ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17-56
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016052
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17-56
12/12/2014
ვებგვერდი, 16/12/2014
040030000.35.101.016052
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/12/2014 - 22/12/2014)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-56

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’-ს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “რ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ’’ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ წესდება (დებულება), დანართის შესაბამისად.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი




დანართი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამსართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდება (დებულება)

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამსართლის იურიდიული პირი - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს სრული დასახელებაა: “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო’’.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით (დებულებით).

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებათან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N89/24.

 

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:

ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქ.თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.

 

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის სფერო

1. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია:

ა) მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევტანაზია);

ბ) ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა;

გ) ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;

დ) ცხოველთა ტრანსპორტირება მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში, ასევე სხვადასხვა აქციებზე და ღონისძიებებზე, ცხოველთა გაჩუქების და პოპულაციების მართვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება: ექიმ-ვეტერინარის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება, მკურნალობა (დიჰერმინთიზაცია, ვაქცინაცია (მათ შორის „კომპლექსური“), „ანტირაბიული თერაპია“ და სხვა), ცხოველის ბიომასალის ლაბორატორიული კვლევა (სისხლის საერთო, შარდის, ფეკალის, ბეწვის, კანის და ნაცხის ანალიზები), გეგმიური და არაგეგმიური ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირება და სხვა) ჩატარება და ექიმ-ვეტერინარის ან/და კინოლოგის შესაბამისი დასკვნის (ლაბორატორიული ან/და ვიზუალური) საფუძველზე, ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და დაავადების) მატარებელი ცხოველების ჰუმანური გზით დაძინება („ევთანაზია“) სპეციალური პრეპარატებით;

ვ) დაძინებული ცხოველის გადაყვანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა სამარხში (ბეკარის ორმოში);

ზ) ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;

თ) სათანადო ვეტერინალური ღონისძიებების გატარების შემდგომ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ან მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ცხოველების (რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს) დაბრუნება  ბუნებრივ  არეალში ან პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე;

ი) საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის და დერატიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და/ან ორგანიზება-მონიტორინგი;

კ) დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს სიტუაციებზე (შემდგომში - საგანგებო სიტუაციები) რეაგირებისათვის;

ლ) საგანგებო სიტუაციების  აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;

მ) ცხოველთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა;

ნ) ცხოველთა მოვლა-პატრონობის და ბრუნვის (გაჩუქება, გასხვისება, იმპორტ-ექსპორტი) დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად;

ო) ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინალური, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა;

პ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;

რ) მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;

ს) სააგენტოს მიზნებში აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა.

2. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს:

ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;

ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებას და სრულყოფას;

ე) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობას;

ვ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას;

ზ)ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობას;

თ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობას;

ი) ხმელეთზე, მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელებას ცხოველების სიცოცხლის დაცვის მიზნით;

კ) შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას.

3. სააგენტოს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლება აქვს:

ა) წარადგინოს წინადადებები და რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა  ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს ცხოველთა და ქვეწარმავალთა ჰუმანური დაჭერის, ფიქსაციის, ტრანსპორტირებისა და დროებითი განთავსების მიზნით აუცილებელი ტექნიკური საშუალებები, სათანადო ხელსაწყოები, სპეციალური აღჭურვილობა და ეკიპირება (ცხოველის დამჭერი (დასაფიქსირებელი) ლასო, სპეციალური ხელთათმანები, დამჭერის სპეციალური აღჭურვილობა, კატის დამჭერი სპეციალური მაშა, ბადე, სპეციალური შპრიცსასროლი მოწყობილობა, ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა მედიკამენტები და სხვა);

გ) გამოძახებებზე და საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისა და შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადების მიზნით, გამოიყენოს სათანადოდ შეფერილი და ციმციმა-ხმოვანი მოწყობილობებით აღჭურვილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები;

დ) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები (რეკომენდაციები, მითითებები) სანიტარიული წესების და ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები;

ვ) დედაქალაქის ბიუჯეტის შედგენისას, შეიმუშაოს სააგენტოსა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთა ნუსხა და წარადგინოს ქალაქის მთავრობაში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცალკეულ დაინტერესებულ პირებთან;

ი) საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;

კ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს;

ლ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტები;

მ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

 

მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც ქალაქ თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.

2.    სააგენტოს დირექტორი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ზ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ი) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

კ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

მ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას;

ნ) ქ.თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;

ო) შუამდგომლობს ქ.თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

პ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად;

ჟ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;

რ) ქ.თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ს) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ტ) წარმოადგენს სააგენტოსა და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;

უ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება დაევალოს მის ერთ-ერთი მოადგილეს.

