დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2058 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/11/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018031 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2058
2014 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
2014 წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან არა უმეტეს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ანგარიშზე 2014 წლის მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
2. სააგენტომ არასტანდარტული მანდარინის გადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც 2015 წლის 1 თებერვლამდე, სამრეწველო გადამუშავების მიზნით, ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ მანდარინს შეისყიდიან არანაკლებ 0.20 ლარად, გასცეს სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ მანდარინზე - 0.10 ლარის ოდენობით.
3. სააგენტომ 2014 წლის არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.
4. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.
5. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.
6. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობისას უზრუნველყოს არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების კონტროლი, წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.
7. სააგენტომ კომპანიებზე სუბსიდიის თანხა გასცეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო/სააგენტო/აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩამბარებელი პირი და კომპანია) მიერ არასტანდარტული მანდარინის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოსთვის წარდგენიდან არა უგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის „მანდარინის (არასტანდარტული) მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“ დამატება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები კვარტალურ განწერაში.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები