„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.002.315
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3292
09/06/2006
სსმ, 21, 15/06/2006
300.280.000.05.001.002.315
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობასა და ურთიერთობებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, დამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხელი შეუწყოს ჰიდროენერგეტიკული, სხვა განახლებადი, ალტერნატიული და ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების უპირატეს გამოყენებას.“;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და მათ საფუძველზე შექმნას სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაიცავს მომხმარებელს მონოპოლიური ტარიფებისაგან და ამავე დროს ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დარგის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობასა და განვითარებას.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაცია, აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის;“;

ბ) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;

კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ელექტროენერგიის მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის გაყიდვა;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს);“;

ვ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას, სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობას, პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს, პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს, განსაზღვრავს ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიებს, მათ მიერ ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით;“;

თ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება;“;

ი) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება;“;

კ) „ჰ3“–„ჰ6“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;

4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს;

5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 10 მეგავატს;

6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;“;

ლ) „ჰ6“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ7“–„ჰ12“ ქვეპუნქტები:

„ჰ7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება;

9) სარეზერვო სიმძლავრე – ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში გამოუყენებელი სიმძლავრე, რომელსაც აქვს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული სტრუქტურა, სიდიდე და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი და რომელიც შესყიდულია კვალიფიციური საწარმოს მიერ თავისი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით;

10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, სისტემის კომერციული ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში;

11) ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (სისტემის კომერციული ოპერატორი) – კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნების (ფაქტობრივი და საპროგნოზო) დაკმაყოფილების (დაბალანსების) უზრუნველყოფის მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიას და სარეზერვო სიმძლავრეს. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ საქმიანობას;

12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი, რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის.“.

3. მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ენერგეტიკულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, გამოიცემა (მიიღება) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, მათ შორის, კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების გაცემის, ასევე ლიცენზიატების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, სისტემის კომერციული ოპერატორისა და მიმწოდებლების საქმიანობის რეგულირების უფლება.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების, სარეზერვო სიმძლავრის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ამ კანონის, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;

გ) ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს, აგრეთვე სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები, რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი, ლიცენზირების წესები, მიწოდებისა და მოხმარების წესები, ტარიფების მეთოდოლოგია, ტარიფები (მათ შორის, ზღვრული), ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომაზე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ 2 წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მომხმარებლებისა და სისტემის კომერციული ოპერატორისათვის.“.

6. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლისა და ელექტროენერგიის სისტემის კომერციული ოპერატორის იმ პერსონალთან და იმ დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად.“.

7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი რომელიმე ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორის, მიმწოდებლის ან სისტემის კომერციული ოპერატორის მიმართ, ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე მათგანის საწარმოში.“.

8. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა. სისტემის კომერციული ოპერატორი

    მუხლი 22. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა

1. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ხელშეკრულებების ან სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ელექტროენერგიისა და სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების მხარეები ვალდებული არიან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით დაარეგისტრირონ პირდაპირი ხელშეკრულება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაშია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ რეგისტრაციის შემდეგ.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს არ მოახდინოს პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არღვევს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადებს.

4. გამყიდველის მოთხოვნის არსებობისას ელექტროენერგიის ან/და სიმძლავრის ყიდვა ხორციელდება მხოლოდ მისი საფასურის გადახდის უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალების წარმოდგენის შემთხვევაში.

    მუხლი 23. სისტემის კომერციული ოპერატორი

1. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო- და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით);

ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ განსაზღვრული წესით;

გ) საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მიწოდება-მოხმარების დაგეგმვის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

დ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება;

ე) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. ელექტროენერგიასა და სიმძლავრეზე დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების განხორციელებისას ელექტროენერგიისა და სიმძლავრის სახელშეკრულებო მოცულობებთან ფაქტობრივი სხვაობების შევსება, აგრეთვე მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება ხდება საბალანსო ელექტროენერგიით, რომლის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებებით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს, ხელმძღვანელობს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ და სხვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

4. კვალიფიციური საწარმოები და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან სისტემის კომერციულ ოპერატორს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის.

