საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260010.22.026.016287
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
65
29/08/2014
ვებგვერდი, 01/09/2014
120260010.22.026.016287
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/09/2014 - 04/08/2020)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №65

2014 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის  N372 დადგენილების მე-2 მუხლისა და  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის N335 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი




საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის

დებულება

 

თავი I.

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში- კომისია) უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს,  კომისიის  გადაწყვეტილების  მიღების პროცედურებს (მათ შორის: ვადები, გაუქმების და შეჩერების საფუძვლები, წარსადგენი დოკუმენტაცია), აგრეთვე კომისიასთან არსებული შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას.

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია:

ა) „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით და ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372 დადგენილების საფუძველზე  იღებს  რეკომენდაციას/გადაწყვეტილებას;

ბ) ქმნის, აუქმებს ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ს (შემდგომში - ჯგუფი),  განსაზღვრავს ჯგუფ(ებ)ის შემადგენლობას;

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

2. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წინაშე.

3. კომისიას აქვს საკუთარი ბლანკი ქართულ-ინგლისური წარწერით და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

მუხლი 3.  კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობაში შედის ექვსი წევრი, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსს.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისიის თავმჯდომარე  წარმართავს კომისიის საქმიანობას.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის დავალებებს, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში -  კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს.

5. კომისიის  მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას;

ბ) ამზადებს კომისიის სხდომებს, მათ შორის, ადგენს დღის წესრიგის პროექტს;

გ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების/რეკომენდაციის შესრულებას;

დ) აგზავნის განცხადებას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან უბრუნებს განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კომისიის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება;

ე) იღებს გადაწყვეტილებას ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე.

6. კომისიის წევრი მონაწილეობს კომისიის საქმიანობაში და უფლებამოსილია:

ა) წარადგინოს კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის პროექტი;

ბ) მოითხოვოს საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა;

გ) მიიღოს ინფორმაცია  კონკრეტული რეკომენდაციის/გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;

დ) მოითხოვოს საკითხის გადადება.

თავი II

კომისიაში წარმოების წესი

მუხლი 4.  წარმოების დაწყება

1. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და “ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მისაღებად  წარმოების დაწყების საფუძვლებია:

ა) ნებართვის მაძიებლის ან ნებართვის მფლობელის (შემდგომში- განმცხადებელი) განცხადება;

ბ) კომისიის გადაწყვეტილება;

გ) კომისიის ვალდებულება გამოსცეს გადაწყვეტილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის ან კომისიის გადაწყვეტილების მიღების მეორე სამუშაო დღიდან.

3. განცხადება მასზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შეტანილი უნდა იქნეს სამინისტროში.

4. განმცხადებელმა შესაძლებელია წარმოადგინოს დოკუმენტების დამოწმებული ასლები, ხოლო კომისიის/კომისიის მდივნის მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა კომისიას უნდა წაუდგინოს დოკუმენტების დედნები.

5. განმცხადებელს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელიც მისი შეხედულებისამებრ შეიცავს კომისიის გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო დამატებით ინფორმაციას.

მუხლი 5.  განცხადების შინაარსი და წარსადგენი დოკუმენტაცია

1. რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განცხადება.

2. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის დასახელებას;  

ბ) განმცხადებლის ვინაობას ან დასახელებას, პირად ან საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;     

გ) მოთხოვნას;

დ)  პროდუქციის დასახელებას და მის რაოდენობას/მოცულობას;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას;

ვ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს განცხადებაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი, მათ შორის, სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.  

4. კომისია/კომისიის მდივანი უფლებამოსილია განმცხადებელს მოთხოვოს გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებისათვის საჭირო სხვა დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

5. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე.

6. განმცხადებელი პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე და უტყუარობაზე.

