საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 37, 07/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.002.392
3530
25/07/2006
სსმ, 37, 07/08/2006
080.000.000.05.001.002.392
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 27. ჯგუფური დანაშაული

1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.

4. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.“.

3. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 40. სასჯელის სახეები

1. სასჯელის სახეებია:

ა) ჯარიმა;

ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

დ) გამასწორებელი სამუშაო;

ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;

ვ) თავისუფლების შეზღუდვა;

ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;

თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ი) ქონების ჩამორთმევა.

2. იურიდიული პირის სასჯელის სახეები განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.“.

4. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) თხუთმეტი წელი ამ კოდექსის 332-ე–3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, თუ ისინი არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს;“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეექვსე1 კარი:

 „კარი მეექვსე1

იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

თავი XVIII1

იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, სასჯელთა სახეები, მათი გამოყენების წესი და პირობები

    მუხლი 1071. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი

1. იურიდიულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. ამ კოდექსის მიზნებისათვის, იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (მის უფლებამონაცვლეს).

2. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისათვის, რომელიც ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებელი პირი არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.

4. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით) ან/და მის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, დადგენილია თუ არა დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი.

5. პასუხისმგებელი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ წარმოადგენს იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.

6. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს იმავე დანაშაულისათვის ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს დანაშაულის შედეგად მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ასევე მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის სხვა ზომების გამოყენებისაგან.

8. ფიზიკური პირის ქმედების მიმართ ბრალის ან მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დადგენის შემთხვევაში იურიდიული პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 1072. იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შემთხვევები

იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსის 1431, 1432, 194-ე, 221-ე, 2241, 2271, 2272, 2311, 2551, 260-ე–271-ე, 323-ე–330-ე, 3301, 3302, 3311, 339-ე, 3391, 3441, 364-ე, 365-ე და 372-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

    მუხლი 1073. სასჯელის სახეები

1. იურიდიული პირის სასჯელის სახეებია:

ა) ლიკვიდაცია;

ბ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

გ) ჯარიმა;

დ) ქონების ჩამორთმევა.

2. ლიკვიდაცია და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

3. ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.

4. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.

    მუხლი 1074. ლიკვიდაცია

1. სასჯელის სახით ლიკვიდაციის დანიშვნისას სასამართლო (გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ნიშნავს ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს), რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები გადახდება მსჯავრდებულ იურიდიულ პირს.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ლიკვიდაციას, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები).

3. ლიკვიდაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა იურიდიული პირის შექმნის ძირითად მიზანს ან მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

    მუხლი 1075. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

1. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იურიდიული პირისათვის უვადოდ ან ერთიდან 10 წლამდე ვადით საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის აკრძალვას.

2. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება გავრცელდეს საქმიანობაზე, რომლის განხორციელებისას ან რომლის განხორციელებასთან დაკავშირებით იქნა ჩადენილი დანაშაული.

    მუხლი 1076. ჯარიმა

1. იურიდიული პირისათვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეესაბამება ამ კოდექსის 42-ე მუხლით ფიზიკური პირისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ორმოცდაათმაგ ოდენობას.

2. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულით მიღებული სარგებლისა და იურიდიული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებებით.

3. თუ იურიდიული პირისათვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლის შენიშვნაში ჯარიმა მითითებულია როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად, ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებისას დამატებით სასჯელად ჯარიმა არ გამოიყენება.

5. დაუშვებელია ერთი და იმავე იურიდიული პირის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის განმეორებით გამოყენება ჯარიმის დაკისრებიდან 3 წლის განმავლობაში.

    მუხლი 1077. ქონების ჩამორთმევა

იურიდიული პირისათვის ქონების ჩამორთმევაზე ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნები.“.

6. 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

7. 143-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.“.

8. 1431 და 1432 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

გ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

დ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.

შენიშვნა:

1. კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის, ექსპლუატაციად მიიჩნევა ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის ან მომსახურების, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა სახის მომსახურების გაწევის, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების მიზნით, აგრეთვე ადამიანის იძულება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ანდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას. პირის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არა აქვს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

    მუხლი 1432. არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით;

გ) ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;

დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე    შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

9. 1441 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“.

10. 180-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

11. 181-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი რეკეტირის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.“.

12. 194-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, ფლობა, სარგებლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ჯგუფურად;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის, უკანონო შემოსავლად არ ჩაითვლება საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაულით მიღებული შემოსავალი, აგრეთვე შემოსავალი ხუთი ათას ლარამდე.

2. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

13. 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 203. პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა

1. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

4. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5. პროფესიული სპორტული შეჯიბრების მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების ორგანოს, რომ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული, ფასიანი ქაღალდი ან სხვა ქონება ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება.“.

14. 221-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 221. კომერციული მოსყიდვა

1. პირისათვის, რომელიც სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ოთხ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. იმ პირის მიერ, რომელიც სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზების, დაპირების, გადაცემის ან გაწევის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) გამოძალვით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ამ მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას გამოსძალეს ქონება, ან თუ მან ნებაყოფლობით განუცხადა ხელისუფლების ორგანოს ამის შესახებ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2241 მუხლი:

    მუხლი 2241. რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა

დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე დავების უკანონოდ გადაწყვეტა ან მონაწილეობა დავების უკანონოდ გადაწყვეტაში რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირს შორის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

16. 236ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

17. 2551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში

არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

18. 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

19. 261-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 261. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

20. 262-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 262. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა

1. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) არაერთგზის;

გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

21. 263-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 263. საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა

1. საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

22. 264-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 264. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) არაერთგზის;

გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

გ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

23. 265-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 265. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება

1. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი;

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

24. 266-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 266. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

25. 267-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 267. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება

1. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

26. 268-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 268. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება

1. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

27. 269-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 269. ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა

1. ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა, რამაც მისი უკანონო ბრუნვაში მოქცევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის უკანონო ბრუნვაში მოქცევა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

28. 270-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 270. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა

1. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა, რამაც მისი უკანონო ბრუნვაში მოქცევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

29. 271-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 271. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ანგარებით;

გ) არასრულწლოვნის ან იმის მიმართ, ვინც გადის დეზინტოქსიკაციური თერაპიის კურსს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის სპეციალური სადგომის ანდა ასეთ სადგომში მისი უკანონოდ მოხმარების ორგანიზება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

30. 323-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 323. ტერორისტული აქტი

1. ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირი, რომელიც ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

31. 3241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3241. კიბერტერორიზმი

1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

32. 325-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 325. საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა

საქართველოს პრეზიდენტის, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა ამ თანამდებობის პირის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

33. 326-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 326. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმა

საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

34. 327-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 327. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მასში მონაწილეობა

1. ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

2. ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

35. 328-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 328. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

36. 329-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 329. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით

1. მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით, ესე იგი რათა მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სახელმწიფო ხელისუფლება ანდა საერთაშორისო ან რელიგიური ორგანიზაცია, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ;

ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;

გ) ჯგუფურად;

დ) არაერთგზის;

ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

37. 330-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 330. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით

1. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

38. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3301 და 3302 მუხლები:

    მუხლი 3301. საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისაკენ

1. საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება ან სხვაგვარი მიწოდება ამ კოდექსის 323-ე–330-ე, 3302 და 3311 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

    მუხლი 3302. წვრთნა ტერორისტული მიზნით

1. ამ კოდექსის 323-ე–330-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის ანდა მისი ჩადენის ხელშეწყობის მიზნით ინსტრუქტაჟის გაწევა ასაფეთქებელი, ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღის ან მომწამვლელი ან საშიში ნივთიერებების ანდა სხვა სპეციფიკური მეთოდების გამოყენებისა და ტექნიკის დამზადების ან გამოყენების სფეროში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

39. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3311 მუხლი:

მუხლი 3311. ტერორიზმის დაფინანსება

1. ტერორიზმის დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა სახის ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ამ კოდექსის 2271, 2272, 2311, 323-ე–330-ე და 3302 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ;

ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

40. 332-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;

გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას.“.

41. 335-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 335. განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.“.

42. 338-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 338. ქრთამის აღება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ქრთამის აღება:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) მექრთამეობისათვის მსჯავრდებულის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) გამოძალვით;

დ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა:

1. დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად – თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.

2. ამ მუხლის, ასევე 339-ე და 3391 მუხლების მიზნებისათვის, მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორის, საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს), საერთაშორისო ორგანიზაციის ან ორგანოს თანამდებობის პირს ან ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ თანამშრომელს, ასევე ნებისმიერ მივლინებულ ან არამივლინებულ პირს, რომელიც ასრულებს ამ თანამდებობის პირის ან თანამშრომლის ფუნქციების შესაბამის ფუნქციებს, საერთაშორისო საპარლამენტო კრების წევრს, საერთაშორისო სასამართლოს ან სასამართლო ორგანოს მოსამართლეს და თანამდებობის პირს.“.

43. 339-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 339. ქრთამის მიცემა

1. მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შენიშვნა:

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ქრთამის მიმცემი, თუ მას ქრთამი გამოსძალეს ან თუ მან ქრთამის მიცემის შესახებ ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.“.

44. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3391 მუხლი:

    მუხლი 3391. ზეგავლენით ვაჭრობა

1. საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენის ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღება, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც თავის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.“.

45. 340-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 340. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

46. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3441 მუხლი:

    მუხლი 3441. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

გ) მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით;

დ) მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, მისი ექსპლუატაციის ჩათვლით;

ე) ყალბი საბუთების გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

47. 364-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 364. სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლა

1. სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

48. 365-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 365. მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან წინასწარ გამოძიებასთან დაკავშირებით

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროკურორის, გამომძიებლის, დამცველის, ექსპერტის, აღმასრულებლის, სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, წინასწარ გამოძიებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

49. 372-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 372. მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან იძულება

1. მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის ანდა არასწორად თარგმნისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის იძულება ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის ანდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, თუ ამას თან ერთვის მისი ან მისი ახლო ნათესავის მოკვლის, მათ მიმართ ძალადობის ანდა მათი ქონების დაზიანების ან განადგურების მუქარა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

4. იგივე ქმედება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3530–რს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.