საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ

საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 740
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.018360
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2014 - 23/07/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №740

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ

მუხლი 1
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხ­­ლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი“ (შემდგომში – წე­­სი) ვრცელდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე (ადამიანის გარდა), რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.

 2. ამ წესით გათვალისწინებული კონტროლი არ ვრცელდება:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპ­ლო­მატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპ­ლო­მატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინ­ფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადა­ი­ტა­ნე­ბა საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, მა­შინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფ­ლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით, საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. სა­კონსულო ვალიზას გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპ­ლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემ­თხვევაში – იგი უბრუნდება გამომგზავნს;

ბ) საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და  ხელბარგით შემოსატან ან გასატან საქონელზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინ­ფორმაცია, რომ გადაადგილებული საქონელი შესაძლებელია წარმოადგენდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ განსაზღვრული მნიშვნელობები.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (შემდგომში – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

 

მუხლი 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლი

          1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ან/და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებთან ერთად, შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას:

ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემოტანის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათი წარ­მო­მად­გე­ნელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობა (რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას);

ბ) საბაზრო ქსელში განთავსების მიზნით შემოტანის შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას/ლიცენზიას), საქონელი უნდა განეკუთვნებოდეს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეესტრით გათვალისწინებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას;

გ) რეექსპორტის/ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათი წარ­მო­მად­გე­ნელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეექსპორტის/ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ;

დ) ექსპორტის მიზნით გადაადგილება არ საჭიროებს ლიცენზიას და პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი, მესაკუთრე ან მათი წარ­მო­მად­გე­ნელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად წარუდგინოს სამინისტროს გადაწყვეტილება ექსპორტიორის წინასწარი შეტყობინების (განცხადების) დაკმაყოფილების შესახებ.

          3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ჩაითვლება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის უკანონო ტრანსსასაზღვრო გადაადგილებად და იგი დაექვემდებარება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, უკან გაბრუნებას ან განადგურებას მფლობელის ხარჯით.

         

 

მუხლი 3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ურთიერთთანამ­შრომ­ლობა

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შემოსავლების სამსახურს პერიოდულად და, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აწვდის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას (გაცემული ლიცენზია, შეტყობინებაზე თანხმობის მიცემა და სხვა).

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე ინფორმაციას შემოსავლების სამსახური დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საბაზრო ქსელში განთავსებისათვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა,  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ელექტრონულად გაუგზავნოს ინფორმაცია საბაზრო ქსელში განსათავსებელი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.

მუხლი 4. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირე­ბული ორგანიზმის იდენტიფიცირება

1. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინფორმაცია, რომელიც მიიღება:

ა) ეტიკეტზე ან საქონლის შეფუთვაზე განთავსებული მონაცემებით;

ბ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით;

გ)  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეესტრით გათვალისწინებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობების გათვალისწინებით.

2. როდესაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საშუალებით, აგრეთვე ეჭვის საფუძველზე ან რისკის შე­ფა­სების გათვალისწინებით, საქონელი ექვემდებარება ნიმუშის აღებას ლაბორატორიული ანალიზისათვის.

3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმისადმი მოპყრობა და ნიმუშების აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

4. ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში შეჩერებას, ხოლო როდესაც არ არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქციის რისკი და საქონელი აკმაყოფილებს საბაჟო კონტროლის სხვა მოთხოვნებს, შესაძლებელია საქონლის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ გადატანა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – შენახვის სხვა ადგილზე.

მუხლი 5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება საქონლის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით.

2. ნიმუშის აღება ხორციელდება შესაბამისი აქტის გაფორმებით – ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით.

3. განმეორებითი ნიმუში აიღება ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

4. განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება პირველადი (შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული) ლაბორატორიული ანალიზის შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის  ლაბორატორიული ანალიზი, რომლის ჩატარების ხარჯსაც ფარავს საქონლის მფლობელი.

6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.

7. თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება საქონლის მფლობელს.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.