„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.05.001.002.268
  • Word
3152
25/05/2006
სსმ, 19, 01/06/2006
010.040.000.05.001.002.268
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სასაზღვრო ინციდენტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო ფორმირებებს შორის ან საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და მოსაზღვრე სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტი, რომელიც შეიძლება შეიარაღებული ხასიათის იყოს.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ღონისძიებებს საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად და კონტროლს უწევს მათ შესრულებას.“.

3. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატარებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ტრანსპორტზე, ცხოველზე, ტვირთსა და სხვა ქონებაზე სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.“.

5. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს პორტებსა და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წინაშე შემოსვლამდე არა უგვიანეს 14 დღისა. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, ბორტზე მყოფ მგზავრთა სია და სხვა მონაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გემის მფლობელს (მის წარმომადგენელს) შემოსვლამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც ახორციელებენ სამაშველო ან ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოებს.“.

6. მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დამოუკიდებლად ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ აღმოჩნდა, რომ გემის მიერ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნის ან ცურვის წესების დარღვევას არა აქვს გამამართლებელი საფუძველი, მის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები.

4. თუ უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემი არ აცნობებს საქართველოს უახლოესი პორტის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში იძულებითი შემოსვლისა და ყოფნის ან ცურვის წესების იძულებითი დარღვევის თაობაზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დამოუკიდებლად ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებთან ერთად დროებით აკავებს ამ გემს აღნიშნული წესების დარღვევის გამომწვევ გარემოებათა შესამოწმებლად. თუ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან ატომური გემის იძულებითი შემოსვლის გამომწვევი გარემოებები და ასეთი შემოსვლა მიზნად ისახავდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ქმედებებს, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ან, საჭიროების შემთხვევაში, მისი მოწვევით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები აკავებენ სამხედრო ან ატომურ გემს და საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოები დიპლომატიური არხებით აწარმოებენ მოლაპარაკებას გემის მფლობელ ქვეყანასთან.“.

7. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო ზოლის ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. ამ მონაკვეთზე ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას იცავს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უშუალო მონაწილეობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაზღვრო ზოლის რეჟიმი არ ვრცელდება დასახლებულ პუნქტებზე. მოსახლეობის დასვენების ადგილებში სასაზღვრო ზოლის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ სპეციალურად დადგენილ ტერიტორიაზე.“.

8. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის დაცული უნდა იყოს ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები. პირმა, რომელიც აპირებს ასეთ საქმიანობას, ამის შესახებ უნდა შეატყობინოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირი.

2. საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს ამ კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების დასკვნის საფუძველზე აუკრძალოს პირს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, თუ მან შეტყობინებაში მიუთითა არასწორი მონაცემები და სამუშაოთა წარმოება ზიანს აყენებს გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას.“.

9. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესები

საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, პორტებსა და ბაზირების სხვა პუნქტებში არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების აღრიცხვის, ყოფნისა და ცურვის წესებს აკონტროლებს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.“.

10. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან შემომსვლელ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს, აგრეთვე მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.“.

11. 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საზღვრის დაცვა ხმელეთზე, ტერიტორიულ და შიდა საზღვაო წყლებში, აგრეთვე სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ევალება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, ხოლო საჰაერო სივრცეში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალებს.

3. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.“.

12. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად საზღვრის გარკვეულ უბნებზე „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიშნავს, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენლებს – სასაზღვრო კომისრებს.“.

13. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფლება-მოვალეობანი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზონაში და სასაზღვრო ზოლში, საზღვაო სივრცესა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში აქვს შემდეგი უფლება-მოვალეობანი:

ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დროებით შეზღუდოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება შემდგომი კომპენსაციით სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში განათავსოს გემზე სასაზღვრო ბადრაგი, გემის პორტში ან პორტიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით;

გ) ამ მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ფ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირები გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) განახორციელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლება“;

ე) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, დადგენილი სასაზღვრო ნიშნები, სხვა სასაზღვრო შენობა-ნაგებობები და ობიექტები;

ვ) აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეცვლის ნებისმიერი მცდელობა;

ზ) მოიგერიოს შეიარაღებული ჯგუფების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის მცდელობა ან სხვა სახის პროვოკაცია, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დაიცვას სახელმწიფო და მოქალაქეთა კერძო საკუთრება ამგვარი ხელყოფისაგან;

თ) თავიდან აიცილოს და აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონოდ გადაადგილება, აგრეთვე ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების უკანონოდ გადატანა;

ი) გამოავლინოს და დააკავოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაატაროს პირი, ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება საზღვრის გადაკვეთისათვის საჭირო სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტების წარდგენისას;

ლ) სათანადო წესით მოუაროს და დაიცვას სასაზღვრო გამტარი პუნქტები და სხვა სასაზღვრო ობიექტები;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად ან საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან და ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად აღკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადი, მომწამვლელი, რადიაქტიური და ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა და საბრძოლო მასალის, აგრეთვე კონტრაბანდული და სხვა აკრძალული საგნების გადაადგილება და გადატანა;

ნ) ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს სასაზღვრო რეჟიმის დაცვა;

ო) უზრუნველყოს სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;

პ) გააკონტროლოს სასაზღვრო რეჟიმი დამოუკიდებლად ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ორგანოებთან ერთად, აეროპორტებში (აეროდრომებზე), რკინიგზის სადგურებში, პორტებში, საერთაშორისო საავტომობილო გზების სასაზღვრო გამტარ პუნქტებში;

ჟ) გააკონტროლოს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის დადგენილი წესების შესრულება;

რ) შეაჩეროს, დააკავოს, შეამოწმოს და დარღვევის აღსაკვეთად მიიღოს აუცილებელი ზომები უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების მიმართ, თუ მათ დაარღვიეს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონის რეჟიმი;

