ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 18/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.001.002.780
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4625
13/04/2007
სსმ, 14, 18/04/2007
010.100.000.05.001.002.780
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (18/04/2007 - 27/09/2013)

საქართველოს კანონი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო აცნობიერებს, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა არის მისი მოგვარების უპირობო გზა,

აღიარებს და იცავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებებს,

ესწრაფვის, უზრუნველყოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის, ადგილობრივი პოლიტიკური ძალისა და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოების მაქსიმალური და სრულფასოვანი მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში,

და მიზნად ისახავს ყველა პირობის შექმნას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭებისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახელმწიფოში ოსი ხალხის კულტურული თვითმყოფადობა და რეგიონის პოლიტიკური თვითმმართველობა.

    მუხლი 1

1. ეს კანონი განსაზღვრავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმასა და წესს ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე.

2. ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და მათი ინტერესების უზრუნველყოფას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.

    მუხლი 2

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით დადგენილებით ქმნის საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 3

1. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მიანიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

2. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მიზნით იქმნება დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობის წესი და ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 4

დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო მმართველობის განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად;

დ) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი გეგმებისა და პროექტების შემუშავება და მათი მომზადების პროცესში ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ე) სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესების დაჩქარების მიზნით სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ვ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის ურთიერთნდობის განმტკიცებისათვის ხელის შეწყობა;

ზ) საერთაშორისო და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;

თ) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ი) საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

­საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 13 აპრილი.

№4625-Iს