ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ. ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ

ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ. ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ
დოკუმენტის ნომერი 700/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/2002
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016263
700/1
20/05/2002
ვებგვერდი, 12/08/2014
480610000.03.030.016263
ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ. ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ისმო

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია

ჟენევა

საავტორო და მომიჯნავე უფლებების

ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი

დიპლომატიური კონფერენცია

ჟენევა

2-20 დეკემბერი, 1996 წ.

ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ

მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ


პრეამბულა

 

ხელშეკრულების დამდები მხარეები

სურთ   რა   მაქსიმალურად   ეფექტურად   და   ერთგვაროვნად   დახვეწონ   და დაიცვან შემსრულებლებისა და ფონოგრამების მწარმოებლების უფლებები,

აღიარებენ რა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ტექნიკურ განვითარებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების ადეკვატურად გადაწყვეტის მიზნით ახალი საერთაშორისო წესების შემოღების აუცილებლობას,

აღიარებენ რა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და დაახლოების  დიდ  ზეგავლენას  შესრულებებისა  და ფონოგრამების წარმოებასა და გამოყენებაზე,

 

აღიარებენ რა ფონოგრამების შემსრულებლებისა და დამამზადებლების უფლებებსა და ფართო საზოგადოებრიობის ინტერესებს შორის წონასწორობის შენარჩუნების აუცილებლობას, კერძოდ, განათლების, სამეცნიერო კვლევისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მიმართება სხვა კონვენციებთან

(1) ამ  ხელშეკრულების  არცერთი  დებულება  არ  ამცირებს  ვალდებულებებს, რომლებიც  ხელშეკრულების  დამდებ  მხარეებს  ერთმანეთის  მიმართ  აქვთ  1961 წლის 26 ოქტომბერს რომში დადებული “შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების ინტერესების დაცვის საერთაშორისო კონვენციის”  (შემდგომში “რომის კონვენცია”) თანახმად.

(2) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვა არ ვრცელდება და არანაირ გავლენას არ ახდენს ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დაცვაზე. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ამგვარ დაცვას ზიანი მიადგეს.

(3) ეს ხელშეკრულება არანაირად არ არის დაკავშირებული სხვა რომელიმე ხელშეკრულებებთან  და  არ  ამცირებს  მათ  მიერ  განსაზღვრულ  უფლებებსა  და ვალდებულებებს.

 

მუხლი 2. განსაზღვრებები

ამ ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს შემდეგი მნიშვნელობა აქვს:

(ა) „შემსრულებლები” – მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები, მოცეკვავეები და  სხვა  პირები,  რომლებიც  ასრულებენ  როლებს,  მღერიან,  კითხულობენ  (მათ შორის     მხატვრულად),     უკრავენ     მუსიკალურ     ინსტრუმენტებზე,     ახდენენ ლიტერატურული    ან    მხატვრული    ნაწარმოებების    ან    ხალხური    შემოქმედების ნიმუშების ინტერპრეტაციას ან რაიმე სხვა სახით ასრულებენ მათ;

(ბ)    „ფონოგრამა”    არის   შესრულების   ან   სხვა   ხმების   ჩაწერა,   ან   ხმების გამოხატულება,   გარდა   იმ   ხმებისა,   რომლებიც   ჩანაწერის   სახითაა   ჩართული კინემატოგრაფიულ  ან  სხვა  აუდიოვიზუალურ  ნაწარმოებში;

(გ) „ჩანაწერი” არის ხმების ან მათი გამოხატულების განსახიერება, რომელიც მისი   აღქმის,   რეპროდუქცირების   ან   შესაბამისი   მოწყობილობის   მეშვეობით

გადაცემის საშუალებას იძლევა;

(დ) „ფონოგრამის დამამზადებელი” არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავის თავზე იღებს შესრულების ან სხვა ხმების, ან მათი გამოხატულების პირველი ჩანაწერის ინიციატივას და პასუხისმგებელია ამ ჩაწერაზე;

(ე)  „გამოქვეყნება”  –  შესრულების  ჩანაწერის  ან  ფონოგრამის  გამოქვეყნება ნიშნავს  საზოგადოებისათვის  შესრულების  ჩანაწერის  ან  ფონოგრამის  შეთავაზებას უფლებამოსილების     თანხმობითა     და     იმ     პირობით,     რომ     საზოგადოებას ეგზემპლარები გონივრული რაოდენობით მიეწოდება;

(ვ)   „საერთო      მაუწყებლობა”    არის      კავშირგაბმულობის    უმავთულო საშუალებებით ხმების ან გამოსახულებების და ხმების ან მათი გამოხატულების მიწოდება  საზოგადოებისათვის,  თანამგზავრის  მეშვეობით  განხორციელებული ამგვარი   გადაცემა   ასევე   “საეთერო   მაუწყებლობაა”;   კოდირებული   სიგნალების გადაცემა „საეთერო მაუწყებლობად” ითვლება, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით მიეწოდება;

(ზ)    „საჯარო     გადაცემა     (გადაცემა     საყოველთაო     გაცნობისათვის)”     –  შესრულების     ან     ფონოგრამის     საჯარო     გადაცემა     (გადაცემა     საყოველთაო  გაცნობისათვის) არის ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ხმების, ხმების ან მათი გამოხატულების გადაცემა საზოგადოებისათვის ნებისმიერი საშუალებით, გარდა საერთო მაუწყებლობის. მე-15 მუხლში “საჯარო გადაცემა, გადაცემა საყოველთაო გაცნობისათვის)”  მოიცავს   აგრეთვე   ფონოგრამაზე   ჩაწერილი   ხმების   ან   ხმების  გამოხატულების    გამოყენებას    იმგვარად,   რომ    ისინი    მისაწვდომი    გახდეს საზოგადოების სმენითი აღქმისათვის.

 

 მუხლი 3. ამ ხელშეკრულებით დაცული პირები

(1) ხელშეკრულების      დამდები      მხარეები      უზრუნველყოფენ      ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაცვას ფონოგრამების იმ შემსრულებელთა და დამამზადებელთათვის, რომლებიც ხელშეკრულების დამდები სხვა მხარეების მოქალაქეები არიან.

(2) ხელშეკრულების დამდები სხვა მხარეების მოქალაქეებში ფონოგრამების ის  შემსრულებლები  ან  დამამზადებლები  იგულისხმებიან,  რომლებიც  დაცვის უზრუნველყოფისათვის    “რომის    კონვენციით”    გათვალისწინებულ    აუცილებელ კრიტერიუმებს  აკმაყოფილებენ  ისე,  თითქოს  ამ  ხელეშკრულების  დამდები  ყველა მხარე  ამ  კონვენციის  დამდები  სახელმწიფო  იყოს. ხსენებულ  კრიტერიუმებთან მიმართებაში   ხელშეკრულების   დამდები   მხარეები   ამ   ხელშეკრულების   მე-2 მუხლის შესაბამის განსაზღვრებებს იყენებენ.

(3) ხელშეკრულების  დამდები  ნებისმიერი  მხარე, რომელიც  იყენებს  “რომის კონვენციის”  მე-5  (3)  მუხლით,  ან   ხსენებული   კონვენციის   მე-5  მუხლის მიზნებისათვის      ამ       კონვენციის       მე-17      მუხლით       გათვალისწინებულ შესაძლებლობებს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დირექტორს  უგზავნის  შეტყობინებას,  როგორც  ეს  ხსენებული  დებულებებითა გათვალისწინებული.

 

მუხლი 4. ეროვნული რეჟიმი

(1)  ხელშეკრულების       დამდები      ყოველი       მხარე      სხვა      მხარეების მოქალაქეებისათვის   უზრუნველყოფს  მე-3   (2)   მუხლით   განსაზღვრულ   იმავე რეჟიმს, როგორსაც საკუთარი მოქალაქეებისათვის იმ განსაკუთრებულ უფლებების თვალსაზრისით          რომლებიც          ამ          ხელშეკრულებით          სპეციალურადაა უზრუნველყოფილი     და     ჰონორარის     მიღების     უფლებით,     როგორც     ეს     ამ ხელშეკრულების მე-15(3) მუხლითაა გათვალისწინებული.

(2)  (1)  პუნქტით  გათვალისწინებული  ვალდებულება  არ  გამოიყენება  იმ ზომით,     რა     ზომითაც     ხელშეკრულების    დამდები    სხვა    მხარე    იყენებს    ამ ხელშეკრულების მე 15(3) მუხლით დაშვებულ შესწორებებს.

 

თავი II

შემსრულებლის  უფლებები

 

მუხლი 5. შემსრულებლის პირადი არაქონებრივი უფლებები

(1)   შემსრულებლის   ქონებრივი   უფლებებისაგან   დამოუკიდებლად   და   ამ უფლებების გადაცემის შემდეგაც კი შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ აღიარებულ  იქნეს  თავისი  შესრულებების  შემსრულებლად  თავისი  ჩაუწერელი ზეპირი შესრულებების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულებების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამგვარი უფლების მიუცემლობა შესრულების გამოყენების ხასიათითაა ნაკარნახევი, და გამოვიდეს თავისი შესრულებების ყოველგვარი ისეთი გაუკუღმართებული    დამახინჯების   ან   სხვაგვარი   შეცვლის    წინააღმდეგ,   რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მის რეპუტაციას.

(2) (1) პუნქტის შესაბამისად შემსრულებლისათვის მინიჭებული უფლებები ქონებრივი უფლებების შეწყვეტამდე შენარჩუნდება მისი გარდაცვალების შემდეგაც და განხორციელდება იმ პირებისა და დაწესებულებების მიერ, რომლებსაც ამის უფლებამოსილება ხელშეკრულების დამდები იმ მხარის კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული, რომელშიც დაცვა გამოითხოვება. ხელშეკრულების დამდებმა იმ მხარეებმა კი რომელთა კანონმდებლობა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციისა ან მასთან მიერთების მომენტში არ ითვალისწინებს შემსრულებლის გარდაცვალების შემდეგ წინა პუნქტით გათვალისწინებული მისი ყველა უფლების დაცვას, შეიძლება დაადგინონ. რომ შემსრულებლის გარდაცვალების შემდეგ ამ უფლებებიდან ზოგიერთი შეწყდება.

(3) ამ პუნქტით უზრუნველყოფილი უფლებების განხორციელებისათვის აუცილებელი დაცვითი ღონისძიებები რეგლამენტირებულია ამ ხელშეკრულების დამდები მხარის კანონმდებლობით, რომლის  შესაბამისად  ხდება  დაცვის გამოთხოვა.

 

მუხლი 6. შემსრულებლის ქონებრივი უფლებები თავის ჩაუწერელ შესრულებაზე

შემსრულებლებს აქვთ განსაკუთრებული უფლება გასცენ:

(i)  თავიანთი  ჩაუწერელი  შესრულებების  ეთერში  და  საჯარო  (საყოველთაო გაცნობისათვის) გადაცემის ნებართვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესრულდება უკვე გადაცემულია ეთერში; და

(iii)   თავიანთი ჩაუწერელი შესრულებების ჩაწერის ნებართვა.

 

მუხლი 7. რეპროდუცირების უფლება

შემსრულებლებს    აქვს    განსაკუთრებული    უფლება    გასცეს    ფონოგრამაზე ჩაწერილი   შესრულებები   ნებისმიერი   სახითა   და   ფორმით   პირდაპირი   ან  არაპირდაპირი რეპროდუცირების ნებართვა.

 

მუხლი 8. გავრცელების უფლება

(1) შემსრულებელს აქვს განსაკუთრებული უფლება გაყიდვის ან საკუთრების უფლების  სხვა  სახით  გადაცემის  გზით  გასცეს  ფონოგრამაზე  ჩაწერილი  თავისი შესრულებების   ორიგინალისა   და   ეგზემპლარების   საზოგადოებისათვის   გაცნობის ნებართვა.

(2)  ამ  ხელშეკრულების  არცერთი  დებულება  არ  ზღუდავს  ხელშეკრულების დამდები  თავისუფლებას  განსაზღვრონ  ან  არ  განსაზღვრონ  პირობები, რომელთა მიხედვითაც   (1)  პუნქტში   ნახსენები   უფლების   ამოწურვა   ხდება   შემსრულებლის ნებართვით    პირველი    გაყიდვის    ან    ჩაწერილი    შესრულების    ორიგინალსა    ან ეგზემპლარზე საკუთრების უფლების სხვა სახით გადაცემისას.

 

მუხლი 9. გაქირავების უფლება

(1)   შემსრულებელს   აქვს   განსაკუთრებული   უფლება   ამ   ხელშეკრულების დამდები  მხარის  ეროვნული  კანონმდებლობის  შესაბამისად  გასცეს  ფონოგრამებზე ჩაწერილი        თავისი        შესრულების        ორიგინალის        ან         ეგზემპლარების საზოგადოებისათვის  კომერციული  გაქირავების  ნებართვა  შემსრულებლის  მიერ  ან მისი ნებართვით მათი გავრცელების შემდეგაც კი.

(2)   (1)   პუნქტის   დებულებების   მიუხედავად   ამ   ხელშეკრულების   დამდებ მხარეს,  რომელშიც   1994  წლის   15  აპრილისათვის   მოქმედებდა   და   ამჟამადაც მოქმედებს ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულებების ეგზემპლარების დაქირავებისათვის შემსრულებლის სამართლიანი ანაზღაურების სისტემა, შეუძლია შეინარჩუნოს ეს სისტემა იმ პირობით, თუ ფონოგრამების კომერციული გაქირავება არსებით ზიანს არ აყენებს შემსრულებლის განსაკუთრებულ უფლებას რეპროდუცირებაზე.

 

მუხლი 10. ჩაწერილი შესრულების საჯარო გადაცემის უფლება შემსრულებელს აქვს                                განსაკუთრებული  უფლება    გასცეს    ფონოგრამაზე

ჩაწერილი თავისი შესრულებების სადენებით ან კავშირგაბმულობით უმავთულო საშუალებებით იმგვარი საჯარო გადაცემის ნებართვა, რომ ისინი საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს მათი არჩევანის მიხედვით.

 

თავი III

ფონოგრამის დამამზადებლის უფლებები

 

მუხლი 11. რეაპრდუცირების უფლება

ფონოგრამების  დამამზადებლებს    აქვთ   განსაკუთრებული   უფლება   გასცენ თავიანთი    ფონოგრამების    ნებისმიერი    სახითა    და    ფორმით    პირდაპირი    ან არაპირდაპირი რეპროდუქცირების ნებართვა.

 

მუხლი 12. გავრცელების უფლება

(1)     ფონოგრამების    დამამზადებლებს    აქვთ     განსაკუთრებული     უფლება გაყიდვის ან საკუთრების უფლების სხვა სახით გადაცემის გზით გასცენ თავიანთი ფონოგრამების  ორიგინალისა  და  ეგზემპლარების  საზოგადოებისათვის  გაცნობის ნებართვა.

(2)  ამ  ხელშეკრულების  არცერთი  დებულება  არ  ზღუდავს  ხელშეკრულების დამდები  მხარეების  თავისუფლებას  განსაზღვრონ  ან  არ  განსაზღვრონ  პირობები, რომელთა   მიხედვითაც   (1)   პუნქტში   ნახსენები   უფლების   ამოწურვა   ხდება ფონოგრამის   დამამზადებლის   ნებართვით   პირველი   გაყიდვის   ან   ფონოგრამის ორიგინალსა და ეგზემპლარზე საკუთრების უფლების სხვა სახით გადაცემისას.

 

მუხლი 13. გაქირავების უფლება

(1) ფონოგრამების დამამზადებლებს აქვთ განსაკუთრებული უფლება გასცენ თავიანთი   ფონოგრამების   ორიგინალის   ან   ეგზემპლარების   საზოგადოებისათვის კომერციული გაქირავების  ნებართვა  დამამზადებლის  მიერ ან მისი ნებართვით მათი გავრცელების შემდეგაც კი.

(2)   (1)   პუნქტის   დებულებების   მიუხედავად   ამ   ხელშეკრულების   დამდებ მხარეს,   რომელშიც   1994   წლის  15   აპრილისათვის   მოქმედებდა   და   ამჟამად მოქმედებს       თავიანთი       ფონოგრამების       ეგზემპლარების       გაქირავებისათვის ფონოგრამების დამამზადებელი სამართლიანი ანაზღაურების სისტემა, შეუძლია შეინარჩუნოს ეს სისტემა იმ პირობით, თუ ფონოგრამების კომერციული გაქირავება არსებით  ზიანს  არ  აყენებს  ფონოგრამების  დამამზადებლების  განსაკუთრებულ უფლებას  რეპროდუცირებაზე.

 

მუხლი 14. ფონოგრამის საჯარო გადაცემის უფლება

ფონოგრამების   დამამზადებლებს   აქვთ   განსაკუთრებული   უფლება   გასცენ თავიანთი      ფონოგრამების      სადენებით      ან      კავშირგაბმულობის      უმავთულო საშუალებებით იმგვარი საჯარო გადაცემის ნებართვა, რომ ისინი საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს მათი არჩევანის მიხედვით.

 

თავი IV

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 15. საერთო მაუწყებლობისა და საზოგადოებაში გავრცელებისათვის ჰონორარის მიღების უფლება

(1) შემსრულებლებსა და ფონოგრამების დამამზადებლებს აქვთ უფლება მიიღონ ერთჯერადი სამართლიანი ანაზღაურება საეთერო მაუწყებლობის ან საზოგადოებაში  ნებისმიერი  სხვა  სახით  გავრცელებისათვის  კომერციული მიზნებით გამოქვეყნებული ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენებისათვის.

(2) ამ ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შეუძლიათ თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში დაადგინონ, რომ მომხმარებლებისაგან ერთჯერადი სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს შემსრულებელს ან ფონოგრამის დამამზადებელს, ან შემსრულებელსა და ფონოგრამის დამამზადებელს ერთდროულად. ამ ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც, შემსრულებელსა და ფონოგრამის დამამზადებელს შორის შეთანხმების არარსებობის  შემთხვევაში,  დაადგენს პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ერთჯერადი სამართლიანი ანაზღაურება ნაწილდება შემსრულებლებსა და ფონოგრამების დამამზადებლებს შორის.

(3) ამ ხელშეკრულების დამდებ ნებისმიერი მხარეს შეუძლია ისმო-ს გენერალური დირექტორისათვის  შესანახად       ჩაბარებულ შეტყობინებაში განაცხადოს, რომ (1) პუნქტის დებულებებს მხოლოდ გამოყენების ზოგიერთ სახესთან მიმართებაში გამოიყენებს და შეზღუდავს სხვა რაიმე სახით მათ გამოყენებას ან საერთოდ არ გამოიყენებს ამ დებულებებს.

(4) ამ მუხლის თანახმად ფონოგრამები, რომლებიც საზოგადოებაში სადენებით     ან     კავშირგაბმულობის     უმავთულო     საშუალებებით     გავრცელდა იმგვარად, რომ საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს მათი არჩევანის მიხედვით, განიხილება კომერციული  მიზნებით  გამოქვეყნებულად.

 

მუხლი 16. შეზღუდვები  და გამონაკლისები

(1) ამ  ხელშეკრულების  დამდეგ  მხარეებს  შეუძლიათ  შემსრულებლებისა  და ფონოგრამების დამამზადებლების უფლებების დაცვის თვალსაზრისით თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში დააწესონ იმავე სახის შეზღუდვები ან გამონაკლისები, რაც   ლიტერატურული   და   მხატვრული   ნაწარმოებების   საავტორო   უფლებების დაცვის თვალსაზრისითაა გათვალისწინებული მათ ეროვნულ კანონმდებლობაში.

(2) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რაიმე შეზღუდვებსა და გამონაკლისებს აწესებენ განსაზღვრულ და განსაკუთრებულ შემთხვევებში შესრულების ან ფონოგრამის ნორმალური გამოყენებისათვის ზიანის მიყენებისას და შემსრულებლის ან ფონოგრამის დამამზადებლის კანონიერი ინტერესების უსაფუძვლოდ შელახვის გარეშე.

 

მუხლი 17. დაცვის ვადა

(1)  შემსრულებლებისთვის  ამ  ხელშეკრულებით  დაწესებული  დაცვის  ვადა გრძელდება  არანაკლებ  50  წლის  განმავლობაში  იმ  წლის  ბოლოდან,  როდესაც შესრულება ფონოგრამაზე ჩაიწერა.

(2)  ფონოგრამის  დამამზადებლებისათვის  ამ  ხელშეკრულებით  დაწესებული დაცვის ვადა გრძელდება არანაკლებ 50 წლის განმავლობაში იმ   წლის ბოლოდან, როდესაც    ფონოგრამა    გამოქვეყნდა    ან    თუ    ფონოგრამის    ჩაწერიდან    ამგვარი გამოქვეყნება 50 წლის განმავლობაში არ მომხდარა, 50 წლის განმავლობაში იმ წლის ბოლოდან, როცა ჩაწერა მოხდა.

 

მუხლი 18. ვალდებულებები ტექნიკურ ზომებთან მიმართებაში

ამ  ხელშეკრულების  დამდები  მხარეები  შესაბამისი  სამართლებრივ  დაცვასა და  სამართლებრივი  დაცვის  ეფექტურ  ზომებს  ითვალისწინებენ  იმ  არსებული ტექნიკური       საშუალებების       გვერდის       ავლის       წინააღმდეგ,       რომლებსაც შემსრულებლები     და    ფონოგრამების     დამამზადებლები    ამ     ხელშეკრულებით დადგენილი  თავიანთი  უფლებების  განსახორციელებლად  იყენებენ  და  რომლებიც მათი  შესრულებებისა  და  ფონოგრამების  მიმართ  ზღუდავენ  ისეთ  ქმედებებს, რომლებიც     არ     არის     ნებადართული     შემსრულებლების     ან     ფონოგრამების დამამზადებლების მიერ ან აკრძალულია კანონით.

 

მუხლი 19. ვალდებულებები უფლებების მართვის შესახებ ინფორმაციასთან მიმართებაში

(1) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები სამართლებრივი დაცვის შესაბამის და ეფექტურ ზომებს ითვალისწინებენ ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელიც შეგნებულად ახორციელებს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებათაგანს, და რომელმაც იცის, ან, დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით, აქვს საკმარისი საფუძველი იცოდეს, რომ ამგვარი ქმედება გამოიწვევს, შესაძლებელს გახდის, ხელს შეუწყობს ან დაფარავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევას:

(i)  უფლებების  მართვის  შესახებ  ნებისმიერი  ელექტრონული  ინფორმაციის უნებართვო წაშლა ან შეცვლა;

(ii)  შესრულებები,  ჩაწერილი  შესრულებები  ან  ფონოგრამების  უნებართვო გავრცელება, გავრცელების მიზნით შემოტანა, ეთერში გადაცემა, შეტყობინება ან საჯარო     გადაცემა,     როცა     ცნობილია,     რომ     უფლებების     მართვის     შესახებ ელექტრონული ინფორმაცია მათში უნებართვოდ იქნა წაშლილი ან შეცვლილი.

(2)    „ინფორმაცია    უფლებების    მართვის    შესახებ”   ამ    მუხლში    აღნიშნავს ინფორმაციას,  რომელიც   ახდენს   შემსრულებლის,  შემსრულებლის   შესრულების, ფონოგრამის დამამზადებლის, ფონოგრამის, შესრულებასა ან ფონოგრამაზე რაიმე უფლების მფლობელის ან შესრულების ან ფონოგრამის გამოყენების პირობების შესახებ ინფორმაციის და ასეთი ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი ციფრების ან კოდების იდენტიფიკაციას, როცა ინფორმაციის ამ ელემენტთაგან ნებისმიერი თან ახლავს ჩაწერილი შესრულების ან ფონოგრამის ეგზემპლარს ან ჩნდება ჩაწერილი შესრულების ან ფონოგრამის შეტყობინებას ან საჯარო გადაცემასთან დაკავშირებით.

 

მუხლი 20. ფორმალობები

ამ       ხელშეკრულებით  გათვალისწინებული   უფლებების   ქონა და განხორციელება არ არის დაკავშირებული რაიმე ფორმალობების დაცვასთან.

 

მუხლი 21. შესწორებები

15(3)   მუხლის   დებულებების   გათვალისწინებით   ამ   ხელშეკრულებაში არ დაიშვება არანიარი შესწორებები.

 

მუხლი 22. გამოყენება დროში

(1)       ფონოგრამების   შემსრულებლებისა       და  დამამზადებლების      ამ ხელშეკრულებით  გათვალისწინებული  უფლებების  დაცვისას  ამ  ხელშეკრულების დამდები   მხარეები   უნდა   იყენებდნენ   “ბერნის   კონვენციის”   მე-18   მუხლის დებულებებს შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

(2)   (1)   პუნქტის   მიუხედავად   ხელშეკრულების   დამდებ   მხარეს   შეუძლია შეზღუდოს     ამ     ხელშეკრულების     მე-5    მუხლის     გამოყენება     შესრულებებით, რომლებიც თარიღდება ამ მხარისათვის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.

 

მუხლი 23. დებულებები უფლებების უზრუნველყოფის შესახებ

(1) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები ვალდებულებას იღებენ თავიანთი სამართლებრივი      სისტემების     შესაბამისად      გაატარონ      ამ      ხელშეკრულების გამოყენების  უზრუნველსაყოფად  აუცილებელი  ღონისძიებანი.

(2) ამ ხელშეკრულების დამდებმა მხარეებმა უნდა უზრუნველყოფენ, რომ მათ კანონებში  გათვალისწინებული  იყოს  უფლებების  უზრუნველმყოფელი  ზომები, რომელთა       მეშვეობითაც       შესაძლებელი       გახდება       ამ       ხელშეკრულებით გათვალისწინებული    უფლებების    დარღვევის    ნებისმიერი    აქტის    აღმკვეთი ეფექტური ქმედებების, მათ შორის დარღვევების თავიდან ასაცილებლად სასწრაფო ზომებისა და შემდგომი დარღვევების შემაკავებელი ზომების გატარება.

 

თავი V

ადმინისტრაციული და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 24. ასამბლეა

(1) (ა) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები აფუძნებენ ასამბლეას.

(ბ)  ამ  ხელშეკრულების  დამდები  ყოველი  მხარე  შეიძლება  წარმოდგენილი იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.

(გ)  ყოველი  დელეგაციის  ხარჯებს  იხდის  ხელშეკრულების  დამდები  მხარე, რომელმაც ის დანიშნა. ასამბლეა შეუძლია ფინანსური დახმარება სთხოვოს ისმო-ს, რათა ხელი შეუწყოს ასამბლეის მუშაობაში ხელშეკრულების დამდები იმ მხარეების მონაწილეობას, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად განვითარებად ქვეყნებად განიხილებიან ან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში არიან.

(2)  (ა)  ასამბლეა  განიხილავს  ამ  ხელშეკრულების  დაცვას,  განვითარებას, გამოყენებასა და ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

(ბ) ასამბლეა ახორციელებს მასზე 26(2) მუხლით დაკისრებულ ფუნქციას ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მისაღებად დაუშვას ზოგიერთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია.

(გ) ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ამ ხელშეკრულების  გადასინჯვის მიზნით ნებისმიერი დიპლომატიური კონფერენციის მოწვევის თაობაზე და ისმო-ს გენერალურ დირექტორს აძლევს აუცილებელ  მითითებებს  ამგვარი დიპლომატიური  კონფერენციის  მოსამზადებლად.

(3) (ა) ამ ხელშეკრულების დამდებ ყოველ მხარეს, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ერთი ხმა აქვს და ხმას მხოლოდ თავისი სახელით აძლევს.

(ბ)        ამ        ხელშეკრულების        დამდებ       ყოველ        მხარეს,       რომელიც სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ნაცვლად. ხმების რაოდენობა ემთხვევა  ამ  ორგანიზაციის  წევრი  სახელმწიფოების  რაოდენობას,  რომლებიც  ამ ხელშეკრულების  დამდები  მხარეებია.  ასეთი  სამთავრობათაშორისო  ორგანიზაცია არ      იღებს      მონაწილეობას      კენჭისყრაში,     თუ      ამ      ორგანიზაციის      წევრი სახელმწიფოებიდან ნებისმიერი იყენებს თავის ხმის უფლებას და პირიქით.

(4)  ასამბლეა  მორიგ  სესიებზე  იკრიბება  ორ  წელიწადში  ერთხელ  სესიებს იწვევს ისმო-ს გენერალური დირექტორი.

(5)  ასამბლეა  იღებს  თავის  საპროცედურო  წესებს,  მათ  შორის  რიგგარეშე სესიებს  მოწვევის, კვორუმის  მოთხოვნებისა  და, ამ  ხელშეკრულების  დებულებების გათვალისწინებით,   სხვადასხვა    გადაწყვეტილების    მისაღებად    აუცილებელი უმრავლესობის  თაობაზე.

 

მული 25. საერთაშორისო ბიურო

ამ  ხელშეკრულების  შესაბამისად  ისმო-ს   საერთაშორისო ბიურო ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებს.

 

მუხლი 26. ხელშეკრულებაში მონაწილეობის უფლება

(1)      ისმო-ს      ნებისმიერ      წევრ      სახელმწიფოს      შეუძლია      გახდეს      ამ ხელშეკრულების მონაწილე.

(2)      ასამბლეას   შეუძლია   მიიღოს   გადაწყვეტილება   ამ   ხელშეკრულებაში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერი იმ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დაშვების თაობაზე, რომელიც აცხადებს, რომ კომპეტენტურია და აქვს თავისი, ამგვარი     ორგანიზაციის     ყველა     წევრი     სახელმწიფოსათვის     სავალდებულო ნორმატიული ბაზა ამ ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე და თავისი შინაგანი   პროცედურების   შესაბამისად   სათანადოდ   უფლებამოსილია   გახდეს   ამ ხელშეკრულების მონაწილე.

(3) ევროპის გაერთიანებას, რომელმაც წინა პუნქტში ნახსენები განცხადება ამ ხელშეკრულების მიმღებ დიპლომატიურ კონფერენციაზე გააკეთა, შეუძლია გახდეს ამ ხელშეკრულების მონაწილე.

 

მუხლი 27. ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები

თუ  ეს  ხელშეკრულება  არ  შეიცავს  რაიმე  სხვა  სპეციალურ  დებულებებს, ხელშეკრულების დამდები ყოველი მხარე სარგებლობს ყველა უფლებით და თავის თავზე იღებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას.

 

მუხლი 28. ხელშეკრულების ხელმოწერა

ისმო-ს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსა და ევროპის გაერთიანებისათვის ეს ხელშეკრულება ხელმოწერისათვის ღიაა 1997 წლის 31 დეკემბრამდე.

 

მუხლი 29. ხელშეკრულების ძალაში შესვლა

ეს ხელშეკრულება ძალაში შედის 30 სახელმწიფოს მიერ ისმო-ს გენერალური დირექტორისათვის სარატიფიკაციო   ან   ხელშეკრულებასთან  მიერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ.

 

მუხლი 30. ხელშეკრულებაში მონაწილეობის დაწყების თარიღი ეს ხელშეკრულება სავალდებულო ხდება:

(i) 29-ე მუხლში ნახსენები 30 სახელმწიფოსათვის ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან;

(ii) ყოველი სხვა სახელმწიფოსათვის ამ სახელმწიფოს მიერ ისმო-ს გენერალური დირექტორისათვის თავისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ;

(iii)  ევროპის   გაერთიანებისათვის   სარატიფიკაციო   ან   ხელშეკრულებასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, თუ ეს დოკუმენტი  შესანახად  ჩაბარდა  ამ  ხელშეკრულების  ძალაში  შესვლის  შემდეგ  29-ე მუხლის შესაბამისად, ან ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ, თუ ეს დოკუმენტი შესანახად ჩაბარდა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე;

(iv)  ნებისმიერი  სხვა  სამთავრობათაშორისო  ორგანიზაციისათვის,  რომელიც დაშვებულია  ამ  ხელშეკრულებაში  მონაწილეობის  მისაღებად, ხელშეკრულებასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიან სამი თვის შემდეგ.

 

მუხლი 31. ხელშეკრულების დენონსაცია

ამ   ხელშეკრულების   დამდებ   ნებისმიერ   მხარეს   შეუძლია   მოახდინოს   ამ ხელშეკრულების  დენონსაცია  ისმო-ს  გენერალური  რექტორისათვის  შეტყობინების გაგზავნის  გზით.  ნებისმიერი  დენონსაცია  ძალაში  შედის  ისმო-ს  გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.

 

მუხლი 32. ხელშეკრულების ენები

(1)  ამ   ხელშეკრულების   ხელმოწერა   ხდება   ერთ   ეგზემპლარად   რუსულ, ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ  და ფრანგულ ენებზე. ამასთან, ამ ენებზე შესრულებული ყველა ტექსტი აუთენტურია.

(2)  ოფიციალურ  ტექსტს  ნებისმიერ  ენაზე,  გარდა  (1)  პუნქტში  ნახსენები ენებისა, დაინტერესებული მხარის თხოვნით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ ამტკიცებს ისმო-ს გენერალური დირექტორი. ამ პუნქტში ნახსენები „დაინტერესებული  მხარე”  შეიძლება  იყოს  ისმო-ს  ნებისმიერი  წევრი სახელმწიფო, რომლის ოფიციალური ან ერთ-ერთი ოფიციალური ენა თხოვნის საგანია, აგრეთვე ევროპის გაერთიანება და ნებისმიერი სხვა სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება ამ ხელშეკრულების მონაწილე გახდეს, თუ მისი ერთ-ერთი ოფიციალური ენა თხოვნის საგანია.

 

მუხლი 33. დეპოზიტარი

ამ ხელშეკრულების  დეპოზიტარია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.