საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ

საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 759
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.018379
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
759
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
360160000.10.003.018379
საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2014 - 06/03/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №759

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ

მუხლი 1
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



                                                                                                 
დებულება

„საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“


 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ადგენს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობებს. 

2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

3.  დებულება ვრცელდება:  

ა) საბაზრო ქსელში განთავსებისათვის განკუთვნილ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე;

ბ) ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებისათვის განკუთვნილ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე;

 გ) რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში - გარემოში ინტროდუქციისთვის განკუთვნილ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიცირების პირობების დაცვა სავალდებულოა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. 

5. საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება:

ა) რომლებიც საბაზრო ქსელში განთავსებისათვის რეგისტრირებულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში;

ბ) რომლებზეც გაცემულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია.

6. იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება, რომლებიც განკუთვნილია გარემოში  ინტროდუქციისათვის, დაიშვება მხოლოდ რეექსპორტის ან ტრანზიტის შემთხვევაში.

მუხლი 2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის მოთხოვნები

1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული მათი გარემოში ინტროდუქციის შესაძლებლობა. აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება სხვა ტვირთთან ერთად.

2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ იმ პირის/პირების თანხლებით, რომლებსაც აქვთ სპეციალური ცოდნა და ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან მოპყრობის პრაქტიკული გამოცდილება. აღნიშნული პირების გარდა, სხვა პირებისთვის ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე ხელმისაწვდომობა აკრძალულია.  

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტვირთის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვისათვის, ტრანსპორტორებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტვირთის ტრანსპორტირებისას ან გადაცემისას დანაკლისის დაუყოვნებლივ გამოვლენა.

4. ტრანსპორტირების დასრულების შემდგომ, კონტეინერები, რომლებშიც განთავსებულია ცოცხალი გენმოდიფიცრებული ორგანიზმები, უნდა იქნეს გასუფთავებული და/ან გაუვნებელყოფილი.

5. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენების მიზნით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას,  ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) რომ ტვირთი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით;

 ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე, იმ პირის სახელი და მისამართი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი. 

6. საბაზრო ქსელში განთავსების მიზნით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას, თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) რომ ტვირთი შეიცავს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და განკუთვნილი არ არის გარემოში ინტროდუქციისათვის;

ბ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

7. გარემოში ინტროდუქციის მიზნით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას (რეექსპორტი/ტრანზიტი) ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს:

 ა) რომ ტვირთი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და განკუთვნილია გარემოში ინტროდუქციისათვის;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობა და კონკრეტული მახასიათებლები;

გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმისადმი უსაფრთხო მოპყრობის, მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების წესები;

დ) შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი და მისამართი, ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად;

ე) იმპორტიორისა და ექსპორტიორის სახელები/საფირმო სახელწოდებები და მისამართები. აღნიშნულ დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განცხადება იმის შესახებ, რომ ექსპორტიორმა შეასრულა ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

8. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, ეტიკეტირება უნდა მოხდეს ტვირთის გარეთა სათავსზე განთავსებული ეტიკეტით, რომელზეც მკაფიოდ იქნება მითითებული ტვირთის გამგზავნის სახელი/საფირმო სახელწოდება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შესაძლებელი იყოს მასთან დაკავშირება კონტეინერის დაკარგვის,  დაზიანების, არასწორ მისამართზე მიტანის ან/და სხვა შემთხვევაში.

9. პერსონალი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების, შენახვის, რეალიზაციის სამუშაოების ორგანიზებას  ან/და შესრულებაში, შერჩეული უნდა იქნეს იმ პირებისგან, რომელთაც გააჩნიათ სპეციალური ცოდნა, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ან გავლილი აქვთ მომზადება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების უსაფრთხო გამოყენების საკითხებში.

10. საქმიანობის განმახორციელებელი უზრუნველყოფს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების, შენახვის, რეალიზაციის სამუშაოების ორგანიზებას ან/და შესრულებაში მონაწილე პერსონალისთვის ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქტაჟის ჩატარებას.

მუხლი 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მიკროორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის სპეციფიკური მოთხოვნები

1. ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ცოცხალი გენმოდიფიცირებული მიკროორგანიზმების (ნებისმიერი მიკრობიოლოგიური ორგანიზმი, უჯრედული ან არაუჯრედული, რომლის ზომა არის იმდენად მცირე, რომ შეუძლებელია მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით და რომელსაც შეუძლია რეპლიკაცია ან გენეტიკური მასალის გადაცემა, მათ შორის, ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, ვიროიდები, ცხოველური და მცენარეული უჯრედების კულტურა)  ტრანსპორტირებაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. 

2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მიკროორგანიზმების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი სამმაგი შეფუთვით:

ა) საწყისი სათავსი – წყალგაუმტარი ჰერმეტული კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია ნიმუში. კონტეინერი გახვეულია იმ რაოდენობის აბსორბენტულ მასალაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ  შთანთქას მთელი სითხე, მისი დაქცევის შემთხვევაში;

ბ) მეორადი სათავსი – საიმედო, მტკიცე წყალგაუმტარი ჰერმეტული სათავსი, რომელიც იცავს საწყის სათავსს. შეფუთული საწყისი სათავსი თავსდება მეორად სათავსში. საწყის სათავსსა და მეორად სათავსს შორის დამატებით გამოყენებული უნდა იყოს  აბსორბენტული მასალა;

გ) გარეთა გადასაგზავნი პაკეტი – გადასაგზავნი პაკეტი, რომელშიც უნდა მოთავსდეს მეორადი სათავსი, რათა დაცული იქნეს ის და მისი შიგთავსი ისეთი ზემოქმედებისგან, როგორიცაა: ფიზიკური დაზიანება ან/და წყლის ზემოქმედება გადატანის დროს და სხვა ფაქტორები.  

3. ეტიკეტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცოცხალი გენმოდიფიცირებული მიკროორგანიზმების დასახელებების, უსაფრთხოების კლასის, ტვირთის გამგზავნისა და მიმღების მონაცემებს, განთავსებული უნდა იყოს მეორადი და გარეთა სათავსების გარეთა ზედაპირზე.

მუხლი 4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის სპეციფიკური  მოთხოვნები

1. აკრძალულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების შეუფუთავად ტრანსპორტირება.

2. ტრანსპორტირებისას, ტვირთის (ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარე) ყოველ შეფუთულ ერთეულზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი ეტიკეტი, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ტრანსპორტირებისა და შენახვისას,  ყურადღება უნდა მიექცეს შეფუთვის მთლიანობას, რომლის დაზიანების შემთხვევაში, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ხელახლა უნდა შეიფუთოს.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების  შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს:

 ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ან/და მათი ნაწილების დაკარგვის პრევენციას;

ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეებისგან პათოგენური ბაქტერიების გარემოში გამოთავისუფლების პრევენციას;

გ) სხვადასხვა ცოცხალი გენმოდიფიცირებული მცენარეების ნაწილების ერთმანეთთან შერევის პრევენციას.

მუხლი 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის სპეციფიკური  მოთხოვნები

1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ცხოველების გადაზიდვის მოქმედი წესების შესაბამისად.

2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველები ტრანსპორტირებისას, მოთავსებული უნდა იყვნენ დახურულ, მყარ სათავსში და მათზე უნდა ხორციელდებოდეს მეთვალყურეობა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველების გაქცევის პრევენცია.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველების ეტიკეტირება ხორციელდება მათზე ეტიკეტის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი (ამომცნობი) ნიშნის განთავსებით, რომელზეც აღნიშნულია, რომ ორგანიზმი წარმოადგენს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ცხოველს. 

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველების ეტიკეტირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად - მიკროჩიპების, სვირინგების ან ყურზე ნიშანდების საშუალებით ან ეტიკეტის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველის მოსათავსებელ კონტეინერზე  განთავსებით.

მუხლი 6. ტრანსპორტირებისას, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში არაგანზრახი (შემთხვევითი) გამოთავისუფლება (მოხვედრა)

1. ტრანსპორტირებისას, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში არაგანზრახი გამოთავისუფლების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ღონისძიებები ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლოკალიზებისთვის, სათავსში დაბრუნებისა და/ან გაუვნებელყოფისთვის. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ტვირთის გამომგზავნს, მიმღებს და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო).

2. ტრანსპორტირებისას, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში არაგანზრახი გამოთავისუფლების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ტერიტორიის იზოლირება;

ბ) ტერიტორის დეკონტამინაცია (გაუვნებელყოფა/გარემოდან სრულად ამოღება) შესაბამისი საშუალებებით.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისგან ტერიტორიის გაუვნებელყოფის პროცესში გამოყენებული ყველა ხელსაწყო/სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, შემდგომ უნდა იქნეს დეკონტამინირებული.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა თან უნდა იქონიოს:

ა) ინსტრუქციები დეკონტამინაციის შესახებ;   

ბ) დეკონტამინაციისათვის აუცილებელი რეაგენტების საკმარისი რაოდენობა;

გ) დეკონტამინაციისათვის აუცილებელი სპეციალური დამცავი ტანსაცმელი;

დ) სხვა საჭირო აღჭურვილობა დეკონტამინაციის ჩასატარებლად;

ე) კომუნიკაციის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი გემოდიფიცირებული ორგანიზმის გამომგზავნთან, მიმღებსა და სამინისტროსთან კავშირს.