სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ

  • Word
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 18/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.001.002.127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2548
27/12/2005
სსმ, 4, 18/01/2006
340.170.000.05.001.002.127
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს და განსაზღვრავს:

ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს;

ბ) სურსათის ხარისხის ზოგად მოთხოვნებს;

გ) სურსათისა და ცხოველის საკვების ეტიკეტირების ზოგად მოთხოვნებს;

დ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხთან დაკავშირებით სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის ვალდებულებებს;

ე) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს;

ვ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლზე და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციებს;

ზ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე შესაბამისი აღმკვეთი ზომების მიღებისა და გატარების ზოგად წესებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება პირადი ან ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათსა და ოჯახურ წარმოებაზე.

    მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სურსათი (ან სასურსათო პროდუქტი) – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს ან სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

1) ბიოპროდუქტი – სურსათი ან საკვები, მათ შორის, სურსათის ან საკვების სახით გამოყენებული საფუარი, რომლის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის წესები შეესაბამება ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების წესებს და რომლის ეტიკეტზე არის შესაბამისობის დამადასტურებელი ხარისხის ნიშანი და წარწერა. ბიოპროდუქტად არ ითვლება ნადირობით ან თევზჭერით მოპოვებული გარეული ცხოველი;

2) ბიოწარმოება – სოფლის მეურნეობის პროდუქტის (სურსათის ან საკვების) წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის სისტემა, რომელიც იმართება ბიოწარმოების განხორციელების წესების შესაბამისად და უზრუნველყოფს განსაზღვრული ხარისხის პროდუქტის – ბიოპროდუქტის წარმოებას. ეს სისტემა არის ბიოლოგიური, კულტურული და მექანიკური მეთოდების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას;

ბ) გადამუშავება – ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის თავდაპირველ პროდუქტს; მათ შორის გაცხელება, შებოლვა, კონსერვირება, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაცივება ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია;

გ) გადაუმუშავებელი სასურსათო პროდუქტი – სასურსათო პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავების პროცესი;

დ) სურსათის ან ცხოველის საკვების მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე მის მიერ წარმოებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე;

ე) ცხოველის საკვები – ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, საკვებდანამატების ჩათვლით, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის საკვებად;

ვ) საფრთხე – ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტი, რომელმაც სასურსათო პროდუქტში ან ცხოველის საკვებში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;

ზ) სურსათის ხარისხი – უვნებელი სურსათის იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან;

თ) რისკი – მომხმარებლის ჯანმრთელობაზე საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენის და მისი სიმძიმის ალბათობა;

ი) რისკის ანალიზი – პროცესი, რომელიც მოიცავს 3 ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: რისკის შეფასებას, რისკის მართვას და რისკის კომუნიკაციას;

კ) რისკის შეფასება – მეცნიერულად დასაბუთებული პროცესი, რომელიც მოიცავს 4 საფეხურს: საფრთხის იდენტიფიცირებას, საფრთხის დახასიათება-აღწერას, საფრთხის გამოვლენის შეფასებასა და რისკის დახასიათებას;

ლ) რისკის მართვა – რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის დროსაც რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილების შერჩევა შესაძლო ალტერნატივებს შორის სამართლებრივი ნორმების ფარგლებში;

მ) რისკის კომუნიკაცია – რისკის ანალიზის პროცესში ინფორმაციისა და დასკვნების შეუფერხებელი გაცვლა მეცნიერებს, რისკის შემფასებელებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ასევე მომხმარებლებს, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლებს/ დისტრიბუტორებს შორის საფრთხეებისა და რისკების, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების საჭირო განმარტებების ჩათვლით;

ნ) მიკვლევადობა – სურსათის, ცხოველის საკვების, მათში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების ან სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყოველ ეტაპზე;

ო) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი ეტაპი სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, ბაზარზე განთავსებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების ჩათვლით;

პ) პირველადი წარმოება – პროდუქტების პირველადი წარმოება, მოშენება, გაზრდა და მოყვანა, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის, რძის წველისა და დაკვლამდე ცხოველის მოშენების ჩათვლით. პირველადი წარმოება აგრეთვე მოიცავს ნადირობას, თევზჭერასა და ველური მცენარეების შეგროვებას;

