საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 09/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.002.262
  • Word
3146
24/05/2006
სსმ, 20, 09/06/2006
020.080.000.05.001.002.262
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII3თავი:

„თავი VII3. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით

    მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა

1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ოჯახში ძალადობისას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას.

    მუხლი 2113. დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს დამცავი ორდერი.

2. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე შეიტანება პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

3. განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. იგი უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადების შემტანი პირის სახელს, გვარს;

ბ) განცხადების შემტანი პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის აღწერას;

დ) ცნობებს მოძალადისა და მსხვერპლის, მათი ურთიერთკავშირის შესახებ;

ე) მტკიცებულებათა ჩამონათვალს;

ვ) დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნას;

ზ) მსხვერპლის ან დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლების მქონე სხვა პირის ხელმოწერას.

4. სასამართლო განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

5. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოსამართლე განუმარტავს განმცხადებელს, რომ შეგნებულად ცრუ დასმენისათვის ან ცრუ ჩვენებისათვის მის მიმართ გამოყენებული იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, და ართმევს ხელწერილს, გამოიძახებს და აცნობს განცხადებას იმ პირს, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, და სთხოვს მას დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას. პირი, რომლის მიმართაც არის შეტანილი განცხადება, უფლებამოსილია წერილობით გასცეს პასუხი განცხადებაში მითითებულ საკითხებზე და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში.

6. დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის გაგრძელების ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთჯერადად საჩივრდება იმავე ინსტანციის სასამართლოში 3 დღის ვადაში, ხოლო მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

7. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას შესაბამის სასამართლოში.

8. დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებული საქმეები სასამართლოში განიხილება ამ კოდექსის 22-ე–34-ე მუხლებით დადგენილი წესით.

    მუხლი 2114. სასამართლოს უფლებამოსილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცებასთან დაკავშირებით

1. უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი მისი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. სასამართლო წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

2. სასამართლო შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს მისი მოქმედება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, საქმეზე იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა.

4. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება ამ კოდექსის 2113 მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 2115. დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი საკითხები

1. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

2. დამცავ ან შემაკავებელ ორდერში მიეთითება:

ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;

გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;

დ) ამ მუხლის მე-3–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც ეკრძალება მოძალადეს.

3. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის;

დ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

ე) მოძალადის ბავშვისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;

ვ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

ზ) მოძალადისათვის იარაღით, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის მოპოვების უფლების აკრძალვას ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში;

თ) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;

ი) მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების, მისი რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს;

კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;

ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

4. შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;

ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

დ) მოძალადის ბავშვისაგან განცალკევების საკითხებს;

ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;

ვ) მოძალადისათვის იარაღით, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ასევე იარაღის შეძენის უფლების აკრძალვას ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში;

ზ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

5. გამოცემულ შესაბამის ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის მე-3–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად, ძალადობის ფაქტის ადეკვატურობის გათვალისწინებით.

6. შემაკავებელი ორდერი მზადდება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ერთი – მსხვერპლს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოს (პირს).

7. დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3146_Iს