წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016193
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
15/07/2014
ვებგვერდი, 16/07/2014
010250050.35.122.016193
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/07/2014 - 28/11/2017)

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2014 წლის 15 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

 

      საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
დამტკიცდეს წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
   ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000165   12/08/2010).
მუხლი 3
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე



 დანართი №1 
წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულება

   ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს  მუნიციპალიტეტის  ეკონომიკისა და ქონებრივი მართვის  საკითხების კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს.

მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე  მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტით, 28-ე მუხლით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 28–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.


მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენის შესახებ;

ზ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებაში დასუფთავების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელის მოწყობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების შესახებ;

თ) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

 ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს  თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების)  დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დასახლებებში ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაცის შესახებ;

ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

მ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ;

ო) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივ პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით;

პ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ;

ჟ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ;

რ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით;

ს) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის და თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს;

ტ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველ ერთეულში საინფორმაციო სისტემის, ქსელის, ბაზების, მონაცემთა ბანკების გამოყენების წესების დადგენასთან დაკავშირებით;

უ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს  წყალმომარაგების (მათ შორის ტექნიკური) უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასთან დაკავშირებით;

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.


მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და 37-ე მუხლის პირველი ნაწილით  დადგენილი წესით.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ–ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება–მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.


მუხლი 4. კომისიის წევრები და მათი უფლება-მოვალეობები
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 (სამი) წევრით.

2. კომისიის წევრის უფლებები:

ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში;

ბ) გამოთქვას თავისი წინადადებები, მოსაზრებები და შენიშვნები;

გ) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაიკავოს საკუთარი პოზიცია და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება;

დ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

3. კომისიის წევრის ვალდებულებები:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, საკრებულოს რეგლამენტი;

ბ) შეასრულოს კომისიის თავმჯდომარის დავალებები.


მუხლი 5. კომისიის მუშაობის წესი
1. კომისია მუშაობს კვარტალურ სამუშაო გეგმის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ. საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხდომა დახურულად ცხადდება კომისიის გადაწყვეტილებით. დღის წესრიგი და დრო ცხადდება წინასწარ.

3. კომისიის სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც. კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

4. კომისიის სხდომას კომისიის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება ესწრებოდნენ აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლები, სხვა კომისიებისა და ფრაქციის წევრები.

5. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლებს.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. დღის წესრიგის საკითხის მოხსნას და ახალი საკითხის შეტანას სჭირდება ხმების უმრავლესობა.

8. კომისიის სხდომაზე საკითხის მომზადებულად ცნობის შემთხვევაში კომისია ნიშნავს მომხსნებელს და დააყენებს საკითხს ჯერ საკრებულოს ბიუროს, ხოლო შემდეგ- საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

9. თუ კომისიის მიერ საკრებულოს ბიუროში შეტანილ საკითხზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს მისი შესწორებული ვარიანტის განმეორებითი განხილვა. საკრებულოს დავალებით ან კომისიების თავმჯდომარეთა შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიათა ერთობლივი სხდომა. ასეთ შემთხვევაში წინადადებები შემუშავდება კენჭისყრის გარეშე.


მუხლი 6. კომისიის სამუშაო ჯგუფები
1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება  კომისიის სამუშაო ჯგუფები.

2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.


მუხლი 7. კომისიის საკონსულტაციო საბჭოები
1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.

2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.


მუხლი 8. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არა უმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტატებს.