დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 758 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.018378 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2014 - 31/03/2015)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ, მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად; ბ) ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებისა და/ან საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად; გ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად; დ) ეთხოვოთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ შორის, ელექტროენერგიის განაწილების, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე დაგვა-დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამის ოპერატორ კომპანიებს ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრებ შესაბამის უფლებამოსილ პირებს და სხვა) აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის რეალიზებასთან დაკავშირებით საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის მომზადება და გამოცემა; ბ) „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილების შესაბამისად ფორმირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გადამოწმების გრაფიკის დამტკიცება. 4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (2015 წელი) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ამოქმედების მიუხედავად ძალას ინარჩუნებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილებით (შემდგომში - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის #93 დადგენილება) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შესწავლილი ოჯახების სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეული – სარეიტინგო ქულა. 5. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) შეფასება განხორციელდეს ტესტირების რეჟიმში. 6. სააგენტომ უზრუნველყოს ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების რეჟიმში სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასების მიზნით. 7. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) დაფიქსირებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
2015 წლის 1 აპრილიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N93 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები