ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17-55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17-55
12/12/2014
ვებგვერდი, 16/12/2014
300130000.35.101.016056
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/12/2014 - 27/03/2015)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-55

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლების, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი’’ (დანართი 1). 
მუხლი 2
დამტკიცდეს „ მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი” (დანართი 2). 
მუხლი 3
დამტკიცდეს „დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების  დოკუმენტი”  (დანართი3). 
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №27.03.1278 დადგენილება. 
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი




დანართი №1

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. წესის მიზანი

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – “წესი”) მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

2. წესი განსაზღვრავს:

ა) მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;

ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;

გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.    

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.

2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.

3. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა.

4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.

5. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.

6. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.

7. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;

8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.

9.  მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები.

10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.

11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის დამზადება.

12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.

13. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.

14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება.

15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.

16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე.

17.  მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება . სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.

18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.

19. ფაუტი ხე –  ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.            

20. ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული  ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი,  აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.     

21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.

22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.

23. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.

24. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.

25. დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).

26. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ.

27. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.

28. უფლებამოსილი ორგანო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური.

29. საშეშე მერქანი - მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი. 

 

თავი II. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები

 

 მუხლი 3. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები

1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;

ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.

3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:

ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;

ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;

დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.

 

მუხლი 4. მოვლითი ჭრები

1. მოვლითი ჭრის სახეებია:

ა) განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ბ) გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;

გ) გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;

დ) გავლითი ჭრა – ხორციელდება 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;

ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.

2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.

3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.

4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან გამგეობის მიერ, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.

5. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 350-მდე დაქანების ფერდობებზე.

6. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.

7. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;

ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;

გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.

 

მუხლი 5. ხეების კლასიფიკაცია

მოვლითი ჭრის ჩატარებისას ყველა ხე მათი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

ა) რჩეული ხეები – უნდა მიეკუთვნოს ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი ხეები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხეების გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში;

ბ) დამხმარე ხეები – უნდა მიეკუთვნოს ის ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული ხეების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;     

გ) მავნე ხეებს უნდა მიეკუთვნოს:

გ.ა) ხეები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხეები;

გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხეები კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები;

გ.გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0.5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას.

 

მუხლი 6. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა

1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა), უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი.

2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში _ ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები შერჩევით.

 

მუხლი 7. მოვლითი ჭრების განხორციელების  განსაკუთრებული მოთხოვნები

1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას.

2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.

 

მუხლი 8.  მოსაჭრელი ხეების მონიშვნა

1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.

2. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.

4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიც­ხვი­სათვის. აუცი­ლებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზე­ხ­მელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებ­ლებით და­ზიანებული ხეები.

5. უბანზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების  აღრიცხვა წარ­მოებს ამ წესის დანართი 2–ის შესაბამისად.

6. უბნის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღე­ბავით კეთდება “+” ნიშანი.);

7. მოსაჭრელი უბნის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

8. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.

9. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.

10. ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტიურად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.

11. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება უფლებამოსილი ორგანოში. ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

 

მუხლი 9. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით

1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით.

2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:

ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;

ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.

3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

 

მუხლი 10. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში

1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვ.) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვ.) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს ან შესაბამის გამგეობას უფლება აქვს, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი.

 

მუხლი 11. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები

1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:

ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;

ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;

გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;

დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, ქვედა ტოტების შეჭრა;

ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.

3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.

4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.

5. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 12. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა

1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგემბა მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე.

2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.

3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს უფლებამოსილი ორგანო  ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.

5. აღდგენას ექვემდებარება:

ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;

ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;

გ) გამეჩხერებული და ბუნებრივი წარმოშობის მეჩხერი კორომები (0.1-0.2 სიხშირის), რომლებიც საჭიროებს ხელოვნური გზით აღდგენას;

დ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.

 

მუხლი 13. აღდგენისა და გაშენების ფორმები

1. აღდგენის ფორმებია:

ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;

ბ) აღდგენა თესვით;

გ) აღდგენა დარგვით.

2. გაშენების ფორმებია:

ა) გაშენება ნერგების დარგვით;

ბ) გაშენება თესვით.

 

მუხლი 14. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა

კორომის ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები შეიძლება იყოს:

ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით;

ბ) მწვანე ნარგავებით  ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით).

 

მუხლი 15.  მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმების შერჩევა

1. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.

2. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.

 

მუხლი 16. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება

1. დაპროექტებას ექვემდებარება:

ა)  კულტურების გაშენება;

ბ) სანერგეების მოწყობა;

გ) დაცვითი ნარგავების გაშენება;

დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია;

ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.

