შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ

შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700/7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 14/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016280
700/7
15/04/1994
ვებგვერდი, 24/09/2014
480610000.03.030.016280
შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ

წევრი სახელმწიფოები,

გამოთქვამენ რა სურვილს, შეამცირონ საერთაშორისო ვაჭრობის დამაბრკოლებელი და ხელშემშლელი ფაქტორები და ითვალისწინებენ რა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტური და ადეკვატური დაცვის ხელშეწყობის, აგრეთვე იმის უზრუნველყოფის საჭიროებას, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა განსახორციელებლად გამიზნულმა ღონისძიებებმა და პროცედურულმა ნორმებმა თავისთავად არ შეუშალოს ხელი კანონიერ ვაჭრობას;

აღიარებენ რა, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ახალი წესებისა და დისციპლინების შექმნა, რომლებიც მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

ა) GATT 1994-ის და ინტელექტუალური საკუთრების თაობაზე დადებული შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების ძირითადი პრინციპების გატარება;

ბ) ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების არსებობის, მოქმედების სფეროსა და გამოყენების თაობაზე ადეკვატური სტანდარტებისა და პრინციპების შემუშავება;

გ) ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა განხორციელებისთვის ეფექტური და სათანადო საშუალებების უზრუნველყოფა ეროვნული საკანონმდებლო სისტემებს შორის არსებულ განსხვავებათა გათვალისწინებით;

დ) მთავრობათა შორის წარმოქმნილი დავების მრავალმხრივი აღკვეთისა და დარეგულირებისათვის ეფექტური და გადაუდებელი პროცედურული ნორმების შემუშავება; და

ე) გარდამავალი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებების შედეგებში სრული მონაწილეობის მიღებას;

აღიარებენ რა გაყალბებული საქონლით საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებით პრინციპების, წესებისა და რეგლამენტების მრავალმხრივი სისტემის არსებობის საჭიროებას;

აღიარებენ რა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებები წარმოადგენს პირად უფლებებს;

აღიარებენ რა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემების ფუნდამენტურ სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს, განვითარებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნების ჩათვლით;

აღიარებენ რა აგრეთვე ყველაზე ნაკლებად განვითარებული წევრი სახელმწიფოების სპეციფიკურ საჭიროებებს კანონებისა და რეგლამენტების ქვეყნის შიგნით განხორციელების მაქსიმალურად მოქნილი სისტემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ მტკიცე და სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიური ბაზის შექმნა;

ხაზს უსვამენ რა დაძაბულობების შენელების მნიშვნელობას, რაც უნდა განხორციელდეს უფრო მტკიცე ვალდებულებების აღების გზით მრავალმხრივი პროცედურების მეშვეობით ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან მიმართებით წარმოქმნილი დავების დარეგულირების მიზნით.

გამოთქვამენ რა სურვილს, დაამყარონ ურთიერთდამხმარე ურთიერთობა მსო-სა და მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციას (წინამდებარე შეთანხმებაში მოხსენიებული როგორც “ისმო"), ისევე როგორც სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის;

თანხმდებიან შემდეგზე:


ნაწილი I

ზოგადი დებულებები და ძირითადი პრინციპები

 

მუხლი 1

ვალდებულებების ხასიათი და ფარგლები

1. წევრი სახელმწიფოები აამოქმედებენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებებს. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, თუმცა ვალდებულნი არ არიან, თავიანთ კანონმდებლობაში გაითვალისწინონ უფრო ფართო დაცვა, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმებით, იმ პირობით, რომ ასეთი სახის დაცვა არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს. წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ სრული თავისუფლება თავად განსაზღვრონ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების სათანადო მეთოდი საკუთარი სამართლებრივი სისტემისა და პრაქტიკის ფარგლებში.

2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ინტელექტუალური საკუთრება" მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა იმ კატეგორიას, რომლებიც განხილულია _ ნაწილი II 1-7 თავებში.

3. წევრი სახელმწიფოები სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს უმკვიდრებენ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რეჟიმს. რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების შესაბამის უფლებას, სხვა წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები ნიშნავს იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პარიზის კონვენციით (1967 წ.), ბერნის კონვენციით (1971წ.), რომის კონვენციით და ინტეგრალურ სქემებთან მიმართებაში ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვის უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, იმ შემთხვევაში, თუ “მსო"-ს შეთანხმების ყველა წევრი სახელმწიფო ამ კონვენციის წევრია. თითოეული წევრი სახელმწიფო, რომელიც სარგებლობს რომის კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობებით, აცნობებს ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების საბჭოს (“TRIPS"_ის საბჭო), აღნიშნული დებულებების თანახმად.

 

მუხლი 2

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული კონვენციები

1. წინამდებარე შეთანხმების II, III და IV ნაწილების თანახმად წევრი სახელმწიფოები იცავენ პარიზის კონვენციის (1967 წ.) მუხლების 1-12 და 9 დებულებათა მოთხოვნებს.

2. წინამდებარე შეთანხმების I-IV ნაწილებიდან არცერთი არ ითვალისწინებს გამონაკლისს იმ ვალდებულებებიდან, რაც თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს ნაკისრი ერთმანეთის მიმართ პარიზის კონვენციის, ბერნის კონვენციის, რომის კონვენციისა და ინტეგრალურ მიკროსქემებთან მიმართებაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 3

ეროვნული ხელშეწყობის რეჟიმი

1. თითოეული წევრი სახელმწიფო სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს სთავაზობს ხელშეწყობის ისეთ რეჟიმს, რომელიც არ იქნება იმაზე უფრო ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ისინი სთავაზობენ თავიანთ მოქალაქეებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია შესაბამისად პარიზის კონვენციით (1967 წ.), ბერნის კონვენციით (1971წ.), რომის კონვენციით ან კიდევ ინტეგრალურ სქემებთან დაკავშირებულ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შეთანხმებებით. რაც შეეხება შემსრულებლებს, ფონოგრამათა მწარმოებლებს და სამაუწყებლო ორგანიზაციებს, ეს ვალდებულება შეეხება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც სარგებლობს ბერნის კონვენციის (1971 წ.) მუხლი 6 ან რომის კონვენციის მუხლი 16 1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობებით, მოვალეა ამის შესახებ აცნობოს “TRIPS"-ის საბჭოს, აღნიშნული დებულებების თანახმად.

2. წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ პუნქტით 1 გათვალისწინებული გამონაკლისებით სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით, მათ შორის მისამართის მითითება შეტყობინების გასაგზავნად ან რომელიმე წევრი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში აგენტის დანიშვნა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სახის გამონაკლისები საჭიროა იმ კანონების და ინსტრუქციების დასაცავად, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს და როდესაც ასეთი სახის პრაქტიკა არ გამოიყენება ისეთი სახით, რომ მან ფარულად შეზღუდოს ვაჭრობა.

 

მუხლი 4

უპირატესი ეროვნული ხელშეწყობის რეჟიმი

ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან მიმართებით, ნებისმიერი უპირატესობა, პრივილეგია და იმუნიტეტი, რომლებსაც რომელიმე წევრი სახელმწიფო ანიჭებს სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გავრცელდეს ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებზე. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება წევრი სახელმწიფოს მიერ ნებადართულ ყველა იმ უპირატესობაზე, პრივილეგიაზე ან იმუნიტეტზე, რომელიც:

ა) გამომდინარეობს საერთაშორისო შეთანხმებებიდან საერთო ხასიათის სასამართლო დახმარების ან კანონის აღსრულების შესახებ და რომლებიც არ შემოიფარგლება კონკრეტულად ინტელექტუალური საკუთრების დაცვით;

ბ) მინიჭებულია ბერნის (1971 წ.) ან რომის კონვენციის დებულებებით, რომლებიც ითვალისწინებს, რომ ნებადართული რეჟიმი წარმოადგენდეს არა ეროვნული რეჟიმის მოქმედებას, არამედ სხვა ქვეყანაში ნებადართული რეჟიმისა;

გ) ეხება შემსრულებელთა, ფონოგრამათა მწარმოებლების და სამაუწყებლო ორგანიზაციების უფლებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით;

დ) გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებიც ძალაში შევიდა “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლამდე, იმ პირობით, რომ ასეთი სახის შეთანხმებების შესახებ ეცნობება “TRIPS"-ის საბჭოს და ისინი არ ითვალისწინებენ დანარჩენი წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას.

 

მუხლი 5

მრავალმხრივი შეთანხმებები დაცვის უფლების

მოპოვებაზე ან შენარჩუნებაზე

მუხლებით 3 და 4 გათვალისწინებული მოვალეობები არ შეეხება იმ პროცედურებს, რომლებიც გათვალისწინებულია “ისმო"-ს ეგიდით დადებულ მრავალმხრივი შეთანხმებებით და რომლებიც განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მიღებასა და შენარჩუნებას.

 

მუხლი 6

უფლებათა ვადის გასვლა

წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ დავათა დარეგულირების მიზნით და მუხლების 3 და 4 თანახმად წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ვადის გასვლის საკითხის განსახილველად.

 

მუხლი 7

მიზნები

ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვა და აღსრულება გამიზნული უნდა იყოს ტექნოლოგიური სიახლეების შემუშავების, გადაცემისა და გავრცელების ხელშესაწყობად, ტექნოლოგიური ცოდნის როგორც მწარმოებელთა, ისე მომხმარებელთა საერთო სარგებლობისთვის და ისეთი გზით, რომ ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას და დაამყაროს წონასწორობა უფლებებსა და მოვალეობებს შორის.

 

მუხლი 8

პრინციპები

1. წევრ სახელმწიფოებს თავიანთი კანონებისა და რეგლამენტების ფორმულირების ან შესწორების დროს შეუძლიათ მიიღონ საჭირო ზომები ადამიანთა ჯანმრთელობის და კვების პირობების დასაცავად და ხელი შეუწყონ საზოგადოების დაინტერესებას მათი სოციალურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სფეროებით, იმ პირობით, რომ ასეთი სახის ზომები შესაბამისობაში იქნება წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან.

2. შესაბამისი ზომების მიღება შეიძლება საჭირო გახდეს უფლების მფლობელთა მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ან ისეთი პრაქტიკის აღსაკვეთად, რომელიც გაუმართლებლად ზღუდავს ვაჭრობას ან ხელშემშლელ ზემოქმედებას ახდენს ტექნოლოგიის საერთაშორისო გადაცემაზე იმ პირობით, რომ ასეთი ზომები შესაბამისობაში იქნება წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან.

 

ნაწილი II

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით სარგებლობის,

ფარგლების და გამოყენების სტანდარტები

ნაკვეთი 1

საავტორო უფლება და მასთან დაკავშირებული უფლებები

 

მუხლი 9

დამოკიდებულება ბერნის კონვენციასთან

1. წევრი სახელმწიფოები იცავენ ბერნის კონვენციის (1971 წ.) მუხლების 1-21 და ამ კონვენციის დანართის დებულებებს. მიუხედავად ამისა, წინამდებარე შეთანხმების თანახმად წევრ ქვეყნებს არ ენიჭებათ უფლებები და არ ეკისრებათ მოვალეობები აღნიშნული კონვენციის 6bis მუხლით მინიჭებულ უფლებებთან ან მათგან მომდინარე უფლებებთან დაკავშირებით.

2. საავტორო უფლების დაცვა ვრცელდება გამოსახვის ფორმებზე და არა იდეებზე, პროცედურებზე, ფუნქციონირების მეთოდებზე ან მათემატიკურ კონცეფციებზე, როგორც ასეთზე.

 

მუხლი 10

კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები

1. კომპიუტერული პროგრამები, იქნება ეს წყაროს თუ ობიექტის კოდით, დაცულია ბერნის კონვენციით (1971 წ.), როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები.

2. მონაცემთა ან სხვა მასალის ბაზები, იქნება ეს მანქანურად წაკითხვადი თუ სხვა ფორმით წარმოდგენილი, რომლებიც მათი შინაარსის შერჩევის ან წყობის მიზეზის გამო უტოლდება ინტელექტუალურ ქმნილებას, ასევე ექვემდებარება დაცვას როგორც ასეთი. ასეთი დაცვა, რომელიც არ ვრცელდება თვით მონაცემებზე ან მასალაზე, არ უნდა ეხებოდეს საავტორო უფლებას, რომელიც ვრცელდება მონაცემებზე ან თვითონ მასალაზე.

 

მუხლი 11

გაქირავების უფლებები

რაც შეეხება ისეთ ქმნილებებს, როგორებიცაა, სულ მცირე, კომპიუტერული პროგრამები და კინემატოგრაფიული ნაწარმოებები, ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ავტორებს და მათ სამართალმემკვიდრეებს აძლევს საზოგადოებისათვის თავიანთი საავტორო ნაშრომთა ორიგინალების ან ასლების კომერციული მიქირავების ნებართვის გაცემის ან აკრძალვის უფლებებს. ნებისმიერი წევრი სახელმწიფო თავისუფლდება ამ ვალდებულებისგან, როცა საქმე ეხება კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებს თუ ასეთი სახის გაქირავებამ ამ ნაწარმოებთა ფართოდ გავრცელებულ ასლგადაღებას არ შეუწყო ხელი, რაც არსებით ზიანს მიაყენებდა რეპროდუცირების განსაკუთრებულ უფლებას, რომელიც ამ წევრ სახელმწიფოში ავტორს ან მის მემკვიდრეს აქვს მინიჭებული. რაც შეეხება კომპიუტერულ პროგრამებს, ეს ვალდებულება არ ეხება ისეთი სახის გაქირავებას, როდესაც თვით პროგრამა არ წარმოადგენს გაქირავების ძირითად საგანს.

 

მუხლი 12

დაცვის ვადა

როდესაც ისეთი ნაწარმოების დაცვის ვადა, რომელიც არ მიეკუთვნება ფოტოგრაფიული ან გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებს, გამოითვლება არა ფიზიკური პირის სიცოცხლის ხანგრძლივობის საფუძველზე; იგი შეადგენს არანაკლებ 50 წელს ნებადართული გამოქვეყნების კალენდარული წლის დასასრულიდან, ან 50 წელს ნაწარმოების შექმნიდან, ხოლო ასეთი ნებადართული გამოქვეყნების არარსებობის შემთხვევაში – 50 წელს მისი შექმნის კალენდარული წლის დასასრულიდან.

 

მუხლი 13

შეზღუდვები და გამონაკლისები

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან გარკვეულ სპეციფიურ შემთხვევებში დაუწესონ შეზღუდვები ან გამონაკლისები განსაკუთრებულ უფლებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და დაუსაბუთებლად არ ბღალავდეს უფლების მფლობელის კანონიერ ინტერესებს.

 

მუხლი 14

შემსრულებელთა, ფონოგრამათა (ბგერის ჩანაწერთა)

მწარმოებელთა და სამაუწყებლო ორგანიზაციათა

უფლებების დაცვა

1. რაც შეეხება ფონოგრამაზე ნაწარმოებთა ფიქსირებას, შემსრულებლებს ეძლევათ შემდეგი ქმედებების აღკვეთის შესაძლებლობა, თუ ისინი ხორციელდება მათი ნებართვის გარეშე: მათი დაუფიქსირებელი ნაწარმოებების ფიქსირება და ასეთი ფიქსირების აღწარმოება. შემსრულებლებს შესაძლებლობა ეძლევათ აღკვეთონ აგრეთვე შემდეგი სახის ქმედებები, რომლებიც ასევე მათი ნებართვის გარეშე ხორციელდება – მაუწყებლობა ეთერში და ცოცხალი შესრულების გაცნობა საზოგადოებისათვის.

2. ფონოგრამათა მწარმოებლებს უფლება აქვთ გასცენ ნებართვა მათი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით აღწარმოებაზე.

3. სამაუწყებლო ორგანიზაციებს უფლება აქვთ აკრძალონ შემდეგი სახის ქმედებები, თუ ისინი მათი ნებართვის გარეშე ხორციელდება: ფიქსირება, აღწარმოება, რადიოგადაცემათა რეტრანსლირება ეთერის გამოყენებით, ასევე საზოგადოებისათვის სატელევიზიო გადაცემათა მიწოდება. თუ წევრი სახელმწიფოები სამაუწყებლო ორგანიზაციებს არ ანიჭებენ ასეთ უფლებებს, ისინი მოვალენი არიან რადიოგადაცემათა საგანზე საავტორო უფლების მფლობელებს მისცენ ზემოაღნიშნული ქმედებების აღკვეთის შესაძლებლობა ბერნის კონვენციის (1971 წ.) დებულების თანახმად.

4. მუხლი 11-ის დებულებები, რომლებიც ეხება კომპიუტერულ პროგრამებს, მუტატის მუტანდის გამოიყენება ფონოგრამათა მწარმოებლების და ფონოგრამებზე უფლებების მფლობელი ნებისმიერი პირის მიმართ, როგორც ეს წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. თუ 1994 წლის 15 აპრილისათვის წევრ სახელმწიფოებში ძალაში იყო უფლების მფლობელთა სამართლიანი კომპენსაციის სისტემა ფონოგრამათა გაქირავებასთან დაკავშირებით, ასეთი სისტემა შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს იმ პირობით, რომ ფონოგრამათა კომერციული გაქირავება არ გახდება უფლების მფლობელთა აღწარმოების განსაკუთრებული უფლებებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მიზეზი.

5. დაცვის ვადა, რომელსაც ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმება შემსრულებელთა და ფონოგრამების მწარმოებელთა მიმართ, განისაზღვრება სულ მცირე დროის 50-წლიანი პერიოდით, რომელიც აითვლება დაფიქსირების განხორციელების ან შესრულების კალენდარული წლის დასასრულიდან. პუნქტი 3-ის თანახმად მინიჭებული დაცვის ვადა გრძელდება სულ მცირე 20 წლის მანძილზე იმ კალენდარული წლის დასასრულიდან მოყოლებული, რომელ წელსაც გავიდა რადიოგადაცემა ეთერში.

6. ნებისმიერი წევრი ქვეყანა უფლებამოსილია პუნქტებით 1, 2 და 3 მინიჭებულ უფლებებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს პირობები, შეზღუდვები, გამონაკლისები და შენიშვნები რომის კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ბერნის კონვენციის (1971 წ.) მუხლი 18 დებულებები გამოიყენება აგრეთვე, Mutatis mutandis, შემსრულებელთა და ფონოგრამათა მწარმოებლების უფლებათა მიმართ.

 

ნაკვეთი 2

სასაქონლო ნიშნები

 

მუხლი 15

დაცვის საგანი

1. ნებისმიერი ნიშანი ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს. ასეთი სახის ნიშნებს, კერძოდ, სიტყვებს, მათ შორის საკუთარ სახელებს, ასოებს, ციფრებს, ფიგურულ ელემენტებს და ფერთა კომბინაციებს, აგრეთვე ასეთ ნიშანთა ნებისმიერ კომბინაციას ენიჭება რეგისტრირების უფლება სასაქონლო ნიშნის სახით. როდესაც ნიშნებს არ შესწევთ შესაბამისი საქონლის ან მომსახურებათა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განსხვავების უნარი, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაუშვან მათი რეგისტრაცია, რაც დამოკიდებული იქნება მათი განსხვავების უნარზე უკვე გამოყენების პროცესში. წევრ სახელმწიფოებს რეგისტრაციის პირობის სახით შეუძლიათ მოითხოვონ, რომ აღნიშნული ნიშნები იყოს ვიზუალურად აღქმადი.

2. პუნქტი 1 არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ თითქოს ის გულისხმობდეს წევრი ქვეყნის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე სხვა საფუძვლით უარის თქმის აკრძალვას იმ პირობით, რომ აღნიშნული საფუძვლები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პარიზის კონვენციის (1967 წ.) დებულებებს.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაუშვან ისეთი რეგისტრაცია, რომელიც დამოკიდებული იქნება გამოყენებაზე. მიუხედავად ამისა, სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენება არ ჩაითვლება იმის პირობად, რომ წარდგენილ იქნას განაცხადი რეგისტრაციაზე. დაუშვებელია განაცხადზე უარის თქმა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ განზრახულ გამოყენებას ადგილი არ ჰქონია განაცხადის წარდგენის თარიღიდან სამწლიანი ვადის გასვლამდე.

4. საქონლისა და მომსახურების ხასიათი, რომელსაც განეკუთვნება სასაქონლო ნიშანი, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს დაბრკოლებად სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის.

5. წევრი სახელმწიფოები თითოეულ სასაქონლო ნიშანს აქვეყნებენ მათი რეგისტრაციის წინ ან რეგისტრაციისთანავე და უზრუნველყოფენ სათანადო შესაძლებლობას რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე განაცხადის გასაკეთებლად. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველყონ აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გასაჩივრების შესაძლებლობაც.

 

მუხლი 16

მინიჭებული უფლებები

1. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც იდენტური ან მსგავსია საქონლისა ან მომსახურებისა, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება იდენტურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ზემოთ აღწერილი უფლებები არ უნდა არღვევდეს უკვე არსებულ უფლებებს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წევრი სახელმწიფოების მიერ უფლებების მინიჭების შესაძლებლობას მათი გამოყენების საფუძველზე.

2. პარიზის კონვენციის (1967 წ.) 6bis მუხლის დებულებები mutatis mutandis ეხება მომსახურებასაც. იმის დასადგენად, არის თუ არა სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილი, წევრი სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სასაქონლო ნიშნის შესახებ საზოგადოების შესაბამის წრეებში არსებულ ცოდნას, მათ შორის შესაბამის წევრ სახელმწიფოში მის შესახებ არსებულ ცოდნას, რაც სასაქონლო ნიშნის რეკლამირების შედეგად იქნა შეძენილი.

3. პარიზის კონვენციის (1967 წ.) 6bis მუხლი mutatis mutandis გამოიყენება იმ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის იმ საქონლის ან მომსახურების მსგავსი, რომელთა მიმართაც არის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი, იმ პირობით, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენება აღნიშნულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით მიუთითებს ამ საქონელსა ან მომსახურებას და რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს შორის კავშირზე და რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის ინტერესები შეიძლება შეილახოს ასეთი გამოყენებით.

 

მუხლი 17

გამონაკლისები

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები სასაქონლო ნიშნით მინიჭებული უფლებებიდან, როგორიცაა აღწერილობითი ტერმინების კეთილსინდისიერი გამოყენება, იმ პირობით, რომ ასეთი სახის გამონაკლისებში გათვალისწინებული იქნება სასაქონლო ნიშნის მფლობელისა და მესამე პირების კანონიერი ინტერესები.

 

მუხლი 18

დაცვის ვადა

სასაქონლო ნიშნის თავდაპირველი რეგისტრაცია და რეგისტრაციის ყოველი განახლება უნდა განხორციელდეს არანაკლებ შვიდი წლის ვადით. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განახლება შესაძლებელია დაუსრულებლად.

 

მუხლი 19

გამოყენების მოთხოვნა

1. თუ გამოყენება საჭიროა რეგისტრაციის ძალაში შესანარჩუნებლად, რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ გამოუყენებლობის სულ მცირე სამწლიანი უწყვეტი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი არ მიუთითებს დასაბუთებულ მიზეზზე, რომელიც ემყარება ასეთი გამოყენებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობას. გამოუყენებლობის დასაბუთებულ მიზეზად ჩაითვლება ის გარემოებები, რომლებიც სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნება-სურვილისაგან დამოუკიდებლად წარმოიქმნება და რომლებიც დაბრკოლებას უქმნის სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, როგორიცაა იმპორტის შეზღუდვები ან სხვა მოთხოვნები სამთავრობო დონეზე სასაქონლო ნიშნით დაცული საქონლის ან მომსახურების მიმართ.

2. როდესაც სასაქონლო ნიშანი მისი მფლობელის კონტროლის ქვეშაა, ამ ნიშნის გამოყენება სხვა პირის მიერ ჩაითვლება როგორც სასაქონლო ნიშნის გამოყენება მისი რეგისტრაციის შენარჩუნების მიზნით.

 

მუხლი 20

სხვა მოთხოვნები

ვაჭრობის პროცესში სასაქონლო ნიშნის გამოყენება არ უნდა ექვემდებარებოდეს გაუმართლებელ შევიწროვებას სპეციალური მოთხოვნებით, როგორიცაა სხვა სახის სასაქონლო ნიშანთან ერთად გამოყენების მოთხოვნა, სპეციალური ფორმით ან ისეთი სახით გამოყენების მოთხოვნა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის შესაძლებლობას, განასხვაოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება სხვა საწარმოს საქონლის ან მომსახურებისაგან. ეს არ გამორიცხავს საქონლის ან მომსახურების მწარმოებლის საიდენტიფიკაციო სასაქონლო ნიშნის ისეთ ნიშანთან ერთად გამოყენების, მაგრამ არა მასთან მიერთების მოთხოვნას, რომელიც განასხვავებს ამ საწარმოს მიერ წარმოებულ საქონელს ან მომსახურებას.

 

მუხლი 21

ლიცენზირება და უფლების გადაცემა

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განსაზღვრონ სასაქონლო ნიშნების ლიცენზირების და მათზე უფლების გადაცემის პირობები, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სასაქონლო ნიშნების სავალდებულო ლიცენზირება არ იქნება ნებადართული, ხოლო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს ექნება სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემის უფლება იმ საწარმოს გადაცემასთან ერთად, ან გადაცემის გარეშე, რომელსაც ეს ნიშანი მიეკუთვნება.

 

ნაკვეთი 3

გეოგრაფიული აღნიშვნები

 

მუხლი 22

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა

1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენს ისეთ აღნიშვნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ესა თუ ის საქონელი წარმოებულია წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან ამ ტერიტორიის ცალკეულ რაიონში ან ადგილზე და რომ საქონლის განსაკუთრებული ხარისხი, მისი რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები არსებითად განპირობებულია მისი გეოგრაფიული წარმოშობით.

2. გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით, წევრი სახელმწიფოები დაინტერესებულ მხარეებს უზრუნველყოფენ სამართლებრივი საშუალებებით, რომლებიც კრძალავენ:

ა) საქონლის აღსანიშნავად ან წარმოსადგენად ნებისმიერი საშუალების გამოყენება, რაც მიუთითებს ან მიანიშნებს, რომ მოცემული საქონელი დამზადებულია მისი ნამდვილი წარმოშობის ადგილისაგან განსხვავებულ ადგილზე, რაც შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას ამ საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე;

ბ) ნებისმიერი სახის გამოყენებას, რაც პარიზის კონვენციის (1967 წ.) 10bis მუხლის თანახმად წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ქმედებას.

3. წევრი სახელმწიფო, ეს გათვალისწინებულია მისი კანონმდებლობით ან ამას მოითხოვს დაინტერესებული მხარე, ეხ ოფფიციო ამბობს უარს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე ან აუქმებს მას თუ ეს სასაქონლო ნიშანი შეიცავს ან შედგება გეოგრაფიული აღნიშვნებისაგან იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც არ არის წარმოებული აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუ აღნიშვნის გამოყენება ასეთი საქონლისათვის განკუთვნილ სასაქონლო ნიშანზე ამ წევრ სახელმწიფოში ისეთ ხასიათს მიიღებს, რომ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება წარმოშობის ჭეშმარიტი ადგილის თაობაზე.

4. პუნქტებით 1, 2 და 3 განსაზღვრული დაცვა გამოიყენება იმ გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართ, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლიტერატურულად სწორად აღნიშნავენ საქონლის წარმოშობის ტერიტორიას, რაიონს თუ ადგილს, მაინც მცდარ წარმოდგენას უქმნიან საზოგადოებას თითქოს ეს საქონელი სხვა ტერიტორიაზე იყოს წარმოებული.

 

მუხლი 23

დამატებითი დაცვა ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების

გეოგრაფიული აღნიშვნებისთვის

1. თითოეული წევრი სახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს უზრუნველყოფს სამართლებრივი მექანიზმებით გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების აღსაკვეთად იმ ღვინოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის წარმოებული მოცემული გეოგრაფიული აღნიშვნით მითითებულ ადგილზე ან იმ ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის წარმოებული მოცემული გეოგრაფიული აღნიშვნით მითითებულ ადგილზე მაშინაც კი, როდესაც მითითებულია საქონლის ჭეშმარიტი წარმოშობა ან გეოგრაფიული აღნიშვნა გამოყენებულია თარგმანის სახით ან თან ახლავს ისეთი გამოთქმები, როგორებიცაა “სახის", “ტიპის", “სტილის", “იმიტაცია" და ა.შ.

2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ღვინოებისთვის, რომელიც შეიცავს ან შედგება ღვინოების წარმოშობის მაჩვენებელი გეოგრაფიული აღნიშვნისაგან; ან კიდევ ალკოჰოლური სასმელებისათვის, რომელიც შეიცავს ან შედგება ალკოჰოლური სასმელების წარმოშობის მაჩვენებელი გეოგრაფიული აღნიშვნისაგან, არ დაიშვება ან უქმდება ეხ ოფფიციო თუ ამას ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობა, ან მოითხოვს დაინტერესებული მხარე იმ ღვინოების ან ალკოჰოლური სასმელების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ აღნიშნული წარმოშობა.

3. ღვინოებთან დაკავშირებით ომონიმური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების შემთხვევაში, მუხლი 22 პუნქტი 4 თანახმად დაცვა გათვალისწინებულია თითოეული აღნიშვნისათვის. თითოეული წევრი სახელმწიფო განსაზღვრავს პრაქტიკულ პირობებს, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს აღნიშნული ომონიმური აღნიშვნების ერთმანეთისაგან გარჩევა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის მწარმოებლებს ეძლევათ სამართლიანი მოპყრობის თანაბარი გარანტია და რომ მომხმარებელი არ იქნას შეყვანილი შეცდომაში.

4. ღვინოებთან დაკავშირებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის გამარტივების მიზნით “TRIPS"_ის საბჭოში იმართება მოლაპარაკებები გეოგრაფიული აღნიშვნების შეტყობინებების და რეგისტრაციის მრავალმხრივი სისტემის დაფუძნების შესახებ იმ ღვინოებისათვის, რომლებისთვისაც ამ სისტემის მონაწილე სახელმწიფოებში გათვალისწინებულია დაცვის უფლება.

 

მუხლი 24

საერთაშორისო მოლაპარაკებები: გამონაკლისები

1. წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან გამართონ მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს ცალკეული გეოგრაფიული აღნიშვნების მუხლით 23 გათვალისწინებული დაცვის გაძლიერებას. ქვემოთ მოყვანილი პუნქტები 4 და 8 არ გამოიყენება წევრი სახელმწიფოს მიერ მოლაპარაკებების გამართვაზე უარის სათქმელად ან ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დასადებად. ამ მოლაპარაკებათა კონტექსტში წევრი სახელმწიფოები გამოთქვამენ მზადყოფნას მუდმივად გამოიყენონ ეს დებულებები ცალკეულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენებაც წარმოადგენდა ამ მოლაპარაკებათა საგანს.

2. “TRIPS"-ის საბჭო მუდმივად განიხილავს წინამდებარე ნაკვეთის დებულებათა გამოყენებას; პირველი ასეთი განხილვა გაიმართება “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. ნებისმიერი გარემოება, რომელიც ხელს შეუშლის ამ დებულებებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას, შეიძლება ეცნობოს საბჭოს, რომელიც წევრი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე მიმართავს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს ან წევრ სახელმწიფოებს ამ გარემოების თაობაზე, რომელთან დაკავშირებითაც შეუძლებელი აღმოჩნდა საკითხის დამაკმაყოფილებელი დარეგულირება შესაბამის წევრ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე. საბჭო ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას წინამდებარე ნაკვეთის განხორციელების და მისი მიზნების მიღწევის ხელშემწყობ ღონისძიებად.

3. წინამდებარე ნაკვეთის განხორციელებისას წევრი სახელმწიფო არ ამცირებს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის დონეს, რომელიც ამ წევრ სახელმწიფოში არსებობდა უშუალოდ “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის წინ.

4. წინამდებარე ნაკვეთის არც ერთი მუხლი წევრ სახელმწიფოს არ ავალდებულებს აღკვეთოს მისი მოქალაქეების ან მუდმივი მაცხოვრებლების მიერ მეორე წევრი სახელმწიფოს კონკრეტული გეოგრაფიული აღნიშვნის ხანგრძლივი და მსგავსი გამოყენება, რომელიც ახდენდა ღვინოების ან ალკოჰოლური სასმელების იდენტიფიკაციას საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების ან მუდმივი მაცხოვრებლებისა, რომლებიც ამ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად იყენებდნენ მოცემულ გეოგრაფიულ აღნიშვნას იგივე ან მასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების მიმართ ა) 1994 წლის 15 აპრილამდე სულ მცირე 10 წლის განმავლობაში, ან ბ) კეთილსინდისიერ საფუძველზე ამ თარიღამდე.

5. თუ სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა ან დარეგისტრირებულ იქნა კეთილსინდისიერი მიზნებისთვის, ან უფლებები სასაქონლო ნიშანზე შეძენილ იქნა მისი კეთილსინდისიერად გამოყენებით:

ა) მოცემულ წევრ სახელმწიფოში წინამდებარე დებულებების გამოყენების თარიღამდე IV ნაწილის თანახმად; ან

ბ) გეოგრაფიულ აღნიშვნაზე დაცვის დაწესებამდე მისი წარმოშობის ქვეყანაში;

წინამდებარე ნაკვეთის განხორციელებისათვის საჭირო ზომების მიღება არ ხელყოფს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის უფლებას ან მის კანონიერებას, ან სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებას იმის საფუძველზე, რომ ასეთი სასაქონლო ნიშანი იდენტურია ან მსგავსია გეოგრაფიული აღნიშვნისა.

6. წინამდებარე ნაკვეთის არცერთი მუხლი წევრ სახელმწიფოს არ ავალდებულებს გამოიყენოს მისი დებულებები სხვა წევრი ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართ იმ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა შესაბამისი აღნიშვნა იდენტურია სალაპარაკო ენაში ხმარებული ტერმინისა, როგორც ამ წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთი სახის საქონლის ან მომსახურებისათვის მიღებული საერთო სახელწოდება. წინამდებარე ნაკვეთის არცერთი მუხლი წევრ სახელმწიფოს არ ავალდებულებს გამოიყენოს მისი დებულებები სხვა წევრი ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართ მევენახეობის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელთა შესაბამისი აღნიშვნა იდენტურია სალაპარაკო ენაში ხმარებული ტერმინისა, როგორც ამ წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყურძნის სახეობის ზოგადი სახელწოდებისა “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის.

7. წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გაითვალისწინოს, რომ მოცემული ნაკვეთის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილ უნდა იქნას ხუთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დაცული აღნიშვნის არაკანონიერი გამოყენება საყოველთაოდ ცნობილი გახდა ამ სახელმწიფოში ან კიდევ ამ სახელმწიფოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღის შემდეგ, იმ პირობით, რომ ამ თარიღისათვის სასაქონლო ნიშანი უკვე გამოქვეყნებულია, თუ ეს თარიღი უფრო ადრინდელია, ვიდრე ის, როდესაც არაკანონიერი გამოყენება საყოველთაოდ გახდა ცნობილი ამ სახელმწიფოში, იმ პირობით, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა არ იქნა არაკეთილსინდისიერად გამოყენებული ან რეგისტრირებული.

8. წინამდებარე ნაკვეთის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ ლახავს ნებისმიერი პირის უფლებას ვაჭრობის პროცესში გამოიყენოს თავისი ან ბიზნესში თავისი წინამორბედის სახელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს სახელი იხმარება ისეთი სახით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

9. წინამდებარე შეთანხმება არ ითვალისწინებს არანაირ ვალდებულებას, დაცულ იქნას ის გეოგრაფიული აღნიშვნები, რომლებიც არ არის ან აღარ არის დაცული მათი წარმოშობის ქვეყანაში, ან კიდევ გამოსულია ხმარებიდან ამ ქვეყანაში.

 

ნაკვეთი 4

სამრეწველო დიზაინები

 

მუხლი 25

მოთხოვნები დაცვისათვის

1. წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ დამოუკიდებლად შექმნილი სამრეწველო დიზაინების დაცვას, რომლებიც ახალია ან ორიგინალური. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გაითვალისწინონ, რომ დიზაინები არ არის ახალი ან ორიგინალური, თუ ისინი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ცნობილი დიზაინებისაგან ან ცნობილ დიზაინთა ნიშნების კომბინაციისაგან. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გაითვალისწინონ, რომ ასეთი სახის დაცვა არ გავრცელდება იმ დიზაინებზე, რომელთა შექმნაც ტექნიკური ან ფუნქციონალური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი.

2. თითოეული წევრი სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ საფეიქრო ნაწარმის დიზაინთა დაცვის მოთხოვნები, კერძოდ, ფასთან, ექსპერტიზასთან და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებლად არ შეამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ მოთხოვნილ ან მიღებულ იქნას ასეთი დაცვა. წევრი სახელმწიფოები თავად განსაზღვრავენ ამ მოვალეობის შესრულების პირობებს სამრეწველო დიზაინების ან საავტორო უფლებების შესახებ კანონის მეშვეობით.

 

მუხლი 26

დაცვა

1. დაცული სამრეწველო დიზაინის მფლობელი უფლებამოსილია მესამე პირებს აუკრძალოს მისი თანხმობის გარეშე იმ საგნების დამზადება, გაყიდვა ან იმპორტირება, რომლებზეც აღბეჭდილია ან რომლებიც შეიცავენ სამრეწველო დიზაინს, რომელიც წარმოადგენს დაცული დიზაინის ასლს ან არსებითად ასლს, თუ ასეთი ქმედება ხორციელდება კომერციული მიზნებით.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ შეზღუდული გამონაკლისები სამრეწველო დიზაინების დაცვასთან დაკავშირებით, იმ პირობით, თუ ასეთი გამონაკლისები გაუმართლებელ წინააღმდეგობაში არ იქნება დაცული სამრეწველო დიზაინების ნორმალურ ექსპლუატაციასთან და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დაცული სამრეწველო დიზაინის მფლობელის კანონიერ ინტერესებს, მესამე პირთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.

3. დაცვის ხანგრძლივობა განისაზღვრება, სულ მცირე, 10 წლით.

 

ნაკვეთი 5

პატენტები

 

მუხლი 27

დაპატენტების საგანი

1. პუნქტები 2 და 3 დებულებების თანახმად, პატენტი გაიცემა ნებისმიერ გამოგონებაზე, ეს იქნება პროდუქტი თუ საწარმოო პროცესი, ტექნიკის ყველა დარგში, თუ ისინი ახალია, მათში ჩადებულია გამომგონებლური მარცვალი და შესაძლებელია მათი სამრეწველო გამოყენება. მუხლის 65 პუნქტი 4, მუხლის 70 პუნქტი 8 და წინამდებარე მუხლის პუნქტი 3 დებულებების თანახმად, პატენტის გაცემა და მასზე უფლებით სარგებლობა ხორციელდება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, გამოგონების ადგილის, ტექნიკის დარგის ან იმ საფუძველზე, იმპორტირებულია ეს პროექტები, თუ ადგილობრივი წარმოებისაა.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ პატენტუნარიანად არ ჩათვალონ გამოგონებები, რომელთა კომერციული გამოყენების აკრძალვა მათ ტერიტორიაზე აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის ან მორალის დასაცავად, მათ შორის ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, ან გარემოსათვის სერიოზული ზიანის მიყენების ასაცილებლად იმ პირობით, თუ ეს გამონაკლისი არ არის მხოლოდ იმიტომ დაშვებული, რომ ასეთი ექსპლუატაცია მათი კანონით არის აკრძალული.

3. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ პატენტუნარიანად არ ჩათვალონ აგრეთვე შემდეგი ობიექტები:

ა) ადამიანების ან ცხოველთა სამკურნალო დიაგნოსტიკური, თერაპიული და ქირურგიული მეთოდები;

ბ) მცენარეები და ცხოველები, გარდა მიკროორგანიზმებისა, და მცენარეთა და ცხოველთა აღწარმოების არსებითად ბიოლოგიური პროცესები, გარდა არაბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური პროცესებისა. მიუხედავად ამისა, წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ მცენარეთა სახეობების დაცვას ან პატენტების მეშვეობით ან კიდევ ეფექტური sui generis სისტემის მეშვეობით, ან ნებისმიერი მათი კომბინაციის გამოყენებით. ამ ქვეპუნქტის დებულებები გადასინჯვას ექვემდებარება “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ.

 

მუხლი 28

მინიჭებული უფლებები

1. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს შემდეგ განსაკუთრებულ უფლებებს:

ა) როდესაც პატენტის საგანს წარმოადგენს პროდუქტი, აუკრძალოს მესამე პირებს მისი მფლობელის თანხმობის გარეშე დაამზადოს, გამოიყენოს, შესთავაზოს გასაყიდად, გაყიდოს ეს პროდუქტი, ან მოახდინოს მისი იმპორტირება ამ მიზნით;

ბ) როდესაც პატენტის საგანს წარმოადგენს სამრეწველო პროცესი, აუკრძალოს მესამე პირებს მისი მფლობელის თანხმობის გარეშე გამოიყენოს, შესთავაზოს გასაყიდად ეს პროცესი ან უშუალოდ ამ პროცესის შედეგად მიღებული გაყიდოს პროდუქტი, ან მოახდინოს მისი იმპორტირება ამ მიზნით.

2. პატენტის მფლობელებს უფლება ეძლევათ აგრეთვე გაასხვისონ ან მემკვიდრეობით გადასცენ პატენტი და დადონ სალიცენზიო ხელშეკრულება.

 

მუხლი 29

პატენტზე განმცხადებლისათვის წაყენებული მოთხოვნები

1. წევრი სახელმწიფოები პატენტზე განმცხადებლისაგან მოითხოვენ, რომ გამოგონება გამჟღავნებულ იქნას იმდენად ნათლად და სრულად, რომ დარგის სპეციალისტმა შეძლოს ამ გამოგონების განხორციელება, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება აგრეთვე მოითხოვონ გამოგონების განხორციელების საუკეთესო ვარიანტის აღწერა, რომელიც განმცხადებლისათვის იქნება ცნობილი განაცხადის წარდგენის თარიღისათვის, ან პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში - განაცხადის პრიორიტეტული თარიღისათვის.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ პატენტზე განმცხადებლისაგან მოითხოვონ ინფორმაციის მოწოდება მის მიერ უცხოეთში შეტანილი განაცხადებისა და აღებული პატენტების შესახებ.

 

მუხლი 30

გამონაკლისები მინიჭებული უფლებებიდან

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ შეზღუდული გამონაკლისები პატენტით მინიჭებულ უფლებებზე იმ პირობით, რომ ასეთი გამონაკლისები დაუსაბუთებლად არ დააბრკოლებს პატენტის ნორმალურ გამოყენებას და დაუსაბუთებლად არ შებღალავს პატენტის მფლობელის კანონიერ ინტერესებს, მესამე პირების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.

 

მუხლი 31

სხვა სახის გამოყენება უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე

თუ წევრი სახელმწიფოს კანონი ითვალისწინებს პატენტის საგნის სხვა სახის გამოყენებას უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე, მათ შორის სახელმწიფოს მიერ, ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი მესამე პირების მიერ, დაცულ უნდა იქნას შემდეგი დებულებები:

ა) ასეთი გამოყენების ნებართვა ეფუძნება საგნის ინდივიდუალურ თვისებებს;

ბ) ასეთი გამოყენება ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გამოყენების წინ სავარაუდო მომხმარებელი ეცადა მიეღო ნებართვა უფლებების მქონე პირისაგან მისაღებ კომერციულ პირობებზე და ასეთი მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა დროის მისაღები პერიოდის მანძილზე. წევრმა სახელმწიფომ შეიძლება უგულებელყოს ეს მოთხოვნა უკიდურესი ეროვნული აუცილებლობისას, ქვეყანაში სხვა ექსტრემალური გარემოებების წარმოშობის გამო, ან კიდევ სახელმწიფოს მიერ არაკომერციული დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ან სხვა ექსტრემალურ სიტუაციებში უფლების მფლობელს მაინც ეცნობება ამის შესახებ შეძლებისდაგვარად სწრაფად. სახელმწიფოს მიერ არაკომერციული დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში, როდესაც მთავრობისათვის ან ხელშეკრულების ხელშემკვრელი პირისათვის საპატენტო მოკვლევის ჩატარების გარეშე ცნობილია, ან მას აქვს აშკარა საფუძველი იცოდეს იმის შესახებ, რომ ძალაში მყოფი პატენტი გამოიყენება, ან მომავალში იქნება გამოყენებულ სახელმწიფოს მიერ, ან სახელმწიფოს ინტერესებისათვის, უფლების მფლობელს დაუყოვნებლივ ეცნობება ამის შესახებ.

გ) ასეთი გამოგონების ფარგლები და მოქმედების ვადა შემოიფარგლება იმ მიზნებით, რომლისთვისაც ის იქნა ნებადართული, ხოლო ნახევარგამტარული ტექნოლოგიის შემთხვევაში ეს გამოყენება შეეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ არაკომერციული დანიშნულებით გამოყენებას, ან კიდევ იმ პრაქტიკის გამოსწორებას, რომელიც სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურების საფუძველზე ანტიკონკურენციულად იქნა მიჩნეული;

დ) ასეთი გამოყენება არაექსკლუზიური ხასიათისაა;

ე) ასეთი გამოყენება არ ექვემდებარება გასხვისებას გარდა საწარმოს იმ ნაწილისა, ან მისი არამატერიალური აქტივებისა, რომლებიც ამ გამოყენებით სარგებლობს;

ვ) ნებისმიერი ასეთი გამოყენება ნებადართულ იქნება პირველ რიგში იმ წევრი სახელმწიფოს შიდა ბაზრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც გასცემს ასეთი გამოყენების ნებართვას;

ზ) ასეთ გამოყენებაზე გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას, ასეთი გამოყენების უფლების მიმღები პირების კანონიერი ინტერესების სათანადო დაცვიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში და როდესაც გარემოებები, რომელთაც ეს განაპირობეს უფლების გაცემა, აღარ არსებობს და მოსალოდნელი არ არის მათი ხელახალი წარმოქმნა. კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე გადასინჯოს ამ გარემოებების უწყვეტი არსებობა.

თ) უფლების მფლობელს ეძლევა შესაბამისი ანაზღაურება თითოეული შემთხვევის გარემოებებიდან გამომდინარე ნებართვის გაცემის ეკონომიკური ღირებულების სათანადო გათვალისწინებით;

ი) ნებისმიერი გადაწყვეტილების იურიდიული ძალა, რომელიც შეეხება ასეთ გამოყენებაზე ნებართვის გაცემას, ექვემდებარება სასამართლოს მიერ ან სხვა სახის დამოუკიდებელ გადასინჯვას ამ წევრი სახელმწიფოს გარკვეული ზემდგომი ორგანოს მიერ.

კ) ნებისმიერი გადაწყვეტილება ანაზღაურების შესახებ ასეთ გამოყენებასთან დაკავშირებით ექვემდებარება სასამართლოს მიერ ან სხვა სახის დამოუკიდებელ გადასინჯვას ამ წევრი სახელმწიფოს გარკვეული ზემდგომი ორგანოს მიერ;

ლ) წევრი სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი გამოიყენონ ბ) და ვ) პუნქტებში მითითებული პირობები, თუ ასეთი გამოყენება ნებადართულია იმ პრაქტიკის გამოსასწორებლად, რომელიც სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურების საფუძველზე მიჩნეულია როგორც ანტიკონკურენციული; ანტიკონკურენციული პრაქტიკის გამოსწორების საჭიროება შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული ასეთ შემთხვევებში ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილნი არიან უარი თქვან გაცემული ნებართვის გაუქმებაზე იმ შემთხვევაში, როცა არსებობს იმის ალბათობა, რომ ასეთი გადაწყვეტილების განმაპირობებელი გარემოებები შეიძლება ხელახლა წარმოიშვას;

მ) თუ ასეთი გამოყენება ნებადართულია პატენტის (“მეორე პატენტის") გამოყენების დაშვების მიზნით, რომელიც თავის მხრივ არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა პატენტზე (“პირველი პატენტის") უფლების დარღვევის გარეშე, გამოიყენება შემდეგი დამატებით პირობები:

(i) გამოგონება, რომლის დაცვა მოითხოვება მეორე პატენტით, უნდა შეიცავდეს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე მნიშვნელოვან ტექნიკურ გადაწყვეტას იმ გამოგონებასთან შედარებით, რომლის დაცვაც მოითხოვება პირველი პატენტით;

(ii) პირველი პატენტის მფლობელს აქვს უფლება მიიღოს ჯვარედინა ლიცენზია მისაღები პირობებით იმისათვის, რათა გამოიყენოს გამოგონება, რომლის დაცვაც მოითხოვება მეორე პატენტით;

(iii) გამოყენება, რომელიც ნებადართულია პირველ პატენტთან დაკავშირებით, არ ექვემდებარება გასხვისებას, გარდა მეორე პატენტზე უფლების გადაცემისა.

 

მუხლი 32

პატენტის გაუქმება / პატენტზე უფლების ჩამორთმევა

ნებისმიერი გადაწყვეტილება პატენტის გაუქმებასთან, ან პატენტზე უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით შეიძლება გადასინჯულ იქნას სასამართლო წესით.

 

მუხლი 33

დაცვის ვადა

მიღებული დაცვის ვადა არ ამოიწურება განაცხადის წარდგენის თარიღიდან 20-წლიანი პერიოდის გასვლამდე.

 

მუხლი 34

პატენტები სამრეწველო პროცესზე: დამამტკიცებელი

საბუთის მოყვანის ვალდებულება

1. მუხლი 28 პუნქტში 1(ბ) მითითებული უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნით, თუ პატენტის საგანს პროდუქციის დამზადების ხერხი წარმოადგენს, სასამართლო ორგანოებს უფლება აქვთ მოპასუხისაგან მოითხოვონ იმის დამტკიცება, რომ იდენტური პროდუქციის დამზადების ხერხი განსხვავდება დაპატენტებული ხერხისაგან. აქედან გამომდინარე, წევრი სახელმწიფოები ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან ერთ-ერთ შემთხვევაში მაინც ითვალისწინებენ, რომ ნებისმიერი იდენტური პროდუქცია, რომელიც მზადდება პატენტის მფლობელის თანხმობის გარეშე, საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი საბუთის გარეშე ჩაითვლება დაპატენტებული ხერხით დამზადებულად, თუ:

ა) დაპატენტებული ხერხით დამზადებული პროდუქცია ახალია;

ბ) არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ იდენტური პროდუქტი დამზადებულ იქნა მოცემული ხერხის გამოყენებით, ხოლო პატენტის მფლობელმა სათანადო მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო განესაზღვრა, თუ რა ხერხი იქნა სინამდვილეში გამოყენებული.

2. ნებისმიერი წევრი სახელმწიფო თავისი შეხედულებისამებრ ითვალისწინებს, რომ პუნქტში 1 მითითებული დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის ვალდებულება სავარაუდო დამრღვევს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება (ა) პუნქტში მითითებული პირობა, ან კიდევ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება (ბ) პუნქტში მითითებული პირობა.

3. საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი საბუთების მოყვანის დროს მხედველობაში იქნება მიღებული მოპასუხეთა სამრეწველო და კომერციულ საიდუმლოებების დაცვასთან დაკავშირებული კანონიერი ინტერესები.

 

ნაკვეთი 6

ინტეგრალური სქემების ტოპოლოგები (ტოპოგრაფიები)

 

მუხლი 35

“isim" შეთანხმებასთან კავშირი

წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, უზრუნველყონ ინტეგრალური მიკროსქემების ტოპოლოგიების (ტოპოგრაფიების) დაცვა (წინამდებარე შეთანხმებაში შემდგომში მოხსენიებული როგორც “ტოპოლოგიები") ინტეგრალურ მიკროსქემებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შეთანხმების მუხლების 2-7, 12 (გარდა მუხლის 6 პუნქტი 3 ), მუხლების 12 და მუხლის 16 პუნქტის 3 თანახმად და, გარდა ამისა, შეასრულონ ქვემოთ მოყვანილი დებულებები.

 

მუხლი 36

დაცვის ფარგლები

მუხლის 3 პუნქტის 1 დებულებების შესრულების შემთხვევაში წევრი სახელმწიფოები არაკანონიერად მიიჩნევენ შემდეგი სახის ქმედებებს, თუ ისინი ხორციელდება უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე: დაცული ტოპოლოგიის, დაცული ტოპოლოგიის შემცველი ინტეგრალური მიკროსქემის ან ასეთი ინტეგრალური მიკროსქემის შემცველი საგნის იმპორტირებას, გაყიდვას ან სხვა სახის გავრცელებას კომერციული მიზნით, იმდენად, რამდენადაც ასეთ საგანში კვლავ შედის უკანონოდ აღწარმოებული ტოპოლოგია.

 

მუხლი 37

ქმედებები, რომლებიც არ საჭიროებენ უფლების

მფლობელის ნებართვას

1. მუხლი 36 მიუხედავად არცერთი წევრი სახელმწიფო არ მიიჩნევს არაკანონიერად ნებისმიერი იმ ქმედების განხორციელებას, რომელზეც საუბარია ამ მუხლში ისეთ ინტეგრალურ მიკროსქემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს უკანონოდ აღწარმოებულ ტოპოლოგიას ან ყველა იმ საგანთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ასეთ ინტეგრალურ მიკროსქემას, იმ შემთხვევაში, თუ პირმა, რომელიც ახორციელებს ასეთ ქმედებებს ან გასცემს განკარგულებას ასეთი ქმედებების განსახორციელებლად, ინტეგრალური მიკროსქემის ან ასეთი ინტეგრალური მიკროსქემის შემცველი საგნის შეძენის დროს არ იცოდა და არც ჰქონია სარწმუნო საფუძველი სცოდნოდა იმის შესახებ, რომ მასში შედიოდა უკანონოდ აღწარმოებული ტოპოლოგია. წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ, რომ მას შემდეგ, რაც ეს პირი მიიღებს დასაბუთებულ შეტყობინებას ტოპოლოგიის არაკანონიერი აღწარმოების შესახებ, აღნიშნულ პირს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება პროდუქციის არსებულ მარაგთან ან ამ დრომდე შეკვეთილ პროდუქციასთან დაკავშირებით, თუმცა მოვალეა უფლების მფლობელს გადაუხადოს თანხა, რომელიც ექვივალენტური იქნება ასეთ ტოპოლოგიაზე შეთანხმებული ლიცენზიის თანახმად გადასახდელი ჰონორარის.

2. მუხლი 31 (ა)-(ლ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობები, მუტატის მუტანდის გამოიყენება ტოპოლოგიის ნებისმიერი არანებაყოფლობითი ლიცენზირების, ან მისი მთავრობის მიერ ან მთავრობის სასარგებლოდ გამოყენების შემთხვევაში უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე.

 

მუხლი 38

დაცვის ვადა

1. წევრ სახელმწიფოებში, სადაც დაცვის უზრუნველყოფის პირობას წარმოადგენს რეგისტრაციის მოთხოვნა, ტოპოლოგიის დაცვის ვადა არ მთავრდება ათწლიანი პერიოდის გასვლამდე, რომელიც აითვლება რეგისტრაციაზე განაცხადის წარდგენის თარიღიდან ან მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე პირველი კომერციული გამოყენებიდან.

2. წევრ სახელმწიფოებში, სადაც დაცვის უზრუნველყოფის პირობას არ წარმოადგენს რეგისტრაციის მოთხოვნა, ტოპოლოგიის დაცვის ვადა შეადგენს არანაკლებ 10 წლისა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე მისი პირველი კომერციული გამოყენების თარიღიდან.

3. ქვეპუნქტების 1 და 2 მიუხედავად, წევრ სახელმწიფოს შეუძლია გაითვალისწინოს, რომ დაცვის ვადა ამოიწუროს ტოპოლოგიის შექმნიდან 15 წლის შემდეგ.

 

ნაკვეთი 7

დახურული ინფორმაციის დაცვა

 

მუხლი 39

1.არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტური დაცვის უზრუნველყოფის პროცესში, პარიზის კონვენციის (1976 წ.) 10bis მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები დახურულ ინფორმაციას იცავენ პუნქტის 2 მიხედვით, ხოლო მონაცემებს, რომელიც გადაეცემა მთავრობებს ან სამთავრობო დაწესებულებებს პუნქტის 3 მიხედვით.

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება ეძლევათ წინ აღუდგნენ მათ კონტროლის ქვეშ კანონიერად მყოფი ინფორმაციის სხვებისათვის გამჟღავნებას, სხვების მიერ მიღებას ან გამოყენებას მათი თანხმობის გარეშე ისეთი ხერხით, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიან კომერციულ პრაქტიკას იმდენად, რამდენადაც ეს ინფორმაცია:

ა) წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას იმ გაგებით, რომ ის მთლიანობაში ან მისი კომპონენტების გარკვეული კონფიგურაციით და კომპილაციით არ არის საყოველთაოდ ცნობილი ან ადვილად ხელმისაწვდომი იმ წრეების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ჩვეულებისამებრ ასეთ ინფორმაციასთან აქვთ საქმე;

ბ) თავისი საიდუმლო ხასიათის გამო გააჩნია კომერციული ღირებულება;

გ) გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე იმ პირმა რომელიც კანონიერად აკონტროლებდა ამ ინფორმაციას, სათანადო ზომები მიიღო, რათა საიდუმლოდ დაეცვა იგი.

3. წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ახალი ქიმიური ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული ან აგროქიმიური პროდუქტების რეალიზაციის ნებართვის გაცემის პირობად მოითხოვენ დახურული ექსპერიმენტული ან სხვა მონაცემების წარმოდგენას, რომელთა მოპოვებაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ძალისხმევასთან, ასეთ მონაცემებს იცავენ არაკეთილსინდისიერი კომერციული მიზნებით გამოყენებისაგან. გარდა ამისა, წევრი სახელმწიფოები ასეთ მონაცემებს იცავენ გამჟღავნებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მოსახლეობის ინტერესების დასაცავად, ან კიდევ იმ შემთხვევაში, როდესაც არ მიიღება რაიმე ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მონაცემები დაცულ იქნას არაკეთილსინდისიერი კომერციული მიზნებით გამოყენებისაგან.

 

ნაკვეთი 8

ანტიკონკურენციულ პრაქტიკაზე კონტროლის

განხორციელება სახელშეკრულებო ლიცენზირებისას

 

მუხლი 40

1. წევრი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ზოგჯერ სალიცენზიო პრაქტიკამ ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულმა გარემოებებმა, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას, შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ვაჭრობაზე და ხელი შეუშალოს ტექნოლოგიის გადაცემას და გავრცელებას.

2. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი მუხლი წევრ სახელმწიფოებს არ ზღუდავს თავიანთ კანონმდებლობაში გაითვალისწინონ სალიცენზიო პრაქტიკის სახეები ან პირობები, რომლებმაც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ბოროტად სარგებლობა და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს კონკურენციაზე შესაბამის ბაზარზე. როგორც ზემოთ იყო გათვალისწინებული, წინამდებარე შეთანხმების სხვა დებულებების თანახმად წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები ასეთი პრაქტიკის აღსაკვეთად ან მასზე კონტროლის დასაწესებლად, რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, განსაკუთრებულ პირობების გათვალისწინებას უკან გადაცემაზე, ან პირობებისა, რომლებიც აღკვეთენ ნამდვილობასა და შესაფუთი მასალის იძულებითი ლიცენზირების გასაჩივრებას, ამ წევრი სახელმწიფოს შესაბამისი კანონებისა და წესების ჭრილში.

3. თითოეული წევრი სახელმწიფო მოთხოვნის საფუძველზე მართავს კონსულტაციებს ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოსთან, რომელსაც გააჩნია საფუძველი მიიჩნიოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელი, რომელიც იმ წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, ან ცხოვრობს იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც მიმართეს მოთხოვნით კონსულტაციის გამართვის თაობაზე, ახორციელებს საქმიანობას იმ წევრი სახელმწიფოს კანონებისა და წესების დარღვევით, რომელმაც მოითხოვა კონსულტაციების გამართვა მოცემულ ნაკვეთში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, და რომელსაც სურს, უზრუნველყოს ამ კანონმდებლობის დაცვა ისე, რომ არ დაირღვეს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება ან არ შეილახოს თითოეული წევრის უფლება მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. წევრი სახელმწიფო, ვისაც მიმართეს მოთხოვნით, სრული მზადყოფნით და კეთილგანწყობით განიხილავს და ახორციელებს იმ წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობას, რომელმაც იგი მოითხოვა და თანამშრომლობს მასთან განსახილველი საკითხის თაობაზე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, ღია, არაკონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის და ყველა სხვა სახის ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც მას გააჩნია, ეროვნული კანონმდებლობის დაცვითა და ურთიერთმისაღები შეთანხმების დადების პირობით, რომ ის წევრი სახელმწიფო, რომელმაც მოითხოვა კონსულტაციები, უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას.

4. წევრ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეების ან მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მიმართ სხვა წევრ სახელმწიფოში აღძრულია საქმე ამ უკანასკნელის კანონებისა და წესების დარღვევის ბრალდებით მოცემულ ნაკვეთში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს კონსულტაციები ამ სხვა სახელმწიფოს მხრიდან იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია პუნქტში 3.

 

ნაწილი III

ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულება

 

ნაკვეთი 1

ზოგადი მოვალეობები

 

მუხლი 41

1. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ მათი კანონმდებლობით გათვალისწინებულია წინამდებარე ნაწილით განსაზღვრული აღმასრულებელი პროცედურები, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე შეთანხმებით მოცული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დამრღვევი ნებისმიერი ქმედების წინააღმდეგ ეფექტურ ღონისძიების განხორციელებას, მათ შორის დარღვევის აღსაკვეთად სასწრაფო ზომების მიღებას და ზომებისა, რომლებიც არ დაუშვებენ შემდგომ დარღვევებს. ეს ღონისძიებები ისეთნაირად უნდა იქნას გატარებული, რომ კანონიერ ვაჭრობას არ შეექმნას ბარიერები და უზრუნველყოფილ იქნას მათი დაცვა ბოროტად გამოყენებისაგან.

2. ღონისძიებები, რომლებიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფას, უნდა იყოს სამართლიანი და თანაბარი. ისინი არ უნდა იყოს ზედმეტად რთული ან ძვირადღირებული და არ უნდა გამოიწვიოს არაგონივრული ვადების დაწესება ან გაუმართლებელი შეფერხებები.

3. გადაწყვეტილებები საქმის არსის შესახებ მიიღება უპირატესად წერილობითი სახით და სათანადო დასაბუთებით. ისინი გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე წარედგინება, სულ მცირე, პროცედურული განხილვის მონაწილე მხარეებს. გადაწყვეტილებები საქმის არსის თაობაზე ეფუძნება მხოლოდ იმ დამამტკიცებელ საბუთებს, რომელთა დაკავშირებითაც მხარეებს მიეცათ თავიანთი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

4. პროცედურული განხილვის მონაწილე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა მოითხოვონ სასამართლო ორგანოს მიერ გამოტანილი საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების და სასამართლო გადაწყვეტილების, სულ მცირე, იმ სამართლებრივი ასპექტების გადასინჯვა რომლებიც საქმის არსს შეეხება, თანახმად წევრი სახელმწიფოს კანონში არსებული სამართლებრივი დებულებებისა საქმის მნიშვნელობის შესახებ. მიუხედავად ამისა, არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმის თაობაზე გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება.

5. იგულისხმება, რომ მოცემული ნაწილი არ ითვალისწინებს ვალდებულებას შეიქმნას სასამართლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულებას და რომელიც განსხვავებული იქნება საერთოდ კანონების აღსრულების უზრუნველყოფის სისტემისაგან, იგი არ ეხება აგრეთვე წევრი სახელმწიფოების კომპეტენციას აღასრულოს თავიანთი კანონმდებლობა მთლიანობაში. მოცემულ ნაწილში არაფერია ისეთი, რაც წარმოქმნიდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა და საერთოდ კანონის აღსრულებას შორის საშუალებათა განაწილების ვალდებულებას.

 

ნაკვეთი 2

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება და

სასამართლო დაცვის საშუალებები

 

მუხლი 42

სამართლიანი და თანაბარი სამართალწარმოება

წევრი სახელმწიფოები უფლების მფლობელებს უზრუნველყოფენ სამოქალაქო სამართალწარმოების მოთხოვნის შესაძლებლობით ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი უფლების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოიცავს წინამდებარე შეთანხმება. მოპასუხეებს უფლება ეძლევათ მიიღონ წერილობითი შეტყობინება, რომელიც მათ დროულად მიეწოდება და რომელშიც მოცემული იქნება საკმარისად დეტალური ინფორმაცია, სარჩელის საფუძვლის ჩათვლით. მხარეებს ნება ეძლევათ წარმოდგენილ იქნან დამოუკიდებელი ვექილით, ხოლო პროცედურული ნორმები არ უნდა ითვალისწინებდეს პირადად გამოცხადების აუცილებლობის ზედმეტად დამამძიმებელ მოთხოვნებს. ასეთი განხილვების ყველა მხარეს ეძლევა ჯეროვანი უფლება დაასაბუთოს თავიანთი სარჩელი და წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ყველა დამამტკიცებელი საბუთი. პროცედურული ნორმები ითვალისწინებს კონფიდენციალური ინფორმაციის იდენტიფიცირების და დაცვის საშუალებებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

 

მუხლი 43

დამამტკიცებელი საბუთები

1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე წარმოადგენს დასაბუთებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საკმარისია მისი სარჩელის განსამტკიცებლად და მიუთითებს სხვა დამამტკიცებელი საბუთებზე, რომელიც საჭიროა მისი სარჩელის დასაბუთებისათვის და რომლებიც იმყოფება მოწინააღმდეგე მხარის განკარგულებაში, სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ მოწინააღმდეგე მხარისაგან მოითხოვონ აღნიშნული დამტკიცებული საბუთების წარმოდგენა, შესაბამისი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული პირობების თანახმად, რაც უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.

2. იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო განხილვის ერთ-ერთი მხარე შეგნებულად და სათანადო მიზეზის გარეშე უარს აუცილებელ ინფორმაციასთან დაშვებაზე, ან არ წარმოადგენს ამ ინფორმაციას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, ან არსებითად აფერხებს აღსრულებისათვის საჭირო ზომების მიღებას, წევრ სახელმწიფოს შეუძლია სასამართლო ორგანოებს მიანიჭოს უფლებამოსილება წინასწარი და საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღებისა, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ მხარის მიერ გაკეთებული საჩივრისა თუ განცხადების ჩათვლით, რომელზეც უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმამ, თანახმად პირობისა, მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოთქვან თავიანთი შეხედულებები განცხადებების ან დამამტკიცებელი საბუთების შესახებ.

 

მუხლი 44

სასამართლო აკრძალვები

1. სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ უბრძანონ ნებისმიერ მხარეს თავი შეიკავონ სამართალდარღვევისაგან, კერძოდ, აღკვეთონ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ სავაჭრო ქსელში იმპორტირებული საქონლის შეტანა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას უკავშირდება, ასეთი საქონლის განბაჟების შემდეგ. წევრი სახელმწიფოები მოვალენი არ არიან ასეთი უფლებამოსილება მიანიჭონ იმ დაცული საგნების მიმართ, რომლებიც შეძენილ ან შეკვეთილ იქნა პირის მიერ, რომელმაც ჯერ არ იცოდა, ან არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი სცოდნოდა, რომ ასეთ საგანთან დაკავშირებული გარიგებები გამოიწვევდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევებს.

2. მოცემული ნაწილის სხვა დებულებების მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ დაცულია II ნაწილის დებულებები, რომლებიც შეეხება უფლებათა გამოყენებას მთავრობის ან მთავრობის მიერ უფლებამოსილი მესამე პირების მიერ უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ასეთი გამოყენების წინააღმდეგ არსებული სასამართლო დაცვის საშუალებები შეზღუდონ კომპენსაციის გადახდით, მუხლი 31 ქვეპუნქტის (თ) თანახმად. სხვა შემთხვევებში გამოყენებულ იქნება მოცემული ნაწილით განსაზღვრული სასამართლო დაცვის საშუალებები, ან თუ აღნიშნული საშუალებები ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობას, შეიძლება გამოყენებულ იქნას დეკლარაციული სახის გადაწყვეტილებები და შესაბამისი კომპენსაცია.

 

მუხლი 45

ზარალის ანაზღაურება

1. სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ სამართალდამრღვევ პირს უბრძანონ კომპენსაცია გადაუხადოს უფლების მფლობელს, რათა მას სათანადოდ აუნაზღაუროს ის ზარალი, რომელიც უფლების მფლობელმა განიცადა სამართალდამრღვევი პირის მიერ მისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შედეგად, რომელმაც იცოდა, ან საკმარისი საფუძველი ჰქონდა ცოდნოდა, რომ იგი ეწეოდა სამართალსაწინააღმდეგო საქმიანობას.

2. სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ აგრეთვე სამართალდამრღვევ პირს უბრძანონ უფლების მფლობელს აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული ხარჯები, რაც შეიძლება მოიცავდეს ვექილის ანაზღაურებას. შესაბამის შემთხვევებში წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სასამართლო ორგანოებს მიანიჭონ უფლება მოითხოვონ მოგების დაბრუნება და/ან წინასწარ დადგენილი დანაკლისების გადახდა მაშინაც კი, როდესაც სამართალდამრღვევმა პირმა არ იცოდა, ან კიდევ არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი სცოდნოდა, რომ ეწეოდა სამართალსაწინააღმდეგო საქმიანობას.

 

მუხლი 46

სასამართლო დაცვის სხვა საშუალებები

უფლებათა დარღვევის აღმკვეთი ეფექტური საშუალებათა შექმნის მიზნით, სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ გასცენ ბრძანება, რათა ის საქონელი, რომელთა მიმართაც დადგენილი იქნა უფლებათა დარღვევა, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ამოღებულ იქნას სავაჭრო ქსელიდან ისე, რომ გამოირიცხოს უფლების მფლობელისათვის რაიმე ზიანის მიყენების შესაძლებლობა, ან აღნიშნული საქონელი განადგურებულ იქნას, თუ ეს ეწინააღმდეგება არსებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს. სასამართლო ორგანოებს ეძლევათ უფლება აგრეთვე გასცენ ბრძანება, რათა ის მასალები და ხელსაწყოები, რომლებიც უმთავრესად გამოიყენებოდა უფლებათა დამრღვევი საქონლის შესაქმნელად, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე იქნას ამოღებულ სავაჭრო ქსელიდან ისეთი სახით, რომ შემდგომი დარღვევების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ასეთი მოთხოვნების განხილვისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სამართალდარღვევის სერიოზულობის და დადგენილი სასამართლო დაცვის საშუალების ურთიერთთანაფარდობა და მესამე მხარეების ინტერესები. რაც შეეხება გაყალბებული სასაქონლო ნიშნის მქონე საქონელს, უკანონოდ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის უბრალოდ მოცილება არ წარმოადგენს საკმარის ზომას ამ საქონლის სავაჭრო ქსელში გასაშვებად, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 47

ინფორმაციის მიღების უფლება

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, თუ ეს არ ცილდება სამართალდარღვევის სერიოზულობის თანაფარდობის ნორმებს, სასამართლო ორგანოს მიანიჭონ უფლება, რომ ამ უკანასკნელმა სამართალდამრღვევ პირს მოსთხოვოს უფლების მფლობელს მიაწოდოს ინფორმაცია უკანონო საქონლის ან მომსახურების წარმოებაში და გავრცელებაში მონაწილე მესამე პირთა ვინაობის და განაწილების არხების შესახებ.

 

მუხლი 48

კომპენსაციის გადახდა მოპასუხისათვის

1. სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ მხარეს, რომლის მოთხოვნის საფუძველზე იქნა ზომები მიღებული და რომელმაც არაკეთილსინდისიერად გამოიყენა უფლებათა აღსრულების უზრუნველყოფის პროცედურები, მოსთხოვოს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა იმ მხარისათვის,() რომელსაც არაკანონიერად დაეკისრა აკრძალვა ან შეზღუდვა, იმ ზიანისათვის,რომელიც ამ არაკეთილსინდისიერი გამოყენებით იქნა გამოწვეული. სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ აგრეთვე, განმცხადებელს მოსთხოვონ მოპასუხისათვის დანახარჯების ანაზღაურება, რაც შეიძლება მოიცავდეს ვექილის საზღაურსაც.

2. ნებისმიერი კანონის გამოყენებისას, რომელიც ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას ან აღსრულებას, წევრი სახელმწიფოები სახელმწიფო ორგანოებს და ოფიციალურ პირებს ათავისუფლებენ შესაბამისი სასამართლო დაცვის საშუალებების გამოყენების მოვალეობისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის გამოყენების პროცესში მათ მიერ კეთილსინდისიერად იქნა განხორციელებული ქმედებანი, ან იყო მცდელობა ასეთი ქმედების განხორციელებისა.

 

მუხლი 49

ადმინისტრაციული პროცედურები

იმდენად, რამდენადაც ყოველგვარი სამოქალაქო სამართლებრივი დამცავი საშუალების გამოყენება შეიძლება ნაკარნახევი იყოს რაიმე საქმის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, ასეთი პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს იმ პრინციპებს, რომლებიც არსებითად ტოლფასია მოცემულ განყოფილებაში განხილული პრინციპებისა.

 

ნაკვეთი 3

დროებითი ზომები

 

მუხლი 50

1. სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ მოითხოვონ გადაუდებელი და ეფექტური დროებითი ზომების მიღება, რომელთა მიზანია:

ა) აღმოფხვრას ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შესაძლებლობა, და, კერძოდ, არ დაუშვას მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ სავაჭრო ქსელში საქონლის შეტანა, მათ შორის იმპორტირებული საქონლისა, უშუალოდ განბაჟების შემდეგ;

ბ) შეინარჩუნოს შესაბამისი დამამტკიცებელი საბუთები სავარაუდო დარღვევების შესახებ.

2. სადაც შესაძლებელია, სასამართლო ორგანოებს ეძლევათ დროებითი ზომების მიღების უფლება ინაუდიტა ალტერა პარტე, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს იმის ალბათობა, რომ ნებისმიერმა დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს უფლების მფლობელს ან, როდესაც არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ მამტკიცებელი საბუთები შეიძლება განადგურებულ იქნას.

3. სასამართლო ორგანოებს ეძლევათ უფლება განმცხადებელს მოსთხოვონ ნებისმიერი საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი, რათა საკმარისად დამაჯერებლად დარწმუნდნენ იმაში, რომ განმცხადებელი წარმოადგენს უფლების მფლობელს და რომ მისი უფლება ირღვევა, ან კიდევ ეს დარღვევა გარდაუვალია, და მოსთხოვონ განმცხადებელს უზრუნველყოფის ან ეკვივალენტური გარანტიის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნება მოპასუხის დასაცავად და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

4. თუ დროებითი ზომები მიღებულია ინაუდიტა ალტერა პარტე, იმ მხარეებს, რომელთაც ისინი ეხება, ეცნობებათ ამის თაობაზე, მაქსიმუმ ამ ზომების მიღების შემდეგ. გადასინჯვა, მათ შორის სიტყვით გამოსვლის უფლება, ხორციელდება მოპასუხის თხოვნის საფუძველზე, რათა ზომების მიღების თაობაზე შეტყობინებიდან დროის გარკვეული პერიოდის მანძილზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება შეიცვალოს, გაუქმდეს თუ დამტკიცდეს აღნიშნული ზომები.

5. ორგანომ, რომელიც იღებს დროებით ზომებს, შეიძლება მოსთხოვოს განმცხადებელს სხვა სახის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც აუცილებელია შესაბამისი საქონლის იდენტიფიკაციისათვის.

6. პუნქტის 4 დარღვევის გარეშე, დროებითი ზომები, რომლებიც ხორციელდება პუნქტების 1 და 2 საფუძველზე, მოპასუხის თხოვნის საფუძველზე უქმდება ან სხვაგვარად ხდება მათი მოქმედების შეჩერება, თუ სასამართლო განხილვა, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების გამოტანა საქმის არსის შესახებ, არ დაიწყება სათანადო დროის განმავლობაში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო ორგანო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება ზომების მიღების შესახებ. თუ ეს გათვალისწინებულია წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ან თუ არ არსებობს ასეთი განსაზღვრა, ეს დრო არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს ან 31 კალენდარულ დღეს იმისდა მიხედვით, თუ რომელი პერიოდი იქნება უფრო ხანგრძლივი.

7. დროებითი ზომების მიღების გაუქმების ან შეწყვეტის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია განმცხადებლის მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით ან უმოქმედობით, ან თუ მოგვიანებით დადგენილ იქნა, რომ არ ჰქონია ადგილი ინტელექტუალური უფლების დარღვევას ან დარღვევის საშიშროებას, სასამართლო ორგანოებს უფლება ეძლევათ განმცხადებელს მოპასუხის თხოვნის საფუძველზე მოსთხოვონ მოპასუხისათვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა იმ ზიანისთვის, რაც ამ ზომების მიღებით იქნა მიყენებული.

8. იმდენად, რამდენადაც ყოველგვარი დროებითი ზომების გამოყენება შეიძლება ნაკარნახევი იყოს რაიმე საქმის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, ასეთი პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს იმ პრინციპებს, რომლებიც არსებითად ტოლფასია მოცემულ განყოფილებაში განხილული პრინციპებისა.

 

ნაკვეთი 4

სასაზღვრო ღონისძიებებთან დაკავშირებული

სპეციალური სახის მოთხოვნები

 

მუხლი 51

საბაჟო ხელისუფლების მიერ საქონლის ბრუნვაში

გაშვების შეჩერება

წევრი სახელმწიფოები ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებების თანახმად იღებენ ზომებს, რათა უფლების მფლობელმა, რომელსაც გააჩნია საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ყალბი სასაქონლო ნიშნის მქონე ან საავტორო უფლებების დარღვევით დამზადებული საქონლის იმპორტს, კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ან სასამართლო ორგანოებში შეიტანონ წერილობითი განცხადება საბაჟო ორგანოების მიერ ასეთი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შეჩერების შესახებ. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ასეთი სახის განცხადების გაკეთების უფლება დაუშვან იმ საქონლის მიმართ, რომელიც შეიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სხვა სახის დარღვევებს, იმ პირობით, რომ დაცული იქნება მოცემული ნაკვეთით გათვალისწინებული დებულებები. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ აგრეთვე გაითვალისწინონ შესაბამისი პროცედურული ზომები საბაჟო ორგანოების მიერ მათი ტერიტორიიდან საექსპორტოდ გამიზნული უფლების დამრღვევი საქონლის გაშვების შესაჩერებლად.

 

მუხლი 52

განცხადება

უფლების ნებისმიერ მფლობელს, რომელიც აღძრავს საქმეს 51-ე მუხლის თანახმად, მოეთხოვება უფლებამოსილი ორგანოების დასარწმუნებლად შესაბამისი დამამტკიცებელი საბუთების წარდგენა იმის შესახებ, რომ იმპორტიორი სახელმწიფოს კანონების თანახმად ადგილი აქვს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელის უფლებათა პრიმა ფაციე დარღვევას, აგრეთვე საქონლის საკმარისად დაწვრილებითი აღწერის მიწოდება საბაჟო ორგანოების მიერ მისი ადვილად ამოცნობის მიზნით. უფლებამოსილი ორგანოები განმცხადებელს სათანადო ვადაში აცნობებენ მათ მიერ განცხადების მიღების ან არმიღების შესახებ, ხოლო მათ მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, აცნობებენ იმ ვადას, რომლის განმავლობაშიც საბაჟო ორგანოები მიიღებენ ზომებს.

 

მუხლი 53

უზრუნველყოფა ან მისი ტოლფასი გარანტია

1. უფლებამოსილ ორგანოებს ეძლევათ უფლება განმცხადებელს მოსთხოვონ უზრუნველყოფის ან ეკვივალენტური გარანტიის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნება მოპასუხის და უფლებამოსილი ორგანოების დასაცავად და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ასეთი სახის უზრუნველყოფამ ან ექვივალენტურმა გარანტიამ დაუსაბუთებლად არ უნდა გამოიწვიოს ასეთი ზომების მიღებისაგან თავის შეკავება.

2. თუ მოცემული ნაკვეთის შესაბამისად წარდგენილი განაცხადის თანახმად საქონლის, მათ შორის სამრეწველო დიზაინების, პატენტების, ინტელექტუალური მიკროსქემების ტოპოლოგიების ან დახურული ინფორმაციის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება შეჩერებულ იქნა საბაჟო ორგანოების მიერ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც გამოტანილია არა სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, და თუ 55-ე მუხლით გათვალისწინებული პერიოდი ამოიწურა სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიმოქცევაში პირობითი გაშვების ნებართვის გაცემის გარეშე, და თუ შესრულებულია იმპორტთან დაკავშირებული ყველა სხვა პირობა, ასეთი საქონლის მესაკუთრე, იმპორტიორი ან მიმღები, უფლებამოსილია მათ გაშვებაზე მიმოქცევაში უზრუნველყოფის წარმოდგენისთანავე, რომლის ოდენობაც საკმარისი იქნება უფლების მფლობელის დასაცავად ნებისმიერი დარღვევისაგან. ასეთი უზრუნველყოფის შეტანამ ზიანი არ უნდა მიაყენოს სასამართლო დაცვის ნებისმიერ სხვა საშუალებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს უფლების მფლობელმა. ამასთანავე იგულისხმება, რომ უზრუნველყოფა დაბრუნებულ იქნება, თუ უფლების მფლობელი დროის სათანადო პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებს თავის უფლებას სარჩელის აღძვრის თაობაზე.

 

მუხლი 54

შეტყობინება შეჩერების შესახებ

იმპორტიორს და განმცხადებელს დაუყოვნებლივ ეცნობება საქონლის მიმოქცევაში გაშვების

შეჩერების შესახებ მუხლი 51 თანახმად.

 

მუხლი 55

შეჩერების ხანგრძლივობა

თუ განმცხადებლისთვის შეჩერების შესახებ შეტყობინების გადაცემიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის მანძილზე საბაჟო ორგანოებს არ ეცნობებათ, რომ რომელიმე მხარის, მაგრამ არა მოპასუხის მიერ დაწყებულ იქნა სასამართლო განხილვა, რომლის შედეგად გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება საქმის არსის თაობაზე, ან თუ სათანადო უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა მიიღეს დროებითი ზომები საქონლის მიმოქცევაში გაშვების შეჩერების გასახანგრძლივებლად, საქონელზე ყადაღა მოიხსნება იმ პირობით, რომ დაცული იქნება იმპორტირებასთან დაკავშირებული ყველა პირობა: განსაკუთრებულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა შეიძლება გახანგრძლივებულ იქნას დამატებითი 10 სამუშაო დღით. თუ სასამართლო განხილვა, რომლის შედეგად გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება საქმის არსის თაობაზე, დაწყებულ იქნა, მაშინ გადასინჯვა, მათ შორის მოსმენის უფლება განხორციელდება მოპასუხის მოთხოვნით, რათა დროის სათანადო პერიოდში გადაწყვეტილ იქნას, მიზანშეწონილია თუ არა ამ ზომების შეცვლა, გაუქმება თუ დამტკიცება. ზემორეთქმულის მიუხედავად, იმ შემთხვევებში, თუ საქონელზე ყადაღის მოხსნის შეჩერება ხდება ან გრძელდება დროებით სასამართლო ზომის მიღების შესაბამისად, გამოიყენება 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები.

 

მუხლი 56

იმპორტიორისთვის და საქონლის მესაკუთრისათვის

ზარალის ანაზღაურება

შესაბამის ორგანოებს უფლება ეძლევათ განმცხადებელს მოსთხოვონ იმპორტიორისთვის,

ტვირთის მიმღები პირისათვის და საქონლის მესაკუთრისათვის სათანადო კომპენსაციის გადახდა იმ ზარალისათვის, რაც მათ განიცადეს საქონლის არაკანონიერი დაკავების შედეგად, ან იმ საქონლის დაკავების შედეგად, რომელიც მუხლის 55 თანახმად არის ბრუნვაში გაშვებული.

 

მუხლი 57

ინფორმაციის შემოწმების უფლება

კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პირობების დაურღვევლად, წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილ ორგანოებს ანიჭებენ უფლებას, რომ უფლების მფლობელს მიეცეს სათანადო შესაძლებლობა შეამოწმოს საბაჟო ორგანოების მიერ დაკავებული ყველა საქონელი, რათა მას მიეცეს თავისი სარჩელის დასაბუთების საშუალება. უფლებამოსილ ორგანოებს ენიჭებათ აგრეთვე უფლება იმპორტიორებს მისცენ ნებისმიერი ასეთი სახის საქონლის შემოწმების თანაბარი შესაძლებლობა. თუ გამოტანილ იქნა დადებითი გადაწყვეტილება საქმის არსის თაობაზე, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უფლებამოსილ ორგანოებს მიანიჭონ უფლება, უფლების მფლობელს აცნობონ ტვირთის გამგზავნის, იმპორტიორის და ტვირთის მიმღების ვინაობა და მისამართები, აგრეთვე ინფორმაცია მოცემული საქონლის რაოდენობის შესახებ.

 

მუხლი 58

Ex Officio ქმედება

თუ წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილი ორგანოებისაგან მოითხოვენ საკუთარი ინიციატივით მოქმედებას და იმ საქონლის მიმოქცევაში გაშვების შეჩერებას, რომლის მიმართაც მათ გააჩნიათ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა პრიმა ფაციე დამამტკიცებელი საბუთები, მაშინ:

ა) უფლებამოსილ ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ უფლების მფლობელს ინფორმაციისათვის, რაც მათ შეიძლება ამ უფლებამოსილებათა განხორციელებაში დაეხმაროს;

ბ) იმპორტიორს და უფლების მფლობელს დაუყოვნებლივ ეცნობება საქონლის მიმოქცევაში გაშვების შეჩერების შესახებ. თუ იმპორტიორმა საჩივარი შეიტანა უფლებამოსილი ორგანოების წინაშე საქონლის მიმოქცევაში გაშვების შეჩერების წინააღმდეგ, ეს შეჩერება უნდა განიხილებოდეს mutatis mutandis მუხლში 55 მოყვანილი პირობების მიხედვით.

გ) წევრი სახელმწიფოები სახელმწიფო ორგანოებს და მის ოფიციალურ პირებს ათავისუფლებენ შესაბამისი სასამართლო ზომების მიღების მოვალეობისაგან, თუ ქმედებები კეთილსინდისიერად ხორციელდება, ან არსებობს განზრახვა მათ კეთილსინდისიერად განხორციელებისა.

 

მუხლი 59

სასამართლო დაცვის საშუალებები

უფლების მფლობელისათვის ხელმისაწვდომი დანარჩენი უფლებების დაცვით მიიღოს სათანადო ზომები, აგრეთვე თანახმად მოპასუხის უფლებისა, მოითხოვოს სასამართლო ორგანოების მიერ გადასინჯვა, უფლებამოსილ ორგანოებს ენიჭებათ უფლება მოითხოვონ სამართალდამრღვევი საქონლის განადგურება ან განკარგვა მუხლში 46 მოყვანილი პრინციპების მიხედვით ყალბი სასაქონლო ნიშნის მქონე საქონელთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანოები არ გასცემენ ასეთი საქონლის უცვლელ მდგომარეობაში ექსპორტის, ან მათ მიმართ სხვა სახის საბაჟო პროცედურების გამოყენებას ნებართვას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 60

უმნიშვნელო რაოდენობის საქონლის იმპორტი

წევრ სახელმწიფოებს ზემოაღნიშნულ დებულებები შეუძლიათ არ გამოიყენონ მცირე რაოდენობის არაკომერციული ხასიათის საქონლის მიმართ, რომელიც მოთავსებულია მგზავრთა  პირად ბარგში, ან კიდევ იგზავნება მცირე პარტიებად.

 

ნაკვეთი 5

სისხლის სამართლის პროცედურები

 

მუხლი 61

წევრი სახელმწიფოები ითვალისწინებენ სისხლის სამართლის პროცედურებსა და დამსჯელ ქმედებებს, რომლებიც გამოიყენება სულ მცირე ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა სასაქონლო ნიშნის განზრახ გაყალბება ან საავტორო უფლებების დარღვევა კომერციული მასშტაბებით. დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებები მოიცავს დაპატიმრებას და/ან ფულად ჯარიმებს, რომლებიც საკმარისი იქნება დანაშაულის შესაკავებლად და შეესაბამება მსგავსი სიმძიმის დანაშაულისათვის განსაზღვრულ აღმკვეთ ზომებს. შესაბამის შემთხვევებში დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებები მოიცავს აგრეთვე სამართალდამრღვევ საქონელზე და ყველა იმ მასალაზე და დანადგარებზე ყადაღის დადებას, კონფისკაციას და განადგურებას, რომლებიც უპირატესად გამოიყენებოდა სამართალდარღვევების ჩადენის დროს. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ სისხლის სამართლებრივი პროცედურები და სადამსჯელო ღონისძიებები ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დარღვევის სხვა შემთხვევებისათვის, კერძოდ, თუ ისინი ჩადენილია წინასწარი განზრახვით და კომერციული მასშტაბებით.

 

ნაწილი IV

ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მოპოვება და

ძალაში შენარჩუნება და მასთან დაკავშირებული INTER PARTES

პროცედურები

 

მუხლი 62

1. II ნაწილის მე-2 - მე-6 ნაკვეთებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მოპოვებისა და ძალაში შენარჩუნების პირობის სახით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოითხოვონ სათანადო პროცედურებისა და ფორმალობების დაცვა. ასეთი პროცედურები და ფორმალობები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

2. თუ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოპოვება ხდება უფლების მინიჭების ან რეგისტრაციის გზით, წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ მინიჭების და რეგისტრაციის პროცედურები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს ასეთი უფლებების მოსაპოვებლად წაყენებულ ძირითად პირობებს, იძლეოდეს მინიჭებისა და რეგისტრაციის საშუალებას დროის სათანადო პერიოდის განმავლობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული დაცვის ვადის გაუმართლებელი შეკვეცა.

3. პარიზის კონვენციის (1967) მუხლი 4 მუტატის მუტანდის გამოიყენება მომსახურების ნიშნებისათვის.

4. თუ წევრი სახელმწიფოს კანონი ითვალისწინებს ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ადმინისტრაციული გაუქმება, და ინტერ პარტეს პროცედურებს, როგორიცაა შეწინააღმდეგება, გაუქმება და ანულირება, მაშინ ეს პროცედურები ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მოპოვებისა და ძალაში შენარჩუნების პროცედურებთან ერთად რეგულირდება მუხლის 41 პუნქტებით მე-2 და მე-3 გათვალისწინებული ზოგადი პრინციპებით.

5. მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი პროცედურის განხორციელებისას საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები ექვემდებარება გადასინჯვას სასამართლო ან კვაზისასამართლო ორგანოს მიერ. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი ვალდებულება გადაწყვეტილებათა ასეთი გადასინჯვისათვის შესაძლებლობის გათვალისწინებისა წარუმატებელი შეწინააღმდეგების ან ადმინისტრაციული გაუქმების შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ასეთი პროცედურების საფუძვლები შეიძლება გასაუქმებელი პროცედურების საგანი გახდეს.

 

ნაწილი V

დავათა თავიდან აცილება და დარეგულირება

 

მუხლი 63

გამჭვირვალობა

1. წინამდებარე შეთანხმების საგნის თაობაზე წევრი სახელმწიფოს მიერ ამოქმედებული კანონები და წესები, ისევე როგორც საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებები და ზოგადი ხასიათის ადმინისტრაციული დადგენილებები, (ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა არსებობა, ფარგლები, მოპოვება, აღსრულება და ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება) ექვემდებარება გამოქვეყნებას ეროვნულ ენაზე, ან თუ პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე ასეთი გამოქვეყნება მიზანშეწონილი არა არის, მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, რათა სამთავრობო ორგანოებმა და უფლების მფლობელებმა შეძლონ მათი გაცნობა. გამოქვეყნებას ექვემდებარება აგრეთვე შეთანხმებები, რომლებიც დადებულია წინამდებარე შეთანხმების საგანის თაობაზე და ძალის მქონეა ორი წევრი სახელმწიფოს მთავრობებს ან სამთავრობო ორგანოებითვის.

2. წევრი სახელმწიფოები პუნქტში 1 მითითებულ კანონებსა და წესებს აწვდიან “TRIPS"-ის საბჭოს, რათა ხელი შეუწყონ ამ საბჭოს წინამდებარე შეთანხმების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებაში. საბჭო ცდილობს რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ის ტვირთი, რაც აწევს წევრ სახელმწიფოებს ამ მოვალეობის შესრულებისას, შეუძლია გაათავისუფლოს ისინი ასეთი კანონებისა და წესების შესახებ შეტყობინების მოვალეობისაგან უშუალოდ საბჭოსათვის თუ “ისმო"-თან გამართული კონსულტაციები საერთო რეესტრის შექმნის შესახებ, რომელიც ასეთ კანონებსა და წესებს უნდა შეიცავდეს, წარმატებულად დასრულდება. ამ თვალსაზრისით საბჭო განიხილავს აგრეთვე ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს შეტყობინებასთან დაკავშირებით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების თანახმად და რომლებიც გამომდინარეობს პარიზის კონვენციის (1967 წ.) 6 ტერ მუხლის დებულებებიდან.

3. თითოეული წევრი სახელმწიფო სხვა წევრი სახელმწიფოს წერილობითი თხოვნის პასუხად მზად უნდა იყოს პუნქტში 1 მითითებული ინფორმაციის მისაწოდებლად. წევრ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს საფუძველი მიიჩნიოს, რომ გარკვეული სასამართლო გადაწყვეტილება ან ადმინისტრაციული დადგენილება ან ორმხრივი შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა სფეროში არღვევს მის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, შეუძლია წერილობით მოითხოვოს ასეთი სახის სასამართლო გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული დადგენილების ან ორმხრივი შეთანხმებების მისთვის მიწოდება ან მათ შესახებ საკმარისად დეტალური ინფორმაციის მიღება.

4. პუნქტების 1, 2 და 3 არც ერთი დებულება არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოს, გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუშლიდა კანონის აღსრულებას, სხვაგვარად შეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს, ან შელახავდა ცალკეული სახელმწიფო თუ კერძო საწარმოს კომერციულ ინტერესებს.

 

მუხლი 64

დავათა დარეგულირება

1. “GATT"-ის (1994 წ.) XXII და XXIII მუხლების დებულებები, რომლებიც შემუშავებული და გამოყენებულია დავათა დარეგულირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონსულტაციების გასამართავად და დავათა დასარეგულირებლად, თუ მასში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. “GATT"-ის (1994 წ.) არ გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დავების დასარეგულირებლად “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთი წლის განმავლობაში.

3. პუნქტში 2 მითითებული დროის განმავლობაში “TRIPS"-ის საბჭო შეისწავლის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად წარდგენილი “GATT"-ის (1994 წ.) XXIII მუხლის 1(ბ) და 1(გ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული სარჩელების ტიპების მოქმედების სფეროს და წარდგენისათვის საჭირო ფორმალობებს და თავის რეკომენდაციებს დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრთა კონფერენციას. მინისტრთა კონფერენციის ნებისმიერი გადაწყვეტილება ასეთი რეკომენდაციების დამტკიცების ან პუნქტში 2 მითითებული ვადის გაგრძელების შესახებ მიიღება მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, ხოლო მიღებული რეკომენდაციები ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ძალაში შევა მათი მიღების შემდგომი ფორმალური პროცედურების გარეშე.

 

ნაწილი VI

გარდამავალი შეთანხმებები

 

მუხლი 65

გარდამავალი შეთანხმებები

1. პუნქტების 2, 3 და 4 დებულებათა თანახმად არცერთი წევრი სახელმწიფო არ არის ვალდებული გამოიყენოს წინამდებარე შეთანხმების დებულებები “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ერთწლიანი საერთო ვადის გასვლამდე.

2. განვითარებად წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ ოთხი წლით გადაავადონ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა პუნქტით 1 გათვალისწინებული გამოყენება, გარდა მუხლებისა 3, 4 და 5.

3. ნებისმიერ სხვა წევრი სახელმწიფოს, რომელიც ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო, თავისუფალ სამეწარმეო ეკონომიკაზე გადასვლის სტადიაზეა და რომელიც საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების სისტემის სტრუქტურულ რეფორმას ახორციელებს და აწყდება ინტელექტუალური საკუთრების კანონებისა და წესების მომზადებასა და რეალიზებასთან დაკავშირებულ სპეციფიურ პრობლემებს, აგრეთვე შეუძლია ისარგებლოს პუნქტით 2 გათვალისწინებული გადავადების შესაძლებლობით.