 

მუხლი 5. სააგენტოს დირექტორის მოადგილეები

1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე.

2. სააგენტოს დირექტორის მოადგილე:

ა) ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე;

ბ) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ და ფუნქციონალურად განსაზღვრულ სფეროს;

გ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს და სააგენტოს დირექტორის მითითებებს;

დ) სააგენტოს დირექტორის მიერ, შესაბამისი ბრაძანების საფუძველზე, მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადილე.

 

მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

3. ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტს მიეკუთვნება:

ა) ცხოველთა თავშესაფარი (განყოფილება);

ბ) ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება;

გ) ანალიზის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

დ) ოპერატიული სამორიგეო (განყოფილება).

4. ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მიეკუთვნება:

ა) საორგანიზაციო განყოფილება;

ბ) საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

 

მუხლი 7. ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების  დეპარტამენტი

ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების  დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს ცხოველების ჰუმანური გზით დაჭერას, იზოლაციას და ტრანსპორტირებას შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფრებში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ცხოველების მიმართ ახორციელებს სათანადო ვეტერინარულ ღონისძიებებს;

გ) ახორციელებს მოსახლეობის დაცვას აგრესიული ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან,  უზრუნველყოფს ჰუმანური წესით მათ დაჭერას და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ და გადაუდებელ შემთხვევებზე ახდენს სათანადო ოპერატიული რეაგირებას;

ე) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს ინფორმაციას  სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისგან, მისი შემდგომი დამუშავების, ანალიზისა და ვითარების პროგნოზირების მიზნით;

ვ) სააგენტოს ხელმძღვანელობის მითითებით, ახორციელებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების და საქმიანობის პერიოდულ, გეგმიურ და სპეციალურ მონიტორინგს;

ზ) ახდენს საინფორმაციო ბანკის ფორმირებას, პერიოდულ შევსებას და ექსპლუატაციას;

თ) დეპარტამენტის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადების მიზნით, ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზებას და სააგენტოს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს 24-საათიან რეჟიმში მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა სატელეფონო ზარების მიღებას და მათზე სათანადო რეაგირებას;

კ) ახდენს სააგენტოში შემოსული სატელეფონო შეტყობინებების და მიმართვების სათანადო წესით გაფორმებას, აღრიცხვას, სტატისტიკის წარმოებას;

ლ) უზრუნველყოფს სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირების მიზნით სათანადო ღონისძიებებზე მყოფი პირადი შემადგენლობის და სატრანსპორტო საშუალებების განაწილებას და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მუდმივ მიღება-დამუშავებას, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნისთანავე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირთათვის აღნიშნულ მონაცემთა მიწოდებას.

მ) ურთიერთობს მედიასთან, დაინტერესებულ კერძო პირებთან, ორგანიზაციებსა და საზოგადოებასთან, უზრუნველყოფს მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;

ნ) უზრუნველყოფს პრეს-რელიზის შედგენას და მედია გაშუქების ორგანიზებას;

ო) უზრუნველყოფს სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას;

პ) უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, დავალებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გაცემული დავალებების კონტროლს.

 

მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) შეიმუშავებს სააგენტოს შინაგანაწესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსს;

ბ) სააგენტოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დასაწყობებას და დაცვას;

დ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;

ე) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;

ვ) ორგანიზებას უწევს სააგენტოს ბალანსზე რიცხული აქტივების, კაპიტალისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებას;

ზ) ახორციელებს სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო მომსახურებას;

თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;

ი) უზრუნველყოფს სასაწყობე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ლოჯისტიკას;

კ) უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას;

ლ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში, ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების,წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს დირექტორის ბრძანებების პროექტებს;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ცნობებს;

ნ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს;

ო) უზრუნველყოფს სააგენტოში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას;

პ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციას;

რ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ს) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლებზე სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის გაცნობას და აკონტროლებს მის შესრულებას;

ტ) ასრულებს სააგენტოს დირექტორის მიერ მიცემულ დავალებებს;

უ) უზრუნველყოფს სააგენტოს სამართლებრივ მომსახურებას;

ფ) მონაწილეობს სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზას;

ღ) უზრუნველყოფს სააგენტოს წარმომადგენლობას სასამართლოსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებში;

ყ) უზრუნველყოფს სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიებით მხარდაჭერას;

შ) უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, დავალებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გაცემული დავალებების კონტროლს.

 

მუხლი 9. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებები

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;

ვ) სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.

 

მუხლი 10. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

 

მუხლი 11. სააგენტოს ფინანსები

სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

 

მუხლი 12. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით სააგენტომ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა,გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 

მუხლი 13. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 14. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 15. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

მუხლი 16. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.