ჟ) მომხმარებელი – სურსათის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც არ გამოიყენებს სურსათს სხვა პროდუქციის საწარმოებლად;

რ) სახელმწიფო კონტროლი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განხორციელებული ქმედება სურსათის ან ცხოველის საკვების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით;

ს) ბაზარზე განთავსება – სურსათის ან ცხოველის საკვების განთავსება-შენახვა მისი რეალიზაციის მიზნით, რაც მოიცავს მიწოდებას, გაყიდვას ან გადაცემას ნებისმიერი ფორმით;

ტ) მავნებელი სურსათი – სურსათი, რომელიც ვერ უპასუხებს ამ კანონით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

უ) ეტიკეტი – სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვა, ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო განთავსებული შეფუთვაზე, იარლიყზე, სურსათს თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, შენიშვნაზე, იარლიყზე, საყელურზე ან ბეჭედზე;

ფ) საცალო ვაჭრობა – სურსათის, მისი დამუშავების ან შენახვის ორგანიზება მის სარეალიზაციოდ განკუთვნილ ადგილზე ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ადგილზე;

ქ) დაფასოებული სასურსათო პროდუქტი – სურსათის ნებისმიერი ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე;

ღ) ფალსიფიკაცია – სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტის და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებში და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;

ყ) საკვები დანამატი – ნივთიერება, რომელიც მიუხედავად მისი საკვები ღირებულებისა ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება კვებისთვის, მაგრამ ხელოვნურად ემატება საკვებს დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შემდეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი;

შ) პარტია – ერთი ტიპისა და დასახელების პროდუქციის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ, ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთი და იმავე ეტიკეტით;

ჩ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები – მახასიათებლები, რომლებიც ადამიანის გრძნობის ორგანოებით აღიქმება (შესახედაობა, ფერი, გემო, სუნი და სხვა);

ც) საგამოცდო ლაბორატორია – დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში;

ძ) გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოება – საქმიანობა, რომლის მიზანია საკუთარი ან შეძენილი პროდუქციისაგან ტრადიციული წესითა და ჩვეულებით წარმოებული სურსათის რეალიზაცია;

წ) ოჯახური წარმოება – საქმიანობა, რომლის მიზანია საკუთარი ან შეძენილი პროდუქციისაგან ტრადიციული წესითა და ჩვეულებით დამზადებული სურსათის წარმოება საკუთარი მოხმარებისთვის;

ჭ) მწარმოებელი – პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით;

ჭ.ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;

ჭ.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი;

1) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტს;

ხ) მაღალი რისკის წარმოება – ცხოველური წარმოშობის სურსათის, დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სურსათის, ბავშვის საკვების წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია, ცხოველის საკვების წარმოება ან შეფუთვა;

ხ.ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ცოცხალი და დაკლული ცხოველისაგან და გამიზნულია ადამიანთა მოხმარებისათვის;

ხ.ბ) დაბალი მჟავიანობის დაკონსერვებული სასურსათო პროდუქტი – სასურსათო პროდუქტი, რომელიც ჰერმეტულად შენახულია კონტეინერში, რომლის ბუნებრივი pH უფრო მაღალია, ვიდრე 4.6;

ხ.გ) ბავშვის საკვები – სურსათი, რომელიც აკმაყოფილებს ჯანმრთელი ჩვილი ბავშვისა და ადრეული ასაკის ბავშვის კონკრეტულ კვებით მოთხოვნებს და რომელიც გამოიყენება ჩვილი ბავშვისათვის დედის რძის ჩანაცვლების, ადრეული ასაკის ბავშვისათვის დამატებითი საკვების მიცემის ან მათი ჩვეულებრივ კვებაზე პროგრესული ადაპტაციის მიზნით;

ჯ) დისტრიბუტორი – პირი (მათ შორის, რეალიზატორი), რომელიც მოქმედებს თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პროდუქციით უზრუნველყოფის ქსელში და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე გატანილი პროდუქციის უვნებლობის მახასიათებლებზე.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2464-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.378

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2852-სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.97

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 4. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპები

1. სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპებია რისკის ანალიზი, გაფრთხილება, გამჭვირვალობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

2. რისკის ანალიზი მოიცავს რისკის შეფასებას, კომუნიკაციას, მართვას და სხვა დამატებით ღონისძიებებს.