4. იმდენად, რამდენადაც წინამდებარე შეთანხმება განვითარებად წევრ სახელმწიფოს ავალდებულებს გაავრცელოს პროდუქციის საპატენტო დაცვა ტექნიკის ისეთ დარგებში, რომლებიც ასეთ დაცვას არ ექვემდებარება აღნიშნული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების გამოყენების საერთო თარიღისათვის, მას პუნქტის 2 თანახმად შეუძლია გადაავადოს II ნაწილის მე-5 ნაკვეთში განხილულ პროდუქციის დაპატენტების შესახებ დებულებების გამოყენება ასეთი დარგების მიმართ კიდევ 5 წლით.

5. წევრი სახელმწიფო, რომელიც პუნქტების 1, 2, 3 და 4 შესაბამისად გარდამავალი პერიოდით სარგებლობს უზრუნველყოფს, რომ ამ პერიოდში მის კანონებში, დებულებებსა და პრაქტიკაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება არ შეამცირებს მათი შესაბამისობის დონეს წინამდებარე შეთანხმებასთან.

 

მუხლი 66

ყველაზე ნაკლებად განვითარებული წევრი სახელმწიფოები

1. ყველაზე ნაკლებად განვითარებული წევრი სახელმწიფოების სპეციფიკური საჭიროებებისა და მოთხოვნების, მათი ეკონომიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული შეზღუდვების და მათთვის სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიური ბაზის შესაქმნელად საჭირო მოქნილობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ასეთი სახელმწიფოების მიმართ წინამდებარე შეთანხმების დებულებები, გარდა მუხლებისა 3, 4 და 5 არ გამოიყენება, მუხლის 65 პუნქტით 1 განსაზღვრული გამოყენების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში. “TRIPS"-ის საბჭო ყველაზე ნაკლებად განვითარებული წევრი სახელმწიფოს ჯეროვნად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებს აღნიშნულ პერიოდს.

2. განვითარებული წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ მათ ტერიტორიებზე განლაგებული საწარმოებისა და დაწესებულებების სტიმულირებას, რათა ხელი შეუწყონ ტექნოლოგიის გადაცემას ყველაზე ნაკლებად განვითარებული წევრი სახელმწიფოებისათვის მათთვის მტკიცე და სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიური ბაზის შექმნის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

მუხლი 67

ტექნიკური თანამშრომლობა

წინამდებარე შეთანხმების განხორციელების გაადვილების მიზნით განვითარებული წევრი

სახელმწიფოები განვითარებად და ყველაზე ნაკლებად განვითარებულ წევრ ქვეყნებს გაუწევს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მათი მოთხოვნისა და ორმხრივად შეთანხმებული პირობების საფუძველზე. ასეთი თანამშრომლობა მოიცავს დახმარებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის და აღსრულების შესახებ კანონებისა და დებულებების მომზადებაში, აგრეთვე ასეთი უფლებებით ბოროტად სარგებლობის თავიდან აცილებაში, აგრეთვე მოიცავს დახმარებას იმ ეროვნული უწყებებისა და დაწესებულებების შექმნასა და განმტკიცებაში, რომლებიც ამ საკითხებით იქნებიან დაკავებულნი, მათ შორის კადრების მომზადებაში,.

 

ნაწილი VII

ინსტიტუციონალური ღონისძიებები; დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 68

ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ვაჭრობასთან

დაკავშირებული ასპექტების საბჭო

“TRIPS"-ის საბჭო აკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას, კერძოდ, წევრი სახელმწიფოების მიერ შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას გამართონ კონსულტაციები ინტელექტუალური საკუთრების ვაჭრობასთან დაკავშირებულ ასპექტების თაობაზე. იგი ახორციელებს აგრეთვე წევრი სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებულ ნებისმიერ მოვალეობას, და კერძოდ, სთავაზობს ნებისმიერი სახის დახმარებას, რომელსაც მისგან მოითხოვენ დავათა დარეგულირების პროცედურებთან დაკავშირებით. თავისი ფუნქციების შესრულებისას “TRIPS"-ის საბჭოს შეუძლია რჩევისათვის მიმართოს და მოიძიოს ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან, რომელსაც იგი ამ თვალსაზრისით შესაფერისად მიიჩნევს. “ისმო"-თან გამართული კონსულტაციების შესაბამისად საბჭო თავისი პირველი სხდომიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებს შესაბამის ზომებს აღნიშნული ორგანიზაციის ორგანოებთან თანამშრომლობის დასამკვიდრებლად.

 

მუხლი 69

საერთაშორისო თანამშრომლობა

წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან ურთიერთთანამშრომლობაზე იმ თვალსაზრისით, რომ აღმოფხვრილ იქნას საერთაშორისო ვაჭრობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დამრღვევი საქონლით. ამ მიზნით ისინი თავიანთ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ქმნიან საკონტაქტო პუნქტებს, იტყობინებიან ამის შესახებ და მზად არიან სამართალდამრღვევი საქონლით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად. კერძოდ, ისინი ხელს უწყობენ საბაჟო ორგანოებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და თანამშრომლობას გაყალბებული სასაქონლო ნიშნიანი საქონლითა და საავტორო უფლებების დარღვევით დამზადებული საქონლით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 70

არსებული ობიექტის დაცვა

1. წინამდებარე შეთანხმება არ წარმოშობს მოვალეობებს იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მოცემული წევრი სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ იქნა მოცემული შეთანხმების გამოყენების თარიღამდე.

2. თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინამდებარე შეთანხმება წარმოშობს მოვალეობებს ინტელექტუალური საკუთრების ყველა იმ საგანთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობდა ცალკეული წევრი სახელმწიფოს მიმართ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის და რომლებიც დაცულია ამ სახელმწიფოში აღნიშნული თარიღისათვის, აგრეთვე რომლებიც შეესაბამება ან შემდგომში მოვა შესაბამისობაში წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დაცვის კრიტერიუმებთან. რაც შეეხება მოცემული პუნქტის და პუნქტების 3 და 4 დებულებებს, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული მოვალეობები არსებული ნაწარმოებების მიმართ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ბერნის კონვენციის (1971 წ.) მუხლზე 18 დაყრდნობით, ხოლო მოვალეობები, რომლებიც ფონოგრამების მწარმოებელთა და არსებულ ფონოგრამებში შემსრულებელთა უფლებებს ეხება, განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ბერნის კონვენციის (1971 წ.) მუხლის 18 მიხედვით იმდენად, რამდენადაც ის გამოყენებადია წინამდებარე შეთანხმების მუხლის 14 პუნქტის 6 მიხედვით.

3. არანაირი მოვალეობა არ წარმოიშვება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებზე უფლებათა დაცვის აღსადგენად, რომლებიც მოცემული წევრი სახელმწიფოს მიერ წინამდებარე შეთანხმების გამოყენების დაწყების თარიღისათვის სახელმწიფო საკუთრებაში აღმოჩნდა.

4. ნებისმიერ იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება კონკრეტულ საგნებს, რომლებშიც შედის ისეთი ობიექტები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად სამართალდამრღვევი ობიექტები გახდნენ, და რომელთა გამოშვება დაიწყო ან რომელთა დაკავშირებითაც განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მიერ “მსო"_ს შეთანხმებისთვის მიღების თარიღამდე, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია გაითვალისწინოს უფლების მფლობელის ხელთ არსებული სამართლებრივი დაცვის შეზღუდვა ასეთი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ასეთი წევრი სახელმწიფოსათვის მოცემული შეთანხმების გამოყენების დაწყების თარიღის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევებში წევრი სახელმწიფო ითვალისწინებს, სულ მცირე, სათანადო ანაზღაურების გადახდას.

5. წევრი სახელმწიფო მოვალე არ არის გამოიყენოს მუხლის 11 და მუხლის 14 პუნქტის 4 დებულებები იმ დედანთა და ასლთა მიმართ, რომლებიც ამ წევრი სახელმწიფოსათვის მოცემული შეთანხმების გამოყენების დაწყებამდე იქნა შეძენილი.

6. წევრი სახელმწიფოები არ არიან მოვალენი გამოიყენონ მუხლის 31 დებულებები, ან მუხლის 27 პუნქტის 1 მოთხოვნები იმის შესახებ, რომ პატენტზე უფლებები მინიჭებულ უნდა იქნას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ტექნიკის დარგის მიუხედავად და გამოყენება უნდა მოხდეს უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე, როდესაც ასეთ გამოყენებაზე ნებართვა მთავრობის მიერ იქნა გაცემული იმ თარიღამდე, სანამ წინამდებარე შეთანხმება ცნობილი გახდებოდა.

7. თუ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვა რეგისტრაციის პირობით ხორციელდება, მაშინ ასეთი დაცვის მისაღებად წარდგენილ განაცხადებში, რომლებიც მოცემული წევრი სახელმწიფოსათვის წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების თარიღისათვის განხილვის სტადიაში იმყოფება, ნებადართულია შესწორებების შეტანა, რომლის მიხედვით მოთხოვნილ იქნება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფრო ფართო დაცვა. ასეთი შესწორებები არ უნდა შეიცავდეს ახალ საკითხებს.

8. თუ წევრი სახელმწიფო “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის არ უზრუნველყოფს საპატენტო დაცვას ფარმაცევტულ და აგროქიმიურ პროდუქტებზე მის მიერ მუხლის 27 თანახმად ნაკისრი მოვალეობების შესაბამისად, ეს წევრი სახელმწიფო:

ა) VI ნაწილის დებულებების მიუხედავად, “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული ითვალისწინებს ისეთ პროცედურულ ქმედებებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ასეთ გამოგონებებზე პატენტის მისაღებად განაცხადების შეტანა;

ბ) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული ასეთი განცხადებების მიმართ იყენებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს ისეთი სახით, თითქოს ეს კრიტერიუმები გამოიყენებოდა აღნიშნულ წევრ სახელმწიფოში განაცხადის შეტანის თარიღისათვის ან პრიორიტეტის არსებობისა და მისი მოთხოვნის შემთხვევაში - პრიორიტეტული თარიღისათვის; და

გ) უზრუნველყოფს საპატენტო დაცვას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად პატენტის გაცემის თარიღიდან და პატენტის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში, რომელიც აითვლება იმ განაცხადების წინამდებარე შეთანხმების მუხლის 33 მიხედვით შეტანის თარიღიდან, რომლებიც აკმაყოფილებს (ბ) ქვეპუნქტში მითითებულ დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.

9. თუ წევრ სახელმწიფოში პროდუქციის თაობაზე 8(ა) პუნქტის თანახმად გაკეთებულია განაცხადი პატენტის მისაღებად, VI ნაწილის დებულებათა მიუხედავად დაიშვება განსაკუთრებული უფლებები გასაღებაზე აღნიშნულ წევრ სახელმწიფოში გასაღებაზე ნებართვის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაში, ან ამ წევრ სახელმწიფოში პროდუქტზე პატენტის გაცემამდე ან მის გაცემაზე უარის თქმამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ვადა იქნება უფრო მოკლე, იმ პირობით, რომ “მსო"-ს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ აღნიშნულ პროდუქტზე შეტანილ იქნა საპატენტო განაცხადი და პატენტი გაცემულ იქნა სხვა წევრ სახელმწიფოში და გასაღებაზე ნებართვა მიღებული იქნა ამ სხვა წევრ სახელმწიფოში.

 

მუხლი 71

კონტროლის განხორციელება და შესწორებების შეტანა

1. “TRIPS"-ის საბჭო წინამდებარე შეთანხმების განხორციელებას განიხილავს მუხლის 65 პუნქტში 2 მითითებული გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ. საბჭო იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც შეიძინა შეთანხმების განხორციელების პროცესში, მის მოქმედებას განიხილავს ამ თარიღიდან ორი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. საბჭოს შეუძლია აგრეთვე განხილვა მოაწყოს ნებისმიერი სიახლის შუქზე, რომლებიც შეიძლება წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებებისა და შესწორებების შეტანის საფუძველი გახდეს.

2. შესწორებები, რომელთა მიზანია მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უფრო მაღალ დონის დამკვიდრება, რაც უკვე მიღწეულია და ამოქმედებული სხვა მრავალმხრივი შეთანხმებებით და რომელიც აღიარებულია “მსო"-ს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, “მსო"-ს შეთანხმების X მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ასამოქმედებლად უნდა მიეწოდოს მინისტრთა კონფერენციას “TRIPS"-ის საბჭოს მიერ კონსენსუსის პრინციპით შემუშავებული წინადადების საფუძველზე.

 

მუხლი 72

დათქმები

წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ დებულებაში რაიმე დათქმის გათვალისწინება დანარჩენი წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

 

მუხლი 73

უსაფრთხოების მიზნით დაშვებული გამონაკლისები

წინამდებარე შეთანხმებაში არცერთი დებულება არ უნდა იქნას გაგებული როგორც:

ა) ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის იმ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნა, რომლის გამჟღავნებასაც იგი თავისი უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ მიიჩნევს; ან

ბ) წევრი სახელმწიფოებისათვის ნებისმიერი იმ ქმედების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რომელსაც ის თავისი ძირითადი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად მიიჩნევს საჭიროდ:

(i) გახლეჩად მასალებთან ან იმ მასალებთან დაკავშირებით, საიდანაც ისინი მიიღება;

(ii) იარაღით, ტყვია-წამლით და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობასთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა სახის საქონლითა და მასალებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სამხედრო ძალების შესაიარაღებლად ხორციელდება;

(iii) თუ ეს ქმედებები საომარი ან საერთაშორისო ურთიერთობაში სხვა სახის განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ხორციელდება;

ან

გ) ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის ხელის შეშლა იმ ქმედებათა განხორციელებაში, რომლებიც მის მიერ გაერთიანებული ერების წესდების თანახმად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ნაკისრ ვალდებულებებს შეესაბამება.