაადგილების შესახებ;

გ) მიმართოს სააგენტოს კუთვნილი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციისათვის;

დ) აწარმოოს სადგომის წიგნაკი და შეიტანოს მასში რეგულარულად ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ე) მიმართოს სააგენტოს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისათვის მსხვილფეხა საქონელის დაბადებიდან  7 დღის ვადაში;

ვ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია სადგომიდან სადგომში მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების, მათ შორის, ყიდვა-გაყიდვის შესახებ;

ზ)  სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მსხვილფეხა საქონლის:

ზ.ა) სეზონურ საძოვარზე  გადაადგილების   შესახებ;

ზ.ბ) ნახირში პირველად გაყვანის, ნახირის შეცვლის შესახებ;

თ) საყურე ნიშნის, პასპორტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ი) მსხვილფეხა საქონლის სიკვდილის, დაკარგვის, განადგურების, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის შემთხვევაში, 7 დღის ვადაში დაუბრუნოს სააგენტოს მსხვილფეხა საქონლის  პასპორტი და  საყურე ნიშანი (გარდა მსხვილფეხა საქონლის დაკარგვის შემთხვევისა), ხოლო 2018 წლის პირველ იანვრამდე  კი - პასპორტი და საყურე ნიშანი,  არსებობის შემთხვევაში;

კ) სადგომის ლიკვიდაციისა და დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, შეატყობინოს სააგენტოს;

ლ) მსხვილფეხა საქონლის სადგომიდან სადგომში  გადაადგილებისას, (მათ შორის, ყიდვა-გაყიდვისას),  სადგომიდან გაყვანამდე  შეავსოს პასპორტი, რომელიც თან უნდა ახლდეს მსხვილფეხა საქონელს ყოველი გადაადგილებისას, გარდა ნახირისა.

 

მუხლი 14.  სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტომ ყოველწლიურად უნდა განახორციელოს სადგომის/დროებითი სადგომის  საერთო რაოდენობის არანაკლებ  1%-ის სახელმწიფო კონტროლი.

2. თუ სახელმწიფო კონტროლისას  გამოვლინდება წინა წელთან შედარებით ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან მნიშვნელოვანი შეუსაბამობა, სადგომის/დროებითი სადგომის რაოდენობა, რომელშიც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი,  უნდა გაიზარდოს შემდეგი წლისათვის.

3. სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლისთვის სადგომის/დროებითი სადგომის შერჩევა უნდა განხორციელდეს რისკის ანალიზის საფუძველზე, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) სადგომში/დროებით სადგომში იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა;

ბ) საზოგადოებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მანამდე არსებული დაავადების გავრცელება/აფეთქება;

გ) წინა წლის მდგომარეობასთან არსებული მდგომარეობის შედარება;

დ)  უკვე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები, კერძოდ:

დ.ა) სადგომის/დროებითი სადგომის წიგნაკის წარმოება;

დ.ბ) სადგომში არსებული პასპორტების წარმოება;

ე) მფლობელის მიერ სააგენტოსთვის სათანადო მონაცემების მიწოდება;

ვ) სხვა კრიტერიუმები, რომლებიც დაკავშირებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხებთან.

4. სახელმწიფო კონტროლისას, სააგენტომ უნდა შეამოწმოს სადგომში/დროებით სადგომში არსებული ყველა მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია.

5. თუ სადგომში/დროებით სადგომში არსებული მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა აჭარბებს ოცს, დასაშვებია მსხვილფეხა საქონლის შერჩევითი  შემოწმება „შესამოწმებელი მსხვილფეხა საქონლის  საკმარისი რაოდენობა  ამ წესით დადგენილი მოთხოვნების 5%-იანი შეუსაბამოების გამოსავლენად 95%-იანი ნდობის ინტერვალით“ (დანართი №7) მეთოდით, იმ პირობით, რომ შემოწმებული მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა საკმარისია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების 5%-იანი შეუსაბამოების გამოსავლენად 95%-იანი ნდობის ინტერვალით. 

6. სახელმწიფო კონტროლის-ინსპექტირებისას ივსება შესაბამისობის შეფასების აქტი ორ ეგზემპლარად - „იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესაბამისობის შეფასების აქტი“ (დანართი №4). ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მფლობელს, მეორე რჩება სააგენტოს. აღნიშნულ შესაბამისობის შეფასების აქტში მიეთითება მიზეზ(ებ)ი, შედეგები და დამსწრე პირები. მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს აქტს და უფლებამოსილია, მიიღოს სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესახებ ახსნა-განმარტებანი. 

7. სახელმწიფო კონტროლი ამ წესის მიზნებისათვის, ხორციელდება ინსპექტირების საშუალებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

8. ყოველი  მომდევნო წლის პირველ თებერვლამდე სააგენტო სამინისტროს  წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ - „სახელმწიფო კონტროლის შედეგების ანგარიში“ (დანართი №5).

9. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:

ა)  არსებული და შემოწმებული სადგომების რაოდენობის შესახებ;

ბ) შემოწმებული მსხვილფეხა საქონლის რაოდენობის შესახებ;

გ) გამოვლენილი დარღვევების რაოდენობისა და ტიპის შესახებ;

დ)  გამოყენებული შეზღუდვების შესახებ.

 

მუხლი 15. შემზღუდავი ღონისძიებები

1. თუ სადგომში გამოვლინდა ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ  ელემენტებთან შეუსაბამობა ერთ მსხვილფეხა საქონელთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება.

2. თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია, დაავადების გავრცელების რისკის, მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საფუძველზე, გადაწყვიტოს მსხვილფეხა საქონლის განადგურება.

3. თუ მსხვილფეხა საქონელი ნაწილობრივ აკმაყოფილებს  ამ წესის    მე-4 მუხლით განსაზღვრულ ელემენტებს, სააგენტო უფლებამოსილია, დააწესოს აკრძალვა მხოლოდ მის  გადაადგილებაზე, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

4. თუ სადგომში იმ მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ  ელემენტებს, აჭარბებს სადგომში არსებული მსხვილფეხა საქონლის საერთო რაოდენობის 20%-ს, აკრძალვა წესდება  სადგომში არსებულ ყველა მსხვილფეხა საქონელის გადაადგილებაზე.

5. იმ სადგომში,  რომელიც შედგება არა უმეტეს 10 მსხვილფეხა საქონლისაგან, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორ ცხოველზე მეტი არ არის სრულად  იდენტიფიცირებული.

6. თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს  სადგომიდან მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან  მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სადგომში არსებული სხვა მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება  დაუშვებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეჭვის აღმოფხვრამდე.

მუხლი 16.  იდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონელი

მსხვილფეხა საქონელი, რომელიც იდენტიფიცირებულია ცალ ყურზე საყურე ნიშნით, საიდენტიფიკაციო კოდის GE 12 30501 ნომრის ჩათვლით, ჩაითვლება ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებულად.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                                                                                                                                


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.