დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 663 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.10.003.018283 |
|
მუხლი 1 |
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ შეთანხმების მე-2 თავის საფუძველზე და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თანდართული წესი. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში
საქართველოს მონაწილეობის წესი
თავი I ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2013 წლის 29 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში სახელმწიფო ორგანოების, საჯარო მოსამსახურეების, მათ შორის, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირების, ასევე, ხელშეკრულებით დაქირავებული პირების (შემდგომში – პირები) მონაწილეობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისის მართვის ოპერაცია (შემდგომში – ოპერაცია) – „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) შესაბამისად, ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის კონკრეტული ოპერაცია, რომელიც ევროკავშირის მიერ მიჩნეულია სამოქალაქო ოპერაციად და არ არის დაკავშირებული სამხედრო ძალის გამოყენებასთან; ბ) წარმგზავნი უწყება – ოპერაციაში წარგზავნილი პირის დამქირავებელი საბიუჯეტო დაწესებულება; გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფო – სახელმწიფო, სადაც პირი წარგზავნილია ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად.
მუხლი 3. ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო რესურსების გამოყოფა 1. საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს ოპერაციაში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფის შესახებ. 2. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საშუალებების გამოყოფის შესახებ.
მუხლი 4. ოპერაციებში მონაწილეობის ფინანსური უზრუნველყოფა ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი სამინისტროს წლიური საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც იფარება ევროკავშირის მიერ ან სხვა წყაროებიდან. თავი II ოპერაციებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ პირთა სამუშაოდ გაგზავნის წესი
მუხლი 5. ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა 1. ამ წესით გათვალისწინებულ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისი უწყების წარდგინებით. 2. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ოპერაციაში მონაწილე პირთა რაოდენობასა და მონაწილეობის ვადებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შესაბამისი უწყებები ახორციელებენ პერსონალის შერჩევისთვის ამ წესით გათვალისწინებულ პროცედურებს.
მუხლი 6. კოორდინაციის მექანიზმები 1. ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს კომუნიკაციის განხორციელებას, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირის და/ან ოპერაციაში მონაწილე წევრი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებს შორის. 2. ოპერაციებში მონაწილეობის კოორდინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი. ამ მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი: ა) ამზადებს დასკვნას ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის თაობაზე და წარუდგენს მთავრობას; ბ) უზრუნველყოფს შესაბამის უწყებებში კანდიდატების წარდგენის შესახებ მოთხოვნის გაგზავნას; გ) განიხილავს წარდგენილი აპლიკაციების შესაბამისობას ვაკანსიის მოთხოვნებთან; დ) კანდიდატთა შერჩევის მიზნით, იწვევს და ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიას; ე) ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას; ვ) უზრუნველყოფს ოპერაციებში მონაწილეობის მიზნით, ევროკავშირისათვის შესაბამისი კანდიდატ(ებ)ის წარდგენას, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში; ზ) ქმნის პოტენციური ექსპერტების ბაზას/რეზერვს, რომელთა წარდგენაც განხორციელდება სასწრაფო წესით გამოცხადებულ ვაკანსიებზე; თ) უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას სათანადო უწყებებთან კოორდინაციით; ი) ახორციელებს ოპერაციებში მონაწილეობის კოორდინაციასთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს.
მუხლი 7. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება 1. ოპერაციაში მონაწილე პირს, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო დაშვება ან დაშვება განხორციელდეს ოპერაციაში წარგზავნამდე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე შესაბამისი პროცესის ინიციირებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს წარმგზავნი უწყება.