    მუხლი 231. სარეზერვო სიმძლავრე

1. განაწილების ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი პროცედურისა და დამტკიცებული ბალანსების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ვალდებული არიან ჰქონდეთ საჭირო მოცულობის სარეზერვო სიმძლავრე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები თავის სარეზერვო სიმძლავრეს უზრუნველყოფენ:

ა) საკუთარი წარმოების საშუალებებით;

ბ) პირდაპირი ხელშეკრულებებით;

გ) სისტემის კომერციული ოპერატორისაგან.

3. შესყიდული სარეზერვო სიმძლავრე მუდმივად იმყოფება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განკარგულებაში და გამოიყენება კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 232. ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი

1. ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს; იმპორტისა და ექსპორტის განხორციელება ხდება პირდაპირი ხელშეკრულებებით.

2. შესაბამისი საიმპორტო და საექსპორტო მიმართულებით სათანადო განაცხადის არსებობის დროს, იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა ვერ უზრუნველყოფს ყველა განაცხადის დაკმაყოფილებას, გადამცემი ქსელის მფლობელი ლიცენზიატი აცხადებს აუქციონს ქსელის გამტარუნარიანობის უფლების მოპოვებაზე. აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდება უმაღლესი ფასის კრიტერიუმით.

3. ერთი და იმავე გადამცემი ქსელის საიმპორტო და საექსპორტო მიმართულებით განაცხადის არსებობის შემთხვევაში, აუქციონი ცხადდება ელექტროენერგიის ბალანსით გათვალისწინებულ იმპორტის ან ექსპორტის შესაძლებლობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტზე, რომელიც არ შედის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში.

5. ელექტროენერგიის იმპორტზე ხელშეკრულებების რეგისტრაციისას, სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია გამოუყენებლად დატოვოს ხაზის გამტარუნარიანობის გარკვეული მოცულობა (სარეზერვო სიმძლავრე).

    მუხლი 233. ელექტროენერგიის ბალანსები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსს, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების მაჩვენებლებს შესაბამისი პერიოდისათვის.

2. დამტკიცებული ელექტროენერგიის ბალანსის ფარგლებში გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

    მუხლი 234. ელექტროენერგიით ვაჭრობა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ

1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური უფლებამოსილია ელექტროენერგია მიჰყიდოს:

ა) კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) საცალო მომხმარებელს.“.

9. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. სისტემის კომერციული ოპერატორის, ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობანი. ინფორმაციის მომზადება

1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები. კომისიისა და სამინისტროს სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სისტემის კომერციული ოპერატორის, ლიცენზიატის, მიმწოდებლის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლისათვის.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი, ლიცენზიატი, მიმწოდებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი ვალდებული არიან შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედონ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. სისტემის კომერციული ოპერატორი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, მიმწოდებელი და ლიცენზიატი ვალდებული არიან კომისიას და სამინისტროს წარუდგინონ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია ან სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

10. 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებული არიან აღრიცხონ თავიანთ საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, ხოლო სამინისტრო და კომისია უფლებამოსილი არიან ჩაატარონ მრიცხველების ინსპექცია „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ურთიერთობები ხორციელდება პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე, ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.“.

11. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 29. დავები

სისტემის კომერციული ოპერატორი, ლიცენზიატები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.“.

12. 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აკმაყოფილებდეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებულ, წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;“.

14. 34-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად დამტკიცებული ბალანსებისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მოთხოვნების თანახმად;

ბ) დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა იმ საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას და ლიცენზიატის, იმპორტიორის, ექსპორტიორისა და მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად;

გ) იხელმძღვანელოს დამტკიცებული ბალანსებით, სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოს საბალანსო ელექტროენერგიითა და სარეზერვო სიმძლავრით ელექტროენერგიის მყიდველთა და გამყიდველთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული პირობებითა და წესით მოახდინოს ელექტროენერგიის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა და შეწყვეტა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) აწარმოოს პირდაპირი ხელშეკრულებების ერთიანი ნუსხა;

თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად სისტემის კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია პირდაპირ ხელშეკრულებებში გასაყიდად დაფიქსირებული და ფაქტობრივად გაყიდული ელექტროენერგიის ოდენობებზე.“.

16. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ინდივიდუალურ მეწარმეს ან იურიდიულ პირს, იყიდოს, გაატაროს, გაანაწილოს და გაყიდოს ელექტროენერგია.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიატს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოს თავისი ლიცენზიის მოქმედების სფეროში მომხმარებელთა ელექტროენერგიით (სიმძლავრით) უწყვეტი მომარაგება შესაბამისი გადახდის პირობით;“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან პირდაპირი მომხმარებლის ან გამანაწილებელი ქსელის მიერთება არ საჭიროებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის მოდიფიცირებას, როცა ბუნებრივი გაზის მიწოდების სისტემაზე ხორციელდება ისეთი მიერთება, რომელიც ახალი მიწოდების პუნქტამდე იწვევს მილსადენის, გაზგამანაწილებელი სადგურის, რეგულატორის, სარქვლის, აღრიცხვის კვანძის ან/და სხვა გაზომვის საშუალებების მიერთება-დამონტაჟებას.“.

18. 411 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 411. პარალელურ რეჟიმში მუშაობის მართვა და განხორციელება

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სისტემის კომერციულ ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე უფლებამოსილია დადგენილი წესით გააფორმოს საქართველოს მეზობელი ელექტრო-ენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებები.

2. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის მიზანია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული ბალანსის შესრულება, ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსება, ელექტროენერგეტიკული სისტემების გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა და სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა.

3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და რეგულირება ხორციელდება პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებისა“ და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შესაბამისად.“.

19. 412 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობისა და სახელშეკრულებო პერიოდის ბოლოს დადებითი ან უარყოფითი სალდოს არსებობის შემთხვევაში სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ვალდებულია გაითვალისწინოს სალდირებული ელექტროენერგია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში, რათა მომდევნო პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ნულოვანი სალდო-ურთიერთგადადინება. აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა.“.

20. 413 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაბამისი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ელექტროენერგიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი. სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს ან ექსპორტიორს წარმოადგენს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.“.

21. 42-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების, ფასების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კომისია ვალდებულია ამ კანონის 43-ე მუხლში აღნიშნული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მათ საფუძველზე მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, არსებული წესით დაადგინოს ტარიფები ან/და შეიტანოს ცვლილებები მოქმედ ტარიფებში.“.

22. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, იმპორტიორებს, სისტემის კომერციულ ოპერატორს ან მიმწოდებლებს, დაფარონ თავიანთი ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეულ ხარჯებსა და რეგულირების საფასურს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ან მიმწოდებლის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, სისტემის კომერციული ოპერატორი ან მიმწოდებელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის ან/და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, ამასთანავე, იგი არ ზღუდავს ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ან მიმწოდებლის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში – შეწყვიტოს მომსახურების გაწევა;

ზ) ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორის, მიმწოდებლის ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;“;

ბ) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიატის, იმპორტიორის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად.

3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა სახის ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო შეწონილი და ზღვრული სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. ტარიფის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციასა და სხვა ფაქტორებს, თუ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატების, იმპორტიორების, სისტემის კომერციული ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ინტერესებს.

4. კვალიფიციურ საწარმოს, აგრეთვე ელექტროენერგიის მომხმარებელს, რომელიც მიერთებულია გადამცემი ქსელის (ქვესადგურის) გამანაწილებელ მოწყობილობასთან, განაწილების ან/და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ელექტროენერგიის განაწილების, გადაცემისა და გატარების ტარიფები უდგინდება ინდივიდუალურად, ამგვარ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების საფუძველზე.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-10 პუნქტები:

„5. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით კომისია უფლებამოსილია დაადგინოს გრძელვადიანი ტარიფები.

6. ელექტროენერგიის სარეზერვო სიმძლავრის ტარიფი განისაზღვრება სარეზერვო ელექტროენერგიის რაოდენობის, ამგვარი ელექტროენერგიის ღირებულებისა და განაწილების შესაბამისი ლიცენზიატის მიერ რეალიზებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.

7. ელექტროენერგიის გატარების ტარიფი განისაზღვრება გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში იმ ელექტროენერგიის გატარებაზე, რომელიც არ არის შესყიდული ელექტროენერგიის მომხმარებლის მიერ ამ გამანაწილებელი ქსელის მფლობელი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისაგან, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ახორციელებს მის მფლობელობაში მყოფ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის განაწილების სხვა ლიცენზიატის კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებას. ამგვარი ტარიფი გაანგარიშდება ამ ელექტროენერგიის გატარებაზე ელექტროენერგიის განაწილების შესაბამისი ლიცენზიატის მიერ გაწეული ხარჯების საფუძველზე.

8. ელექტროენერგიის სარეზერვო სიმძლავრისა და გატარების ტარიფი აუნაზღაურდებათ ელექტროენერგიის განაწილების შესაბამის ლიცენზიატებს.

9. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ რაოდენობაზე, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის ან საჭიროებისთვის, არ განისაზღვრება წარმოების ტარიფი.

10. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისათვის ამ კანონის 234 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ელექტროენერგიის მომხმარებელზე გაყიდვის შემთხვევაში ამ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების საფუძველზე ინდივიდუალურად დგინდება განაწილების ლიცენზიატების მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები:

ა) განაწილების ლიცენზიატის ქსელზე მიერთებული იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ იმავე მიწოდების პუნქტიდან, რომელზედაც მიერთებულია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური;

ბ) განაწილების ლიცენზიატის ქსელზე მიერთებული ყველა დანარჩენი მომხმარებლისათვის.“.

23. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვთ ლიცენზიატს, იმპორტიორს, სისტემის კომერციულ ოპერატორს, მიმწოდებელსა და პირდაპირ მომხმარებელს.“.

24. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

25. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII1 თავი:

„თავი VII1. ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე მესამე მხარის დაშვება. ქსელზე მიერთება

    მუხლი 461. ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელზე მესამე მხარის დაშვება

განაწილების ან/და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად თავის ქსელში გაუტაროს ელექტროენერგია იმ პირებს, რომლებსაც ამ კანონით უფლება აქვთ ელექტროენერგია გაყიდონ უშუალოდ ელექტროენერგიის მომხმარებლებზე.

    მუხლი 462. ახალი მომხმარებლის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

კომისია ადგენს ახალი მომხმარებლის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურს, რომელიც აუნაზღაურდება შესაბამის ლიცენზიატს.

    მუხლი 463. საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება

საცალო მომხმარებლის მიერ გარე მომარაგების ქსელის შეცვლა ან ახალი ქსელის აშენება დასაშვებია მხოლოდ იმ წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის მფლობელობაში მყოფ ელექტრულ ქსელზედაც არის მიერთებული. ტექნიკური პირობა ასევე უნდა გაიცეს იმ წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ, რომლის ქსელზედაც აპირებს მომხმარებელი მიერთებას.“.

    მუხლი 2

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ:

ა) 2006 წლის 15 ივლისამდე დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი – სისტემის კომერციული ოპერატორი;

ბ) ამოღებულია.

2. ამოღებულია.

3. ამოღებულია.

4. ამოღებულია.

5. ამოღებულია.

საქართველოს 2010 წლის 6 ივნისის კანონი №3350-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.214

    მუხლი 3

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2006 წლის 15 ივლისამდე დაამტკიცოს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი, რომელიც მოიცავს 2006 წლის 1 სექტემბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს.

2. ამოღებულია.

3. ამოღებულია.

4. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში გააფორმონ პირდაპირი ხელშეკრულებები (მათ შორის, გრძელვადიანი) ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული კატეგორიებისა და პირობების შესაბამისად.

5. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია 2006 წლის 1 სექტემბრამდე.

6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ:

ა) 2006 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს „გარდამავალ ეტაპზე სისტემის ელექტროენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირების, მათ შორის, სისტემის კომერციული ოპერატორის ჩამოყალიბების, საქმიანობისა და პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმების დროებითი წესების“ დამტკიცება;

ბ) 2006 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცება.

7. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ:

ა) უზრუნველყოს 2006 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგიის სარეზერვო სიმძლავრისა და გატარების ტარიფების განსაზღვრა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისათვის. ელექტროენერგიის სარეზერვო სიმძლავრისა და გატარების ტარიფი აუნაზღაურდებათ ელექტროენერგიის განაწილების შესაბამის ლიცენზიატებს;

ბ) 2006 წლის 15 ივლისიდან განსაზღვროს სათანადო ტარიფები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

გ) 2006 წლის 1 სექტემბრიდან განსაზღვროს სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფი.

8. ელექტროენერგიის სარეზერვო სიმძლავრის ტარიფი განისაზღვრება სარეზერვო ელექტროენერგიის რაოდენობის, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისათვის ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფის ზედა ზღვრისა და რეალიზებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4912-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.196

    მუხლი 4

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-3 პუნქტებისა, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5–25-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5–25-ე პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 9 ივნისი.

№3292_Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4912-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.196

2. საქართველოს 2010 წლის 6 ივნისის კანონი №3350-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.214