დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 700/2 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/05/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 16/05/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016264 |
|
მიღებულია 1886 წლის 9 სექტემბერს შევსებულია პარიზში 1896 წლის 4 მაისს; გადასინჯულია ბერლინში 1908 წლის 13 ნოემბერს; შევსებულია ბერნში 1914 წლის 20 მარტს; გადასინჯულია – რომში 1928 წლის 2 ივნისს, ბრიუსელში 1948 წლის 26 ივნისს, სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს და პარიზში 1971 წლის 24 ივლისს და შეცვლილია 1979 წლის 28 სექტემბერს
კავშირის ქვეყნებმა, რომლებიც ერთნაირად არიან განმსჭვალულნი ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე ავტორთა უფლებების შეძლებისდაგვარად ეფექტურად და ერთგვაროვნად დაცვის სურვილით,
აღიარებენ რა კონვენციის გადასინჯვის მიზნით 1967 წელს სტოკჰოლმში გამართული კონფერენციის მუშაობის მნიშვნელობას, გადაწყვიტეს გადასინჯონ სტოკჰოლმის კონფერენციის მიერ მიღებული აქტი, ამ აქტის 1_20 და 22_26 მუხლების უცვლელად დატოვებით. აქედან გამომდინარე, ქვემორე ის სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი სრული უფლებამოსილებანი შესაბამისი ფორმით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1 [კავშირის დაარსება]1 ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია, ქმნიან კავშირს ავტორთა უფლებების დასაცავად მათ ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე.
მუხლი 2 [დაცული ნაწარმოებები: 1. „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები”; 2. ფიქსაციის შესაძლო მოთხოვნა; 3. წარმოებული ნაწარმოებები; 4. ოფიციალური ტექსტები; 5. კრებულები; 6. დაცვის ვალდებულება; პირები, რომლებიც სარგებლობენ დაცვის უფლებით; 7. გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები და სამრეწველო დიზაინები; 8. ახალი ამბები] (1) გამოთქმა „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად, როგორიცაა: წიგნები, ბროშურები და სხვა წერილობითი ნაწარმოებები; ლექციები, მიმართვები, ქადაგებები და ამავე ხასიათის სხვა ნაწარმოებები; დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებები; ქორეოგრაფიული ნაწარმოებები და პანტომიმები; მუსიკალური ნაწარმოებები ტექსტით ან ტექსტის გარეშე; კინემატოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებთანაც არის გათანაბრებული კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებით გამოხატული ნაწარმოებები; ნახატები, ფერწერული, არქიტექტურული, სკულპტურული, გრაფიკული და ლითოგრაფიული
1 ისმო-ს შენიშვნა: კონვენციის ტექსტით სარგებლობის გაადვილების მიზნით, თითოეულ მუხლსა და დამატებით კარს აქვს სათაური. ხელმოწერილ ტექსტში სათაურები არ არის
ნაწარმოებები; ფოტოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებთანაც გათანაბრებულია ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებით გამოხატული ნაწარმოებები; გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები; ილუსტრაციები, გეოგრაფიული რუკები, გეგმები, ესკიზები და მოცულობითი ნაწარმოებები, რომლებიც განეკუთვნება გეოგრაფიას, ტოპოგრაფიას, არქიტექტურას ან მეცნიერებას.
(2) მიუხედავად ამისა, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება დააწესოს, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები, ან მათი გარკვეული კატეგორიები არ ექვემდებარება დაცვას, თუ ისინი არ არის დაფიქსირებული რაიმე მატერიალური ფორმით. (3) თარგმანები, ადაპტაციები, მუსიკალური არანჟირებები და ლიტერატურისა ან ხელოვნების ნაწარმოებების სხვა სახეცვლილებები დაცულია როგორც ორიგინალური ნაწარმოებები, ორიგინალურ ნაწარმოებებზე საავტორო უფლების შელახვის გარეშე. (4) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება განსაზღვროს დაცვა, რომელიც ენიჭება საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და იურიდიული ხასიათის ოფიციალურ ტექსტებსა და ასეთი ტექსტების ოფიციალურ თარგმანებს. (5) ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებების კრებულები, მაგალითად ენციკლოპედიები და ანთოლოგიები, რომლებიც მასალის შერჩევისა და განლაგების გამო, ინტელექტუალური შემოქმედების შედეგს წარმოადგენს, დაცულია როგორც ასეთი, ამგვარი კრებულების შემადგენელი თითოეული ნაწარმოების ავტორის უფლებების შეულვის გარეშე. (6) ამ მუხლში აღნიშნული ნაწარმოებები სარგებლობს დაცვით კავშირის ყველა ქვეყანაში. ეს დაცვა მოქმედებს ავტორისა და მისი უფლებამონაცვლეების სასარგებლოდ. (7) ამ კონვენციის მუხლის 7(4) დებულებების გათვალისწინებით, კავშირის ქვეყნებს რჩებათ უფლება გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებისათვის და სამრეწველო დიზაინებისა და მოდელებისათვის განსაზღვროს მათი კანონების გამოყენების ფარგლები, ასევე, ამგვარი ნაწარმოებების, დიზაინებისა და მოდელების დაცვის პირობები. ნაწარმოებებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში დაცულია მხოლოდ, როგორც დიზაინები და მოდელები, კავშირის სხვა ქვეყანაში აქვს მხოლოდ, ისეთი სპეციალური დაცვის უფლება, როგორიც ენიჭება ამ ქვეყანაში დიზაინებსა და მოდელებს. თუმცა, თუ ამ ქვეყანაში არ ხდება ასეთი სპეციალური დაცვის მინიჭება, ეს ნაწარმოებები დაიცვება, როგორც ხელოვნების ნაწარმოებები. (8) ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა არ ვრცელდება დღის ახალ ამბებზე ან სხვადასხვა ფაქტებზე, რომელთაც უბრალო პრეს-ინფორმაციის ხასიათი აქვს.
მუხლი 2bis [გარკვეული ნაწარმოებების დაცვის შესაძლო შეზღუდვა: 1. გარკვეული გამოსვლები; 2. ლექციებისა და მიმართვების გარკვეული გამოყენება; 3. ამგვარი ნაწარმოებების კრებულების შედგენის უფლება] (1) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება წინა მუხლით გათვალისწინებული დაცვიდან სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხოს პოლიტიკური გამოსვლები და სასამართლო პროცესების მსვლელობისას წარმოთქმული სიტყვები. (2) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას ასევე, რჩება უფლება განსაზღვროს პირობები, რომლებითაც ლექციები, მიმართვები და ამავე ხასიათის საჯაროდ წარმოთქმული სხვა ნაწარმოებები შეიძლება რეპროდუცირებულ იქნეს პრესის მეშვეობით, გადაიცეს ეთერით, გადაიცეს საყოველთაო გაცნობისათვის სადენის მეშვეობით და გახდეს საყოველთაო გაცნობის საგანი, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ კონვენციის 11bis მუხლის (1) პუნქტში, როდესაც ამგვარი გამოყენება გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. (3) მიუხედავად ამისა, ავტორი სარგებლობს წინა პუნქტებში მითითებული, თავისი ნაწარმოებების კრებულის შედგენის განსაკუთრებული უფლებით.
მუხლი 3 [დაცვის უფლების მინიჭების კრიტერიუმები: 1. ავტორის მოქალაქეობა; ნაწარმოების გამოქვეყნების ადგილი; 2. ავტორის საცხოვრებელი ადგილი; 3. „გამოქვეყნებული” ნაწარმოებები; “ერთდროულად გამოქვეყნებული” ნაწარმოებები] (1) ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება: (a) ავტორებზე, რომლებიც კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათი როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების მიმართ. (b) ავტორებზე, რომლებიც არ არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, მათი ნაწარმოებების მიმართ, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა ერთ-ერთ ამ ქვეყანაში, ან ერთდროულად გამოქვეყნდა ქვეყანაში, რომელიც არ შედის კავშირში, და კავშირის ქვეყანაში. (2) ავტორები, რომლებიც არ არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ აქვთ ჩვეულებრვი საცხოვრებელი ადგილი ერთ-ერთ ასეთ ქვეყანაში, ამ კონვენციის მიზნებისთვის უთანაბრდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეებს. (3) „გამოქვეყნებულ ნაწარმოებებში” იგულისხმება ავტორების თანხმობით გამოქვეყნებული ნაწარმოებები, მიუხედავად ეგზემპლარების დამზადების საშუალებებისა იმ პირობით, თუ ამ ეგზემპლარების რაოდენობა, ნაწარმოების ხასიათის გათვალისწინებით, აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს. გამოქვყნებად არ ჩაითვლება რამატული, მუსიკალურ-დრამატული, კინემატოგრაფიული ნაწარმოების ან მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, ლიტერატურული ნაწარმოების საჯარო წაკითხვა, ლიტერატურისა ან ხელოვნების ნაწარმოებების გადაცემა სადენით ან ეთერის საშუალებით, ხელოვნების ნაწარმოების გამოფენა და არქიტექტურული ნაწარმოების აგება. (4) ნაწარმოები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გამოქვეყნებულად მიიჩნევა, თუ ის გამოქვეყნდა ორ ან მეტ ქვეყანაში მისი პირველი გამოქვეყნებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.
მუხლი 4 [კინემატოგრაფიული ნაწარმოებების, არქიტექტურული ნაწარმოებებისა და ხელოვნების გარკვეული ნაწარმოებებისათვის დაცვის უფლების მინიჭების კრიტერიუმები]
(1) ამ კონვენციით გათვალისწინებული დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ სრულდება მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობები, ვრცელდება: (a) იმ კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ავტორებზე, რომელთა დამამზადებელს აქვს შტაბ-ბინა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში; (b) იმ არქიტექტურული ნაწარმოებების ავტორებზე, რომლებიც აგებულია კავშირის რომელიმე ქვეყანაში, ან ხელოვნების იმ სხვა ნაწარმოებების ავტორებზე, რომლებიც შეადგენენ კავშირის რომელიმე ქვეყანაში მდებარე შენობის ან სხვა ნაგებობის ნაწილს.
მუხლი 5
[გარანტირებული უფლებები: 1. და 2. წარმოშობის ქვეყნის გარეთ; 3. წარმოშობის ქვეყანაში; 4. „წარმოშობის ქვეყანა”]
(1) ამ კონვენციით დაცული ნაწარმოებების მიმართ ავტორები, კავშირის ქვეყნებში, ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის გარდა, სარგებლობენ უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ ამჟამად და შესაძლოა მიენიჭოთ მომავალში მათ მოქალაქეებს ქვეყნის შესაბამისი კანონებით, ასევე, ამ კონვენციით სპეციალურად მინიჭებული უფლებებით. (2) ამ უფლებებით სარგებლობა და მათი გამოყენება არ არის დაკავშირებული რაიმე ფორმალობის შესრულებაზე; ასეთი სარგებლობა და გამოყენება არ არის დამოკიდებული ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დაცვის არსებობაზე. აქედან გამომდინარე, ამ კონვენციის დებულებების გარდა, დაცვის ფარგლები, ისევე როგორც ავტორის უფლებების დასაცავად მინიჭებული ზიანის ანაზრაურების საშუალებები, რეგულირდება მხოლოდ იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა. (3) დაცვა წარმოშობის ქვეყანაში რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. თუმცა, თუ ავტორი არ არის იმ ნაწარმოების წარმოშობის ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც მას კონვენციით ენიჭება დაცვა, ამ ქვეყანაში იგი სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც ამ ქვეყნის მოქალაქე ავტორები. (4) წარმოშობის ქვეყნად მიიჩნევა: (a) კავშირის რომელიმე ქვეყანაში ნაწარმოების პირველად გამოქვეყნების შემთხვევაში, – ეს ქვეყანა; ნაწარმოებების ერთდროულად გამოქვეყნების შემთხვევაში კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც დაცვის სხვადასხვა ვადას ანიჭებენ, – ის ქვეყანა, რომლის კანონმდებლობითაც დადგენილია დაცვის უმოკლესი ვადა; (b) ნაწარმოებების ერთდროულად გამოქვეყნების შემთხვევაში ქვეყანაში, რომელიც არ შედის კავშირში, და კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, – ეს უკანასკნელი ქვეყანა; (c) იმ შემთხვევაში, თუ ნაწარმოებები არ არის გამოქვეყნებული, ან ნაწარმოებები პირველად გამოქვეყნდა ქვეყანაში, რომელიც არ შედის კავშირში, კავშირის რომელიმე ქვეყანაში ერთდროულად გამოქვეყნების გარეშე, – ქვეყანა, რომლის მოქალაქეც არის ავტორი, იმ პირობით, რომ: (i) კინემატოგრაფიული ნაწარმოებებისათვის, რომელთა დამამზადებელს აქვს შტაბ-ბინა ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ქვეყანაში, წარმოშობის ქვეყანა არის ეს ქვეყანა, და (ii) კავშირის ქვეყანაში აგებული არქიტექტურული ნაწარმოებების ან ხელოვნების სხვა ნაწარმოებებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ კავშირის რომელიმე ქვეყანაში მდებარე შენობის ან სხვა ნაგებობის ნაწილს, წარმოშობის ქვეყანა არის ეს ქვეყანა.
მუხლი 6 [დაცვის შესაძლო შეზღუდვა გარკვეული ნაწარმოებების მიმართ იმ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეთათვის, რომლებიც არ შედიან კავშირში: 1. პირველი გამოქვეყნების ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში; 2. უკუძალის არარსებობა; 3. შეტყობინება] (1) თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც არ შედის კავშირში, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს იმ ავტორების ნაწარმოებების დაცვას, რომლებიც არიან კავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეები, ამ უკანასკნელ ქვეყანას შეუძლია შეზღუდოს იმ ავტორთა ნაწარმოებებისთვის მინიჭებული დაცვა, რომლებიც პირველი გამოქვეყნების თარიღისათვის არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და არ აქვთ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში. თუ პირველი გამოქვეყნების ქვეყანა ისარგებლებს ამ უფლებით, კავშირის სხვა ქვეყნებს არ მოეთხოვებათ განსაკუთრებულ რეჟიმს დაქვემდებარებულ ნაწარმოებებს მიანიჭონ იმ დაცვაზე უფრო ფართო დაცვა, ვიდრე მათ აქვთ მინიჭებული პირველი გამოქვეყნების ქვეყანაში. (2) წინა პუნქტით დადგენილი არანაირი შეზღუდვა არ ახდენს გავლენას იმ უფლებებზე, რომლებიც შეძენილი აქვს ავტორს კავშირის რომელიმე ქვეყანაში გამოქვეყნებული ნაწარმოების მიმართ, ასეთი შეზღუდვის ძალაში შესვლამდე. (3) კავშირის ქვეყნები, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად ზღუდავენ საავტორო უფლებების მინიჭებას, ამის შესახებ აცნობებენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს (შემდგომ – „გენერალური დირექტორი”) წერილობითი დეკლარაციით, რომელშიც განსაზღვრულია ის ქვეყნები, რომელთა მიმართაც იზღუდება დაცვა, ასევე, შეზღუდვები, რომლებსაც ექვემდებარება იმ ავტორთა უფლებები, რომლებიც ამ ქვეყნების მოქალაქეები არიან. გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა ქვეყანას ამ დეკლარაციის შესახებ.
