დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 557 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.018175 |
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ3“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა
|
I. შესავალი
|
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფუნდამენტური პრინციპები − მთავრობათა ღიაობა, გამჭვირვალობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა − საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მნიშვნელობის ღირებულებებია. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით, გამჭვირვალობითა და ანგარიშვალდებულებით საქართველო მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, მოქალაქეთა გაძლიერებას და მთავრობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა. წინამდებარე დოკუმენტი საქართველოს რიგით მეორე სამოქმედო გეგმაა. მიუხედავად პოსტსაბჭოთა წარსულისა, დღეს საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის გამოირჩევა კორუფციის დაბალი მაჩვენებლით. კორუფციის გლობალური ბარომეტრის კვლევის მიხედვით, საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელი არის მხოლოდ 4%,[1] ხოლო ბიზნესის კეთების შესახებ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მე-8 ადგილს იკავებს.[2] საქართველო ამაყობს სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობისა და საჯარო სერვისებით უზრუნველყოფის სფეროში მიღწეული შედეგებით, პროექტებით და ინიციატივებით, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბით მოწონება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ჯილდო დაიმსახურა. სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე საქართველოს წინაშე კიდევ მრავალი გამოწვევაა. ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დღის წესრიგი და ამბიციური ვალდებულებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება.
II. ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი პროდუქტია. მის შემუშავებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ფართო საზოგადოებამ საჯარო კონსულტაციების გზით. სამოქმედო გეგმა შემუშავდა ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის (შემდგომში − ფორუმი) ფარგლებში და ქვეყნის მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად. ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს სამოქმედო გეგმის პირველად პროექტში ასახულ ვალდებულებებს. გარდა ამისა, მათი დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც სამოქმედო გეგმის პირველი პროექტის შემუშავების შემდეგ წარმოადგინეს, უმეტესწილად, გათვალისწინებულ იქნა და ვალდებულებების სახით აისახა სამოქმედო გეგმაში.[3] 2.1. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი − ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს პირველი სამოქმედო გეგმა შემუშავდა და დამტკიცდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. თუმცა, ეს სამოქმედო გეგმა ეროვნულ დონეზე არ იყო გამყარებული ნორმატიული აქტით; ასევე, არ არსებობდა ჩამოყალიბებული ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმი. ფუნქციონირებდა მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება − არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი,[4] რომელიც პერიოდულად იკრიბებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე. აღნიშნული შეხვედრები, ძირითადად, სპონტანურ ხასიათს ატარებდა. ფორუმს არ ჰქონდა გამოკვეთილი ფუნქციები. „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ივლისის №775 განკარგულებით ღია მმართველობის პარტნიორობის კოორდინაცია ეროვნულ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში − ანტიკორუფციული საბჭო) დაევალა. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ (შემდგომში − სამდივნო) ღია მმართველობის პარტნიორობის რეგულაციების გათვალისწინებით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმის გარდაქმნის მიზნით შეიმუშავა განახლებული ფორუმის სახელმძღვანელო წესები, რომლებშიც დეტალურად გაიწერა ფორუმის ფუნქციები და მის მუშაობასთან დაკავშირებული პროცედურები. ფორუმის შემადგენლობას დაემატა პასუხისმგებელი უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ფორუმს ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები − საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად წარუდგენენ თავიანთ კანდიდატს ფორუმს, რომელსაც ირჩევს ფორუმი. ფორუმის ფუნქციებს შორისაა სამოქმედო გეგმის მომზადების ხელშეწყობა, საჯარო კონსულტაციების დაგეგმვა და ჩატარება, სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და ხელშეწყობა, ასევე, ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ახალი მოდელით ფორუმი სრულად ეხმიანება ამ თემაზე ღია მმართველობა საქართველოს შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის რეკომენდაციებს. განახლებული ფორუმის პირველი სხდომა 2014 წლის 15 იანვარს გაიმართა. სხდომაზე მიღებულ იქნა ფორუმის სახელმძღვანელო წესები. ფორუმი შეთანხმდა ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპებსა და ფორმატზე ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს მიერ მოწოდებული სამოქმედო გეგმის ნიმუშისა და შესაბამისი გაიდლაინების მიხედვით. ფორუმის ინიციატივით სამოქმედო გეგმის თითოეულ ვალდებულებას დაემატა ინდიკატორებისა და ვალდებულების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება. ფორუმი რეგულარულად იკრიბება ყოველი თვის პირველ ოთხშაბათს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაეთმო 2 გაფართოებული მრგვალი მაგიდა; ფორუმის 4 გეგმური და 2 ad hoc სხდომა; ინდივიდუალური შეხვედრები და ინტენსიური კონსულტაციები სამდივნოს, პასუხისმგებელ უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა ღია მმართველობის პარტნიორობისათვის წარსადგენი სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი. სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტის განხილვა ჩატარდა ფორუმის გაფართოებულ სხდომაზე 2014 წლის 6 ივნისს. 2.2. საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობის პარტნიორობის რეგულაციებით განსაზღვრულია, რომ სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციის გზით. საჯარო კონსულტაციების გაიდლაინის შესაბამისად, კონსულტაციებისათვის განსაზღვრული ერთთვიანი პერიოდის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციების საფუძველზე და მათი უშუალო ჩართულობით ფორუმმა შეიმუშავა საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელი საჯარო კონსულტაციების გეგმა, დეტალურად გაიწერა შეხვედრების მიზანი, ფარგლები, შეხვედრების გამართვაზე პასუხისმგებელი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამიზნე ჯგუფები. საჯარო კონსულტაციები ჩატარდა საქართველოს 15 ქალაქში, „USAID“-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერით. საქართველოს მასშტაბით გამართულ 19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 700-მდე დაინტერესებულმა პირმა. საჯარო კონსულტაციებისათვის განსაზღვრული სამიზნე ჯგუფები მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს; ბიბლიოთეკარებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. საჯარო კონსულტაციებში ხუთი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაერთო. საჯარო კონსულტაციებში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ადგილობრივმა მედიამ, რომელიც შეხვედრებშიც მონაწილეობდა და, ამავე დროს, ავრცელებდა ინფორმაციას საჯარო კონსულტაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ. საჯარო კონსულტაციების განრიგი განთავსდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ღია მმართველობის ბანერის ქვეშ. საჯარო კონსულტაციებთან ერთად ონლაინკონსულტაციისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, ღია მმართველობის ბანერის ქვეშ, ასევე, შეიქმნა ონლაინკონსულტაციის ველი. საჯარო კონსულტაციების დასასრულს, შეხვედრებში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ მოამზადა და სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიასთან ერთად ანტიკორუფციულ საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის სხდომაზე წარუდგინა ანგარიში 2014 წლის საჯარო კონსულტაციების შესახებ. სამოქმედო გეგმაში შესული რამდენიმე ვალდებულება საჯარო კონსულტაციებს ეფუძნება, მათ შორისაა საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე პროცედურა, სსიპ-ებში − იუსტიციის სახლებში (შემდგომში − იუსტიციის სახლი) სერვისების დამატება, საზოგადოებრივი ცენტრების გაფართოება, დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის არსებობა, პეტიციების პორტალის შექმნა და სხვ. 2.3. არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციები ფორუმის ინტენსიური მუშაობისა და საჯარო კონსულტაციების შედეგად შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს 2014 წლის 2 მაისს წარედგინა. სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტის წარდგენის შემდგომ ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს დამატებითი ვალდებულებების შესახებ ერთობლივი რეკომენდაციები წარუდგინეს ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ამ რეკომენდაციების გაზიარების მიზნით ფორუმის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციების მეორე რაუნდი. რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო განხილვა ჩატარდა ფორუმის გაფართოებულ სხდომაზე 2014 წლის 6 ივნისს. რეკომენდაციებთან ერთად ფორუმს წარედგინა ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსგან მიღებული კომენტარები. ამავე სხდომაზე ფორუმი შეთანხმდა სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე. 2.4. სამოქმედო გეგმის მიმოხილვა სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 16 პასუხისმგებელი უწყების 27 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებთან − გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს ღია მმართველობის პარტნიორობის 4 გამოწვევას: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევაში გაერთიანებულია 9 ვალდებულება, რომლებიც ორიენტირებულია გამარტივებული და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდებაზე, მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გზით სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ელექტრონული მმართველობის დანერგვასა და სახელმწიფოს მიერ ღია მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მომდევნო 9 ვალდებულება, რომლებიც მეორე გამოწვევას − საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებას, ეხმიანება, ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის რეფორმას, ელექტრონული პეტიციების ვებგვერდის შექმნასა და საჯარო სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას პოლიტიკური პარტიების შესახებ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნების, საჯარო სექტორში კონკურსის წესების დახვეწისა და საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შექმნის მეშვეობით. მეორე გამოწვევის ფარგლებში გაერთიანებული ვალდებულებები, ასევე, ითვალისწინებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო პროცესების შესახებ და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ღია მმართველობა საქართველოს პროცესებში ეროვნულ დონეზე კოორდინაციის ეფექტური მექანიზმის – ფორუმის მხარდაჭერის გზით. მეორე გამოწვევას, არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციით, უერთდება საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელიც იღებს ვალდებულებას, აწარმოოს და პროაქტიულად გამოაქვეყნოს ფარული მიყურადების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა. საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევაში გაერთიანებულია 7 ვალდებულება, რომელთა მიზანია საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ბიუჯეტის მომზადების პროცესში მათი მოსაზრებების მიღების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა. მესამე გამოწვევაში, ასევე, გაერთიანებულია არქივებში დაცული მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ელექტრონული არქივისა და შესაბამისი კატალოგების შექმნისა და გამოქვეყნების გზით. სამოქმედო გეგმა ამავე გამოწვევის ფარგლებში ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გაფართოებას და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებას. სსიპ - „112“-ის მიერ მასთან დასაკავშირებელი ალტერნატიული გზების შემუშავება და დანერგვა, ასევე, დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შექმნა და ინტერაქტიული სტატისტიკის წარმოება გვხვდება მეოთხე − უსაფრთხო გარემოს შექმნის, გამოწვევის ფარგლებში. გამოწვევა I: საჯარო სერვისების გაუმჯობესება
ვალდებულება 1: კერძო სექტორის სერვისების დანერგვა იუსტიციის სახლებში იუსტიციის სახლი ქართული ინოვაციაა, რომლის კონცეფცია „ყველაფერი ერთ სივრცეში“ გულისხმობს მოქალაქეთათვის საჯარო სერვისების სწრაფად და მარტივად ერთ სივრცეში მიწოდებას. იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს სერვისების გამრავალფეროვნებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მოსახლეობამ კმაყოფილება გამოხატა იუსტიციის სახლის უკვე არსებული სერვისებით და სურვილი გამოთქვა, მეტი მომსახურება მიიღოს იუსტიციის სახლის სასიამოვნო გარემოში. სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სახლი დანერგავს ახალ პროდუქტებს: ა) სამოგზაურო დაზღვევის პოლისების გაცემა იუსტიციის სახლში − მოქალაქეებს პასპორტზე განაცხადის გაკეთებასთან ერთად საშუალება მიეცემათ, იუსტიციის სახლშივე აიღონ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრებთათვის, ვინაიდან, რიგ შემთხვევებში, მოქალაქეებს სადაზღვევო პოლისის მისაღებად სხვა ქალაქში გადაადგილებაც კი უხდებათ. ბ) სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისის მიწოდება იუსტიციის სახლის მომხმარებლებისთვის − იუსტიციის სახლი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იმუშავებს, რათა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ან იჯარის სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს იუსტიციის სახლში. მომხმარებლები ერთ სივრცეში შეძლებენ სახელმწიფო უძრავი ქონების როგორც შესყიდვას ან იჯარით მფლობელობაში აღებას, ისე ამ ქონების რეგისტრაციას. საწყის ეტაპზე სერვისი დაინერგება იქ, სადაც ეს მომსახურება დღეისთვის საერთოდ არ არსებობს, მათ შორის, სადაც სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ აქვს მომსახურების ცენტრები (ოზურგეთი, გურჯაანი, ბათუმი და მარნეული) და მომხმარებელს სერვისის მისაღებად სხვა ქალაქში ჩასვლა უხდება. პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სახლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 2: მომხმარებლის ხმა მნიშნველოვანია, რომ სერვისების განვითარებას საფუძვლად დაედოს მოქალაქეების უკუკავშირი. ამ ეტაპზე იუსტიციის სახლის მომხმარებლის უკუკავშირი საჩივრის წარდგენის შესაძლებლობით შემოიფარგლება. ამ ვალდებულების ფარგლებში იუსტიციის სახლი დანერგავს უკუკავშირის მექანიზმს − „მომხმარებლის ხმას“, რომლის მიზანი იქნება თითოეულ უკუკავშირზე მოქალაქესთან კომუნიკაცია და იუსტიციის სახლში არსებული პროდუქტების, მიმდინარე პროცესების შესახებ მისთვის ინფორმაციის მიწოდება, შესაძლებლობის ფარგლებში კი სერვისების, არსებული პროცედურებისა და სტანდარტების გაუმჯობესება მოქალაქეთა მოსაზრებების გათვალისწინებით და მათი ჩართულობით. ახალი მექანიზმი გაზრდის იუსტიციის სახლის ანგარიშვალდებულებას საზოგადოებისადმი, ხოლო მომხმარებელს საშუალებას მისცემს, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მომსახურების პროცესების დახვეწასა და ხარისხის განვითარებაში. პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სახლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 3: მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული ახალი სერვისის - „JUSTdrive“-ს ამოქმედება იუსტიციის სახლის ახალი პროექტი „JUSTdrive“ სასურველი სერვისის მიღების ინოვაციური გზა იქნება მოქალაქეთათვის. მომხმარებელი შეძლებს, დაზოგოს დრო და ავტომობილიდან გადაუსვლელად იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „JUSTdrive“-ს ფანჯარასთან მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობით მიიღოს სასურველი მომსახურება. პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სახლი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 4: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები (მათ შორის, მაგალითად: სკოლის ატესტატი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი, ნიშნების ფურცელი, ცნობები სკოლიდან ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ გაცემული ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი) ამჟამად ექვემდებარება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; აგრეთვე, სკოლის ატესტატებს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს, ხოლო აპოსტილით ამოწმებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აპოსტილი არის საქართველოს ტერიტორიაზე გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტებზე არსებული ბეჭდის/შტამპის და ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება. რაც შეეხება საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციას, აღნიშნულ საგანმანათლებლო დოკუმენტებსა და სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება და ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში − მათი ავთენტურობის დადასტურებას გულისხმობს. დოკუმენტის ლეგალიზაცია ხორციელდება ორ ეტაპად: სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების და დოკუმენტზე არსებული ბეჭდის ან შტამპის ავთენტურობის დამოწმებას, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენს პირველ ეტაპზე განხორციელებული ლეგალიზაციის შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილებისა და ბეჭდის ავთენტურობის დამოწმებას. განსხვავება ამ ორ პროცედურაში მხოლოდ ის არის, რომ აპოსტილით დამოწმებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარ ამოწმებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ბეჭედსა და მისი კომპეტენტური თანამშრომლის ხელმოწერის ნამდვილობას. აპოსტილისა და ლეგალიზაციის დროს, გარდა საგანმანათლებლო დოკუმენტზე არსებული ხელმოწერისა და ბეჭდის დადასტურებისა, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა დოკუმენტის ფორმა კანონმდებლობის მოთხოვნებს და (თუ შესაძლებელია) გაცემულია თუ არა დოკუმენტი მასში მითითებული პირის სახელზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზემოაღნიშნული მომსახურებების გამარტივებისა და იუსტიციის სახლის ერთ სივრცეში მოქცევის მიზნით ამ ვალდებულების ფარგლებში სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში გადავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დოკუმენტების დამოწმება, დამოწმებული დოკუმენტები კი გაიცემა იუსტიციის სახლის სივრცეში. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად გააადვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. მოქალაქე მომსახურებას მიიღებს საქართველოს ყველა ძირითად რეგიონულ ცენტრში იუსტიციის სახლების მეშვეობით ერთ სივრცეში (ამჟამად საგანმანათლებლო დოკუმენტების დამოწმება ხორციელდება მხოლოდ თბილისში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში); მოქალაქეს აღარ დასჭირდება, სხვადასხვა უწყებას მიმართოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების დამოწმებისათვის (მაგალითად, დაბადების მოწმობის დამოწმებისათვის − სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, დიპლომისათვის − სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს), მომსახურებას მიღება შესაძლებელი იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით. პასუხისმგებელი ორგანო: სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 5: მოქალაქის პორტალის − www.my.gov.ge − განვითარება მოქალაქის პორტალის (შემდგომში − პორტალი) www.my.gov.ge მეშვეობით შესაძლებელი გახდა საჯარო მომსახურების მიღება ონლაინ და საჯარო დაწესებულებასა და მოქალაქეს შორის ელექტრონული კომუნიკაცია. პორტალის დანერგვით საქართველოს მთავრობამ გაზარდა სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობა და ანგარიშვალდებულება, შესაძლებელი გახადა მოქალაქესთან მარტივი კომუნიკაცია, მომსახურების გაწევისას კი კორუფციის რისკი ნულამდე დაიყვანა. პორტალი 2012 წლიდან მოქმედებს. 2013 წლისათვის პორტალზე ინტეგრირებული იყო 60-მდე სახელმწიფო სერვისი და 80-მდე კომუნალური გადასახადი. პორტალს აქვს ბიზნესის ონლაინრეგისტრაციის მოდული. გარდა ამისა, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულად გააგზავნოს წერილი სახელმწიფო უწყებაში და ელექტრონულადვე მიიღოს პასუხი. ამ ვალდებულების ფარგლებში, სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო განავითარებს პორტალს და დაამატებს ახალ სერვისებს. 2015 წლის ბოლომდე სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ელექტრონული სერვისების პორტალზე ინტეგრირებას. პორტალს დაემატება მუნიციპალური ელექტრონული სერვისებიც. მხედველობაში იქნება მიღებული შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის რელევანტური რეკომენდაციები. პორტალზე არსებული ელექტრონული სერვისების უფრო მარტივად გამოყენების მიზნით სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო შექმნის მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების კატალოგს, პორტალის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად კი, 2015 წლის ბოლომდე დაგეგმავს და განახორციელებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 6: ელექტრონული მმართველობის დანერგვის გზით ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერება ა) საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში რეგიონული განვითარება, რეგიონებში მოქალაქეთათვის სერვისების ხელმისაწვდომობა და მათი ჩართულობა არის გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობამ საზოგადოებრივი ცენტრების (შემდგომში − ცენტრი) განვითარება დაიწყო. ცენტრი ასრულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის სერვისების მიწოდების, ისე საზოგადოების ჩართულობისა და გააქტიურების ფუნქციას. ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით. ცენტრში დასაქმებულნი არიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის გამოყენებით ცენტრალური, მუნიციპალური ორგანოების და კერძო სექტორის სერვისებს აწვდიან მოსახლეობას. საზოგადოებრივ ცენტრში განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი და გამოყოფილია სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად. მოქალაქეთათვის, ასევე, ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეოკონფერენციის აპარატურა, ბანკომატები და სწრაფი გადახდის აპარატები. ცენტრების განვითარება საქართველოში უზრუნველყოფს როგორც საჯარო, ისე ყველაზე მოთხოვნადი კერძო სერვისების ხელსაწვდომობას სოფლის დონეზე. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-მდე მომსახურება. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 12 ცენტრი ფუნქციონირებს, 2014 წლის ბოლომდე დაგეგმილია 6 დამატებითი ცენტრის მშენებლობა, რაც გაზრდის ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ მოქალაქეთა რიცხვს. პასუხისმგებელი ორგანო: სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
ბ) ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში მუნიციპალური სერვისების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა და დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში მიზნად ისახავს მმართველობის დონის გაუმჯობესებას და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაზრდას. საპილოტე პროექტის ფარგლებში მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებში არსებული მომსახურებების 10-მდე პროცესის შესწავლა და მასზე დაყრდნობით მუნიციპალური სერვისების მართვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში − სისტემა) შემუშავება. 2014 წლის განმავლობაში სისტემის დანერგვა დაიწყება 6 საპილოტე მუნიციპალიტეტში (ქარელი, თეთრიწყარო, ხაშური, ხობი, ახმეტა, გარდაბანი), რისთვისაც დაგეგმილია შესაბამისი კადრების გადამზადება და მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა ტრენინგი. სისტემაში ჩართვის შედეგად პროცესები იქნება უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი. შესაძლებელი გახდება წვდომა არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან (სსიპ-ების − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალურ მომსახურების სააგენტოს, და ცენტრალური ხელისუფლებისა თუ სხვა კერძო კომპანიების მონაცემთა ბაზები), რაც შეამცირებს ადამიანური და დროითი რესურსების დანახარჯებს ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატში მოქალაქეთა მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შემოწმების კუთხით. სერვისები, რომელთა მიწოდებაც მოხდება სისტემის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება www.my.gov.ge პორტალიდანაც. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესწავლის მიზნით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ჩაატარებს კვლევას და კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს ახალ პორტალს, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ცენტრების საქმიანობის შესახებ. 2014-2015 წლებში ელექტრონული მმართველობა დაინერგება დამატებით 4 მუნიციპალიტეტში. ამასთან, სისტემის განვითარების მიზნით იგეგმება პროექტის საწყის ეტაპზე შერჩეული მომსახურებების რაოდენობის გაზრდა, სხვა მომსახურებების შესწავლა და სისტემაში შესაბამისი საქმისწარმოების პროცესების გათვალისწინება. პასუხისმგებელი ორგანო: სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხოციელების ვადა: 2014-2015 წწ.
ვალდებულება 7: რეგიონების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციის გზით ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე ჯერ კიდევ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოწვევად რჩება. საქართველოს მთავრობა ინოვაციური პროექტებით ცდილობს, გადალახოს ე.წ. ციფრული დაყოფა და სერვისები და საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონებში. ეს ვალდებულება გულისხმობს საჯარო ბიბლიოთეკების გამოყენებას ახალი დანიშნულებით: ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად საჯარო ბიბლიოთეკები შეიძენს საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციებს. საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად საჯარო ბიბლიოთეკები იქნება დამატებითი საშუალება სოფლის მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ინტერნეტი, კომპიუტერული ტექნიკა, ახალი წიგნები) აღჭურვილ საჯარო ბიბლიოთეკებში საზოგადოებას მომსახურებას გაუწევენ გადამზადებული ბიბლიოთეკარები. პროექტი მიზნად ისახავს რეგიონულ დონეზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას, ბიბლიოთეკარების შესაძლებლობების ამაღლებას ელექტრონული მმართველობისა და ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით. 2014 წელს საპილოტე პროექტი 4 საჯარო ბიბლიოთეკაში განხორციელდება. პილოტის შედეგების გათვალისწინებით მუშაობა გაგრძელდება 2015 წელს. პასუხისმგებელი ორგანო: სსიპ - სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 8: ციფრული ხელმოწერა და ონლაინ ავთენტიფიკაცია საქართველოში საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმის ფარგლებში სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იმუშავებს ორი ძირითადი მიმართულებით: 1. ონლაინ ავთენტიფიკაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და მასში რეალიზებული უსაფრთხო ავთენტიფიკაციის მექანიზმების გამოყენებით. 2. ციფრული ხელმოწერისა და ციფრული შტამპის განვითარება საქართველოში, რაც მიზნად ისახავს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემების განვითარებას ციფრული ხელმოწერის და ციფრული შტამპის (ციფრული ხელმოწერა ორგანიზაციის სახელით) მექანიზმების შექმნისა და დახვეწის გზით. საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარება გაამარტივებს ორგანიზაციის შიდა პროცესებს ქაღალდზე დაფუძნებული სამუშაოს შემცირების გზით, ასევე, გააუმჯობესებს მოქალაქეთა მომსახურებას, მისცემს რა მათ საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად განახორციელონ მნიშვნელოვანი ხელმოწერები. ციფრული შტამპი ხელს შეუწყობს ორგანიზაციებს, უფრო ეფექტურად განახორციელონ სხვადასხვა დოკუმენტის (მაგალითად, უკვე შეთანხმებული ხელშეკრულებების) ხელმოწერა და, მეორე მხრივ, შექმნის დამატებით სტიმულს პირადი ციფრული ხელმოწერების განვითარებისთვის, ვინაიდან დღესდღეობით ისეთი ხელშეკრულებების უმრავლესობაზე, რომლებზეც მოქალაქე ხელს აწერს საკუთარი სახელით, როგორც ფიზიკური პირი, მეორე მხარეს წარმოადგენს ორგანიზაცია (შრომითი ხელშეკრულებები, საბანკო მომსახურება და ა.შ.). ხაზგასასმელია, რომ მსგავსი მომსახურების მიწოდებაზე მოთხოვნა მისი მომხმარებლების (ბანკები, სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ა.შ.) მხრიდან მოდის. ინიციატივა ხელს შეუწყობს ელექტრონული სერვისების განვითარებას, საქმიან ურთიერთობებში ქაღალდის დოკუმენტების ელექტრონულით ჩანაცვლებას, პროცესების მეტ ეფექტურობას და გამჭვირვალობას. პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ოფიციალური დოკუმენტების (მაგალითად, დაბადების მოწმობა, ატესტატი, დიპლომი) ელექტრონული სახით გაცემა, რაც დაზოგავს როგორც ქაღალდის, ისე საბეჭდი აპარატურის შეძენა-მომსახურების ხარჯებს და გააუმჯობესებს მომსახურებას. პასუხისმგებელი ორგანო: სსიპ - სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 - 2015 წწ.