2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ) და მიზანს;

ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;

გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;

დ) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;

ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და  ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

ვ) მოვლის ღონისძიებებს;

ზ) კარტოგრაფიულ მასალას;

3. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას.

4. ტყის აღდგენის პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, მათ შორის, აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელება.

 

მუხლი 17. სარგავი მასალა

ტყის აღდგენისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) ნათესარი;

ბ) ნერგი;

გ) კალამი;

დ) ფესვის ნაბარტყი.

 

მუხლი 18. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას

1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.

3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.

4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.

5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.

6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით.

 

მუხლი 19. სპეციალური ჭრა

1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;

დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.

ვ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის.

2. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბისად.

 

მუხლი 20. სპეციალური ჭრის განხორციელება

1. სპეციალური ჭრა ხორციელდება სპეციალური მიზნების განხორციელების პროექტის ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სრულად ან ეტაპობრივად, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით ან მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.

2. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალურ ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს, ასევე გამგეობის მიერ.

3. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით, საწყობდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და უფლებამოსილი ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.  მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტიურად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.

4. სპეციალური ჭრის დროს შესაძლებელია განხორციელდეს ხეების ფორმირება ან/და გადაბელვა.

 

მუხლი 21. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა

1. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა.

2. ამოღება–გადარგვას ექვემდებარება:

ა)  წიწვოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 16 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე);

ბ) ფოთლოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 18 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე);

3. ხეების გადარგვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს ან გამგეობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.        

             

მუხლი 22. მოჭრილი მწვანე ნარგავების განთავსება და გადაცემა

1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ.

2. უფლებამოსილი ორგანო ან რაიონული გამგეობა უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

3. „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოპოვებული საშეშე მერქნის სოციალურად დაუცველ მოსახლეობისათვის გადაცემის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება დაინტერესებილი მხარის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

 

მუხლი 23. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განკარგვა

1. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.   

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს საქველმოქმედო საქმიანობის პროფილის მქონე იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და გამგეობის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე.

4. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირი.

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირი.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.

 

მუხლი 24. დამზადებული მწვანე ნარგავების ტყის მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარ­გებ­ლობის მოსაკრებლის გადახდის წესი

1. დამზადებული მწვანე ნარგავების ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ფაქტიურად დამზადებული მწვანე ნარგავების მოცულობის შესაბამისად, შემძენისთვის გადაცემამდე.

2. მწვანე ნარგავების ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის საფუძველზე) ან/და უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი გამგეობის მიერ, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი გამგეობის მიერ მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად დამზადებული საშეშე მერქნის სარეალიზაციო ფასი დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსახღვრულ შემთხვევაში საშეშე მერქნის გაცემა ხორციელდება მოქალაქის განცხადების საფუძველზე; განმცხადებელი ვალდებულია, საშეშე მერქნის ტრანსპორტირებამდე წარმოადგინოს  საშეშე მერქნის სარეალიზაციო ფასის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

 

თავი III.  კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავების მოვლა

 

მუხლი 25. კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები

1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოჭრა აკრძალულია (გარდა ხილ-კენკროვანი ნარგავებისა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი ნებართვის გარეშე.

3. მესაკუთრე ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელ დაავადებების აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევებში.    

 

მუხლი 26. კერძო საკუთრებაში ჭრის განხორციელება

1. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, მათ შორის, იურიდიული პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, მესაკუთრეს უფლება აქვს განახორციელოს ჭრა ან ხეების ამოღება-გადარგვა უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ნებართვის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

2. იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს ჭრა უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ნებართვის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ნებართვის გაცემის საფუძველია აგრეთვე:

ა) ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი ავარიული ხეების არსებობა, მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად;

ბ) სწრაფმოზარდი სახეობების მწიფე და გადაბერებული ხეების არსებობისას, რომელთაც მიღწეული აქვთ  საამორტიზაციო ხნოვანება (ვერხვი, აკაცია, ტირიფი 40–50წ), მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ამონაყრითი ხე-მცენარეებისათვის;

გ) იმ ტერიტორიაზე სადაც დაგეგმილია მშენებლობა  და იმ მწვანე ნარგავების რაოდენობა რომლებიც ხელს უშლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას  შეადგენს საერთო ფართობის 20 %–ზე ნაკლებს ან/და არ გამოიწვევს გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

4. ფიზიკური პირის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე  საჯარო სკოლებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი  მწვანე ნარგავების, მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ჭრას ახორციელებს გამგეობა ან უფლებამოსილი ორგანო.

5. დაინტერესებული პირის მიერ ხე-მცენარეების აღების მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მესაკუთრის მიერ „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღდგენითი ღირებულების გადახდის ქვითარი.

6. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის შეადგენს 1 მეტრს.

7. მწვანე ნარგავები უნდა დაირგოს შენობის გარე კედელიდან ან/და მშენებარე ობიექტის საძირკველდან მინიმუმ 3მ დაშორებით – ხეებისათვის და 1.5მ დაშორებით ბუჩქებისათვის.

 

მუხლი 27. პასუხისმგებლობა დადგენილების დაღვევისათვის

ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.

 

თავი IV. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება

 

მუხლი 28. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება

1. მწანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნისა და რაოდენობისა განსაზღვრისათვის.

2. აღრიცხვის უწყისს ადგენს უფლებამოსილი ორგანო, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

3. უფლებამოსილი ორგანო ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.

4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ.

 

თავი V. დამზადებული  მწვანე ნარგავების (ხე-ტყის) მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესი

მუხლი 29. დოკუმენტების ფორმა

დოკუმენტი (დანართი №3) გაიცემა დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის მიზნით.

ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების  მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან გადამზიდავ დაინტერესებულ პირზე.

ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების  მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს).

გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში.

დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან.

ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზე.

 

მუხლი 30. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს ვალდებულებანი

1. დოკუმენტის გაცემამდე უფლებამოსილი ორგანოი ვალებულია მოითხოვოს დოკუმენტში ასახული ხეების მოცულობის შესაბამისად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

2. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე თუ, არ არსებობს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

მუხლი 31. დოკუმენტის მოქმედების ვადა

დოკუმენტის მოქმედების ვადა ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება ხეების გადაზიდვისათვის დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის დამოწმებიდან არაუმეტეს 6 საათისა.

 

მუხლი 32. დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისათვის მიღება-ჩაბარების დოკუმენტის  გაცემა და დამოწმება

1. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის (დანართი #3) გაცემის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო დოკუმენტის გაცემის მიზნით:

ა) გასცემს დოკუმენტს დამზადებულ მწვანე ნარგავებზე;

ბ) ავსებს დოკუმენტის 1-5,7,8 –ე რეკვიზიტებს;

გ) ბეჭდით ადასტურებს დოკუმენტის გაცემას;

დ)  დოკუმენტის მე-6 რეკვიზიტში ხელმოწერა ხდება დაინტერესებული პირის მიერ.

 

მუხლი 33. დაინტერესებული პირის ვალდებულებანი

1, დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაზიდვისას თან იქონიოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტი.

2, გადამზიდავი პირი ვალდებულია ხეების ტრანსპორტირებისას იქონიოს დოკუმენტი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში დაუყონებლივ წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.

3. დოკუმენტის მოქმედების შეწყვეტა (გაუქმება) ხდება, თუ დარღვეულია ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

4. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებისას, თუ შეუძლებელია განსაზღვრულ ვადაში დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვა, მაშინ მფლობელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიმართოს შესაბამის ორგანოს და მოითხოვოს დამზადებული მწვანე ნარგავების დანიშნულების ადგილამდე შემდგომი ტრანსპორტირების უფლება.



დანართი 2

 

მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი

 

ქ. თბილისი -------------------------- რაიონი; სამცველო № --------;

 

კვარტალი № ----------;უბანი (უბნები) --------------;

 

ფართობი ------- ჰა; ჭრის სახე --------------------------;

 

აღრიცხვის მეთოდი ----------------------;

 

მოსაჭრელი ხეების უბნის კოორდინატები X ---------------;Y----------------;

 

 

ხის №

მერქნიანი სახეობა

დიამეტრი სმ

შენიშვნა

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

სულ:

 

 

 

 

აღრიცხვის უწყისის შემდგენი ----------------------------------------------             ბ.ა.                                                        

 

 აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი------------------------------------

 



დანართი №3

 

დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი

 

N ----------

 

 

  1. დაინტერესებული პირი:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                           (იურიდიული ან ფიზიკური პირი, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი,  მისამართი; წარმომადგენლის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ნომერი)

 

 

2. მწვანე ნარგაობის სახეობა (ჯიში)––––––––––––––––   მოცულობა კბმ  –––––––––––

 

 3.გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

4. სატრანსპორტო საშუალება:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                               (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი)

 

5. გადამზიდავი პირი:  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

6. დაინტერესებული პირი: ხელმოწერა -------------------------------

 

 

7. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი   –––––– სთ. ––––– წთ. “–––––” “–––––––––––––––“  20–––– წელი.

 

8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირი: 

 

 

სახელი, გვარი  –––––––––––––––––––––       ხელმოწერა ––––––––––––                  ბ. ა.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.