„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2943
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 16/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.001.002.217
  • Word
2943
28/04/2006
სსმ, 15, 16/05/2006
140.080.000.05.001.002.217
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1.  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანა

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოების თანამდებობის პირები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები და მათი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად;

დ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მნიშვნელოვანი პირები;

ე) წესრიგი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების და თანამდებობის პირთა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე.

2. საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყენებს კავშირგაბმულობის სპეციალურ, სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა უმაღლესი ორგანოები (უფლებამოსილი თანამდებობის პირები) თავიანთ მფლობელობაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან შეთანხმებით.

4. აკრძალულია, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და მის თანამშრომლებს დაეკისროთ ის ფუნქციები, რომელთა შესრულებაც მათ ამ კანონით არ ევალებათ.

    მუხლი 5. დასაცავი პირები და დაცვის ობიექტები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები არიან:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

ზ) საქართველოს გენერალური პროკურორი;

თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების ხელმძღვანელები;

ი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;

კ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები;

ლ) საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის სახელმწიფო მეთაური;

მ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში.

2. საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და იგი შეუნარჩუნდებათ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე.

3. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს:

ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

ბ) საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს;

გ) დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველოში;

დ) „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს.

4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ან მაღალი რანგის თანამდებობის პირს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება დაენიშნოს პერსონალური დაცვა.

5. პერსონალური დაცვის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებსა და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო შენობა-ნაგებობებს.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხას და დაცვის ობიექტთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;

ბ) ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს;

გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის უფლებამოსილებას;

დ) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს);

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს;

ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს;

თ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;

ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას;

ლ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტს;

მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;

ნ) ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ადგენს პერსონალურ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს;

ო) პასუხისმგებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს ნებართვებს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ; აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს:

ა) დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე;

ბ) დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღოს ოპერატიული ცნობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) საკუთარი ამოცანების შესრულების მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრში დატოვებით დანიშნოს ოფიცერი სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის სამსახურის მოსამსახურეები, აგრეთვე სამოქალაქო პირები.

2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას და რომლებსაც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოქმედებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.

3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება:

ა) პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარებული პირი.

4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მოსამსახურის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

5. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო ოფიცრის შესაბამის თანამდებობაზე – კადრის ოფიცრად. განსაკუთრებულ შემთხვევებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში ჩარიცხვისას მოსამსახურე სამხედრო აღრიცხვიდან იხსნება და ირიცხება სამსახურის პირად შემადგენლობაში.

7. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები.“.

5. 102 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

6. 111 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით.“.

7. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის დაინვალიდების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრავმის მიღების, დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისად მას ან მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი წესითა და განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის დაკრძალვასთან და გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, აღნიშნულ მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სტაჟი.“.

8. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს დადოს ხელშეკრულებები.“.

9. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის, შესწავლისა და მიღების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2943–Iს