„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 16/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.002.165
  • Word
2630
28/12/2005
სსმ, 3, 16/01/2006
010.130.000.05.001.002.165
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საქართველოს მოქალაქის პასპორტი

1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.

2. პასპორტი ერთიანი ნიმუშისაა და ძალა აქვს საქართველოდან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გასვლისა და საქართველოში შემოსვლისათვის.

3. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიძლება გაიცეს პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის ვადა

საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო თუ დროებითი გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან – 3 დღის ვადაში.

    მუხლი 10. საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე:

ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ;

ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

5. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის გასაჩივრება

დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე და საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2630რს