საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე

საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30/09-5
დოკუმენტის მიმღები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016005
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30/09-5
30/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
240140000.41.046.016005
საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2014 - 28/10/2020)

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №30/09-5

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4  პუნქტის,  25-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და 34-ე მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა“ თანდართული ფორმით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე



საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. შესავალი დებულებები
1. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა (შემდგომში ,,წესი“) შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“)  შესაბამისად.

2. ეს წესი განსაზღვრავს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევასთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონკურენციის სააგენტოს (შემდგომში “სააგენტო”) მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების წესსა და პროცედურას,  საქმის მოკვლევის პროცესში მონაწილე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს.

3. საქმის მოკვლევის მიმართ გამოიყენება კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,  ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.


მუხლი 2.  საქმის მოკვლევის დაწყების საფუძვლები
1. სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა განცხადების ან საჩივრის  საფუძველზე  ან საკუთარი ინიციატივით.

2. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძველია გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ დარღვეულია კანონის შესაბამისი მუხლი.


მუხლი 3. საქმეში მონაწილე პირთა უფლებები და ვალდებულებები
1. განმცხადებელი და მხარეები ვალდებულნი არიან მიაწოდონ სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.  

2.  საქმის მოკვლევაში მონაწილე პირებს საქმის მოკვლევისას უფლება აქვთ ჰყავდეთ წარმომადგენელი.

3. განმცხადებელსა და მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით.


მუხლი 4. აცილების საფუძვლები

 

1. პირს, რომლის საქმეც იხილება, უფლება აქვს აცილება მისცეს სააგენტოს იმ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.

2. აცილების საფუძველია კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის არსებობა.

3.  აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორცილებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს შესაბამისმა თანამშრომელმა დაუყოვნებლივ უნდა განახორცილოს თვითაცილება.


მუხლი 5. საჯარო  და კონფიდენციალური ინფორმაცია

 

1. სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების  პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები და კვლევები საჯაროა, გარდა კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.

2. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


თავი II
მოკვლევა

მუხლი 6. საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

 

1. სააგენტო კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად,  განცხადების/საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყების ან მის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. სააგენტოს შეუძლია უარი თქვას განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:

ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;

ბ) არ არსებობს  კანონით გათვალისწინებული  სამართლებრივი საფუძველი;

გ) განმცხადებლმა  ან/და მომჩივანმა სააგენტოს მიერ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად  განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;

დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

3. მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 


მუხლი 7. გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყების შესახებ
1. სააგენტოს, საკუთარი ინიციატივით, შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, რის შესახებაც იღებს  გადაწყვეტილებას.

2. მოკვლევის პროცესში, სააგენტო განსაზღვრავს შესაბამის ეკონომიკურ აგენტს/აგენტებს და ატყობინებს მათ მოკვლევის დაწყების თაობაზე.

3. სააგენტო უფლებამოსილია საქმის მოკვლევის პროცესში შესაბამისი ეკონომიკური აგენტისაგან გამოითხოვოს მოკვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 


მუხლი 8. საქმის მოკვლევის ხანგრძლივობა
  1. სააგენტო საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას 3 თვის ვადაში.
  2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 თვისა.
  3. სააგენტო განმცხადებელს ან/და მომჩივანს  გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე, არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე, ატყობინებს საქმის მოკვლევის გაგრძელების შესახებ.

 


მუხლი 9. ეკომონიკური აგენტის ქმედების დროებით შეჩერება

 

 სააგენტოს შეუძლია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად.

 


თავი III
ინფორმაციის გამოთხოვა

 


მუხლი 10. სააგენტოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის   უფლება
1. სააგენტო უფლებამოსილია, კანონის შესაბამისად გამოითხოვოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის, სხვა დაინტერესებული მხარის  ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი  გარემოებების დადგენას.

2. ინფორმაციის მიწოდების შესახებ სააგენტოს მიმართვაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საგანი, მიზანი და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული, აგრეთვე, მითითება ინფორმაციის მიუწოდებლობის შესაძლო შედეგებზე და მისი გასაჩივრების შესაძლებლობებზე და ვადებზე.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით  განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა დასაბუთებული განცხადების საფუძველზე რაც ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

4.  ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარდგენა ამ წესის მე-8 მუხლით  გათვალისწინებული ვადის განახლების საფუძველია.


მუხლი 11. ინფორმაციის მიწოდება

 

ინფორმაცია ითვლება მიწოდებულად, თუ ის ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სრულყოფილად წარედგინა სააგენტოს მის ოფიციალურ მისამართზე ან ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე)

მუხლი 12. ინფორმაციის მიუწოდებლობა

 

1. ინფორმაციის მიუწოდებლობად ითვლება:

ა) მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად მიწოდება;

2. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.

 


მუხლი 13. ინფორმაციის მიუწოდებლობის შედეგები

 

1.  ინფორმაციის  მიუწოდებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს:

ა) ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს ადმინისტრაციული ჯარიმა  კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის, 15911 და 239-ე მუხლის 65-ე ნაწილის შესაბამისად;

ბ)  მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე;

გ) მიმართოს სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით ადგილზე შემოწმების მიზნით,  კანონის 25-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

2. ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ჯარიმის შეფარდების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე მოკვლევის ჯგუფის წინადადების საფუძველზე.

3.  დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს/მხარეს ინფორმაციის  წარდგენის ვალდებულებისაგან.


თავი IV
მოკვლევის წარმოება

 


მუხლი 14. მოკვლევის წარმოების ზოგადი პროცედურა

 

1. სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის მიერ ინიშნება მოკვლევის ჯგუფი, მინიმუმ 2 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც სააგენტოს თანამშრომელ(ბ)თან ერთად შეიძლება იყოს, ასევე მოწვეული ექსპერტიც. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი. 

2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ქმედება მოკვლევის პროცესში თავისი ინციატივით კანონისა და ამ წესის შესაბამისად. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. უმრავლესობის არქონის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.

3. სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, შესაბამის შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფის წინადადების საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ.

 


მუხლი 15. საქმის გარემოებათა გამოკვლევა
1. სააგენტო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეაგროვოს ცნობები საქმესთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს ახსნა-განმარტება საქმის გარემოებათა დასადგენად;

გ) მოიწვიოს ექსპერტი;

დ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 


მუხლი 16. პირთა წრე ვისგანაც შესაძლებელია ახსნა-განმარტების მიღება
1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად სააგენტოს თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია ახსნა-განმარტების მისაღებად მოიწვიოს:

ა)   მხარეები;

ბ)   დაინტერესებული მხარე.

2. სააგენტოს მიერ ახსნა-განმარტებისათვის გამოძახებული პირები ვალდებულნი არიან მისცენ ახსნა-განმარტება შესაბამის საქმეზე და გამოცხადნენ სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად.

3. სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ექსპერტი საქმის მოკვლევის პროცესში.


მუხლი 17. შეტყობინება სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ
1. შეტყობინება უნდა ჩაბარდეს ადრესატს, მის წარმომადგენელს, ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ფოსტით ან/და სხვა ტექნიკური საშუალებებითაც (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული მისამართი). ამ პუნქტში დასახელებული ტექნიკური საშუალებებით ჩაბარებად ჩაითვლება ჩაბარებულად, ადრესატი მხარის მიერ დადასტურების ან მის მიერ მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე გაგზავნის შემთხვევაში.

2. შეტყობინება სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს და საქმესთან დაკავშირებულ პირებს უნდა ჩაჰბარდეთ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე.


მუხლი 18. სხდომა
  1. სააგენტო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით ატარებს სხდომას. საქმის მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, გამონაკლის შემთხვევებში, პირებისაგან ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მოხდეს ცალ-ცალკე, რომლის შინაარსიც 5 დღის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, თუ ინფორმაციის მიწოდება ხელს არ შეუშლის მოკვლევის მიმდინარეობას.
  2. ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მოხდეს სხდომის ჩატარების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში, დგება ახსნა-განმარტების ოქმი,  ახსნა-განმარტების ოქმს ხელს აწერს სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც იღებს ახსნა-განმარტებას და ახსნა-განმარტების მიმცემი პირი, რომლის შინაარსიც 5 დღის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, თუ ინფორმაციის მიწოდება ხელს არ შეუშლის მოკვლევის მიმდინარეობას.

მუხლი 19. სხდომის მიმდინარეობა
1.სხდომას უძღვება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.

2. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის შემთხვევაში, მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი სხდომაზე უფლებამოსილია გააკეთოს მოხსენება იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა მისი საჩივარი.

3. განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით საქმის მოკვლევის შემთხვევაში, აღნიშნულ მოხსენებას აკეთებს სააგენტოს წარმომადგენელი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოხსენების შემდეგ, მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს შეუძლია გააკეთოს მოხსენება საკუთარი პოზიციისა და მომჩივანის ან/და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესახებ.

5. სხდომაზე კითხვების დასმის უფლება აქვს სააგენტოს წარმომადგენელს და მხარეებს. მხარეებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან მე-16 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. სააგენტოს წარმომადგენელს უფლება აქვს დასვას შეკითხვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საქმის  გარემოებებთან, ასევე, კითხვები, რომელსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს საქმესთან, მაგრამ ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. 

6. სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

7. სხდომაზე მოწვეული პირის გამოუცხადებლობა, არ არის სხდომის გადადების საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მოწვეული პირი ან/და არსებობს პირის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სხდომის თავმჯდომარე გადადებს სხდომას.

8.   სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევ პირს.

9. სხდომის  დასრულების შემდეგ,  დგება სხდომის ოქმი რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.


მუხლი 20. შუამდგომლობა ადგილზე შემოწმების შესახებ
1. ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით, სააგენტო  მოტივირებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.  

 2. სააგენტოს უფლება აქვს სასამართლოს თანხმობით ადგილზე შეამოწმოს ეკონომიკური აგენტი, რომლის მიმართაც არსებობს საჩივარი ან/და განცხადება, თუ არსებობს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.

 3. ადგილზე შემოწმება ხორციელდება კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის  შესაბამისად.


მუხლი 21. ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება და  მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები
1. შემოწმება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში, ეკონომიკური აგენტის ინტერესებისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით.

2. გადაუდებელ შემთხვევებში, თუ მოსალოდნელია მტკიცებულებათა განადგურების ან სხვაგვარად დაკარგვის საფრთხე, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს არასამუშაო საათებშიც. 

3. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს უფლებამოსილი  პირ(ებ)ი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს:

ა) მოსამართლის ბრძანება;

ბ) ადგილზე შემოწმებაში მონაწილე პირთა განსაზღვრის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება;

გ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 დ) სამსახურეობრივი მოწმობა.

4. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელმა სააგენტოს უფლებამოსილმა  პირ(ებ)მა ეკონომიკურ აგენტს უნდა გააცნოს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები.

5. ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილმა პირმა ან/და თანაშრომლებმა, რომლის მიმართაც ხორციელდება ადგილზე შემოწმება, ვალდებულია შემოწმების ადგილას დაუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი და  არ შეუშალოს ხელი სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში.

6. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს შემოწმებისას მოიწვიოს ნდობით აღჭურვილი პირ(ებ)ი.

7. ადგილზე შემოწმების დასრულებისთანავე, სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერს თავად და ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი. ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირის მიერ ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.


მუხლი 22. შემაჯამებელი სხდომა
1. სააგენტოს მიერ ამ თავის შესაბამისად საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ინიშნება შემაჯამებელი სხდომა მოკვლევის ჯგუფის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა და განმცხადებლის მონაწილეობით.

2. სხდომის დანიშვნა და მონაწილე პირთა მოწვევა ხორციელდება ამ წესის მე-17 და მე-18 მუხლებით განსაზღვრული წესით.

3. შემაჯამებელ სხდომაზე მოწვევასთან ერთად მხარეებს უნდა გადაეგზავნოთ მოკვლევის პროცესში სააგენტოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და საქმის სხვა მასალები, კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვით.

4. შემაჯამებელ სხდომას უძღვება სააგენტოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

5. შემაჯამებელ სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე შესავალი სიტყვით, რომელშიც გადმოსცემს საქმის ძირითად არსს და აფასებს არსებული მტკიცებულებებით შექმნილ სამართლებრივ მდგომარეობას.

6. სხდომის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ მხარეებს მორიგეობით ეძლევათ ძირითადი სიტყვა.  ძირითადი სიტყვა საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში პირველად ეძლევა მომჩვანს, შემდგომ კი მოპასუხეს, ხოლო განცხადების ან სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში კი პირველად სიტყვა ეძლევა მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელს, შემდეგ კი მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს.

7. ძირითადი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სხდომის მონაწილეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს კითხვები, სხდომის თავმჯდომარის სიტყვიერი ნებართვის საფუძველზე.

8. მას შემდეგ, რაც მხარეები განაცხადებენ კითხვების ამოწურვის თაობაზე, როგორც თითოეულ მხარეს, ასევე განმცხადებელსა და სხდომის სხვა მონაწილეებს თავმჯდომარე აძლევს მცირე რეპლიკის უფლება.

9.  სხდომის დასრულების შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.


თავი V
სააგენტოს გადაწყვეტილება

მუხლი 23. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება  და გასაჩივრების წესი
1. მოკვლევის დასრულების შემდგომ მოკვლევის ჯგუფი ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს,  რომელსაც წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.

2. სააგენტოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილია დაამტკიცოს, შეცვალოს ან დაუბრუნოს იგი უკან მოკვლევის ჯგუფს შემდგომი მოკვლევის მიზნით ან/და დაზუსტებისათვის.

4. სააგენტოს თავმჯდომარის  გადაწყვეტილება მისი მიღების შემდგომ ეგზავნებათ მხარეებს/განმცხადებელს და უნდა გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.

5. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესაბამისად,  თბილისის საქალაქო სასამართლოში.


მუხლი 24. საქმის ხელახალი მოკვლევის დაუშვებლობა
საქმის მოკვლევის დასრულების შემთხვევაში დაუშვებელია იმავე საფუძვლით იმავე ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის დაწყება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.