დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3567 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/10/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 01/11/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.05.001.002.408 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს);“.
3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე.“.
4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ პირებს კომპენსაციები ენიშნებათ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი:
„მუხლი 152. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) კომპენსაციების გაანგარიშება
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს (მოადგილეებს) კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს – უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეს (მოადგილეებს) – არანაკლებ 5 წლით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატის მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.“.
6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.“.
7. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:
ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – სტატუსის დადგენის მომენტისათვის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ის ნამრავლი ნამსახურობის 20 წელზე, ნამსახურობის სტაჟის მიუხედავად;
ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 13 ოქტომბერი.
№3567–IIს
დოკუმენტის კომენტარები