მუხლი 6. დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენა

1. კომისიის მდივანი 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების და სხვა დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. კომისია/კომისიის მდივანი უფლებამოსილია განმცხადებელს განუსაზღვროს 7-დან 30 სამუშაო დღემდე ვადა წარდგენილი განცხადების/დოკუმენტის თარგმნისთვის, აგრეთვე დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვება წარმოადგენს განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.

4. განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ან ამ ვადის განმავლობაში მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის სამინისტროში შემოსვლამდე.

მუხლი 7. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

1. კომისია ვალდებულია წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება/რეკომენდაცია მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის ფარგლებს განსაზღვრავს კომისია.

3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები, ინფორმაცია;  

ბ) შეაგროვოს ცნობები;

გ) მოუსმინოს განმცხადებელს, ექსპერტს, მოწმეს;        

დ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

ე) დოკუმენტაციის, ინფორმაციის შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

4. მოწმე ან ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება კომისიას. ახსნა-განმარტების ჩამორთმევა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 8.  კომისიის სხდომა

1. კომისიის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია მიიღება კომისიის სხდომაზე ან ამ დებულების მე-9 მუხლით დადგენილი კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით.

2. კომისიის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე.

3. სხდომის თავმჯდომარე სხდომას წარმართავს დღის წესრიგის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა წრეს (განმცხადებელი, ექსპერტი და სხვა) განსაზღვრავს კომისია.

5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება/რეკომენდაცია, თუ მის სხდომას ესწრება 4 წევრი მაინც, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას და კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

6. კომისიის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

7. კომისიის წევრის ხმის მიცემის ფორმებია: ეთანხმება ან არ ეთანხმება.

8. კომისიის  ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომაზე დამსწრე წევრების ვინაობა;

დ) დღის წესრიგი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია.

9.  სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი.

10. კომისიის სხდომები დახურულია.

მუხლი  9. კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღების წესი კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით

1. კომისიის გადაწყვეტილება/რე­კომენდაცია შესაძლებელია მიღებულ იქნეს კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებითაც.

2. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის პროექტს შეიმუშავებს კომისიის მდივანი.

3. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები გადაწყვეტილების/რეკო­მენდაციის პროექტი, განსახილველად წარმოდ­გენილ სათანადო დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, დაეგზავნება შესათანხმებ­ლად კომისიის წევრებს.

4. კომისიის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია მიღებულად ითვლება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების შესაბამისად.

5. ამ მუხლით განსაზღვრული წესით კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებისას კომისიის სხდომის ოქმი არ დგება.

მუხლი 10. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღების ვადები

1. კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღების ვადა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, რომელიც აითვლება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყების დღიდან და მთავრდება გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებით. ამ ვადაში არ შედის წარმოების შეჩერების პერიოდი.

მუხლი 11. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის რეკვიზიტები

1. გადაწყვეტილება/რეკომენდაცია უნდა შეიცავდეს:

ა) გადაწყვეტილების/რეკომენდაციის  სახეს;

ბ) კომისიის დასახელებას;

გ) სათაურს;

დ) კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის მდივნის პირის  გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ)  სარეგისტრაციო ნომერს;

ზ) განკარგულებით ნაწილს.

2. გადაწყვეტილებაში/რეკომენდაციაში უნდა მიეთითოს საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება/რეკომენდაცია.

3. კომისიის რეკომენდაციაში უნდა მიეთითოს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა და რეკომენდაციის მოქმედების ვადა.

4. კომისიის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია მიიღება წერილობითი ფორმით ან ელექტრონულად სამინისტროში დადგენილი ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად.

მუხლი 12. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის ძალაში შესვლა

1. ამ დებულებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/რეკომენდაცია ძალაში შედის გამოცემისთანავე.

2. განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების/რეკომენდაციის შესახებ უნდა ეცნობოს (მათ შორის, განცხადებაში მითითებულ მისამართზე, ელექტრონულ ფოსტაზე ან ტელეფონზე) გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი  13. შეცდომების გასწორება კომისიის გადაწყვეტილებაში/რეკომენდაციაში

1. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის მდივანი უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ან/და რეკომენდაციაში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

2. გადაწყვეტილებაში/რეკომედაციაში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის გამოცემას.

მუხლი 14. წარმოების დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცნობის უფლება და გაუმჟღავნებლობა

1. განმცხადებელს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს მასთან დაკავშირებული წარმოების დოკუმენტაციას/ინფორმაციას, გარდა იმ დოკუმენტაციისა/ინფორმაციისა, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მომზადებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას/ინფორმაციას. აგრეთვე შიდაუწყებრივი ხასიათის, სახელმწიფო, სხვის კომერციულ და პერსონალურ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ან ოპერატიულ დოკუმენტაციას/ინფორმაციას.

2. თუ დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცნობის ინტერესი აღემატება საიდუმლოების დაცვის ინტერესს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით განმცხადებელს გასაცნობად წარედგინება საქმის ის დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

3. განმცხადებელი წარმოების დოკუმენტაციას/ინფორმაციას ეცნობა კომისიის პასუხისმგებელი მდივნის მეთვალყურეობით.

4. წარმოებაში მონაწილე კომისიის წევრს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნით გამოიყენოს ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაცია. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით.

მუხლი 15.  ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი

1. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს კომისიის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია, შეიძლება ხელახლა წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას/რეკომენდაციას  შეიცვალა განმცხადებლის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის გამოცემას.

2. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, კომისია განცხადებას არ განიხილავს.

3.  განცხადება წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

მუხლი  16. წარმომადგენელი წარმოებაში

1. განმცხადებელს აქვს უფლება კომისიასთან აწარმოოს ურთიერთობა   წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.

2. კომისია უფლებამოსილია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

3. განმცხადებელის მიერ წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში, კომისია/ კომისიის მდივანი  წარმოების ყველა საკითხზე მიმართავს წარმომადგენელს.

მუხლი 17.  წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა

1. წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს კომისიის ის წევრი, რომელიც:

ა)   თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

ბ) საქმეში მონაწილე განმცხადებლის, ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) საქმეში მონაწილე განმცხადებლის წარმომადგენელია;

დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე განმცხადებელთან;

ვ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელის წარმოადგენს განმცხადებელს;

ზ) საქმეში მონაწილე განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია;

2. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის  და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიას აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. განცხადება აცილების ან თვითაცილების თაობაზე განიხილება, კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღებამდე.  

4. კომისიის წევრის აცილების საკითხს წყვეტს კომისია ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.

5. კომისიის მთელი შემადგენლობის  ან წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის კომისიას, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მიერ ამ საკითხის გადასაწყვეტად დანიშნული დროებითი კომისია.

6. აცილების შესახებ განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს  წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების/თვითაცილების საფუძველს.

მუხლი 18. წარმოების ხარჯების ანაზღაურება

1. განმცხადებელი თვითონ აანაზღაურებს წარმოებასთან დაკავშირებულ, მის მიერ, მისივე ინიციატივით ან მის სასარგებლოდ გაწეულ ხარჯებს.

2. არ შეიძლება დაწესდეს რაიმე გადასახადი ან შეიქმნას სხვა დაბრკოლება დოკუმენტის/ინფორმაციის ან სხვა მასალის ასლის მისაღებად, ასლის გადაღებისათვის, აგრეთვე ფოსტის მეშვეობით გაგზავნისათვის, საჭირო თანხის ანაზღაურების გარდა.

უხლი 19. წარმოების შეწყვეტის ან/და წარმოების დაწყებაზე უარის თქმის საფუძველი

1. წარმოების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმოების განმავლობაში განმცხადებლის მიერ  წარმოების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა;

ბ)  განმცხადებელი წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს;

გ) წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია;

დ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს წარმოების შეწყვეტას;

ე) განმცხადებლის ლიკვიდაცია ან/და გარდაცვალება;

2. წარმოება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ აღმოჩნდა, რომ კომისია წარმოადგენს განცხადების განხილვაზე არაუფლებამოსილ ორგანოს.

მუხლი 20. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის გაუქმება

1. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის გაუქმების საფუძვლებია:

ა) განმცხადებლის განცხადება;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას;

ე) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის  დადგენილი სხვა მოთხოვნები;

შენიშვნა: გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება მათი გამოცემა ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება/რეკომენდაცია;

ვ)   პირდაპირ არის მითითებული კანონში ან კანონქვემდებარე აქტში;

ზ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც კომისიას ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი გადაწყვეტილება/რეკომენდაცია და მათმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

თ) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება,  რაც კომისიას ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი გადაწყვეტილება/რეკომენდაცია და მათმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

ი) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) ამოიწურა რეკომენდაციის მოქმედების ვადა.

2. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს გადაწყვეტილების/რეკომენდაციის ან/და სამართლებრივი შედეგის მოქმედების შეწყვეტის დრო:

ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მისი გაუქმების დღიდან;

გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

3. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის  ნაწილის გაუქმება უნდა მოხდეს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

4. გადაწყვეტილების/რეკომენდაციის ნაწილის გაუქმება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის სხვა ნაწილების გაუქმებას.

მუხლი 21. რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება

რეკომენდაციის მოქმედების შეჩერების საფუძვლებია:

ა) განმცხადებლის მოთხოვნა;

ბ) კომისიის გადაწყვეტილება;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

მუხლი 22. რეკომენდაციის მოქმედების ვადა

რეკომენდაციის მოქმედების ვადაა 12 თვე მისი ძალაში შევლის დღიდან.

თავი III

კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი

მუხლი 23. ექსპერტთა ჯგუფი

1. კომისიაში განსახილველად შემოსული საკითხები კომისიის ან/და კომისიის მდივნის გადაწყვეტილებით საჭიროების შემთხვევაში განსახილველად წარედგინება ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის N372 დადგენილებით დამტკიცებული  ”სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით კომისიას წარუდგენს დასკვნას ექსპერტთა ჯგუფის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

2. ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია/ დოკუმენტაცია;

ბ) საკითხების განხილვისას მოიწვიოს განმცხადებელი, ექსპერტები, მეცნიერები, სპეციალისტები;

3. ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

ა) ჯგუფის ხელმძღვანელი - კომისიის პასუხისმგებელი მდივანი;

ბ) ჯგუფის პასუხისმგებელი მდივანი - სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოსამსახურე;

გ) ჯგუფის წევრი ექსპერტები, რომლებიც მოიწვევიან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების სისტემიდან.

4. ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, მის საქმიანობას წარმართავს და დასკვნას ხელს აწერს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

5. ექსპერტთა ჯგუფის წევრი:

ა) მონაწილეობას ღებულობს ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების კომპეტენციის ფარგლებში (რომელი დაწესებულებიდანაც არის წარმოდგენილი) აფასებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის  N372 დადგენილებით დამტკიცებული  ”სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ” დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;

ბ) წარადგინოს დასკვნის პროექტი;

გ) მოითხოვოს საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა;

დ) მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია ექსპერტთა ჯგუფის წინაშე დასმულ საკითხზე;

ე) მოითხოვოს საკითხის გადადება;

ვ) ვალდებულია  საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს ხმის მიცემით (ვეთანხმები, არ ვეთანხმები) და მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში .

6. ექსპერტთა ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ ექსპერტთა ჯგუფის სხდომას ესწრება ექსპერტთა ჯგუფის წევრთა ნახევარზე მეტი.

7. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება (მათ შორის, დასკვნა)  მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმის არსებობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

8. ექსპერტთა ჯგუფის სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმის სახით, რომლის შესაბამისად გაიცემა ექსპერტთა ჯგუფის სათანადო დასკვნა. ექსპერტთა ჯგუფის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ჯგუფის ყველა წევრი.