დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 605 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018225 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი I1: „თავი I1 სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი მუხლი 121. ტერმინთა განმარტება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზნებისთვის, ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა - სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილი; ბ) მეწარმე სუბიექტი - ფიზიკური პირი, რომელიც პროგრამაში ჩართვისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით; გ) მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი - არაუმეტეს სამი მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ამხანაგობა; დ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ე) პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი - მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ვ) განაცხადი - მეწარმე სუბიექტის/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფის მიერ კონტრაქტორისთვის წერილობითი მიმართვა პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით; ზ) პროექტი - პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის მიერ, პროგრამის ფარგლებში, კონტრაქტორისთვის წარდგენილი ბიზნეს გეგმა; თ) სამიზნე ტერიტორიული ერთეული - პროგრამის 124 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მუნიციპალიტეტები; ი) ლოტი - პროგრამის ფარგლებში გაერთიანებული რამდენიმე სამიზნე ტერიტორიული ერთეული; კ) კონტრაქტორი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლოტზე შერჩეული, პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი, გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირისა, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის 126 მუხლის შესაბამისად, გაფორმებულია სათანადო ხელშეკრულება; ლ) კონტრაქტორთა ჯგუფი - ორი ან მეტი კონტრაქტორი, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ პროგრამას შესაბამის ლოტზე; მ) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – მეწარმეობის განვითარების სააგენტო; ნ) მომსახურების ხელშეკრულება - სააგენტოსა და კონტრაქტორს/კონტრაქტორთა ჯგუფს შორის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაფორმებული ხელშეკრულება; ო) ბენეფიციარის ხელშეკრულება - სააგენტოსა და ბენეფიციარს/ბენეფიციართა ჯგუფს შორის, თანადაფინანსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება; პ) საკონკურსო კომისია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე) და რომელიც უფლებამოსილია კონტრაქტორის/კონტრაქტორთა ჯგუფის შერჩევის პროცედურის განხორციელებაზე. მუხლი 122. პროგრამის მიზანი და აღწერა მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით პროგრამის ფარგლებში მოხდება საქართველოს ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა, მიკრო და მცირე მეწარმე სუბიექტების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობა, რეგიონულ ბაზრებზე წარმოდგენილი ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის ზრდის წახალისება და დივერსიფიკაცია. მუხლი 123. პროგრამის განმახორციელებელ სუბიექტთა უფლებამოსილება 1. პროგრამის კოორდინაციას და პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტო: ა) აფორმებს კონტრაქტორთან/კონტრაქტორთა ჯგუფთან მომსახურების ხელშეკრულებას; ბ) აწარმოებს კონტრაქტორის/კონტრაქტორთა ჯგუფის მიერ პროგრამის განხორციელების მონიტორინგს; გ) კონტრაქტორის/კონტრაქტორთა ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, ამ პროგრამის 125 მუხლით დადგენილი წესით, აფორმებს ბენეფიციარის ხელშეკრულებას პროგრამის ბენეფიციართან/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფთან და უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას, სააგენტოს ასიგნებებიდან; დ) მეწარმე სუბიექტების/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფების, ასევე პროგრამის ბენეფიციარების/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფების მონაცემთა აღრიცხვის მიზნით ქმნის პროგრამის მონაცემთა ბაზას. 3. კონტრაქტორი/კონტრაქტორთა ჯგუფი: ა) ამ პროგრამის 125 მუხლის შესაბამისად, გასცემს რეკომენდაციებს სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით; ბ) უშუალოდ ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციას შესაბამის ლოტთან მიმართებაში, ამ პროგრამით და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 124. პროგრამის სამიზნე ტერიტორიული ერთეულები 1. პროგრამის სამიზნე ტერიტორიული ერთეულებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი; ქედის მუნიციპალიტეტი; შუახევის მუნიციპალიტეტი; ხულოს მუნიციპალიტეტი; ბ) გურია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; გ) იმერეთი: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტი; თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი; დ) რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი; ე) სამეგრელო-ზემო სვანეთი: ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი, აბაშის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ხობის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი; ვ) სამცხე-ჯავახეთი: ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი; ზ) ქვემო ქართლი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტი, წალკის მუნიციპალიტეტი; თ) შიდა ქართლი: ქ. გორის მუნიციპალიტეტი, გორის მუნიციპალიტეტი, კასპის მუნიციპალიტეტი, ქარელის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი; ი) მცხეთა-მთიანეთი: თიანეთის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნუციპალიტეტი ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი; კ) კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, ქ. თელავის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი. 2. სამიზნე ტერიტორიული ერთეულები დაჯგუფებულია 4 ლოტად: ა) ლოტი 1 - აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი; ბ) ლოტი 2 - კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი; გ) ლოტი 3 - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი; დ) ლოტი 4 - სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი. 3. პროგრამის საერთო ბიუჯეტი თითოეულ ლოტზე ნაწილდება ლოტში გაერთიანებული სამიზნე ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. 4. ლოტში შემავალ თვითმმართველ ქალაქებზე გაცემული თანხების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ლოტის საერთო ბიუჯეტის 20 პროცენტს. მუხლი 125. პროგრამაში მონაწილეობა 1. ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებულის გაფართოების/გადაიარაღების მიზნით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი: ა) განაცხადით მიმართავს კონტრაქტორს; ბ) წარადგენს კონტრაქტორთან პროექტს. 2. კონტრაქტორის მიერ პროექტის მოწონების და დაფინანსების რეკომენდაციის შემთხვევაში, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს/ბენეფიციართა ჯგუფს შორის, ფორმდება ბენეფიციარის ხელშეკრულება, რის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია გასცეს დაფინანსება პროგრამის ბენეფიციარზე/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფზე. 3. კონტრაქტორი, ამ პროგრამით და მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი უფლება-მოვალეობების ფარგლებში ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ა) შესაბამისი ლოტის ფარგლებში ახდენს პროგრამის და დასაფინანსებელი ღონისძიებების პოპულარიზაციას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს უწევს დახმარებას წარდგენილი პროექტის სრულყოფაში; გ) აფასებს და იწონებს პროექტს; დ) მიმართავს სააგენტოს დამტკიცებული პროექტის დაფინანსების წერილობითი რეკომენდაციით, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და რომელსაც თან უნდა ერთვოდეს მოწონებული პროექტი; ე) პროგრამის ბენეფიციარს/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფს უწევს, პროგრამასთან და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ, საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას; ვ) პროგრამის ბენეფიციარებს უწევს ტექნიკურ დახმარებას ტრენინგების, სტაჟირებების და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით; ზ) ახორციელებს დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე მონიტორინგს; თ) წინასწარ შეთანხმებული ფორმით სააგენტოს წარუდგენს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის პერიოდულ და დასკვნით პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს; ი) ახორციელებს შესაბამისი ხელშეკრულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას, რომელიც შესაბამისობაშია პროგრამის მიზნებთან და არ ეწინააღმდეგება წინამდებარე დადგენილებას. 4. სააგენტოს მხრიდან დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროგრამის ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება 5000 (ხუთი ათასი) ლარით. 5. პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის დაფინანსება განისაზღვრება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის შესაბამისად, არაუმეტეს 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანხები გაიცემა ერთჯერადად. 7. პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტისა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანამონაწილეობა პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის მიერ განხორციელდება მხოლოდ ფინანსურად, ფულადი სახით. ამ მიზნით ბენეფიციარის ხელშეკრულების გაფორმებამდე პროგრამის ბენეფიციარი/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი თანამონაწილეობის თანხას განათავსებს საკუთარ საბანკო ანგარიშზე და ატყობინებს კონტრაქტორსა და სააგენტოს, რის შემდეგაც სააგენტო განათავსებს დაფინანსების თანხას აღნიშნულ საბანკო ანგარიშზე. 9. პროექტის განხორციელების მიზნით პირველ რიგში გამოიყენება თანამონაწილეობის თანხა, ხოლო შემდეგ - დაფინანსების თანხა. 10. კონტრაქტორის მიერ პროექტის შეფასებისა და დამტკიცებისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი პირობები: ა) სერვისზე ორიენტირებული პროექტის პრიორიტეტულობა; ბ) თანამონაწილეობის მოცულობა; გ) მდედრობითი სქესის მიერ ბიზნესის წამოწყება; დ) იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის წამოწყება. 11. კონტრაქტორი არ გასცემს რეკომენდაციას დაფინანსებაზე, თუ პროგრამის ბენეფიციარი/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. მუხლი 126. კონტრაქტორთან ურთიერთობა 1. კონტრაქტორი შეირჩევა, ამ პროგრამით დადგენილი წესით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: ა) სამეწარმეო სფეროში გამოცდილება ან/და შესაბამისი კვალიფიკაცია; ბ) მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხედვა და სტრატეგია; გ) პროგრამის პოპულარიზაციის გეგმა ლოტების მიხედვით. 2. ერთი და იმავე კონტრაქტორს უფლება აქვს წარადგინოს საპროექტო წინადადება არაუმეტეს ორ ლოტზე. 3. ერთ ლოტზე დაშვებულია კონტრაქტორთა ჯგუფის მონაწილეობა. 4. შესაბამის ლოტზე პროგრამის განხორციელების მიზნით შერჩეულ კონტრაქტორს/კონტრაქტორთა ჯგუფსა და სააგენტოს შორის ფორმდება შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება. მუხლი 127. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 128. სხვა დებულებები ამ პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მიღების მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება არა უგვიანეს 2016 წლის 30 ივნისისა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მეორე თავის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მხოლოდ ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მეორე თავის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, სოკოს, ციტრუსის გადამუშავება;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 3 |
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 15 ოქტომბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები