დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2755-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 200230100.05.001.017538 |
|
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს აღნიშნული საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით.“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საწარმო – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და ორგანიზაციად ცნობილი წარმონაქმნი (მათ შორის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია); ბ) კომისია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები; გ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის; დ) სასესხო დავალიანება: დ.ა) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხის და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი და დადგენილ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულება; დ.ბ) ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულება – საწარმოზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხი და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტი, რომელთა დაბრუნების ვადა არ დამდგარა; ე) გადახდისუუნარობა – საწარმოს მიერ საგადასახადო ან/და სასესხო დავალიანების დადგენილ ვადაში დაფარვის შეუძლებლობა; ვ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, ჯარიმის, საურავის, პირგასამტეხლოს და სხვა) გაყინვა ან/და გადავადება. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია უნდა მოიცავდეს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ამ სასესხო დავალიანების ფარგლებში არსებული ვადადაუმდგარი სასესხო ვალდებულების რესტრუქტურიზაციას; ზ) დავალიანების გაყინვა – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განსაზღვრული ვადით შეჩერება; თ) დავალიანების გადავადება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების დაფარვის ვალდებულების განვადება; ი) განსაკუთრებული შემთხვევა – შემთხვევა, როდესაც ხორციელდება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულის) რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობების არსებობისას: ი.ა) მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად იმ საწარმოს საპრივატიზებოდ მომზადება, რომელშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50%-ზე მეტს, ან/და რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სტრატეგიული დანიშნულება ან/და საექსპორტო პოტენციალი აქვს; ი.ბ) საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების არსებობა, რომელიც წარმოიშვა იმ საქონლის/მომსახურების მიწოდებისათვის ანაზღაურების მიუღებლობის გამო, რომელიც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო; კ) უიმედო სესხი – სასესხო დავალიანება: კ.ა) რომელიც ვერ დაიფარება მისი ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების განხორციელების შედეგად; კ.ბ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომელიც ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ლიკვიდირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ.გ) რომელიც არის იმ საწარმოს სასესხო დავალიანება, რომლის ქონებაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ახალ შემძენზე დაუტვირთავი და ვალებისაგან თავისუფალი გადავიდა; კ.დ) რომელიც, კომისიის შეფასებით, ვერ დაიფარება, საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე; კ.ე) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; კ.ვ) რომელზედაც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესაბამისი პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან/და რეაბილიტაციის შესახებ, რომლითაც ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული; ლ) ერთი შესასრულებელი ვალდებულება − განსაზღვრული თარიღისათვის არსებული არარესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან ერთი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.“. 3. მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. 4. ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.“. 4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია შეისწავლის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხს და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს: ა) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე საწარმოს მიერ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ; ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება უიმედო სესხად აღიარებული სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიების შესახებ; დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება ცალკეული სასესხო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის შესახებ; ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად გაფორმებულ გრაფიკში ცვლილების შეტანის შესახებ; ვ) ცალკეული სასესხო დავალიანებების მესამე პირისათვის გადაკისრების შესახებ; ზ) ცალკეული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ან/და სასესხო დავალიანებების ოდენობის დაზუსტების შესახებ, ამ დავალიანებების საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობის გათვალისწინებით.“. 5. მე-4 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა. 2. რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გაყინვის პერიოდში სარგებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხება. 3. გადავადების პერიოდში რესტრუქტურიზებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებას გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე ერიცხება სარგებელი წლიური 6%-ის ოდენობით.“. 6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობები 1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა ან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ბოლო ვადიდან არაუმეტეს 24 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა. 2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია; ამასთანავე, სარგებლის წლიური ოდენობაა არანაკლებ 6%-ისა. 3. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს კომისია. 4. რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანება იფარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად. 5. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ − სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი. 6. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 60 თვისა. 7. ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სესხით მოსარგებლე საწარმო, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, წარადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის ღირებულება უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობას.“. 7. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ იყენებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო ასეთი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არარსებობის შემთხვევაში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.“. 8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიან რეესტრს. 2. რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესს და რეესტრის ფორმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
მუხლი 2. საწარმოს, რომლის მიმართაც ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდა სესხის ნაწილის რესტრუქტურიზაცია და რომელიც ამ კანონის ამოქმედების დროისთვის სესხის აღნიშნული ნაწილის მიხედვით რესტრუქტურიზაციის რეჟიმში იმყოფება, მიეცეს უფლება, მიმართოს კომისიას მთლიანი სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თხოვნით. აღნიშნული შემთხვევა განიხილება „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევად.
მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 29 დღის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.
მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2014 წ. N2755-Iს |
დოკუმენტის კომენტარები