მუხლი 8. წარგზავნის ხანგრძლივობა, წარგზავნის პერიოდის გახანგრძლივება და შეწყვეტა 1. კანდიდატი უნდა წარიგზავნოს ოპერაციებში ევროკავშირის მიერ მითითებული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა. 2. ევროკავშირის თხოვნის შემთხვევაში, წარგზავნის პერიოდის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა წარმგზავნი უწყების წარდგინების საფუძველზე. 3. წარგზავნის პერიოდის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ შემჭიდროებულ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა, წარგზავნის პერიოდის დასრულებამდე. 4. წარგზავნის პერიოდი სრულდება: ა) ოპერაციის დასრულებისას; ბ) წარგზავნილი პირის პირადი განცხადების საფუძველზე; გ) წარგზავნილი პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია, შეაფერხოს ოპერაციის ნორმალური ფუნქციონირება; დ) წარგზავნილი პირის გარდაცვალებისას; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 5. წარგზავნის პერიოდი სრულდება წარმგზავნი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 9. წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის პროცედურა 1. შერჩევის პროცესი უნდა განხორციელდეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 2. წარმგზავნი უწყებების მიერ წარდგენილ კანდიდატთა შერჩევას კონკურსის წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი საკონკურსო კომისიის მეშვეობით, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან წარმგზავნი უწყებები. 3. კონკურსი არ ჩატარდება, თუ: ა) არსებობს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული სპეციალური წესი, რომელიც არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ კანდიდატების შერჩევის მიზნით კონკურსის ჩატარებას; ბ) გამოცხადებულ ვაკანსიაზე წარდგენილია მხოლოდ 1 (ერთი) კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში, იგი უკონკურსოდ წარედგინება ვაკანსიის გამომცხადებელს; გ) ვაკანსიაზე კანდიდატების წარსადგენად განსაზღვრული ვადა არ აღემატება 10 სამუშაო დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან. ასეთ დროს კონკურსი შესაძლოა ჩატარდეს, გამონაკლის შემთხვევაში, წარმგზავნი უწყების დასაბუთებული გადაწყვეტილებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვაკანსიის გამომცხადებელს წარედგინება შესაბამისი წარმგზავნი უწყების მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც ვაკანსია შესაძლოა დაკავებულ იქნეს არამარტო საჯარო მოსამსახურეების მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს შესაბამის ვებგვერდზე. 6. ამ მუხლის მიზნებისთვის, კონკურსის ჩატარების საერთო წესი განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 7. შესარჩევ პროცესში ვერ ჩაერთვება: ა) პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო; ბ) პირი, რომლის მიმართაც დადგა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას, ასევე, რომელსაც არ აქვს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონით დადგენილი წესით; გ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს იმ საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელი საქმიანობის განსახორციელებლადაც შეაქვს მას განაცხადი.
მუხლი 10. შერჩეული კანდიდატების გადამზადება შერჩეული კანდიდატები, საჭიროების შემთხვევაში, გადიან ოპერაციაში წარგზავნამდე შესაბამისი მომზადების კურსს (ტრენინგი), მათ შორის, სწავლებას ევროკავშირის ოპერაციაში მონაწილეობის წესისა და პირობების შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია შეთანხმებით. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების შესახებ, ასევე, ევროკავშირსა და ოპერაციის მასპინძელ ქვეყანას შორის დადებული შეიარაღებული ძალების/მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული წესების თაობაზე ტრენინგის ინიციირება ხორციელდება წარმგზავნი უწყების მიერ. ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს (გარდა იმ ხარჯებისა, რომლებსაც ფარავს მომწვევი მხარე) ფარავს წარმგზავნი უწყება.
მუხლი 11. პერსონალის ხარჯები და სოციალური დაცვის გარანტიები 1. ამ წესის შესაბამისად, ოპერაციაში მონაწილეობის პერიოდში, საჯარო მოსამსახურეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა. 2. პერსონალის ხარჯების და სოციალური გარანტიების ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 12. ოპერაციაში წარგზავნილი პირის მოვალეობები ოპერაციაში წარგზავნილი პირი ვალდებულია: ა) დაიცვას შესაბამისი წესები და მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება შეთანხმებით, ევროკავშირსა და ოპერაციის მასპინძელ ქვეყანას შორის დადებული შეიარაღებული ძალების/მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებით, აგრეთვე, ოპერაციის მეთაურის გადაწყვეტილებით; ბ) გაწეული საქმიანობისა და ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიში წარუდგინოს წარმგზავნ უწყებას.
მუხლი 13. ანგარიშვალდებულება წარმგზავნი უწყება საქართველოს მთავრობას პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს ანგარიშს წარგზავნილი პირების ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ.
|
დოკუმენტის კომენტარები