    მუხლი 5. რისკის შეფასება

1. ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ამ კანონით გათვალისწინებული ზომები უნდა ეფუძნებოდეს რისკის შეფასებას იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შექმნილი განსაკუთრებული გარემოებები არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

2. რისკის შეფასება ეფუძნება მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს და ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.

    მუხლი 6. რისკის კომუნიკაცია

რისკის კომუნიკაციის მიზანია რისკის მართვაზე, სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლზე, სურსათის ან ცხოველის საკვების მწარმოებლებისა და მომხმარებელთა უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით სურსათთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.

    მუხლი 7. რისკის მართვა

რისკის მართვამ რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრის, ან პრევენციის მიზნით. აღნიშნული ზომები უნდა იყოს ეფექტიანი, ობიექტური და ადეკვატური.

    მუხლი 8. რისკის ანალიზში შემავალი დამატებითი ღონისძიებები

სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რისკის ანალიზში შემავალი შემდეგი დამატებითი ღონისძიებები:

ა) კომპეტენტური სამეცნიერო დასკვნის მიწოდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით;

ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;

გ) რისკის შეფასებისათვის აუცილებელი დამატებითი სამეცნიერო კვლევების საჭიროების განსაზღვრა;

დ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;

ე) ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება და აღწერა;

ვ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში მოქმედი და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ზ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება საგანგებო ზომების გატარებისას კრიზისული ვითარების დროს ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 9. გაფრთხილება

1. შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების გატარება განსაკუთრებული გარემოებების დროს, როდესაც დადგენილია ადამიანთა ჯანმრთელობაზე სურსათის მავნე ზეგავლენის შესაძლებლობა და არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ ხერხდება მისი მეცნიერულად დასაბუთება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გატარებული ზომები უნდა იყოს საფრთხის პროპორციული.

    მუხლი 10. გამჭვირვალობა

1. რისკის მართვის ზომების შემუშავების, განხილვისა და შეფასების პროცესი არის საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა.

2. ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის რისკის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათისა და მისი სერიოზულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან ფართო საზოგადოებას მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საეჭვო რისკისა და მისი ბუნების შესახებ, კონკრეტული სურსათისა და ცხოველის საკვების, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც ტარდება ამ რისკის შემცირებისა და აღმოფხვრისათვის.

    მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები

1. დაუშვებელია სურსათის ბაზარზე განთავსება, თუ იგი არ არის უვნებელი.

2. სურსათის მავნებლობის დადგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

ა) დადგენილი პირობების დაცვა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყოველ ეტაპზე;

ბ) საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული ან/და პროდუქციის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია კონკრეტული სასურსათო პროდუქტის ან მსგავსი კატეგორიის სურსათის ადამიანის ჯანმრთელობაზე სპეციფიკური არასასურველი გავლენის თავიდან აცილების შესახებ;

გ) სურსათის ჩვეულებრივი გამოყენება საბოლოო მომხმარებლის მიერ.

3. იმის დასადგენად, საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისათვის სურსათი, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები:

ა) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც;

ბ) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი;

გ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზეგავლენის ხარისხი, თუ აღნიშნული სასურსათო პროდუქცია სპეციალური კატეგორიის მომხმარებლისათვისაა განკუთვნილი.

4. სურსათის მოხმარებისათვის გამოუსადეგარობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაძლო დაბინძურების წყაროები და მიზეზები.

5. საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდება/ვაჭრობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სპეციალურად დადგენილი პირობების დაცვით.

6. სურსათი, რომელიც აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მიჩნეულია უვნებლად ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში.

7. სურსათის დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას მისი ბაზარზე განთავსების შეზღუდვა-აკრძალვასთან ან ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ, დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად, სურსათი არ არის უვნებელი.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 12. ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები

1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი არ არის უვნებელი.

2. ცხოველის საკვები ითვლება მავნედ, თუ მას საზიანო გავლენა აქვს ცხოველის ჯანმრთელობაზე ან/და ამ საკვებით გამოკვებილი სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

3. თუ ცხოველის საკვები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, წარმოადგენს იმავე კლასის ან აღწერილობის ცხოველის საკვების პარტიის, სერიის ან ტვირთის ნაწილს, ცხოველის საკვების მთელი პარტია, სერია ან ტვირთი მიიჩნევა მავნედ იმ შემთხვევის გარდა, როცა დეტალური შემოწმების შედეგად არ დასტურდება, რომ პარტია, სერია ან ტვირთი სრულად ვერ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს.

4. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად.

5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას მისი ბაზარზე განთავსების შეზღუდვა-აკრძალვასთან ან ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ, დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები არ არის უვნებელი.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 121. ბიოწარმოების სერტიფიცირება და ეტიკეტირება

1. ბიოწარმოების სერტიფიცირებას ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს განაცხადი, განახორციელოს სერტიფიცირება და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი. დასაშვებია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის არსებობაც.

2. პროდუქტი შეიძლება იყოს ნიშანდებული (ეტიკეტირებული), როგორც ბიოპროდუქტი, მხოლოდ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ახორციელებს ბიომეწარმის მიერ ბიოწარმოების განხორციელების წესების დაცვის მონიტორინგს და სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიოპროდუქტის წარმოების პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და სათანადო სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. ბიოსერტიფიკატის არმქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ეტიკეტზე ისეთი წარწერის გაკეთება (მათ შორის, სიტყვათა – „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ – ნებისმიერი კომბინაცია), რომელიც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ პროდუქტი წარმოებულია ბიოწარმოების სტანდარტების შესაბამისად, არის ფალსიფიკაცია.

5. ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 13. სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი

საქართველოში იმპორტირებული სურსათი და ცხოველის საკვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოდან ექსპორტირებული და რეექსპორტირებული სურსათი და ცხოველის საკვები უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც სხვა რამ მოითხოვება მიმღები ქვეყნის მიერ.

    მუხლი 14. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია

პირი სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2464-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.378

    მუხლი 15. პასუხისმგებლობა სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობაზე

1. მწარმოებელი/დისტრიბუტორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს და რეგულარულად შეამოწმოს სურსათის ან ცხოველის საკვების შესაბამისობა ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ მწარმოებელს და დისტრიბუტორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ იმპორტირებული, გადამუშავებული, დამზადებული ან სადისტრიბუციო სურსათის ან ცხოველის საკვების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, თუ პროდუქტი აღარ იმყოფება მწარმოებლის/დისტრიბუტორის უშუალო კონტროლის ქვეშ, იგი ვალდებულია გამოითხოვოს ეს პროდუქტი ბაზრიდან და ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

4. თუ საეჭვო სურსათმა ან ცხოველის საკვებმა მაინც მიაღწია მომხმარებლამდე, მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელს ამ პროდუქციის მოხმარებიდან ამოღების მიზეზების შესახებ (განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სხვა ზომები არასაკმარისია ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, გამოითხოვოს მომხმარებლისათვის უკვე მიწოდებული სურსათი ან ცხოველის საკვები).

5. მწარმოებელი/დისტრიბუტორი, რომლის საქმიანობის სფერო საცალო ვაჭრობა ან დისტრიბუციაა, ვალდებულია უზრუნველყოს იმ პროდუქტის ბაზრიდან ამოღება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უვნებლობის მოთხოვნებს, და ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

6. თუ მწარმოებელს/დისტრიბუტორს მიაჩნია ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი ან ცხოველის საკვები შესაძლებელია მავნებელი იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს და მოახსენოს იმ ზომების შესახებ, რომლებიც უკვე იქნა მიღებული საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობის რისკის თავიდან ასაცილებლად.

7. მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებით გამოწვეული რისკის შესამცირებლად მიმართული ზომების გატარებაში.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 16. სურსათის ან ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. სურსათის, ცხოველის საკვების, სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველის ან სურსათის შემადგენლობაში არსებული ან სავარაუდოდ არსებული ნებისმიერი მავნე ნივთიერების მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის თითოეულ ეტაპზე.

2. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია ფლობდეს ინფორმაციას ნებისმიერ პირზე, რომელმაც მას მიაწოდა სურსათი, ცხოველის საკვები ან/და სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველი.

3. მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია დანერგოს ისეთი საწარმოო პროცედურები, აწარმოოს სურსათი ან საკვები პარტიებად და გამოიყენოს სათანადო სისტემები იმ პირთა და სავაჭრო ქსელის დასადგენად, ვისაც მიაწოდა წარმოებული სურსათი ან ცხოველის საკვები.

4. მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად ბაზარზე განთავსებული სურსათი ან ცხოველის საკვები ეტიკეტირებული უნდა იყოს დადგენილი წესით, რათა შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიცირება.

5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად სურსათისა და ცხოველის საკვების მიკვლევადობასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ურთიერთობების დამატებითი მოწესრიგება ხდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 17. მოთხოვნები საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემასთან დაკავშირებით

1. მწარმოებელი ვალდებულია დანერგოს საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად:

ა) განისაზღვროს წარმოებულ პროდუქციასა და ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები და დადგინდეს ამ საფრთხეების საკონტროლო კრიტიკული წერტილები;

ბ) განისაზღვროს და დაინერგოს მეთოდები კრიტიკული წერტილების მონიტორინგისა და შემოწმების, აგრეთვე სათანადო გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ქმედებების გასატარებლად, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი საფრთხეთა რეალიზაციის რისკი;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ლაბორატორიული გამოცდების ჩატარება სურსათის უვნებლობის პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) უზრუნველყოფილ იქნეს ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარამეტრების შესახებ ჩანაწერების წარმოება, დაცვა და სააგენტოსთვის მათი ხელმისაწვდომობა;

ე) უზრუნველყოფილ იქნეს ჩატარებული შემოწმებებისა და ლაბორატორიული გამოცდების შედეგების დაცვა არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.

2. საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ და აპრობირებულ მეთოდებს.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემის შედეგები გამოავლენს მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის არსებითად გაზრდილ ან მზარდ რისკს, მაშინ სურსათი ან ცხოველის საკვები მიჩნეულ უნდა იქნეს შეუსაბამოდ ამ კანონით დადგენილი უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

4. საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მცირე საწარმოებზე, აგრეთვე გლეხურ/ფერმერულ/კუსტარულ წარმოებასა და პირველად წარმოებაზე.

5. მოთხოვნები საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემასთან დაკავშირებით განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2464-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.378

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 18. სურსათის ხარისხის რეგულირება

1. მწარმოებელს/დისტრიბუტორს და მომხმარებლებს უფლება აქვთ გაყიდონ ან შეიძინონ ნებისმიერი ხარისხის სურსათი, თუ იგი აკმაყოფილებს დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია სურსათის ხარისხთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დაწესება მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, მათთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად და ფალსიფიკაციის ან ნებისმიერი სხვა ქმედების აღსაკვეთად, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.

3. სურსათის ხარისხთან დაკავშირებით შესაძლებელია დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები:

ა) სურსათის კლასიფიკაციისა და დასახელებისადმი;

ბ) სურსათის ორგანოლეპტიკური მახასიათებლებისა და შემადგენლობისადმი;

გ) გამოყენებული ნედლეულის, საკვებდანამატების და სხვა მასალების ტიპისა და ხარისხის მიმართ;

დ) გამოყენებული ტექნოლოგიური პროცედურებისადმი;

ე) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიმართ, სპეციფიკური ინფორმაციის ჩათვლით, რომლის დატანაც აუცილებელია პროდუქტის ეტიკეტზე ან მის თანმხლებ აღწერილობაში.

    მუხლი 19. სურსათის ეტიკეტირების წესი

1. სურსათის ეტიკეტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები სურსათის ეტიკეტირებასთან ერთად აგრეთვე ვრცელდება:

ა) სურსათის წარდგენაზე, განსაკუთრებით, მისი ფორმის, შეფუთვის გარეგნული სახის, გამოყენებული შესაფუთი მასალის, ფორმისა და გარეგნულ ნიშანზე;

ბ) რეკლამაზე.

3. აკრძალულია სურსათის ისეთი სახით ეტიკეტირება ან ეტიკეტირების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი შემდეგ მახასიათებლებთან დაკავშირებით:

ა) სურსათის თვისებების, განსაკუთრებით მისი ბუნების, იდენტურობის, შემადგენლობის, მოცულობის, ვარგისიანობის ვადისა და წარმოებისა თუ მომზადების მეთოდის არასწორი დახასიათება;

ბ) სურსათისთვის იმ ეფექტისა თუ თვისებების მიწერა, რომლებიც სინამდვილეში მას არ გააჩნია;

გ) მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ სასურსათო პროდუქტს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები, მაშინ როდესაც იგივე თვისებები გააჩნია სხვა მსგავს სურსათსაც.

4. შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დამატებით შეიძლება დადგინდეს:

ა) დაფასოებული სურსათის ეტიკეტზე გარკვეული სახის ინფორმაციის დატანის აუცილებლობა, აგრეთვე დაუფასოებელი სურსათის შემთხვევაში ასეთი სახის ინფორმაციის სხვა საშუალებით მიწოდება;

ბ) სურსათთან დაკავშირებული სპეციფიკური ან გარკვეული ტიპის განცხადებების აკრძალვა.

    მუხლი 20. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოცდა

1. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული ნიმუშის ანალიზი ტარდება სპეციალურად შერჩეულ საგამოცდო ლაბორატორიაში.

2. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუში აღებული და საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემული უნდა იქნეს სააგენტოს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

3. სურსათის სახელმწიფო კონტროლისათვის საცალო ვაჭრობიდან ნიმუშის აღების და ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს დამკვეთი (სააგენტო), რომელიც ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მწარმოებელს/დისტრიბუტორს.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2852-სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.97

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 21. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი

სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთს, ან მათ ერთობლიობას:

ა) ინსპექტირებას;

ბ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიაში გამოცდის ჩატარებას;

გ) პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას;

დ) მონაცემებისა და დოკუმენტური მასალის შემოწმებას;

ე) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების შემოწმებას.

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2852-სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.97

    მუხლი 22. ინსპექტირება

უფლებამოსილი მოხელე სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ამოწმებს:

ა) სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოების ადგილის, საწარმოს, ოფისების, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობასა და გამოყენების პირობებს;

ბ) ნედლეულს, ინგრედიენტებს, ნახევარფაბრიკატებს, ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება სურსათისა და ცხოველთა საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად, საბოლოო სასურსათო პროდუქტსა და ცხოველის საკვებს, მასალებსა და საგნებს, რომლებიც კონტაქტში შედიან სურსათთან;

გ) სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ სურსათისა და ცხოველთა საკვების მწარმოებლები/დისტრიბუტორები თავიანთი ბიზნესის წარმოებისას;

დ) სურსათის ან ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებსა და სურსათის ეტიკეტირებას.

    მუხლი 23. ინსპექტირების ზოგადი პრინციპები

1. სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება ხორციელდება რეგულარულად რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სურსათის უვნებლობის მოქმედ ნორმებთან შეუსაბამობაზე.

2. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს როგორც გეგმურად, ასევე წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში.

3. ინსპექტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

    მუხლი 24. სურსათის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი

1. სურსათის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს ან მათ ერთობლიობას:

ა) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიაში გამოცდის ჩატარებას;

ბ) დოკუმენტური მასალის შემოწმებას.

2. სურსათის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საცალო ვაჭრობის დონეზე.

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2852-სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.97

    მუხლი 25. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემა

1. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, ხოლო საბაჟო კონტროლის ზონაში – სამსახური.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის  კანონი №5970 ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 26. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებია:

ა) სურსათისა და ცხოველის საკვების სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;

ბ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და მისი განვითარების ხელშეწყობა;

გ) სააგენტოს კონტროლი, ზედამხედველობა და მისი საქმიანობის უშუალო ორგანიზება;

დ) ღონისძიებებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის მართვის უზრუნველსაყოფად;

ე) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა და დადგენილი წესით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ურთიერთობებში მონაწილეობა;

ვ) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის საერთო კოორდინაცია და წარმართვა;

ზ) რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და კომუნიკაციის პროცედურის ორგანიზება.

თ) ბავშვთა კვების (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა კვების) პროდუქტების წარმოების ყველა საფეხურზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობა და კონტროლი.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4328- სსმ I, №2, 04.01.2007 წ.,  მუხ. 43

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 27. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები სურსათის უვნებლობის სფეროში

1. სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციებია:

ა) სურსათის უვნებლობის პარამეტრებისა და მახასიათებლების განსაზღვრა;

ბ) ჯანსაღი კვებისა და სურსათის კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება;

გ) ბავშვთა კვებასთან (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა კვებასთან) დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობა.

2. სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებია:

ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრა;

ბ) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის;

გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის წარმოება;

დ) (ამოღებულია);

ე) ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) მოსახლეობის ინფორმირება ჯანსაღი კვების საკითხების შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4328- სსმ I, №2, 04.01.2007 წ.,  მუხ. 43

     მუხლი 28. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

1. სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უმთავრესი მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, აგრეთვე მათი ეკონომიკური ინტერესების დაცვა სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით.

2. სააგენტოს უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

3. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.

4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, „ვეტერინარიის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 29. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) რისკის მართვის განხორციელება;

ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.

2. სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე სურსათისა და ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისობაზე, ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ფალსიფიკაციის ფაქტების გამოვლენა და აღმკვეთი ზომების მიღება;

გ) სასურსათო ან/და საკვებწარმოების ობიექტზე საფრთხეების შიდა კონტროლის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (სასურსათო ან/და საკვებწარმოების ობიექტზე საფრთხეების შიდა კონტროლის სისტემები დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევა და დამატებით გადამოწმებას არ ექვემდებარება, თუ საწარმოს აქვს აღნიშნულ სისტემებზე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის (მათ შორის, HACCAP-ის) მიხედვით, ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ სერტიფიცირებული სისტემა).

3. სააგენტოს მოვალეობებია:

ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის მიმდინარე საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება;

ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ მწარმოებლების/ დისტრიბუტორებისა და მომხმარებელთა ინფორმირება.

4. სააგენტო მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

     მუხლი 291. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 30. სამსახურის წლიური პროგრამა და ანგარიში

1. სააგენტო სურსათის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რომელიც მოიცავს:

ა) პროგრამის შემუშავების კრიტერიუმებს;

ბ) განსახორციელებელი შემოწმებების რაოდენობასა და ტიპს.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარედგინება სურსათისა და ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს:

ა) განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობას, ტიპსა და მათ თანაფარდობას დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში;

ბ) გამოვლენილი დარღვევების რაოდენობასა და ტიპს;

გ) აღმოჩენილი დარღვევების საპასუხოდ გატარებულ ზომებს.

3. სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წლიურ გეგმებსა და ანგარიშებს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 31. რეფერენტული (შედარებითი) გამოცდების ჩატარება

1. სააგენტო ან სამსახური რეფერენტულ გამოცდას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე (სააგენტო, სამსახური ან მწარმოებელი/დისტრიბუტორი) არ ეთანხმება გამოცდის შედეგებს.

2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად სააგენტო ან სამსახური შეარჩევს:

ა) სხვა საგამოცდო ლაბორატორიას (მწარმოებლის/დისტრიბუტორის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს გამოცდას);

ბ) საერთაშორისო (მათ შორის, სხვა ქვეყნების) აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას.

3. რეფერენტული გამოცდის დასკვნა საბოლოოა.

4. რეფერენტული გამოცდის ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, იფარება მოდავე მხარის მიერ.

5. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის (სააგენტოს, სამსახურის ან მოდავე მხარის) არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე (წაგებული მხარე) მას უბრუნებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2852-სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.97

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 32. საგანგებო ზომები სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად

თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს სერიოზულ რისკს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის და არსებული საშუალებებითა და რესურსებით ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილება, სააგენტო ვალდებულია, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათის ან ცხოველის საკვების მიმართ:

ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;

ა.ბ) მოახდინოს მოსახლეობის დროული ინფორმირება სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ;

ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო და საგანგებო ზომები;

ბ) იმპორტირებული სურსათის ან ცხოველის საკვების მიმართ:

ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების იმპორტი ექსპორტიორი ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე რეგიონიდან, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტის ქვეყნიდან;

ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებით მაღალი რისკის სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო და საგანგებო დროებითი ზომები.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 33. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

1. სააგენტო ამზადებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმამ კონკრეტულად უნდა განსაზღვროს რისკის ის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გართულებულია და დაკავშირებულია გარკვეულ სიძნელეებთან.

3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალეობისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვისა და საინფორმაციო სტრატეგიის ჩათვლით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 34. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი

1. სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და აიღოს ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის უფლებამოსილებაში განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტზე;

ბ) გამოითხოვოს დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომელიც შეიცავს ამ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სურსათის ან ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მისი ასლი და გააკეთოს ამონაწერი;

გ) უვნებლობის მაჩვენებლების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას სათანადო ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.

3. სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა უნდა გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეჩერებული სურსათი ან ცხოველის საკვები, თუ დადასტურდა, რომ შეჩერებულ სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით დაცულია ამ კანონის მოთხოვნები.

4. ობიექტის მფლობელი, მწარმოებელი/დისტრიბუტორი ან მათი ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში.

5. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

6. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მწარმოებელი/დისტრიბუტორი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ნებისმიერი პირი, რომელიც დაარღვევს ამ კანონით დადგენილ წესებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 36. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური არა უგვიანეს 2011 წლის 15 იანვრისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სურსათის ეროვნულ სააგენტოდ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2006 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის კადრებით დაკომპლექტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და სამსახურის ფუნქციონირების დაწყება.

31. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს:

ა) 2011 წლის 1 თებერვლისა განსაზღვროს:

ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური;

ბ) 2011 წლის 1 თებერვლისა დაამტკიცოს:

ბ.ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა;

ბ.ბ) ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების წესები;

გ) 2011 წლის 1 მარტისა დაამტკიცოს სურსათის იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის კონტროლის წესი.

32. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულება.

33. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია არსებული წესის შესაბამისად, არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის გათვალისწინებული ხარჯების) დაფინანსება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

34. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონება.

4. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების – „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) რეგისტრაციაში გატარება.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2006 წლის 1 აგვისტომდე შეიმუშაოს:

ა) სურსათის წარმოების სფეროში მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების დადგენის წესი საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით;

ბ) მავნებელი სურსათის განადგურების წესი;

გ) რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და კომუნიკაციის პროცედურები;

დ) უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესები და პროცედურები;

ე) სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურები.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება.

7. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შეიმუშაოს საქართველოს სანიტარიულ კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონების პროექტები.

8. მიკვლევადობისა და საფრთხეების შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა, გარდა პირველადი წარმოებისა, მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა, განხორციელდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით დარეგისტრირებული საწარმოებისათვის შემდეგ ვადებში:

ა) ევროკავშირში ექსპორტიორ სურსათის მწარმოებელ საწარმოებში – 2010 წლის 1 ივლისიდან;

ბ) ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოში – 2011 წლის 3 იანვრიდან.

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4328- სსმ I, №2, 04.01.2007 წ.,  მუხ. 43

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2464-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.378

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2851-სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.96

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 361

1. სურსათის მწარმოებელი საწარმოებისთვის ან/და დისტრიბუტორებისთვის ამ კანონის მე-14 მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 30 იანვრიდან, ხოლო ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისთვის – 2011 წლის 3 იანვრიდან.

11. ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედება ამავე კანონის მე-14 მუხლის მიხედვით დარეგისტრირებული საწარმოებისათვის დაიწყოს:

ა) ევროკავშირში ექსპორტიორი სურსათის მწარმოებელი საწარმოებისათვის – 2010 წლის 1 ივლისიდან;

ბ) ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისათვის – 2011 წლის 3 იანვრიდან.

2. (ამოღებულია).

21. (ამოღებულია).

3. 2009 წლის 31 დეკემბრამდე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

31. საწარმოებისათვის ამ მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედებამდე სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განხორციელდეს მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ საწარმოში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ცხოველთა დაავადებების სახელმწიფო კონტროლზე, რომელიც განსაზღვრულია „ვეტერინარიის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

41. იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც 2007 წლის 1 ოქტომბრამდე აწარმოებდნენ ამ კანონის 121 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქტს, 121 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე.

5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 თებერვლამდე დაადგინოს სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი და უზრუნველყოს აღნიშნული სისტემის ამოქმედება.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4328- სსმ I, №2, 04.01.2007 წ.,  მუხ. 43

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5120 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.254

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2464-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.378

საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2851-სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.96

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2982-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.148

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 37. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2548-რს  

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4328 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ. 43

2. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5120 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.254

3. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2464 - სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.378

4. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2851 - სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.96

5. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2852 - სსმI, №16, 01.04.2010წ., მუხ.97

6. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2982 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.148

7. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

8. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის  კანონი №5970 ვებგვერდი, 12.04.2012წ.

9. ძალადაკარგულია  – საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6155 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.