ვალდებულება 9: ღია მონაცემების პორტალის შექმნა (data.gov.ge) ღია მონაცემებს განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც ღია მმართველობაში, ისე ელექტრონული მთავრობის თანამედროვე მოდელებში. ღია მონაცემების პორტალი გულისხმობს სახელმწიფო დაწესებულებების ღია მონაცემების (მონაცემები, რომელთა შეუზღუდავად წვდომა, გამოყენება და გავრცელება შესაძლებელია) საჯარო გამოქვეყნებას დამუშავებად, გამოთვლად და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატებში, რაც ბიზნესს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, შეუფერხებლად ისარგებლონ ამ მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები და ელექტრონული სერვისები და მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. დღეისათვის საქართველოში საჯარო ინფორმაცია და ღია მონაცემები, ძირითადად, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დანიშნულებით გამოიყენება. გარდა ამ მნიშვნელოვანი მიზნისა, ღია მონაცემები, ასევე, უნდა ემსახურებოდეს ინოვაციის, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მიზნებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებული ვებგვერდი, რომელიც, ძირითადად, სანავიგაციო ხასიათისაა და სამთავრობო ვებგვერდების ელექტრონული მისამართების ერთობლიობას წარმოადგენს, გარდაიქმნას ღია მონაცემთა პორტალად, სადაც ღია მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს (data.gov.uk) და ამერიკის შეერთებული შტატების (data.gov) ღია მონაცემების ვებგვერდების მსგავსად. ამ ვებგვერდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებას სჭირდება სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა, რათა შეგროვდეს და პორტალზე თავი მოიყაროს საჯარო დაწესებულებების მასშტაბით არსებულმა ღია მონაცემებმა და ამით ხელი შეეწყოს ინოვაციას და ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ღია მონაცემთა პორტალები ბევრ ქვეყანაში იქცა საჯარო და კერძო სექტორს შორის წარმატებული პარტნიორობის საფუძვლად. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
გამოწვევა II: საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების ამაღლება
ვალდებულება 10: ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავება ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობაა. ამ მხრივ კანონმდებლობა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს უნდა ითვალისწინებდეს. ამავე დროს, პრაქტიკაში მისი იმპლემენტაცია არ უნდა იწვევდეს სახელმწიფო რესურსისა და, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთა სახსრების არაგონივრულ ხარჯვას. სწორედ ამიტომ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამჟამად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები გაბნეულია ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სირთულეები გვხვდება კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციისას. პრაქტიკაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ამ სფეროს მოსაწესრიგებლად მიზანშეწონილად ჩაითვალა სპეციალური კანონის მიღება, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა აღმოფხვრას არსებული საკანონმდებლო ხარვეზები, ხოლო მეორე მხრივ, უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების კონსოლიდაცია ერთ ნორმატიულ აქტში, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს როგორც პრაქტიკის მოწესრიგებას, ისე ღია, ანგარიშვალდებული, რაციონალური და ოპტიმალური საჯარო სამსახურის განვითარებას. ასეთი სპეციალური კანონი გამოკვეთს საქართველოს მთავრობის ღიაობის პოლიტიკას და გაამარტივებს პროფესიონალთა მუშაობას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე. კანონის შემუშავებასთან დაკავშირებულ პროცესებს კოორდინაციას უწევს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კანონზე მუშაობა არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობს. ფართო საკონსულტაციო პროცესის წარმართვის მიზნით და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე და საერთაშორისო ექსპერტიზის გამოყენებით შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს. კანონპროექტის პირველი ვერსია შემუშავდება 2014 წლის შემოდგომაზე, ხოლო მზა კანონპროექტი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს წარედგინება 2015 წლის გაზაფხულზე. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2015 წლის გაზაფხული
ვალდებულება 11: ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი − ეროვნულ დონეზე ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმი ფორუმი ღია მმართველობის პარტნიორობის ეროვნული საკოორდინაციო-საკონსულტაციო მექანიზმია, რომელიც მოქმედებს ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში და შექმნილია სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობისა და მონიტორინგის მიზნით. ფორუმის წევრები არიან საჯარო დაწესებულებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო სექტორი. ფორუმის პირველი შეხვედრა გაიმართა 2014 წლის 15 იანვარს. მას შემდეგ ფორუმი იკრიბება ყოველთვიურად და, ძირითადად, ორიენტირებულია სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. სამოქმედო გეგმის ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთვის წარდგენის შემდგომ ფორუმი გააგრძელებს ეროვნულ დონეზე სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობას, პროცესის მონიტორინგს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა პროცესების კოორდინაციას. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) უზრუნველყოფს: 1. ფორუმის საქმიანობის კოორდინაციასა და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას; 2. ფორუმის დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების განსაზღვრას; 3. ფორუმის შეხვედრის ოქმის მომზადებასა და ვებგვერდზე განთავსებას; 4. ანტიკორუფციული საბჭოსთვის წელიწადში ორჯერ ფორუმის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წლის იანვრიდან − სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადის განმავლობაში
ვალდებულება 12: ელექტრონული პეტიციების პორტალი (Ichange.ge) პეტიციების ელექტრონული პლატფორმის − I-change − (www.ichange.ge) დანერგვა გაზრდის საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობას, გააადვილებს საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების პროცესს. ელექტრონული პეტიციების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მოქალაქის მიერ საქართველოს მთავრობაში ელექტრონული პეტიციის ინიცირება. საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე (საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“), მოქალაქეების მიერ ინიცირებული წინადადებები საკმარისი რაოდენობის ელექტრონული ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხზე მომუშავე სხვა უწყებებთან ერთად უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ინიცირებული პეტიციის განხილვას. ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება და განიხილავს ინიციატივის პროგრესს. სამუშაო ჯგუფი შედგება ისეთი უწყებების წარმომადგენლებისაგან, როგორიცაა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს პარლამენტი, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, არასამთავრობო სექტორი, განვითარების პარტნიორები და სხვა. მუშაობა დასრულდება და ელექტრონული პეტიციების პორტალი დაინერგება 2015 წელს. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განხორციელების ვადა: 2014 -2015 წწ.
ვალდებულება 13: საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესები ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში მიღების ობიექტური და სანდო სისტემა. მნიშვნელოვანია, პროცედურები იყოს გამჭვირვალე, ობიექტური და, ამავე დროს, დამსაქმებლისთვის − მოქნილი და ეფექტიანი. საჯარო სამსახურში მიღების საკითხები არაერთხელ წამოიჭრა საჯარო კონსულტაციების განმავლობაში. შეხვედრის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ საჯარო სამსახურში მიღების წესების გამჭვირვალე და სანდო მოდელის არსებობის აუცილებლობას. საჯარო სამსახურში მიღების სისტემის დახვეწის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს კოორდინაციას გაუწევს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ფართო საკონსულტაციო პროცესის წარმართვის მიზნით შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 14: საქართველოში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა საქართველოში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების (შემდგომში − დეკლარაცია) ელექტრონული სისტემა დღეისთვის სრულფასოვნად ფუნქციონირებს. თუმცა, სისტემის სრულყოფის მიზნით საჭიროა, დაინერგოს დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი. დეკლარაციების მონიტორინგი საერთაშორისო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კარგად აპრობირებული საშუალებაა. დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებულ პროცესებს კოორდინაციას გაუწევს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. პროცესი წარიმართება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
ვალდებულება 15: პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დამუშავებად ფორმატში საჯარო ფინანსების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაც. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების შესახებ ფინანსური ინფორმაციების გამოქვეყნების ვალდებულებას, რაც პრაქტიკაში სრულდება კიდეც, ღია მმართველობის პარტნიორობის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის რეკომენდაციით მიზანშეწონილია დამუშავებად ფორმატში ანგარიშების გამოქვეყნება. სწორედ ამიტომ პოლიტიკური ფინანსების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით პარტიების მიერ დამუშავებად ფორმატში („Excel“-ის ცხრილები) წარდგენილი ინფორმაცია და დამუშავებული სტატისტიკა გამოქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. პასუხისმგებელი უწყება: სახელმწიფო აუდიტის სამსახური განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 16: ონლაინკონსულტაციის მექანიზმის დანერგვა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში − შსს) ეს ვალდებულება ემსახურება საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და შსს-ს მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ, უსინათლოთათვის, შსს-ის ინფორმაცია ვებგვერდის www.police.ge მეშვეობით სრულად ხელმისაწვდომი არ არის. შსს-ს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან ელექტრონული ფოსტისა და „Facebook“-ის მეშვეობით. თუმცა, უწყების მიზანია, კიდევ უფრო განავითაროს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ მიზნით განათავსოს „ლაივ-ჩათის“ აპლიკაცია შსს-ის ვებგვერდზე. ვალდებულების ფარგლებში შსს-ს ვებგვერდი ხელმისაწვდომი გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დაინერგება ონლაინკონსულტაციების მექანიზმი. „ლაივ-ჩათის“ აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქე შეძლებს, დაუკავშირდეს შსს-ის თანამშრომელს შეკითხვით თუ რეკომენდაციით შსს-ის კომპეტენციას მიკუთვნებულ თემაზე. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 17: ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 17 დეკემბერს მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოების 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა სარეკომენდაციო წერილით მიმართა „OGP“-ის წევრ ქვეყნებს. სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთ-ერთი რეკომენდაცია მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული საჯაროობის უზრუნველყოფას ეხებოდა. საქართველოს მთავრობა იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას მიყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების საჭიროების შესახებ. სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით 2014 წლიდან სასამართლო აწარმოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაზე შუამდგომლობების განხილვის სტატისტიკას, თუმცა, მონაცემები გეგმის შემუშავების ეტაპისთვის პროაქტიულად არ ქვეყნდება. ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების განხორციელება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით არის შესაძლებელი, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს სტატისტიკა და გამოაქვეყნოს იგი პროაქტიულად. 2014 წლის სექტემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოაქვეყნებს მიყურადების შესახებ კვარტალურ სტატისტიკას, 2015 წლიდან კი უზრუნველყოფს წლიური სტატისტიკის გამოქვეყნებას. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს უზენაესი სასამართლო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
ვალდებულება 18: საარჩევნო პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ღია მმართველობის მთავარი კომპონენტია. შესაბამისად, არჩევნებში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესისა და ამ პროცესში მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. აღნიშნული შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამისა და ტრენინგის, ასევე, ლიტერატურის გავრცელების გზით. ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში − ცესკო) და სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში − სწავლების ცენტრი) განახორციელებენ სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო ღონისძიებებს ამომრჩეველთა კორპუსისა და არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის. პასუხისმგებელი უწყება: სწავლების ცენტრი, ცესკო განხორციელების ვადა : 2014 წ.
