პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ

პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 160020020.10.003.018044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
424
30/06/2014
ვებგვერდი, 02/07/2014
160020020.10.003.018044
პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/07/2014 - 18/12/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №424

2014 წლის 30 ივნისი

ქ.თბილისი

 

პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს პირის გადახდისუუნარობის დადასტურების თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესი

მუხლი 1

ეს წესი შემუშავებულია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა.

 მუხლი 2

1. პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადახდისუუნარო პირის გარდა, გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

ა) იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი;

ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;

გ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

დ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;

ე) მკვეთრად, მნიშვნელოვანად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის  სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან;

ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;

 ზ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.

მუხლი 3

1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მიმართვისთანავე, ამოწმებს  საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ წარმოებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელ სარეიტინგო ქულას, რომელსაც ესაჭიროება სახელმწიფო ხარჯზე იურიდიული დახმარება.

2.  საჭიროების  შემთხვევაში,  პირის გადახდისუნარიანობის დადგენის მიზნით, იურიდიული დახმარების ბიურო/იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს, რომელიც დაუყოვნებლივ გასცემს ინფორმაციას პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულის თაობაზე.  მოთხოვნა  უნდა  შეიცავდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის სახელს, გვარს და პირად ნომერს. თუ მოთხოვნა შესულია მიმწოდებლის მიერ, მას თან უნდა ერთოდეს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი რწმუნება (მინდობილობა).

3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების მიმართ პროცესის მწარმოებელი ორგანოს, აგრეთვე, ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის და მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის ან სხვა პირის მიმართვას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი, კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტის ასლი.

მუხლი 4

1. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული დახმარების ბიუროს/მიმწოდებლის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირის სტატუსის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იურიდიული დახმარების ბიურო/მიმწოდებელი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში მითითებული პირის/ორგანოს მიმართვას სახელმწიფოს ხარჯზე პირისათვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ მოტივირებულ წერილთან ერთად უბრუნებს შესაბამის პირს/პროცესის მწარმოებელ ორგანოს.

2. სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მიღების მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იურიდიული დახმარების ბიურო/მიმწოდებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართვას, ხოლო მომდევნო სამუშაო დღეს ამოწმებს იმ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელ სარეიტინგო ქულას (ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების მიმართ – აგრეთვე, შესაბამისი  სტატუსის თაობაზე წარდგენილ დოკუმენტაციას), რომელსაც ესაჭიროება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარება.

3. საზოგადოებრივი ადვოკატი, რომელიც ჩართულია სისხლის სამართლის პროცესში ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობს გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის უფლებამოსილებით. უფლებამოსილებათა ფარგლები განისაზღვრება ადვოკატის ორდერით.

4.  თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში დადგინდა, რომ პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირის სტატუსის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იურიდიული დახმარების ბიურო/მიმწოდებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პირისათვის სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების შეწყვეტის შესახებ.  გადაწყვეტილების  ასლი  დაუყოვნებლივ ეგზავნება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში მითითებულ პირს/ორგანოს.

 მუხლი 5

იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი სამართალწარმოების შესაბამისი სტადიის დასრულებამდე ჩაითვლება გადახდისუუნაროდ და უნარჩუნდება სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება, მიუხედავად გადახდისუუნაროდ აღიარებისათვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გაუქმებისა.