„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3016-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 150000000.04.001.016124
3016-რს
26/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
150000000.04.001.016124
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-9 მუხლის:

  ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღისა.“;

  ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

  „3. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. ასეთ შემთხვევაში იგი სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივი გარანტიებითა და ხელშეუხებლობით.“.

  2. 26-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 26

  1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.

  2. საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.

  3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე. საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობის მიმართულებებს.  

  4. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებზე ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველისათვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

  5. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები და სპეციალიზებული ცენტრები, რომელთა სტრუქტურას, ორგანიზებას, საქმიანობის მიმართულებებს, მუშაობის წესს და სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი.“.

  3. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, მოადგილეები და აპარატის თანამშრომლები, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ან მათ ნაწილს ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2014 წ.

N3016-რს