მუხლი 6bis [არაქონებრივი უფლებები: 1. ავტორად აღიარების მოთხოვნა; შედავება გარკვეულ ცვლილებებსა და სხვა დამრღვევ ქმედებებთან დაკავშირებით; 2. ავტორის გარდაცვალების შემდეგ; 3. ზიანის ანაზღაურების საშუალებები] (1) ავტორის ქონებრივი უფლებებისგან დამოუკიდებლად და აღნიშნული უფლებების გადაცემის შემდეგაც კი, ავტორს აქვს უფლება მოითხოვოს ნაწარმოების ავტორად აღიარება და წინ აღუდგეს ამ ნაწარმოების ნებისმიერ გაუკუღმართებას, დამახინჯებას, ან სხვაგვარ ცვლილებას, ასევე ამ ნაწარმოების ნებისმიერ სხვა შელახვას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავტორის ღირსებას ან რეპუტაციას. (2) წინა პუნქტის შესაბამისად ავტორისათვის მინიჭებული უფლებები ინარჩუნებს ძალას მისი გარდაცვალების შემდეგ, სულ მცირე, ქონებრივი უფლებების მოქმედების ვადის გასვლამდე და ხორციელდება იმ პირების ან დაწესებულებების მიერ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა. თუმცა იმ ქვეყნებს, რომელთა კანონმდებლობა, ამ აქტის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების მომენტში, არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც ავტორის გარდაცვალების შემდეგ უზრუნველყოფენ წინა პუნქტში ჩამოთვლილი ყველა უფლების დაცვას, შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ ზოგიერთი ეს უფლება შეწყდება ავტორის გარდაცვალების შემდეგ. (3) ზიანის ანაზღაურების საშუალებები ამ მუხლით მინიჭებული უფლებების უზრუნველსაყოფად რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა.
მუხლი 7 [დაცვის ვადა: 1. ზოგადი დებულება; 2. კინემატოგრაფიული ნაწარმოებებისთვის; 3. ანონიმურად და ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებებისთვის; 4. ფოტოგრაფიული ნაწარმოებებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებისათვის; 5. ათვლის დაწყების თარიღი; 6. უფრო ხანგრძლივი ვადები; 7. უფრო ხანმოკლე ვადები; 8. გამოსაყენებელი კანონი; ვადების „შედარება”]
(1) ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა შეადგენს ავტორის სიცოცხლის მთელ პერიოდსა და ორმოცდაათ წელს მისი გარდაცვალების შემდეგ. (2) მიუხედავად ამისა, კინემატოგრაფიული ნაწარმოებების შემთხვევაში, კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ დაცვის ვადა იწურება ორმოცდაათი წლის შემდეგ მას მერე, რაც ნაწარმოები ავტორის თანხმობით ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის, ან – თუ ასეთი ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის განმავლობაში ეს ვერ განხორციელდა, – ნაწარმოების შექმნიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ. (3) ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებების შემთხვევაში, ამ კონვენციით მინიჭებული დაცვის ვადა იწურება ორმოცდაათი წლის შემდეგ, შემდეგ მას მერე რაც ნაწარმოები კანონიერად გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. თუმცა, თუ ავტორის ფსევდონიმი არ იწვევს ეჭვს მის ვინაობასთან დაკავშირებით, დაცვის ვადა შეადგენს (1) პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდს. თუ ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოების ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, გამოიყენება (1) პუნქტით დადგენილი დაცვის ვადა. კავშირის ქვეყნებს არ მოეთხოვებათ დაიცვან ანონიმურად ან ფსევდონიმით შესრულებული ნაწარმოებები, რომელთა მიმართაც არსებობს სრული საფუძველი ვარაუდისა, რომ მათი ავტორის გარდაცვალებიდან გასულია ორმოცდაათი წელი. (4) ფოტოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის ვადა განისაზღვრება კავშირის ქვეყნების კანონმდებლობით იმდენად, რამდენადაც ისინი დაცულია, როგორც მხატვრული ნაწარმოებები; თუმცა, ეს ვადა უნდა გაგრძელდეს ნაწარმოების შექმნიდან, სულ მცირე, ოცდახუთწლიანი პერიოდის ბოლომდე. (5) ავტორის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული დაცვის ვადა და (2), (3) და (4) პუნქტებით გათვალისწინებული ვადები აითვლება ავტორის გარდაცვალების ან ამ პუნქტებში მითითებული მოვლენის თარიღიდან, მაგრამ ასეთი ვადების ათვლის თარიღად ყოველთვის მიიჩნევა ავტორის გარდაცვალების ან ასეთი მოვლენის შემდგომი წლის 1 იანვარი. (6) კავშირის ქვეყნებს შეუძლიათ დაადგინონ დაცვის ვადა, რომელიც აღემატება წინა პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებს. (7) კავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ეკისრებათ ვალდებულებები ამ კონვენციის რომის აქტით, და რომლებიც ამ აქტის ხელმოწერის დროისათვის მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით ანიჭებენ დაცვის უფრო ხანმოკლე ვადებს, ვიდრე წინა პუნქტებშია გათვალისწინებული, უფლება აქვთ, ამ აქტის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს, ძალაში დატოვონ ეს ვადები. (8) ნებისმიერ შემთხვევაში ვადა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა. თუმცა, თუ ამ ქვეყნის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეს ვადა არ აღემატება ნაწარმოების წარმოშობის ქვეყანაში დადგენილ ვადას.
მუხლი 7bis [თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოებების დაცვის ვადა] წინა მუხლის დებულებები გამოიყენება, ასევე, თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოებების შემთხვევაში, იმ პირობით, რომ ვადები, რომლებიც განისაზღვრება ავტორის გარდაცვალების დროიდან, აითვლება უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი ავტორის გარდაცვალების დღიდან.
მუხლი 8 [თარგმნის უფლება] ამ კონვენციით დაცული ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორები, ორიგინალურ ნაწარმოებებზე მათი უფლებების დაცვის მთელი ვადის განმავლობაში, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებით თავისი ნაწარმოებების თარგმნისა და თარგმნაზე ნებართვის გაცემის.
მუხლი 9
(1) ამ კონვენციით დაცული ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს აქვთ ამ ნაწარმოებების ნებისმიერი სახით ან ფორმით რეპროდუცირებაზე ნებართვის გაცემის განსაკუთრებული უფლება. (2) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება, გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაუშვას ასეთი ნაწარმოებების რეპროდუცირება იმ პირობით, თუ ასეთი რეპროდუცირება არ აყენებს ზიანს ნაწარმოების ჩვეულებრივ გამოყენებასა და უსაფუძვლოდ არ ლახავს ავტორის კანონიერ ინტერესებს. (3) ამ კონვენციის მიზნებისთვის ხმის ან გამოსახულების ნებისმიერი ჩანაწერი მიიჩნევა რეპროდუცირებად.
მუხლი 10 [ნაწარმოების თავისუფალი გამოყენების გარკვეული შემთხვევები: 1. ციტატები; 2. ილუსტრაციები სწავლების მიზნით; 3. წყაროსა და ავტორის მითითება] (1) დასაშვებია ციტატების მოყვანა ნაწარმოებიდან, რომელიც კანონიერად უკვე გახდა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი, იმ პირობით, რომ ეს შეთავსებადია კეთილსინდისიერ საქმიანობასთან და მისი მოცულობა გამართლებულია დასახული მიზნით, მათ შორის, სტატიების ციტირება ჟურნალ-გაზეთებიდან პრესის მიმოხილვის ფორმით.. (2) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობით და მათ შორის უკვე არსებული ან მომავალში დადებული სპეციალური შეთანხმებებით, შეიძლება ნებადართული იყოს ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ილუსტრაციის სახით გამოყენება დასახული მიზნით გამართლებული მოცულობით, სასწავლო ხასიათის გამოცემებში, საეთერო გადაცემებში, ან ხმის ან გამოსახულების ჩანაწერებში, იმ პირობით, თუ ასეთი გამოყენება თავსებადია კეთილსინდისიერ საქმიანობასთან. (3) ამ მუხლის წინა პუნქტების თანახმად, ნაწარმოებების გამოყენებისას მითითებული უნდა იყოს წყარო და ავტორის სახელი, თუ ის აღნიშნულია ამ წყაროში.
მუხლი 10bis [ნაწარმოებების შესაძლო თავისუფალი გამოყენების დამატებითი შემთხვევები: 1. გარკვეული სტატიებისა და ეთერით გადაცემული ნაწარმოებების; 2. მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ნაჩვენები ან გაჟღერებული ნაწარმოებები] (1) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება დაუშვას მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან რელიგიურ საკითხებზე გაზეთებში ან პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ეთერით გადაცემული ამავე ხასიათის ნაწარმოებების პრესის საშუალებით რეპროდუცირება, ეთერით გადაცემა ან სადენით საყოველთაოდ გაცნობა იმ შემთხვევაში, როდესაც მათ რეპროდუცირებასთან, ეთერით გადაცემასა ან საყოველთაოდ გაცნობასთან დაკავშირებით არ არსებობს საგანგებო დათქმები. თუმცა, ყოველთვის მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული წყარო; ამ ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც მოითხოვება დაცვა.
(2) კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას, ასევე, რჩება უფლება განსაზღვროს პირობები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ფოტოგრაფიის, კინემატოგრაფიის, ეთერით გადაცემის ან სადენით საყოველთაო გაცნობის საშუალებით, მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, რეპროდუცირებულ იქნეს და საინფორმაციო მიზნით გამართლებული მოცულობით გახდეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც ისმის ან ჩანს მოვლენის მსვლელობისას.
მუხლი 11 [გარკვეული უფლებები დრამატულ და მუსიკალურ ნაწარმოებებზე: 1. საჯარო შესრულების და შესრულების საყოველთაო გაცნობის უფლება; 2. თარგმანებთან დაკავშირებით] (1) დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: (i) თავიანთი ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე, ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო შესრულების ჩათვლით; (ii) საყოველთაო გაცნობის მიზნით, თავიანთი ნაწარმოებების შესრულების ნებისმიერი ხერხით გადაცემაზე. (2) ასეთივე უფლებებით სარგებლობენ დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოებების ავტორები ნაწარმოებების თარგმანებთან დაკავშირებით ორიგინალურ ნაწარმოებებზე მათი უფლებების მოქმედების სრული ვადის განმავლობაში.
მუხლი 11bis [ეთერით გადაცემა და მასთან დაკავშირებული უფლებები: 1. ეთერით გადაცემა და სხვა სახის უსადენო გადაცემები, საეთერო გადაცემის საყოველთაო გაცნობა სადენით ან ეთერით ხელახალი გადაცემის საშუალებით, საეთერო გადაცემის საყოველთაო გაცნობა ხმამაღლამოლაპარაკის ან ანალოგიური ხელსაწყოს მეშვეობით; 2. იძულებითი ლიცენზიები; 3. ჩაწერა; ჩანაწერები ხანმოკლე გამოყენებისათვის]
(1) ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: (i) თავიანთი ნაწარმოებების ეთერით გადაცემაზე, ან ამ ნაწარმოებების საყოველთაო გაცნობაზე ნიშნების, ხმების ან გამოსახულებების უსადენო გადაცემის ნებისმიერი სხვა საშუალებით; (ii) ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საყოველთაო გაცნობის სადენით ან ეთერით რეტრანსლიაციის მეშვეობით, თუ მას ახორციელებს არა პირვანდელი, არამედ სხვა ორგანიზაცია; (iii) ეთერით გადაცემული ნაწარმოების საყოველთაო გაცნობაზე ხმამაღლამოლაპარაკით, ნიშნების, ბგერების ან გამოსახულებების გადამცემი ნებისმიერი სხვა ანალოგიური ხელსაწყოს მეშვეობით. (2) კავშირის ქვეყნის კანონმდებლობით განისაზღვრება წინა პუნქტში გათვალისწინებული უფლებების განხორციელების პირობები, თუმცა პირობები იმოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ისინი იქნა დადგენილი. ეს პირობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ლახავდეს ავტორის არაქონებრივ უფლებებსა და სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელსაც შეთანხმების არარსებობისას ადგენს კომპეტენტური ორგანო. (3) თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად გაცემული ნებართვა, არ გულისხმობს ეთერით გადაცემული ნაწარმოების ჩაწერის ნებართვას ბგერებისა ან გამოსახულებების ჩამწერი ხელსაწყოების მეშვეობით. თუმცა, კავშირის ქვეყნების კანონმდებლობას რჩება უფლება განსაზღვროს ხანმოკლე გამოყენების ჩანაწერების შესრულების წესები, რასაც ახორციელებს სამაუწყებლო ორგანიზაცია საკუთარი მოწყობილობებით და იყენებს საკუთარი საეთერო გადაცემებისთვის. ამგვარი კანონმდებლობით შესაძლებელია ნებადართული იყოს ოფიციალურ არქივებში ასეთი ჩანაწერების შენახვა მათი განსაკუთრებული დოკუმენტური ხასიათის გამო.
მუხლი 11ter [გარკვეული უფლებები ლიტერატურულ ნაწარმოებებზე: 1. საჯაროდ წაკითხვის უფლება და წაკითხულის საყოველთაო გაცნობის უფლება; 2. თარგმანებთან დაკავშირებით] (1) ლიტერატურის ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ: (i) თავიანთი ნაწარმოებების საჯარო წაკითხვაზე, მათ შორის ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო წაკითხვის ჩათვლით; (ii) თავიანთი ნაწარმოებების ნებისმიერი წაკითხვის საყოველთაო გაცნობისათვის საჯარო გადაცემაზე.
(2) ასეთივე უფლებებით სარგებლობენ ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორები თავიანთი ნაწარმოებების თარგმანებთან დაკავშირებით ორიგინალურ ნაწარმოებებზე მათი უფლებების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში.
მუხლი 12 [ადაპტაციის, არანჟირებისა და სხვა ცვლილებათა უფლება] ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება გასცენ თავიანთი ნაწარმოებების ადაპტირების, არანჟირებებისა და სხვა ცვლილებების ნებართვა.
მუხლი 13 [მუსიკალური ნაწარმოებებისა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექსტების ჩაწერის უფლების შესაძლო შეზღუდვა; 1. იძულებითი ლიცენზიები; 2. გარდამავალი ღონისძიებები; 3. ავტორის ნებართვის გარეშე იმპორტირებული ეგზემპლარებზე ყადაღის დადება] (1) კავშირის თითოეულ ქვეყანას შეუძლია თავისთვის დააწესოს დათქმები და პირობები მუსიკალური ნაწარმოებების ავტორისა და იმ ნებისმიერი ტექსტის ავტორისთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ უფლებებთან დაკავშირებით, რომელმაც გასცა მუსიკალურ ნაწარმოებთან ერთად ტექსტის ჩაწერის ნებართვა, რათა გასცეს ასეთ ტექსტთან ერთად, თუ ამგვარი არსებობს, ამ მუსიკალური ნაწარმოების აუდიოჩანაწერის დამზადების ნებართვა; თუმცა ყველა ასეთი დათქმა და პირობა მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ისინი დააწესა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ლახავდეს ამ ავტორების უფლებას მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება, რომელსაც შეთანხმების არარსებობისას ადგენს უფლებამოსილი ორგანო. (2) რომში 1928 წლის 2 ივნისს და ბრიუსელში 1948 წლის 26 ივნისს ხელმოწერილი კონვენციების 13(3) მუხლის შესაბამისად, კავშირის ქვეყნებში დამზადებული მუსიკალური ნაწარმოების ჩანაწერების რეპროდუცირება შესაძლებელია მუსიკალური ნაწარმოების ავტორის ნებართვის გარეშე ამ ქვეყანაში, ვიდრე ორი წელი არ გავა ქვეყანისათვის ამ აქტით ვალდებულების დაკისრების შემდეგ. (3) ამ მუხლის (1) და (2) პუნქტების თანახმად, დამზადებული ჩანაწერები, იმპორტირებული დაინტერესებული მხარეების ნებართვის გარეშე იმ ქვეყანაში, რომელშიც ისინი მიჩნეულია უკანონოდ, ექვემდებარება ყადაღის დადებას.
მუხლი 14 [კინემატოგრაფიასთან დაკავშირებული უფლებები: 1. კინემატოგრაფიული ადაპტაცია და რეპროდუცირება; გავრცელება; ამგვარად ადაპტირებული ან რეპროდუცირებული ნაწარმოებების საჯარო შესრულება ან საყოველთაო გაცნობა სადენის მეშვეობით; 2. კინემატოგრაფიული ნაწარმოებების ადაპტაცია; 3. იძულებითი ლიცენზიების გამოუყენებლობა]
(1) ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ:
(i) ამ ნაწარმოებების კინემატოგრაფიული ადაპტირებასა და რეპროდუცირებაზე და ამგვარად ადაპტირებული ან რეპროდუცირებული ნაწარმოებების გავრცელებაზე; (ii) ამგვარად ადაპტირებული ან რეპროდუცირებული ნაწარმოებების საჯარო შესრულებისა და სადენით საჯარო გადაცემაზე.
(2) ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებებიდან წარმოებული კინემატოგრაფიული პროდუქციის ადაპტაცია ნებისმიერ სხვა მხატვრულ ფორმად, კინემატოგრაფიული პროდუქციის ავტორის ნებართვის გარდა, აგრეთვე, საჭიროებს ორიგინალური ნაწარმოებების ავტორთა ნებართვასაც.
(3) 13(1) მუხლის დებულებები არ გამოიყენება.
მუხლი 14bis [კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები: 1. “ორიგინალურ” ნაწარმოებებთან გათანაბრება; 2. უფლებების მფლობელები; ნაწარმოების შექმნაში წვლილის შემტან გარკვეულ პირთა ზოგიერთი უფლებების შეზღუდვა; 3. ნაწარმოების შექმნაში წვლილის შემტანი ზოგიერთი სხვა პირები]
(1) კინემატოგრაფიული ნაწარმოები ექვემდებარება დაცვას, როგორც ორიგინალური ნაწარმოები, საავტორო უფლებების შეულახავად იმ ნებისმიერ ნაწარმოებზე, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ადაპტირებული ან რეპროდუცირებული. კინემატოგრაფიულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების მფლობელი სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორითაც ორიგინალური ნაწარმოების ავტორი, წინა მუხლში გათვალისწინებული უფლებების ჩათვლით. (2)(a) კინემატოგრაფიულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების მფლობელები განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა.
(b) მიუხედავად ამისა, კავშირის ქვეყნებში, რომელთა კანონმდებლობა კინემატოგრაფიულ ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მფლობელთა შორის ითვალისწინებს ავტორებს, რომლებმაც შეიტანეს წვლილი ნაწარმოების შექმნაში, ასეთ ავტორებს, თუ მათ იკისრეს ამგვარი წვლილის შეტანა, არ შეუძლიათ, ნებისმიერი საპირისპირო ან განსაკუთრებული პირობის არარსებობისას, წინააღმდეგობა გაუწიონ ნაწარმოების რეპროდუცირებას, გავრცელებას, საჯარო შესრულებას, სადენით საყოველთაო გაცნობას, ეთერით გადაცემას ან ნებისმიერ სხვა სახის საყოველთაო გაცნობას, ასევე, ტექსტების სუბტიტრირებას ან დუბლირებას.
(c) საკითხს იმის შესახებ, უნდა ჰქონდეს თუ არა წერილობითი შეთანხმების ან თანაბარი ძალის მქონე წერილობითი აქტის ფორმა, ზემოაღნიშნულ ვალდებულებას (b) ქვეპუნქტის გამოყენების მიზნით, განსაზღვრავს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც კინემატოგრაფიული ნაწარმოების დამამზადებელს აქვს თავისი შტაბ-ბინა, ან ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. თუმცა, კავშირის ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა, განისაზღვრება აღნიშნულ ვალდებულებას ექნება წერილობითი შეთანხმების თუ თანაბარი ძალის მქონე წერილობითი აქტის ფორმა. ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას, ატყობინებენ აღნიშნულის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი დეკლარაციით, რომლის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა სხვა ქვეყანას. (d) „საპირისპირო ან განსაკუთრებული პირობა” ნიშნავს ნებისმიერ შემზღუდავ პირობას, რომელიც შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ ვალდებულებას.
(3) თუ ეროვნული კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ზემოთ აღნიშნული (2)(b) პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიული ნაწარმოებისთვის შექმნილი სცენარების, დიალოგებისა და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებსა ან მის დამდგმელ რეჟისორზე. თუმცა, კავშირის ის ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობა არ შეიცავს დებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს აღნიშნული (2)(b) პუნქტის გამოყენებას დამდგმელი რეჟისორის მიმართ, აცნობებენ ამის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით, რომლის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს კავშირის ყველა სხვა ქვეყანას.
მუხლი 14ter [„Droit de suite”2 ხელოვნების ნაწარმოებებსა და ხელნაწერებზე; უფლება ხელახალი გაყიდვით მიღებული შემოსავლის წილზე; გამოსაყენებელი კანონი; 3. პროცედურა]
(1) ავტორი ან, მისი გარდაცვალების შემდეგ, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირები, ან დაწესებულებები, ხელოვნების ნაწარმოებების ორგინალებთან და მწერლებისა და კომპოზიტორების ხელნაწერების ორგინალების მიმართ, ნაწარმოების ყოველი გაყიდვისას სარგებლობენ წილობრივი მონაწილეობის განუსხვისებელი უფლებით, რომელიც მოჰყვება ავტორის მიერ ნაწარმოების პირველ დათმობას. (2) წინა პუნქტით გათვალისწინებული დაცვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია იმ ქვეყანაში, საიდანაც არის ავტორი, და იმ მოცულობით, რომელიც დაშვებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მოითხოვება დაცვა.
(3) თანხის შეგროვების პროცედურა და ოდენობა განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით.
მუხლი 15
[დაცული უფლებების განხორციელების უფლება: 1. როდესაც ავტორის სახელი მითითებულია ან ფსევდონიმი არ იწვევს ეჭვს ავტორის ვინაობაში; 2. კინემატოგრაფიული ნაწარმოებების შემთხვევაში; 3. ანონიმურად და ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებების შემთხვევაში; 4. უცნობი ავტორის გარკვეული გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების შემთხვევაში]
(1) იმისათვის, რომ ამ კონვენციით დაცული ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების ავტორი, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნეოდეს ავტორად და შესაბამისად, იყოს უფლებამოსილი კავშირის ქვეყნებში აღძრას საქმე დარღვევასთან დაკავშირებით, საკმარისია მისი სახელის აღნიშვნა ნაწარმოებზე ჩვეულებრივი წესით. ეს პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სახელი არის ფსევდონიმი და ავტორის მიერ შერჩეული ფსევდონიმი ეჭვს არ იწვევს მის ვინაობაში. (2) კინემატოგრაფიული ნაწარმოების დამამზადებლად, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი აღნიშნულია ამ ნაწარმოებზე ჩვეულებრივი წესით. (3) ანონიმურად ან ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწარმოებების შემთხვევაში, (1) პუნქტში მითითებულის გარდა, გამომცემელი, რომლის სახელიც აღნიშნულია ნაწარმოებზე, საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, მიიჩნევა ავტორის წარმომადგენლად და ამ სახით უფლებამოსილია დაიცვას და განახორციელოს ავტორის უფლებები. ამ პუნქტის დებულებების
2 "Droit de suite" – წილობრივი მონაწილეობის უფლება
მოქმედება წყდება მაშინ, როდესაც ავტორი გაამხელს თავის ვინაობას და განაცხადებს თავის უფლებას ნაწარმოების ავტორობაზე.
(4)(a) გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების შემთხვევაში, როდესაც ავტორის ვინაობა უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდის ყველა საფუძველი, რომ იგი კავშირის ქვეყნის მოქალაქეა, ეს ქვეყანა განსაზღვრავს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც იქნება ავტორის წარმომადგენელი და ექნება კავშირის ქვეყნებში მისი უფლებების დაცვისა და განხორციელების უფლებამოსილება. (b) კავშირის ქვეყნები, რომლებიც ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრავენ ასეთ ორგანოს, აცნობებენ ამის შესახებ გენერალურ დირექტორს წერილობითი განცხადებით, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას ამგვარად განსაზღვრული ორგანოს შესახებ. გენერალური დირექტორი დაუყოვნებლივ აცნობებს დეკლარაციის შესახებ კავშირის ყველა სხვა ქვეყანას.
მუხლი 16 [უფლებების დარღვევით დამზადებული ასლები: 1. ყადაღის დადება; 2. ყადაღის დადება იმპორტირების დროს; 3. გამოსაყენებელი კანონი]
(1) უფლებების დარღვევით დამზადებული ნაწარმოების ასლები ექვემდებარება ყადაღის დადებას კავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც ეს ნაწარმოები სარგებლობს სამართლებრივი დაცვით.
(2) წინა პუნქტის დებულებები ვრცელდება ასევე რეპროდუქციებზე, რომელთა იმპორტირება ხდება ქვეყნიდან, რომელშიც ეს ნაწარმოები არ არის დაცული, ან აღარ სარგებლობს დაცვის უფლებით.
(3) ყადაღის დადება ხორციელდება თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 17 [ნაწარმოებების ბრუნვაში გაშვების, პრეზენტაციისა და ჩვენების კონტროლის შესაძლებლობა]
ამ კონვენციის დებულებებს არ შეუძლიათ მოახდინონ რაიმე გავლენა კავშირის თითოეული ქვეყნის მთავრობის უფლებაზე კანონმდებლობით ან სხვა აქტებით დაუშვას, გააკონტროლოს ან აკრძალოს ნებისმიერი იმ ნაწარმოების ან პროდუქციის ბრუნვაში გაშვება, პრეზენტაცია ან ჩვენება, რომელთა მიმართაც კომპეტენტური ორგანო საჭიროდ მიიჩნევს ასეთი უფლების გამოყენებას.
მუხლი 18 [ნაწარმოებები, რომლებიც უკვე არსებობს კონვენციის ძალაში შესვლისას: 1. დაცულია, როდესაც წარმოშობის ქვეყანაში დაცვის ვადა ჯერ არ არის გასული; 2. დაუცველია, როცა დაცვის ვადა გასულია იმ ქვეყანაში, სადაც მოითხოვება დაცვა; 3. ამ პრინციპების გამოყენება; 4. სპეციალური შემთხვევები]
(1) ეს კონვენცია გამოიყენება ყველა ნაწარმოებთან დაკავშირებით, რომელიც მისი ძალაში შესვლის მომენტისათვის წარმოშობის ქვეყანაში, დაცვის ვადის გასვლის გამო, ჯერ არ ქცეულა საზოგადო კუთვნილებად.
(2) თუმცა, თუ ნაწარმოები ადრე მინიჭებული დაცვის ვადის გასვლის გამო, უკვე იქცა საყოველთაო კუთვნილებად ქვეყანაში, რომელშიც მოითხოვება დაცვა, ეს ნაწარმოები ხელახლა აღარ დაიცვება.
(3) აღნიშნული პრინციპი გამოიყენება იმ სპეციალური კონვენციების დებულებების შესაბამისად, რომლებიც დადებულია ამ მიზნით ან დაიდება მომავალში კავშირის ქვეყნებს შორის. ასეთი დებულებების არარსებობისას, შესაბამისი ქვეყნები თავად განსაზღვრავენ ამ პრინციპის გამოყენების პირობებს.
(4) წინა დებულებები გამოიყენება აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როცა კავშირს მიუერთდებიან ახალი ქვეყნები და იმ შემთხვევებშიც, როდესაც დაცვა ფართოვდება მე-7 მუხლის გამოყენების საფუძველზე ან დათქმებზე უარის თქმის შედეგად.
მუხლი 19 [კონვენციით გათვალისწინებულ დაცვაზე ფართო დაცვა]
ამ კონვენციის დებულებები არ ეწინააღმდეგება ნებისმიერი უფრო ფართო დაცვის მოთხოვნას, რომელიც შეიძლება იქნეს მინიჭებული კავშირის ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობით.