გამოწვევა III: საჯარო რესურსების უკეთესი მართვა ვალდებულება 19: საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის მუშაობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფაა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საბიუჯეტო პროცესი. საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის მომზადების პროცესში და მისი ინფორმირება ბიუჯეტის შესრულების შესახებ საჯარო ფინანსების ეფექტური და ეფექტიანი მართვისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ერთ-ერთი პრინციპია გამჭვირვალობა. ამჟამად საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფენ წლიური ბიუჯეტის კანონის პროექტის, დამტკიცებული ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ამასთან, ხდება აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება პრეზენტაციებისა და საჭირო დოკუმენტების ვებგვერდზე განთავსების გზით, თუმცა, არ არსებობს ფორმალიზებული სქემა ამ პროცესების სამართავად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოორდინაციით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა და სქემა, თუ რა სახით მოხდება საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებისათვის მიწოდება და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
ვალდებულება 20: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაფართოება − „ყველა ყველაფერს ხედავს“ სახელმწიფო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გააფართოებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას მასში კონკურსის ელექტრონული მოდულის ინტეგრირების გზით. დღეს არსებული წესის შესაბამისად, კონკურსი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული სახეა, ცხადდება სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. კონკურსის ჩატარება არ არის სრულად ავტომატიზებული, როგორც ეს ტენდერების შემთხვევაშია. კონკურსი ტარდება შემსყიდველ ორგანიზაციაში, ხოლო კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ეგზავნება სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომელიც მას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. დღეს არსებული მეთოდი ვერ უზრუნველყოფს გამჭირვალობისა და საჯაროობის ისეთ ხარისხს, როგორიც ტენდერების შემთხვევაშია. კონკურსის ჩატარებისას შემსყიდველი ორგანიზაცია სარგებლობს ფართო ავტონომიით. ასევე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები არ საჩივრდება დავების განხილვის საბჭოში. კონკურსის ელექტრონული მოდულის დანერგვის შედეგად მიმწოდებლებს ექნებათ შესაძლებლობა, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს ტენდერის შემთხვევაში ხდება. კონკურსების სისტემაში დანერგვა მოხსნის გეოგრაფიულ ფაქტორს და გაამარტივებს კონკურსში მონაწილეობას. კონკურსის სისტემაში ინტეგრირების შედეგად უკვე შესაძლებელი იქნება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება დავების განხილვის საბჭოში, რაც უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე მიმწოდებელთა უფლებების ეფექტურ დაცვას. კონკურსების სისტემაში ინტეგრირება კონკურსის ჩატარების პროცესს კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის, რაც პირდაპირ პასუხობს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებს და სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობას უზრუნველყოფს. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განხორციელების ვადა: 2014- 2015 წწ.
ვალდებულება 21: საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარება საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტენსიური განვითარების ფონზე საქართველოს საჯარო სამსახურში ელექტრონული მმართველობის დანერგვა-განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა − e-HMRS − ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული პერსონალის ერთიანი მონაცემთა ბაზაა. მისი მიზანია შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა. e-HMRS არის სისტემა, რომელიც სახელმწიფო სექტორის უწყებებისა და ორგანიზაციების პერსონალის მართვის ფუნქციის ახალ საფეხურზე გადაყვანას უზრუნველყოფს. პროგრამა საშუალებას მისცემს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებს, ოპერატიულად მიიღონ სისტემაში არსებული ინფორმაცია და მიღებული მონაცემები ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის დახვეწის მიზნით გამოიყენონ. ელექტრონული პროგრამა მკვეთრად შეამცირებს მატერიალური, დროითი და ადამიანური რესურსების დანახარჯებს. სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებულ პროცესებს კოორდინაციას გაუწევს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროცესში ჩართულნი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
ვალდებულება 22: ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა დღეისათვის საქართველოში არ არსებობს ელექტრონული არქივის სისტემა, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ელექტრონულად დაბადებული დოკუმენტების ხანგრძლივად შენახვის პროცესში. ელექტრონული არქივი − ციფრული მონაცემების შენახვის ელექტრონული გადაწყვეტა − ციფრული მონაცემების ხანგრძლივი შენახვის, მათი ავთენტური ელექტრონული ხელმისაწვდომობისა და გამოყენებადობის შესაძლებლობას შექმნის. ელექტრონული არქივის პროექტი საქართველოს ელმმართველობის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის საშუალებას მოგვცემს, ხანგრძლივი პერიოდით ტექნოლოგიებისგან ნეიტრალური სახით საიმედოდ შევინახოთ ელექტრონული დოკუმენტი და ინტერნეტის საშუალებით ყველა დაინტერესებული მხარისთვის მასზე წვდომა უზრუნველვყოთ. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საქართველოს ეროვნული აქრივი, სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
ვალდებულება 23: სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა არქივების ღიაობა და საარქივო ფონდთან შეუფერხებელი წვდომა მთავრობათა ღიაობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია IX საუკუნიდან დღემდე შექმნილი უნიკალური ისტორიული მასალა, რომელზეც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შეუზღუდავი წვდომა როგორც მკვლევართათვის, ისე, ზოგადად, მოქალაქეებისათვის. ამჟამად სახელმწიფოს გამგებლობაში არსებული არქივების მომსახურება ფასიანია. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მხოლოდ დოკუმენტების დედნები, რაც ხშირი გამოყენების პირობებში იწვევს დოკუმენტების დაზიანებას. სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის თაოსნობით შეისწავლის და გადასინჯავს ნორმატიულ ბაზას და შეიმუშავებს საჭირო ცვლილებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს არქივების მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა. უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი არქივებში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები, მკვლევარებს შესაძლებლობა ექნებათ, შეუზღუდავად იმუშაონ საარქივო დოკუმენტებზე. არ მოხდება დოკუმენტების დედნების ყოველდღიური გაცემა, რაც უზრუნველყოფს მათ მეტ დაცულობას. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 -2015 წწ.
ვალდებულება 24: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის შექმნა და გამოქვეყნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც მოიცავს ყოფილი უშიშროების კომიტეტისა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ორგანოების არქივებს, საბჭოთა პერიოდშიც და შემდგომაც, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე რთულად ხელმისაწვდომ დაწესებულებას. ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია უნიკალური ისტორიული ინფორმაცია, რაც მოიცავს საქართველოს XX საუკუნის ისტორიის ყველა ასპექტს, ამ არქივისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ხორციელდება დოკუმენტების დიგიტალიზაციისა და მონაცემთა ბაზების ფორმირების პერმანენტული პროცესი, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტები ჯერჯერობით სრულად არ არის სორტირებული თანამედროვე კატალოგიზაციის სისტემით. ზოგიერთი ფონდის აღწერილობა და რეესტრი საკმაოდ ზოგადი შინაარსისაა, რაც დაინტერესებულ პირთათვის, გარკვეულწილად, ართულებს დოკუმენტებთან კომფორტულ წვდომას. ყოფილი უშიშროების არქივში დაცული მასალებისადმი მაღალი საზოგადოებრივი და სამეცნიერო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი უზრუნველყოფს ყოფილი უშიშროების კომიტეტში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის შექმნას (შესაბამისი აღწერილობით) და კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში მის გამოქვეყნებას. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განხორციელების ვადა: 2014 – 2015 წწ.
ვალდებულება 25: საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სერვისების ინტენსიური განვითარების ფონზე საქართველოს საჯარო სამსახურში ელექტრონული მმართველობის დანერგვა-განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის განხორციელება, რომლის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების განსახორციელებლად სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი განაწილება, ამავე დროს, ფინანსური სტაბილობის უზრუნველსაყოფად შემოსავლების მობილიზება. აღნიშნული სტრატეგიით გათვალისწინებულია საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელექტრონული მთავრობის შემდგომ განვითარებას. საჯარო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის შემდგომი სრულყოფა-განვითარება გულისხმობს: − სახელმწიფო ხაზინის მართვის ელექტრონული სისტემის − eTreasury − შემდგომ სრულყოფასა და ფართომასშტაბიან დანერგვას ქვეყნის ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) ორგანიზაციაში, სსიპ-ებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ამ სისტემის მეშვეობით ქვეყანაში გადახდების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. − ბიუჯეტის დაგეგმვის ელექტრონული სისტემის − eBudget − შემდგომ სრულყოფას და დანერგვას ქვეყნის ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) ორგანიზაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩათვლით; − სახელმწიფო ვალის და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის − eDMS − შემდგომ სრულყოფას. აღნიშნული სისტემა სახელმწიფო საშინაო ვალისა და სესხის მართვის ავტომატიზაციისთვის საჭირო ინსტრუმენტების კრებულია. მისი დანიშნულებაა, ერთ ადგილას მოუყაროს თავი სახელმწიფო სესხზე, ვალსა და გრანტებზე არსებულ ყველა სახის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სანდო და სრული ფინანსური ინფორმაციის მიღება; − ელექტრონული აუქციონის სისტემის − eAuction.ge − შემდგომ განვითარებას. ეს არის საქართველოში ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის უნიკალური სისტემა, რომელიც შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ების მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის გზით განკარგვის მიზნით. შედეგად, დღეისათვის ნებისმიერ პირს, ერთი მხრივ, შეუძლია, შეიძინოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ქონება და, მეორე მხრივ, განათავსოს ინფორმაცია საკუთარი გასაყიდი ქონების შესახებ სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014-2015 წწ.
გამოწვევა IV: უსაფრთხო გარემოს შექმნა
ვალდებულება 26: „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული არხების შექმნა უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევის საპასუხოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“ მასთან დაკავშირების ალტერნატიულ და ინოვაციურ არხებს დანერგავს, რათა საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ თითოეულ პირს (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს), საჭიროების შემთხვევაში, „112“-თან ოპერატიული წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ ტელეფონით, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ყოველთვის არ არის, არამედ სხვა არხებითაც. 2014 წლის ბოლოსთვის ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ალტერნატიული არხებით, მათ შორის: ა) სატელეფონო კავშირით; ბ) სხვადასხვა ობიექტზე დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო ან მხუთავი აირის დეტექტორით, რომელიც ობიექტზე საფრთხის წარმოქმნისთანავე განგაშის სიგნალს ავტომატურად გააგზავნის „112“-ში; გ) მოკლეტექსტური შეტყობინებების (SMS) ან ვიდეოზარის მეშვეობით − დაკავშირების ეს არხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომელთაც მეტყველების ან სმენის პრობლემა აქვთ; დ) GPS ტრეკერით − სატელიტური მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც პირი „112“-ში გაგზავნის განგაშის სიგნალს, მაშინაც კი, თუ პირის მობილური აპარატი გასულია მომსახურების ზონიდან. ამასთან, აღნიშნული მოწყობილობა იძლევა შესაძლებლობას, დადგინდეს პირის ზუსტი ადგილმდებარეობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სწრაფი და ეფექტური გადაუდებელი დახმარების გაწევა. პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - „112“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 წ.
ვალდებულება 27: ინტერაქტიული სტატისტიკა და დანაშაულის კრიმინოგენური რუკა ეს ვალდებულება ეხმიანება უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ ღიაობას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას დანაშაულის შესახებ საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და დანაშაულის დეტალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. ვალდებულება გულისხმობს დანაშაულის სტატისტიკის გაფართოებასა და წარმოდგენას ინტერაქტიული და ინოვაციური ფორმატის მეშვეობით. 1. ხელმისაწვდომი იქნება სისხლის სამართლის საქმეების ელექტრონული სისტემის მონაცემებზე დაფუძნებული ინტერაქტიული სტატისტიკა (სისტემა უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონულ წარმოებას გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე). 2. შემუშავდება დანაშაულის დეტალიზებული კრიმინოგენური რუკა, ინტერაქტიული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს დეტალური და მრავალფეროვანი სტატისტიკის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ფორმატში და ცვლადებით, მათ შორის, დროის, დანაშაულის ტიპის, რეგიონისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განხორციელების ვადა: 2014 – 2015 წწ.
IV. სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; 3. საქართველოს უზენაესი სასამართლო; 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 5. სსიპ - იუსტიციის სახლი; 6. სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო; 7. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; 8. სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო; 9. სახელმწიფო აუდიტის სამსახური; 10. სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 12. სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; 13. სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი; 14. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; 15. სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური; 16. სსიპ - „112“.
[1] კორუფციის გლობალური ბარომეტრი, 2013 წ. გვ. 33, საერთაშორისო გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომია: http://www.transparency.org/gcb2013/report. [2] ბიზნესის კეთება 2014, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი / მსოფლიო, მე-11 გამოცემა. გვ. 193, ხელმისაწვდომია: http://www.doingbusiness.org/reports/global-reports/doing-business-2014.
[3] იხ. არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართვა - www.justice.gov.ge.pdf [4] ფორუმი შედგებოდა შვიდი არასამთავრობო და ერთი დონორი ორგანიზაციისგან. შეხვედრებზე ფორუმის შემადგენლობა ერთმანეთს უზიარებდა იდეებს და სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სიახლეებს. |
დანართი
|
ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა
ვალდებულებათა ჩამონათვალი |
* ღია მმართველობის პარტნიორობის ხუთი გამოწვევიდან სამოქმედო გეგმა ეხება 4 გამოწვევას: I. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება II. საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება III. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა IV. უსაფრთხო გარემოს შექმნა . |
დოკუმენტის კომენტარები