საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2947-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.017577
2947-Iს
12/12/2014
ვებგვერდი, 24/12/2014
030000000.05.001.017577
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII11 და VII12 თავები:

„თავი VII11

ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე

 

 მუხლი 2145. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

 კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

 მუხლი 2146. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

 1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას (ამ შემოწმების ფარგლებში) კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის თაობაზე, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:

 ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

 ბ) კომერციული ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია;

 გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

 დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.

 

მუხლი 2147. კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

 1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის პირი/მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება).

 3. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

 4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ.

 5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

 ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

 ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

 გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

 დ) საგადასახადო ორგანო, რომელსაც უნდა გადაეცეს მოთხოვნილი ინფორმაცია;

 ე) კომერციული ბანკი, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;

 ვ) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

 ზ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

 6. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

 ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

 ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

 გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

 დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ.

 7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – პირს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.

 8. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

 9. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

 10. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.

 11. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 თავი VII12

ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე

 

მუხლი 2148. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კომერციული ბანკის ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

მუხლი 2149. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

1. საგადასახადო ორგანო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურმა (უფლებამოსილმა) ორგანომ მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

ბ) კომერციული ბანკის დასახელება, საიდანაც უნდა იქნეს მიღებული ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა;

ე) წერილობითი განმარტება, რომ სხვა სახელმწიფოს მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნებს.

 

მუხლი 2150. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის კომერციული ბანკის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

 1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე.

 3. მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე, თუ იგი შეიცავს ამ კოდექსის 2149 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

დ) კომერციული ბანკი, რომელმაც საგადასახადო ორგანოს უნდა მიაწოდოს პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;

ე) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

5. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) საქართველოს საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;

დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ.

6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – კომერციულ ბანკს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 დეკემბერი 2014 წ.

N2947-Iს