მუხლი 20 [კავშირის ქვეყნებს შორის დადებული სპეციალური შეთანხმებები] კავშირის ქვეყნების მთავრობები იტოვებენ ერთმანეთთან სპეციალური შეთანხმებების დადების უფლებას, თუ ეს შეთანხმებები ანიჭებენ ავტორებს ამ კონვენციით მინიჭებულ უფლებებზე უფრო ფართო უფლებებს, ან შეიცავენ სხვა დებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციას. უკვე არსებულ შეთანხმებათა დებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ პირობებს, გამოიყენება შემდგომშიც.
მუხლი 21 [სპეციალური დებულებები განვითარებადი ქვეყნების შესახებ: 1. მითითება დამატებით კარზე; 2. დამატებითი კარი – აქტის ნაწილი] (1) სპეციალურ დებულებებს განვითარებადი ქვეყნების შესახებ შეიცავს დამატებითი კარი. (2) 28(1)(b) მუხლის დებულებების გათვალისწინებით, დამატებითი კარი წარმოადგენს ამ აქტის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 22 [ასამბლეა: 1. დაფუძნება და შემადგენლობა; 2. ამოცანები; 3. კვორუმი, ხმის მიცემა, მეთვალყურეები; 4. მოწვევა; 5. პროცედურის წესები]
(1)(a) კავშირს აქვს ასამბლეა, რომელიც შედგება კავშირის იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც აკისრიათ ვალდებულებები 22-26 მუხლებით. (b) თითოეული ქვეყნის მთავრობა წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს დამატებითი დელეგატები, მრჩევლები და ექსპერტები. (c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მთავრობა, რომელმაც ის დანიშნა.
(2)(a) ასამბლეა: (i) განაგებს ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება კავშირის შენარჩუნებასა განვითარებას და ამ კონვენციის გამოყენებას; (ii) გადასინჯვის მიზნით მოწვეული კონფერენციების მომზადებასთან დაკავშირებით მითითებებს აძლევს ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ბიუროს (შემდგომ – „საერთაშორისო ბიურო”), როგორც განსაზღვრულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომ – „ორგანიზაცია”) დამფუძნებელ კონვენციაში, ამასთან, სათანადო ყურადღებას უთმობს კავშირის იმ ქვეყნების ნებისმიერ შენიშვნებს, რომლებსაც არ ეკისრებათ ვალდებულებები 22-26 მუხლებით; (iii) განიხილავს და ამტკიცებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას კავშირთან დაკავშირებით და აძლევს მას ყველა საჭირო ინსტრუქციას კავშირის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ; (iv) ირჩევს ასამბლეის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს; (v) განიხილავს და ამტკიცებს თავისი აღმასრულებელი კომიტეტის ანგარიშებსა და საქმიანობას და აძლევს მას ინსტრუქციებს; (vi) განსაზღვრავს კავშირის პროგრამას, იღებს მის ორწლიან ბიუჯეტს და ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს; (vii) ამტკიცებს კავშირის ფინანსურ რეგლამენტს; (viii) ქმნის ექსპერტთა ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, როგორიც აუცილებლად მიაჩნია კავშირის მიზნების განხორციელებისათვის; (ix) განსაზღვრავს, კავშირის რომელი არაწევრი ქვეყანა და რომელი სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მის სხდომებზე მეთვალყურეებად; (x) იღებს 22-26 მუხლების შესწორებებს; (xi) ახორციელებს ნებისმიერ სათანადო ქმედებას, რომელიც მიმართულია კავშირის მიზნების მისაღწევდ; (xii) ასრულებს ყველა სხვა ისეთ ფუნქციას, რომელიც გმომდინარეობს ამ კონვენციიდან; (xiii) მისი თანხმობის შემთხვევაში, ახორციელებს ისეთ უფლებებს, რომლებიც მინიჭებული აქვს ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცით. (b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებადი სხვა კავშირებისათვისაც, ასამბლეა გადაწყვეტილებებს იღებს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის აზრის მოსმენის შემდეგ. (3) (a) ასამბლეის თითოეულ წევრ ქეყანას აქვს ერთი ხმა. (b) ასამბლეის წევრი ქვეყნების ნახევარი შეადგენს კვორუმს. (c) (b) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, თუ ნებისმიერ სესიაზე წარმოდგენილი ქვეყნების რიცხვი ნახევარზე ნაკლებია, მაგრამ მეტია ან ტოლი ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი მესამედისა, ასამბლეას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა, საკუთარ პროცედურულ წესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, ყველა გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულების შემთხვევაში. საერთაშორისო ბიურო აცნობებს აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ასამბლეის წევრ ქვეყნებს, რომლებიც არ ესწრებოდნენ მას, და სთავაზობს გადაწყვეტილების გაგზავნის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში წერილობითი სახით აცნობონ აძლევენ ხმას ამ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგნი არიან, თუ თავს იკავებენ. თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც ამგვარად გამოხატეს ხმის მიცემა ან თავის შეკავება, აღწევს იმ რაოდენობას, რომელიც აკლდა სესიაზე კვორუმის მისაღწევად, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შედის, იმ პირობით, რომ იმავდროულად შენარჩუნებული იქნება აუცილებელი უმრავლესობა. (d) 26-ე მუხლის (2) პუნქტის დებულებებიდან გამომდინარე, ასამბლეის გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა მიცემული ხმების ორი მესამედი. (e) თავის შეკავება არ ითვლება ხმის მიცემად. (f) თითოეულ დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ხმა მისცეს მისი სახელით. (g) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასამბლეის წევრები, მის სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ როგორც მეთვალყურეები.
(4)(a) ასამბლეა გენერალური დირექტორის მოწვევით იკრიბება რიგით სესიაზე ყოველ მეორე კალენდარულ წელს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იმავე დროსა და ადგილზე სადაც ორგანიზაციის გენერალური ასამბლეია.
(b) ასამბლეა იკრიბება საგანგებო სესიაზე, რომელსაც იწვევს გენერალური დირექტორი აღმასრულებელი კომიტეტის ან ასამბლეის წევრი ქვეყნების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.
(5) ასამბლეა იღებს პროცედურის საკუთარ წესებს.
მუხლი 23 [აღმასრულებელი კომიტეტი: 1. დაფუძნება; 2. შემადგენლობა; 3. წევრთა რაოდენობა; 4. გეოგრაფიული განაწილება; სპეციალური შეთანხმებები; 5. ვადა, გადარჩევის შეზღუდვები, არჩევნების წესები; 6. ამოცანები; 7. მოწვევა; 8. კვორუმი, ხმის მიცემა; 9. მეთვალყურეები; 10. პროცედურის წესები]
(1) ასამბლეას ჰყავს აღმასრულებელი კომიტეტი. (2)(a) აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ქვეყნებისგან, რომლებიც არჩეულია ასამბლეის მიერ ასამბლეის წევრი ქვეყნების რიცხვიდან. გარდა ამისა, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ორგანიზაციის შტაბ-ბინა კომიტეტში აქვს „ex officio" ერთი ადგილი იმ პირობით, თუ სრულდება 25 (7)(b) მუხლის დებულებები. (b) აღმასრულებელი კომიტეტის ყოველი წევრი ვეყნის მთავრობას წარმოადგენს ერთი დელეგატი, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ დამატებითი დელეგატები, მრჩევლები და ექსპერტები. (c) თითოეული დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მთავრობა, რომელმაც ის დანიშნა. (3) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ქვეყნების რიცხვი შეესაბამება ასამბლეის წევრი ქვეყნების რიცხვის ერთ მეოთხედს. შესავსები ადგილების რაოდენობის დადგენისას, ოთხზე გაყოფის შემდეგ დარჩენილი ნაშთი მხედველობაში არ მიიღება. (4) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისას ასამბლეა სათანადო ყურადღებას უთმობს სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებასა და იმის აუცილებლობას, რომ სპეციალური შეთანხმებების მონაწილე ქვეყნები, რომლებიც შეიძლება დადებულ იქნეს კავშირთან მიმართებაში, შედიოდნენ აღმასრულებელ კომიტეტში. (5)(a) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეული წევრი ასრულებს თავის ფუნქციებს ასამბლეის სესიის დახურვიდან, რომელზეც ის იქნა არჩეული, ასამბლეის შემდეგი რიგითი სესიის დახურვამდე. (b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შეიძლება გადაირჩიონ, მაგრამ არაუმეტეს მათი შემადგენლობის ორი მესამედისა. (c) ასამბლეა ადგენს აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევისა და შესაძლო გადარჩევის მარეგულირებელი წესების დეტალებს.
(6)(a) აღმასრულებელი კომიტეტი: (i) ამზადებს ასამბლეის დღის წესრიგის პროექტს; (ii) ასამბლეას წარუდგენს წინადადებებს, რომლებიც ეხება გენერალური დირექტორის მიერ მომზადებულ პროგრამის პროექტსა და კავშირის ორწლიან ბიუჯეტს. (iii) [ამოღებულია] (iv) სათანადო შენიშვნებით, ასამბლეას წარუდგენს გენერალური დირექტორის პერიოდულ ანგარიშებსა და საფინანსური რევიზიის ყოველწლიურ აქტებს. (v) ასამბლეის გადაწყვეტილებების შესაბამისად და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომელიც წარმოიქმნება ასამბლეის ორ რიგით სესიას შორის პერიოდში, იღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს გენერალური დირექტორის მიერ კავშირის პროგრამის შესრულება; (vi) ასრულებს ყველა სხვა ფუნქცას, რომელიც ამ კონვენციით აქვს დაკისრებული. (b) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირებისათვისაც, აღმასრულებელი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ. (7) (a) აღმასრულებელი კომიტეტი, გენერალური დირექტორის მოწვევით, იკრიბება რიგით სესიაზე წელიწადში ერთხელ უპირატესად იმავე დროსა და ადგილზე, სადაც ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტი. (b) აღმასრულებელი კომიტეტი საგანგებო სესიაზე იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით ან მისი პირადი ინიციატივით, თავმჯდომარის მოთხოვნით, ან აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ერთი მეოთხედის მოთხოვნით. (8)(a) აღმასრულებელი კომიტეტის თითოეულ წევრ ქვეყანას აქვს ერთი ხმა. (b) აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ნახევარი შეადგენს კვორუმს. (c) გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. (d) თავის შეკავება არ განიხილება ხმის მიცემად. (e) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ქვეყანა და ხმა მისცეს მისი სახელით. (9) კავშირის ქვეყნები, რომლებიც არ არიან აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, მის სხდომაზე დაიშვებიან მხოლოდ, როგორც მეთვალყურეები. (10) აღმასრულებელი კომიტეტი იღებს პროცედურის თავის საკუთარ წესებს.
მუხლი 24 [საერთაშორისო ბიურო: 1. ზოგადი ამოცანები, გენერალური დირექტორი; 2. ზოგადი ინფორმაცია; 3. ჟურნალი; 4. ქვეყნებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია; 5. გამოკვლევები და მომსახურება; 6. სხდომებში მონაწილეობა; 7. კონფერენციები გადასინჯვის თაობაზე; 8. სხვა ამოცანები]
(1)(a) კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ამოცანები ხორციელდება საერთაშორისო ბიუროს მიერ, რომელიც არის კავშირის ბიუროსა და სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კონვენციით დაარსებული კავშირის ბიუროს მემკვიდრე. (b) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო ასრულებს კავშირის სხვადასხვა ორგანოს სამდივნოს ფუნქციებს. (c) ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი აღმასრულებელი პირი და წარმოადგენს კავშირს. (2) საერთაშორისო ბიურო აგროვებს და აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ეხება საავტორო უფლებების დაცვას. კავშირის თითოეული ქვეყანა დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო ბიუროს ყველა ახალი კანონის ტექსტსა და ოფიციალურ ტექსტს, რომელიც შეეხება საავტორო უფლებების დაცვას. (3) საერთაშორისო ბიურო გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს. (4) საერთაშორისო ბიურო, მოთხოვნის საფუძველზე, აწვდის კავშირის ნებისმიერ ქვეყანას ინფორმაციას საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. (5) საერთაშორისო ბიურო ატარებს კვლევებსა და უზრუნველყოფს მომსახურებას საავტორო უფლებების დაცვის გაადვილების ხელშეწყობის მიზნით. (6) გენერალური დირექტორი და ნებისმიერი მის მიერ დანიშნული თანამშრომელი მონაწილეობას იღებს ხმის უფლების გარეშე ასამბლეის, აღმასრულებელი კომიტეტისა და ექსპერტთა ნებისმიერი სხვა კომიტეტის ან მუშა ჯგუფის ყველა სხდომაში. გენერალური დირექტორი ან მის მიერ დანიშნული თანამშრომელი არის ამ ორგანოების "ex officio" მდივანი. (7)(a) საერთაშორისო ბიურო, ასამბლეის მითითებების შესაბამისად და აღმასრულებელ კომიტეტთან თანამშრომლობით, ამზადებს კონფერენციებს კონვენციის დებულებათა გადასინჯვის თაობაზე, გარდა 22_26 მუხლებისა. (b) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია ჩაატაროს კონსულტაციები სამთავ-რობათაშორისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან გადასინჯვასთან დაკავშირებული კონფერენციების მომზადების თაობაზე. (c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები მონაწილეობას იღებენ ამ კონფერენციების მუშაობაში ხმის უფლების გარეშე. (8) საერთაშორისო ბიურო ასრულებს მასზე დაკისრებულ ნებისმიერ სხვა ამოცანებს.
მუხლი 25 [ფინანსები: 1. ბიუჯეტი; 2. სხვა კავშირებთან კოორდინირება; 3. წყაროები; 4. შესატანები; წინა ბიუჯეტის შესაძლო გაგრძელება; 5. გადასახადები და საფასურები; 6. საბრუნავი საშუალებების ფონდი; 7. მასპინძელი მთავრობის ავანსები; 8. ანგარიშების რევიზია] (1)(a) კავშირს აქვს ბიუჯეტი. (b) კავშირის ბიუჯეტი შედგება საკუთრივ კავშირის შემოსავლებისა და გასავლებისაგან, მისი შესატანისაგან კავშირებისათვის საერთო ხარჯვითი ნაწილის ბიუჯეტში და აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში, ანარიცხებისაგან ორგანიზაციის კონფერენციის ბიუჯეტში. (c) კავშირებისათვის საერთო გასავლად ითვლება ხარჯები, რომლებიც არ ეკუთვნის მხოლოდ ამ კავშირს, არამედ ერთდროულად ეკუთვნის კიდევ ერთ ან მეტ კავშირს, რომელთა ადმინისტრირებასაც ახორციელებს ორგანიზაცია. კავშირის წილი საერთო გასავლებში პროპორციულია მისი წილისა აღნიშნულ ხარჯებში. (2) კავშირის ბიუჯეტი მიიღება ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნის სათანადო გათვალისწინებით.
(3) კავშირის ბიუჯეტის ფინანსირების წყაროებია: (i) კავშირის ქვეყნების შესატანები; (ii) საფასურები და გადასახადები სერთაშორისო ბიუროს მიერ გაწეული კავშირთან დაკავშირებული მომსახურებისთვის; (iii) კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს პუბლიკაციების, გაყიდვისა და მათზე უფლებების გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები; (iv) საჩუქრები, ანდერძით დატოვებული სახსრები და სუბსიდიები; (v) რენტები, პროცენტები და სხვადასხვა შემოსავალი. (4) იმისათვის, რომ განისაზღვროს მისი შესატანი ბიუჯეტში, კავშირის თითოეული ქვეყანა მიეკუთვნება გარკვეულ კლასს და წლიურ შესატანს იხდის ქვემოთ მოყვანილი ერთეულების რიცხვების საფუძველზე:
(b) თითოეული ქვეყანა, თუ ადრე ეს არ გაუკეთებია, რატიფიკაციის ან შეერთების აქტის დეპონირებასთან ერთად მიუთითებს კლასს, რომელსაც სურს, რომ ეკუთვნოდეს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეცვალოს კლასი. თუ ქვეყანა ირჩევს უფრო დაბალ კლასს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ასამბლეას მის ერთ-ერთ რიგით სესიაზე. ნებისმიერი ასეთი შესწორება ძალაში შედის მითითებული სესიის მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისიდან. (c) თითოეული ქვეყნის წლიური შესატანის ოდენობა ტოლია სიდიდისა, რომელიც ისევე შეეფარდება კავშირის ბიუჯეტში ყველა ქვეყნის მიერ შესატანების ჯამს, როგორც მისი ერთეულების რაოდენობა შეეფარდება ყველა გადამხდელი ქვეყნის ერთეულების საერთო რაოდენობას. (d) შესატანები უნდა იქნეს გადახდილი ყოველი წლის პირველი იანვრიდან. (e) ქვეყანა, რომელსაც აქვს დავალიანება შესატანების გადახდაში, კარგავს ხმის უფლებას კავშირის ყველა ორგანოში, რომლის წევრიცაა, თუ მისი დავალიანების ოდენობა ტოლია ან მეტი გასული ორი სრული წლის განმავლობაში მის მიერ გადასახდელი შესატანებისა. თუმცა, კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ნება დართოს ასეთ ქვეყანას ამ ორგანოში გააგრძელოს ხმის უფლებით სარგებლობა იმ შემთხვევაში და მანამ, ვიდრე დარწმუნებულია, რომ გადახდის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული და გარდაუვალი გარემოებების გამო. (f) თუ ბიუჯეტი არ არის მიღებული ახალი საფინანსო პერიოდის დაწყებამდე, საფინანსო რეგლამენტის შესაბამისად, იგი არის წინა წლის ბიუჯეტის დონეზე. (5) საფასურებისა და გადასახადების ოდენობას, რომელსაც იღებს საერთაშორისო ბიურო კავშირთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებისთვის, ადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ამის შესახებ მოახსენებს ასამბლეასა და აღმასრულებელ კომიტეტს. (6)(a) კავშირს აქვს საბრუნავი სახსრების ფონდი, რომელიც შედგება კავშირის თითოეული ქვეყნის მიერ შემოტანილი ერთჯერადი გადასახადისგან. თუ საბრუნავი სახსრების ფონდი არასაკმარისია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას მისი გაზრდის შესახებ. (b) აღნიშნულ ფონდში თითოეული ქვეყნის თავდაპირველი გადასახადის ოდენობა ან მისი წილი ამ ფონდის გაზრდაში პროპორციულია ამ ქვეყნის შესატანისა იმ წლისათვის, როდესაც დაარსდა ფონდი ან მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი გაზრდის შესახებ. (c) ამ გადასახადის პროპორციასა და გადახდის პირობებს ადგენს ასამბლეა გენერალური დირექტორის წინადადებით მას შემდეგ, რაც იგი მოისმენს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის აზრს. (7)(a) შეთანხმებაში შტაბ-ბინის თაობაზე, რომელიც იდება იმ ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს შტაბ-ბინა, გათვალისწინებულია, რომ როდესაც საბრუნავი სახსრების ფონდი არასაკმარისი აღმოჩნდება, ეს ქვეყანა გაიღებს ავანსებს. ამ ავანსების თანხა და გაცემის პირობები, თითოეულ შემთხვევაში, წარმოადგენს განსაკუთრებული შეთანხმებების საგანს ასეთ ქვეყანასა და ორგანიზაციას შორის. ვიდრე ამ ქვეყანას დაკისრებული აქვს ავანსების გაცემის ვალდებულება, მას "ex officio" აქვს ერთი ადგილი აღმასრულებელ კომიტეტში. (b) როგორც (a) ქვეპუნქტში დასახელებულ ქვეყანას, ისე ორგანიზაციას აქვს უფლება წერილობითი შეტყობინებით განახორციელოს ავანსების გაცემის ვალდებულების დენონსირება. დენონსაცია ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის დასასრულიდან, როდესაც მოხდა შეტყობინება. (8) ანგარიშების რევიზია ხორციელდება საფინანსო რეგლამენტის შესაბამისად, კავშირის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ან გარე აუდიტორების მიერ, რომლებსაც მათივე თანხმობით ნიშნავს ასამბლეია.
მუხლი 26 [ცვლილებები: 1. დებულებები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს ასამბლეის მიერ; წინადადებები; 2. მიღება; 3. ძალაში შესვლა] (1) წინადადებები შესწორებების შეტანის თაობაზე 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე მუხლებსა და მოცემულ მუხლში შეიძლება წამოყენებულ იქნეს ასამბლეის ნებისმიერი წევრი ქვეყნის, აღმასრულებელი კომიტეტის ან გენერალური დირექტორის მიერ. გენერალური დირექტორი ასეთ წინადადებებს უგზავნის ასამბლეის წევრ ქვეყნებს ასამბლეის მიერ მათ განხილვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე. (2) (1) პუნქტში გათვალისწინებულ მუხლებში შეტანილი ნებისმიერი შესწორება მიიღება ასამბლეის მიერ, რისთვისაც საჭიროა ხმების უმრავლესობა სამი მეოთხედის ოდენობით; ხოლო, 22-ე მუხლსა და მოცემულ პუნქტში ნებისმიერი შესწორების შესატანად აუცილებელია მიცემული ხმების ოთხი მეხუთედი. (3) (1) პუნქტში მითითებულ მუხლებში შეტანილი ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ მას მერე, რაც გენერალური დირექტორი მიიღებს წერილობით შეტყობინებას, საკონსტიტუციო პროცედურის შესაბამისად ამ ცვლილებების მიღების შესახებ, იმ ქვეყნების სამი მეოთხედიდან, რომლებიც იყვნენ ასამბლეის წევრები ამ შესწორების მიღების დროს. ამგვარად მიღებული ამ მუხლის ნებისმიერი შესწორება, სავალდებულოა ყველა ქვეყანისათვის, რომლებიც არიან ასამბლეის წევრები შესწორების ძალაში შესვლის დროს, ან ხდებიან მისი წევრები ამ თარიღის შემდეგ. თუმცა, ნებისმიერი შესწორება, რომელიც ზრდის კავშირის ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შეატყობინეს მათ მიერ ასეთი შესწორების მიღების შესახებ.
მუხლი 27 [გადასინჯვა: 1. მიზანი; 2. კონფერენციები; 3. მიღება]
(2) ამ მიზნით კავშირის ქვეყნებში რიგრიგობით ტარდება აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენელთა კონფერენციები. (3) 26-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც გამოიყენება ცვლილებების შეტანისას 22-დან 26-ის მუხლების ჩათვლით, ამ აქტის ნებისმიერი გადასინჯვა, დამატებითი აქტის ჩათვლით, მოითხოვს მიცემული ხმების ერთსულოვან თანხმობას.
მუხლი 28 [კავშირის ქვეყნებისათვის აქტის მიღება და ძალაში შესვლა: 1. რატიფიკაცია, შეერთება; გარკვეული დებულებების გამორიცხვის შესაძლებლობა; გამონაკლისების გაუქმება; 2. 1_21 მუხლების ძალაში შესვლა; 3. 22_38 მუხლების ძალაში შესვლა] (1)(a) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ აქტს, შეუძლია მისი რატიფიცირება, ხოლო თუ არა აქვს ხელი მოწერილი, შეუძლია მასთან შეერთება. რატიფიკაციის და შეერთების დოკუმენტები შესანახად ბარდება გენერალურ დირექტორს. (b) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას რატიფიკაციის ან შეერთების აქტში შეუძლია განაცხადოს, რომ რატიფიკაცია ან შეერთება არ ვრცელდება 1_21 მუხლებსა და დამატებით კარზე; თუმცა, თუ ასეთმა ქვეყანამ წინასწარ გააკეთა განცხადება დამატებითი კარის VI(1) მუხლის შესაბამისად, მას აღნიშნულ დოკუმენტში შეუძლია განაცხადოს მხოლოდ იმის შესახებ, რომ მისი რატიფიკაცია ან შეერთება არ გამოიყენება 1_20 მუხლების მიმართ. (c) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც (b) ქვეპუნქტის თანახმად, გამორიცხა შესაბამისი დებულებები თავისი რატიფიკაციის ან შეერთების მოქმედების სფეროდან, შეუძლია მოგვიანებით, ნებისმიერ დროს განაცხადოს, რომ იგი ავრცელებს თავისი რატიფიკაციის ან შეერთების მოქმედებას ამ დებულებებზე. ასეთი განცხადება შესანახად ბარდება გენერალურ დირექტორს. (2)(a) 1-21 მუხლები და დამატებაითი კარი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ მას მერე, რაც შესრულდება შემდეგი ორი პირობა: (i) კავშირის, სულ მცირე, ხუთი ქვეყანა მოახდენს ამ აქტის რატიფიკაციას ან შეუერთდება მას (1)(b) მუხლით გათვალისწინებული განცხადების გაკეთების გარეშე. (ii) პარიზში 1971 წლის 24 ივლისს გადასინჯული საავტორო უფლებების მსოფლიო კონვენციის მოქმედება გავრცელდება საფრანგეთზე, ესპანეთზე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთი ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე. (b)(a) ქვეპუნქტში მითითებული ძალაში შესვლა ვრცელდება კავშირის იმ ქვეყნებზე, რომლებმაც აღნიშნულ ძალაში შესვლამდე, სულ მცირე, სამი თვით ადრე მაინც ჩააბარა შესანახად სარატოფიკაციო ან შეერთების დოკუმენტები, რომლებიც არ შეიცავს (1)(b) პუნქტში გათვალისწინებულ განცხადებას. (c) კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება (b) ქვეპუნქტი, და რომელმაც განახორციელა ამ აქტის რატიფიცირება ან შეუერთდა მას (1)(b) პუნქტით გათვალისწინებული განცხადების გაკეთების გარეშე, 1_21 მუხლები და დამატებითი კარი ძალაში შედის შესაბამისი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, თუ ამ დოკუმენტში არ იქნება მითითებული უფრო გვიანი თარიღი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ ქვეყნის მიმართ, 1_21 მუხლები და დამატებითი კარი ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან. (d) (a)_(c) ქვეპუნქტების დებულებები არ ახდენს გავლენას დამატებითი კარის VI მუხლის გამოყენებაზე. (1) კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც ახორციელებს ამ აქტის რატიფიკაციას ან უერთდება მას (1)(b) პუნქტში გათვალისწინებული განცხადების გაკეთებით ან მის გარეშე, 22_38 მუხლები ძალაში შედის სათანადო სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტების დეპონირების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, თუ ამ დოკუმენტში არ იქნება მითითებული უფრო გვიანი თარიღი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ ქვეყნის მიმართ, 22_38 მუხლები და დამატებითი კარი ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.
მუხლი 29 [მიღება და ძალაში შესვლა ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან კავშირის წევრები: 1. შეერთება; 2. ძალაში შესვლა]
(1) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის კავშირის წევრი, შეუძლია მიუერთდეს ამ აქტს და გახდეს ამ კონვენციის მხარე და კავშირის წევრი. შეერთების დოკუმენტები შესანახად ბარდება გენერალურ დირექტორს. (2)(a) ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც არ არის კავშირის წევრი, (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ეს კონვენცია ძალაში შედის შეერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ გააკეთებული შეტყობინების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, თუ ამ დოკუმენტში არ იყო მითითებული უფრო გვიანი თარიღი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ამ ქვეყნის მიმართ, ეს კონვენცია ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან. (b) თუ ძალაში შესვლა (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინ უსწრებს 1_21 მუხლებისა და დამატებითი კარის ძალაში შესვლას 28(2)(a) მუხლის თანახმად, აღნიშნულ ქვეყანაზე ამასობაში 1_21 მუხლების და დამატებითი აქტის ნაცვლად ვრცელდება ამ კონვენციის ბრიუსელის აქტის 1_20 მუხლები.
მუხლი 29bis [აქტის მიღების შედეგები ისმო-ს კონვენციის მუხლის 14(2) მიზნებისთვის] ამ აქტის რატიფიკაცია ან მასთან შეერთება ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომლებზეც არ ვრცელდება ამ კონვენციის სტოკჰოლმის აქტის 22_38 მუხლების მოქმედება, ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის მხოლოდ და მხოლოდ 14(2) მუხლის მიზნებისთვის, 28 (1)(b)(i) მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვით, აღნიშნული სტოკჰოლმის აქტის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების ტოლფასია.
მუხლი 30 [დათქმები: 1. დათქმების გაკეთების შეზღუდვა; 2. ადრე გაკეთებული დათქმები; დათქმა თარგმნის უფლების თაობაზე; დათქმის ამოღება] (1) ამ მუხლის (2) პუნქტით, 28(1)(b) მუხლით, 33(2) მუხლითა და დამატებითი კარით დაშვებული ამოღების გამოკლების გათვალისწინებით, რატიფიკაციას ან შეერთებას ავტომატურად მოსდევს ამ კონვენციით დადგენილი ყველა დებულების აღიარება და ყველა უპირატესობის მიღება. (2)(a) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ამ აქტის რატიფიკაციას ან უერთდება მას, დამატებითი აქტის V(2) მუხლის გათვალისწინებით, შეუძლია შეინარჩუნოს მის მიერ ადრე ფორმულირებული დათქმების უპირატესობა, თუ იგი გააკეთებს განცხადებას ამის შესახებ რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების დროს. (b) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის კავშირის წევრი, ამ კონვენციასთან შეერთებისას დამატებითი აქტის V(2) მუხლის გათვალისწინებით, შეუძლია განაცხადოს, რომ განზრახული აქვს დროებით მაინც ამ აქტის მე-8 მუხლი თარგმნის უფლების შესახებ შეცვალოს პარიზში 1896 წელს შევსებული 1886 წლის საკავშირო კონვენციის მე-5 მუხლის დებულებებით, და იმის ნათლად გაცნობიერებით, რომ ეს დებულებები გამოიყენება მხოლოდ ამ ქვეყანაში საერთო გამოყენების ენაზე შესრულებული თარგმანების მიმართ. დამატებითი კარის I (6)(b) მუხლის გათვალისწინებით, კავშირის ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს იმ ნაწარმოებების თარგმნის უფლების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა სარგებლობს ასეთი დათქმით, გამოიყენოს ამ ქვეყნის მიერ მინიჭებული დაცვის ეკვივალენტურია დაცვა. (c) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ დროს ამოიღოს ასეთი დათქმები გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზით.
მუხლი 31 [მოქმედება ზოგიერთი ტერიტორიის მიმართ: 1. განცხადება; 2. განცხადების გატანა; 3. ძალაში შესვლის თარიღი; 4. ფაქტობრივი ვითარებების მიღება არიგულისხმება]
(1) ნებისმიერ ქვეყანას რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტში ან ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, ან წერილობითი შეტყობინებით აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ ეს კონვენცია მოქმედებს განცხადებაში ან შეტყობინებაში მითითებული ყველა ან ზოგიერთი იმ ტერიტორიის, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი. (2) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება ან გაგზავნა ასეთი შეტყობინება, შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს გენერალურ დირექტორს, ამ კონვენციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ ყველა ან ზოგიერთ ასეთ ტერიტორიაზე. (3)(a) (1) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ძალაში შედის იმ თარიღიდან, როცა ძალაში შედის რატიფიკაცია ან შეერთება, რომლის დოკუმენტებიც შეიცავდა ამ განცხადებას, ხოლო ამ პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი ყოველი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მის შესახებ გაკეთბული შეტყობინებიდან სამი თვის შემდეგ. (b) ყოველი შეტყობინება, რომელიც გაიგზავა (2) პუნქტის შესაბამისად, ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ. (4) ეს მუხლი არანაირად არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიერ ფაქტობრივი ვითარების უსიტყვოდ აღიარება ან მიღება იმ ტერიტორიების მიმართ, სადაც ეს კონვენცია მოქმედებს კავშირის სხვა ქვეყნის მიერ (1) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადების ძალით.
მუხლი 32 [ამ აქტისა და უფრო ადრინდელი აქტების გამოყენება: 1. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკვე არიან კავშირის წევრები; 2. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ხდება კავშირის წევრი და კავშირის წევრ სხვა ქვეყნებს შორის; 3. დამატებითი კარის გამოყენება ზოგიერთ ურთიერთობებში] (1) ეს აქტი კავშირის ქვეყნების ურთიერთობებში, იმ მოცულობით, როგორც გამოიყენება, ცვლის ბერნის 1886 წლის 9 სექტემბრის კონვენციასა და მისი გადასინჯვის შემდგომ აქტებს. მანამდე ძალაში შესული აქტები კვლავინდებურად გამოიყენება მთლიანად ან ისეთი მოცულობით, როგორითაც ეს აქტი არ ცვლის მათ წინა წინადადების ძალით, კავშირის იმ ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც რატიფიკაციას არ უწევენ ამ აქტს ან არ უერთდებიან მას. (2) ქვეყნები, რომლებიც კავშირის წევრები არ არიან და ამ აქტის მხარეები ხდებიან, (3) პუნქტის გათვალისწინებით, იყენებენ მას კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელსაც არ ეკისრება ვალდებულება ამ აქტით, ან თუმცა ეკისრება ვალდებულება ამ აქტით, მაგრამ გააკეთა განცხადება, რომელიც გატვალისწინებულია 28 (1)(b) მუხლით. ასეთი ქვეყნები აღიარებენ, რომ კავშირის აღნიშნულ ქვეყანას მათთან ურთიერთობაში: (i) შეუძლია გამოიყენოს უკანასკნელი აქტის დებულებები, რომლითაც მას ეკისრება ვალდებულება, და (ii) დამატების I(6) მუხლის გათვალისწინებით, აქვს უფლება შეუთავსოს დაცვა ამ აქტით გათვალისწინებულ დონეს. (3) ყოველი ქვეყანას, რომელმაც ისარგებლა დამატებით აქტში გათვალისწინებული ნებისმიერი შესაძლებლობით, შეუძლია გამოიყენოს დამატებითი აქტის დებულებები იმ უფლებების ან შესაძლებლობების მიმართ, რომლითაც მან ისარგებლა კავშირის იმ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან ურთიერთობისას, რომელსაც არ ეკისრება ვალდებულება ამ აქტით, იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი ქვეყანა უშვებს აღნიშნულ დებულებათა გამოყენებას.
მუხლი 33 [დავა: 1. საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია; 2. დათქმა ასეთი იურისდიქციის მიმართ; 3. დათქმის ამოღება]
(1) ნებისმიერი დავა კავშირის ორ ან მეტ ქვეყანას შორის ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე, რომელიც მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდა, ნებისმიერ აღნიშნულ ქვეყანას შეუძლია გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის შესაბამისად შეტანილი განცხადების გზით, თუ ქვეყნები არ შეთანხმდებიან დავის მოგვარების სხვა ხერხზე. ქვეყანამ, რომელსაც შეაქვს განცხადება, დავის სასამართლოში გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს საერთაშორისო ბიუროს; საერთაშორისო ბიურო ატყობინენს ამის შესახებ კავშირის სხვა ქვეყნებს. (2) ამ აქტის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებისას, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს, რომ არ მიიჩნევს თავს შებოჭილად (1) პუნქტის დებულებებით. რაც შეეხება დავებს ამ ქვეყანასა და კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის, (1) პუნქტის დებულებები მათზე არ ვრცელდება. (3) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც (2) პუნქტის დებულებების შესაბამისად, გააკეთა განცხადება, ნებისმიერ დროს შეუძლია გამოითხოვოს ის განცხადება, გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით.
მუხლი 34 [ზოგიერთი უფრო ადრინდელი დებულების დახურვა: 1. ადრინდელი აქტების; 2. სტოკჰოლმის აქტის ოქმის] (1) 29bis მუხლის გათვალისწინებით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ამ კონვენციის ადრინდელი აქტების რატიფიკაცია ან მათთან შეერთება 1_21 მუხლებისა და დამატებიტი კარის ძალაში შესვლის შემდეგ. (2) 1_21 მუხლებისა და დამატებითი კარის ძალაში შესვლის შემდეგ, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია განცხადების გაკეთება, სტოკჰოლმის აქტზე თანდართული, განვითარებადი ქვეყნების შესახებ პროტოკოლის მე-5 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 35 [კონვენციის მოქმედების ვადა; დენონსაცია: 1. შეუზღუდავი ვადა; 2. დენონსაციის შესაძლებლობა; 3. დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღი; 4. მორატორიუმი დენონსაციაზე]
(1) ეს კონვენცია მოქმედებს დროსი შეზღუდვის გარეშე. (2) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ აქტის დენონსაცია გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. ასეთი დენონსაცია წარმოადგენს, ასევე, ადრინდელი აქტების დენონსირებასაც და ვრცელდება მხოლოდ იმ ქვეყანაზე, რომელმაც განახორციელა ის, მაშინ, როცა კავშირის სხვა ქვეყნების მიმართ კონვენცია რჩება ძალაში და ექვემდებარება შესრულებას; (3) დენონსირება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. (4) ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლების გამოყენება არ შეუძლია არც ერთ ქვეყანას, კავშირში მისი შესვლის თარიღიდან ხუთი წლის გასვლამდე.
მუხლი 36 [კონვენციის გამოყენება: 1. აუცილებელი ზომების განხორციელების ვალდებულება; 2. დრო, რომლიდანაც არსებობს ვალდებულება] (1) ამ კონვენციის მონაწილე ნებისმიერი ქვეყანა კისრულობს ვალდებულებას, თავისი კონსტიტუციის შესაბამისად, მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოს ამ კონვენციის გამოყენება. (2) იგულისხმება, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ეკისრება ვალდებულება ამ კონვენციით, მას შეეძლება ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს ამ კონვენციის დებულებები.
მუხლი 37 [დასკვნითი დებულებები: 1. აქტის ენები; 2. ხელმოწერა; 3. დამოწმებული ასლები; 4. რეგისტრაცია; 5. შეტყობინებები] (1) (a) ამ აქტს ხელს აწერენ ერთ ეგზემპლარზე ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და (2) პუნქტის გათვალისწინებით, შესანახად ბარდება გენერალურ დირექტორს. (b) ოფიციალური ტექსტები შეიმუშავდება გენერალური დირექტორის მიერ, დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციების შემდეგ, არაბულ, გერმანულ, იტალიურ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებსა და, ასევე, ასამბლეის მიერ განსაზღვრულ სხვა ენებზე. (c) სხვადასხვა ტექსტის განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ფრანგულ ტექსტს. (2) ეს აქტი ღიაა ხელმოსაწერად 1972 წლის 31 იანვრამდე. ამ თარიღამდე (1)(a) პუნქტში მითითებული ეგზემპლარი შესანახად ბარდება საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას. (3) გენერალური დირექტორი ამოწმებს ამ აქტის ხელმოწერილი ტექსტის ორ ასლს და უგზავნის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობებს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას. (4) გენერალური დირექტორი რეგისტრაციაში გაატარებს ამ აქტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. (5) გენერალური დირექტორი ატყობინებს კავშირის ყველა ქვეყნის მთავრობებს აქტზე ხელმოწერების, რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარებისა და იმ განცხადებების დეპონირების შესახებ, რომლებსაც შეიცავენ ეს დოკუმენტები ან გაკეთებულია 28 (1)(c), 30 (2)(a) და (b) 30 (2)(b) და 33 (2) მუხლების შესაბამისად, ამ აქტის ნებისმიერი დებულების ძალაში შესვლის შესახებ, დენონსაციის თაობაზე შეტყობინების, 30 (2)(c), 31 (1) და 31 (2), 33 (3) და 38 (1) მუხლების შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინებებისა და, აგრეთვე, იმ შეტყობინებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია დამატებით კარში.
მუხლი 38 [გარდამავალი დებულებები: 1. “ხუთწლიანი” პრივილეგიის გამოყენება; 2. კავშირის ბიურო, ბიუროს დირექტორი; 3. კავშირის ბიუროს მემკვიდრეობითობა] (1) კავშირის ქვეყნებს, რომლებმაც არ მოახდინეს ამ აქტის რატიფიცირება ან არ შეუერთდნენ მას, ან რომლებიც შებოჭილნი არ არიან ამ კონვენციის სტოკჰოლმის აქტის 22_26 მუხლებით, თუ მოისურვებენ შეუძლიათ 1975 წლის 26 აპრილამდე ისარგებლონ აღნიშნული მუხლებით მინიჭებული უფლებებით ისე, თითქოს ისინი ამ მუხლებით იყვნენ შებოჭილნი. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს ასეთი უფლებებით სარგებლობა, ამ მიზნით უგზავნის გენერალურ დირექტორს წერილობით შეტყობინებას, რომელიც ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან. აღნიშნულ თარიღამდე, ასეთი ქვეყნები ითვლებიან ასამბლეის წევრებად. (2) ვიდრე კავშირის ყველა ქვეყანა ორგანიზაციის წევრი გახდება, ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო ფუნქციონირებს, როგორც კავშირის ბიურო, ხოლო გენერალური დირექტორი მოქმედებს, როგორც ამ ბიუროს დირექტორი. (3) როგორც კი კავშირის ყველა ქვეყანა ორგანიზაციის წევრი გახდება, კავშირის ბიუროს უფლებები, მოვალეობები და ქონება გადაეცემა ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს.
დამატებითი კარი [სპეციალური დებულებები განვითარებად ქვეყნებთან დაკავშირებით]
მუხლი I [განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი შეღავათები: 1. გარკვეული შეღავათების არსებობა; განცხადება; 2. განცხადების მოქმედების ხანგრძლივობა; 3. განვითარებადი ქვეყნის სტატუსის შეწყვეტა; 4. ეგზემპლარების არსებული მარაგი; 5. განცხადება გარკვეული ტერიტორიების შესახებ; 6. ნაცვალგების ფარგლები] (1) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, განვითარებად ქვეყნად მიჩნეული ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ახდენს რატიფიცირებას ან უერთდება ამ აქტს, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ეს დამატებითი კარი და რომელიც ითვალისწინებს თავის ეკონომიკურ მდგომარეობასა და სოციალურ და კულტურულ მოთხოვნილებებს მიაჩნია, რომ დაუყოვნებლივ ვერ უზრუნველყოფს ამ აქტით გათვალისწინებულ ყველა უფლების დაცვას, შეუძლია რატიფიკაცის ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარებისას, ან V(1)(c) მუხლის გათვალისწინებით, შემდგომ ნებისმიერ დროს, შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ ისარგებლებს შეღავათით, რომელიც გათვალისწინებულია II ან III მუხლში, ან ორივე ამ შეღავათით. მას შეუძლია II მუხლში გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების ნაცვლად, გააკეთოს განცხადება V (1)(a) მუხლის შესაბამისად. (2) (a) ნებისმიერი განცხადება, რომელიც გაკეთებულია (1) პუნქტის შესაბამისად, 1–21 მუხლებისა და ამ დამატებითი კარის ძალაში შესვლიდან ათი წლის განმავლობაში, 28(2) მუხლის თანახმად, ძალაშია აღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება განახლდეს მთლიანად ან ნაწილობრივ თითოეული ათი წლის ვადით გენერალურ დირექტორისათვის ჩაბარებული შეტყობინების გზით, არა უმეტეს თხუთმეტი და არანაკლებ სამი თვით ადრე მიმდინარე ათწლიანი პერიოდის ამოწურვამდე. (b) ნებისმიერი განცხადება, (1) პუნქტის შესაბამისად, რომელიც გაკეთდა 1_21 მუხლებისა და ამ დამატებითი კარის ძალაში შესვლიდან ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, 28(2) მუხლის შესაბამისად, ძალაშია მიმდინარე ათწლიანი პერიოდის ამოწურვამდე. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება განახლდეს (a) ქვეპუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად. (3) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აღარ ითვლება განვითარებად ქვეყნად, (1) პუნქტის შესაბამისად, აღარ აქვს (2) პუნქტში გათვალისწინებული განცხადების განახლების უფლება, და მიუხედავად იმისა, გამოითხოვს თუ არა ოფიციალურად თავის განცხადებას, ვეღარ ისარგებლებს (1) პუნქტში აღნიშნული შეღავათებით მიმდინარე ათწლიანი ან სამწლიანი პერიოდის ამოწურვიდან, მას შემდეგ, რაც მას აღარ მიიჩნევენ განვითარებად ქვეყნად; ამასთან, გამოიყენება ის პერიოდი, რომელიც უფრო გვიან იწურება. (4) იქ, სადაც იმ დროისათვის, როდესაც (1) პუნქტის და (2) პუნქტის თანახმად გაკეთებული განცხადება წყვეტს მოქმედებას, არსებობს ამ დამატებითი კარის საფუძველზე გაცემული ლიცენზით დამზადებული სათადარიგო ასლები, მათი მარაგის საბოოლოდ ამოწურვამდე, ნებადართულია გავრცელების გაგრძელება. (5) ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ეკისრება ვალდებულება ამ აქტის დებულებებით, და რომელმაც 31(1) მუხლის შესაბამისად, განახორციელა განცხადების ან შეტყობინების შესანახად ჩაბარება ამ აქტის გამოყენების თაობაზე განსაზღვრული ტერიტორიის მიმართ, რომლის მდგომარეობაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს (1) პუნქტში მითითებული ქვეყნების მდგომარეობის ანალოგიურად, ასეთ ტერიტორიასთან დაკავშირებით შეუძლია გააკეთოს (1) პუნქტში აღნიშნული განცხადება და (2) პუნქტში აღნიშნული შეტყობინება განახლების შესახებ. ვიდრე ასეთი განცხადება ან შეტყობინება ძალაშია, ასეთი ტერიტორიის მიმართ გამოიყენება დამატებითი კარის დებულებები. (6) (a) ის გარემოება, რომ რომელიმე ქვეყანა სარგებლობს (1) პუნქტში გათვალისწინებული შეღავათებით, არ აძლევს უფლებას სხვა ქვეყანას მიანიჭოს ნაწარმოებებს, რომელთა წარმოშობის ქვეყანა არის პირველი ქვეყანა, იმაზე ნაკლები დაცვა, ვიდრე ის, რომელსაც ვალდებულია ანიჭებდეს 1_20 მუხლების შესაბამისად. (b) ეკვივალენტური დაცვის გამოყენების უფლება, რომელიც გათვალისწინებულია 30 (2)(b) მუხლის მეორე წინადადებით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს I (3) მუხლის შესაბამისად მოქმედი პერიოდის ამოწურვამდე იმ ნაწარმოებების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა არის ქვეყანა, რომელმაც გააკეთა განცხადება V (1) (a) მუხლის თანახმად.
მუხლი II [თარგმნის უფლების შეზღუდვა: 1. კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიები; 2_4. ასეთი ლიცენზიების გაცემის პირობები; 5. მიზნები, რომლებისთვისაც შეიძლება გაიცეს ასეთი ლიცენზიები; 6. ლიცენზიების მოქმედების შეწყვეტა; 7. ნაწარმოებები, რომლებიც ძირითადად ილუსტრაციებისგან შედგება; 8. მიმოქცევიდან ამოღებული ნაწარმოებები; 9. ლიცენზიები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეთერით ახორციელებენ გადაცემებს]
(1) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც განაცხადა, რომ ისარგებლებს ამ მუხლში გათვალისწინებული შეღავათით, შეუძლია ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმებით გამოცემული ნაწარმოებების მიმართ, მე-8 მუხლით გათვალისწინებული თარგმნის განსაკუთრებული უფლება შეცვალოს სისტემით, რომელიც ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოების მიერ, IV მუხლის გათვალისწინებითა და ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად, ჩვეულებრივი და ისეთი ლიცენზიების გაცემას, რომელთა გადაცემა არ შეიძლება. (2)(a) (3) პუნქტის გათვალისწინებით, თუ სამწლიანი ან ნებისმიერი უფრო ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელსაც ადგენს აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა, და რომელიც აითვლება ნაწარმოების პირველი გამოქვეყნების თარიღიდან, თარგმნის უფლების მფლობელი პირის მიერ ან მისი ნებართვით, ამ ქვეყნის საერთო სარგებლობის ენაზე არ გამოქვეყნებულა ასეთი ნაწარმოების თარგმანი, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ამ ნაწარმოების აღნიშნულ ენაზე თარგმნის ლიცენზია და გამოაქვეყნოს ასეთი თარგმანი ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმით. (b) ამ მუხლში გათვალისწინებული პირობებით, ლიცენზია შეიძლება ასევე გაიცეს იმ შემთხვევებშიც, როცა ამ ენაზე გამოქვეყნებული თარგმანის ყველა გამოცემა მთლიანად გაიყიდა. (3)(a) თუ თარგმანი შესრულებულია იმ ენაზე, რომელიც არ არის საერთო სარგებლობის ენა კავშირის წევრ ერთ ან რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში, (2) (a) პუნქტში გათვალისწინებული სამწლიანი პერიოდი იცვლება ერთწლიანი პერიოდით. (b) (1) პუნქტში მითითებულ ნებისმიერ ქვეყანას კავშირის წევრ განვითარებულ ქვეყნებთან ერთსულოვანი შეთანხმებით, რომლებშიც იგივე ენაა საერთო სარგებლობის ენა, ამ ენაზე თარგმნის შემთხვევაში, შეუძლია (2) (a) პუნქტში გათვალისწინებული სამწლიანი პერიოდი შეცვალოს ასეთი შეთანხმებით განსაზღვრულ უფრო ხანმოკლე პერიოდით, მაგრამ ასეთი პერიოდი არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები. თუმცა, წინა წინადადების დებულებები არ ვრცელდება ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ნებისმიერი ასეთი შეთანხმების შესახებ, სესაბამისი მთავრობები, ატყობინებენ გენერალურ დირექტორს. (4)(a) ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, ლიცენზიები, როლებიც მიიღება სამი წლის შემდეგ, არ შეიძლება გაიცეს დამატებითი ექვსთვიანი პერიოდის გასვლამდე, ხოლო ლიცენზიები, რომელთა მიიღება შესაძლებელია ერთი წლის შემდეგ, არ გაიცემა დამატებითი ცხრათვიანი პერიოდის გასვლამდე: (i) იმ თარიღიდან, როცა განმცხადებელი შეასრულებს IV (1) მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებს, ან (ii) თუ უცნობია თარგმნის უფლების მქონე პირის ვინაობა ან მისი მისამართი, იმ თარიღიდან, როცა განმცხადებელი, IV (2) მუხლის შესაბამისად, გააგზავნის ლიცენზიის გამცემი კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილი განცხადების ასლებს. (b) ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია არ გაიცემა, თუ აღნიშნული ექვს- ან ცხრათვიანი პერიოდის განმავლობაში თარგმნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით გამოქვეყნდება თარგმანი იმ ენაზე, რომელთან დაკავშირებითაც გაკეთდა განცხადება. (5) ნებისმიერი ლიცენზია, ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, გაიცემა მხოლოდ სკოლებსა და უნივერსიტეტებში გამოსაყენებლად ან კვლევების ჩატარების მიზნით.
(6) თუ ნაწარმოების თარგმანი ქვეყნდება თარგმნის უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით იმ ფასად, რომელიც შეესაბამება მსგავს ნაწარმოებებზე ამ ქვეყანაში ჩვეულებრივ დადგენილ ფასს, ამ მუხლის თანახმად გაცემული ნებისმიერი ლიცენზია წყვეტს მოქმედებას, თუ ასეთი თარგმანი შესრულებულია იმავე ენაზე და ძირითადად იმავე შინაარსისაა, როგორიც ლიცენზიით გამოქვეყნებული თარგმანი. ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე გამოქვეყნებული ეგზემპლარების გავრცელება შეიძლება მათი მარაგის ამოწურვამდე.
(7) ნაწარმოებებისთვის, რომლებიც ძირითადად ილუსტრაციებისგან შედგება, ლიცენზია ტექსტის თარგმანასა და გამოქვეყნებაზე და ლიცენზია ილუსტრაციების რეპროდუცირებასა და გამოქვეყნებაზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ მაშინ, თუ ასევე სრულდება III მუხლის პირობები.
(8) ამ მუხლის შესაბამისად, ლიცენზია არ შეიძლება გაიცეს, თუ ავტორმა მიმოქცევიდან ამოიღო თავისი ნაწარმოების ყველა ეგზემპლარი.
(9)(a) ლიცენზია იმ ნაწარმოების თარგმნაზე, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმებით, შეიძლება მიეცეს, აგრეთვე, ნებისმიერ სამაუწყებლო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს თავისი შტაბ-ბინა (1) პუნქტში აღნიშნულ ქვეყანაში, ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის განცხადების წარდგენის შემდეგ, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
(i) თარგმანი განხორციელებულია იმ ეგზემპლარიდან, რომელიც დამზადებული და შეძენილია აღნიშნული ქვეყნის კანონების შესაბამისად; (ii) თარგმანი განკუთვნილია მხოლოდ სამაუწყებლო გადაცემებში გამოსაყენებლად, მხოლოდ სწავლების ან კონკრეტული პროფესიის სპეციალისტებს შორის, სპეციალური ტექნიკური ან სამეცნიერო კვლევების შედეგების გავრცელების მიზნით. (iii) თარგმანი გამოიყენება მხოლოდ (ii) ქვეპუნქტში აღნიშნული მიზნებით, კანონიერად შესრულებულ გადაცემებში, რომლებიც განკუთვნილია მსმენელთათვის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ გადაცემების ჩათვლით, რომლებიც ხორციელდება მხოლოდ ასეთი გადაცემების მიზნით კანონიერად გაკეთებული ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მეშვეობით. (iv) თარგმანის ნებისმიერი გამოყენება არ ისახავს კომერციულ მიზნებს. (b) თარგმანის ხმოვანი ან ვიზუალური ჩანაწერები, რომლებიც შესრულებულია სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული ლიცენზიით, (a) ქვეპუნქტში აღნიშნული მიზნებისა და პირობების გათვალისწინებით, და ამ ორგანიზაციის თანხმობით, შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სხვა სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც აქვს თავისი შტაბ-ბინა ქვეყანაში, რომლის კომპეტენტურმა ორგანომ გასცა აღნიშნული ლიცენზია.
(c) იმ პირობით, თუ სრულდება (a) ქვეპუნქტში აღნიშნული ყველა კრიტერიუმი და პირობა, სამაუწყებლო ორგანიზაციას, ასევე, შეიძლება მიეცეს იმ აუდიო-ვიზუალური ჩანაწერში ჩართული ნებისმიერი ტექსტის თარგმნის ლიცენზია, რომელიც დამზადდა და გამოქვეყნდა მხოლოდ სისტემატური სწავლებისათვის გამოსაყენებლად. (d) (a)_(c) ქვეპუნქტების გათვალისწინებით, წინა პუნქტების დებულებები გამოიყენება ამ პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემისას და სარგებლობისას.
მუხლი III [რეპროდუცირების უფლების შეზღუდვა: 1. კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიები; 2_5. ასეთი ლიცენზიების გაცემის პირობები; 6. ლიცენზიების მოქმედების შეწყვეტა; 7. ნაწარმოებები, რომლებზეც ვრცელდება ეს მუხლი] (1) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც განაცხადა, რომ ისარგებლებს ამ მუხლში გათვალისწინებული შეღავათებით, უფლება აქვს მე-9 მუხლში გათვალისწინებული ნაწარმოების რეპროდუცირების განსაკუთრებული უფლება შეცვალოს სისტემით, რომელიც ითვალისწინებს კომპეტენტური ორგანოების მიერ, IV მუხლის გათვალისწინებითა და ქვემოთ მოყვანილი პირობების შესაბამისად, ჩვეულებრივი და ისეთი ლიცენზიების გაცემას, რომელთა გადაცემა არ შეიძლება. (2)(a) თუ იმ ნაწარმოებთან დაკავშირებით, რომელზეც ვრცელდება ეს მუხლი (7) პუნქტის ძალით, მას შემდეგ, რაც ამოიწურება: (i) (3) პუნქტში განსაზღვრული შესაბამისი პერიოდი, რომელიც იწყება ნაწარმოების მოცემული გამოცემის პირველი გამოქვეყნების თარიღიდან, ან (ii) (1) პუნქტში აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი იმავე თარიღიდან დაწყებული უფრო ხანგრძლივი პერიოდი, თუ
ასეთი გამოცემის ეგზემპლარები არ იყო გავრცელებული ამ ქვეყნის ფართო საზოგადოებაში ან სისტემატურ სწვლებასთან დაკავშირებით რეპროდუცირების უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ამ ქვეყანაში ანალოგიური ნაწარმოებებისათვის ჩვეულებრივ დადგენილ ფასს, ასეთი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, შეუძლია მიიღოს ლიცენზია, ამავე ან უფრო ნაკლებ ფასად, ასეთი გამოცემის რეპროდუცირებასა და გამოქვეყნებაზე სისტემატურ სწავლებაში გამოყენებასთან დაკავშირებით.
(b) (a) ქვეპუნქტის შესაბამისად გავრცელებული გამოცემის რეპროდუცირებისა და გამოქვეყნების ლიცენზია, შეიძლება გაიცეს, ასევე, ამ მუხლში გათვალისწინებული პირობებით, თუ გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ, ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში, არ გაყიდულა ამ გამოცემის არც ერთი ნებადართული ეგზემპლარი მოცემულ ქვეყანაში ფართო საზოგადოებაში ან სისტემატურ სწავლებასთან დაკავშირებით, იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ამ ქვეყანაში მსგავსი ნაწარმოებებისათვის ჩვეულებრივ დადგენილ ფასს.
(3) (2)(a)(i) პუნქტში აღნიშნული პერიოდი შეადგენს ხუთ წელს, გარდა: (i) საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების დარგის გამოცემებისთვის, მათემატიკისა და ტექნიკის ჩათვლით, რომლებისათვისაც ეს პერიოდი შეადგენს სამ წელს; (ii) მხატვრული, პოეტური, დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებებისთვის, ასევე, ხელოვნების დარგის წიგნებისთვის ეს პერიოდი შეადგენს შვიდ წელს. (4)(a) ლიცენზია, რომლის მიღება შესაძლებელია სამი წლის შემდეგ, არ გაიცემა ამ მუხლის შესაბამისად, ვიდრე არ გავა ექვსთვიანი პერიოდი: (i) იმ თარიღიდან, როდესაც განმცხადებელი შეასრულებს IV (1) მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებს, ან (ii) თუ უცნობია რეპროდუცირების უფლების მფლობელის ვინაობა ან მისამართი, იმ თარიღიდან, როცა განმცხადებელი, IV (2) მუხლის შესაბამისად, გააგზავნის ლიცენზიის გამცემი კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილი განცხადების ასლებს. (b) თუ ლიცენზიების მიღება შესაძლებელია სხვა პერიოდების შემდეგ და გამოიყენება IV (2) მუხლი, განცხადების ასლების გაგზავნის თარიღიდან სამთვიანი პერიოდის გასვლამდე არ გაიცემა ლიცენზია. (c) თუ (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული ექვსთვიანი ან სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა გავრცელებას, როგორც ეს აღწერილია (2) (a) პუნქტში, ამ მუხლის შესაბამისად, არ გაიცემა ლიცენზია. (d) ლიცენზია არ გაიცემა, თუ ავტორმა ამოიღო მიმოქცევიდან იმ გამოცემის ყველა ეგზემპლარი, რომელზეც იყო რეპროდუცირებისა და გამოქვეყნების ლიცენზიის მოთხოვნა.
(5) ამ მუხლის თანახმად, არ გაიცემა ნაწარმოების თარგმანის რეპროდუცირებისა და გამოქვეყნების ლიცენზია შემდეგ შემთხვევებში:
(i) როდესაც თარგმანი არ იყო გამოქვეყნებული თარგმნის უფლების მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით, ან (ii) როცა თარგმანი შესრულებულია იმ ენაზე, რომელიც არ წარმოადგენს იმ ქვეყანის საერთო სარგებლობის ენას, სადაც მოითხოვება ლიცენზია.
(6) თუ რეპროდუცირების უფლების მფლობელი პირის მიერ ან მისი ნებართვით, (1) პუნქტში აღნიშნულ ქვეყანაში ფართო საზოგადოებაში ან სისტემატურ სწავლებასთან დაკავშირებით ვრცელდება ნაწარმოების გამოცემის ეგზემპლარები იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ამ ქვეყანაში ანალოგიური ნაწარმოებებისათვის ჩვეულებრივ დადგენილ ფასს, ამ მუხლის თანახმად გაცემული ნებისმიერი ლიცენზია წყვეტს მოქმედებას, თუ ამგვარი გამოცემა შესრულებულია იმავე ენაზე და ძირითადად იმავე შინაარსისაა, რაც აღნიშნული ლიცენზიით გამოქვეყნებული გამოცემა. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამდე გამოცემული ნებისმიერი ეგზემპლარების გავრცელება, შეიძლება გაგრძელდეს მათი მარაგის ამოწურვამდე.
(7)(a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ეს მუხლი ვრცელდება ბეჭდვითი ან რეპროდუცირების ანალოგიური ფორმებით გამოქვეყნებულ ნაწარმოებებზე.
(b) ეს მუხლი, აგრეთვე, ვრცელდება კანონიერად განხორციელებული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერების აუდიო-ვიზუალური ფორმით რეპროდუცირებაზე, მათში ჩართული ნებისმიერი დაცული ნაწარმოების ჩათვლით, და მათში ჩართული ნებისმიერი ტექსტის თარგმანზე იმ ქვეყანის საერთო სარგებლობის ენაზე, სადაც მოითხოვება ლიცენზია, იმ პირობით, თუ ყველა ამ შემთხვევაში აღნიშნული აუდიო-ვიზუალური ჩანაწერები გაკეთებული და გამოქვეყნებულია მხლოდ სისტემატურ სწავლებაში გამოყენების მიზნით.
მუხლი IV [საერთო დებულებები II და III მუხლების შესაბამისად გაცემული ლიცენზიებისთვის: 1. და 2. პროცედურა; 3. ნაწარმოების ავტორისა და სახელწოდების მითითება; 4. ეგზემპლარების ექსპორტი; 5. შეტყობინება; 6. კომპენსაცია]
(1) II ან III მუხლების შესაბამისად, ლიცენზები შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ პირობით, თუ განმცხადებელი, ქვეყნის პროცედურის თანახმად დაამტკიცებს, რომ მან ნებართვისათვის მიმართა თარგმანის შესრულებასა და გამოქვეყნებაზე ან გამოცემის რეპროდუცირებასა და გამოქვეყნებაზე უფლების მფლობელ პირს და უარი მიიღო მისგან ან, სათანადო ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შეძლო უფლების მფლობელი პირის დადგენა. ლიცენზიის მოთხოვნისას განმცხადებელი ინფორმაციას აწვდის (2) პუნქტში მითითებულ ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრს.
(2) თუ შეუძლებელია უფლების მფლობელი პირის დადგენა, ლიცენზიის მომთხოვნი ლიცენზიის გამცემი კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილ განცხადების ასლებს შეკვეთილი ავიაფოსტით უგზავნის გამომცემელს, რომელიც მითითებულია ნაწარმოებზე და, ასევე, ნებისმიერ ეროვნულ ან საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრს, რომელიც შეიძლება აღნიშნული იყოს გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში იმ ქვეყნის მთავრობის მიერ, რომელშიც გამომცემელი სავარაუდოდ ახორციელებს თავის პროფესიულ საქმიანობას.
(3) II ან III მუხლის შესაბამისად გაცემული ლიცენზიით გამოქვეყნებული თარგმანის ან რეპროდუქციის ყველა ასლზე აღინიშნება ავტორის სახელი. ყველა ასეთ ასლზე იბეჭდება ნაწარმოების სახელწოდებაც. თარგმანის შემთხვევაში, ნაწარმოების ორიგინალის სახელწოდება, ნებისმიერ შემთხვევაში, იბეჭდება ყველა მითითებულ ასლზე.
(4)(a) II ან III მუხლების შესაბამისად გაცემული არანაირი ლიცენზია არ ვრცელდება ნაწარმოების ასლების ექსპორტზე და ძალაშია მხოლოდ თარგმანის გამოქვეყნებისას ან შესაბამისად რეპროდუცირებისას იმ ქვეყნის ფარგლებში, სადაც იყო მისი მოთხოვნა. (b) (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის ექსპორტის ცნება მოიცავს ეგზემპლარების გაგზავნას ნებისმიერი ტერიტორიიდან იმ ქვეყანაში, რომელმაც I (5) მუხლის შესაბამისად გააკეთა განცხადება ამ ტერიტორიის მიმართ. (c) როცა იმ ქვეყნის სამთავრობო ან სხვა ორგანიზაცია, რომელმაც II მუხლის შესაბამისად გასცა ლიცენზია თარგმანის მომზადებაზე ნებისმიერ ენაზე, ინგლისური, ფრანგული ან ესპანური ენების გარდა, სხვა ქვეყანაში გზავნის ასეთი ლიცენზიით გამოქვეყნებული თარგმანის ეგზემპლარებს, (a) ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ეგზემპლარების ასეთი გაგზავნა არ ითვლება ექსპორტად, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: (i) ეგზემპლარების მიმღებნი არიან ლიცენზიის გამცემი ქვეყნის მოქალაქეები, ან ის ორგანიზაციები, რომლებშიც ასეთი მოქალაქეები არიან გაერთიანებულნი; (ii) ეგზემპლარები გამოიყენება მხოლოდ სკოლებში, უნივერსიტეტებში ან კვლევების ჩატარების მიზნით; (iii) ეგზემპლარების გაგზავნა და მათი შემდგომი გავრცელება მიმღებთა შორის არ ემსახურება კომერციულ მიზნებს; და (iv) ქვეყანა, რომელშიც იგზავნება ეგზემპლარები, დაეთანხმა ქვეყანას, რომლის კომპეტენტურმა ორგანომ გასცა ლიცენზია, ნება დართოს მიღებაზე ან გავრცელებაზე, ან ორივეზე ერთად და ამ შეთანხმების შესახებ ლიცენზიის გამცემი ქვეყნის მთავრობამ შეატყობინა გენერალურ დირექტორს.
(5) II ან III მუხლის შესაბამისად გაცემული ლიცენზიით გამოქვეყნებულ ყველა ეგზემპლარზე სათანადო ენაზე აღნიშნულია, რომ ეგზემპლარები ექვემდებარებიან გავრცელებას მხოლოდ იმ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება მოცემული ლიცენზია. (6) (a) ეროვნულ დონეზე მიიღება სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს: (i) ლიცენზიაში სამართლიანი კომპენსაციის გადახდის გათვალისწინება თარგმნის ან შესაბამისად, რეპროდუცირების უფლების მფლობელის სასარგებლოდ, ჰონორარის იმ ნორმათა შესაბამისად, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ორ შესაბამის ქვეყანაში პირთა შორის ლიცენზიებზე თავისუფალი მოლაპარაკების დროს; და (ii) კომპენსაციის გადახდა და გადაცემა: თუ მოქმედებენ განსაკუთრებული ეროვნული სავალუტო წესები, კომპეტენტური ორგანოები მიმართავენ სათანადო ზომებს, რათა საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, უზრუნველყონ კომპენსაციის გადაყვანა საერთაშორისო კონვერტირებულ ვალუტაში ან მის ეკვივალენტში. (b) ეროვნული კანონმდებლობა იღებს სათანადო ზომებს ნაწარმოების სწორად თარგმნის ან შესაბამისად, გარკვეული გამოცემის ზუსტი რეპროდუცირების უზრუნველსაყოფად.
მუხლი V [თარგმნის უფლების შეზღუდვის ალტერნატიული შესაძლებლობა: 1. 1886 და 1896 წლების აქტებში ამისათვის გათვალისწინებული პროცედურა; 2. II მუხლის თანახმად პროცედურის შეცვლის შეუძლებლობა; 3. ალტერნატიული შესაძლებლობის არჩევის ვადა]
(1)(a) ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს უფლება განაცხადოს, რომ ისარგებლებს II მუხლში გათვალისწინებული შეღავათით, ნაცვლად ამისა ამ აქტის რატიფიკაციისა ან მასთან შეერთების დროს შეუძლია: (i) ამ დებულების თანახმად, გააკეთოს განცხადება თარგმნის უფლებასთან დაკავშირებით, თუ ის არის ქვეყანა, რომელზეც ვრცელდება 30 (2)(a) მუხლი. (ii) თუ ის არის ქვეყანა, რომელზეც არ ვრცელდება 30 (2)(a) მუხლის დებულებები, და მაშინაც კი, თუ ის არ არის ქვეყანა, რომელიც არ შედის კავშირში, გააკეთოს განცხადება, როგორც ეს გათვალისწინებულია 30 (2) (b) მუხლის პირველ წინადადებაში. (b) თუ ქვეყანა აღარ ითვლება განვითარებად ქვეყნად, როგორც ეს გათვალისწინებულია I (1) მუხლით, ამ პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადება ძალაში რჩება I (3) მუხლის შესაბამისად, გამოყენებული ვადის გასვლის თარიღამდე. (c) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა განცხადება ამ პუნქტის შესაბამისად, არ შეუძლია შემდგომში ისარგებლოს II მუხლში გათვალისწინებული შეღავათით მაშინაც კი, თუ ის გამოითხოვს აღნიშნულ განცხადებას. (2) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც ისარგებლა II მუხლში გათვალისწინებული შეღავათით, (3) პუნქტის შესაბამისად, არ შეუძლია შემდგომში განცხადების გაკეთება (1) პუნქტის თანახმად. (3) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც I(1) მუხლის შესაბამისად აღარ მიიჩნევა განვითარებად ქვეყნად, შეუძლია I(3) მუხლის თანახმად დასაშვები პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს ორი წლისა, გააკეთოს განცხადება 30 (2)(b) მუხლის პირველ წინადადებაში გათვალისწინებული მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ქვეყანა, რომელიც კავშირში არ შედის. ასეთი განცხადება ძალაში შედის, იმ დროს როცა ამოიწურება I(3) მუხლის თანახმად დასაშვები ვადა.
მუხლი VI [დამატებითი კარის ზოგიერთი დებულებების გამოყენების შესაძლებლობები ან გამოყენების დაშვება ვიდრე ქვეყნები გახდებიან მისით შებოჭილნი: 1. განცხადება; 2. განცხადების დეპონირება და ძალაში შესვლის თარიღი]
(1) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, დაწყებული ამ აქტის მიღების თარიღიდან და ნებისმიერ დროს, ვიდრე მას დაეკისრება ვალდებულება 1_21 მუხლებითა და ამ დამატებითი კარით, შეუძლია განაცხადოს: (i) თუ ის არის ქვეყანა, რომელსაც 1_21 მუხლებითა და ამ დამატებითი კარით ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, ექნებოდა უფლება ესარგებლა I(1) მუხლში აღნიშნული შეღავათებით, გამოიყენებს II ან III მუხლის დებულებებს ან ორივეს ერთად იმ ნაწარმოებების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა არის ქვეყანა, რომელიც ქვემოთ მოყვანილი (ii) ქვეპუნქტის თანახმად, უშვებს ამ მუხლების გამოყენებას ასეთი ნაწარმოებების მიმართ ან რომელსაც ეკისრება ვალდებულება 1_21 მუხლებითა და ამ დამატებითი კარით; ასეთი განცხადება II მუხლის ნაცვლად, შეიძლება ეყრდნობოდეს V მუხლს; (ii) რომ უშვებს ამ დამატებითი კარის გამოყენებას იმ ნაწარმოებების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა თვითონ არის, იმ ქვეყნების მიერ, რომლებმაც გააკეთეს განცხადება (i) ქვეპუნქტის თანახმად, ან გააკეთეს შეტყობინება I მუხლის შესაბამისად.
(2) ნებისმიერი განცხადება, რომელიც გაკეთებულია (1) პუნქტის თანახმად, უნდა იყოს წერილობითი ფორმის და შესანახად ინდა გადაეცეს გენერალურ დირექტორს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები