დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/243 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/09/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.22.024.016339 |
|
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1-1/1487 ბრძანებით (სსმ III, 09.09.2010წ., №114, მუხ.1720) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“. |
2.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი 1. აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ქონების განმკარგავ სუბიექტსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში. 3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 4. სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას საპრივატიზებო საფასურის ნაწილად. 6. გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 7. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 8. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი. 9. საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 11. 2011 წლის 1 იანვრამდე აუქციონის გზით პრივატიზებულ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდა დასტურდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ წერილობით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.“ |
3.
მე-8 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 კალენდარულ დღეში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით ან ელექტრონულ დადასტურებას, რაც არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი. 8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით. 9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა „გამყიდველის“ მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.“ |
4.
მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს.“ |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები