„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებსა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებსა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 31/12/2005
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.002.121
  • Word
2537
27/12/2005
სსმ, 59, 31/12/2005
300.280.000.05.001.002.121
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებსა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობასა და ურთიერთობებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება, აგრეთვე გაათავისუფლოს იგი ამ დარგებში მესაკუთრის, ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციებისაგან;

ბ) განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;

გ) ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდას;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“– „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე იმ 35- და 110-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში და გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; სხვა 35- და 110-კილოვოლტიანი ქსელები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებს და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;

დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან მეტი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის მომხმარებლებზე რეალიზაცია კონკრეტული გამანაწილებელი ქსელისა და ადმინისტრაციული ზონის (ზონების) ფარგლებში;

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა;“;

ბ) „ზ“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;“;

გ) „ლ“ – „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი;

ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადაცემის, განაწილების ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში ამ ენერგიის გაყიდვის მიზნით;

ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს);

ჟ) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი) – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;“;

დ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტრობაზრის ფუნქციონირებას, მართვას, ელექტრობაზრის ან/და პირდაპირი ხელშეკრულებების მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს და პირდაპირი ხელშეკრულებებით გასაყიდი ელექტროენერგიის კვოტებს, პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;“;

ვ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ღ“ – „შ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;

შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;“;

თ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ – „ჰ6“ ქვეპუნქტები:

„ჩ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ც) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;

წ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა;

ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატის საქმიანობა ტარიფის დადგენის გარეშე ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის საქმიანობა ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე;

ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია;

1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“;

2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“;

3) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს, გარდა პირდაპირ მომხმარებლებთან დაკავშირებული ურთიერთობებისა;

4) „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს, გარდა პირდაპირ მომხმარებლებთან დაკავშირებული ურთიერთობებისა;

5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე და წარმოებული ელექტროენერგია საერთო წლიურ ბალანსში უმნიშვნელოა. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაცია და სტატუსი განისაზღვრება ენერგეტიკის პოლიტიკით;

6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს განაწილების ლიცენზიატისგან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, და მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული ენერგეტიკული სექტორის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

გ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ამ დარგებში ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება;

დ) ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა, აგრეთვე სახელმწიფო ინვესტირების განხორციელება;

ზ) ენერგეტიკის დარგში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;

თ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;

ი) საგანგებო მდგომარეობისთვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება;

კ) ენერგეტიკის დარგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის განსაზღვრა, რეკომენდაციების შემუშავება, ასევე მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება;

ლ) ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გაფართოების, განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის წყაროების უპირატესი ათვისების, ენერგოეფექტიანი ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტრო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ასევე ამტკიცებს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს;

ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსს;

გ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“;

დ) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებს“;

ე) „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესებს“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცემა (მიიღება) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაზაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ლიცენზიების გაცემის, ასევე ლიცენზიატების, იმპორტიორებისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების უფლება.“;

გ) მე-5 პუნქტის:

გ.ა) „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მათში ცვლილების შეტანა და მათი გაუქმება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ლიცენზირების წესების შესაბამისად;

ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება ამ კანონის, ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

გ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“;

გ.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ელექტრობაზრის საწევრო შენატანების ოდენობა, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებული იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ, მათ შორის, დადგენილებიდან გამომდინარე, საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომებზე, კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 2 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორებისა და მომხმარებლებისათვის.“.

6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.“.

7. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს ენერგეტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად.“.

8. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის ან მიმწოდებლის მიმართ, ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე მათგანის საწარმოში.

3. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვს იყოს რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის მომხმარებელი, მაგრამ ლიცენზიატს, იმპორტიორს, ექსპორტიორს ან მიმწოდებელს არა აქვს უფლება, შესთავაზოს, ხოლო აპარატის თანამშრომელს – მიიღოს უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება რომელიმე მათგანისგან.“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი. რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისგან, იმპორტიორებისგან და მიმწოდებლებისგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე, რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გადახდა ხდება მომავალი წლის რეგულირების საფასურიდან. დასაშვებია კომისიის სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გრანტების მიღება.“.

10. 22-ე მუხლის:

ა) პირველი – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრობაზარი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

2. ელექტრობაზარი დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს, რისთვისაც ხელმძღვანელობს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ და სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი კონტრაქტებით გათვალისწინებული სიდიდეებისა) ხორციელდება ელექტრობაზარზე. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ერთი ელექტრობაზრის ფუნქციონირება.

4. ელექტრობაზრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა ელექტროენერგეტიკის დარგის ლიცენზიატთა, იმპორტიორთა, ექსპორტიორთა და პირდაპირ მომხმარებელთა, ანუ ელექტრობაზრის წევრთა ნებაყოფლობითი კავშირი.

5. ელექტრობაზრის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სახელმწიფო ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მოთხოვნებს და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს.

6. ელექტრობაზრის მომსახურებას ელექტრობაზრის წევრები ანაზღაურებენ საწევრო შენატანების ხარჯზე. შენატანის ოდენობას განსაზღვრავს ელექტრობაზარი და ამტკიცებს კომისია. შენატანი შედის ელექტროენერგიის ტარიფში. ელექტრობაზრის წევრობა სავალდებულოა მხოლოდ იმ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) ან/და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურებას ყიდიან და ყიდულობენ ელექტრობაზარზე.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დასამუშავებლად, გაყიდული, შესყიდული, მოხმარებული და ტრანზიტად გატარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის, ასევე მათთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად. სამინისტრო ელექტრობაზრისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ კორექტირებას.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

11. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია უვადოდ გასცემს ლიცენზიებს შემდეგ საქმიანობებზე:

ა) ელექტროენერგიის წარმოება;

ბ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაცია;

გ) ელექტროენერგიის გადაცემა;

დ) ელექტროენერგიის განაწილება;

ე) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;

ვ) ბუნებრივი გაზის განაწილება.

2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, დისპეტჩერიზაცია, გადაცემა და განაწილება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება და განაწილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

12. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მისაღებად საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა ამ კანონში აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლებმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წარმოების საშუალებების ფლობის (მათით სარგებლობის) დამადასტურებელი ცნობა;

ბ) წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დასკვნა;

გ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა;

დ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა;

ე) საქართველოს ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა);

ვ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის სქემა (გარდა ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დასკვნას ლიცენზიის გამცემი მოიპოვებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთი სარკმლის პრინციპის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გამცემი პირები განისაზღვრება ლიცენზირების წესებში.“.

13. 26-ე მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია ლიცენზიას გასცემს მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეზე ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

2. სალიცენზიო მოწმობაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზედაც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის და ლიცენზიის გაუქმების პირობები.

3. ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ან/და ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. აღნიშნული გამონაკლისების გარდა, მომსახურების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს სალიცენზიო მოწმობას. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს ლიცენზიაში ან გააუქმოს ლიცენზია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს კომერციულ პირობებთან დაკავშირებული მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და მიმწოდებელი.“.

14. 27-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობანი. ინფორმაციის მომზადება“;

ბ) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატის, მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის.

2. ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. იმპორტიორი, ექსპორტიორი, მიმწოდებელი და ლიცენზიატი, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევის გარდა, ვალდებული არიან კომისიას და სამინისტროს წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

15. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს. ელექტრობაზარი ვალდებულია, ხოლო სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან ჩაატარონ მრიცხველების ინსპექცია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება დადგენილი წესით, ელექტრობაზარზე ან/და პირდაპირი ხელშეკრულებებით.“.

16. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. დავები

ლიცენზიატები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.“.

17. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. ლიცენზიაში ცვლილების შეტანა. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიაში ცვლილების შეტანა ხდება მისი პირობების შესაბამისად, ხოლო გაუქმება – აღნიშნული პირობების, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში ლიცენზიაში ცვლილების შეტანის ან ლიცენზიის გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. ამასთანავე, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო მკაცრი მოთხოვნების შესრულება.“.

19. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. შეზღუდვები აქციებისა და ლიცენზიების მფლობელობასა და გადაცემაზე

1. ლიცენზიატს უფლება არა აქვს კომისიის თანხმობის გარეშე ფლობდეს სხვა ლიცენზიატის აქციებს, წილს ან პაის. ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან მართავს რომელიმე ლიცენზიატის აქციებს, წილს ან პაის, უფლება არა აქვს კომისიის თანხმობის გარეშე ფლობდეს ელექტროენერგეტიკის დარგის სხვა ლიცენზიატის აქციებს, წილს ან პაის. კომისია უფლებამოსილია არ გასცეს ასეთი თანხმობა, თუ ეს ეწინააღმდეგება მომხმარებელთა ინტერესებს ან კანონმდებლობას.

2. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის მოთხოვნათა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით დაამტკიცოს, არ დაამტკიცოს ან შეზღუდოს ლიცენზიატის შემდეგი საქმიანობები:

ა) ამ კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობების შერწყმა, ძირითადი საშუალებების, აქციების, წილის, პაის შეძენა ან/და გასხვისება;

ბ) ლიცენზიატის საქმიანობის სფეროს გაფართოება.

3. ამ მუხლის დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განხორციელებული სხვა ქმედება ბათილია. ბათილობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება ასევე აქვს კომისიას ან სამინისტროს.“.

20. 33-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმოების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულებაში აღნიშნული მომსახურების ფასები, ვადები და პირობები. ასეთი დამტკიცება საჭირო არ არის, თუ კომისია დაადგენს, რომ წარმოების ლიცენზიატი ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის, მხოლოდ ექსპორტისათვის ან პროდუქციის რეალიზაციას ახდენს კონკურენტული ბაზრის პირობებში;

ბ) ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულების პირობების ან მომსახურების დამტკიცებული ფასების, ვადებისა და პირობების თანახმად უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობა მიღების პუნქტში გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო, არადისკრიმინაციული და ეკონომიური დისპეტჩერიზაციის მიზნით;

გ) აკმაყოფილებდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ ელექტრობაზრის წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.“.

21. 34-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად;“;

ბ.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად გადაცემის ლიცენზიატს შეიძლება მოეთხოვოს სისტემის ისე დაპროექტება, აშენება და მართვა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა მაშინაც კი, როდესაც სტიქიური უბედურების ან ბუნების სხვა მოვლენების გამო გაითიშება სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ერთი ან მეტი ელემენტი.“.

22. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად. თუ ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ხელშეკრულებას დებს წარმოების ლიცენზიატთან ან იმპორტიორთან და ამ ხელშეკრულებით მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს თავის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, ან/და ხელშეკრულებას დებს გადაცემის ლიცენზიატთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი არ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიით (სიმძლავრით) სარეზერვო მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ან ექსპორტის ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი იხდის კომისიის მიერ დამტკიცებულ ამგვარი მომსახურების საფასურს;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტრობაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად;“;

ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.“.

23. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, გაანაწილოს და გაყიდოს ელექტროენერგია კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისგან, აგრეთვე წარმოების ლიცენზიატისგან ან/და იმპორტიორისგან მიიღოს უფლება სათანადო გასანაწილებელ ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე);“;

გ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;“;

გ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაბამისი ტარიფის საფასურად თავის განაწილების ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს, რომლებსაც უფლება აქვთ ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ მომხმარებლებზე, ასევე მყიდველებს (მათ შორის მომხმარებლებს).“.

24. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. იმპორტიორი

1. იმპორტიორი ვალდებულია იმპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებისა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

2. იმპორტიორი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.

    მუხლი 38. ექსპორტიორი

ექსპორტიორი ვალდებულია ექსპორტის განხორციელების განმავლობაში იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შესაბამისად.“.

25. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი

ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ბ) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო მდგომარეობაში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე;

გ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

დ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.“.

26. მე-40 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.“.

27. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის მიხედვით;“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.“.

28. კანონს 41-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:

„თავი VI1

ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა

    მუხლი 411. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა და განხორციელება

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და რეგულირება ხორციელდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ელექტრობაზართან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დადგენილი წესით გააფორმოს საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებები.

3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის მიზანია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის შესრულება, ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსება და ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა.

    მუხლი 412. პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება და ელექტროენერგიის სალდო-გადადინება

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს და შესაბამისად უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას მიღწეულ იქნეს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ელექტროენერგიის ნულოვანი სალდო-გადადინება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობისა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დადებითი ან უარყოფითი სალდოს არსებობის შემთხვევაში ელექტრობაზარი ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ვალდებულია გაითვალისწინოს სალდირებული ელექტროენერგია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში, რათა მომდევნო პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ნულოვანი სალდო-ურთიერთგადადინება. აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა.

    მუხლი 413. პარალელურ რეჟიმში მუშაობის სამართლებრივი სტატუსი

1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოებული ურთიერთობა არ წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტს ან ექსპორტს და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. შესაბამისი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ელექტროენერგიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი.“.

29. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 42. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში

1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია ვალდებულია ლიცენზიატის, იმპორტიორის, მიმწოდებლის ან/და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, ენერგეტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დადგენილი წესით შეიტანოს ცვლილებები ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოქმედ ტარიფებში.“.

30. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 43. ტარიფის დადგენის პრინციპები

1. კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ფასები და ტარიფები:

ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს ან მიმწოდებლებს, დაფარონ თავიანთი ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასების დადგენით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით;

ე) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს ან მიმწოდებლებს, დაფარონ ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები და რეგულირების საფასური, აგრეთვე ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრობაზრის წევრობასთან;

ვ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, იგი არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – შეწყვიტოს მომსახურების გაწევა;

ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;

თ) ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

2. ლიცენზიატის, იმპორტიორისა და მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად.

3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციის, ფასთა ინდექსაციის და სხვა ფაქტორებს, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატების, იმპორტიორების, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.

4. პირდაპირი მომხმარებლის ტარიფი დგინდება ინდივიდუალურად, ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორისა და მიმწოდებლის მიერ ამ მომხმარებელზე გაწეული ხარჯების საფუძველზე.“.

31. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. ტარიფის დადგენის წესები

1. კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს. კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა:

ა) დასაბუთებულ სატარიფო განაცხადს, რომელსაც ერთვის აუდიტორული და ფინანსური ინფორმაცია;

ბ) სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურებს;

გ) მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფის დადგენის კომენტირების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) რეგულირების საფასურის ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურებს.

2. ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე განაცხადის კომისიაში წარდგენის უფლება აქვთ ლიცენზიატს, იმპორტიორს, მიმწოდებელს და პირდაპირ მომხმარებელს.“.

32. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა

1. კომისია ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ სტანდარტებზე. კომისიასთან ურთიერთობაში ასეთივე სისტემა უნდა გამოიყენონ ლიცენზიატებმა, იმპორტიორებმა, ექსპორტიორებმა და მიმწოდებლებმა. კომისია ვალდებულია ტარიფების დადგენისას გამოიყენოს ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორებისა და მიმწოდებლების ფინანსური და ეკონომიკური ანგარიშები, აგრეთვე საკუთარი ანალიტიკური სისტემები.

2. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზიას ან სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას, იგი ვალდებულია ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად.“.

    მუხლი 2

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან:

ა) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს „ელექტროენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შემუშავება და საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) 6 თვის ვადაში უზრუნველყოს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცება;

გ) 1 წლის ვადაში უზრუნველყოს „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ დამტკიცება.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულებისთანავე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს მის მიერ მიღებული ანალოგიური ხასიათის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან მათი ნაწილების ძალადაკარგულად გამოცხადება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2537_რს

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.