ს) დაეხმაროს სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაში, სარეწ საქმიანობასა და ეკოსისტემის დაცვაში, აგრეთვე სასაზღვრო ზონაში სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაციასა და ხანძრის ჩაქრობაში;

ტ) განათავსოს საზღვრის დაცვის საგუშაგოები საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე;

უ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუზღუდავად გადაადგილდეს სასაზღვრო ზონაში, შეამოწმოს დოკუმენტები, გააკონტროლოს ტრანსპორტი და ტვირთი;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკავოს და დროებითი პატიმრობის ადგილას მოათავსოს პირი, თუ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც იწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიწვევითა და მასთან ერთად შეამოწმოს ტრანსპორტი, ტვირთი და სხვა ქონება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ამოიღოს საგნები, რომელთა შემოტანა ან გატანა აკრძალულია, აღკვეთოს კონტრაბანდა;

ყ) საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მოსთხოვოს და შეამოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, შეიტანოს მათში შესაბამისი აღნიშვნები;

შ) არ გაატაროს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირი, რომელსაც არა აქვს ამ მუხლის „ყ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტები;

ჩ) აუკრძალოს ნაპირზე ჩამოსვლა და ყოფნა უცხო სახელმწიფოს გემის ეკიპაჟის წევრებს და გემზე მყოფ სხვა პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და პორტებში, ტერიტორიულ ზღვაში და მიმდებარე ზონაში ყოფნისა და ცურვის დროს;

ც) საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს გემს მოსთხოვოს სახელმწიფო დროშის აღმართვა;

ძ) აწარმოოს გამოკითხვა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების შემოსვლის მიზნის შესახებ;

წ) შესთავაზოს არასამხედრო ან სამხედრო გემს ანდა სხვა სანაოსნო საშუალებას, შეცვალოს კურსი, თუ მას გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

ჭ) გააჩეროს და შეამოწმოს არასამხედრო ან სამხედრო გემი ანდა სხვა სანაოსნო საშუალება, თუ იგი არ უპასუხებს გამოკითხვის სიგნალს, იმყოფება ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში შემოსვლის, ყოფნისა და ცურვის წესებს, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს, აგრეთვე თუ ეწევა ამ კანონის 21-ე მუხლით აკრძალულ საქმიანობას;

ხ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე დაიცვას საქართველოს ხელოვნური კუნძულები, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სახის დანადგარები და ნაგებობები;

ჯ) განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე განახორციელოს კონტროლი და მიიღოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით დადგენილი ზომები უცხო სახელმწიფოთა და უკანონო სამეცნიერო-კვლევითი ან სარეწი საქმიანობის აღსაკვეთად და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

ჰ) ჩადენილი დანაშაულისათვის ჩამოიყვანოს და დააკავოს უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემის ეკიპაჟის წევრები და გემზე მყოფი სხვა პირები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

1) ეწეოდეს სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან, ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში;

2) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე რეგიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ და მატერიალურ-კულტურულ განვითარებაში.

    მუხლი 36. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და შიდა საზღვაო წყლებში მყოფ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემებს აკავებს და ბადრაგის თანხლებით გზავნის უახლოეს პორტში ან სხვა შესაბამის პუნქტში, თუ:

ა) გემი იმყოფება დადგენილი წესის შესაბამისად ნაოსნობისათვის დახურულ ზონაში, გეზი აღებული აქვს ნაოსნობისათვის დახურული ზონისაკენ ან არ იცავს დადგენილ სანავიგაციო გზებს და მოძრაობის გამიჯვნის სქემებს;

ბ) გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, აგრეთვე ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება იმ ადგილებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“;

გ) გემი უკანონოდ ეწევა სარეწ, კვლევით ან ჰიდროგრაფიულ საქმიანობას, ყრის ან მარხავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან წყლის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებსა და დამაბინძურებელ ნარჩენებს, მასალებს ანდა მის სხვა მოქმედებას ზიანი მოაქვს საქართველოსათვის;

დ) საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოების ნებართვის გარეშე ხდება გემბანიდან ნებისმიერი სახის საფრენი აპარატის აფრენა ან გემბანზე დაფრენა;

ე) გემის კაპიტანი არ წარადგენს გემის, ტვირთის, მგზავრებისა და სხვა აუცილებელ დოკუმენტაციებს;

ვ) გემი არ ემორჩილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელთა ან ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოთა განკარგულებებს;

ზ) გემი არღვევს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ წესებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს.“.

14. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები და შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანი.

2. გემის დაკავების შემთხვევაში კაპიტანს ჩამოერთმევა გემისა და ტვირთის დოკუმენტები და ისინი დაერთვის ოქმს. თუ შემოწმებული ან დაკავებული გემის კაპიტანს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოქმედება არამართებულად მიაჩნია, ან არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს ნებისმიერ ენაზე გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.“.

15. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალები სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუ მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა და ობიექტებზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის, აღსაკვეთად.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სრულ სიას სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც შედის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში, განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.“.

16. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს ურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უცხო სახელმწიფოს ატომურ, სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების გემს, რომელიც სახელმწიფო დავალებას ასრულებს, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში მშვიდობიანი გავლა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შემოსვლამდე 48 საათით ადრე დიპლომატიური არხებით შეატყობინებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გემის სახელწოდება, ტიპი, სხვა ნიშნები, შემოსვლისა და გასვლის ადგილი და დრო. გავლის ნებართვას გასცემს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანთა გადასარჩენად წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში.“.

    მუხლი 2

 საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შეიქმნას სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეორგანიზაციის საფუძველზე.

    მუხლი 3

 საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 ივლისამდე წარმოადგინოს „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

    მუხლი 4

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3152–Iს