„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 20/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 050.030.010.05.001.002.131
  • Word
2558
28/12/2005
სსმ, 5, 20/01/2006
050.030.010.05.001.002.131
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31 (38), 1999 წელი, მუხ. 163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ანდა კონტრაფაქციული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას (იმპორტირებისას), საბაჟო საწყობში ან დროებით შესანახად განთავსებისას, ან საქართველოდან ექსპორტირებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.“.

2. მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უფლების მფლობელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშანზე ანდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;

ბ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – ნებისმიერი საქონელი, რომელიც წარმოებულია უფლების მფლობელის ან საქონლის წარმოშობის ქვეყანაში მისი რწმუნებულის ნებართვის გარეშე და რომელიც, საქართველოში წარმოშობის შემთხვევაში, წარმოებულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით;“.

3. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II

საბაჟო ორგანოების მიერ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა

    მუხლი 3. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – საბაჟო დეპარტამენტი) ახორციელებს უფლების მფლობელთა უფლებების დაცვას ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზე, რომლებიც შეტანილია საბაჟო დეპარტამენტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).

    მუხლი 4. რეგისტრაციის წესი და პირობები

1. უფლების მფლობელს ან მის წარმომადგენელს (შემდგომში – განმცხადებელი) უფლება აქვს საბაჟო დეპარტამენტს მიმართოს განაცხადით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის (რეგისტრაციის) თაობაზე და მოითხოვოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის ან კონტრაფაქციული პროდუქციის საბაჟო საზღვარზე გადაადგილების ან სხვა საბაჟო პროცედურის განხორციელების შეჩერება და მისი უფლებების დაცვა.

2. რეგისტრაციის თაობაზე განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელს (სახელწოდებას) და მისამართს;

ბ) ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შესახებ, იმ საქონლის დეტალურ აღწერას, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, სხვა მონაცემებს, რომლებიც გაუადვილებს საბაჟო დეპარტამენტს საქონლის ამოცნობას;

გ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს (მოწმობა, სერტიფიკატი, სალიცენზიო ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად) ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ორიგინალს ან ასლს;

დ) რეგისტრაციის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს განმცხადებლის მოთხოვნით, ჯერადობის შეუზღუდავად, მაგრამ არა უმეტეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების ძალაში ყოფნის ვადისა. რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განმცხადებლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განცხადებას იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანი და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული საბაჟო დეპარტამენტის ხარჯები მას შემდეგ, რაც განმცხადებელს მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება საბაჟო დეპარტამენტის ან/და განმცხადებლის ეჭვის უსაფუძვლობა;

ვ) შესაძლებლობის შემთხვევაში, იმ საქონლის ნიმუშს, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს;

ზ) ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის წარმოშობის, მდებარეობის, გადაადგილების ან მფლობელის შესახებ (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).

3. საბაჟო დეპარტამენტი 1 თვის განმავლობაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში შეტანის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

4. განაცხადის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია მის შესახებ აცნობოს საბაჟო დეპარტამენტს.

5. საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ, თუ:

ა) უფლებების დაცვის ვადის გაგრძელებისათვის განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

ბ) საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდება, რომ განმცხადებელმა დაკარგა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები.

    მუხლი 5. საქონლის შეჩერება

1. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო პროცედურის განხორციელებისას საბაჟო დეპარტამენტს სრული საფუძველი ექნება ივარაუდოს, რომ საქონელი წარმოებულია ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრირებულ ობიექტზე უფლებების დარღვევით, საბაჟო დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების, საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების ან/და საბაჟო პროცედურების 10 სამუშაო დღის ვადით შეჩერების (შემდგომში – საქონლის შეჩერების) შესახებ. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ეს ვადა 6 სამუშაო დღეა.

2. საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აგრეთვე საქონლის მფლობელს.

    მუხლი 6. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

1. საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით, განმცხადებელს უფლება აქვს საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში.

2. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება შესამოწმებელი საქონლის ნიმუშზე ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება.

3. საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია მიაწოდოს განმცხადებელს და საქონლის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციის გაუქმებას ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შეწყვეტას.

    მუხლი 7. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. საბაჟო დეპარტამენტი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:

ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელებულა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა და განმცხადებელს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ მიუმართავს სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე;

გ) თუ საბაჟო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ.

2. თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოს მიმართავს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობა (მათ შორის, საქონლის შეჩერების ხანგრძლივობა, მიყენებული ზიანის ოდენობა, უფლებების დარღვევის ფაქტის არსებობა) რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში მიმართავს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე მისი უფლებების დარღვევის თაობაზე, იგი ვალდებულია საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უზრუნველყოფის გარანტია საქონლის შეჩერების შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანისა და საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული საბაჟო დეპარტამენტის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

4. განმცხადებლის აღნიშნული ვალდებულება დადასტურებულ უნდა იქნეს გირაოთი (ფულადი თანხის სახით), საბანკო გარანტიით ან პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით.

5. უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს საბაჟო დეპარტამენტი საქონლის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის), განმცხადებლისა და სხვა დაინტერესებული პირების აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენის საფუძველზე.

    მუხლი 8. საქონლის ჩამორთმევა და განადგურება საბაჟო დეპარტამენტის მიერ

1. თუ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელი და საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საბაჟო დეპარტამენტს წარუდგენენ წერილობით შეთანხმებას, რომ საქონლის მფლობელი უარს აცხადებს შეჩერებულ საქონელზე, საბაჟო დეპარტამენტი ანადგურებს შეჩერებულ საქონელს უფლების მფლობელის ხარჯითა და პასუხისმგებლობით. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის მფლობელი შეჩერების ვადის განმავლობაში არ გამოეხმაურება საბაჟო დეპარტამენტის შეტყობინებას ან არ გაასაჩივრებს უფლების მფლობელის მოთხოვნას შეჩერებული საქონლის განადგურების თაობაზე. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტისათვის წერილობითი შეთანხმების წარდგენის ვადა 4 სამუშაო დღეა.

2. საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია შეინახოს გასანადგურებელი საქონლის ეგზემპლარი, რათა შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება მტკიცებულების სახით.

3. შეჩერებული საქონელი შეიძლება არ განადგურდეს და გამოყენებულ იქნეს ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო მიზნებისათვის, მხოლოდ განმცხადებლის თანხმობით, იმ პირობით, რომ შეჩერებული საქონელი არ შეუქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

    მუხლი 9. „დემინიმის“ იმპორტი

ეს კანონი არ ვრცელდება არაკომერციული დანიშნულების მქონე მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან იგზავნება მცირე კონტეინერით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2558-რს